Une erreur est survenue dans ce gadget

30 juillet 2014

ასოცირება საკუთარ თავთან

ლიბერალი 21.07.2014







ძენის მიხედვით, აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე დასავლური აზროვნების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ლოგიკა. ევას ვაშლი სინამდვილეში ლოგიკის ვაშლია. კითხვა - კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი, დასავლური აზროვნების საძირკველში ჩადებული მთავარი აბსურდი, ამოუხსნელი და უსარგებლო დილემაა.
ამ მოსაზრების ანალოგით, ჩვენი კვერცხი და ქათამი საზოგადოებრივი აზრი და მედიაა. არავინ იცის, მედიამ შობა საკუთარ სიჯიუტეში ჩაკირული, დროსა და სივრცეში დაკარგული საზოგადოებრივი აზრი თუ, პირიქით, საზოგადოებამ - ეს უიმედო, უპერსპექტივოდ ბერწი ქართული მედია - “მეოთხე ხელისუფლების" პაროდია, რომელიც არა თუ კომუნიკაციას ვერ ამყარებს საზოგადოებასა და მის გარემომცველ სამყაროს შორის, პირიქით, გამუდმებით თიშავს მათ ერთმანეთისგან.
27 ივნისი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღია. შეიძლება ითქვას დრამატულად მნიშვნელოვანიც კი, რადგან საქართველოს სვლა ევროპისკენ სხვა არაფერია თუ არა გრძელი ისტორიული დრამა.
გაყალბებული გიორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის საერთაშორისო დოკუმენტისთვის საქართველოს ნებაყოფლობით ხელი აღარ მოუწერია. ეს არის ჩვენ მიერ ხელმოწერილი პოლიტიკური ჭეშმარიტება. ამ ხელმოწერის შემდეგ, როგორც ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზეიმო გამოსვლისას განაცხადა: “თამამად უნდა შევერიოთ დღევანდელ მსოფლიოს...”
როგორც ჩანს დღევანდელ მსოფლიოში ინტეგრაციისთვის რეზოლუცია გვჭირდებოდა, რომელიც უკვე გვაქვს, მხოლოდ ისმის შეკითხვა, რა იცის საქართველოს მოსახლეობამ იმ მსოფლიოს შესახებ, რომელსაც “თამამად უნდა, შეერიოს”?
საშუალო ქართველმა ზოგადად დაახლოებით იმდენივე ან შესაძლოა ოდნავ მეტი იცის ევროპისა და მასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, რამდენიც მისმა წინაპარმა იცოდა თითქმის ორნახევარი საუკუნის წინ რუსეთისა და გიორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ქართველი მოქალაქისათვის ხეირიანად არავის აუხსნია, თუ რას ან ვის უნდა შეერიოს თამამად. ხელმოწერის წინა საღამოსაც კი ქართული მედია ძირითადად ნარმანია-მელიას საარჩევნო ინტრიგითა და იმის გარკვევით იყო დაკავებული, თუ ვინ უფრო მეტი გააკეთა ევროპასთან ასოცირებისათვის.
27 ივნისს კი ხელისუფლებამ თბილისში საკუთარი გალაკონცერტი მოაწყო. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა დელეგაციამ ხალხს ევროპის კარის გაღება მიულოცა. გამოჩენილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, მოუსმინეს ევროპის ჰიმნს... ყველა კმაყოფილი იყო. ყველამ ერთად იმხიარულა. პრემიერი და პრეზიდენტი ერთად ისე გულისამაჩუყებლად ხარობდნენ, თითქოს ევას ქართული ლოგიკის ვაშლი ჯერაც არ მოეწყვიტოს; თითქოს სურეალისტულ დილემას - (თუ ვინ უნდა დაადასტუროს ხელმოწერითა და რეზოლუციით ევროპის კარების გამოღება - პრემიერმა თუ პრეზიდენტმა?) - შემეცნებისაკენ ლტოლვის პოტენციის მთელი ის უბადრუკი მარაგი არ შთაენთქა, რომელიც ზოგადად ცხოვრებასთან ბრძოლაში ქანცგაწყვეტილ ადამიანებს ღმერთმა გარემომცველი სამყაროს აღსაქმელად უწყალობა... კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
იმ საღამოს ქართული არხები თავგამოდებით ცდილობდნენ აეხსნათ თავიანთი მაყურებლისთვის, თუ რა არის ევროპა და რას მოვაწერეთ ხელი. ქართველი პოლიტიკოსები როგორც ყოველთვის შეეცადნენ ჯერ გადამხტარიყვნენ და მხოლოდ შემდეგ დაეძახათ “ჰოპლა" მედიასთან ერთად - თუმცა ამ საქმიდან დროის სიმცირის გამო ცხადია არაფერი გამოვიდა - საღამოს ძირითადი ინტრიგა მაინც კლასიკა იყო, ვინ შეიყვანა საქართველო ევროპაში, ღარიბაშვილმა თუ სააკაშვილმა...
ერთადერთი რაზეც ყველა, ფუნდამენტალისტი ლიბერტარიანელებიდან დაწყებული კოალიციის ყველაზე აცდენილი, რომანტიკოსი წევრებით დამთავრებული, შეთანხმდა იყო ის, რომ ევროპა ბაზარია, სადაც მალე ყველანი უვიზოდ ვივლით ჩვენი პროდუქციის გასაყიდად, სასწავლებლად და დასასვენებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდები... ხელოვნების სფეროში დაკავებულებმა კი აღნიშნეს, რომ ევროპა მათთვის არის ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენის “ოდა სიხარულისადმი" და აგრეთვე იმპრესიონისტები!.. ანუ ქართულ არხებს თუ დავუჯერებთ, ქართული ხელოვანებისთვის, “ფეისებისთვის” ევროპა ჯერ სადღაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებშია გაჭედილი.
 ხელმოწერის მეორე დღე. პირველივე ევროპული უიკენდის შემდეგ, ორშაბათ დილიდან ქართველ პოლიტიკოსთა და მედიის წარმომადგენელთა ტანდემი ძირითადად უკვე გიგი უგულავას დაკითხვით დაკავდა, სამშაბათს მოძმე ევროპაში ნიკოლა სარკოზის დაკითხვაზე დაბარებამ, ცოტა ხნით შეგვახსენა. რომ ევროპა არსებობს...
არც 27 ივნისამდე და არც შემდეგ არავინ დაინტერესებულა, არავის დაუსვამს კითხვა, არც ერთ ტელეარხს არ გაუკეთებია ერთი სიუჟეტი მაინც იმის შესახებ, თუ რა იცის ევროპის შესახებ მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ხალხურად უბრალო ადამიანებს უწოდებენ.
ასეთი სიუჟეტი მაშინვე წარმოაჩენდა, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობას რეალობას აცდენილი წარმოდგენა აქვს ევროპასა და იქაურ საზოგადოებაზე. ამის დასტურად თუნდაც იმ აბსურდულ, პრიმიტიულ და აგრესიულ პოლემიკათა მთელი სერია შეიძლება მოვიტანოთ, რომელიც საქართველოში პერმანენტულად მიმდინარეობს: არის თუ არა ევროპა გარყვნილების, ინცესტის, სატანიზმის ბუდე? მასთან დაახლოება ქმნის თუ არა ტრადიციებისა და ეთნიკური იდენტობის გაქრობის საშიშროებას? და სხვ... მერე შესაძლოა ვინმეს ბუნებრივი კითხვა გასჩენოდა - თუ ვის უნდა ეზრუნა ადამიანების ინფორმირებულობაზე, თუ არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ერთმანეთს არ აცლიან მოსახლეობისთვის ამ ხელმოწერის დაყვედრებას; თუ არა მედიას, ქართულ ტელეარხებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს... არც ერთს აზრად არ მოსვლია გაეკეთებინა გადაცემათა ციკლი მსოფლიოს იმ ნაწილის შესახებ, რომელმაც როგორც იქნა საბრალო სულხან საბასთვის ოდესღაც დაკეტილი ვერსალის კარი გაგვიღო...
ეს კითხვა თავისთავად სხვა ასევე ბუნებრივ კითხვებს დაბადებდა, რომლებიც შესაბამისად პრობლემათა მთელ სერიად იქცეოდა ყველა იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ვალი იყო ეზრუნა თავისი მოქალაქეების ინფორმირებაზე, მათი განათლების იმ დონის უზრუნველყოფაზე, როცა ადამიანს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად, ცრუ რწმენების გარეშე გადაწყვიტოს სურს თუ არა, რომ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილად მოიაზროს თავი და თავად გადაწყვიტოს, თუ რა არის ცივილურობა და არა მისმა მოძღვარმა, თუ რომელიმე საკულტო პოლიტიკურმა პირმა. მე მხედველობაში მაქვს ის მინიმუმი, რაც ადამიანის კულტივირების ბაზისია. ჩვენ კი ჯერ გადავხტით და “ჰოპ“ მერე დავიძახეთ... თან ერთი არ ვიკმარეთ და გავაგრძელეთ - “ჰოპ, ჰოპ, ჰოპ!“... და პირდაპირ ბანკეტზე ამოვყავით თავი... ჩვენი ჭეშმარიტების დასტური კი ბანკეტია, რომელსაც პლატონისეულ ნადიმად ვასაღებთ. ჩვენ ადამიანის სიკვდილის დამადასტურებელი ბოლო აკორდისთვისაც ბანკეტი, ანუ ქელეხი გვჭირდება, მხოლოდ სუფრასთან ვიჯერებთ სამყაროს ამ უდიდესი მისტერიის აქტს - სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარს. ქელეხი ჩვენი რეზოლუციაა!
ამ შეთანხმების ხელმოწერით, როგორც ამბობენ, გზა გვეხსნება ევროკავშირის 500 მილიონი მომხმარებლით გაჯერებული ბაზრისკენ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 12.9 ტრილიონ ევროს უტოლდება... მართლაც შესანიშნავი მასალაა ყველაზე აღვირახსნილი ფანტაზმებისთვის. თუმცა ასევე ამბობენ, რომ დაახლოებით სამას ორმოცდაათამდე კანონი უნდა მივიღოთ და გავატაროთ ცხოვრებაში, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ შეეხება მხოლოდ ვაჭრობის რეგულაციებს. მათზე ტრიუმფატორ პოლიტიკოსებს რატომღაც ყურადღების გამახვილება არ უყვართ. ისინი გამუდმებით დიდ ბაზარზე და ევროპულ ტრილიონებზე აკეთებენ აქცენტს. ამასთან სრულიად არ აღელვებთ, რომ ევროპელისთვის ისეთივე უსიამოვნო შეიძლება იყოს მისი დიდ, კარგად მოვლილ, ფუმფულა, მეწველ ძროხად აღქმა, როგორც ჩვენთვის სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ ჩვენი “უფროსი ძმებისა და დებისგან" ჩვენი სამშობლოს ერთ დიდ რესტორნად აღქმა იყო. 
თუ გავითვალისწინებთ იმ აურზაურს, რაც ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მოჰყვა, სამ ასეულზე მეტი კანონის მიღება ადვილი საქმე არ უნდა იყოს. საქართველოს მოსახლეობასა და ევროპულ კანონმდებლობას, ცხოვრების წესსა და ღირებულებებს შორის სერიოზული აცდენებია. მათი სინქრონიზაციის გარეშე კი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. ამ ინტეგრაციის დარეგულირება რომ ბაზარს, ვაჭრობასა და გეოპოლიტიკურ საერთო მიზნებს შეეძლოს, თურქეთი კარგა ხნის წინ გახდებოდა ევროკავშირის წევრი.
 ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რაღაც ცალმხრივ დოკუმენტს. გვავიწყდება, რომ ნებისმიერ ხელშეკრულებას ორი მხარე აქვს. რამდენად შეუძლია ევროპას ჩვენთან თავის ასოცირება, იდენტიფიცირება? ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა არავითარ გარანტიას არ იძლევა იმისთვის, რომ საშუალო ევროპელმა საშუალო ქართველში საკუთარი კულტურის იდენტიფიცირება შეძლოს.
ჩვენ კულტურულ ასოცირებაზე ისევე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც ეკონომიკურზე, რადგან სწორედ კულტურას შეუძლია რეალურად დააახლოოს ადამიანები ისე, რომ მათ ერთმანეთის კომერციულ პარტნიორებად კი არა, ერთი “ოჯახის” წევრებად იგრძნონ თავი... ქვეყნები, პირველ რიგში, ადამიანებია და მერე ტერიტორია და მისი პოლიტიკა.
ევროპა პირველ რიგში ბაზარი და ეკონომიური ზონა კი არა, კულტურულ ფასეულობათა ერთობაა. ჩვენ ამ მხრივ უამრავი პრობლემა გვაქვს, არანაკლები ვიდრე ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური. მეტიც, რეალურად კულტური დაახლოება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეკონომიკური - და ჩვენ ამ პრობლემაზე აბსოლუტურად არ ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ თუ სტრასბურგში ჩვენს რანდენიმე დეპუტატს კომერციული ღიმილით ინგლისურად რამდენიმე სტანდარტული ფრაზის წარმოთქმა შეუძლია, ეს საკმარისია იმისთვის, რომ “მაშასადამე ევროპელებად” ჩაგვთვალონ იმ ევროპელებმა, რომლებსაც დასამტკიცებელი არ აქვთ თავიანთი იდენტობა.
ჩვენ კულტურულად ისევე შორს ვართ ევროპისგან, როგორც ეკონომიკურად და ამ დისტანციის შემცირებაზე მუშაობა, გონივრული კონცეფციების შექმნა და მათი რეფორმების სახით გატარება დაუყოვნებლივ არის საჭირო.
ეს ძალიან დელიკატური საქმეა, მას პოლიტიკას მიკედლებული ოპორტუნისტები ნამდვილად ვერ შეასრულებენ. მათი ლიმიტი კულტურის სახელმწიფოებრივ ხარისხში აყვანილ მნიშვნელობაზე ისტორიული ძეგლებით ამოიწურება. მათ სჯერათ ჰომეროსის მიერ უნებლიეთ შექმნილი ჩვენი იდენტობის, სწამთ ოქროს საწმისის! უფრო მეტად, ვიდრე იაზონის მიერ მოტყუებულ კოლხებს  და ფიქრობენ, რომ ის ჩვენი ევროპულობის გარანტია. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟები მონუმენტებში გააცოცხლა და მათგან მოოქროვილი გეოპოლიტიკური, ტურისტული კულტი შექმნა!
ცოცხალი სახელოვნებო პროცესი კი, რომელიც კულტურის მთავარი მკვებავია, კომატოზურ მდგომარეობაშია. შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ საქართველოში დღემდე არსებული ყველა ხელისუფლებისთვის კულტურა ისტორიული მემკვიდრეობის კარგად მოვლა, ცოტა ფოლკლორი და კიდევ უფრო ცოტა კლასიკური მუსიკაა - ფაქტობრივად სამთავრობო ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ორსაათიანი რეპერტუარი... მხოლოდ კონფერანსიეების ჩანართების, მთავრობის მეთაურთა გამოსვლისა და გულზეხელდადებული ჰიმნის ჩათვლით.
ახალ საქართველოში ლუი მეთოთხმეტე - მზე ჯერ არ დაბადებულა და როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანს არ დაიბადება.
თუმცა უსამართლობა იქნებოდა ყველაფრის მხოლოდ პოლიტიკოსებზე გადაბრალება...
დააკვირდით - თავად ხელოვანთათვის ევროპა არის იმპრესიონიზმი, მოცარტი, ბახი, ბეთჰოვენი... დიდი კლასიკა! რომელმაც ასე თუ ისე საქართველოში საბჭოთა ეპოქაში მოიკიდა ფეხი, რადგან ფაქტობრივად ის ერთადერთი იყო ნებადართული დასავლურ კულტურასთან საიდენტიფიკაციოდ. სამაგიეროდ, საერთოდ არ შეგვეხო პოპკულტურა. ის თითქოს მხოლოდ ანდერგრაუნდში არსებობდა. ანდერგრაუნდში კი პოპკულტურას არ შეუძლია არსებობა - რადგან თავად სიტყვა პოპ შემოკლებით პოპულარულს, სახალხოს ნიშნავს.
მოგვიანებით 80-იანი წლების ბოლოდან პოპი მაინც განვითარდა, მხოლოდ კულტურის გარეშე და მას რუსებმა შესანიშნავი სიტყვა “პაპსა” დაარქვეს. ეს სწორედ ის არის, რაც დღემდე ქართულ კულტურაში ზედაპირზე ტივტივებს. პოპკულტურა კი ისევ ემბრიონალურ მდგომარეობაშია სადღაც ჭუჭყიან და უბადრუკ თბილისურ, ქუთაისურ თუ ბათუმურ ანდერგრაუნდში. ის არც ადამიანებს აინტერესებთ, არც ბიზნესმენებს და არც სახელმწიფოს. ამ უკანასკნელებმა ბოლო წლებში ისწავლეს მიღებებზე, სიმებიანი კვარტეტის ფონზე, ფურშეტზე ღვინის ყელიან ჭიქებში ცხვირის ჩაყოფა და იქ გარგარისა და მიწის არომატის პოვნა; მაღალი დონის შეხვედრებზე რომელიმე ფავორიტი პიანისტით ან ოპერის მომღერლით თავის მოწონება... სულ ეს არის.
ჩვენ ისეთივე “არაროკენროლი“ ერი დავრჩით, როგორც რუსები.
90-იან წლებში ქართული პოსტსაბჭოთა კულტურის ვექტორს ჯერ წვერებიანი “ჯოს ნაციონალისტები” აკონტროლებდნენ, შემდეგ განგსტერთა საძმოები... შემდეგ კორუმპირებულთა დიდი ეპოქა დადგა! წარმატებული ადამიანის მოდელად მებაჟე იქცა... 2003 წელს კი მებაჟეების კულტურა არასამთავროებო ორგანიზაციების რევოლუციამ დაასამარა და ქართულ კულტურას სრულიად ახალი ენჯეო სახე და ენა მისცა, მის კულტურულ ლოკომოტივად გადაიქცა და ქვეყანა სულ მოკლე დროში პოლიტკორექტულ დეკადანსში შეიყვანა... მისი აბსოლუტურად გაშეშებული ლოზუნგური ენით: “მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში სადაც..." “მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში...” “ჩვენ დღეს ყველანი... ვართ” და სხვა, და სხვა... მათ თავიანთი უგემური, პრეტენზიული პათეტიკით თავად გააღვიძეს არაპოლიტკორექტული ღრმადმორწმუნე მონსტრი, რომელმაც თავის მხრივ პატარ-პატარა მონსტრები გამოაღვიძა, რომელმაც ენჯეოკულტურის ქართველი ვარსკვლავები ძალიან ადვილად შეახრამუნეს... ენჯეოდეკადანსი ტოტალურ და ყოვლისმომცველ რაღაც ისტერიულ დეპრესიაში გადაიზარდა, რომელიც გაუთავებელ კონფრონტაციაში, დისკუსიის სრულ უუნარობაში, შეუძლებლობაში, ენების გაქვავებაში გამოიხატება... დღეს ჩვენ ყველანი გეები ან ჰომოფობები ვართ, ჩვენ დღეს ყველანი ვართ რასისტები ან გმირი ანტიფაშისტები! ჩვენ დღეს ყველანი აგრესიული მართლმადიდებლები ვართ! ან ვართ ასევე აგრესიული ათეისტები... ჩვენ დღეს ყველანი დეპრესირებული ექსტრემისტები ვართ... და სხვა არავინ...
ევროპაში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან ზუსტად ერთ კვირაში, როდესაც სასამართლოს წინ უგულავას პროცესის შემდეგ გამართულ სრულ პარანოიას უყურებ, რომელშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განგსტერების, მებაჟეებისა თუ ენჯეოების კულტურათა შემოქმედები მონაწილეობენ, ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ სულხან საბას წინ დაკეტილი და დღეს გამოღებული ეს მითოლოგიური კარი სულაც არ არსებობს და ის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. იქნებ ჩვენ თავად ავჭედეთ ის დიდი ჟანგიანი ლურსმნებით და მარადიულ დარაჯად საბრალო სულხან საბა მივუჩინეთ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ევროპა ისევე, როგორც ეს კარი, ჩვენშია. ევროპა მხოლოდ სიმბოლოა და კაპიკია ნებისმიერი გაფორმებული ხელშეკრულების ფასი, თუ ყველა ჩვენგანმა არ შეაღო ის. მთავარი მისკენ მიმავალი გზაა, რადგან ეს გზა პროცესია ჩვენი კულტივირების, ჩვენი განვითარების. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთოდაც რომ აღარ არსებობდეს ევროკავშირი, საქართველოსთვის ამ გზაზე სიარული სიცოცხლე იქნება, შეჩერება კი - სიკვდილი.
ევროპა ჩვენი პოზიტიური გოდოა, მხოლოდ ჩვენ, ესტრაგონები და ვლადიმირები, თავად მივდივართ მისკენ.

Aucun commentaire: