Une erreur est survenue dans ce gadget

30 mars 2009

როგორ გავხდი კრემლის აგენტიქართველ მატა ჰარს, ე.ე. – ს  Vith Love

მოსწყინდა ქუჩაზე ქარს,
მე არ ჩამოვალ მადრიდიდან,
რევოლიუციის მეშინია.
მინდა სალვადორ დალიში,
ყვითელ ბალიშზე,
თავი "დადა"
მშვიდად.

რეაქტიული ჯგუფი.1991







სულ მალე, განკითხვის დღე 9 აპრილი კიდევ ერთხელ დაადასტურებს რომ სქართველო პოლიტიკური სურეალიზმის ქვეყანაა.
ერთადერთი რაშიც ვეთანხმები მის ორგანიზატორებს, თარიღის სწორად შერჩევაა. გაზაფხულის ამ დღეს , ცხრა აპრილს, ქართველები, ტრადიციულად აგერ უკვე 20 წელია განუხორციებელ ოცნებათა ღმერთს მსხვერპლს ვწირავთ ხოლმე.


20 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ერთ კაცსაც ვერ იპოვიდით ჩვენი დიდი და მახინჯი სოფლის კლუბის, მთავრობის სასახლის წინ, ვისაც ოდნავ მაინც ჯეროდა სერიოზულად, რომ მანიფესტაციის მთავარ მოთხოვნას (რუსო ოკუპანტებო გაეთრიეთ საქართველოდან!) ვინმე არა თუ შეასრულებდა, არამედ სერიოზულად მაინც განიხილავდა. მიუხედვად ამისა, მაინც ბოლომდე გმირებად დავრჩით და 16 ადამიანის სიციცხლე შევწირეთ ოცნებების ღმერთს. ერთადერთი პრაგმატული მაშინ კათალიკოს პატრიარქი აღმოჩნდა, გვირჩია ყრუ კედელს შუბლით არ შევსკდომოდით... მაგრამ ჩვენ მას მხოლოდ მაშინ ვუჯერებთ, როდესაც ის საზოგადოებრივი არხის პროდუქციის კორექტირების ინციატიით გამოდის.
ჩვენმა ოცნებების კაციჭამია ღმერთმა, მაშინვე დიდი ენთუზიაზმით ჩაგვრთო ინფანტლური და ნერვიული ერების დახურულ თუ ჩარაზულ კლუბში.
ჩემს მეგობართან, პაატა ჩხენკელთან ერთად მხატვრის სახლის ვიტრინიდან გაოგნებული ვუყურებდი წითელ ვარსკვლავიანი ბარბაროსების "ცეკვას ნიჩბებით''. ჩვენ იქ რუსთაველის პროსპექტის "ოკუპაციის" შედეგად აღმოვჩნდით. თვალებს არ ვუჯერებდი, სანამ მხატვრის სახლშიც არ შემოვიდნენ, ნამდვილ რკინის სათამაშო ჯარისკაცებს გავდნენ. მხოლოდ თამაში არ მოგინდებოდა, რადგან ძალიან დიდები იყვნენ და თან ცოცხლებივით მოძრაობდნენ. საშინელი სანახავი იყო. შენობიდან მალე გავიდნენ. პაატა ჩხენკელი მათი გასვლისთანავე რატომღაც მაშინვე ტუალეტში შევიდა, და კარგა ხანს იბანდა ხელებს საპნით.
მივხვდით, მხატვრის სახლი ხაფანგად გადაიქცა, და უნდა გაგვეღწია აქედან. მთავარ ჰოლში გავედით. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვხვდა, იატაკზე დაჭრილები იწვნენ და ვიღაცეები მათ დახმარებას ცდილობდნენ.
მექანიკურად, სხვისი წაბაძვით ერთ თითქმის გაშავებულ ქალთან დავიხარე, რომელსაც პირზე ოდნავ დუჟი ადგა და ხელოვნურ სუნთქვის ჩატარებას შევეცადე. არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს. დღემდე მგონია, რომ ძალიან დიდი ხანს. გვერდით ვიღაც კაცი ზუსტად იგივეს აკეთებდა. დრო და დრო მის ხელების მოძრაობას ვაკვირდებოდი, ვცდილობდი მიმებაძა. მეგონა ვერც მამჩნევდა. ის კი უცებ მობრუნდა ჩემსკენ და მთხრა:
– თავი დაანებე, მკვდარია.
მე თავი დავანებე. უკანა გასასვლელიდან ფურცელაძის ქუჩაზე გავედი. ჩემი მეგობარი სადღაც დავკარგე, თუმცა ვერ მივხვდი როდის. ივერიისაკენ მიმავალ ხალხის ნაკადს უსტყვოდ გავყევი მარტო. ალექსანდროვის ბაღს რომ გავცდი, ძნელაძეზე მარცხენა მხარეს მეორე სართულის ღია ფანჯარასთან ვიღაც გამხდარი მოხუცი ჭაღარა კაცი დავინახე, ხელში ანთებული ქონის სანთელი და ჩარჩოში ჩასმული სტალინის სურათი ეჭირა. სანთლის შუქი შთამბეჭდავად ანათებდა მის სპეტაკ სახეს და სტალინის პორტეტს. მომეჩვენა, რომ  რომელიღაც ნახატს გავდა, აღორძინების ეპოქიდან,  თუმცა რომელს ვერ გეტყვით.

ფილარმონიასთან ვიღაც შემხვდა, და ვუთხარი რომ მიცვალებულები ვნახე. რამოდენიმე უცნობმა იქვე გვერდით მომავალ მერაბ კოსტავას მოახსენა ჩემი ნათქვამი. საიდან იცითო, იკითხა. ჩემზე მიუთითეს. მე მასაც იგივე გავუმეორე. ჩუმად მომისმინა.დიდი მკაცრი თვალებით მიყურებდა. სიარული ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. კოსტავას შავი და სუფთა ფეხსაცმელები ეცვა, მახსოვს. ჩემი ლენინგრადის ''ექსპერიმენალური'' თეთრი კეტები კი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი. ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ტალახიდან სუფთად გამოსვლას ახერხებდნენ. არის ამაში რაღაც არისტოკრატული, რაც მე არასდროს არ გამაჩნდა...არც მანამდე,  და არც მერე.
 რამოდენიმე დღე ხმა აღარ ამომიღია. იქნებ ვამბობდი კიდეც რამეს, არ ვიცი. ჩემში ეს ღამე და მომდევნო რამოდენიმე დღე აბსოლიუტურ სიჩუმედ დარჩა, თითქოს ვიღაცამ ხმას ნელნელა ბოლომდე ჩაუწია, და ტკაცუნით გამორთო.

მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაცეებს უჩხუბიათ, რკინის ჯარისკაცები უცემიათ და დაულეწავთ, ქალები და ბავშვები გადაურჩენიათ...  მე კი დღემდე არ ვიცი ის ქალი ჩემი დახმარების მცდელობამდე უკვე მკვდარი იყო, თუ ჩემს ხელში მოკვდა, როცა ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი და ვერ გადამეწყვიტა, ოდნავ დუჟ მომდგარ პირში ჩამებერა თუ არა -  როგორც ეს კინოებში მქონდა ნანახი... რომ ჩამებერა, იქნებ გადამერჩინა კიდეც; ამაზე ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა.

მერე, როდესაც მიცვალებულთა ფოტოები გამოაქვეყნეს, შევეცადე ამომეცნო, მაგრამ მივხვდი, რომ იმ ღამეს მხოლოდ ერთადერთი სახე დამამახსოვრდა, და ისიც რკინის ჯარისკაცის. ხანდახან მგონია, იქნებ ეს ქალი სულაც მომეჩვენა მეთქი. თუმცა მეეჭვება: მოჩვენებები ოცი წლის განმავლობაში ქრებიან.

ხანდახან ვფიქრობ, რომ 10 პრილი კიდევ უფრო საძაგელი დღე იყო. ამ დღეს პირველად ვიგრძენი ნამდვილი სიძულვილის ნამდვილი არომატი, რომელსაც ძალიან ძველი ფრანგული კონიაკის დიდ ყლუპს თუ შევადარებდი მხოლოდ, სხეულში ატომური სოკოსავით რომ იშლება უცნაური ნელი სისწრაფით.

დღის პირველ ნახევარში ჯუმბერ პატიაშვილი ვალმოხდილი გაბრაზებული სახით იბღვირებოდა ჩემი ნახევრად დაშლილი ტელევიზორი ''რუბინიდან''. მოსკოვიდან ჩამოსულ შევარდნაძეს  ისე დაყვებოდა უკან, როგორც ბრძოლაში გამარჯვებული ბრუტუსი ცეზარს, სანამ ნაშუადღევს არ მიხვდა რომ მისი კარიერა დამთავრებული იყო. თუმცა "დანის ამოღება" ვერ გაბედა. შევარდნაძე მაშინ ცეზარზე უფრო საშიში იყო, და უნდა ვაღიაროთ, არც პატიაშვილი იყო მეომარი ბრუტუსი.

ნათლად, საკუთარი თვალით ვნახე ჯალათის მსხვერპლად ტრანსფორმაციის ელვისებური პროცესი. მივხვდი რატომ ერჩივნა ტერორიზირებულ საჭოთა ხალხს სტალინი , მის მიერ დახვრეტილ  წამებულ წითელ "წმინდანებს"... იმ დღეს შევარდნაძეს ჯუმბერ პატიაშვილზე ადამიანური სახე ჰქონდა . თუნდაც იმიტომ, რომ ცეკას ბოლოს წინა მდივნის გილიოტინის ღილაკს მან დააჭირა თავისი პროფესიონალის გამოცდილი საჩვენებელი თითი.

მომდევნო დღეების განმავლობაში, და ხანდახან მერეც, დრო და დრო სურვილი მიჩნდებოდა დაღუპული ქალებისათვის მეკითხა, რა ერჩივნათ, უტრიუმფო გმირებად გაუთვალისწინებელი შერაცხვა სიკვდილის შემდეგ, თუ ჩვეულებრივი ქართველი ქალის ბედნიერებითა და უბედურებით ცხოვრება: ქმრების და საქმროების სიყვარული, შვილების გაზრდა, საახალწლოდ გოზინაყის კეთება, სააღდგომოდ კი კვერცხების წითლად შეღებვა...
მათ ადგილზე შეიძლებოდა ყოველი ჩვენთაგანი ყოფილიყო... მე არ ვთვლი, რომ იმ დღეს რუსული ნიჩბით რომ ჩემთვის თავი გაეჩეხათ, უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ჩემი ცხოვრება, რომელზეც არც თუ ისე დიდი წარმოდგენა მაქვს.

 დღემდე მგონია, რომ იმ "საბჭოთა ჰელოუინის" ღამეს დაღუპულებთან, მათ ახლობლებთან, მათ შვილებთან, ჩვენ საამაყო არაფერი გვაქვს. პირიქით, სხვების არ ვიცი, მე  ამ ქალებს და მათ  ვერ გაჩენილ, არდაბადებულ შვილებს  ბოდიშს, ხოლო მათ ახლობლეს ჩემს წუხილს ვუხდი, მათთვის ჩვენგან მისჯილი  მარადიული სევდის გამო... პირველად ამ 20 წლის მანძილზე.

ღმერთო, რა გულის ამრევია ყველა თოფიანი კაცი!

2.
ერთი თვის შემდეგ, შემთხვევით ზემელზე, მეცნიერებათა აკადემიის კიბეებზე, ეროვნული მოძრაობის გაფართოებული შემადგენლობა მორიგ გააფთრებულ მიტინგს მართავდა, ყველა შესაბამისი მოთხოვნით. წვეროსნების რიცხვი აპრილის შემდეგ გაათმაგებული იყო.

მუშტ მოღერებული 5 ათასამდე მომიტინგე, დრო და დრო "მამაო ჩვენოს" კუბური რევოლიუციური შემართებით ისე ღრიალებდა, თითქოს უფალს ცემით ემუქრებოდა. მე კაზარიანცის სახლის წინ ვიდექი.
მოულოდნელად ხმის გამაძლიერებებში კოტე ყუბანეიშვილის ნერვიული ხმა გაისმა. გულმა მაშინვე ცუდი მიგრძნო. ვიგძენი, რომ ამ მიტინგზე, რომელზეც მხოლოდ იმიტომ ამოვყავი თავი, რომ რუსთაველის საავტომობილო სავალი ნაწილი გადაკეტილი იყო და საცობში გავიჭედე, ჯობდა საერთოდ არ მოვხვედრილიყავი.

მაშინ ყუბანეიშვილი ჯერ არ იყო პოეტი. უფრო სწორად იყო, მხოლოდ ლექსების წერა ჯერ არ იცოდა. ამიტომ მას მხოლოდ ქალაქის ორ სამ უბანში იცნობდნენ, მიტინგზე შეკრებილებილი სამსახურიდამ მომავალი (მაშინ ჯერ კიდევ ყველა მუშაობდა) დაღლილი საზოგადოებისათვის, ის მხოლოდ ერთი მზეზე გარუჯული, რეიბანიანი, კარგად ჩაცმული, უსაქმური ლამაზი ვაკელი თუ ვერელი იყო, რომელზეც, გურამ  პეტრიაშვილის სტილის მიმდევარი  ეროვნულად კორექტული ''მანდილიანი'' გოგოებიც კი ჭკუას კარგავდნენ, რაც წვეროსნების სევდიან უკმაყოფილებას, მძაფრ უსამართლომის გრძნობისა და შინაგანი პროტესტის განცდას იწვევდა. ამიტომ მისი მიკროფონთან გამოჩენით არავინ აღფრთოვანებულა. მითუმეტეს არავინ მოითმენდა მიტინგის საწინააღმდეგო სიტყვას, რომელიც სულ რაღაც ორიოდე წუთი გაგრძელდა.
 კოტე მთელი ხმით გაჰყვიროდა იმის შესახებ, რომ ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს, რომ რუსული ტანკები ისევ შემოვლენ, ისევ დახოცავენ უდანაშაულო ადამიანებს და ა.შ...ორიოდე წუთი გაოცებული უსმენდნენ. ვიფიქრე, სანამ გონს მოეგებიან იქნებ მოვასწრო, მიკროფონი წავართვა მეთქი და შევეცადე ხალხით გაჭედილი ქუჩა სწრაფად გადამეჭრა. მაგრამ ვერ მოვასწარი, ვიღაცამ უკვე იყვირა კრემლის აგენტი!, მეორემ პროვოკატორი! და დაიწყო... კოტე კიბეებიდან კინწისკვრით  ჩამოათრიეს,სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხში როგორც იქნა გავაღწიე და მის წინ აღმოვჩნდი, .თუმცა უნდა გითხრათ, რომ სულაც აღარ მინდოდა ,არავის შველა. საერთოდ თავბედს ვიწყევლიდი აქ მოსვლისათვის. რამოდენიმე წამით ჩვენს გარშემო წრე შეიქმნა. კოტემ ჯერ მე გამიღიმა დამნაშავე ბავშვივით, მერე ისევ გამძვინვარებული სახე მიიღო ხელი უკან წაიღო... იარაღი აქვს! იკივლა ვიღაც ქალმა. წრე ჩვენს გარშემო გაფართოვდა. მე წელზე ხელი მოვხვიე და ვიგრძენი, რომ მართლა იარაღი ედო პერანგის ქვეშ. მივხვდი, ჩემი საქმე წასული იყო. კოტემ ჩემი მკლავებისაგან თავი გაინთავსუფლა. იარაღი ამოიღო და ხალხის მასაში გადააგდო. ვიღაც ინტელიგენტური გარეგნობის აქტივისტმა ის კარგად დაუთოებული ცხვირსახოცით იღო და გვერდით მდგარ შეშფოთებულ ხინკალივით მილიციონერს იდუმალი გამომეტყველებით გადასცა .

ღიპიანი მილიციონერებით გულმოცემული საზოგადოება ისევ კბილების ჭრიალით დაიძრა ჩვენსკენ, თუმცა მათ, ''თანამშრომლებით" გარშემორტყმულმა რომან გვენცაძემ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაასწრო. ორივეს ქეჩოში ჩაგვავლეს ხელი და გამოგვათრიეს. კოტე უკვე იცინოდა. მე ვიფიქრე რომ გაგიჟდა. მერე, როცა გავიგე რომ ეს იარაღი, მოლოდ სათამაშო წყლის პისტოლეტი ყოფილა, მარტო მე კი არა, გვენცაძესაც გაეცინა, რომელიც მადლობა ღმერთს კოტეს ნაცნობის ნაცნობი აღმოჩნდა და გაგვიშვა.


ჩემს მანქანაში რომ ვჯდებოდით, ხმის გამაძლიერებლებიდამ გიგა ბათიშვილის ხმა ისმოდა: მეგობრებო, კოტე არ არის კრემლის აგენტი, კოტე კარგი ბიჭია, ჩვენიანია... მხოლოდ ძალიან გთხოვთ მიტინგზე მთვრალები ნუ მოვალთ!.. იმ საღამოს ყუბანეიშვილი მთვრალი ნამდვილად არ იყო, მითუმეტეს კრემლის აგენტი... პროვოკატორი კი ნამდვილად იყო და ცოტათი დღესაც არის. ინჩალა!

1990 წელს, 9 აპრილის წლისთავზე კოკა იგნატოვზე გაბრაზებულმა ვიღაც მაუგლივით მხატვარმა, რომელიც სამეგრელოში ტყეში ცხოვრობდა, კოტე ყუბანეიშვილს თავში უზარმაზარი დანა ტარამდე ჩაარტყა. საფეთქელში დანა გარჭობილი და გალურჯებული ცოცხალ–მკვდარი წაიყვანეს ორთაჭალაში, თვალის კლინიკაში. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა.აღმოჩნდა რომ თავში "ბნელი ხვრელი" ქონია, რომელიც არც ერთ ორგანოს არ ეხება,და ბედად დანას სწორედ იქ გაუვლია. ქირურგმა, მისმა მეგობარმა დათო ერისთავმა საოპერაციოში შეყვანის წინ ეტყობა იფიქრა სიკვდილის წინ ბოლოჯერ გავაშაყიებო და ყურში ჩასჩურჩულა: "ეხლაც არა ვარ შენზე სიმპატიჩნი?" ეს მარადიული პროვოკატორი კი გადარჩა...

რამოდენიმე დღის შემდეგ მის გაბოლოლ ( თუ დაბოლილ) პალატაში გამომძიებელი დაგვადგა თავზე სანახავად მისულ მე და ირაკლი ჩარკვიანს. რომელმაც მაგნიტოფონი მიუტანა მაილს დევისის კასეტებით. რეაქტიული კლუბის შექმნაზე ვლპარაობდით. კოტემ თქვამ რომ ამ დანამ ტვინი გაუხსნა, და პოეტად აქცია. ჩვენც სიამოვნებით დავეთანხმეთ, თუმცა ტვინის გახსნისა ნამდვილად არაფერი ეტყობოდა . საერთოდ, კოტეს ტვინის გახსნას ბევრი მისი ახლობელი ელოდებოდა დიდი ხნის მანძილზე, განსაკუთრებით კი ნიცა და თემო, მისი მშობლები.

გამომძიებელი ათ წუთში ჭკუიდან შეშალა: 9 აპრილს დაზარალებული ვარ და გერმანიაში წამიყვანეთ სამკურნალოდო. მართლაც 9 აპრილს დაჭრეს. მე და ირაკლი იქვე იქვე მეორე საწოლზე ვიჯექით და მომავალ პოეტს ყველა სიტყვაზე კვერს ვუკრავდით.გამომძიებელმა მხატვარი მაუგლის შესახებ ,რა თქმა უნდა სიტყვა ვერ დააცდევინა . ბოლოს გაბოლილი თუ დაბოლილი პალატიდან გაგიჟებული თვალებით გავარდა თავისი საქაღალდეთი ხელში. კოტემ მოგვიანებით მაუგლი, რომელიც თბილისური"აბაროტის" (შურისძიების) შიშით კარგა ხანს იმალებოდა, მაინც იპოვა და დიდი მადლობა გადაუხადა '' ტვინის ამოტრიალებისათვის''. განცვიფრებული მაუგლი ტყიდან გამოვიდა, წვერი გაიპარსა და გახარებულ ცოლშვილს დაუბრუნდა. იმედი მაქვს დღესაც ბედნიერად ცხოვრობს.

კოტე გერმანიაში სამკურნაოდ არ გაუშვეს. ჩემი აზრით სულ ტყუილად, რადგან , როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ტვინი მართლა ამოუტრიალდა და ისეთი ლექსების წერა დაიწყო, რომ ნახევარ საქართველოს დღემდე სისხლს უშრობს. ამას ისევ ვერისა და ვაკის ''სიმპატიჩნი" მესაზღვრე დარჩენილიყო ჯობდა. ზუსტად ამ ორი უბნის საზღვარზე ცხოვრობდა: უნივერსიტეტის პირდაპირ სასაზღვრო კოშკივით აღმართულ სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე.
შემდეგი 1991 წელი ზვიად გამსახურდიას ფენომენალური წარმატებებით დაიწყო: ჯერ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მერე პრეზიდენტი გახდა, 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეთ გამოაცხადა, 26 მაისს მომავალი "პუჩისტებისა და ბანდიტებისაგან" შემდგარი გვარდიის სამხედრო პარადი ჩაიბარა ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე(?!) ... წელიწადი კი, საქართველოს ისტერიულმა მეორე პრეზიდენტმა, სასახლედ წოდებულ მთავრობის უშნო კლუბში გამომწყვრეულმა დაამთავრა. მას კიდევ უფრო ისტერიული დინამოს სტადიონელი გვარდიელები, უმოწყალოდ უშენდნენ ჭურვებს ქვემეხებიდან.

საქართველომ 1992 წლის 9 აპრილისათვის ემზადებოდა.
3.მას შემდეგ ''როგორც იტყვიან'' ბევრმა 9 აპრილმა ჩაიარა, სევდიანი ქართული მარშებით, და სახელმწიფო გადატრიალების განუწყვეტელი მოლოდინით. გაზფხულობით 9 აპრილისათვის "ქვეყის მტრები" როგორც წესი ცუდ ხასიათზე დგებიან და კრემლისაგან მიღებულ დავალებების შესრულებას იწყებენ ხოლმე
წლის გადამტრიალებლებად როგორც ჩანს, ამჯერად აგენტები, მეტაფიზიკოსი(?!) გველუკაშვილი და მებაჟე ბიწაძე მოგვევლინებიან. ხოლო უკან გადმომტრიალებლებად ტრადიციულად მერაბიშვილი და თარგამაძე. ჩემი აზრით, ამას უწესრიგო გარყვნილება შეგვიძლია ვუწოდოთ. იქნებ პოლიტიკური კამასუტრა შეგვექმნა და საქართველოს მეძავი ქალივით აქეთ იქით ტრიალი, რაღაც მეთოდისათვის მაინც დაგვექვემდებარებინა: აბსოლიუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ "მეტაფიზიკური" იდეის გამარჯვების შემთხევაში, მიშისტები ექვს თვეში მკვდრეთით აღსდგებიან და გადატრიალებულ საქართველოს, მომავალ 9 აპრილს ისევ უკან გადმოატრიალებენ, რადგან ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციის აღგზნებულმა "სექს სიმბოლოებმა", ან უმუშევრობის პრობლემა მოაგვარონ მანამდე, ან რუსული ვულგარული არმია გააძევონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

"პოლიტიკური კამასუტრა" კი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლებასთან სოციალური მოძრაობის მეთოდით ბრძოლის ხელოვნება, რომელსაც სინდიკალური მოძრაობა ქვია. და რომელიც საქართველოში ამდენი წლის მანძილზე არაფრით არ ჩამოყალიბდა , მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელიწადს ერთის ნაცვლად რამოდენიმე ცხრა აპრილი გვაქვს. ჩემი აზრით ჩვენი პოლიტიკური უსუსურობის გასაღები სწორედ ამაშია.

მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს. მაგალითად:
საქართველოში სსრკს დანგრევის შემდეგ არ შეიქმნა ახალი, თავისუფლი მუშათა კლასი, რადგან არ არსებობს ინდუსტია, სტაბილური სამუშაო, რომლის დაკარგვის შიში ხელისუფლებისათვის საშიშ სოციალურ და არა პოლიტიკურ პროტესტს გამოიწვევდა. ეს ცოტა კვერცხისა და ქათამის ცნობილ დილემას გავს. თუ არ არსებობს მუშათა კლასი ვერ იარსებებს მათი უფლებათა დამცველი სინდიკატი(პროფკავშირები), ხოლო ამ უკანასკნელების გარეშე მუშები კლასად ვერ ჩამოყალიბდებიან. ისინი რჩებიან უუფლებო საბრალო ადამიანებად, რომლებიც მონებისაგან მიზერული ხელფასით განსხვავდებიან. საქართველოში საერთოდ არ არსებობს არანაირი კლასი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი უფლებების დაცვას ორგანიზებულად მოთხოვდა. თვით ინტელიგენციაც კი, რომელიც მუშათა კლასის არ არსებობის პირობებში, რატომღაც ყოველთვის მთავარ და მარადიულ რევოლიუციონერად გვევლინება, ვერ ჩამოყალიბდა, როგორც მოქალაქეობრივად მოაზროვნე სოციალური კლასი. ეს მხოლოდ მეტნაკლებად განათლებულ ადამიანთა დაჯგუფებებია, რომლებსაც გონიერება იმისთვისაც კი არ ყოფნით რომ საკუთარი დანიშნულება, საკუთარი ადგილი იპოვონ ქვეყნის სოციალურ სპექტრში, ამიტომ ამ მოფუსფუსე ჯგუფების წევრთა უმეტესობა ხან რევოლიუციონერია , ხან პოეტი, ხან ბიზნესმენი, ხანაც უბრალოდ ამაზრზენი ''ძველი ბიჭი''.

არავის არასოდეს უცდია საქართველოში ამ კლასების შექმნა. ბოლო ოცი წლის არც ერთ მინი ეპოქაში. ყოველი ოპოზიციური ძალა ოპოზიციაში დარჩენას ორ სამ წელიწადზე მეტს არ აპირებს. ხელო ხელისუფლებაში მოსული ძალა არასოდეს არ ფიქრობს რომ ოდესმე ისევ ოპოზიციაში შეიძლება მოუწიოს დაბრუნებამ, და ადრე თუ გვიან სოციალური ძალის გვერდში დგომა დაჭირდეს .

ხელისუფლებაში მყოფთათვის კი სინდიკალისტები მხოლოდ თავის ტკივილია. მათ ჟინინოვსკის ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ჟანგბადი გადაუკეტონ ხელისუფლებას. სინდიკატები აწყობენ მანიფესტაციებს და არა პოლიტიკოსები. პარტიები მათ მხოლოდ უერთდებიან. მათ ყველაზე მძლავრი, გაფიცვების ბერკეტი უჭირავთ ხელთ. გაფიცვების კი, გარწმუნებთ სააკაშვილს, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა პრეზიდენტს ბევრად უფო ეშინია, ვიდრე 100, თუნდაც 500 ათასი მანიფესტანტის. მაგალითად პორტების, მშენებლობების, აეროპორტის და განსაკუთრებით ენერგო გამტარებლების პარალიზების. რა თქმა უნდა მმართველი პოლიტიკური იდეოლოგები არასოდეს ილაპარაკებენ ტელე დებატებში ''ცივილური მეთოდებით'' ბრძოლის ამ ერთად ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდზე და აქცენტს ყოველთვის ოპოზიციასთან ყოვლად გაუგებარ ''კონსტუქციულ დიალოგზე'' გადაიტანენ. ოპოზიცია კი იმდენად უახლოვდება ყოველ წელიწადს სანუკვარ ხულისუფლებაში მოსვლას, რომ ასეთ თემებზე ფიქრისათვის როგორც ჩანს არ სცალია. თვით ქართველ მშრომელთა ოფიციალურ ბელადს, შალვა ნათელაშვილისაც კი.

არ ვიცი, პროფკავშირები საქართველოში შესაძლოა არსებობენ კიდეც რაღაც ფორმით, მხოლოდ მათი არსებობის აზრს მე ვერ ვხედავ: ისინი არსად ჩანან, და ეტყობა, მხოლოდ საწევროების აკრეფის ბიზნესით არიან დაკავებულნი.
როგორც ჩანს ჩვენ გვჭირდება მეფე, რომ მის ჩამოხრჩობაზე ვიოცნებოთ. და დრო და დრო ჩამოვახრჩოთ კიდეც. ეს ჩვენზე აფროდიზიაკივით მოქმედებს.

დღეს რომ საქართველოში პროფესიული სინდიკატები, თუ გნებავთ კავშირები არსებობდეს, 9 აპრილს არ გახდებოდა საჭირო რადიკალური მოთხოვნა პრეზიდენტის გადასაყენებლად. თუ ის დღეს ამას იმსახურებს ამაში პასუხისმგებელი მთელი საზოგადოებაა. რომელმაც საკუთარი უფლებების დაცვის მეთოდის არ შემუშავებით, თავად მისცა მას უფლება ცუდი ყოფილიყო. ამ უფლებებს კი საზოგადოების გამორჩეული აქტიური წევრები თავად ქმნიან. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც არ გატყუებდეს,არ გჩაგრავდეს, დემოკრატია სწორეთ მასთან, არასამართლიანად გამოყენებულ კანონთან კანონიერი ბრძოლის რეალური საშუალების არსებობაა.

სააკაშვილი არ არის ცუდი პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ის ძალიან ცუდი პრეზიდენტია. ნახევარზე მეტ საფრანგეთს ნიკოლა სარკოზი კიდევ უფრო ცუდი პრეზიდენტი გონია, მათ შორის მეც. თუმცა მისი გადაყენების მოთხოვნა თავში არავის მოსვლია, ისევე როგორც კატასტროფული რეიტინგის მქონე ჯორჯ ბუშისა ამერიკაში.

ის ენერგია და რესურსი, რის გამოყენებასაც ოპოზიცია 9 აპრილს გეგმავს, სავსებით საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში. მაგრამ მეჩვენება, რომ ამის ნება არარსებობს. ან პოლიტიკურ პარტიებს ძალაუფლებაში მოსვლის მეტი ისევე არაფერი აინტერესებთ, როგორც ხელისუფლებაში მყოფთ ამ ძალაუფლების შენარჩუნების მეტი. თუმცა ვფიქრობ ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ უნარი არ შესწევთ,რადგან ბრძოლისა მეთოდი არ გააჩნათ, ხანდახან მგონია, რომ მათ პოლიტიკის საანბანო ცოდნაც კი არა აქვთ.

მე ნამდვილად დილეტანტი ვარ პოლიტიკაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკა ჩემთვის მხოლოდ დილით ყავაზე დასაყოლებელი უგემური სანდვიჩი იყო ყოველთვის. გარწმუნებთ, მე რომ პოლიტიკაზე ოცი წლის განმავლობაში ნასადილევზეც მეფიქრა რეგულიარულად, ქართველ ძნელად აღსაზრდელ პოლიტიკურ ელიტაში, შეიძლება აბრაჰამ ლინკონადაც კი გამოვჩენილიყავი. ამიტომ გადვწყვიტე
როგორც შემიძლია ისე დავეხმარო სამშობლოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და დავაარსო პირველი სინდიკატი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

4.

როგორც ცნობილია საქართველოს 5 მილიონიანი მოსახლეობის ერთი ნახევარი, მეორე ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარი პირველს კრემლის აგენტად თვლის. თავად პრეზიდენტიც კგბ ს სკოლაგამოვლილი გამობრძმედილი ძველი ჩეკისტი ყოფილა, როგორც ამას ბევრი ოპოზიციონერი ამტკიცებს... ისინი–აგენტები, არსებობენ. თუნდაც ფანტომურ მდგომარეობასი, მაგრამ მაინც არსებობენ; ყველაფერს რაც არსებობს თავისი უფლებები უნდა გააჩნდეს, მკვლელებსაც, ნარკომანებსაც, პედოფილებსა და კრემლის აგენტებსაც კი, რაც არ უნდა შოკის მომგვრელად ჟღერდეს ჩემი უფლებების დეკლარაცია გივი თარგამაძესა& co – სათვის, ეს მიღებული დოქტრინაა დასავლეთში და მათ სულიერ იერუსალიმში, ამერიკაში ამ უფლებების დარღვევას გვანტანამოში, გადააყოლეს თბლისის მერის უსაყვარლესი პატარა ჯორჯ ბუში. მის მოსაგონრად მხოლოდ მზიანი ავენიუ შემორჩა უმადურ კაცობრიობას ნავთლუღში.

საქართველოს ბოლო წითელმა იმპერატორმა, გივი გუმბარიძემ ერთხელ ახლებულად ნაციონალური, ძველი სტილით კი ეროვნული მოძრაობის ლიდერები მიიღო პარტიის ცეკაში მოსალაპარაკებლად. ერთერთ წვერიანს უთქვამს ბატონო გივი, თქვენ როგორ გენდოთ სუკის აგენტი ბრძანდებითო, ამხანაგმა გივიმ უპასუხა, მე აგენტი კი არა სუკის გენერალი ვარ, აგენტები კი თქვენს შორის ვინც არიან, თუ გნებავთ ეხლავე ჩამოგითვლითო.
როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა , ამხანაგი მაშინდელი გივი სულაც არ ხუმრობდა.

ქართული იუმორისტული ტელე დებატების ყურებამ საბოლოოდ განმიმტკიცა ეჭვი, რომ ჩვენ ყველანი კრემლის აგენტები ვყოფილვართ, სხვადასხვა რანგის რა თქმა უნდა.























მხოლოდ, ძნელი გასაგებია, რატომ მალავს ყველა კრემლთან თანამშრომლობას? როგოც რუსები იტყოდნენ, Подумаеш!? ღმერთო ჩემო, თუ სულ ეს არის საქართველოს პრობლემა, მზად ვარ 5 მილიონი ქართველი აგენტის ყველა ცოდვა საკუთარ თავზე ავიღო და კგბ ს "ჯვარზე'' გავეკრა. რა პრობლემაა...გარდა ამისა გადავწყვიტე ეს აგენტური ქსელი სოციალურ მოძრაობად ვაქციო და პირადად ვუხელმძღვანელო. ჩემი აზრით ეს ერთად ერთი გზაა ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ ყველამ ართგვარი "ქამინგ აუთ" გავაკეთოთ - ანუ ვაღიაროთ რომ კგბს აგენტები ვართ. ეს უკვე უზარმაზარ ლეგალურ ძალად გაქცევს, რაც კრემლის მანიპულირების საშუალებას მოგვცემს.

წელს აღარ მოესწრება, მომავალი წლის 9 აპრილს კი გრანდიოზული გაფიცვის ორგანიზებას გპირდებით. 5 მილიონი ( с копееками ) აგენტის გაფიცვა კრემლს იძულებულს გახდის დათმობებზე წავიდეს, და წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. ჩვენი პოლიტიკოსებიც თვალნათლივ დაინახავენ სინდიკალისტური მოძრაობის უპირატესობას და საქართველო გაბრწყინდება: იქნებ მერე, გაზაფხულობით, ჩვენს განუხორციელებელი ოცნებების შიზოფრენიკ ღმერთს მსხვერპლის ნაცვლად მარწყვის ტორტი მივართვათ ხოლმე.

P.S.ძალიან სამწუხაროა რომ ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს ჩემნაირი დილეტანტის რჩევები ესაჭიროება. კიდევ უფრო სამწუხაროა რომ კულტურის საკითხებში საქართველოში ჩემნაირ და ჩემზე გაცილებით მეტად არადილეტანტებს პოლიტიკაზე გვიწევს უფრო მეტი საუბარი, ვიდრე კულტურაზე.
ასე თუ გაგრძელდა, მალე პრეზიდენტობის კანდიდატებს ალბათ ერთმანეთში ვაჩხუბებთ გამარჯვებული ქვეყნის მმართველის გამოსავლენად, რომელსაც ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი დაფნის გვირგვინს დაადგამს. (მაესტრო, საკანი 5. /29 მარტი2009)

ასეთი არჩევნები სავსებით შესაფერისი იქნება ჩვენი კულტურული დონისათვის.
...და ბოლოს, ქართველი პოლიტიკოსი გმირებისათვის:


პაატა ქურდაძე
30 მარტი 2009

22 mars 2009

ვარსკვლავების ომი.
ქართული ეპიზოდი.



video
stars wars "A NewHope"

1990 წლის ერთ ცივ საღამოს ირაკლი ჩარკვიანმა კოტე ყუბანეიშვილს და მე განგვიცხადა, რომ "ქართულ პოეზიას აკლია მძიმე როკი." მე ვთვლიდი, რომ როკ'ნ'როლი უფრო აკლდა, მაგრამ კოტემ, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბუნებით და შემოქმედებით ჩემს ვერსიასთან უფრო ახლოს იყო, როგორც ყოველთვის ირაკლის აუბა მხარი და რეაქტიულ "კლასიკას" ეს ფრაზა ამ ფორმით შემორჩა.
ასეა თუ ისე, დღეს ქართულ პოეზიას ისევ აკლია როკ'ნ'როლიც და მძიმე როკიც.
ჩემთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა.
როდესაც ირაკლის რომანი, "მშვიდი ცურვა" წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ მისთვის ეს ტრაგედიაზე მეტიც იყო. რუსულმა დისკომ ქართულ პოეზიაში ის შეიწირა.
როკ'ნ'როლმა კი კოტეს ცოტათი უშველა.
მე მართალი ვიყავი. ქართულ სულს სიმსუბუქე აკლია, ტყვიის ფრთებით ვერ აფრინდები, თუ მართლა რეაქტიული არა ხარ! თუმცა ქართველი პოპ ვარსკვლავების უგემოვნებო სიმსუბუქეს, ისევ ის სიმძიმე ჯობია, რამელმაც ირაკლი ჩარკვიანი გასრისა და მიწის ქვეშ, ნამდვილ ''ანდერგრაუნდში" ჩაიტანა
ამ უგემოვნებო ბრიყვებთან ბრძოლას ჩარკვიანმა, ჯერ საკუთარი პოეზია შესწირა, რაც პირადად მე მისთვის დღემდე ვერ მიპატიებია. მერე ნერვები, ბოლოს კი სიცოცხლეც. "ბალახიანი მიწა საბანივით გადააფარეს" როგორც თავად უნდოდა, მერე მის უშნო სახლს, ვერაზე, მარმარილოს მემორიალური დაფა მიახრახნეს.
დარწმუნებული ვარ, როდესაც იმ ქვეყნად შევხვდები, ბევრს "ვიღადავებთ" ამ მარმარილოს აფიშაზე. ყოველ შემთხვევაში მე მაინც (თუ ამის ხასიათზე ვიქენი რა თქმა უნდა).

ხანდახან ვფიქრობ, ახია მეთქი მასზე, გომართელისა და წურწუმიასა საზოგადოებაში რომ მოხვდა მაესტროს ეკრანზე. რომ მისი პოეზია, რომელსაც არც მძიმე როკი აკლდა და არც როკენროლი, რამოდენიმე მისი ახლო მეგობრის გარდა არავის აინტერესებს. რომ ვერავინ მიხვდა: "მშვიდი ცურვა" პოემაა და არა რომანი, რომ ეს წიგნი რომელიც ხაშლამასავით ჩამოატრეს მის თუ არ ვცდები ორმოცზე, მაშინვე დაივიწყეს, ვერავინ მიხვდა,რომ იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე პოპ ვარსკვლავობა, და რომ საერთოდ, ეს ერთერთი ყველაზე კარგი წიგნია, რომელიც საქართველოში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში დაიწერა.

ის ენერგია, რომელიც ლოკალურ პოპ ვარსკვლავად გადაქცევას მოანდომა, რამოდენიმე ასეთი წიგნის დაწერას სავსებით ეყოფოდა...
სამწუხაროდ თავადაც გვიან მიხვდა, ქართველი დისკო ვარსკვლავების სიაში პირველობას რომ ვერ გაცდებოდა. ეს კი მისთვის საკმარისი არ იყო. ჩარკვიანი გაცილებით დიდი ამბიციის მატარებელი იყო და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ამ ამბიციის დაკმაყოფილება მას მხოლოდ ლიტერატურით შეეძლო. მადლობა ღმერთს, ამ წიგნის დაწერა მაინც მოასწრო, თორემ ალბათ კიდევ უფრო სევდიანი წავიდოდა იმ ქვეყნად...
მერე, როდესაც მიხვდა, რომ მშველელი არსად ჩანდა, თვითონვე მოკლა მონარქი... თუმცა არ დაუჯერეს, სანამ პირადად მასაც არ ამოხდა სული... ზოგი მაინც დღემდე მეფეს ეძახის...
ეს არის ლოკალური პოპ ვარსკვლავობის საფასური. მისი ადგილი დუგლას დანსა და ჟაკ კერუაკს შორის იყო, ვიდრე მაესტროს კლიპებში კახუჩელებსა და სხვა ვიღაცჩელებს შორის... ჩემი აზრით მიხვდა, და სწორედ ამიტომ წავიდა... მათთან.
ეს გარკვევით წერია მის ბოლო წიგნში.
მისმა ახალმა საკომუნიკაციო ენამ, მუსიკამ, ჩემი აზრითა ქართულ გემოვნებას ვერაფრით უშველა – , ფენომენალურად უნიჭო და გოიმურმა რუსულმა პოპმა ირაკლიზე გაცილებით მეტი გავლენა მოახდინა ქართველ ''ვიღაცელებზე" და "ვიღაცუნებზე"... სწორედ იმიტომ რომ ქართულ პოეზიას აკლდა ''მძიმე როკ ნ რილი'' მე რომ ირაკლის ნაირი მუსიკოსს რამოდენიმეს მაინც ვხედავდე ქართულ პოპში, ჩავთვლიდი, რომ ასე თუ ისე, იქნებ მართალიც იყო როცა პოეზია პოპ (არა როკ) მუსიკით ჩაანაცვლა, მაგრამ ის რასაც მე დღეს ვუსმენ და ვუყურებ. არც მეტი არც ნაკლები პოეტი ჩარკვიანის ერთი დღით მოცდენად არ მიღირს, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. ღრმად მჯერა. რომ კოტე ყუბანეიშვილივით, რომელმაც ქართული პოპ პოეზია შქმნა, როგორც პოეტი გაცილებით მეტს მოუტანდა ქართულ კულტურას და საკუთარ შემოქმედებას, ვიდრე როგორც მუსიკოსი. მძიმე როკს ბითნიკების პოეზია უსწრებდა წინ. პოეზია, რომელიც საქართველოში უდღეური ბავშივით განუვითარებელი დარჩა.
ირაკლი ჩარკვიანი ამ დებილმა ბავშვმა მოკლა.
2.
ეს თემა, უფრო სწორად ირაკლი ჩარკვიანი, ჩემგან ცალკე ტექსტს იმსახურებს. ამიტომ ისევ ქართულ პოპს, ანუ როგორც მას ჩვენში ეძახიან ესტრადას (ბოდიში უხამსი გამოთქმისათვის) დავუბრუნდები, რომელსაც რომ არ მოგატყუოთ არც ისე კარგად ვიცნობ, თუმცა მის გასაცნობად სულაც არ არის საჭირო დიდი მუსიკალური ინტუიცია. საკმარისია, უცნობის შესვენებების დროს მაესტროს კლიპებს ერთი საათი უყუროთ და ძალიან უნიჭო თუ არა ხართ, სულ ადვილად შეიძენთ ქართული ესტრადის ექსპერტის ახალ პროფესიას, : სამწუხაროდ ისევე როგორც ბევრი სხვა პროფესია საქართველოში ვერ გეტყვით რაში შეიძლება გამოგადგეთ. ყველაზე დიდი, სავიზიტო ბარათზე გვარის ქვეშ მიაწეროთ...
ქართულ პოპ მიმდინარეობებზე ლაპარაკი შორს ვერ შეგვიყვანს შოუ ბიზნესის ბობოქარ ოკეანეში. ამიტომ პოპის ქართულ კუს ტბაზე პატარა ნავით სეირნობა ჯობია სწრაფად მოვამთავროთ: ცოტა დისკო, ცოტა ლათინო, ბევრი წნილის სუნიანი პატრიოტიზმი , რაც მთავარია უზარმაზარი გავლენა რუსული საესტრადო "მისტიციზმისა", და რა თქმა უნდა ნიაზ დიასამიძე, რომელსაც მადლობა ღმერთს მთელ ამ მარაზმთან არავითარი საერთო არა აქვს. აი, სულ ეს არის! ქართველ მარგინალ როკერებს ჯობია სულ ნუ შევეხებით, როგორც უძილობით დატანჯულ და ძლივს ჩაძინებულ დათვს თავის ზამთრის ბუნაგში.
ახლა კი თავისუფალი სინდისით შეგვიძლია გადავიდეთ უფრო საინტერესო თემებზე: მაგალითად, რატომ ხდება, რომ ქართველი პოპ ვარსკვლავები "შემოქმედებით" და კომერციულ წარმატებებს, ქართული მწვანილის არ იყოს, მხოლოდ რუსეთში აღწევენ. თუ რა თქმა უნდა ქეთი მელუას არ ჩავთვლით, ერთად ერთ ქართველ საერთასორისო ნამდვილ ვარსკვლავს, რომელიც 9 წლის ასაკში დაუძვრა ხელიდან ბოროტ რუსულ – ქართულ საესტრადო გავლენებს, თუმცა ის საერთოდ არც მიეკუთვნება ქართველ მომღერალთა შთამბეჭდავ სიას.
სტეფანე და 3G (Gმირი,Gოიმი, Gლამური?! ), ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიხვდნენ, რომ "ევრო ვარსკვლავები" ვერ გახდნენ, დაუყოვნებლივ Gმირობა მოინდომეს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც მარტივად დაიძვრინა თავი შესაძლო უხერხული კითხვებისაგან, რომელიც მისთვის რათქმა უნდა არავის დაუსვამს – როგორ მოხდა, რომ , როგორც მათ თავიდან განაცხადეს, ევროპული ტელევიზიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ერთი თვის წინ დაჩოქილები ემუდარებოდნენ საქართველოს ამ საოცრარ კონკურსში მონაწილეობას, დღეს ძალიან ცივად, და აუღელვებლად, ჩვენი ნახევრად შიშველი ქართველი დისკო ჟანა დარკები თუ მაია წყნეთელები, ისე ამოშალეს მონაწილეთა სიიდან, რომ ხელიც არ აუკანკალდათ.
ამ კითხვის დასასმელად დღეს რა თქმა უნდა არავის ცალია, რადგან ცხრა აპრილისათვის მზადებამ ყველაფერი დაავიწყათ...(უნდა ველოდოთ რომ ცხრა აპრილს , საქართველოს გაბრწყინების შემდეგ, კარგა ხნით საბოლოოდ გასუფთავდება ჩვენი მეხსიერება). მე პირადად საზოგადოებრივ მაუწყებლისათვის წაყენებულ ბრალდებების გრძელ პოლიტიკურ სიას დავუმატებდი თვალთმაქცობას, უპრინციპობას, ბავშვურ სიხარბეს და ლაჩრობას.
როგორც გასული კვირის პოსტკრიპტუმისაგან შევიტყე, ჯგუფი ლონდონში "ევროპული სტანდარტების"(ასეთ გამოთქმებზე თვალებზე ცრემლი მადგება ხოლმე ) კლიპს იღებს. ხოლო, როგორც იმავე რეპორტაჟში რუსული საოცარი პოპის ერთ ერთმა სავარაუდოდ პატივცემულმა ექსპერტმა განაცხადა, ქართველებმა კონკურსში მონაწილეობის გარეშეც უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს კარგად გათვლილი სკანდალით, რადგან სიმღერას უკვე მთელმა რუსეთმა მოუსმინა...და როგორც რეპორტაჟის ავტორმა დაამატა, მსოფლიო აალაპარაკა. სრული პასუხისმგებლობით უნდა გითხრათ, მსოფლიოს, არა მარტო ჩვენი 3G არ აინტერესებს, თანაც აბსოლიუტურად, არამედ თვით ევროვიზიაც, და მასში მონაწილე საკუთარი თანამემამულეებიც კი. მაგალთად, პატრისია კაასს, რომელიც ვგონებ წელს საფრანგეთს წარმოადგენს მოსკოვში, უმოწყალოდ დასცინა ფრანგულმა პრესამ მცდელობისათვის, რომ იქნებ როგორმე თავი შეახსენოს ფრანგებს, და ისევ დაივიწყა. რუსეთში ვარსკვლავების სასაფლაოზე, ფენომენალურ წარმატებას და პუტინთან ახლო მეგობრობას ეტყობა მაინც, ძალიან პრეტენზიულ სამშობლოში მცირე წარმატება ურჩევნია, თუმცა უიმედოდ. ევროვიზია არ არის ის კონკურსი, რომელში მონაწილეობა და წარმატება ევროპის ისეთ ქვეყანას როგორც საფრანგეთია, აღაფრთოვანებს.

საერთოდ, მე ვთვლი, რომ ამ უბადრუკ ევროვიზიაზე ამხელა იმედების დამყარება, სწორედ ქართული კულტურული პოლიტიკის პროვინციალიზმის შესანისნავი დამადასტურებელი არგუმენტია.
ამ კონფლიქტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მონაწილეებმა, განსაკუთრებით ჩვენმა მოსკოვურ აქცენტიანმა რუსულ შოუ ბიზნესში წარმატებულმა თანამემამულეებმა, ისე ახლოს მიიტანეს გულთან 3G –ს მიერ პუტინის შეურაცხყოფა,ისე განიცადეს, რომ გულწრფელად შემეცოდნენ, განსაკუთრებით სააკაშვილის კუმირი დიანა ღუნწკარია და რა თქმა უნდა, მსოფლიოში არ ვიცი, მაგრამ საქართველოს მე – 8, რუსეთის კი ერთდროულად 8,9 და 10 საოცრება თინა კანდელაკი. რომელიც საოცრად ჰგავს ტიმ ბარტონის Mars Attacks ის ამ პერსონაჟს.

videoVIDEO
საერთოდ მე რომ ტიმ ბარტონი ვყოფილიყავი და მცოდნოდა ამ ერთდროულად მე 8, 9 და 10 საოცრების შესახებ, ამ ეპიზოდს ფილმიდან ნამდვილად თინა კანდელაკს მივუძღვნიდი. თუმცა უნდა გითხრათ რომ რუსთავი 2 გაცილებით მარტივად მოახერხა თბილისის მერიოტის ჰოლში, არანაკლები გონებამახვილური ფანტასტიკის გადაღება. ამ ინტერვიუს Moscow Attack არ ქვია. თუმცა ფანტაზიის მასშტაბით თვით ტიმ ბარტონიც კი ბევრად უკან ჰყავს ჩამოტოვებული.

videoVIDEO
დააკვირდით აღფრთოვანებისაგან გაბერილ ჟურნალისტს, კანდელაკის ხელების განუწყვეტელ ეროტიულ მოძრაობას, განსაკუთრებით, მის ვულკანივით ამოფრქვეულ სისულელეებს, მაგალითად პოლიტიკაში ლამაზი ქალების მოსვლის შესახებ ( პრეზიდენტ სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი,რომელიც ინტელექტით პრინციპში, თინასაგან დიდად არ განსხვავდება, როგორც ჩანს პოლიტიკოსი გონია), ასევე ყურადღების მიქცევის ღირსია კამერისა და თინას ეროტიული ურთიერთობა. იმედი მაქვს ოპერატორის ფსიქიკა ძალიან არ დაზარალდა მოსკოველი სექს სიმბოლოს "აჟურნი" ფეხებზე კამერით ცოცვისას. განსაკუთრებით საინტერესოა თინას შარმიანი რუსული აქცენტი... ეს აქცენტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის მიკვირდა, რატომ იწყებს ქართველების დიდი ნაწილი აქცენტით ლაპარაკს ორი წლის თავზე, მაინცა და მაინც რუსეთში ემიგრაციისას?
ბავშვობაში, ყოველ ზაფხულის , ივნისის დასაწყისში ბებიას სურამში მივყავდით მე და ჩემი ძმა, იქ ყოველთვს ვიღაც იყო ჯარიდან ახალი ჩამოსული, (ჯარისკაცებს მაისში და ნოემბერში ათავისუფლებდნენ წითელ არმიაში სამსახურიდან) .
ზოგიერთი მათგანი ძალიან ხშირად უცნაური რუსული აქცენტით ლაპარაკობდა . როგორც მოგვიანებით მივხვდი, რუსულად სამ სიტყვას ვერ აბავდნენ წესიერად. აქცენტი კი მაინც ქონდათ. მათი მშობლები ამაყად წუხდნენ რომ შვილები გაურუსდათ... ეს ქალბატონი თინა ამ საწყალ ნაჯარისკაცებებს მაგონებს. რომლებიც პირველივე დათრობისთანვე, უპრობლემოდ, აბსოლიუტურად უაქცენტდ იგინებოდნენ ხოლმე მშობლიურად, ქართლულად. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ უმეტეს მათგანს, არც მანამდე, და არც მას შემდეგ რუსეთი თვალით არ უნახავს... მით უმეტეს მესამე რომი – მოსკოვი, რომელიც ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც მსგავსი ენიგმატური "მონაცემების" მქონე ქალს შეუძლია ისეთ გაუგონარ "წარმატებებს" მიაღწიოს, რომ რუსთავი 2–ის მრავლის მნახველი ჟურნალისტიც კი გახეთქოს გულზე თავისი მწვანე "ტუფლებით" და განაცვიფროს თავისი "პროვოკატიურულობით". როგორც ვიცი, ქალბატონ კანდელაკიც ძალიან განიცდის რუსი ერის დისკო შეურაცჰყოფას...

საერთოდ მსგავსი უნიკალური იდენტიფიკაცია ქვეყნის პრემიერ მინისტრთან როგორიც ევროვიზიის ვეტერან რუს პოპ ვარსკვლავებს და მათ პროდიუსერებს ჭირთ, ნამდვილად ღრმა შესწავლის ღირსია, როგორც განსაკუთრებული ამორალური პათოლოგია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჯორჯ ბუშზე ნასროლი ფეხსაცმელის გამო, ბრიტნეი სპრინგს ვენები გადაეჭრა დიმა ბილანივით.

videoVIDEOმოსკოველი ქართველი ''ვარსკვლავების'' ფსიქიური და ფსიქოლოგიური შესწავლა, კი, მგონია, ძალიან სასარგებლო იქნებოდა ქართული მენტალიტეტის განსაზღვრისათვის. მე ვთვლი, რომ ჩვენ შექსპირული ტრაგიკული სული გვაქვს. რადგან ვერ წარმომიდგენია ადამიანი ასე განიცდიდეს თავის ეთნიკურ წარმომავლობას, როგორც სოსო პავლიაშვილი თავის ქართულ ინტერვიუებში, და თან იძულებული იყოს ასე კოლაბორანტულად უქიცინებდეს უკანალს საეჭვო გემოვნების რუს პუბლიკას. ერთხელ 90 იან წლებში თბილისის მრგვალ ფილარმონიაში ტატო კოტეტიშვილს გადმოუხტა სცენიდან საცემად, რომელიც მას დარბაზიდან დასცინოდა: სიმღერის მისამღერზე,მგონი: подием со мною ტატო სიმღერითვე რეპლიკას აძლევდა მე 7 რიგიდან пошeл на х... ю! ძლივს გამოვასწარით დარბაზიდან პავლიაშვილის ნახალოვკელ ძმაკაცებსო, კოტე ყუბანეიშვილმა მომიყვა, რომელიც ტატოსთან ერთად ესწრებოდა ამ კონცერტს. თუმცა რას აკეთებდნენ იქ ან ერთი ან მეორე, არ ვიცი.ეტყობა წასასვლელი არსად ჰქონდათ. ვიცი, რომ მთელი თბილისი რუსულ პოპ ზე დღემდე გიჟდება. საინტერესოა არა? ესეც კრემლის მიერ არის გათვლილი თუ უბრალოდ გემოვნების კრიზისის ბრალია?

videoVIDEO
თვით ''ჩვენი დროის გმირს", უცნობსაც კი, დარწმუნებული ვარ ღამეები აქვს გათენებული რუსული მხიარული ერთუჯრედიანი პოპის მოსმენაში. ეს ისეთ დიდ რეპნარევ ჰიტსაც კი ეტყობა, როგორიც ''მატარებელია''... რაც რა თქმა უნდა არ არის დანაშაული. გავლენა შეიძლება ვიეტნამური პოპისაც კი გქონდეს. მხოლოდ როდესაც ამ გავლენას ასეთი მასიური სახე აქვს როგორც ეს საქართველოში რუსული გემოვნების გავლენაა, მაშინ ისტერიკა აღარ უნდა გემართებოდეს და ოკუპაციის დღეს არ უნდა კრძალავდე რადიოთი და ტელევიზიით რუსული სიმღერების გადაცემას, როგორც ეს გასულ 25 თებერვალს მოხდა საქართველოში.
საერთოდ საინტერესოა, რითი განსხვავდება ქართული საზოგადოება რუსულისაგან, რომელმაც საკუთარი პრემიერ–პრეზიდენტის გამო მაინც გამოუცხადა ბოიკოტი ერთ ცუდ ქართულ სიმღერას, ჩვენ კი ბოიკოტს ვუცხადებთ, ყველა რუსულ სიმღერას, მთელ რუსულ მუსიკას ერთად აღებულს, ცუდსაც და კარგსაც... ჩემი აზრით ეს (რე) აქაცია თავისი სიბრიყვის მასშტაბით ბევრად აღემატება ევროვიზიის ბოიკოტს.

საერთოდ ცუდი გემოვნება უმადური რამ არის, ბუმერანგივით ტრიალდება შენს წინააღმდეგ. ამის შესანიშნავი მაგალითია პრეზიდენტ სააკაშვილის შარშანდელი სიყვარული დიანა ღუნწკარიას მიმართ, რომელმაც ისე მძაფრად განიცადა პუტინის დისკო შეურაცჰყოფა, რომ სანამ ჟიურის გადაწყვეტილება არ შეიტყო, მგონი არ უძინია. პრეზიდენტს თუ ასეთი მდარე გემოვნება აქვს, თუ მართლა მოწონს ქართულ რუსული ესტრადა, ძალიან სამწუხაროა... როგორ აპირებდა ღუნწკარიას ფანობით ქვეყნის აშენებას, არ მესმის. მაგრამ დავანებოთ თავი ჩვენს წიქარასავით მორბენალ პრეზიდენტს, რომელიც ხან ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს გადაუგდებს ხოლმე უკან მდევარ გაუმაძღარ პუტინს, ხან სტეფანეს 3გ სთან ერთად, ხანაც საბრალო ღუნწკარიას. დეპრესირებული სოსო პავლიაშვილის საქმე გარკვეულია – მას რუსეთში ისე ამღერებენ და აცეკვებენ, როგორც შინდლერის ებრაელ მუსიკოსებს, ნაცისტების მთვრალ წვეულებაზე, ან სტრიპტიზიორ ქალებს გერმანული ოკუპაციის დროინდელ SS ელებით გაჭედილ პარიზის კაბარეში.

გაცილებით უფრ საინტერესოა ჩემთვის, როგორი იქნება ქართველი პოპ
ვარსკვლავების გადანაწილება განკითხვის დღეს– 9 აპრილს. მათ შორის მოსკოვში მოღვაწე მეგა ვარსკვლავებისაც. რომელთა პოზიცია, პრინციპში რთული გასაგები არ არის– ისინი სავარაუდოდ უცნობის გარშემო შემოიკრიფებიან, მაგრამ რას იზამს პრეზიდენტის მომღერალი ფანკლუბი? ჯერჯერობით ისინი არსად ჩანან, თითქოს მას შემდეგ რაც სიმღერით, ლუი ვიტონის ჩანთებითა და პრადას სათვალეებით აფხაზეთში ზუმბას მატარებლით წავიდნენმ უკან არც დაბრუნებულან, და ბედნიერად ირუჯებიან დღემდე ბიჭვინთის პლიაჟზე.

ჩემი აზრთ ისინი ჯერჯერობით სიტუაციას სწავლობენ, ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ 9 აპრილს რომელ სცენაზე იმღერონ. ცხადია დასანანი იქნება თუ რომელიმე მათგანი გამარჯვებულ მუსიკოსთა სიაში ვერ მოხვდება. ბრძოლა კი სამშობლოს სიყვარულისათვის ვარსკვლავთა შორის დაუნდობელი იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაარკვევენ ვის უნდა უერთგულონ , რუსულ ერთუჯრედიან მხიარულ პოპ კულტურის გავლენის სფეროში დარჩენილ გაბრწყინებულ საქართველოში.
სააკაშვილის ცნობილ რევოლუციურ ვარდისფერ ექსპრესს "თბილისი–ისტამბული – ლონდონი", რომელსაც, როგორც აღმოჩნდა ნახევარზე მეტი საქართველო ჩამორჩა, 9 აპრილს უცნობის ორ აკორდიანი მხიარული "მატარებელი" დაემატება, მასზე შეხტომა, როგორც ამბობენ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამიტომ ქართული შოუ ბიზის ''უკაშკაშეს'' ვარსკვლავებს, სულ მალე ვიხილავთ რომელიმე პერონზე, ან საპრეზიდენტოზე, განთავისუფლებულ პლაცკარტის ადგილების დასაკავებლად, ან საპარლამენტო–დემოკრატიულ–მონარქიულ–ლეიბორისტულ–ქრისტიანულ–ათეისტურზე, რომელის ლიანდაგებსაც ''სად მივყევართ'' ჯერჯერობით, თვით უცნობსაც ვერ გაურკვევია...ალბათ კიდევ ერთხელ
Куда глаза глядят?!...
პაატა ქურდაძე
23 მარტი 2009

13 mars 2009

პრომეთე

1
ცხოვრება აუტანელი ხდება, როცა პირველად იგრძნობ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე შენი გეგონა, სხვისია... შენი მეზობლის, მეგობრის, ნათესავის, რომელსაც ვერ იტან... ან ვიღაც ჯერ არ დაბადებულის, არ არსებულის. უცნობის, რომელსაც ყოველ დილას ქუჩაში ხვდები და იმავე წუთს ივიწყებ... ან იქნებ - ეს ვიღაც სულაც სადღაც  , საკუთარ ოჯახში ან სამსახურში ძის, ათასობით კილომეტრის იქით... შენს ქვეყანაში ცხოვრება არც უფიქრია. აზრადაც არ მოსდის, რომ ერთ დღეს, შენი ტელევიზორი, რომელსაც ყოველ საღამოს უყურებ, მისი გახდება, ღამის ნათურაც, რომლის შუქზე წიგნს, ან ჟურნალს კითხულობ. მაცივარიც, სადაც ცივ ლუდს ინახავ, საწოლიც, რომელზეც ყოველ ღამე ცოლთან ერთად წვები... ცოლიც...შვილებიც მისი გახდებიან! შენი საკუთარი შვილები, რომლებიც ყველაფერს, ღმერთსაც კი გერჩივნია!...ბოლოს მიხვდები, რომ შენც აღარ ეკუთნი საკუთარ თავს და გული აღარაფერზე დაგწყდება. გაუგებ ნივთებსაც და ადამიანებსაც, მათ სასაცილო სწრაფვას სხვების ერთგულებისაკენ... ვისაც ჯერ არც კი იცნობენ და როგორც კი გაიცნობენ, დაუყოვნებლივ თადარიგს იჭერენ, მორიგი უცხოს  სიყვარულისა და ერთგულებისათვის... შენ კი იძულებული ხდები, სხვისა თუ არა, საკუთარ გაუცხოებას მაინც გაუგო, დაუჯერო, შეეგუო... თუ არა... დარჩე საცოდავი, გულჩვილი, ნაწყენი და ისტერიული... საგნები ისევ დაწყებენ შენსკენ სვლას, ცოლიც, შვილებიც... მხოლოდ სულ სხვა პირობებით – დღითი დღე უფრო უცხოები გახდებიან, შენ კი უფრო ერთგული... უფრო მიჯაჭვული, როგორც პრომეთე...

2
დამოუკიდებლობა არ არის თავისუფლება.
თავისუფლება არ არის ბედნიერება,
ბედნიერება არის გაელვებები, 
როდესაც თავისუფლებაზე აღარ ფიქრობ.
როდესაც თავად ხარ თავისუფლება...
                                                                                     
ბედნიერების  გაელვებები ყველას ემართება 
-მეფესაც და მონასაც... 
 სულ რამდენიმე წამი, ან უფრო ნაკლები  გრძელდება... 
მაგრამ საკმარისია... 
სრულიად საკმარისია... 

3
ჰო...მართლა, პრომეთე...- საუკუნეების მანძილზე კავკასიონის მთას მიჯაჭვულს ბოროტი არწივი  ღვიძლს უკორტნიდა. მისი ერთგული ძაღლი კი განუწყვეტლივ ლოკავდა ჯაჭვს, რომელიც გაწყვეტის პირზე მისული, ისევ მთელდებოდა და უსასრულო ტანჯვა ისევ თავიდან იწყებოდა. სანამ ერთხელ, სასოწარკვეთილი პრომეთე ამ აბსურდული პროცესის რეორგანიზაციის შესაძლებლობაზე არ დაფიქრა და არ მიხვდა, რომ ერთგულ ძაღლს სულ ტყუილად აკარგინებდა დროს ჯაჭვების ლოკვაში – პირველ რიგში არწივს მიუქსია და დააგლეჯინა. მერე ისევ ჯაჭვების ლოკვა დაავალა, რომლებიც ცხრა წლის შემდეგ ისევ გათხელდნენ. ბოროტი ფრინველისაგან მოსვენებულ პრომეთეს ჭრილობები მთლიანად მოუშუშდა,ჯან–ღონე მოიკრიფა. ისე მოღონიერდა, რომ ჯაჭვების ბოლომდე გათხელებას, აღარც დაელოდა, ერთ ნაშეადღევს ორივე მაჯაზე დაიხვია, და ისე დაწყვიტა, იქაურობას სულ ბდღვირი აადინა.
შეშინებული ძაღლი, კარგა ხანს იმალებოდა დიდი ლოდის უკან და საცოდავად წკმუტუნებდა. სანამ პრომეთემ კუდით არ გამოათრია. სიხარულით აღგზნებულმა ძაღლმა შემთხვევით ცხვირზეც კი უკბინა  საყვარელ პატრონს, თუმცა ამისათვის არ დასჯილა.
დიდ ხანს უალერსეს ერთმანეთს, ბოლოს, როცა თავისუფლების  ეიფორიამ გადაუარათ, პრომეთე დაფიქრდა. მიიხედ მოიხედა, მერე კიდევ დაფიქრდა, ამჯერად დიდი ხნით... თითქმის ცხრა წელი ფიქრობდა. ბოლოს წამოდგა და მღვიმის დალაგებას შეუდგა. ძაღლი სიყვარულით, მაგრამ ნაკლები ერთგულებით ადევნებდა თვალს – ჭკვიანი იყო,  მაშინვე მიხვდა: არსადაც არ წავიდოდნენ.
პრომეთე დღესაც იქ, კავკასიონის მიუვალი კლდის მღვიმეში ცხოვრობს, რომელიც შეძლებისდაგვარად, არც თუ ისე ცუდად მოაწყო. ბედს არ უჩივის. მხოლოდ, ხანდახან მარტოობის სევდა შემოაწვება ხოლმე, რადგან ერთგულმა ძაღლმა მიატოვა – ერთ წვიმიან გაზაფხულს, ცხვრის ფარას გაჰყვა და მთელი დარჩენლი სიცოცხლე ერთგულად ემსახურა ერთ ლოთ სვან მწყემსს, სანამ ბოლოს, ბებრი და გაზანტებული მგლებმა არ დაგლიჯეს.
პრომეთეს დღესაც გონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთგული მეგობარი დაუბრუნდება, მაგრამ ამაზე, სულ უფრო და უფრო იშვიათად ფიქრობს... ეს მისი სასჯელის უკანასკნელი, მარადიული ეტაპია, რომელსაც ღმერთმა, თავისუფლება დაარქვა... თავისუფლება, რომელიც არ იცი რაში გამოიყენო.


პაატა ქურდაძე
29 ნოემბერი 1998
Paris

10 mars 2009

ვიღაც დაბოღმილი...



ამ ბლოგზე, მესამე წერილის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც შევიტყვე, რამოდენიმე მკითხველს ჩემზე უთქვამს, ვიღაც დაბოღმილიაო.
მადლობა ღმერთსა და ჩემს მონდომებას, თუ ვიღაც ვარ!
რაც შეეხება დაბოღმილს, ნამდვილად ცამდე მართალნი არიან, დაბოღმილი რომ არ ვიყო, ამხელა წერილებს, რომლებსაც, ყველა სიკეთესთან ერთად სტატიების მშრალი მედია – სტატუსი მიაწეპეს, რა დამაწერინებდა.

ვიცხოვრებდი ჩემთვის, "დალაგებულ" ქალაქ პარიზში და სულაც არ შევიწუხებდი თავს საქართველოზე ფიქრით. ყოველ შემთხვევაში თავს მაინც მოვაჩვენებდი ხალხს ასე: ცოტა "ფღანგული აკსანტით დავილაპაღაკებოდი, ტბილისიში სტუმღობისას''. სახინკლეში ქაბაბის შემდეგ დესერტს მოვითხოვდი. რესტორანში ჯერ ღვინის ბოთლის საცობს დავყნოსავდი ხოლმე ყურადღებით, მერე ჭიქაში ჩავყოფდი ცხვირს, ნერვიულობისაგან გაოფლიანებულ ოფიციანტს ხაზგასმული თავაზიანობით ვანიშნებდი რაღაც გაუგებარს , ბოლოს კი კონიაკს სიგარით დავაყოლებდი, და ამ "მაგიური" სიტყვის, "დიჟეკტივის" მისტიურ მნიშვნელობას ავუხსნიდი, პირდაღებულ ნახევრდ მთვრალ ბავშვობის მეგობრებს,

ხანდახან მეჩვენება, თითქმის ყველა დაღლილი საშუალო ქართველის ოცნებაა – ფეხებზე ეკიდოს ყველაფერი, და განსაკუთრებით ის, რაც საქართველოში ხდება...
საერთოდ , ვინც დღევანდელი საქართველოს შემხედვარე დაბოღმილი არ არის, ვურჩევ კარგი ფსიქიატრი იპოვოს.

მე , დასაბოღმად, პირადის გარდა, რომლებსაც, ვინმე ცნობისმოყვარეს, რომც აინტერესებდეს კიდეც, მაინც არ მოვუყვები, უამრავი ეგზისტენციალური, მიზეზი გამაჩნია.


განსაკუთრებით ჩემს მთავარ სამშობლოსთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის კიდევ უფრო პარტარაა, ვიდრე სენტიმეტალურ ქართულ სადღეგრძელოებსა და პოეზიაში. მისი ზომა სულ 16 ინჩია, ზუსტად ჩემს ნოუთბოკის მონიტორში ეტევა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ 90 – ანი წლებიდან, საქართველოს რეალობა, ჩემთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული "ტელე რეალობასთან", სამწუხაროდ,პრეზიდენტისა არ იყოს, შედარებით ნაკლებად– პრესასთან, რადგან ის ფაქტიურად, ინტერნეტში თითქმის არ არსებობს, და რაც არის, უმეტესი მათგანის ვებ გვერდები მხოლოდ თვეში ერთხელ ან საერთოდ წელიწადში ერთხელ ახლდება. საფრანგეთში ქართული გაზეთის გამოწერა კი ფანტასტიკის ჟანრს უფრო განეკუთვნება.
უამრავ ეროვნული საოცრება აღმოვაჩინე ამ ხნის განმავლობაში ჩვენს 15 ინჩიან სულში. მაგალითად:

1. ყველა ზღვარს გადასული ტელე ეგზიბისიონიზმი.
როდესაც, სხვადასხვა არხის ათასნაირ გადაცემაში, კახა კუკავას უფრო ხშირად ხედავ, ვიდრე პარის ჰილტონს დაბალი გამის დასავლურ ყვითელ მედიაში, ან მადონას MTV ში, ძალაუნებურად, კითხვა გიჩნდება, ეს კაცი როდის ასწრებს მუშაობას? თუ ამას კიდევ საგაზეთო ინტერვიუებს დავუმატებთ, მართლა რაღაც გაუგებრობაში ვხვდებით...მე პირადად, ამ შემთხვევის დასახასიათებლად, ყველაზე შესაბამისი სიტყვა - ეგზიბისიონიზმი მგონია. და რა თქმა უნდა, ის მთელ ქართულ პოლიტიკურ "ჯეთ სეტის" მოიცავს. თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, შეუძლია საკან N5 ან "კურიერს" უყუროს.
ვინც, და როდესაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება, ამ მავნე ჩვევისაგან დეზინტოქსიკაცია. ის ყოველთვის ჩათვლის, რომ დემოკრატია ტელე ''რაზბორკებია''. ამას კი ვერცერთი მთავრობა ვერ გაუძლებს და ისევე გადავა იძულებით "არდემოკრატიულ" რეჟიმში, როგორც ეს პირველ, ვარდისფერ ტელე რევოლუციონერებს დაემართათ, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველ პოლიტიკური ტოკ შოუ დახურეს. ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ნაციონალები ნამდვილ პოლიტიკურ კაბარეს მოგვიწყობენ ყველა არხზე... ყოველ შემთხვევაში გრიგოლიას სამუშაო გარანტირებული აქვს, არც მე 5 საკანს უწერია დახურვა. ვინ იცის, მაესტრო იქნებ საერთოდ ტელე ციხედაც გადაიქცეს. ბევრი "რეალითი საკნებით". თუ რა თქმა უნდა ახალ გამარჯვებულ ტელევიზიად არ იქცა "კავკასიასთან" ერთად.

2. ტელე ლინჩი. ქართველი ''ტელე ერის'' საოცარი მიდრეკილება, პირდაპირ ეთერში საქმის გარჩევების ყურების და სმს ებით განაჩენის გამოტანისაკენ. ამ საოცარი მასობრივი მანიის ჩამოყალიბებაში, რათქმა უნდა დამეთანხმებით, რომ ქართული ტელე ფსიქიატრიის კლასიკოსს, ქალბატონ ინგა გრიგოლიას უზარმაზარი , გადამწყვეტი როლი აქვს ნათამაშები. თუმცა ვერ გეტყვით, რომ წინასწარ განზრახვით. არა მგონია ამაზე ბევრი ეფიქროს – ჩემი აზრით, რაღაც თავისთავად, ბუნებრივად გამოუვიდა. არ გამიკვირდება მალე, პატარა ლატექს სტუდიაც რომ მოაწყოს, მათრახებით,ბორკილებით, ნიღბებით და სხვა S/M აქსესუქრებით.

3. გილიოტინა პირდაპირ ეთერში – ეს ჩვენი საბოლოო მიზანია, ჩვენი პათოლოგიური მოქალაქეობრივი გემოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად.
4. ტელე მიტინგები – ქრთველების უნიკალური გამოგონება. სახლიდან გაუსვლელად რევოლიუციის მოწყობა. ჩვენი უანგარო საჩუქარი უმადურ მსოფლიოს. მალე უსისხლო ტელე ომებსაც გავმართავთ, და მათში გავიმარჯვებთ! მერე კი აუცილებლად დავბრუნდებით ტელე აფხაზეთში!....სიმღერით, ბუშტებით და კლიპებით, რა თქმა უნდა...
.........
თუ დავითვლით, ქართული პოლიტიკური "მაღალი საზოგადოება," რამდენ დროს პარავს თითოეულ ქართველს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენი ცხოვრების არც თუ ისე მცირე ნაწილი, გუბაზ სანიკიძეს, უგზოუკვლოდ დაკარგულ მაია ნადირაძეს და სხვა მეტნაკლებად დიდ და პატარა პოლიტიკოსებს აქვთ შესანსლული. (ზემოთ ნახსენებ, მომხიბვლელ ქალბატონ ინგა გრიგოლიაზე აღარაფერს ვამბობ, ნამდვილი ტვ კანიბალია, უფრო სწორად კანიბალების დედოფალი).
მათ იმდენი უძვირფასესი დრო მართებთ ქართველების ცხოვრებისა, რომელიც როგორც ცნობილია, ისედაც, ერთი ციცქნა ''წუთისოფელია", რომ ხანდახან, პატარა, შარმიანი სიურპრიზი, მაგალითად ნუდუსტური პოლიტიკური ტოკ შოუ, ნამდვილად გაახალისებდა ჩვენს დეპრესირებულ და მოწყენილ ტელე ერს – რაღაც ახალს მაინც ნახავდა ხალხი. მოსაწყენი ტელექაქანი , ცოტა ეროტიული თუ არა, "პიკანტური" მაინც გახდებოდა.
გულწრფელად ვამბობ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოში წერაკითხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მეტყველების უნარი სულ 30 ადამიანსა აქვს , პრეზიდენტის ჩათვლით, რა თქმა უნდა.

მოდით, მოგიყვებით, რამოდენიმე მიზეზზე, რის გამოც დაბოღმილი ვარ. მხოლოდ წინასწარ გაფრთხილებთ, განსაკუთრებით მგრძნობიარეებს ვურჩევ
"სტეფანე და 3გ" –ზე გადაერთონ.


აფხზეთი საქართველოს ეროგენული ზონაა. რომელიც სადისტურად ამოაგლიჯეს ჩვენს ქვეყანას,ზუსტად ისე აწამეს, ისე დაასახიჩრეს, როგორც აფრიკელი გოგონა, გენიტალური წინათდაცვეთით.
მე აფხაზეთს არც ასფალტში ვცვლი, და არც კონსტიტუციურ მონარქიაში.
ერთხელ, რამოდენიმე წლის წინ, მესამე ჭიქა ვისკის შემდეგ, ასეთი იდეა გამიჩნდა: რატომ არ შეიძლება, შევიდეთ აფხაზეთის შემადგენლობაში და სახელი შევიცვალოთ? თუ ჩვენს მეფეებს აფხაზთა და ქართველთა ერქვათ, რა მნიშვნელობა აქვს რა გვერქმება ჩვენ? ვთხოვოთ , იქნებ მიგვიღონ....აფხაზეთის ფედერაციული რესპუბლიკა... აფრ!... ყოველ შემთხვევაში ომზე მუსიკალურად მაინც ჟღერს...
4 მარტს, თამარ ჩხეიძესთან და ირაკლი წერეთელთან საუბრისას, ხუთი წუთით, უცნობი ლამის მაჰათმა განდით გადაიქცა:
რატომ არ შეიძლება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიო, კითხვა დასვა... და მაშინვე, არც მეტი, არც ნაკლები, მონაკო გაახსენდა...(გადავაქციოთ ოჩამჩირა მონტე კარლოთ! სოხუმი ნიცად, ბიჭვინთა და გაგრა კი, შესაბამისად კანად და სენ ტროპეზად...პ.ქ.)
გასაკვირია, გიორგი გაჩეჩილაძე, იმდენად გახსნილი აღმოჩნდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი შეუძლია, ...სააკაშვილის ყოფნა არყოფნაზე ლაპარაკისას, კი აშკარად , გამძვინვარებულ გოძილას ემსგავსება...
პრინციპში მართალია: ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მესამე ჭიქა ვისკის შემდეგ, აფხაზეთის სახელის ქვეშ, დანარჩენი საქართველოს გაერთიანებაზეც კი... მე ეს ნამდვილად შემიძლია...უცნობს კი...ეჭვი მეპარება, როგორც თვითონვე იტყოდა, მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით, ''მაგას ვინ ჭამს"... რა თქმა უნდა, ინფანტილური გივი თარგამაძის გარდა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, უცნობის წამიერი ლიბერალურ–პაციფისტური სისუსტე, უკვე მონათლა რუსეთიდან მართული აგენტის განცხადებად, თავის ეჟოვის დავთარში.
მე ძალიან მძაფრი უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, რომ დასახიჩრებული საქართველო, მისი ოკუპირებული ტერიტორიები, უკვე კარგა ხანია აღარავის აღელვებს. უფრო სწორად მასზე ლაპარაკს თითქოს ყველა თავს არიდებს. ხელისუფლებაც, და მისი ოპოზიციაც. შესაძლოა, რეალური გეგმის უქონლობის გამო? არ ვიცი.

ომის შემდეგ, მხოლოდ თვე ნახევარი ვიწუწუნეთ, და მერე ისე გავჩერდით, თითქოს 2008 წლის კი არა, 1808 წლის აგვისტოზე ყოფილიყო ლაპარაკი.

ომის დღეებში , და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სათვისტომოს ინციატივით, სამი მანიფესტაცია გაიმართა პარიზში, მათ შორის რუსეთის საელჩოს წინაც ...სადაც, თქვენ წარმოიდგინეთ, სამასამდე კაციც კი მოგროვდა! იმ დღეებში რამოდენიმეჯერ დებატებიც გაიმართა... 22 სექტემბერს , მადლენის ტაძარში გამართული საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ კი, ძირითადად, ტრანსპარანტების ნაცვლად ღვინის ჭიქებითა და შამფურებით ვებრძვით რუსეთს, კულტურულ ფრონტზე.

სათვისტომო, ჩვეულ "ელიტარულ" ლიანდაგებზე გადავიდა. მისი ხელმძღვანელები, სამსახურიდან თავისუფალ დროს ხანდახან მაილებსაც კი გვიგზავნიან, სხვა და სხვა, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი არტისტის კონცერტებისა და გამოფენების შეტყობინებით . მეტად ელეგანტური მინაწერით, იმის შესახებ, რომ "ამ არტისტმა" დიდი ამაგი დაგვდო ომის ლტოლვილების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტში გასამჯელოს გარეშე მონაწილეობით, და რომ ეხლა, ჩვენი რიგია, სამაგიერო მივაგოთ. ბოლოში, რა თქმა უნდა კონცერტზე დასასწრები ტარიფები ძალიან აკურატულად არის მიწერილი ქართული დროშების ფონზე... და თქვენ გინდათ, რომ არ დავიბოღმო... რომ რუსეთის საელჩოს წინ ღრიალის ნაცვლად, თვეში სამჯერ პიანისტ ელისო ბოლქვაძის ღვთაებრივად შესრულებულ შოპენს ვუსმინო, და ველოდო, დიდი პოლონელის ნაზი მუსიკა, ვლადიმერ პუტინის სამ ასოიან გაქვავებულ სულში, როდის გააღვიძებს ადამიანობას?
5 მარტს, ჩვენმა მეგობარმა ნატომ, რუსეთთან სრული დიალოგი აღადგინა. მეორე დღეს, 6 მარტს, ჩვენმა მტერმა რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთში მისი სამხედრო ნაწილები 48 წლით რჩებიან...რა გგონიათ, ბრიუსელში ქართულ ემიგრაციას სააკაშვილმა დაუშალა, ნატოს გენშტაბის წინ თუნდაც ორმოცდაათ კაციანი მანიფესტაცია ჩაეტარებინა? ან დღეს, მსოფლიოში მიმოფანტულ ასი ათასობით ქართველ ემიგრანტს, და უამრავ სათვისტომოს, რომლებსაც საკუთარი მინისტრიც კი ჰყავთ(?!) პროტესტის გამოხატვა?
რა თქმა უნდა,არა. მათ უბრალოდ იღლიაში ამოჩრილი ათასგვარი კულტურული პროექტებით სირბილი ურჩევნიათ ქართველ დიპლომატებთან და სტუმრად ჩამოსულ კულტურის ფუნქციონერებთან. დაფინანსების მოსაპოვებლად, რა თქმა უნდა.

პარიზში, დარწუნებული ვარ, სათვისტომოს თავმჯდომარე, ბატონი ოთარ ზურაბიშვილი ახლო მომავალში ისევ რაიმე ელეგანტური საფორტეპიანო კონცერტით შეგვახსენებს საქართველოს არსებობას. 26 მაისს კი "პატარა საქართველოში", სოფელ ლევილში, ნოსტალგიური ლობიოთი და ხაჭაპურით, აგრეთვე , ქართველთა სასაფლაოზე რიტუალური გასეირნებით.

კარგი, აქ პარიზია, სხვაგან ლონდონი, ბერლინი ან ნიუ იორკი, აქ ჩვენს მანიფესტაციაზე ხუთჯერ ნაკლები ხალხი გროვდება, ვიდრე ჩვენს მიერვე შესრულებულ გერმანულ კლასიკური მუსიკის კონცერტზე. მაგრამ საქართველოში?.. როგორ გინდათ არ დავიბოღმო, როცა ომის შემდეგ, ერთი მანიფესტაცია არ გაუმართავს არც ერთი პოლიტიკური ფლანგის მხარდამჭერს, იმ დასავლური მისიებისა და საელჩოების წინ, რომლებიც პუტინ – მედვევდევის დუეტს, ძალიან მშვიდად აღიქვამენ. მაგალითად საფრანგეთის საელჩოს წინ, რომელისთვისაც, არავის უკითხავს,"გმირული ვოიაჟების" შემდეგ, პილატე – სარკოზის, თუ ახსოვს მაინც კიდევ , სად მდებარეობს საქართველო.

მანიფესტაცია აუცილებლად იმ პრეზიდენტის ჩამოსაგდებად უნდა გავმართოთ, რომელმაც ფრანგ მინისტრ კუშნერთან "თავი მოგვჭრა".
მერე რა, რომ შეეშინდა, მე პირადად ეგ თვითმფრინავები ბურჟეს ავიასალონზე მაქვს ნანახი(ბომბების გარეშე) მათი მოტორების ჯოჯოხეთურმა ხმაურმა იქ გამიხეთქა გული.
დამატებით, დაცვის ოცდაათი კბილებამდე შეიარაღებული გორილა რომ დაგახტება თავზე ღრიალით, შეგეშინდება, აბა რა იქნება.
დასაბოღმი ის არის, რომ ჩვენს "ლეგენდარულ"(ჯონდი ბაღათურია) პოლიტიკოსებს, პირველ პლანზე გამოაქვთ არა ის, რაც მართლა გამოსატანია, არამედ პაპარაცულად გადაღებული ჰალსტუკის "ჭამა" და კუშნერთან 'თავის მოჭრა''.

ისე, წარმომიდგენია, ქრთველ მაშინდელ მინისტრთან, ეკა ტყეშელაშვილთან ერთად სარკოზი რომ მოხვედრილიყო დაბომბვაში!.. გარწმუნებთ, იქ ისეთი ამბავი ატყდებოდა!... შეიძლება ჩვენი გზააბნეული წითელქუდა მინისტრი, ჟილეტის ნაცვლად გადაეფარებინათ "ნარკოზისათვის"(როგორც მას ერთხელ კოტე ყუბანეიშვილმა უწოდა). მით უმეტეს, რომ მსგავს სიტუაციაში, პრეზიდენტებს არავინ ეკითხება, დაცვა როგორ უნდა იქცეოდეს.
3ოპოზიციის კიდევ ერთი რკინის არგუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ:
– საბერძნეთში ერთი ახალგაზრდის სიკვდილის გამო რა ამბავი ატყდა!...საქართველოში კი...
საინტერესოა, ვისი ბრალია, რომ ტელევიზორის წინ ტახტზე წამკოტრიალებული აცრემლებული ქართველები ქუჩაში ვერაფრით ვერ გამოიყვანა განსვენებულმა ქალბატონმა ირინა ენუქიძემ ? .. იქნებ ქუჩაში პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო თავის გუნდთან ერთად?
მარტო საბერძნეთი რატომ... საფრანგეთშიც, ყველა "ომი" მეხანძრეებთან და პოლიციასთან იდენტური მიზეზით იწყება ხოლმე. სააკაშვილი მხდალია? რუსული ბომბდამშენის შეეშინდა? კუშნერს ვერ მოუარა? თქვენ უარესი მხდალები ხართ –ერთ შვილმოკლულ გამწარებულ ქალს ვერ მოუარეთ, რომელმაც, ქუჩაში ხალხის ყველაზე დიდი მასის გამოყვანა, მხოლოდ საკუთარ გასვენებაში შეძლო!


გამოსულიყავით, გებრძოლათ, ეცემეთ,დაესისხლიანებინეთ, დაეპატიმრებინეთ...იქნებ, ამით სხვები გადაგერჩინათ,როგორც თავად ამბობთ, იქნებ მერაბიშვილს აქეთ შეშინებოდა თქვენი...როგორც საბერძნეთში, როგორც საფრანგეთში... შეგეშინდათ? სააკაშვილსაც შეეშინდა... მერე რა მოხდა, შიში ადამიანურია, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ გვეშინია. ასე არ არის?
4.
მე ჩემი ქვეყნის პარანოია. ჩემი საქართველოს სახე ვარ.
ჩემში ყველაფერია კონცენტრირებული, მისი სიბრიყვეც და სიბრძნეც, აგრესიაც და სიმშვიდეც...შოთა რუსთაველიც და საწყალი მალხაზ მოსესტოვიც*... აგრეთვე ელვის პრესლეც, თუმცა ის ქართველი არ იყო.
რუსთაველის შესახებ არაფერი ვიცით, რაც იმას ნიშნავს, რომ დალხენილი ცხოვრება დიდ პოეტს ნამდვილად არ ჰქონდა.
საწყალი მოსესტოვი გაყინულ და ბნელ 93 ში. ვიღაც დამპლებს მოუკლავთ. რუსთაველივით, ყველას ფეხებზე ეკიდა მისი სიცოცხლეც, სიკვდილიც, და მისი მკვლელებიც...
პრესლე კი თავის მემფისის სასახლეში, უნიტასზე მჯდარი, ისე გაიპარა კაიფში , რომ ქართველები დღემდე ვერ მიხვდნენ ვერც მისი სიცოცხლის და ვერც როკ'ნ'როლს მნიშვნელობას. მხოლოდ კაიფი ისწავლეს, სიმღერა "პუტ ინ" დაწერეს და ეხლა ევროვიზიაზე წასვლას აპირებენ... პრესლეც, მოსესტოვისა და რუსთაველივით, ქართველებისათვის ფუჭად ჩაქრა...



სსსრკ – ში, ყველა, ვისაც ღვთის ნიშანი ედო, როკ'ნ'როლს უსმენდა, დანარჩენები კი ივერიასა და რადმილა კარაკლაიჩს. როგორც ჩანს, საქართველოში ამ უკანასკნელებმა გაიმარჯვეს, პრესლესაც მოუგეს და რუსთაველსაც. მოსესტოვზე აღარაფერს ვამბობ. ის ხომ, სწორედ საბჭოთა მუსიკისა და პოეზიის სტილში ჩაკლეს– რეიბან –იანმა "ახალმა" შავებმა. უგემოვნებოდ, ბარბაროსულად. სწორედ მაშინ, როცა არავის აღარაფერს უშავებდა.
"ივერიასა" და კარაკლაიჩის მემკვიდრეებმა, ჯერ უარი თქვეს ევროვიზიაზე, მერე მთელმა ევროპამ ''სთხოვა'' და დათანხმდნენ, ამ უღმერთო ღონისძიებაში მონაწილეობას. იმ პრეტექსტით, რომ ეს ევრო–დისკო–ორგია რუსული ღონისძიება არ არის. გეგონება ოლიმპიადა იყოს ივან გროზნის ინციატივა, ხოლო სოჩა 2014, რუსული ძირძველი სპორტული ტრადიციების აღორძინების მცდელობა "იმერეტინსკაია დალინაში'' . ...ეჰ, პრინციპები, პრინციპები...პოლიტიკურზე და ეროვნულზე არაფერს ვამბობ... ელემენტარული, პროფესიული მაინც... ან კულტურული...რა, არ არის დასაბოღმი?

უცნობმა, რომელიც აშკარად, ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლის, ივერიას მემკვიდრეა, 3 თებერვლის ღამეს თავისი VIP საკნიდან იქადაგა, რომ ცოდნა სულაც არ არის საჭირო, დასტურად რომელიღაც ძველი რელიგიური ტექსტი წაიკითხა( სამწუხაროდ არ მახსოვს ვისი). ბევრი ცოდნა, რწმენას ვნებსო, ძირითადი აზრი ასეთი იყო.
უცნობს რამდენიც უნდა, შეუძლია იჯდეს თავის სათამაშო ციხეში, სანამ თავად, ან მის პროდიუსერებს არ მობეზრდებათ. შეუძლია, რამდენიც სურს, იმდენი პრეზიდენტის გადააყენება მოითხოვოს... მე ეს ნამდვილად არ ამაღელვებდა, რომ არა მსგავსი ვულგარული გამოხტომები – ისედაც ცოდნისა და ინტელექტის დეფიციტიან საქართველოში, ასეთი სექტანტური სისულელის ქადაგება ჩემთვის, ამორალური აგრესიაა, სამწუხაროდ მივხვდი, რომ უცნობი და ბევრი მისი სტუმარი "აკადემიკოსი" ჩემი კონცეპტუალური მტერები არიან. მე ყოველთვის შევებრძოლები ასეთ ბნელ პროპაგანდას. და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს საქართველოში, დიდად, არავის აღელვებს...
აი, ამიტომაც ვარ დაბოღმილი. ხანდახან შეძრწუნებულს მეჩვენება, რომ დღევანდელი თაობა, ჩემს თაობაზე უფრო გოიმი და ბნელი აღმოჩნდა, რაც, ევოლუციის ყველანაირი კანონის დარღვევაა, თუ რა თქმა უნდა ავღანისტანისა და ირანის ბოლო რამოდენიმე ათეული წლის ფუნდამეტალისტურ "ევოლუციას" არ ჩავთვლით. ქვეყნების, სადაც 60–იან წლებში ტვისტს, ქრთველებზე უკეთ ცეკვავდნენ, დღეს კი, მუსიკა საერთოდ აკრძალულია და ქალები ბურკებით დადიან. კიდევ კარგი მუსულმანები არა ვართ! წარმომიდგენია, რა შორს წავიდოდით...
გადახედეთ "ასავალ დასავალის" ნიუ პეტრიაშვილებს, და დარწმუნდებით, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას პირადი პატარა პარანოიკი, უკვე არა მარტო "გველანდება", როგორც 92 წლის ცივ გარიჟრაჟზე შეგვპირდა, უფრო რეალურიც კი გახდა ვიდრე მაშინ იყო. გამრავლდა და ქრთული ეროვნული სიბრიყვის მონუმენტად, ნამდვილ ცოცხალ კლასიკოსად იქცა, ყოველ შემთხვევაში დღეს მის "ყელფანდურასა" და "მანდილიან ბალერინებზე" ალბათ აღარავინ გაიცინებდა. პირიქით...

უცნობი, მართალია ლოკალური, მაგრამ მაინც პოპ ვარსკვლავია. ბევრ ახალგაზრდას და მოზარდს (ანუ "ქართულად" თინეიჯერს) ჯერა მისი. მათთვის მსგავსი, აბსოლუტურად პრიმიტიული ქადაგებანი, მხოლოდ დასტური ხდება ინტელექტისაკენ მიმავალ რთულ გზაზე, წვალების უაზრობისა. მით უმეტეს, რომ ცოვრებაში წარმატებისათვის, დიდი ცოდნის მისაღებად, თავის ატკივება საჭირო რომ არ არის, ამას ქართველი დისკოთეკის ასაკის მინისტრები და მათი მოადგილეებიც ამტკიცებენ. თავად უცნობსაც, რომელსაც, როგორც ჩანს, უძილობა ტანჯავს, ერთხელაც ვერ ნახავთ რაიმეს,თუნდაც ჟურნალს კითხულობდეს, თავის მოგონილ გისოსებიან ქართულ დისნეი ლენდში. ეტყობა, გარეუბნელი რეპერივით, გარითმული გულუბრყვილო მოკლე ტექსტების წერა უფრო ეხერხება, ვიდრე სქელი და სასარგებლო წიგნების კითხვა.

18 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მე თბილისში აღარ ვცხოვრობ. 1991 წლიდან... რა შეიცვალა ამ 18 წელიწადში? ქვეყნის ხელახალი ელექტრო და გაზიფიკაცია? შესაძლოა ეს დღევანდელ მოზარდ ხელისუფლებას, დიდ მიღწევად ეჩვენებოდეს, რადგან ეგონოს რომ საქართველოში მანამდე დენი არ იყო...მაგრამ როგორ გინდათ უფროს თაობას მოსთხოვოთ,რომ ამით ბედნიერნი იყვნენ? სულ ეს იყო, რისი გაკეთებაც შევძელით? დღესაც ხომ საზღვარგარეთ ის კულტურული მიღწევები გაგვაქვს რაც 91 წლამდე შეიქმა? ამიხსენით როგორ ხდება, რომ ამ ხნის მანძილზე კულტურულად ქვეყანამ მხოლოდ რეგრესი განიცადა? წითელი ტერორით განადგურებულ 20 წლების საქართველოშიც კი, ლამის რენესანსი განვიცადეთ. უამრავი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, და ზოგიერთი ნამდვილი შედევრიც კი შეიქმნა. ამ ტერორისაგან, 70 წლის ნანატრი განთავისუფლების შემდეგ კი, მთელი 20 წლის მანძილზე არნახული დეკადანსის ეპოქაში ვცხოვრობთ , კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიურ, მორალურ და როგორშიც გნებავთ....დეკადანსში...
*მოსესტოვი თბილისელი ქურთი ქუჩის ბიჭი იყო. ბოლოს 91 ში ვნახე. კბილი ტკიოდა...
P.S.'საქართველოს ადრე თუ გვიან, ტელე პოლიტიკის "ოვერდოზა" დაღუპავს!
შეეშვით ამ ფსევდო პოლიტიკოსებზე კოლექტიურ მედიტაციას!
მოუსმინეთ პოეტებსა და ფილოსოფოსებს!...
მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოვუცხადოთ უკლებლივ ყველა პოლიტიკურ პატრიას! ყველა მთავრობას!
ყველა თოკ შოუს !
საქართველოს მხოლოდ ტელე –ანარქია გადაარჩენს!
...გირჩევთ, ამ ლოზუნსაც გამოუცხადოთ ბოიკოტი! რადგან –
ბოიკოტი, სოლიდარობას, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ნიშნავს!

ხოლო, თუ კიდევ ვინმე გავაღიზიანე, შეუძლია შემაგინოს კიდეც. გინება ქართველების ფუნდამეტალური ფასეულობაა, და მე მის წინააღმდეგ ვერ წავალ.


8 მარტი, 2009

P.S.''

სახლი
(ნოველა)
ცოვრება აუტანელი ხდება, როცა პირველად იგრძნობ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე შენი გეგონა, სხვისია; შენი მეზობლის, მეგობრის, ან ვიღაც ჯერ არ დაბადებულის, არ არსებულის. უცნობის, რომელსაც ყოველ დილას ქუჩაში ხვდებოდი, და იმავე წუთს ივიწყებდი.. ან იქნებ, სულაც სადღაც ზის , საკუთარ ოჯახში ან სამსახურში, ათასობით კილომეტრის იქით , შენს ქვეყანაში ცხოვრება არც უფიქრია, აზრადაც არ მოსდის, რომ ერთ დღეს, შენი ტელევიზორი, რომელსაც ყოველ საღამოს უყურებდი, მისი გახდება, ღამის ნათურაც, რომლის შუქზე წიგნს, ან ჟურნალს კითხულობდი. მაცივარიც, სადაც ცივ ლუდს ინახავდი, საწოლიც, რომელზეც ყოველ ღამე ცოლთან ერთად წვებოდი... ცოლიც...შვილებიც მისი გახდებიან! შენი საკუთარი შვილები, რომლებიც ყველაფერს, ღმერთსაც კი გერჩივნა!...ბოლოს მიხვდები, რომ შენც აღარ ეკუთნი საკუთარ თავს, და გული აღარაფერზე დაგწყდება. გაუგებ ნივთებსაც და ადამიანებსაც, მათ სასაცილო სწრაფვას იმათი ერთგულებისაკენ, ვისაც ჯერ არც კი იცნობენ, და, როგორც კი გაიცნობენ, დაუყოვნებლივ თადარიგს იჭერენ, მორიგი სიყვარულისა და ერთგულებისათვის... შენ კი იძულებული ხდები, სხვისას თუ არა, საკუთარ გაუცხოებას მაინც გაუგო, დაუჯერო, შეეგუო, და თუ არა, დარჩე საცოდავი, გულჩვილი, ნაწყენი და ისტერიული. საგნები ისევ დაწყებენ შენსკენ სვლას, ცოლიც, შვილებიც... მხოლოდ სულ სხვა პირობებით – დღითი დღე უფრო უცხოები გახდებიან, შენ კი უფრო ერთგული, უფრო მიჯაჭვული, როგორც პრომეთე...
მართლა, პრომეთეს რაც შეეხება... საუკუნეების მანძილზე კავკასიონის მთას მიჯაჭვულს ბოროტი არწივი გულ– ღვიძლს უკორტნიდა. მისი ერთგული ძაღლი, კი განუწყვეტლივ ლოკავდა ჯაჭვს, რომელიც გაწყვეტის პირზე მისული, ისევ მთელდებოდა, და უსასრულო ტანჯვა ისევ თავიდან იწყებოდა. სანამ ერთხელ, სასოწარკვეთილი პრომეთე ამ აბსურდული პროცესის რეორგანიზაციის აუცილებლობაზე არ დაფიქრა, და არ მიხვდა, რომ ერთგულ ძაღლს სულ ტყუილად აკარგინებდა დროს – პირველ რიგში არწივს მიუქსია და დააგლეჯინა. მერე ისევ ჯაჭვების ლოკვა დაავალა, რომლებიც ცხრა წლის შემდეგ ისევ გათხელდნენ. ბოროტი ფრინველისაგან მოსვენებულმა პრომეთემ ჯან–ღონე მოიკრიფა. ჭრილობებიც მთლიანად მოუშუშდა, ისე მოღონიერდა, რომ ჯაჭვების ბოლომდე გათხელებას, აღარც დაელოდა, ერთ ნაშეადღევს ორივე მაჯაზე დაიხვია, და ისე დაწყვიტა, იქაურობას სულ ბდღვირი აადინა.
შეშინებული ძაღლი, კარგა ხანს იმალებოდა დიდი ლოდის უკან, და საცოდავად წკმუტუნებდა. სანამ პრომეთემ კუდით არ გამოათრია. სიხარულისაგან გაგიჟებულმა ძაღლმა ცხვირზეც კი უკბინა შემთხვევით საყვარელ პატრონს, თუმცა ამისათვის არ დასჯილა.
დიდ ხანს უალერსეს ერთმანეთს, ბოლოს, როცა თავისუფლების ეიფორიამ გადაუარათ, პრომეთე დაფიქრდა. მიიხედ მოიხედა, მერე კიდევ დაფიქრდა, ამჯერად დიდი ხანი, თითქმის ცხრა წელი ფიქრობდა. ბოლოს წამოდგა, და მღვიმის დალაგებას შეუდგა. ძაღლი სიყვარულით, მაგრამ ნაკლები ერთგულებით ადევნებდა თვალყურს – ჭკვიანი იყო, და მაშინვე მიხვდა: არსადაც არ წავიდოდნენ.
პრომეთე დღესაც იქ, კავკასიონის მიუვალი კლდის მღვიმეში ცხოვრობს, რომელიც შეძლებისდაგვარად, არც თუ ისე ცუდად მოაწყო. ბედს არ უჩივის. მხოლოდ, ხანდახან
მარტოობის სევდა შემოაწვება ხოლმე, რადგან ერთგულმა ძაღლმა მიატოვა – ერთ წვიმიან გაზაფხულს, ცხვრის ფარას გაჰყვა და მთელი დარჩენლი სიცოცხლე, ერთგულად ემსახურა ერთ ლოთ სვან მეცხვარეს, სანამ ბოლოს, ბებრი და გაზანტებული მგლებმა არ დაგლიჯეს.
პრომეთეს დღესაც გონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთგული მეგობარი მაინც დაუბრუნდება, მაგრამ ამაზე, სულ უფრო და უფრო იშვიათად ფიქრობს... ეს მისი სასჯელის უკანასკნელი, მაგრამ ამჯერად მარადიული ეტაპია, რომელსაც ღმერთმა, თავისუფლება დაარქვა... თავისუფლება, რომელიც არ იცი რაში გამოიყენო.


პაატა ქურდაძე
29 ნოემბერი 1998
პარიზი