26 novembre 2012

ქართული გაკვეთილები


ჟურნალი "ლიბერალი" 16.10.2012 

ქართული გაკვეთილები
ვატერლოოს ორი მხარე ჰყავდა - გამარჯვებული და დამარცხებული. თუმცა, ეს სიტყვა  ყველა ენაში  მარცხის სინონიმად შევიდა.  გამარჯვებული ბრიტანულ-გერმანული კოალიციის ვატერლოო საქართველოსათვის ჯერ კიდევ შორს არის,  თუმცა, არც დამარცხებული ფრანგების ვატერლოოა ახლოს.  მით უმეტეს, არავინ იცის, თუკი ეს დღე დადგა,  ვინ აღმოჩნდება  დეპრესირებული ბონაპარტის ადგილზე, სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ვინმე სხვა, მესამე... რომელსაც ჯერ სამკუთხა ქუდიც კი არ შეუძენია, ამდენად არც  «იმპერატორის» რანგში  განუხილავს ვინმეს.  

სინამდვილეში,  ეს  თეორიულად  შესაძლო მარცხი, ერთი ბონაპარტის ვატერლოო არ იქნება. ეს გაცილებით მასშტაბური, შესაძლოა, გამანადგურებელი  აპოკალიფსი აღმოჩნდეს  საქართველოსთვის. და ეს საფრთხე სულაც არ განეკუთნება ფანტასტიკის ჟანრს. ქართული სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა. და 2008 წელს  ომის  შედეგად  დაკარგული ტერიტორიის  ოცი პროცენტი ამის უტყუარი დასტურია.
საქართველოს სამხედრო ძალით ომი უკვე რამდენიმე საუკუნეა არ მოუგია. მისი პოტენციური მოწინააღმდეგეების ძალის გათვალისწინებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს დღეს, ან ოდესმე  შეძლოს დამოუკიდებლად. ეს ყველამ იცის, ამიტომაც ვცდილობთ თავი მოვაწონოთ დასავლეთს, და რატომღაც არ ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი  ერთადერთი შანსი, «იარაღი»  - დასავლეთთან  კულტურული და არა სამხედრო ინტეგრციაა . 
ყოველთვის როდესაც  კულტურა იმარჯვებს უხეშ ძალაზე,  მთავარი მოგებული ქვეყანა რჩება.  ესე იყო 2003 წელს “ვარდების რევოლუციის” დროსაც. მისი არაძალადობრივი დასასრული  არ იყო მხოლოდ რევოლუციონერების დამსახურება.  თუ კი ამ მოვლენებს ხავერდოვან რევოლუციათა სერიაში მოიხსენებენ,  ეს უდავოდ შევარდნაძის ხელისუფლების დამსახურებაცაა, რადგან  პოლიტიკურ დაპირისპირებას ორი მხარე აქვს,  ბრძოლის კონტექსტს ორივე ქმნის. მაშინ გახარებულები ვიმეორებდით ყველა, რომ ევროპა გაოცებულია ჩვენი  კულტურით, რომ ერთი ვიტრინაც არ ჩამსხვრეულა ქალაქში... გვიხაროდა.
მას შემდეგ კიდევ მრავალჯერ «გავაოცეთ» ევროპა ჩვენი მაღალი კულტურით. განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ - ისე ვატარებთ მრავალათასიან საპროტესტო მანიფესტაციებს «ერთი ფოთოლი არ ვარდება ხიდან» , როცა საფრანგეთში, საბერძნეთში, ინგლისში, მანიფესტანტები ყველაფერს ანადგურებენ და წვავენ...მართალია, ამას დასავლეთში ძირითადად  ხულიგნები და მოროდიორები აკეთებენ, და არა შუა ასაკს გადაცილებული ადამიანები, როგორებსაც საქართველოში აბჯარასხმული და კარგად შეიარაღებული პრეზიდენტის «ცენტუნიორები»   წვიმაში ასფალტზე დაგდებულ გაკოჭილ-დასისხლიანებულებს უმოწყალოდ სცემდნენ ბოლო წლების განმავლობაში... სინამდვილეში, მანიფესტაციასაც ორი მხარე აქვს – და პროტესტის გამოხატვის საერთო კონტექსტის შექმნაში ორივე მონაწილეობს. საერთო კონტექსტი კი ბოლო წლებში საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში  ყველაზე სასტიკი, ბარბაროსული, თან პროგრესირებადი იყო – თუ,  რა თქმა უნდა, 90 იანი წლების პირველი ნახევარის კრიმინალურ ანარქიას არ ჩავთვლით, როდესაც მანიფესტანტებს უბრალოდ ესროდნენ. 
ძალადობის შესანიღბად დემოკრატიისა და ლიბერალიზმის საბურველი ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე მოდიდან გასული საბჭოური იდეოლოგიური «კოსმეტიკა». თუმცა, ჯოჯოხეთის ახალ გარსად ტრანსფორმირებულმა გლდანის ციხემ ცოტა ხნით მაინც გვაიძულა საკუთარი სისასტიკისათვის თვალი გაგვესწორებინა. ამ კადრებმა ჩვენზე დაახლოვებით იგივე ეფექტი მოახდინა, რაც ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკმა გერმანელ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და სამხედროებზე, სადაც ამერიკელმა გენერალმა ეიზენჰაუერმა ბანაკის განთავისუფლების მეორე დღეს იძულებით შეიყვანა ისინი, რომ საკუთარი თვალით ენახათ თავიანთი თანამოძმეების, ქმრების, ძმების, შვილების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. შეძრწუნებული გერმანელები დღემდე ბოდიშებს იხდიან- ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ...მართლაც, გაზის კამერების შესახებ ნამდვილად არ იცოდნენ. მაგრამ ყველამ ნახა, რომ ებრაელებს ჯერ ქონება წაართვეს, მერე ყვითელი ვარსკვლავები დააკერეს, ბოლოს კი სადღაც წაიყვანეს... და დაივიწყეს. ეიზენჰაუერის მიერ მოწყობილი «ექსკურსია ჯოჯოხეთში» მხოლოდ კოლაბორაციონისტული სიჩუმის ვიზუალიზაცია იყო, რომელმაც გერმანელები აიძულა საერთო, კოლექტიური პასუხისმგებლობა ეგრძნოთ მათივე ოჯახის წევრების მიერ ჩადენილ ბარბაროსობაზე. ეს მათ ახალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჰუმანური ქვეყნის აშენებაში დაეხმარა...

ჩვენ სულ ახლახან ვიცხოვრეთ  ყველაზე სამარცხვინო სექტემბერი, რომელსაც მე პირადად საქართველოში შევსწრებივარ, და ის 1 ოქტომბერს დავამთავრეთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვძალუძს თვალებში ჩავხედოთ ჩვენს ფიზიკურ და მორალურ  სისასტიკეს, რომელმაც ეს მახინჯი საარჩევნო კომპანიის თვეები შვა. გლდანის «ბუჰენვლდმა'' ყველაფერი გადაფარა. ქვების სროლა. დაუნდობელი ალისტრახოიზმი, ვერბალური აგრესია... უკულტურობის ზეიმი ყოველ ნაბიჯზე და სიბნელე, რომელის განათებას ერთად აღებული  მთელი მსოფლიოს ელექტროსადგურებიც ვერ შეძლებენ, თუ საკუთარ სისასტიკეს, სიბრიყვეს, ჯიუტ უგნურებასა და გაუნათლებლობას თვალებში არ ჩავხედეთ და არ შეგვრცხვა. ამის ნაცვლად  ჩვენ  კიდევ ერთხელ რამდენიმე კარგად ორგანიზებული ხალხმრავალი მანიფესტაცია ჩავატარეთ ისე, რომ «შემოდგომის ხეებიდან ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილა» და ამით «ევროპა კიდევ ერთხელ გავაკვირვეთ»... მერე «დემოკრატიული გზით» გაყალბებული არჩევნები ასე თუ ისე გადავაგორეთ, და ეხლა ცოტა დაბნეულები მინისტრის პორტფელების კანდიდატების შერჩევით ვართ დაკავებული ფეისბუკზე.  ყოველ ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ბანაკს ეკუთვნის, გულწრფელად სჯერა, რომ «ალისტრახოებისა» და ციხის ჯალათების კუთვნილ  საქართველოს ნაწილს არ წარმოადგენს და რომ ასეთები მხოლოდ საქართველოს იმ ნაწილში არიან, რომელსაც ის არ ეკუთნის, და რომელიც სძულს.. 
სინამდვილეში არჩევნების მეორე დღესვე  სისასტიკე ჩვეული ტემპით გაგრძელდა. ვიღაცას ვიღაცის გამოხატვის ფორმა, ნამუშევარი  არ მოეწონა, და ავტორი  სასტიკად «დასაჯა». მსხვერპლის პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. მუსიკოსსაც ისევე დასჯიდნენ, როგორც მწერალს, ან ტაქსის მძღოლს,  დეპუტატობის კანდიდატს, მის ამომრჩეველს...  ამ დასჯას წინ არანაკლებად აგრესიული და   სამარცხვინო მანიფესტაცია უძღვოდა, რომელიც საეჭვოა, ევროპელებს ჩვენგან კულტურის სასწავლებელ მაგალითად  გამოადგეთ...  ეს  სულ სხვა, ლოკალური მნიშვნელობის პირუტყვული გრძნობების იმ «მანიფესტაცითა» სერიიდანაა, რომელსაც თვეების განმავლობაში ყოველდღე ვუყურებდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში... და  რომლებსაც  CCN და ევრონიუსის კამერები არ იღებენ, თბილისის ცენტრში გამართული დანომრილმაისურიან პოლიტიკურ კარნავალებისაგან განსხვავებით.  
უნდა დავამთავროთ საკუთარ თავთან ფლირტი, და ვაღიაროთ, რომ საქართველოში კულტურული კატასტროფაა... რომ კულტურა ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა.  მივხვდეთ,  რომ კულტურა უცხოელი არტისტებისთის «ქართული ტურისტული საფარის» მოწყობით არ ვითარდება. რომ სწორედ კულტურული დეცენტრალიზაციაა საქართველოში საჭირო.
სანამ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი  იქნება თანამედროვე ხელოვნება და ლიტერატურა, მანამ არ დამთავრდება ლინჩის წესით ცემა-ტყეპა განსხავებული აზრის გამოხატვისათვის, ჩვენც  ყოველთვის სოლიდარულნი ვიქნებით ნაცემთა მიმართ,  აღშფოთებას არ დავმალავთ უხეში ბრბოს მიმართ, და ვიამაყებთ რომ მათგან ისე განვსხვავდებით, როგორც სინათლე სიბნელისგან... ოღონდ,  სინათლე, რომელიც სიბნელეს ვერ ანათებს.
ქართული კულტურის პოლიტიკა რადიკალურ რეფორმებს საჭიროებს. თუნდაც  კულტურის სამინისტროსგან  ძეგლთა დაცვის გამოყოფას, ისე, როგორც თავის დროზე სპორტი და ტურიზმი  გამოეყო ამ უწყებას.  ისტორიული ძეგლები ისეთივე კატასტროფულ მდგომარეობაშია როგორც თანამედროვე ცოცხალი კულტურა. ორივე ცალკე, დამოუკიდებელ სტრუქტურას იმსახურებს, სადაც ნამდვილი პროფესიონალები იმუშავებენ, და არა უბრალოდ, ასე თუ ისე განათლებული ადამიანები.
დღეს თითქმის არავინ  სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ფაქტს, რომ განვლილი არჩევნები ეტაპი იყო დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. აუცილებელია ორივე პროტაგონისტ მხარეს ესმოდეს, რომ ქვეყნისთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევნებში გამარჯვება ბევრს არაფერს ნიშნავს.  ნამდვილი გამარჯვება  სიბნელეზე, უკულტურობაზე გამარჯვებაა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელი  პირობაა ნამდვილი დემოკრატიის და არა იმიტაციის ასაშენებლად.
სხვანაირად ჩვენ  «ომს» სახელმწიფოებრიობისათვის  ვერ მოვიგებთ. 

პ.ქ. 16.10. 2012