პაატა ქურდაძე - მწერალი
რადიო თავისუფლება
10 აპრილი 2010 თბილისი
კვირა 4 აპრილი
დილის 9 საათზე ჩემმა მეგობარმა, გერმანელმა ფოტოგრაფმა თომას დვორჟაკმა დამირეკა,ლაგოდეხში ჯარის ნაწილში წასვლა შემომთავაზა. თომასი კარგი ფოტოგრაფია, ცოტ ცოტა ყველგან ცხოვრობს– ნიუ იორკში, თეერანში, თბილისში.. პარიზში ჩემი უბნელია –– მონმარტის ფეხებს ეძახიან ჩვენს უბანს. ახლა თბილისშია. თავდაცვის სამინისტროსათვის ქართული არმიის შესახებ ფოტო რეპორტაჟს ამზადებს და ამიტომ ხან ავღანისტანშია და ხან ლაგოდეხში. ვუთხარი, რომ 1978 წელს საწყალმა დედაჩემმა პროცენტიანი ვალი აიღო, 5 ათასი მანეთი და ამ გაიძვერა სამხედრო კომისრებს გადაუხადა ჯარში რომ არ გავეშვი, ეხლა შენ როგორ გამოგყვები მეთქი? .. სინამდვილეში გული დამწყდა, დღეს იმედი მაქვს ჩემს ძმას ვნახავ, რომელიც სამ წელიწადზე მეტია არ მინახავს, დილით მოსკოვიდან ჩამოვიდა რაღაც საქმეებზე. .ამიტომაც არ გავყევი თომასს ჯარში.
5 საათამდე სახლში ვიყავი. მთელ თბილისს საღამომდე ეძინა . გუშინ საქართველო ლიტონიობას ზეიმობდა დილამდე. დღეს აღდგომაა. ყველას ძინავს. ძალიან უცნაურია.
საერთოდ თბილისში ისედაც ძალიან ბევრი ძინავთ. 10–11 საათამდე ვერავის დაურეკავ. საღამოს ჩემმა ბიძაშვილმა გოჩამ გამომიარა და ჩემს ძმასთან ერთად მამის საფლავზე ვიყავით . უკვე გვიანი იყო, ძლიერი ქარი ქროდა, ჩვენ ერთი ბოთლი წითელი საფერავი პატარა პასკა და სამი ცალი კვერცხი გვქონდა. კიდევ ერთი ხაჭაპური. სანთელი ვერ დავანთეთ ქარის გამო. ღვინო მოვსვით , უფრო მეტი საფლავზე დავღვარეთ. ციოდა, დიდხანს არ გავჩერებულვართ, მალე წამოვედით. მამაჩემი 8 წელი გულაგში ნამყოფი კაცი იყო. მომეჩვენა, რომ სწორედ ასეთი ცივი და ქარიანი უკაცრიელი სასაფლაო უხდებოდა მის აღდგომას.
მერე გუდვილში შევიარეთ. პირველად ვნახე ჰიპერმარკეტი საქართველოში. ტკბილეული და კონიაკი ვიყიდეთ და ჩვენს დეიდაშვილს ვესტუმრეთ ვარანცოვზე. ძალიან სევდიანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. გუდვილიც კი.
8 საათზე რადიკალურად განსხვავებულ გარემოში მოვხვდით – ვაკის პარკში, უზარმაზარ რესტორანში, რომლის ერთ ერთი თანამფლობელი ჩემი უახლოესი მეგობარია, გრძელ სუფრას თავიდან ხუთნი ვუჯექით–დარბაზში რამოდენიმე, სულ ცოტა 20 კაციანი დიდი სუფრა იყო გაშლილი, . მომღერალი ქართულ და რუსულ საესტრადო სიმღერებს მღეროდა. ხალხი უზომოდ ბედნიერი იყო. განსაკუთრებიტ კატიუშაზე იხალისეს. მერე კოტე, ნანა, დათო და კუკა მოვიდნენ. კოტე თავიდან ტრადიციულად ცოტა იღრინებოდა, მგონი რესტორნის საბჭოთა ატმოსფერომ გააღიზიანა. ბოლოს საბედნიეროდ ხასიათზე მოვიდა, თორემ გაბრაზებული ყუბანეიშვილი სუფრაზე არც ისე სასიამოვნოა. ჩემი ძმა საერთოდ გაგიჟდა როდესაც კატიუშაზე ნახევარმა დარბაზმა სტვენა და ბუქნაობა დაიწყო. ისიც კაგი ბრაზიანი ვინმეა. მერე ვიღაც ახალგაზრდებმა აჭარული იცეკვეს ძალიან ლამაზად და დიდხანს. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. რომ წამოვედით გვერდითა 20 კაციან სუფრაზე, – რაღაც ნიუორლეანული რელიგიური ბლუზივის მსგავსის დადგმას შეეცადნენ– თმადის სამ შეძახილს : ქრისტე აღსდგა! დანარჩენი ოცი გაბრაზებული მამაკაცის გუნდური სამჯერადი ღრიალი მოსდევდა : ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! მერე ვიღაც ყვიროდა არ ვრგა!!! და ამას თამადის კიდევ უფრო ომახიანი ქრისტე აღსდგა მოსდევდა შესაბამისი მთვრალი ჭეშმარიტებით.
არტისტული ბუნება რომ გვქონდა ქართველებს ვიცოდი, მხოლოდ დღეს შევამჩნიე პირველად მასში ბლიუზისა და ჯოსპერის ელემენტები. ღმერთო, გვიშველე! ამენ და ა.შ...
ორშაბათი 5 აპრილი.
დღეს გოჩას დაბადების დღეა, ჩემი ბიძაშვილის და მეგობრის. თავი მოიკლა დაბადების დღე არ გამაგონოთ, მკვდრების დღეა არისო, არა და აქამდე მთელი კვირა მიმტკიცებდა, პატრიარქმა გამოაცხადა ორშაბათი სულაც არ არის სასაფლაოზე გასვლის დღეო.მგონი უბრალოდ პახმელიაზეა და მატყუებს, გუშინ თავის კარდეოლოგთან უქეიფია, რომელმაც ორი წლის წინ ინფარქტიანი გოჩა სიკვდილს კლამჭებიდან გამოსტაცა, როგორც ჩანს ორივეს ისე გაუხარდა ეს ამბავი, რომ მას შემდეგ სულ ერთად აღნიშნავენ.
ისე ჩემი პარიზელი კარდეოლოგი, პოლონური წარმოშობის დოქტორ ზელასკოც კარგი ლოთი ჩანს. ერთხელ მოსკოვში მივდიოდი რაღაც დოკუმენტალური ფილმის მასალებისათვის, და მითხრა, მართალია ხიზილალაში ბევრი ჰოლესტერინია, მაგრამ კარგი რუსული, მითუმეტეს პოლონური არაყი მშვენივრად ანეიტრალებსო< მოკლედ ჩამოვუტანე,ერთი უნდა შევთავაზო, იქნებ იმასაც ესიამოვნოს ჩემთან ერთად ორი სამო ჭიქის გადახუხვა.
მერე ჩემმა ძმამ გამომიარა და ბეგებში ავედით ჩემსმეგობართან,მას ძალიან ლამაზი სახლი და კიდევ უფრო ლამაზი არისტოკრატი კატა ყავს, რომელიც წელიწად ნახევარი ძუ ეგონა და სულ ეხლახანს, აღმოაჩინა რომ ხვადია, ისიც ვეტერინარმა უთხრა, ძალიან გახარებულია, აქამდე ისე ნერვიულობდა როგორც ლამაზი ქალიშვილის მამა – ვინმე უჯიშო კატისგან კნუტები არ დამიყაროსო. ეხლა ცოტა დაბნეული კია, აქამდე სულ ჩემ ლამაზი გოგოთი მოიხსენიებდა, ეხლა ბიჭოს ეჩვევა,,,მართლა ძალიან ლამაზი კატაა.
იქიდან ექვს საათზე რადიო თავისუფლებაში მივედი. პირდაპირ ეთერში ათწუთიან ინტერვიუზე ია ანთაძისთან. მსმენელისა და ბლოგერების კითხვებს ვუპასუხე ძალიან მოკლედ. ვრცლად პასუხის გაცემა ხვალ მომიწევს ინტერაქტიული ინტერვიუს დროს. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო როდესაც შევიტყე რომ კონკურსის მიხედვით ამირჩიეს ინერაქტიული რესპოდენტად.
სამშაბათი 6 აპრილი
მთელი დღე უსაქმოდ გავატარე, შუადღეზე სალომემ გამომიარა, ჩემმა პარიზელმა მეგობარმა,რომელიც დროებით სამშობლოს დაუბრუნდა. ტერასაზე ვიჯექით, ყავას ვსავდით და მზეს ვეფიცხებოდით. ულამაზესი ხედია ჩემი პანორამული ტერასიდან – მთელი თბილისი ჩანს. ძალიან ლამაზ ბინაში ვცხოვრობ, ზუსტად კონსერვატორიის გვერდით . დღისით განსაკუთრებით სხვადასხვა ფერის სახურევების ყურება მიყვარს. საერთოდ, ქალაქს, სადაც სახლების სახურავები არ ჩანს ქალაქად არ ვთვლი. ისინი ჩემთვის მხოლოდ დასახლებული პუნქტებია. მე ყოველთვის ლამაზ სახურავებიან ქალაქებში ვცხოვრობდი – თბილისში და მერე პარიზში.
ეს ავთო გიგინეიშვილის ბინაა. ჩემი მეგობრის, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, თავის შვილთან სანდროსთან ერთად. ავთოს შვილის გარდა ორი დიდი სიყვარული ჰქონდა ფრენკ ზაპა და ძალიან ლამაზი ლანა.მეუღლე. ორივე გარდაიცვალა... ლანას სიკვდილი ჩემთვის საშინელი უსამართლობა იყო, ბუნების უსინდისობა – იშვიათად. ან თითქმის არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი წყვილი, რომლებსაც ამდენი წელი ასე უყვარდათ ერთმანეთი...
ბინა დიდი, თეთრი და ძალიან ნათელია, ავეჯი თითქმის არ არის. მხოლოდ ერთი დივანი და ერთი სავარძელია –უზარმაზარ თეთრ სალონში ერთ ერთ საძინებელში კი ჩემი საწოლი. ძალიან მიყვარს აქ ყოფნა,აქ 2006 წელს ვცხოვრობდი, ჩემს თანაავტორთან და ოპერატორთან ერთად, როდესაც არტესათვის დოკუმენტალური ფილმის გადასაღებად ჩამოვედი ორი კვირით.
ერთად ერთი რაც სტრესულ მდგომარეობაში მგდებს მთაწმინდის სატელევიზიო ანძაა, რომელიც ფაქტიურად თავზე მადგას. ასე მგონია რომ ანძა ღამღამობით გიჟდება და ხტუნვას იწყბს. მსგავსი ატრაქციონი დისნეილენდშიც არ მინახავს. საინტერესოა ამ განათების ავტორს სახლში მკურნალობენ თუ ფსიქიატრიულში?
მერე პურპურში წავედით მე და სალომე, ყავა დავლიეთ. ძალიან ლა,აზია ყველაფერი. . გუგა მართლა ზალიან ნიჭიერია, ისევე როგორც ყველა კოტეტიშვილი.ჩემი წიგნის პრეზენტაცია აქ გაიმართება შაბათ საღამოს.
ამაღამ კი 9 დან დილის 3 საათამდე რადიო თავისუფლების მსმენელების კითხვებს ვპასუხობდი. თან ჩემი ძმის წარმოების წითელ ზალიან გემრიელ ღვინოს ვწრუპავდი. იმედი მაქვს შეკითხვების ავტორები არ ნანობენ რომ ღამე ჩემი გულისათვის გატეხეს.
ოთხშაბათი.7 აპრილი
დღეს დილიდან ვცდილობ ჩემი წიგნის პრეზენტაციას რეკლამა გავუკეთო. მისამართი შემეშალა, ჩემს აქ არ ყოფნაში ხლებნი პლოშადი ჯერ პურის მოედანი გამხდარა, მერე კი გუდიაშვილის.
რა აწყობილი ქალაქი დავუტოვე, და რა ქნეს – ვეღარაფერს ვერ ვპოულობ. გასულ კვირაში გოგი გვახარიას წითელ ზონის ჩაწერისას მთლად უცენზურო სიტყა – ლენინის მოედანი ვიხმარე, რომელსაც ბებიაჩემი სიკვდილამდე ერევნის მოედანს ეძახდა. გოგიმ არ შეიმჩნია და დელიკატურად შემისწორა – თავისუფლების მოედანიო. ბავშვობიდან ასეთი წესიერი იყო, არასოდეს არ იგინებოდა. პირველი კლასიდან ვიცნობ. 23–ე სკოლის მთელი “ფაკინგ“ ბავშვობა ერთდ გვაქვს გატარებული. ყოველთვის მინდოდა მისი მეგობარი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც სულ ქუჩის ბიჭებთან მიწევდა ძმაკაცობა. ისევ ისეთი მაწანწალა დავრჩი, ეხლაც, თბილისში პარიზიდან შატალოზე გამოპარული მგონია თავი.
მთელი დღე ვწერდი. საღამოს სრულიად შემთხვევით ევროპული სახლის პრეზენტაციაზე ამოვყავი თავი ნელის წყალობით. რომელმაც თითქოს კაფეს გახსნაზე დამპატიჟა. . აქ კი, ქალაქის საკრებულოს გვერდით თავისუფალი ერევნის–ლენინის მოედანზე იმდენი გაბრაზებული დაკუნთული ბოდიგარდი დამხვდა, რომ გული კინაღამ გამისკდა,თუმცა ვისი ბოდის" სადარაჯოდ" იყვნენ მოსულები თავიდან ვერ მივხვდი.
კაფე ევროპული სახლის პირველ სართულზე ყოფილა. ძლივს შევაღწიეთ, უამრავი ოფიციალური პირი იყო. და კიდევ მხატვრები, რომელიც გასულ წელს ნანტში თბილისის ''ანდერგრაუნდს" წარმოადგენდნენ. რამოდენიმე ნაცნობი შემხვდა, ყველა, ოფიციალური პირიც და სრულიად საქართველოს ანდერგრაუნდიც საქართველოს პრეზიდენტს ელოდა. რომელიც სულ მალე თავისი საფირმო ღიმილით შემოვიდა ნატო ყანჩელთან ერთად და მეორე სართულზე ავიდა, ისე მეც ნატომ შემომიყვანა და სააკაშვილიც. ნატო ჩემი ძველი მეგობარია. რა მაგარი ქალაქია თბილისი.,, თთსაერთო მეგობარს პრეზიდენტთანაც კი გამონახავ, საფრანგეთში ამას ვინ მაღირსებს,
მერე ქეთათო ვნახე, ირაკლი ჩარკვიანის ცოლი. ძალიან გამეხარდა. მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან სასიამოვნო გოგოა. ბართან შევრჩით კარგახანს, ღვინის ჭიქებით ხელში. მეფეზე ლაპარაკში პრეზიდენტი ისე გაგვეპარა, ვერც კი გავიგეთ.
ხუთშაბათი 8 აპრილი
დღეს დილით ძალიან ორიგინალური საუზმე მქონდა.კახეთში, ჩემმა ძმამ ახაშენში წამიყვანა საკუთარი ვენახების სანახავად. დილას ვერ მოვასწარი მესაუზმა და გზაში ცოტა უხასიათოდ ვიყავი. კაჭრეთის შესასვლელთან ცხელი დედას პურის და ყველის საყიდლედ შევჩერდთ. ცხელი პურის სუნს ვერ გავუძელით და სანამ თონის პატრონი გოგია გუდის ყველს წონიდა, ჩვენ ორი პური შემოგვეჭამა . ასე როგორ შეიძლება, ჩემს სახლთან პურს უღვინოდ ჭამთ, ერთ ლიტრა ღვინის მაინც გამოვიტანო, გვითხრა გოგიამ, პასუხს არც დაელოდა ისე გაუჩინარდა ეზოს ჭიშკარში. უკან ფანტას ლიტრანახევრიანი ბოთლით დაბრუნდა, რომელშიც ქარვისფერი ღვინო ესხა, მეორე ჭიქის შემდეგ გოგიამ მითხრა, რომ მისმა ქალისვილმა სილამაზის კონკურსი მაიგო. სად მეთქი ვკითხე, აღარ მახსოვს კარგად, მგონი ჩუღურეთის რაიონშიო, მესამე ჭიქით “მის ჩუღურეთის“ თამადობით ჩვენი შვილები ვადღეგრძელეთ და გოგიას დავემშვიდობეთ,ყველის ფულის აღებისას ძალიან უხერხულად იშმუშნებოდა. აი ასეთი პეტი დეჟანე, ანუ საუზმე მქონდა დღეს დილით..
მერე ჩემი ძმის ვენახებში ვიყავით, ულამაზეს ფერდობზე რომელიც ალაზნის ველს და მის ბოლოში კავკასიონს გადაჰყურებს, სამოთხე ალბათ ასეთი იყო, ევას მატრაკვეცობამდე.
პარასკევი 9 აპრილი
დღეს დილით წიგნის ტირაჟის ნახევარი ვნახე,ყდაზე ფერები არევიათ – იმედი მაქვს ტირაჟის მეორე ნახევარს მაინც გამოასწორებენ. ლუკა გაგიჟდება. უზამაზარი და ძალიან შთქმბეჭდავი ტილოს რეპროდუქციაა ყდაზე , რომელსაც "ფსიქოდელიური ველი ქვია''. ნიუიორკშია დახატულიც, გამოფენილიც. ყდა ლუკა ლასარეიშვილმა გამიკეთა, ეხლა კი ფერშეცვლილ ნახატიანი წიგნი უნდა გავუგზავნო ნიუ იორკში.. ისე მართლა რაღაც ფსიქოდელიური წიგნი გამოვიდა – ფერებს თავისით იცვლის, თითქოს ლსდ გარეული საღებავებით იყოს დაბეჭდილი.
საღამოს ცხელი შოკოლადიდან და ტვ იმედიდან იყვნენ მოსულები. ბევრი ფოტო და ვიდეო გადამიღეს.
შაბათი. 10 აპრილი.
რა პრეტენზიული სიტყვაა პრეზენტაცია. საკუთარი წიგნისაც კი.დილიდან ვფიქრობდი,რომ კარგი იქნებოდა უკვე ხვალ რომ ყოფილიყო. დღეს საღამოს ჩემი წიგნი უნდა წარვუდგინე მათ, ვისთვისაც მთელი წელი ვწერდი , ყოველ ღამე, მარტო ჩემს ოთახში. ისინი თითქოს აბსტრაქტულნი იყვნენ, დღეს კი რეალურები გახდნენ. მიუხედავად ჩემი სისასტიკის ზღვარზე დაწერილი წერილებისა, ერთი საყვედურიც არავის უთქვამს. არავის მოუწერია.
ერთად ერთი, რაც მათთვის, სათქმელი დამრჩა,რაც წიგნში არ შევიდა და რასაც დღეს საღამოს მინდოდა მათთვის მეთქვა– ამისათვის მადლობა იყო ... მაგრამ მგონი დამავიწყდა.
პურპურის ძველი შენობა ჭრიალებდა – ვერასოდეს ვიფიქრებდი. რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა. დავიბენი და უხერხულად ვირძენი თავი.
საღამო კოტე ყუბანეიშვილმა გახსნა, მისთვის ჩვეული ექსტრავაგანტურობით. შემდეგ ია ანთაძემ გააგრძელა ასევე მისთვის ჩვეული აკადემიური სტილით. ბოლოს მე დავამთავრე, ჩემთვის უჩვეულო. ყველანაირ სტილს მოკლებული რაღაც სულელური მანერულობით. თუმცა რა ვილაპარაკე კარგად არ მახსოვს. ხალხი თანაგრძნობითა და სინანულით მიყურებდა. აშკარად უფრო ჭკვიანი ვეგონე ყველას.კიდევ კარგი – საუკეთესო ადგილებზე ახლობლები იყვნენ გამაგრეულნი. თბილისელი უცნობი წიგნის მოყვარულები ფიზიკურად ვერ მოხვდნენ საპრეზენტაციო დარბაზში, გვერდით ოთახში ღვინოს წრუპავდნენ და არ ესმოდათ ჩემი ბურტყუნი. პრეზენტაციის ფინალური ნაწილი ნანა მაჭავარიანმა გადაარჩინა– სწორედ იმ დროს. როცა აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მკითხა, ფრანგულადაც თუ ვაპირებდი ამ წიგნის გამოცემას. ამით საშუალება მომცა კიდევ ათი წუთი მელაპარაკა.. მოკლედ, ფაქტია, წერის დროს გაცილებით კონფორტაბელურად ვგრძნობ თავს ვიდრე თუნდაც ასეთი ძალიან თავაზიანი და მიმტევებელი აუდიტორიის წინაშე.
ყველამ მითხრა რომ შესანიშნავი პრეზენტაცია იყო. ძალიან მინდა დავიჯერო. მგონი უკვე მჯერა კიდეც,
ვიდეო ვერსია
პაატა ქურდაძე
თბილისი 10 აპრილი 2010