29 juillet 2010

ძაღლის გაზაფხული

ცხელი შოკოლადი მაისი 2010 №60


ოპერის წინ. ივნისი 2010 Photo PK

''გასაოცარი რამ არის უსამართლოდ განაწყენებული კაცის ზურგი, რომელიც სამუდამოდ გცილდება. მასში რაღაც ადამიანური უძლურებაა, რაღაც საცოდავი სისუსტე, რომელიც შებრალებას გთხოვს, თავისკენ გექაჩება. ადამიანის ზურგში, რომელიც გშორდება, არის რაღაც, რაც იმ უსამართლობებსა და წყენებს გახსენებს, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ საჭიროა ლაპარაკი, კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდა. და ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი, რადგან ადამიანი სამუდამოდ მიდის, და თავის შესახებ ტოვებს ბევრ ტკივილს , რომელიც დიდხანს გაგტანჯავს, და შესაძლოა სიბერეში ძილის საშუალებაც არ მოგცეს...''
"რომანი კოკაინით". მიხეილ აგეევი.

მეტრო თავისუფლების წინ, მოედანზე ტროტუართან, მანქანების სავალ ნაწილზე ჭუჭყიანი, ძალიან გამხდარი წითური ძაღლი იწვა ზურგზე და მზეს ეფიცხებოდა. ოთხივე თათი მაქსიმალურად ჰქონდა გაფარჩხული. თვალებ -დახუჭული თითქოს იღიმებოდა .
8 აპრილი იყო. პირველი მცხუნვარე მზიანი, ნამდვილი გაზაფხულის დღე.

თბილისელების ნაცრისფერი უნდობლობა მზისა და გაზაფხულის მიმართ ისევ ისეთი დარჩენილა , როგორც ოცი წლის წინ - ჩემს უკანასკნელ თბილისურ გაზაფხულზე – პირველი იასამნების გაფურჩქვნამდე ყველა თბილად შეფუთულები  დადიან და ოფლად იღვრებიან. თითქოს ყოველ წამს თოვლის წამოსვლას, ქარბუქს, წყალდიდობას და ათას სხვა სტიქიურ უბედურებას ელოდებიან. მზის პირველ გამოჩენას ირონიულად აღიქვამენ. გამუდმებით ნესესხებზე და სუფსარქისზე საუბრობენ. განწყობაც შესაბამისად ცივია, კაფეების ტერასები ისევ ცარიელია, პარკებშიც საჩუქარივით მოვლენილ მზეს არავინ ეფიცხება, არც შეყვარებულბი,  არც მოხუცები... ეს უკანასკნელნი საერთოდ არანაირ ამინდში არ ჩანან, თითქოს სადღაც გაქრნენ, ან ყველანი ერთად გარდაიცვალნენ. ახალი თაობის მოხუცები კი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან... ან იქნებ ისევე, როგორც თბილისელ ინვალიდებს გამხეცებული ავტომობილების მძღოლების ეშინიათ და ქუჩაში ვერ გამოდიან. ძალიან სევდიანი შესახედია ქალაქი, სადაც გაზაფხულზე მოხუცები მზეს არ ეფიცხებიან.

ჭუჭყიანი ტროტუარის წინ მზეს მიფიცხებული მაწანწალა ძაღლი, გულწრფელად გეტყვით, ერთად ერთი ბედნიერი არსება იყო, რომელიც ამ ადრიან გაზაფხულს ჩამოსვლის დღიდან ორი კვირის განავლობაში ვნახე თბილისში. ეტყობოდა, საკუთარი ბედნიერება მთლიანად გააზრებული ჰქონდა, მის ყოველ წამს, ყოველ მილიმეტრს აფასებდა, უფრთხილდებოდა: ტროტუარსა და მანქანების სავალი ნაწილს შორის ერთი ციცქნა "მკვდარი მონაკვეთი" ჰქონდა არჩეული, რომ ხელი არავისთვის შეეშალა, ფეხებში ან ბორბლებში არ წამოდებოდა ვინმეს – მანქანებს, გამვლელებს ან ყვითელ ჟილეტიან "სტაიანშიკებს", იწვა თავისთვის, ბედნიერი მხოლოდ იმით, რომ კიდევ ერთ ცივ და მშიერ ზამთარს ცოცხალი გადაურჩა. თვალებდახუჭული თავისებურად, ძაღლურად უღიმოდა მზეს მადლიერი.

რაღაც სულელური ტურისტული ინსტიქტის გავლენით ჯიბეებში პატარა ფოტოაპარატის ძებნა დავიწყე. ძლივს მივაგენი. ამასობაში სამი უსაქმური მუწუკებიანი ახალგაზრდა მოგვიახლოვდა მზესუმზირის ფურთხებით. ჩემს მზერას თვალი კინო კამერასავით გააყოლეს ბედნიერი ძაღლამდე... ერთერთი მათგანი, უფრო გაბედული – რუსთაველზე მოხეტიალე სოფლის ბირჟის წითური კლოუნი – ძმაკაცებს გამოეყო და ძაღლისაკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.
მივხვდი, რაღაც სისაძაგლეს ჩაიდენდა, მაგრამ დავიბენი, ხმის ამოღება ვერ მოვასწარი.

რიჟამ ჭუჭყიან ასფალტს ფეხი დაჰკრა და რაღაცნაირად ტეტიურად დაუცაცხანა ძაღლს, დაახლოვებით ასეთ სტილში – რას წამოწოლილხარ აქა, შენი დედა კი... ძაღლი ზანტად წამოდგა და აუჩქარებლად კოჭლობით დაუყვა დიდი პოეტის გამზირს ტროტუარის გასწვრივ– უკანა მარჯვენა ფეხი უფუნქციოდ ჰქონდა ჩამოკონწიალებული. დაახლოვებით ხუთი მეტრის გავლის სემდეგ წამით შეჩერდა, უკან მოიხედა, გულგრილად შეხედა ბირჟავიკებს. მხრები რომ ჰქონოდა ალბათ აიჩეჩავდა.

რიჟამ კმაყოფილი სახით შემომხედა, ალბათ თანამოაზრის ღიმილს ელოდა ჩემგან. თავისი ბრიყვი მეგობრების ხითხითი ეტყობა საკმარისად არ ჩათვალა და საერთაშორისო აღიარება მოინდომა – მე აშკარად ფოტოაპარატიანი უცხოელი ვეგონე.

– რას ერჩოდი? ვკითხე–რამე დაგიშავა? – ჩემი ქართულის გაგონებაზე, ამჯერად, უკვე გაკვირვებული იდიოტვით შემომხედა. მერე თავის უშნო ძმაკაცებთან ერთად მორიგი თავგადასავლების საძებნელად ქაშუეთისაკენ გასწია.

-ნუ გიკვირს – მითხრა საღამოს ერთმა ნაცნობმა , მაგ ბიჭს მთელი ცხოვრება ზუსტად ასეთივე ცინიზმით ექცევიან, ასე აგდებენ თბილი ადგილებითან. სხვა მან არაფერი იცის.

მას შემდეგ კიდევ ერთი თვე გავიდა. გაგდებული კოჭლი ძაღლის ზურგი დროდადრო მახსენდება. თბილისში შეუძლებელია მისი დავიწყება, ისევე, როგორც ჩემი ნაცნობის აბსოლუტურად მართალი სიტყვები ქართული საყოფაცხოვრებო ცინიზმის შესახებ, რომელიც პრიმიტიულ დაუნდობლობასთან ერთად ჩვენი პროგრესირებადი დეფექტია და ასევე სწრაფად პროგრესირებად პროვინციალიზმთან შერევისას ნამდვილ სიძულვილის ბომბად ტრანსფორმირდება, რომელსაც გაფუჭებული მექანიზმი აქვს. არავინ იცის როდის აფეთქდება დენთის საწყობში - რომელიც საქართველოა, გაფუჭებული მექანიზმი კი- მისი კულტურა.

ეს მექანიზმი ბევრს დღემდე მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილის მიერ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის , საავტორო კინოსა და იტალიური ოპერის სიყვარული გონია. მეორე ნაწილს კი შოთა რუსთაველის, ვაჟას და რუსთაველის თეატრის. ქვეყნის კულტურული კატასტროფასთან სიახლოვე სწორედ იმ "საყოფაცხოვრებო ცინიზმში" ჩანს რომელიც მუქთად განაწყენებულ, ჩვენგან შებრუნებული ადამიანების ზურგებს ისე დასთამაშებს, როგორც ჩაბნელებულ კინო დარბაზში ეკრანის წინ გასასვლელისაკენ მიმავალ უკმაყოფილო მაყურებლის სხეულზე შემთხვევით გამოსახული რამოდენიმე დეგრადირებული კადრი.


ეროვნული ხედვის წერტილიდან, კულტურა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ესა თუ ის ხელოვნების დარგი ან მათი ერთობლიობა. ეს სულ ცოტა კოლექტიური ცხოვრების წესია და არა საზოგადოების გამორჩეულად ნიჭიერი წევრების მიერ უმისამართოდ სათრევი მძიმე უშნო ჯვარი გზაზე, რომელიც გოლგოთასკენაც კი არ მიდის, მსხვერპლშეწირვის პრიმიტიული პერფომანსის დასადგმელად.

დემოკრატია, რომლის დამყარებისკენაც ქართული პოლიტიკური ელიტა ასე თავგამოდებით მიილტვის ცეცხლითა და მახვილით, შეუძლებელია შესაბამისი კულტურული მხარდაჭერის გარეშე. კულტურა სხვა არაფერია, თუ არა პიროვნული ღირსება, დემოკრატია კი პიროვნული ღირსება აყვანილი ეროვნულ, შემდეგ კი სახელმწიფოებრივ ხარისხში.

განსხვავება კულტურებს შორის პიროვნული ღირსების გამოვლენის, ან არ გამოვლენის ფორმაში და ხარისხში ჩნდება. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ დეტალებია- - დიდი ხელოვნებაც კი: კალამს, ფუნჯს ან კინოკამერას ხელში პირველ რიგში პიროვნული ღირსების დასაცავად იღებენ, ისევე, როგორც უნიფორმიანი კაცუნები კალაშნიკოვს. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელთა როლი არც ისე პატარაა კულტურის განვითარებაში. თუმცა ჩემი აზრით ისინი ჩვენს სევდიან 21 საუკუნის გარიჟრაჟზე უფრო და უფრო პაროდიულად გამოიყურებიან თავიანთი გაპრიალებული თოფებით, ჩაფხუტებით და ყოვლად იდიოტური პატრიოტულ- გამამხნევებელი სიმღერა-შეძახილებით. განსაკუთრებით ისეთ პატარა და კულტურული კატასტროფის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ქრონიკულად მოწყენილი სამშობლოა , თავისი ტრაგიკული წარსულით, უიმედო აწმყოდ გადაქცეული ილიას მომავლით- რომელშიც ვცხოვრობთ, და ეროვნული პესიმისტური ოპტიმიზმით...
მიუხედავად ჩვენი ისტორიული ამბიციისა საქართველო დღეს თავის კულტურულ თვითგამორკვევის ეპოქას ცხოვრობს. პირველად ცდილობს გაერკვეს საკუთარ -რელიგიურ, გეოპოლიტიკურ, სექსუალურ და სხვა ორიენტაციებში. მხოლდ სამწუხაროდ ამას უმეთოდოდ, ფიქრისა და დისკუსიის იგნორირებით, მახვილით ხელში, ფაქტობრივად პირდაპირ კულტურული სამოქალაქო ომით აკეთებს და ნელ ნელა ყველაზე ფუნდამეტალისტ ერებს ემსგასება. ერებს სადაც კულტურაზე არ დაობენ, არ კამათობენ- პირდაპირ სჯიან, როზგავენ, ხელებს აჭრიან, სახრჩობელაზე კიდებენ. ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ ისე ახლოს- სულ ერთ ნაბიჯზე დასავლეთთან, ან აღმოსავლეთთან, როგორც დღეს – სწორედ იმ ერთად ერთ ნაბიჯზე, რომელსაც უკან ვეღარ გადმოდგამ - და ან დასავლეთში დარჩები, ან აღმოსავლეთში.

სინათლის გავრცელების სისწრაფე, პრინციპში, სიბნელის გავრცელების სისწრაფეს უდრის – ამის შემოწმება ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარ ოთახში, ნათურის ჩამრთველ ღილაკზე თითის დაჭერით. უფრო მარტივად კი ეს ირანის მაგალითზე ჩანს - თუ როგორ გადართო 1979 წელს აიათოლამ თითის ერთი მარტივი მოძრაობით სინათლიდან სიბნელეში მთელი ქვეყანა.

საქართველოში დღეს ნამდვილი კულტურული დაპირისპირება,თითქმის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. გასაკვირი თითქოს არაფერია – თუ გავითვალისწონებთ ჯერ 70 წლიანი წითელი კულტურულ, შემდეგ კი პოსტ საბჭოთა უკულტურობის დიქტატურას. ბოლო წლების იმპორტ– ექსპორტზე ორიენტირებულ კულტურულ დეკადანსს. უცხოელი არტისტების ქედმაღალ უბრალოებასა და გულმოწყალებას, მაათთან ასისტენტებად მომუშავე მათ ქართველ თანამოძმეების "შემოქმედებით'' ბოღმას, მლიქვნელობას, სულიერ კორუფციას.. ამ ომს თავისი "ბეიბი- ბუმები" ჰყავს, კულტურული ვიტამინების გარეშე გაზრდილი მთელი თაობა, აგრეთვე თავისი კულტურის უნიფორმიანი და მედლებიანი გმირები, ხეიბრები, ბანდიტები, ოპორტუნისტები და მეძავები...

Photo P.K.
აბანოთუბანი. სანაპირო. მაისი 2010

– როგორი გეჩვენებათ საქართველო 4 წლის შემდეგ? ამჩნევთ ცვლილებებს? მოგწონთ?... ეს არის კითხვები რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამენ თბილისში მას შემდეგ რაც ოთხწლის შემდეგ პირველად ჩამოვედი ორი თვით, ჩემი წიგნის - "ფსიქოდელიური ქრონიკა 2009" - ს გამოსაცემად. საშინელი კითხვაა... განსაკუთრებით, როდესაც თვალებში გიყურებენ პროკურორებივით. პრინციპში პასუხის გაცემა არც ისე ძნელია - ორი სიტყვა განათებულ ქუჩებზე უნდა თქვა, სამი გზებზე, ხუთი პოლიციაზე... მთავარია არ დაგცდეს, რომ "არა პურითა ერთითა (რომელიც ბევრს არა აქვს) ცხოვრობს ადამიანი"...

ამ დღეებში, ერთმა ჩემმა მეგობარმა –ქალბატონს, რომელმაც კითხვების ეს სერია დამაყარა. ჩემს მაგივრად უპასუხა, აუხსნა, რომ ჩემნაირ კაცს საერთოდ არ უნდა კითხო ასეთი რამ, რადგან მე საქართველოს განვიცდი და უფრო ღრმად ვიქექები ვიდრე საჭიროა. ჩემზე უკეთ ცვლილებებს ის უცხოელები ამჩნევენ, ვინც წარმოშობით ქართველები არ არიან... და ის აბსოლუტურად მართალი იყო. აბანოთუბნით, ახალი ხიდით და ასისტენტი ქართველების უბრალო და კეთილი გულით აღფრთოვანებული ფრანგების კულტურული "დესანტი" ამ დღეებშიც ჩამოიყვანა თბილისში "აირზენას" თვითმფრინავმა პარიზიდან. მას რამდენიმე პროფესიონალი და უამრავი მოყვარული ფოტოგრაფი, აგრეთვე უბრალოდ ხაჭაპურისა და ეგზოტიკური ქვეყნებში მოგზაურობის მოყვარული ფოტოგრაფიისაგან ძალიან შორს მდგარი ადამიანი ჩამოჰყვა. მათი აზრი ორგანიზატორებისაგან კარგად კადრირებული თბილისის შესახებ , რომელშიც კულტურული ცხოვრება "ჩქეფს" რა თქმა უნდა ბევრად უფრო სასიამოვნო მოსასმენია, ვიდრე ჩემისთანა ზესმეტად მგრძნობიარე "უცხოელისა".

ფოტოგრაფიის ფესტივალი "თბილისი Open Air Photo Fest-i -ი"მართლაც ძალიან საინტერესო იყო.

თბილისის "ინტურისტ" უბანში დიდ მონიტორებზე სხვადასხვა ფოტო სააგენტოები თავიანთ ფოტოგრაფების ნამუშევრებს წარმოადგენდნენ. შარდენის ქუჩაზე ერთი პატარა ეკრანი ქართველ ფოტოგრაფებსაც კი ჰქონდათ დათმობილი . გაიმართა დებატებიც . იქიდან გამოსულმა ფრანგმა ფოტო-ტურისტებმა ჩემთან საუბრისას სხვათაშორის აღნიშნეს, დებატებზე განსხვავებულია ზრის არ არსებობა. რაც პრინციპში არ გაკვირვებიათ არც მათ და არც მე.
მთლიანობაში ჩემი აზრით ფრანგმა სტუმრებმა შესანიშნავი უიკენდი გაატარეს თბილისში და პარიზს ჩურჩხელებით და ხევსურული ქუდებით დასაჩუქრებულნი დაუბრუნდნენ. ეხლა ალბათ საზაფხულო არდადეგებისათვის ემზადებიან, სადაც საღამოობით აპერიტივზე, ცივი ვარდისფერი ღვინით ხელში სიამოვნებით მოუყვებიან ახალგაცნობილ "საზაფხულო" ამხანაგებს თუ როგორ გაატარეს შარმიანი უიკენდი ერთი ძალიან სტუმართმოყვარე, მაგრამ რუსებისაგან გაწამებულ ქვეყანაში.

უცხოელი ტურისტებითა და მათი მასპინძლებით გადავსებულ კაფეების ტერასებს შორის მოსეირნე თბილისელები ცნობისმოყვარედ ადევნებდნენ თვალს მონიტორებს, უფრო მეტი ინტერესით კი თავად ტერასებს. ძალიან შთამბეჭდავი იყო კონტექსტის თვალსაზრისით-გუდიაშვილის ბაღში ნაჩვენები ტრანსსექსუალის ფოტო ისტორია, რომელიც მთელი ღამე ტრიალებდა. საოცარია, რომ ფილმი ქართველ ენთუზიასტ–ინკვიზიტორთა მხედველობის არეში არ მოხვდა და გუდიაშვილის მოედნის ნაზი ფოტო– ნოქტიურნი მართლმადიდებელ მორალისტთა მუშტმოღერებულმა "მამაო ჩვენომ" არ დაარღვია...

ფესტივალის გეოგრაფია "ინტურისტ უბნით" შემოიფარგლა. დასაწყისისათვის ესეც კარგია. თუმცა ჩემი აზრით იგივე დიაპორამის გაშვება გლდანისა და ვაზისუბნის უშნო კორპუსების კედლებს გაცილებით უფრო მოუხდებოდა - ისევე, როგორც შუშით გადახურული საცალფეხო ხიდი რომელიმე გარეუბანს , ან ქართულ უსახურ პროვინციას.

ჩემს ბავშვობის დროინდელ წარმოსახვას, თბილისი რატომღაც მხოლოდ მთაწმინდის ფერდობით შემორჩა, რომელიც ხანდახან ლაღიძის "თბილისოს" პლასტმასის შიშინით ამომიტივტივდება ხოლმე დაღლილ მეხსიერებაში - ანძით, დიდი რესტორნით, საბაგირო გზით, ტრამვაით... აგრეთვე ყველაფერი დანარჩენით- ჩემს ვირტუალურ "საფოსტო ბარათში" ქართლის დედა- მამა დავითის გვერდით დგას, იქვეა ინდიელივით ხელაწეული ვახტანგ გორგასალი, მეტეხი, ნარიყალა, ფილარმონია მუზა, დინამოს სტადიონი, ურიკიანი ნაყინის გამყიდველი და სასტუმრო ივერია თავისი სახინკლით... დღევანდელი ბავშვების ობიექტივში კი, გაჭედილ კადრად რა თქმა უნდა აბანოთ უბანი დარჩება -ხაჩიძის "მიშა მაგარიას" ციფრული აკომპანიმენტით. ამ თბილისს , რომელიც შუშის ხიდთან იწყება და რესტორან "მასპინძელოსთან" მთავრდება მხოლოდ ისტერიული ტელე ანძა აკლია, რომელიც ღამღამობით დებილი უცხოპლანეტელი ბავშვივით ჭირვეულობს, ხტუნაობს და ათასნაირად აბრიალებს უთვალავ თვალს, თითქოს აპროტესტებს სადღაც მთის წვერზე მარტო რომ დატოვეს, და ნარიყალაზე გადატანას ითხოვს..


საზოგადოების ნაწილისაგან ფოტოგრაფიის ფესტივალი აღქმული იქნა როგორც ხელისუფლების "პიარ აქცია", ამიტომ გამოფენებზე და დებატებზე თითქმის არ ჩანდა თბილისელების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი. როგორც ჩანს ასეთი პოპ–მანიფესტაციაც კი ვერ აერთიანებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ანტაგონისტ მხარეებსა და საზოგადოებას, ეს ჩემი აზრით ბევრისმეტყველი ფაქტია.
თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ფოტომოყვარულთა ნადიმი იყო ღია ცის ქვეშ - აბანოთ-უბანში, "სამეფო" და "ჭრელ" აბანოებს შორის რამდენიმე რიგად ოსტატურად გაშლილ გრძელ სუფრას, რომელსაც ქართული კულტურის მფარველი ფრანგი სულიწმინდა თამადობდა, ფოტოხელოვნებისა და ქართული ექსტრავაგანტულ-ისტერიული მასპინძლობის თაყვანისმცემელთა დიდი არმია უსხდა - ვის არ შეხვდებოდით - ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, უცხოელ სტუმრებს- ძირითადად ფრანგებს, რომლებმაც აირზენას თვითმფრინავიდან ევროპის სახლში აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის გამოფენის გახსნის შემდეგ პირდაპირ ადგილობრივ წითელ ხალიჩიან გალა-პურმარილზე ამოყვეს თავი.

ზემოდან გაკაშკაშებული მეტეხი, ნარიყალა და მაგიური პრეზიდენტის სასახლე დაგვცქეროდა. ქვემოდან- მკვდარი აყროლებული მტკვრის სანაპიროდან და ალიევის სკვერიდან კი - ცნობისმოყვარე თბილისელები მწვადებით პირგამოტენილ ფოტომოყვარულებს და პოლიტ ვარსკვლავებს სინანულით უყურებდნენ.

ჩაქაფულის ჩამოტარებისას ავტომატიანი და რაციებიანი "პიტბულები" შემოვარდნენ, იქაურობა დაყნოსეს, დაათვალიერეს. მათ საქართველოს პრეზიდენტი მოჰყვა!

ფრანგი სტუმრები თვალებს არ უჯერებდნენ. ზოგიერთს პოლიფონიური სიმღერების შემდეგ შემოსული გაღიმებული სააკაშვილი ვარიეტეს მონაწილე გადაცმული მსახიობი ეგონა, მაგრამ როდესაც "პიტბულებმა" ფოტოფესტივალის მონაწილე პროფესიონალ ფოტოგრაფებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულება აუკრძალეს და გადაღებული ფოტოები წააშლევინეს - იძულებულნი გახდნენ დაეჯერებინათ - მართლაც საოცარი, ჯადოსნური საღამო იყო: წარმოიდგინეთ კომპანია "ერ ფრანსმა" მაისის ერთ თბილ უიკენდზე პარიზში რომ 250 ევროდ ჩაგიყვანოთ , ჩასვლისთანავე მარსის მინდვრებზე(ეიფელის კოშკთან) სამასკაციანი გასტრონომიული პურმარილი გაგიშალოთ, სუფრის წევრებად ფრანგული საზოგადოების ელიტა არ გაკმაროთ და პრეზიდენტი სარკოზიც კი გაახლოთ თავის ტოპ-ლედისთან ერთად...თუმცა გული ალბათ მაინც დაგწყდებათ თუ ფოტოფესტივალის ეგიდით ჩატარდებულ ასეთ ღირსშესანიშნავ "ღონისზიებაზე" ფოტოს არ გადაგაღებინენებენ. სხვანაირად თბილისში დაბრუნებულს ვინ დაგიჯერებთ, რომ ეს სურეალისტური ისტორია მართლაც გადაგხდათ...

ეს ჩვენი კულტურაა - აბანოში გაშლილი პურმარილი! ამას ვერავინ წაგვართმევს და "ნურც ნურვინ შეგვეცილება"... მით უმეტეს ფრანგები, რა იციან მათ სტუმართმოყვარეობის?

პრინციპში, დაახლოვებით ერთი თვის შემდეგ  აირზენას თვითმფრინავმა ქართველთა მთელი არმიაც ჩაიყვანა პარიზში, რომელიც პრეზდენტ სააკაშვილის სარკოზისთან ნახევარ საათიან შეხვედრას ოთხი დღე აღნიშნავდა კულტურული ღონისძიებებით "პიერ კარდენის ცენტრში'' და ცნობილ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში - "ტოკიოს სასახლეში". მართალია არავინ იცის რა დაუჯდა ეს კულტურულ-სტრატეგიული მანევრი საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ ფრანგებმა რომ მხოლოდ მოიგეს ეს ფაქტია, რადგან ზუსტად სამი დღის შემდეგ, 11 ივნისს პარიზის საგამოფენო დარბაზები იგივე "ტოკიოს სასახლის" ჩათვლით უკვე "პუტინის კულტურის სამსახურს" მიაქირავეს 6 მილიონ ევროდ, გამოფენისათვის "ისტორიის გაკვეთილები"(!!!) - რომელიც პარიზში რუსული სეზონის ფარლებში- რამოდენიმე დღით ადრე შანზელისეს დიდ სასახლეში ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა სარკოზისთან და ჟაკ შირაკთან ერთად გახსნა . ზუსტად ვერც რუსების ბიუჯეტზე ვიტყვი ვერაფერს. ყურმოკვრით კი ხსენებულ დიდ სასახლეში (Grand Palais) - ში გამართული გრანდიოზული მიღებისათვის გაკეთებული დეკორაცია რუსებს 16 მილიონი ევრო დაჯდათ - ეს ყველაფერი ორ ნაბიჯში ხდებოდა ალექსანდრეს მოოქროვილი ხიდიდან, რომელიც თავის დროზე რუსეთის და ჩვენმა ყოფილმა იმპერატორმა პარიზელებს აჩუქა... ასაშენებელი ფული- რა თქმა უნდა, თორემ რუსები რა ხიდის ამშენებლები იყვნენ, თანაც პარიზში , ყველამ კარგად ვიცით.

მეორე დღეს, 12 ივნისს პიერ კარდენის ცენტრი რუს მოდელიორებსა და მათ უთვალავ თაყვანისმცემელთა ინტერნაციონალურ პარიზულ "ტუსოვკას" დაუთმეს... უფასო ამ ქვეყნად, და განსაკუთრებით საფრანგეთში რომ არაფერია, ეს რუსებმაც კარგად იციან და ქართველებმაც. ფრაგებმა კი ყველაზე უკეთ - ისინი ყველა შემთხვევაში მოგებულები რჩებიან ხოლმე. კრიზისით გატანჯული კარდენის ცენტრი , დარწმუნებულნი მრძანდებოდეთ არც ოსურ-აფხაზურ სეპარატისტულ  «ფეშენ ვიკზე» იტყვის უარს თუ გადაიხდიან რა თქმა უნდა.  საერთოდ ქართულ-რუსული კონფლიქტის ეს ტურისტულ-სტილისტურ-კულინარული ფაზა ნებისმიერი გაგებით მადის აღმძვრელია ბუნებით გურმანი და ცნობისმოყვარე ფრანგებისათვის.

კულტურის ქართველი პოლიგრიმებისათვის , როგორც აღვნიშნე ფრანგული პურმარილი არავის გაუშლია მარსის მინდვრებზე. ამას არც არავინ ელოდა. ამიტომ მათ როგორც ყოველთვის საკუთარი სტრატეგიული დანიშნულების 'საველე სამზარეულო" აამოქმედეს და თავად ამოალაგეს თავიანთი ხაჭაპურები, დედლები და მწვადები...

“ტოკიოს სასახლეში ფოტოსააგენტო « მაგნუმის ფოტოგრაფების მიერ საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული ფოტო ალბომის პრეზენტაცია გამოფენა შედგა, კარდენის ცენტრში კი ქართული კინო და თეატრის მხატვრობის გამოფენა, ასევე ქართული კლასიკური კინოს რეტროსპექტივა, და გალა კონცერტი.

პრინციპში ეს დღეები შესანიშნავი დამადასტურებელია იმისა, რომ ქართული კულტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან ძირითადად ისევ სსრკს დროს შექმნილ კლასიკას ვუჩვენებთ( მაგნუმის ფოტოგრაფები ქართველები სამწუხაროდ არ არიან..), ეს არც არის გასაკვირი – საქართველოში კულტურა ფაქტიურად სასუნთქ აპარატზე მიერთებულ მომაკვდავ მოხუცი ავადმყოფის მდგომარეობაშია, რომელსაც გარშემო ახალგაზრდობაში გადაღებული ფოტოები აქვს შემოწყობილი განწყობის ასამაღლებლად. ყოველ შემთხვევაში მათ, ვინც ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ნებისმიერი რეჟიმისას გამართულ ქართულ კულტურის ფორუმებს ადევნებს თვალყურს (მაგალითად მე) - სწორედ ასეთი შთაბეჭდილება ექმნება.

საქართველოს კულტურის პოლიტიკა ისევ მტვრიანი ანტიკვარიატის ექსპორტზე, და თანამედროვე დასავლელი ხელოვანების იმპორტზეა მიმართული. ამიტომ ძალიან მალე საექსპორტო აღარაფერი გვექნება, რადგან ქართულ კულტურაში ისევე არ იქმნება ახალი პროდუქცია, როგორც მრეწველობაში. საექსპორტოდ მხოლოდ საველე სამზარეულო დაგვრჩება.. თუმცა არც ეს არის ურიგო, «სუფრა« ხომ ყველაზე მაგიური ქართული სიტყვა აღმოჩნდა. მე ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი აბანოთ უბანში უცხოელი ფოტო სააგენტოებისათვის ღია ცის ქვეშ გამართულ კულტურის ფარაონულ- გასტრონომიულ "აღორძინება – წახალისებისას". უნდა ვაღიარო, ეს ნამდვილად სრული სიახლე იყო ჩემთვის- მსგავსი რამ არც ვარდების რევოლუციამდე მინახავს, და არც (როგორც ოსტაპი იტყოდა) ისტორიულ მატერიალიზმის ეპოქაში. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ხაზი გავუსვა, რომ ქეიფის მხრივ საქართველოში ნამდვილად შეინიშნება დემოკრატიული ძვრები - გასულ წელის აღდგომის დღეს ოპოზიციამაც გაშალა პურმარილი კანცელარიასთან, რომელსაც კობა დავითაშვილი თამადობდა...მგონი უცნობიც აპირებდა რუსთაველზე რამოდენიმე კილომეტრიანი სუფრის გაშლას, სანამ საკუთარი ტელერეიტინგი მადისაღმძვრელი ოპტიმიზმის საშუალებას აძლევდა.

უფრო ადრე კი რიყეზე ''ინდაურის საცივის ტბა" და გოზინაყის მოედანი იყო ... როგორც ჩვენი ფრანგი ფოტომოყვარულები იტყოდნენ Bon appétit! ანუ ჩვენებურად - ღმერთო შეგვეწიე! ... და ჭკუა ჩვენი არსობისა მოგვეც ჩუენ დღეს, რამეთუ არა პურითა ერთითა... და ა.შ...

ამ ღირსშესანიშნავ კულტურულ მოვლენებამდე სულ რამოდენიმე დღით ადრე სრულიად საქართველო შეაძრწუნა "ანტიეროვნული" და "ანტიმართლმადიდებელი" ხელისუფლების გადაწყვეტილებამ- 6 მაისს გიორგობის დღისათვის პოლიციის პროფესიული დღესასწაული შეეთავსებინა. მცირე ინციდენტიც კი მოხდა სამოქალაქო და "რელიგიური წესრიგის" დამცველებს შორის.

ჩემი აზრით ამ ორი დღის ერთად აღნიშვნა ძალიან კარგი იდეა იყო, რადგან არაფერია ისეთი სიმბოლური დღეს საქართველოსათვის, როგორც ეკლესია და პოლიცია, მათი გადაჭარბებული, ფანატიკური თაყვანისცემა- მიუხედავად იმისა, რომ როცა გჭირდება, რეალურად არც ღმერთი გშველის რამეს და არც პოლიციელი.

პრინციპში ეს დღე აბსოლუტურად ასახავს ქართული საზოგადოების განწყობას - ერთნი თვლიან, რომ საქართველოს ხსნა პოლიციასა და მათ მინისტრშია, ხოლო მეორენი ეკლესიასა და პატრიარქში. როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს საკუთარი შეხედულებების თავისებური "კულტუროლოგიური" არქიტექტურა გააჩნია - ერთის მხრივ ტრადიციული, დიდი გუმბათებით და ტრაგიკული მოგონებებით დამძიმებული, მეორეს მხრივ კი მსუბუქი გამჭვირვალე პოლიციის შენობებით, მხიარული და რომანტიული "ბროლის ოცნებებით" გადახურული ხიდებით . სინამდვილეში, ყველაფერი ისე ჰარმონიულად არის დალაგებულ , რომ მართლაც გაგიჭირდებათ იპოვოთ "სხვა საქართველო", სხვა ქვეყაა, სადაც ასე იმსახურებდნენ ერთმანეთს ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია, სულიერი მამები, პოლიციელები და ბანდიტები. სადაც ადამიანის ფასის განსაზღვრაზე ჯერ არავის უფიქრია, რადგან ავტომობილების, მიწების, უშნო შენობებისა და ბრჭყვიალა ნივთების ფასების დადგენით არინ დაკავებულნი. ამიტომ ადამიანი ყველას ერთნაირად კიდია ფეხებზე პოლიტიკოსსაც, მღვდელსაც, ექიმსაც და ხელოვანსაც. მით უმეტეს თუ ეს ადამიანი ფოტომოყვარული ფრანგი ტურისტი კი არა გაზაფხულის პირველ მზეს მიფიცხებული ზამთარს შემთხვევით გადარჩენილი ადგილობრივი მაწანწალაა.

ჰუმანიზმის დეფიციტი საქართველოში იმდენად აშკარა და ბანალურია, რომ მას ნორმატიული სახე აქვს მიღებული. განსაკუთრებით ინტელეატუალებისთვის, რომლებსაც თითქოს ცრემლის, თანაგრძნობის ისე ეშინიათ, როგორც იმ პროვინციელების, რომლებმაც როგორც ამბობენ “შეჭამეს თბილისი«.

სამაგიეროდ "საყოფაცხოვრებო,"უპასუხო ცინიზმს ყოველ ნაბიჯზე უხვად ვხვდებით. საკუთარი თავის გაუფასურებას შეგუებული ადამიანები აღარაფერს აპროტესტებენ - ქუჩაში მათთვის გამოყოფილ ტროტუარებზე უზარმაზარი ჯიპები დაბობღავენ შავი ტარაკნებივით, თანაც იმ მერის ნებართვით, რომელიც ქალაქში გამოკრულ უზარმაზარ ბანერებზე მედიტაციური გამომეტყველებით აცხობს ლავაშს, არავის უჩნდება სურვილი კითხოს ამავე ქალაქის თავს სად უნდა გადაკვეთოს რუსთაველის ქუჩა ინვალიდმა ან მოხუცმა ადამიანმა თავისუფლების მოედნიდან უნივერიტეტამდე, სადაც არც ერთი შუქნიშანი და გადასასვლელი არ არის, გარდა ჯოჯოხეთური მიწისქვეშა ჯურღმულებისა. არავინ სვამს კითხვას, ვიწრო ქუჩების ვიწრო ტროტუარებზე რატომ უნდა იდგნენ უზარმაზარი მანქანები, როდესაც დედები პატარებს ეტლებით მანქანის სავალ ნაწილზე კამიკაძეებივით ასეირნებენ, რატომ არ მოსდის არც ერთ პოლიციელს აზრად ასეთი მძღოლი დააჯარიმოს, მაშინ, როდესაც რომელიმე სამთავრობო "ხაზეინის" ჩამოვლის წინ საპატრულო მანქანის რუპორიდან ისტერიულად და მოურიდებლად ღრიალებს ბოლო ხმაზე "ტოიოტა ორასი! სასწრაფოდ გაიყვანე მანქანა!!" ?… მართლაც, რამხელა განსხვავებაა პარიზში ექსპორტირებულ ვიპ კულტურასა და თბილისში – საწოლის ქვეშ ცოცხით შეხვეტილი ნაგავივით მიჩქმალულ ადგილობრივ «კულტურას« შორის, რომლის ფონზე თვით ლუვრში გამოკეტილი ჯოკონდაც კი აყროლდებოდა.

ფრანგ ფოტომოყვარულებს ერთი ჩემი მეგობარი მხატვარი და მწერალი, გელა პატიაშვილი ჩამოყვა ნიციდან, ქალაქიდან, რომელსაც ბატონი პრეზიდენტი ასე "ემტერება" ბოლო წლებში ბათუმში ყოფნისას- მონაკოსთან, დუბაისთან და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბარსელონასთან ერთად – რამოდენიმე დღის წინ “ადგილობრივმა გაუდიმ“ - ბატონმა ვარშალომიძემ უპატაკა კიდეც - ამ ქალაქებს უკვე გავუსწარით ბევრ რამეშიო...

აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი უკან ჩამოტოვებული ქალაქიდან ჩამოსულმა  გელამ, სწორედ იმ დღეებში მძიმედ ავადმყოფი დედა ლისის ტბაზე- ფასით მართლაც მონაკოს "დარ" ონკოლოგიურ საავადმყოფოში წაიყვანა ქიმიის პროცედურის ჩასატარებლად.  იქ ყველაფერი სურეალისტულს ბოდვას უფრო წააგავდა, ვიდრე მძიმე ავადმყოფის მკურნალობის პროცედურას - საავადმყოფოს თხუთმეტ თეთრიანი ლიფტის გამოსაძახებლად კარებზე მუშტების ბრახუნი, ცარიელ კორიდორში ოთახიდან ოთახში სკამის საშოვნელად სირბილი-  მძიმე პრეპარატებით ძალაგამოცლილი ქალისათვის,რომელიც თითქმის იატაკზე იკეცებოდა დრეფანში, სადაც არც ერთი ჩამოსაჯდომი არ არის...
ეს სახლიდან უკანასკნელი გასვლა იყო  გელას დედისათვის : ქალბატონი ლილი  გუშინწინ გარდაიცვალა.

მანამდე- დიაგნოზი მონაკოში დაუსვეს, მკურნალობის პირველი კურსიც იქ ჩაუტარდა... ვარშალომიძის წარმატებულ საქართველოში მხოლოდ იმიტომ დაბრუდა, რომ , თავისი ახლობლების გარემოცვაში გაეტარებინა ბოლო დღეები და ღირსეულად წასულიყო.
მისი ბოლო შთაბეჭდილება ლიფტის კარებზე მუშტების ბრახუნი და ექიმების მიერ მოწეული სიგარეტით გაბუღულ კორიდორში სკამის საშოვნელად მისი შვილის სასოწარკვეთილი სირბილი და მუდარა იყო. არა ვარ დარწმუნებული, რომ "მიმავალმა" გმირთა მოედნის  ახალი ესტაკადა, გმირების მემორიალი და ბანერებზე გამოსახული გაბადრული მეპურე-პოლიტიკოსები გაიყოლა ბოლო მოგონებად ქალაქიდან, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.


ცნობილია, ყოველი დღე ისე უნდა გაატარო, თითქოს ის შენთვის უკანასკნელი იყოს...შეიძლება! ... თუმცა მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ყოველი დღე ისე უნდა გაატარო, თითქოს ის იმ ადამიანებისათვის იყოს უკანასკნელი რომლებსაც ყოველ წუთს ხვდები, რადგან ყველაზე მძიმე სატარებელი ადამიანის ბოლო, უკანასკნელი მზერაა, რომელსაც თუ თბილი ღიმილისა და მზრუნველობის ნაცვლად რკინაბეტონისა და შუშის ცივი პეიზაჟი შეაგებე , მერე მთელ დარჩენილ ცხოვრებას ტანჯვაში გაატარებ... თუ რა თქმა უნდა ტანჯვის უნარი ჯერ კიდევ არ წაგართვეს ღმერთმა და იმ წმინდანებმა, რომლითაც იესოს მიერ იერუსალიმის ტაძრებდან გამოყრილი "ბიზმესნემები მონაკოზე უფრო მაგარ და თანამედროვე ქალაქ თბილისის ცენტრში- გენერალ ლესელიძის ქუჩაზე ასე წარმატებით ვაჭრობენ " .


18 ივნისი 2010
თბილისი-პარიზი