Une erreur est survenue dans ce gadget

5 avril 2014

..დაბადებული ღვინის ქვეყანაში!

2012 წელს რადიო ცხელი შოკოლადისთვის, მალხაზ ხარბედიას თხოვნით სამი აუდიო - ჩანაწერი  გავაკეთე მისი გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი".  მეტი ვეღარ შევძელი რადგან მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი. ახლა ნელნელა თავი მოვუყარე ამ ჩანაწერებს. ღვინის მოყვარულებს შეიძლება დააინტერესოთ.
 ეს სულ პირველი აუდიო ფაილია, რომელიც დაკაგული მეგონა და შემთხვევით ვიპოვნე დღეს -  " დაბადებული ღვინის ქვეყანაში"... დანარჩენებსაც ამ დღეებში დავდებ.





რადიო "ცხელი შოკოლადი" 
პაატა ქურდაძე
 18 სექტემბერი, 2012

ხშირად მიფიქრია, რომ ამ მხრივ მაინც გამიმართლა. ღვინის ქვეყანაში დავიბადე და მეორე ღვინის ქვეყანაში ვცხოვრობ... იმედი მაქვს არაყის ან ლუდის ქვეყანაში არ მოვკვდები,  იმიტომ არა, რომ არც ერთი არ მიყვარს.  ასე მგონია,  რომ ჩემთვის ღვინის ქვეყანაში სიკვდილი უფრო ადვილი იქნება, ისევე როგორც სიცოცხლე. რატომ მგონია არ ვიცი, კაცმა რომ თქვას ადვილი სიცოცხლე არსად მქონია, ალბათ იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ღვინის ქვეყნებში უფრო მეტი შანსი გაქვს  "წაღმა გეჩვენოს, ქვეყნის უკუღმა ტრიალი".
შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ღვინის მსმელ ერებს შორის არის რაღაც უხილავი მაგნიტიზმი, ღვინო კონვივიალურია, ის აერთიანებს, მძიმე ალკოჰოლი კი პირიქით, თიშავს, მარტოობისკენ გიბიძგებს, ჩემზე ყოველ შემთხვევაში ესე მოქმედებს. 
თუმცა იმისთვის, რომ ღვინის ქვეყანა გახდე, არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ვენახი გააშენო, ტექნოლოგიურად სრულყოფილი ქარხანა ააგო და მარკეტოლოგიური თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი, თუნდაც ძალიან კარგი ღვინო აწარმოო. ფრანგს, იტალიელს ან ქართველს ვერ ექნება ჩინელთან ეს უხილავი ტანინიანი ძაფები გაბმული, რომელიც ერთმანეთთან აქვთ. რადგან ჩინეთმა, სულ რომ გააკოტროს ფრანგული და იტალიური ღვინის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა რომ  მშვენიერი ღვინის გამოშვება ისწავლა, ღვინის ქვეყანა მაინც კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გახდება. რადგან ღვინის მწარმოებელსა და მეღვინეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც პურის მწარმოებელსა და მეპურეს შორის. მეპურეები კი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ესე ადვილად ამ წოდებას ვერ მიიღებ, საფრანგეთში, იმისათვის რომ პურის  მაღაზიას საფუნთუშე ანუ ბულანჟერი ერქვას, პატრონი იძულებულია არა მხოლოდ ადგილზე  გამოაცხოს, არამედ ცომიც აუცილებლად იქვე მოზილოს. მაგარი ხალხია, ყოველ დილას ხუთ საათზე იწყებენ  ცომის ზელას...  თუმცა ფრანგ ხაბაზებზე, ანუ ბულონჟერებზე სხვა დროს იყოს.
90–იანი წლების დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში გადმოვედი საცხოვრებლად, საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთთან აიგივებდნენ და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ძირითადად ყინვაზე, ვოდკაზე და  ქერა გოგოებზე მელაპარაკებოდნენ, თან ეშმაკურად მიპაჭუნებდნენ თვალს, უფრო კულტურულები კი ბალეტზე, ჩეხოვზე და ტროცკიზე... დაუღალავად ვუხსნიდი ყველაფერს გაოგრაფიიდან დაწყებული დამწერლობით დამთავრებულ, მაგრამ ავიწყდებოდათ და რამდენიმე დღეში, ამინდი ცოტათი გაფუჭდებოდა თუ არა, იგივეს მეკითხებოდნენ: "ჰა.. მუსიე, ეხლა თქვენთან მაგრად ყინავს არა? ვოდკა, ბანია და... ტანია ჰა?"  ხითხითებდნენ და მრავალმნიშვნელოვნად თვალებს მიპაჭუნებდნენ გაუთავებლად, სანამ ნერვებაშლილი თავიდან არ ვიწყებდი ჩემი ბოხჩაში გამოკრული საცოდავი ეროვნული ფასეულობების ამოლაგებას სათითაოდ...  "ა ბონ?" ამბობდნენ გაკვირვებულები, რაც ჩვენებურად დაახლოებით იგივეს ნიშნავს რაც "რას ამბობ, მართლა?" და მაშინვე სხვა თემაზე გადადიოდნენ, ძალიან მოხერხებულად.
მოგვიანებით დაკვირვებების შედეგად მივხვდი,  რომ ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებდნენ განსხვავებას ქართველსა და რუსს შორის, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ქართველები ღვინის მსმელი ხალხი ვართ, და ყველაზე კარგი ღვინო, ყველი და პური გვაქვს მეთქი. ამაზე სერიოზულ კითხვებს  მისვამდნენ, რომელზე პასუხი მაშინ არ მქონდა. რადგან ღვინო ჩემთვის მანამდე არასდროს ყოფილა კულტურის ნაწილი. ვიცოდი მხოლოდ რომ ეგრეთწოდებული უშაქრო ღვინო კარგი იყო, გაკეთებული, ანუ შაქრიანი კი-ცუდი. ვიცოდი, რომ ღვინოს დასათრობად სვავენ, რომ ის დღესასწაულის მთავარი  ატრიბუტია და არა გასტრონომიის ნაწილი, როგორც ეს ფრანგების შემთხვევაშია...
საკვირველი იყო:  მიუხედავად იმისა, რომ ნებიმიერი ფრანგიც ზუსტად იგივეს ფიქრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი პური, ყველი და ღვინო აქვს, არავინ შემკამათებია, პირიქით სახე უნათდებოდათ, თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი მთვრალი ობობა დაბოდიალობდა და რაღაც კეთილ ქსელს ქსოვდა ღიღინით.
მართლაც, კაცი, რომელსაც თავისი პური, ყველი და ღვინო საუკეთესო ჰგონია, არ შეიძლება ცუდი კაცი იყოს, დიდი–დიდი ერთი ორი ჭიქა ზედმეტი ჰქონდეს გადაკრული.
მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ იესომ შემთხვევით არ აირჩია ღვინო და პური საიდუმლო სერობის მისტერიის აღსასრულებლად: იესოც ღვინის მსმელი იყო და იცოდა, რომ სხვა არც ერთ სასმელს არ აქვს  ესეთი  კეთილშობილური, ბრძნული თვისება დაეხმაროს ადამიანებს დროდადრო ერთმანეთის ნაწილად იგრძნონ თავი, და ამასთან ინდივიდუალობა არ დაკარგონ.
ღვინის სიყვარულიც  სწორედ სიყვარულივით ინდივიდუალურია: თითქოს ყველა შეყვარებულის სიმპტომი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ  ვინც არ უნდა იყოს, სხვისი აღწერილი სიყვარული შენი განცდილის თანხვედრი და, მით უმეტეს, მასზე აღმატებული ვერ იქნება. ჩემთვის მთელი ვიტიკულტურის საიდუმლო სწორედ ინდივიდუალობაშია. კარგი წითელი ღვინით ზომიერად შევსებულ მაღალი ჭიქის ყელს  თითებით ფრთხილად  ეფერები, მერე აიღებ, პირველი სურნელი, ტუჩებით ფრთხილად შეხება... პირველი პატარა ყლუპი პირველი კოცნასავით შემოდის შენში, და ის არასდროს არ წააგავს სხვა კოცნას...  ეს რა თქმა უნდა, როცა დიდი სიყვარული გაქვს... რაც იშვიათია. ფრანგები კი, ჩემი აზრით თვლიან, რომ ერთი დიდი სიყვარული ძალიან ცოტაა და ცხოვრებას მთლიანობაში უფრო ყოველდღიური პატარა, ცოტ-ცოტა  სიყვარული ალამაზებს. ამიტომ  ჩვენგან განსხვავებით ცოტა ღვინოს ყოველ დღე სვავენ. თუმცა ცხადია, არა ძვირფას ფრანგულ დიდ ღვინოებს, რომლებზეც ლეგენდები დადის. იშვიათად ნახავთ ფრანგულ სამზარეულოს, სადაც გულმოდგინედ საცობ დარჭობილ პატარა, ანუ ჩვენებურად, სუფრის ღვინის ბოთლი არ დგას, რომელშიც  შეიძლება სულ ერთი ჭიქა ღვინოა ჩარჩენილი, თავმოყვარე ქართველი, ცხადია ან ჩაცლის ამ ბოთლს ან გადააქცევს... ფრანგისთვის კი ეს პატარა სიყვარულის პატარა ნარჩენია, და უფრთხილდება...  არ ვიცი, თუ გინდათ ძუნწი დაარქვით, მაგრამ ბოლოში გასული,  ნახევრად დაცლილი  საიყვარულისას, ცოტა ძუნწი ყველა ხდება... დიდი და პატარა ღვინო ორივე ღვინოა ფრანგისთვის. ორივეს შესაბამის პატივს სცემს, პირიქით,  უცნობი პატარა მწარმოებლის პოვნა, რომლის ხარისხი ყველაზე დიდ აპელაციებს არ ჩამოუვარდება, ერთგვარი ნაციონალური სპორტიც კია, მაგრამ ამაზე  მოდით შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ.

PK   5 Avril  Marc 2014 Paris