12 décembre 2009

დემოგრაფიული აბორტი სამხრეთ აფრიკა. ზურაბ სუმბაძე. 2005წ.

... მარცხნიდან შემოდის ორი ჯარისკაცი, ერთი მეორეს ზურგით მოათრევს.
მელიმონათე პირველ ჯარისკაცს
-დაჭრილია?
პირველი ჯარისკაცი:
-არა, მკვდარია,
მელიმონათე:
-მახვილით მოკლეს? შუბით?
პირველი ჯარისკაცი:
-არა.
მელიმონათე:
-მაშ დამბაჩით?
პირველი ჯარისკაცი:
-არა, ინფარქტმა დაარტყა.
"მაკბეტი" ეჟენ იუნესკო.1972


მართლაც, რა უნდა იყოს შიშზე უფრო ბუნებრივი გრძნობა ომში, სადაც სისასტიკე და მკვლელობა ნებადართულია? სამშობლოსათვის თავდადება? ჰეროიზმი? გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ შიში მაინც დომინანტია. სწორედ შიშია –ნებისმიერი ომისათვის დამახასიათებელი პარანოიკული სისასტიკის მკვებავი ელემენტი.
როგორც ცნობილია, ომი არ ნიშნავს მხოლოდ ფრონტის წინა ხაზს. ომის დროს ყველა ჯარისკაცი ხდება; მთავარსარდლიდან დაწყებული ტელაჟურნალისტებითა და მესაფლავეებით დამთავრებული. ამიტომ შიში ყველგან არის, მთავრობაშიც, ტელესტუდიებშიც და სასაფლაოებზეც.

ქართულ პოლიტიკაში გავრცელებული აზრის მიხედვით, ომი რუსეთთან ჯერ კიდევ გრძელდება. ამიტომ ჩვენ სრული მორალური უფლება გვაქვს შეშინებულები ვიყოთ და ვართ კიდეც. ამ მეტად ადამიანური გრძნობის ყველაზე ნათელი გამოვლინება, მოღალატეების ძებნისა მხილების ჩვენს შიზოფრენიულ ობსესიაში გამოიხატება, რომელიც ეროვნულ სპორტის სახეობად ვაქციეთ ბოლო ოცი წლის მანძილზე, და რომელმაც დღეს თავის ზენიტს ისევე მიაღწია, როგორც ქართულმა ფეხბურთმა1981 წელს.

რა თქმა უნდა, ქართველები ჩინელებივით მრავალრიცხოვანნი არ ვართ მაგრამ დედა სამშობლოს ესეთი "ტოქსიკოზური" ეკონომიური და პოლიტიკური ორსულობის ტანჯვის დასაამებლად "ზედმეტი" მილიონ 200 ათასი ადამიანის დემოგრაფიული აბორტი როგორც ჩანს, მაინც შვების მომგველად ეჩვენება საქართველოს ხელისუფლების აგიტაცია პროპაგანდის განყოფილების გლადიატორებს.
მხედველობაში მაქვს რუსეთში მცხოვრები ქართველები. რომლებიც რამოდენიმე დღის წინ 1 არხზე გამართულ ინკვიზიციის პაროდიის გათამაშებისას (''აქცენტები'' 29.11,2009), არც დიდ ინკვიზიტორ ალექსანდრე რონდელს გახსენებია, არც ერეტიკოსების ფორმალურ დამცველ აბაშიძეს, და არც "პარტერის" პირველ რიგში მსხდომ პატიოსან და ღირსელ მსაჯულებს. ისინი ყველანი აღიარებდნენ, რომ რუსეთში სიმღერა, ცეკვა სიცილი და საერთოდ გართობა ქართველისათვის ყველაზე რბილად რომ ვთქვათ რეკომენდირებული არ არის, თუმცა მათი ყოველი სიტყვის არც თუ ოსტატურად შენიღბულ ქვეტექსტში გამუდმებით ისმოდა განაჩენის ექვივალენტი შემაძრწუნებელი სიტყვა – ღალატი.
ძირითადად საუბარი ნანი ბრეგვაძეზე, პაატა ბურჭულაძეზე იყო, ამასთან, იგულისხმებოდა კიდევ ბევრი სხვა გამოჩენილი და უცნობი ქართველი მუსიკოსი, რეჟისორი თუ მსახიობი... საერთოდ ამ ბოლო დროს, როგორც წესი, პატრიოტული მორალის ყველაზე მძიმე ტვირთს მაინცა და მაინც ხელოვანებს კიდებენ ვირებივით, ისინი ამისათვის მართლაც ყველაზე მოსახერხებელი კონფორტული "ცხოველები'' არიან, ცოტას ჭამენ. შოლტს ადვილად იტანენ, არაფერს არ აპროტესტებენ... მხოლოდ ხანდახან , როდესაც სევდა შემოაწვებათ, ცოტას აყვირდებიან ხოლმე : ფუჭი ხმით..."უდაბნოსა შინა"... სამაგიეროდ ვარდისფერი ღვთაების რჩეულ ქართველ საქმოსნებს წმინდასისხლიანი ულაყებივით, რუსეთის თვალუწვდენელ ტრამალებზე და განსაკუთრებით მოსკოვის უსასრულო განიერ პროსპექტებზე საქმიან ჯირითს ჯერ ჯერობით არავინ უშლის: პირიქით! – ბიზნესი ბიზნესია და წმინდაა! მთავარია არ იმღერო და ჩუმად აკეთო, მარჯვენა ხელმა მარცხენას ამბავი არ შეიტყოს, და პირიქით, თორემ ხელებს საერთოდ დაგაჭრიან!

რუსეთში მცხოვრები მილიონი ისეთი ქართველი, ჩვენში ჩვეულებრივ მოკვდავებს რომ ეძახიან ხოლმე , ტვ სასამართლოზე მხოლოდ ერთხელ გაახსენდათ ზურაბ აბაშიძის წყალობით რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველები მოსკოვში ჩოგბურთს თამაშობენ, მღერიან და ცეკვავენ...ამას "პარტერიდან" ორი მეტად დელიკატური რეპლიკა ბონუსი მოჰყვა – იმის შესახებმ რომ ქართველები ასევე ქურდობენ და "ბოზობენ". განსაკუთრებით ამ უკანასკნელმა ტოკ შოუს წამყვანი შესამჩნევად გამოაცოცხლა და გაამხიარულა.

ეს ადამიანები მართლაც შეძლებისდაგვარად ცდილობენ თავი გაიტანონ, მათშორის, ისევე როგორც სტუდიაში მჯდომთა ბევრი თბილისელი ნაცნობი "ბოზობითა'' და ქურდობით, თუმცა უმეტესი მათგანი მუშაობს, ხშირად ძალიან ბევრს, და ცხადია, გადასახადებსაც იხდის შემოსავლის შესაბამისად – ერთნი ბევრს, მეორენი ცოტას. რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან კი ამ ფულის დიდი ნაწილი პირდაპირ ხმარდება რუსული არმიის გაძლიერებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩვენთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. მაგალითად ფრანგული სამხედრო უზარმაზარი ხომალდის ''მისტრალის" შეძენას რომელიც რამოდენიმე დღის წინ საქართველოს წარმატებულ დიპლომატიასა და მედიას თვალში ჩაუვარდა და როგორც იქნა და შეამჩნია.

სავარაუდოდ ჩვენი თანამემამულეების ფულით დამზადებული ბომბები, ყოველ წუთს შეიძლება ჩამოყარონ ჩინური "ბროლის" ჭაღებით გაჩახჩახებულ ამ საოცრად ''გამჭვირვალე" საგანგებო საომარ რეჟიმში მცხოვრებ საქართველოს დედაქალაქში, რომლის მმართველები თითქოს ეუბნებიან მტერს: დიახ! ჩვენ აქ ვართ და თქვენი არ გვეშინია! გვესროლეთ თქვენი ჟანგიანი ისკანდერები, დაგვბომბეთ თქვენი "დასტუკებული მატორიანი" მიგებით და სუ – ებით, იმის ნაცვლად რომ მოსახლეობას ღამე სინათლის ანთება ავუკრძალოთ და სქელი ფარდების დაკიდება ვთხოვოთ, პირიქით ჩვენ თავად გაგინათებთ დასაბომბ ობიექტებს, განსაკუთრებით სიმწრით აშენებულ ქართველი ერის მრავალ საუკუნოვან ოცნებას, პრეზიდენტის პირველ ნამდვილ სასახლეს, რადგან სხვანაირად თქვენი პრეისტორიული ელექტრონიკა და რადარები დასაბომბს ვერაფერს იპოვიან და დაბრმავებული მსოფლიო ვერ მიხვდება რომ ჩვენთან სასტიკი ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს...

ისე, მთავარია, რუსებმა არ დაიჯერონ რომ ომი მართლა არ დამთავრებულა, თორემ იმედი მაქვს, ეჭვი არავის ეპარება, რომ "საომარი მოქმედებების" დროს უგულავას მიერ დასაბომბი ობიექტების "ხრუსტალის ლუსტრებით" განათების იდეა, მართლაც უნიკალური საბოტაჟი აღმოჩნდება მსოფლიოში ომების მსვლელობების დროს ჩადენილი სიბრიყვეების უმდიდრეს ისტორიაში.


(სხვათაშორის, ცნობისათვის: წელს პარიზის ცენტრალური ავენიუ – შანს–ელიზე შარშანდელი ილუმინაციით არის მორთული საშობაოდ: როგორც ჩანს თბილისისაგან განსხვავებით პარიზის ბიუჯეტს კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა – "ბროლის" ჭაღებისათვის პარიზის "ძუნწმა" მერმა ბერნარ დე ლანოემ ფული ვერ გაიმეტა )
დიდი ინკვიზიტორის, ალექსანდრე რონდელის საუბრიდან, ბევრ სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელ დასკვნათაგან, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც ქვეტექსტის სახით გამოვიტანე, იყო ის, რომ რუსეთში ცხოვრობს ასეულ ათასობით ქართველი, რომელიც ნანი ბრეგვაძეზე და პაატა ბურჭულაძეზე ბევრად მნიშვნელოვან "მონაწილეობას" იღებს საქართველოს "განადგურებაში", ინკვიზიტორის ამ "შინაგან დინებას გამოყოლილ ბრალდების" ჩემით მივხვდი, რადგან წამყვანს კითხვა რუსეთელი ქართველების შესახებ არ დაუსვამს, როგორც ავღნიშნე ერთი მილიონი ადამიანი ყველას დაავიწყდა, მათ შორის "პოლიტიკურ–დემოგრაფიული" ალცჰაიმერით შეპყრობილ ჟურნალისტებსაც. ან იქნებ ამ თემაზე უკვე აღარც კამათობენ – ისედაც ყველაფერი ცხადია.

ჩემი მტკიცე ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, რუსეთში მცხოვრებ ქართველებისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნა გამიჭირდება, სამაგიეროდ მათ შესახებ მსგავსი აბსტრაგირებული გაუგებარი საუბრებით, დარწმუნებული ვარ, ბევრს სწორედ ისე მოვუღებთ ბოლოს, როგორც მერაბ მამარდაშვილს ვნუკოვოს აეროპორტში ოცი წლის წინ. დღესაც როგორც მაშინ, მმართველი ლიბერალი ინკვიზიტორებისათვის სამშობლო ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას და საწინააღმდეგო აზრი სულ ცოტა ვერბალურ ჩაქოლვის დაუოკებელ სურვილს იწვევს გამხეცებულ პატრიოტებში... ჭეშმარიტება კი სხვა არაფერია თუ არა მისი ძიების პროცესი. ძიების მიმართულების თავისუფალი არჩევნის უფლება, მისი უზენაესობა კი ბაზობრივი ელემენტარული პირობაა – როგორიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი. სხვადასხვა შესაძლებლობებზე საკუთარი მგრძნობიარობისა და გონების ცეცებით შეხება, სწორედ ისე როგორც ბნელ ოთახში ნათურის ჩამრთველი ღილაკის ძებნისას.


"თავისუფლებითა თავისუფლების დამთრგუნველ'' ქართულ ლიბერალ ინკვიზიტორებს თუ დავუჯერებათ, ოთახი ისედაც განათებულია უგულავას ბროლის ჭაღებით, და სააკაშვილის ნათელი იდეებით: შოუზე რამოდენიმეჯერ გამოითქვა აზრი, რომ ისეთი უცნაური ურთიერთობის ფორმაც კი, რასაც სახალხო დიპლომატიას უწოდებენ, პრეზიდენტის სასტვენის ჩაბერვაზე ყოფილა დამოკიდებული. ლიდერი კი, როგორც პარტია გვასწავლის, ყოველთვის მართალია. ამიტომ აღარ არის საჭირო ბრმასავით ხელების ცეცება, შეგვიძლია ერთი მილიონი ადამიანი პირდაპირ გავუშვათ წინ – ნათელი ეშაფოტისაკენ!
არ ვიცი, იქნებ რუსეთში მცხოვრები ქართველებისათვის ქცევის კოდექსი შეგვემუშავებინა: მაგალითად აგვეკრძალა მათთვის:


სიმღერა, ცეკვა, სიცილი, რუსების დაბადების დღეებზე სიარული (გარდა ნოვოდვორსკაიასა და ლიტვინინას დაბადების დღეებისა). .. შეგვემუშავებინა მაგალითად ერთგვარი ბონუსებისა და მაიუსების სისტემა. რაღაც "პატრიოტის მართვის მოწმობის" მსგავსი წიგნაკები დაგვერიგებინა, რომელსაც საქართველოს დროშის შავთეთრი გრაფიკული სახე ექნებოდა, თავისი რეტრო/ვერსო ათი შავთეთრი ჯვრით. სპეციალურად რუსეთში იტნეგრირებული "პატრიოტი–ინსპექტორები" სადამსჯელო მანდატით აღგვეჭურვა: რომლებიც, მაგალითად, ერთი სიმღერისათვის მოწმობის შესაბამის შავ–თეთრ სეგმენტში ერთი "შავ ჯვარს გააწითლებდნენ, ცეკვისათვის ორს, წითელ მოედანზე სიმღერისათვის ერთბაშად 5 შავი ჯვრს, პრიმაკოვის დაბადების დღეზე გამოჩენისათვის – "პატრიოტის მართვის მოწმობას" 2 წლით ჩამოართმებდნენ , ხოლო პუტინის ახლომახლო, 200 მეტრის რადიუსში სიმღერას მხოლოდ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოისყიდდა: დახვრეტა! ... და რადგან დახვრეტა ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია, ამიტომ ეკა კვესიტაძის ტოკშოუში იძულებითი მონაწილეობის მიღება. იქიდან ეტაპით პატრიოტთა მკაცრი რეჟიმის "მართლმადიდებლურ" ბანაკში ექვს თვიანი თრენინგი. ყოველ ნახევარ საათში საქართველოს ჰიმნის იძულებითი მოსმენის ინტენსიური თერაპიის კურის საშუალებით, რუსეთით მოწამლული სულის დეზინტოქსიკაცია.


თუმცა. სანამ ასეთი ძვირად ღირებული პროექტის განსახორციელებლად ხელისუფლებას ტენდერის გამოცხადებას მოვთხოვთ, იქნებ ჯობდა, ჯერ მოგვესმინა ამ ადამიანებისათვის, რომლებიც ინტერნეტით ასეთი გადაცემების ყურების შემდეგ აუცილებლად ფიქრობენ, რომ თუ ნანი ბრეგვაძესა და პაატა ბურჭულაძეს სიმღერას არ პატიებენ, მათ ცხადია არავინ არასოდეს აპატიებს ომის დროს მტერთან, როგორც მინიმუმ ფინანსურ და შრომით "კოლაბორაციას".


ჩვენი პატრიოტული ბრალმდებლური ლაზღანდარობის წყალობით საქართველო რუსეთელი თანამემამულეებისათვის რაღაც "პენიტენციალური სამშობლოს", ერთგვარი სამხრეთული გულაგის სახეს იღებს. ჩვენ საფრანგეთში მცხოვრებნი რატომღაც ლამის გმირებად შერაცხული საამაყო დიასპორა ვართ, რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველი კი უკეთეს შემთხვევაში კოლაბორატორია, რომელსაც ყველაზე კარგი რაც შეუძლია გააკეთოს, მსგავსი "აქცენტებით" დეპრესირებული ჩუმად ეგდოს კომპიუტერის წინ გაუნიავებელ, მოსკოვურად ზედმეტად გამთბარ, ჩახუთულ ოთახში, სანამ ერთ ნაცრისფერ დღეს ახრჩოლებული სავსე საფერფლის გვერდით სული არ ამოხდება.
რუსულ ესტრადაზე მოღვაწე ქართველების შემოქმედება კი გემოვნების საკითხი უფროა ვიდრე პატრიოტიზმის. მით უმეტეს რომ ქართული პოპი ნამდვილად არაფრით განსხვავდება რუსულისაგან, სწორედ ამიტომაც, ერთად ერთი ქვეყანა მსოფლიოში სადაც ჩვენს ნაძვისხის კენწეროს ბრჭყვიალა ვარსკვლავებს სიამოვნებით უსმენენ – სწორედ რუსეთია.


მე კარგად მახსოვს 2003 წლის თებერვალში სასტუმრო აჭარას დისკოტეკაზე რა ლაღად "ბუქნაობდა'' მხიარული მიხეილ სააკაშვილი რუსულ ერთ უჯრედიან და ერთ ტაქტიან პოპ მუსიკის "რითმებზე'', როგორ მიიღო ქართული საზოგადოებამ აღფრთოვანებული მედიით გარშემორტყმული თინა კანდელაკი, ისე როგორც ერთ დროს ამაყმა საფრანგეთმა ჟაკლინ კენედი.

ვისაც ჩემი წერილები წაუკითხავს შენიშნავდა, რომ არა ერთხელ გამიკეთებია ირონიზირება რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავების, მაგრამ არც ერთხელ არ შევხებივარ მათ პატრიოტულ მორალს, თუკი შეიძლება საერთოდ ასეთი არსებობდეს.
... მე არ მესმის რატომ არის : ბუბა კიკაბიძის " Мои года мое богатство" უფრო ეროვნულად კორექტული, ვიდრე ნანი ბრეგვაძის "Снегопад"– ან ბურჭულაძის შესრულებული ''Достиг я высшей власти'?

განსაკუთრებით უადგილო და უსიამოვნო მეჩვენება ქირქილი იმის შესახებ, თუ როგორ "უმღერიან" მომღერლები ჩვენს ჯალათებს. მომღერლები არავის არ "უმღერიან". ისინი მღერიან. მე პირადად ასეთ გამოთქმას დუქნის ქალაქელ მებაიათეებსაც არ ვაკადრებდი, რომლებიც მართლაც შაბაშის მოლოდინში მღერიან სხვადასხვვა სუფრასთან, რადგან ისინი მუსიკოსები არიან. მუსიკოსები კი ყველაზე კარგი ხალხი მგონია ქვეყანაზე. "უმღერიან" მხოლოდ პოლიტიკური შაბაშნიკები. მლიქვნელობის მონუმენტალური შედევრის "მიშა მაგარიას" და «Я хочу такого, как Путин» ავტორები, შემსრულებლები და "მოღიღინეები". ასეთები კი საქართველოში რუსეთზე არა ნაკლებნი არიან.

ნანი ბრეგვაზე ბრეჟნევის ეპოქის გარიჟრაჟიდან მოყოლებული მღეროდა პარტიულ ღონისძიებებზე და ათასნაირ სადღესასწაულო კონცერტებზე, თუმცა არასოდეს მომისმენია მისი პროპაგანდისტული სიმღერა, შეუძლებელია იმის არ აღნიშვნა, რომ საბჭოთა კავშირში ასეთი გრძელი მუსიკალური კარიერის გავლა წითელი პროპაგანდის გარეშე მართლა წარმოუდგენელი იყო. კრემლის სვეტებიან დარბაზსა და "გოლუბოი ოგონიოკზე" კი უკლებლივ ყველა სხვა ქართველი ცნობილი მუსიკოსი გამოდიოდა. დავხვრიტოთ ყველა? გარდაცვლილები კი ამოვთხაროთ და პანთეონებზე ადგილი გავუნთავისუფლოთ ახალი "მაგარ" მომღერლებს?... ჩემი აზრით ეს მხოლოდ კოლექტიური შიზოფრენიაა. სწორედ ისეთი, რომლის მსგავსის ეპიდემიისას, ერთხელ მრავალი წლის წინ ჩვენი ერთი ნაწილის ბაბუებმა მეორეთა ბაბუები და ბებიები დახვრიტეს, გადაასახლეს, აწამეს... დღეს ჩვენ, მომავალი თუ უკვე დაბადებული შვილიშვილების ბაბუები და ბებიები ერთმანეთს ვერბალურად ვხვრეტთ და მერე ეჟენ იუნესკოს ინფარქტით მკვდარი ჯარისკაცებივით ზურგით დავათრევთ ერთმანეთის უემოციო, უსისოცხლო გვამებს.
იგივე კვესიტაძის "აქცენტებში" დათო ტურაშვილმა მოგვიყვა, თუ როგორ თქვა უარი საკუთარი პიესის პრემიერაზე წასვლაზე მოსკოვში, გასაგები მიზეზის გამო, რაც ჩემი აზრით, მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო, რადგან ეს დაახლოვებით იგივეა, ჩაპლინს რომ ნაცისტურ ბერლინში "დიქტატორის" ჩვენების და მასზე ესაფრთხო დასწრების შანსი მისცემოდა და ამაზე უარი ეთქვა.
ჩვენ არც ჩაპლინი გვყავს და არც "დიქტატორი" გადაგვიღია. საერთოდ, ჩვენს მაგივრად ფილმებს ამერიკელები იღებენ–მხატვრულსაც და დოკუმენტალურსაც, ეტყობა კინოს გადაღება აღარ ვიცით.


მაგრამ რაც გვაქვს ის ხომ მაინც უნდა გამოვიყენოთ: დათო ტურაშვილის პიესა "ჯინსების თაობა" რომლის შესახებ, მე სამწუხაროდ მხოლოდ მსმენია, ალბათ სწორედ იმ ნაწარმოებებს განეკუთვნება, რომლითაც რუსებისათვის თავიანთი სისხლიანი და უსინდისო უახლესი წარსული შეეძლო ავტორს შეეხსენებინა, განსაკუთრებით საქართველოსთან დამოკიდებულებაში. საერთოდ ამ პიესის დადგმა მოსკოვის სცენაზე მე ძალიან პოზიტიური მოვლენა მგონია, და არ მესმის მისი ბოიკოტირების აზრი.

ჩვენებით ვაკეთებთ ისიც ჩვენივე საკუთარ ტელე ეკრანებზე. ამასთან, ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მენახა, ან წამეკითხა რეპორტაჟი, თუ როგორ ან სად ცხოვრობენ დღეს იმ საშინელი სატვირთო თვითმფრინავით ჩამოსული საბრალო ადამიანები, თუ როგორ ჩაიხუტა ისინი სამშობლომ, როგორ "მოეფერა" და მოუარა.. აგრეთვე ძალიან მაინტერესებს რატომ არ გადააწყვეტინა ამდენმა სასტიკმა მაგალითმა, ომმა, დამცირებამ – მილიონზე მეტ რუსეთში დარჩენილ თანამემამულეს სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება. რა არს სამშობლოს ფასი მათთვის. რისი უფრო ეშინიათ – რუსი სკინჰედების თუ სამშობლოში დაბრუნების? ყველა მოღალატეა? მანახეთ რომ ეს ასეა და შევეცდები დავიჯერო.
ჩვენ ყველანი ხან ხან ზვიად გამსახურდიას სამშობლოში ვცხოვრობთ, ხან ედუარდ შევარდნაძის, ხან მიხეილ სააკაშვილის, მათი პოლიტიკური მოწინააღნდეგეების გარემოცვაში, რომლებიც მონაცვლეობით ამ პერიოდულად წარმოქმნილ სამშობლოების თუ "პოლიტიკური ანომალიების" მოღალატები არიან.. მე კარგად მახსოვს როგორი აგრესიული ირონიით მოითხოვდა პირველი პრეზიდენტის სახე, გურამ პეტრიაშვილი რუსული აქცენტით მოლაპარაკე ლიანა ისაკაძისაგან ვიოლინოსათვის ყელფანდურა ეწოდებინა. პეტრიაშვილის მემკვიდრე დღევანდელი ნაციონალისტი ლიბერალი სახეები კიდევ უფრო შორს მიდიან, ზვიად გამსახურდია არ იყო ერთი ქვეყნის ერთი პრეზიდენტი, ის საერთო ისტორიული მოვლენა იყო და მას მრავალი სახე ჰქონდა – ერთ ერთი პეტრიაშვილიც იყო, რომლის მსგავსნი სააკაშვილს დღეს ასობით ჰყავს და სწორედ ეს სახეები განსაზღვრავენ მნიშვნელოვან წილად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას მის მიმართ.

რადგან ამ "სახეების" სიმართლის გეომეტრია მხოლოდ წვერმოტეხილი ფანქრით გავლებული მარტივი წრფეა ჭუჭყიან სიბრტყეზე, სიმართლეს კი ხშირად ბევრად უფრო რთული მრავალწახნაგა გეომეტრია აქვს – ბრილიანტივით.
ჩვენ დიდხანს აფხაზებს არ ველაპარაკებოდით იდენტური მიზეზის გამო, ამან შედეგად მოიტანა ის, რომ მოგვიანებით როდესაც მოვინდომეთ თავად აღარ დაგველაპარაკნენ, შედეგები ყველასათვის ცნობილია.

ჩვენ არათუ მტრებთან, საკუთარ თანამემამულეებთან არ გვსურს დიალოგი, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, საერთოდ თუ შეგვიძლია, თუ გაგვაჩნია დიალოგის უნარი. დღეს საქართველოში ვერბალური სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რომელიც ყოველთვის მხოლოდ "აპერიტივია" ნამდვილი ცხელი ომისა, ამის უცხადესი მაგალითი 1991 წლის სამოქალაქო ომია, რომელიც სწორედ მოწამლული ვერბალური პინგ პონგით დაწყო.
ჩვენ ადრე თუ გვიან მოგვიწევს რუსეთთან დიალოგზე წასვლა. რას ველოდებით, პუტინისა და მედვედევის ტანდემის წასვლას და ნოვოდვორსკაიას გაპრეზიდენტებას?

დემოკრატიული ძალების მოსვლას ქვეყანის სათავეში, რომელშიც ასეთი ძალები თავისი არსებობის მანძილზე არასოდეს, არასოდეს მოსულან ხელისუფლებაში? თუ დემოკრატიული ძალების დღევანდელ პოტენციალს შევავლებთ თვალს, მათ არა თუ ხელისუფლებაში მოსვლის, საერთოდ დიდხანს არსებობის შანსიც კი ძალიან ცოტა აქვთ.
ყველა ასე თუ ისე ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი თვლის, რომ დღევანდელი, ან მისი მსგავსი რეჟიმი რუსეთს კიდევ ძალიან დიდხანს ეყოლება, ბევრს ზუსტადაც კი აქვს გამოთვლილი წლები... ჩვენ, თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში საომარ რეჟიმში ვაპირებთ რუსეთთან დარჩენას ეს მხოლოდ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს: რა წუთშიც უნდათ მართლაც იმ წუთში დაგვბომბავენ ჩვენივე მიწოდებული პრეტექსტით: ომი იმისაა, რომ უნდა დაბომბო და ისროლო, ასე არ არის? ობამა, სარკოზი და რასმუსენი რომ მათ ვერ შეაჩერებენ, ამაში ეჭვი საქართველოს მეოცნებე ხელისუფლებასაც კი აღარ ეპარება.

მტერს ან უნდა ეომო. ან უნდა ელაპარაკო. ჩვენ კი დასავლელი მეგობრების მიერ ჩვენი ტერიტორიალური მთლიანობის მამაო ჩვენოსავით " ტრადიციული ‘’კიდევ ერთხელ აღიარება" ბავშვებივით გვიხარია და სავსებით გვაკმაყოფილებს. ჩვენი გაბუტული უმოქმედობა, ჩემი აზრით, მშვენივრად ეწერება რუსეთის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ.

მაგრამ, რა არის ჩვენი პოლიტიკა არადემოკრატიულ რუსეთთან მიმართებაში? გაგვაჩნია კი ასეთი რამ? ეს კითხვა ზემოთ ხსენებულ ტელე ინკვიზიციის ავანსცენიდანაც გაისმა მორცხვად, მაგრამ როგორც ხვდებით პროკურორისა და მორალისტების გეგმებში იმ საღამოს ასეთი კითხვაზე პასუხი არ შედიოდა.

ჩვენ ვთვლიდით, რომ პირიქით რუსეთს არ გააჩნდა პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და მწარედ მოვტყუვდით – არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი კონფორმისტი დასავლელი უფროსი ძმები და დები, მათ შორის რუსეთის "უბადლო" სპეციალისტი ამერიკელები.

რუსებს ქართველებზე უკეთ არავინ იცნობს, ჩემი აზრით სიბრიყვეა უცხო პლანეტელებს ვეკითხებოდეთ გამუდმებით თუ რა აქვს თავში ჩვენს გამუდმებით ცუდ "პახმელიაზე" მყოფ კარის მეზობელს, რომლის აგრესიული არაადეკვატურობის მსხვერპლნი ყოველდღიურად ვხდებით უკვე მესამე საუკუნეა. ამის გასაგებად ამერიკაში ვაგზევნიდეთ ახალგაზრდებს, არა და ლოგიკით, ჩვენი სამწუხარო ისტორიული გამოცდილების წყალობით, თავად უნდა ვუტარებდეთ ''მასტერკლასს'' ვისაც გნებავთ, თუნდაც ზბიგნევ ბზეჟინსკისა და ჰენრი კისინჯერს.

იმის ნაცვლად რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების ცოდნის პოტენციალი შევისწავლოთ მაინც, მათ აბსოლუტურ მარგინალიზაციას ვუკეთებთ. არც კი ვუსმენთ ათასგვარი პატროტული პრეტექსტით. და როდესაც მათი დევნა გვბეზრდება მოსკოვში დრო და დრო მოფარფატე მომღერლებს დავდევთ პეპლების საჭერით ჩვენი პოლიტიკოსების მიერ მოღალატეების ძებნის პარანოის გასამართლებლად, რომლებიც ისევ აბოლიუტურ იგნორირებას უკეთებენ ევროპელი და ამერიკელი "ხელმძღვანელი მუშაკების" რეკომენდაციებს, რჩევებს, ბრძანებებს, მუდარას აგრესიული რიტორიკა შევანელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკოსებს უკვე განტევების პეპლების თუ ვაცების მთელი ფარა ჰყავთ, მაინც დაძრწიან გაუმაძღარი მგლებივით ახალი მსხვერპლის ძიებაში და ხშირად პოულობენ კიდეც. მაგალითად სულ ეხლახანს დროში, სივრცესა და ქართული პოლიტიკის უღრან ტყეში წითელქუდასავით თავგზააბნეულ კოკო გამსახურდია გამოიჭირეს და საკუთარი "ბებია" ჩააშვებინეს. ამით მეგრელების შთამომავლობითი გმირი ნაწილობრივ მოღალატედ აქციეს. თუმცა კოკო – შანელი რომ ყოფილიყო გვარად, ბევრად უფრო ისიამოვნებდა კრეატიული წამების მოყვარული ქართული საზოგადოების სადისტი ნაწილი, გადეპუტატებული გაზაფხულის რევოლიუციონერი კი მხოლოდ გამსახურდიაა და თანაც მხოლოდ ახალბედა პოლიტიკოსი, რომლისთვისაც კომპრომისი პურია არსობისა. მისი ჯვარზე გაკვრა არც ისეთი აფროდიზიაკულია, როგორც ნანი ბრეგვაძის.

დანტე ჯოჯოხეთში ჩაჰყვა ვირგილიუსს ანტიქრისტეზე თვალის შესავლებად, მე პირადად წითელ ჯოჯოხეთში თვით პუტინსაც კი შევხვდებოდი და მოვუსმენდი,ამის შანსი რომ მომეცემოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ვირგილიუსი მყავს მეგზურად და "ქვევრის გატეხვაც არ უნდა არავის, „მე კი ალიგიერი კი არა გვარად ქურდაძე გახლავართ," მწერალი, და თუ მიწაში ჩავყავი თავი აბა მართლა გივი თარგამაძის რუსულ "დიკტანტს" ხომ არ დავწერ? – ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძირითადად ვხვდებოდი და ვუსმენდი იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფერში არ ვეთანხმებოდი, და ვთვლი, რომ მხოლოდ მათთვის რომ მესმინა, ვისაც ვუყვარვარ და ვისიც უსიტყვოდ მჯერა, დღეს ალბათ მეც საქართველოს პარლამენტში დღეში ორჯერ გულზე ხელდადებული გაცისკროვნებული სახით დილას და საღამოს ჰიმნს ვიმღერებდი.

მადლობა ღმერთს, გადავრჩი, რადგან მე უფრო იმათი მჯეროდა, ვინც საერთოდ პარლამენტი – როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი შექმნა, და ვინც მოწინააღმდეგის აზრის პატივისცემა რელიგიის რანგში აიყვანა.

ჩვენ მხოლოდ რიტორიკულად გვიყვარს ვოლტერის ცნობილი ფრაზის გამოყენება სხვისი "აზრის დასაცავად თავის განწირვის" შესახებ. თითქოს დემოკრატიის ეს ერთ ერთი ფონდატორი ფრაზა დიდ განმანათლებელს ვუდი ალენის ფილმების შესახებ კამათისას ეთქვას გოგი გვახარიას გადაცემაში.

ჩემი აზრით, ჩვენი რადიკალური და თითქმის ფსიქოპატური დამოკიდებულებით რუსეთში მცხოვრები ქართველებისა და საერთოდ რუსების მიმართ, საქართველოს მხოლოდ მტრების რაოდენობას ვუმრავლებთ... იმის ნაცვლად, რომ ''გზააბნეულნი" ჩვენსკენ გადმოვიბიროთ, მოღალატეების ძახილით კიდევ უფრო მეტ არგუმენტს ვაძლევთ, ფაქტიურად სხვა შანსს არ ვუტოვებთ რომ უკეთეს შემთხვევაში უმოქმედო დუმილი გააგრძელონ. მე პირადად მიკროსკოპით ვივლიდი უზარმაზარ რუსეთში, საქართველოს პრობლემების გადაჭრაში გამოსადეგი ხალხს პინცეტით ამოვკრეფდი და გავუფრთხილდებოდი.

21 საუკუნეში ასე აღრავინ იქცევა. მტერთან ასეთი ისტერიული გაბუტვა, ღირსების მოგონილი პრეტექსტით, ყველანაირ სამხედრო და პოლიტიკურ ლოგიკას ეწინაამღდეგება, სოციალურს მითუმეტეს, რადგან ღირსებას ჩვენს საუკუნეში ეკონომიური სიძლიერე განსაზღვავს, რომლის მიღწევა ამ ვირტუალურ საომარ პირობებში, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება რეალურში გადაიზარდოს და აშენებული ეკონომიკა ხუთ წუთში გაანადგუროს, ჩემთვის ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთნება. ღირსება ყველაზე მეტად ომის დროს ზარალდება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე მთავარი ვალია ახალი ომი არ დაუშვას, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს საქართველოს. შემდეგი ვალი კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია საკუთარ ღირსებაზე ფიქრის უფლება მისცეს თავს: ხელისუფლება თავის ღირსებიანად ხალხს ეკუთვნის, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს, რომლის მარგინალიზაცია, თავისი უღირსი ფსიქოლოგიური სიასტიკით, მხოლოდ რაღაც სულიერ დეპორტაციას თუ შეიძლება შევადაროთ.

პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა და არა ძველბიჭობის.
იაპონიამ რუსეთი ოფიციალურ ოკუპანტად აღიარა,თავისი კუნძულების გამო. თუმცა არ გაბუტულა. ბერლინში, არა თუ 60 კილომეტრში, ქალაქის ცენტრში იდგა რუსული საოკუპაციო არმია 45 წლის განმავლობაში, მაგრამ გფრ–ს არ შეუწყვეტია საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა, ამით მან უამრავი ადამიანი გადაარჩინა და საბოლოოდ ქვეყანაც გააერთიანა. ჩვენთან მით უმეტეს – რუსული ჯარი 200 წლის განმავლობაში ყველგან იდგა, ქალაქის ცენტრშიც, გარეუბანშიც და საზღვარზეც. ოკუპანტებთან მეტნაკლებად, ამა თუ იმ ფორმით ჩვენი ყველა თაობის წინაპარი თანამშრომლობდა. მათ შორის ყველაზე გამოჩენილი ლიბერალიზმის შინელში გახვეული ნაზვიადისტარი ულტრამემარჯვენეების წინაპრებიც კი.

ამბობენ, რომ რუსეთში 2006 წლის მსგავსი ანტიქართული რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისი იგრძნობა. რა თქმა უნდა, სკინებისა და მილიციონერებისაგან ყოველი ახალი თავგაჩეხილი ქართველის გვამი პოლიტიკურად მეტად სასარგებლოა, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ რომ რუსები ბარბაროსები არიან.. ამისათვის მსხვერპლის გაღებას არ ვერიდებით, მხოლოდ რატომღაც სხვისი მსხვერპლის გაღებას. სხვების მსხვერპლად შეწირვაში ბოლო წლებში არც ერთხელ არ დაგვიხევია უკან – ყოველთვის ვიკინგებივით "გულუხვები" და "მამაცები" ვიყავით.

ჩვენ დღეს გატაცებული ბავშვების გამოსახსნელად ბრიუსელში და სტრასბურგში ვრეკავთ, და ვლოცულობთ, რომ რომელიმე ფუნქციონერი უიკენდზე, ან შვებულებაში არ იყოს გასული, და ჩვენს დასახმარებლად მოიცალოს, 3000 კილომეტრი გამოიაროს, თითო გამოვლილ კილომეტრში თითო სამივლინებო ოქრო აიღოს, იმისათვის, რომ 60 კილომეტრში გამოკეტილ საბრალო ტყვეებს სიტყვა შეაწიოს. რადგან რუს "მტაცებლებთან" საერთო ენის გამონახვისათვის როგორც ვნახეთ, პატრიარქსაც კი დაუსვეს – ძველი საბჭოთა ანეკდოტიდან ნასესხები კითხვა, რომელიც გიორგი მიქოიანმა ერთხელ საკუთარ მამას დაუსვა: "Папик, a что ты делал до революции?" – მადლობა ღმერთს გადავრჩით: გზასაცდენილ რევოლიუციონერ კრავებს პატრიარქმა მიქოიანის მამასავით რომ არ უპასუხა: твою маму е..л!

რა თქმა უნდა, პრიმაკოვთან დაახლოვებული გავლენიანი მოღალატეების ჩარევის წყალობით განთავისუფლებული სხვისი ბავშვი ვის რად უნდა! ბოლოს და ბოლოს ჩვენი ხომ არ არის.
ადამიანური და კულტუული ურთიერთობები ერთად ერთი იარაღია ტირანიის წინააღმდეგ. ამას გამუდმებით ჩაგვჩიჩინებს მთელი მსოფლიო, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტ გენადი ონიშენკოებად ვრჩებით: პარანოიკებივით ჩურჩულით ვიმეორებთ: ბო–ი–კო–ტი, ბო–ი–იკოტი კო–ტი!... მაგრამ რისი, ხიზილალის, ''ვოდკის" თუ თელასის. რომელიც როგორც ამბობენ რუსებს ეკუთვნით? არ ვიცით.. ამიტომ ყოველი შემთხვევისათვის ბოიკოტს ჩვენს თანამემამულეებს ვუცხადებთ, განსკუთრებით კი მომღერლებს,, პაატა ბურჭულაძეს, ნანი ბრეგვაძეს.. ეს ბევრად უფრო ადვილია ვიდრე თელასის და რუსი ქერა გოგოების ბოიკოტი.

მე არ მაქვს საქართველოს ურთულესი პრობლემების მოგვარების გასაღები, არ ვიცი როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ასეთი, მხოლოდ გულის მოსაფხანად ვარგისი რიტორიკით ნამდვილად მათ ვერასოდეს ვერ დავიბრუნებთ. მიუხედავათ ათასჯერ გატეხილი თავისა, ჩვენს ყველა რანგის პოლიტიკსებსა და ექსპერტებს საკუთარი გრძნობების კონტროლის სწავლა ისე უჭირთ, რომ მათი კომპეტენცია ძალიან ხშირად მხოლოდ დელიკატურ უსიტყვო ღიმილის იწვევს დასავლეთში, რუსეთში კი ალესილი ნაჯახების დეფიციტს.

მე ზუსტად ვიცი, რომ თუ რუსული საზოგადოებრივი აზრი ჩვენ სასარგებლოდ არ განვაწყეთ, ვერასოდეს ვერაფერს ვერ დავიბრუნებთ, თუნდაც იქ პუტინის ნაცვლად ნელსონ მანდელა მოვიდეს პრეზიდენტად, ჩემი აზრით, დღეს დიდი პოლიტიკა სწორედ საზოგადოების განწყობისათვის ბრძოლაა – განსაკუთრებით მტრის ბანაკში, და არა როგორც ჩვენს შემთხვევაში – ამერიკაში, სადაც ისედაც , საქართველო ისე უყვართ, როგორც მშობლიური Sweet ალიასკა, ჩვენ კი როგორც ესკიმოსები.

სანამ ამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით ელექტრო სკამები არ გამოუგზავნიათ ნანი ბრეგვაძისა და პაატა ბურჭულაძის უფრო ჰუმანურად, წამების გარეშე დასასჯელად, ჯობია ომისაგან სამართლიანად ამღვრეული ემოციების დასაწყნარებლად, დასაწყისისათვის ვალიუმითა და პროზაკით დატვირთული გემების გამოგზავნა ვთხოვოთ.
მე მართლა გულწრფელად ვთვლი, რომ კულტურას გაცილებით მეტი შეუძლია გაახსენოს რუსეთს, ვიდრე ჩვენს "ამაყ" და ბლაგვ ენებიან ემოციურ დიპლომატებს ევროპულ სტრუქტურებში.

მიუხედავად 9 აპრილისა, არასოდეს საქართველო და რუსეთი ისე ახლოს არ ყოფილა ერთმანეთთან კულტურულად და ადამიანურად, როგორც 80 იან წლებში,. ჩვენ საერთო წითელი პრობლემა გვქონდა. ამ პრობლემის გადაჭრას კი ადამიანური და კულტურული კავშირების გარეშე გაცილებით მეტი ნგრევა მოჰყვებოდა ვიდრე სამოქალაქო და აფხაზეთის ომებმა მოიტანეს. მაშინდელი ახალი თაობის არტისტების სიახლოვემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის კონსტრუქციის მორყევაში, სამწუხაროდ ჩვენი ისტორიის ეს ფურცელიც ეროვნული მოძრაობის დაფნის გვირგვინებით არის შენიღბული – სამწუხაროდ ჩვენ დღეს გაცილებით უფრო გვძულს ერთმანეთი ვიდრე მაშინ, 91 წელს.
ხვალ ეს სიძულვილი კიდევ უფრო ძლიერი და დამანგრეველი გახდება, თუ დღეს არ ვიზრუნეთ მისი ზრდის შეჩერებაზე.

დღეს, ახალ ნაომარზე, ოკუპანტთან ნებისმიერ ურთიერთობებზე წასვლა, რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. ადვილი ეკა კვესიტაძის სტუდიაში ინკვიზიციის პაროდიის მოწყობა და "კომერციული" კორექტული სტილით შენიღბული ბრალდებებია, მით უმეტეს – საერთოდ, ბრალდება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე თავის მართლება.

პაატა ქურდაძე
09.12.2009


P.S. გასულ კვირაში პირველად ომის შემდეგ, რუსეთში , სანკტ პეტერბურგში მომიწია სულ ორი დღით წასვლამ, რამოდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ დოკუმენტალურ ფილმის პროექტზე მუშაობასთან დაკავშირებით. ერთმა ჩემმა იქაურმა ქართველმა ნაცნობმა შემატყობინა, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორათა შეხვედრა უნდა გამართულიყო და შემთავაზა მისვლა.


რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო საკუთარი თვალით მენახა ის ხალხი ვისი მორალური თავდასხმებისაგან დაცვასაც ასე შევეცადე ზემოთ მოყვანილ წერილში.
არანაირი პროგრამა არ მქონია. უბრალოდ ვიცოდი რომ ქართველების შეკრება იყო.


ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დიდი დაგვიანებით მისულმა, უზარმაზარ დარბაზში ჟურნელისტებით სავსე კონგრესსზე ამოვყავი თავი, რომელსაც პრეზიდიუმის ცენტრში მჯდომი უცნაური კაცი, ალექსანდრე ებრალიძე წარმართავდა. კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო რომ ადგილი, სადაც დამსვეს, წინასწარ იყო ჩემთვის მომზადებული და წინ მაგიდაზე უზარმაზარი წარწერაც იდო რუსულად: Паата Курдадзе. Франция. ჩემი მორცხვი პროტესტის მიუხედავად, რომ ჩემი ადგილი ჟურნალისტების, განსაკუთრებით საკმაოდ ბევრი ქართველი ჟურნალისტის გვერდით უფრო იყო და არა მონაწილეთა შორის –თაფლივით თავაზიანმა რუსმა შუა ხნის კაცმა ისე მოხერხებულად დამსვა ჩემთვის მომზადებულ ადგილზე, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ბოლოს მივხვდი, რომ როგორც რუსები იტყვიან, Подставили. წინააღმდეგობის გაწევა, კომიკური ხდებოდა, გადავწყვიტე ბედს შევრიგებოდი, და "სიამოვნება მაინც მიმეღო" გამომსვლელთა მოსმენით.


ძირითადად ლაპარაკობდა ბატონი ებრალიძე. ქართველთა მსოფლიო ფორუმის შესახებ, რომელიც როგორც ჩანს აპრილში უნდა გაიმართოს ისევ სანტ პეტერბურგში. მას არც თავისი საპრეზიდენტო ამბიციები დაუმალავს და არც საქართველოს გაერთიანების შესახებ დავიწყნია. საერთოდ ლაპარაკობდა ყველაფერს, რასაც ქართველი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ხოლმე. მხოლოდ ძალიან მკაცრი ტონით. ხანდახან კი აშკარა აგრესიულობისაგან წონასწორობასაც კი კარგავდა და ლამის ყვიროდა. ასეთ დროს ნამდვილად საშიში გამომეტყველება ჰქონდა. მერე უცებ ბავშვივით იღიმებოდა.... შიგა და შიგ დამსწრე საზოგადოება ტაშს უკრავდა.
ბოლოს მიკროფონი ჩამოატარს და მეც გადმომცეს, როგორც ფრანგ სტუმარს, მე რა თქმა უნდა საშინლად გავბრაზდი მაგრამ მაინც შევეცადე ზრდილობიანად მეთქვა, რომ საერთოდ არ ვიყავი მომზადებული ამ კონგრესის დებატებში მონაწილეობისათვის, რომ აქ მხოლოდ მოსასმენად მოვედი,როგორც ყველა სხვა ჟურნალისტი, რომ პრინციპში ქართველების გაერთიანების საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს და ა.შ... ებრალიძეს არ მოეწონა და სიტყვა გამაწყვეტინა. მიკროფონი გერმანიაში მცხოვრებ ზვიად გამსახურდიას ინგუშ ელეგანტურ ყოფილ მეგობარს გადასცეს, რომელმაც უბიდან ოთხად გადაკეცილი ფურცლები ამოიღო, და სხაპასხუპით წაიკითხა ტექსტი ქართველი და ინგუში ხალხების მეგობრობის შესახებ. მერე ყურში ჩამჩურჩულა, რომ რუსები ჩვენი საერთო მტრები არიან და თუ მთელი კავკასიელი ხალხები არ გავერთიანდით ისე მას ვერ დავამარცხებთო. კიდევ მითხრა, გვერდიდან არ ვცილდებოდი, ქართველებმა კი კრემლის აგენტად გამომაცხადეს და ზვიადი გადამკიდესო. უცნაური მეგობრები ჰყავდა ექს პრეზიდენტს , ვერაფერს იტყვი.


ძირითადად გამომსვლელები დემოკრატიაზე და "სააკაშვილის დანაშაულებრივ ხელისუფლების" მშვიდობიან შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ... მე ნელ ნელა გემო გავუგე კონგრესის კონცეფციას, და ცოტა გავმხიარულდი კიდეც. აქ, პუტინისა და პეტრეს ქალაქში დემოკრატიაზე ლაპარაკი ასეთი მკაცრი და მტკიცე ტონით, რაღაც ძველებურ ამერიკულ ანტისაბჭოთა სკეჩს გავდა.


კიდევ უფრო გასაოცარი იყო, რომ ქართველების ამხელა კონგრესზე, ძირითადად უნაკლო რუსულით ლაპარაკობდა ყველა, არ იყო არანაირი ქართული სიმბოლიკა, მით უმეტეს არ შესრულებულა ჰიმნი. კონგრესის შემდგომ გამართულ ბუფეტსაც კი ფრანგულ კონგრესისათვის გამართულს უფრო გავდა ვიდრე ქართულისათვის. ეტყობა სან–პეტში ლობიო არ იშოვება.


საერთოდ ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა და დამთავრდა, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაცის თვალის ასახვევად იყო გაკეთებული და თავადაც მშვენივრად ესმოდათ მის ორგანიზატორებს, რომ ამ კონგრესს არანირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ჩემი აზრით ეს მხოლოდ ინდულგენცია იყო რუსეთში ბიზნესის კეთების საშუალების სანაცვლოდ: ებრალიძე ცნობილი ბიზნესმენია პეტერბურგში და თავად გრაფ შერემეტიევის ეს სასახლეც კი მას ეკუთვნის.


მე მას რამოდენიმე წუთით გასაუბრება ვთხოვე, და რადგან დაკავებული იყო, მეორე დღეს შევხვდი საკუთარ კაბინეტში. დაახლოვებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ, და უნდა გამოგიტყდეთ, ინდულგენციის ვერსია ამ საუბრის შემდეგ უფრო დამაჯერებელი მეჩვენა.
პასუხები ჩემს რამოდენიმე კითხვაზე იმდენად მოკლებული იყო ლოგიკას, რომ დაუჯერებელია, ასეთ წარმატებულ ბიზნესმენს არ ესმოდეს მათი არა ადეკვატურობა.
მაგალით აღმოჩნდა, რომ ბატონი ებრალიძე, ჩემი არ იყოს, არ არის საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ ჩემგან განსხვავებით საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს, თანაც სამ წელიწადში.


იმ შემთხვევაშიც კი, დღესვე რომ მიიღოს მოქალაქეობა, მაინც, საქართველოს კანონმდებლობით სამი წლის შემდეგ არანაირად არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.მე ვკითხე, თუ როგორ აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლას, არჩევნების გზით თუ რევოლუციით? მხოლოდ არჩევნებითო, მიპასუხა და ახსნა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მოპოვება, პრობლემა არ არის, რადგან კანონმდებლობას შეცვლის(?!) მე აღარ მიკითხავს თუ როგორ აპირბს ხელისუფლებაში მოსვლამდე კანონმდებლობის შეცვლას მშვიდობიანი გზით–ასეთ უაზრო კითხვებს არასოდეს ვსვამ.


შემდეგ ვკითხე, მისი გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემორიგებას.
–მე იქ ჩავალ! სოხუმში, დაველაპარაკები, და შემოგვიერთდებიან! მერე წავალ ცხინვალში, დაველაპარაკები და ისინიც შეგვირიგდებიან!


საოცარი სანახავი გახლდათ, ამ დროს ბატონი ებრალიძე, პლაკატზე დახატულ დუჩეს გავდა.მხოლოდ იერით, რა თქმა უნდა, და არა იდეოლოგიით.

მე ჩავეკითხე რუსეთის როლზე ამ შემოერთებების დროს. აქ პრეზიდენტობის კანდიდატის ოპტიმიზმმა მართლაც გასაოცარ მასშტაბს მიაღწია. მისი ღრმა რწმენით, რუსეთს მხოლოდ გაერთიანებული და ძლიერი საქართველო აწყობს, ამიტომ მოუთმენლად ელის, თუ როდის აღსდგება ჩვენი ტერიტორილური მთლიანობა.
– მხოლოდ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა!
– არა პრო რუსული? – ჩავეძიე მე
–არა. ნეიტრალური, ანუ პრო ქართული...
საოცარია, რგორ უყვართ ეს სიტყვა ქართველ ოპოზიციონერებს. პრო ქართული!... შევეცადე კითხვა სხვანაირად დამესვა.
– რუსეთი არ შეეცდება, ნეიტრალური საქართველოს ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას?
– ნებისმიერ სემთხვევაში– თქვა ბატონმა ებრალიძემ – ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა სხვა დიდი ქვეყნის გავლენის სფეროს გარეშე ვერ გაძლებს.
მეტი აღარაფერი მიკითხავს, ყველაფერი ზედმეტად ნათელი და ძალიან ინფანტილური იყო იმისათვის რომ დამეჯერებინა.

თუმცა, თუ ბატონ ებრალიძეს ამ ყველაფრის გულწრფელად ჯერა, მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ (რუსეთის გავლენის სფეროში შებრუნების გარდა). თუმცა მე ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის მთელი ეს მასკარადი მხოლოდ ხარკია, რომ, ღმერთმა დაიფაროს, ხადარკოვსკივით ყველაფერი არ წაართვან და ჩიტაში არ უკრან თავი. სხვანაირად არ მესმის რაში უნდა ჭირდებოდეს მაინცა და მაინც პოლიტიკაში მოსვლა ქართველების დასახმარებლად. მას უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები აქვს საამისოდ, პოლიტიკა, კი მხოლოდ ლიმიტირებულს გახდის დახმარების დიაპაზონს.

ჩემი აზრით მას ერთად ერთი შანსი პრეზიდენტად გახდომის, მხოლოდ მაშინ ექნება, თუ რუსეთი საქართველოს სრულ ოკუპაციას მოახდენს და გადაწყვეტს –კადიროვივით მეფისნაცვლად დანიშნოს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, ქართველების ამბავი რომ ვიცი, რუსულ ხელისუფლებასთან ასევე კარგ ურთიერთობებში მყოფი, რუსულ მუსიკასა და პოეზიაში ღრმად "შეყვარებული " უამრავი კონკურენტი გამოუჩნდება, თვით დრევანდელი ხელისუფლების რიგებშიც კი... ჩემი აზრით ებრალიძე ნამდვილად არ ჰგავს კაცს, რმელსაც შეუძლია სერიოზული ფავორიტი გახდეს ყოველწლიური პოლიტიკური სეზონის მთავარი პრიზის, "ოქროს სავარძლისათვის" რბოლაში ქართულ საპრეზიდენტო დოღზე.

წინა დღით , კონგრესის შემდეგ, დაახლოვებით ათამდე სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენელს გამოველაპარაკე და დავრწმუნდი, რომ ისინი მართლა მოკვეთილნი არინ საქართველოს რეალობას. არც ერთი მათგანი არ იყო კონგრესის ორგანიზატორის უპირობო მხარდამჭერი. პირიქით, ყველა მე მეკითხებოდა აზრს, როგორც ჩანს Франция – მ იმოქმედა. ჩემი ვარაუდი იმის შესახებ რომ მათ ალექსანდრე ებრალიძის გარდა არავინ არ ელაპარაკება, მართალი აღმოჩნდა. და პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად ვთვლი, რომ ეს უგნურება და უსინდისობაა საქართველოს მხრიდან.
კონგრესზე ჩემთვის ნაცნობი არც ერთი სახე არ მინახავს. აქ არ ყოფილან მოსკოვის ეგრეთწოდებული"ბომონდის" ქართველი წარმომადგენლები. ესენი "ჩვეულებრივი" ადამიანები იყვნენ, რუსული პრვინციიდან, თათარსტანის, პერმის, როსტოვის, დიასპორებიდან, არხანგელსკიდანაც კი... როგორც მივხვდი, მათ პირველად კითხეს აზრი, პირველად მიაქციეს ყურადღება. თუნდაც ფარსის სახით მაგრამ მაინც. მათ დამიდასტურეს რომ საქართველოდან არავინ ეკონტაქტება, და რაღაც იატაკქვეშა პარტიზანებად გრძნობენ თავს.
ჩემი აზრით , ალექსანდრე ებრალიძის დიაბოლიზაციაზე დახარჯული ენერგიის მცირე ნაწილიც კი ამ ქართულ დიასპორებთან ურთიერთობაზე რომ დახარჯულიყო, დღეს საქართველოს რუსეთში სამხედრო ბაზებზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური "სტრატეგიული ობიექტები" ექნებოდა. მე პირადად, ქართულ მედიაზე დაყრდნობით, მეგონა რომ რუსეთში ერთად ერთი დიასპორაა, ისიც მოსკოვში და მას თავმჯდომარე ხომერიკი ხელმძღვანელობს. პროვინციების დიასპორების წარმომადგენლთა ნაწილი, ბევრად უფრო საინტერესონი ჩანან, ვიდრე ეს შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს.

რამდენადაც ვიცი ერთად ერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც მათთან ურთიერთობა ავალია, დიასპორების სამინისტროა. რომელსაც, ცხადია დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ არანაირად არ შეუძლია, რუსეთში მიმოფანტულ თანამემამულეებთან ოფიციალური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, უნდა შექმნილიყო არასამთავრობო უწყება, რომელიც უფრო ადვილად შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ ამისათვის საქართველოში არავის ცალია.

ყველა სერიოზული პოლიტიკით არის დაკავებული. სამაგიეროდ ამისათვის ალექსანდრე ებრალიძემ მოიცალა. მართალია ასევე ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ აშკარად გაუსწრო თავის ქართველ ყველა ფლანგის პოლიტიკურ ოპონენტს: მიხვდა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებში უზარმაზარი საარჩევნო პოტენციალია, და ყველაზე ადრე დაიწყო მათ ხელში ჩაგდებაზე მუშაობა. ჩემი აზრით არც თუ დიდი წარმატებით, რადგან , როგორც გითხარით ნამდვილად არ მგონია აპრილში, როდესაც საერთაშორისო ფორუმის მოწყობას აპირებენ პუტინის ქალაქს უცხოეთში მცხოვრები ქართველები მიაწყდებიან. ნამდვილად არ მგონია. მაგრამ ამხელა პოლიტიკური ენერგია რომ ფუჭად იხარჯება ეს ფაქტია, რომელშიც პირადად დავრწმუნდი. იქნებ იმიტომ, რომ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოების არ არსებობის პირობებში, რუსეთში არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება, ამიტომ ეს მილიონზე მეტი ხმა ქართველი პოლიტიკოსებისათვის, რეალურად აბსოლუტურად გამოუსადეგარია.

საერთოდ ეს მოკლე მოგზაურობა, როგორც მოველოდი, ძალიან საინტერესო აღმჩნდა ჩემთვის და მის შესახებ ბევრად უფრო ვრცლად წიგნში ვისაუბრებ, რომელსაც თვეზე მეტია ვწერ რუსეთზე, საქართველოზე და ჩემზე.

პ.ქ. 22.12.2009