14 novembre 2013

პარიზი. ინტერვიუ პაატა ქურდაძესთან



    ფოტო: ირა კურმაევა

ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ "სითის" ოქტომბრის თვის ნომერში, რომელიც მთლიანად პარიზს ეძღვნება.  ინტერვიუს წერილობით სახე ჰქონდა, ანუ კითხვებს პასუხი წერილობით გავეცი.  რედაქციას  ჩემი არც ერთი სიტყვაც არ შეუცვლია , რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის გამოგზავნილი  კითხვები ბევრად უფრო გრძელი იყო, ვიდრე მათი ჟურნალში გამოქვეყნებული ვერსია, რის გამოც ჩემი პასუხები ჟურნალის მკითხველს შესაძლოა ცოტა არაადეკვატურად მოეჩვენოს... მაგალითად  რატომ ვახსენებ კრუასანებს, ფრანგ მწერლებს ან  რამდენჯერმე  სიტყვა "სტანდარტულს",  როცა რედაქციის  კითხვებში ეს სიტყვები არსად ჩანს...   
ამოტომ აქ კითხვების იმ  ვერსიას ვაქვეყნებ რომლებზეც მე შესაბამისი პასუხები გავეცი და  რედაქციაში გაგზავნე. 
თუმცა ყველაზე კურიოზული მაინც გამოქვეყნებული ინტერვიუს ბოლო ნაწილის პრეისტორიაა.
 საერთოდ, უნდა გითხრათ რომ გარკვეული თვალსაზრისით, ძალიან მოუწერიგებელი კაცი ვარ - ჩემი ნამდვილი  და კომპიუტერის სამუშაო მაგიდა ნამდვილ ბრძოლის ველს წააგავს. მიჩვეული ვარ და ასეთ ქაოსში ხანდახან უფრო მეტ სასარგებლო რაღაცას ვპოულობ ვიდრე დალაგებულ გარემოში. ჩემი  წერის პროცესი კიდევ უფრო ქაოტურია. ხანდახან  ერთი და იგივე გვერდზე ერთდროულად  რამდენიმე ტექსტს და რაღაც გაურკვეველი დანიშნულების აბზაცებს   ვწერ . მერე ვანცალკევებ, ზოგს ვშლი. ზოგს რომელიმა სხვა ტექსტს ვაწებებ. მოკლედ  ფილმივით ვამონტაჟებ. 
"სითის" ამ ინტერვიუს წერისას, ტელევიზორში სასტუმრო "ივერია რედისონის" წინ გამართულ სოჭოს ოლი,პიადაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ გამართულ კონცერტ- აქციას  მოვკარი თვალი და პატარა სტატიის დაწერა გადავწყვიტე, თუმცა ორი აბზაცის მერე გაგრძელება დამეზარა და ფეისბუქის სტატუსად გამოვაქვეყნე. 
მაგრამ როგორც ჩანს წაშლა დამავიწყდა და "სითის" რედაქციას ფაილი უცვლელად გადავუგზავნე.
ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჟურნალი წავიკითხე. აღმოვაჩინე,რომ ინტერვიუში პარიზზე საუბარს აბსოლუტურად ყოველგვარი კომპლექების გარეშე  სოჭითა და მისი უბადრუკი ოლიმპიადით ვასრულებ,
 გამოგიტყდებით, თავიდან  საკუთარ ადეკვატურობაში  თავადვე შემეპარა ეჭვი. სანამ გაგზავნილი ფაილი არ ვიპოვე და არ მივხვდი რომ ეს მხოლოდ  ტექნიკური შეცდომა იყო.  რედაქციაში ძალიან შეწუხდნენ. ბევრი ბოდიში მომიხადეს. როგორც ჩანს არც უფიქრიათ რომ ტექსტის ეს ნაწილი ინტერვიუს თემიდან აბსოლუტურად  ამოვარდნილია. 
მე მინდოდა მკითხველისთვის აგვეხსნა რომ ეს  ჩემი მიზეზით გამოწვეული ტექნიკური შეცდომა იყო. თავიდან რედაქციაც ფიქრობდა შემდეგ ნომერში პატარა  ახსნაგანმარტების დაბეჭდვას, თუმცა მეორე დღეს, მცირეოდენი განსჯის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამ საქმეს მაინც აღარაფერი ეშველება და ზედმეტი ხმაურის ატეხვა აღარ ღირს, ზალიან კარგი ტექსტია და თუ კი ჩვენ მოგვეჩვენა ინტერვიუს ეს ნაწილი ტექტის ორგანულ ნაწილად, მკითხველიც ასე ჩათვლის. ჯობს ასევე, ჩვენს შორის  დარჩესო. მე აღარ შევეწინაღმდეგე.
მაგრამ, ჟურნალის გამოსვლიდან ორი კვირის განმავლობაში, თითქმის ყველა ნაცნობი ვინც  წაიკითხა მეუბნება, რომ კარგი ინტერვიუა, მაგრამ სოჭის ოლიმპიადა რა შუაშია ვერ გავიგეთო, ერთმა ისიც მისაყვედურა, პოლიტიკა ყველგან თუ არ შეჩურთე ისე არ შეგიძლიაო... დღეს უკვე რომელიღაც ფორუმზე წავაწყდი ინტერვიუს ამ ნაწილის  შესახებ ჩემთვის  ძალიან არასასიამოვნო ქილიკს.
ამიტომ იძულებული ვარ   მაინც მოვუხადო ბოდიში მკითხველს, ტექნიკური შეცდომისთვის, უფრო სწორად ამ შეცდომაში ჩემი წილისათვის. და დავადასტურო, რომ სოჭასა და პარიზს შორის მსგავსება სურეალიზმის ჟანრს განეკუთნება, რომლის საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მხოლოდ "სითი" ჩემი ღრმა რწმენით სრულიად სხვა ჟანრს განეკუთვნება.
აი ეს ინტერვიუ , ზუსტად იმ სახით რომლითაც მე  ის რედაქციას გადავუგზავნე, მხოლოდ  სოჭის ოლიმპიადის ნაწილი აქ პოსტკრიპტუმის სახით მაქვს გამოყოფილი. თავად მიხვდებით რომ ინტერვიუს სიუჟეტს მის "ოლიმპიურ" ბოლო ორ აბზაცთან აბსოლუტურად არანაირი ლოგიკური კავშირი არ შეიძლება გააჩნდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიხდი ჩემს წილ  ტექნიკურ  და ოლიმპიურ  ბოდიშს!:

ჩემი პარიზი
განუყრელი დრესასწაული - დარწმუნებული ვარ, ამ ფრაზის წაკითხვისთანავე გაგახსენდებათ მისი ავტორიც და ადრესატიც. თუ კი გაგიმართლათ და ახალგაზრდობისას პარიზში იცხოვრეთ, სადაც არ უნდაიყოთ შემდეგ, ის მთელი ცხოვრება მუდამ დარჩება თქვენთან - ასეთი იყო ჰემინგუეის პარიზი. როგორია ის ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, წარმატებული მოდელის, მხავრისა თუ დიპლომატისთვის...რუბრიკისათვის სწორედ ისეთი რეპოდენტები შევარჩიეთ, რომლებიც ან გარკვეული დროით ცხოვრობდნენ პარიზში, ან ახლაც იქ არიან, ან უკვე უკვე თბილისში, თუმცა გონებით და შეგრზნებით ისევ იქ, სენის ნაპირებზე გაშენებულ ქალაქში. 
. ნათია სორდია. სითი

პაატა ქურდაძე
მწერალი
  
     პირველი შეხვედრა პარიზთან ... პირველი ემოცია... (როგორი წარმოგედგინათ ფილმებიდან, წიგნებიდან, ისტორიიდან, სხვების ნაამბობიდან და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება)

პარიზთან პირველი შეხვედრა ჩემთვის დასავლურ სამყაროსთან პირველ შეხვედრას დაემთხვა. მე იქ 1991 წლის შემოდგომაზე, მომაკვდავი საბჭოთა კავშირიდან ,  სამოქალაქო ომის მძაფრი წინათგრძნობით გაჟღენთილი თბილისიდან ჩავედი.
ეს ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო დასავლეთ ევროპაში, ამიტომ პირველი ემოცია ზუსტად ისეთი მძაფრი მქონდა, როგორსაც ხანდახან კულტურულ შოკს ეძახიან.
ჩემი პირველი შთაბეჭდილება მგონი სუნები იყო, იაფფასიანი ინდუსტრიული დეოდორანტების სუნი საზოგადოებრივ ტუალეტებში და სისუფთავე... პარიზი ერთგვარი გაჯეტების სამოთხე იყო. აქამდე სხვაგან არსად ვყოფილვარ, ამიტომ შესადარებელიც არაფერი მქონდა… სიმართლე გითხრად კარგად არც მახსოვს პირველი ემოციები… ეს დაახლოვებით იგივეა, რასაც საფრანგეთში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ აფხაზეთის ომში მოხვედრილი ჩემი ეგობრები მწერდნენ - ტყვიების ზუზუნში შიშის გრძნობა ატროფირებული გაქვსო… მე კულტურული ქვემეხების ქუხილში მოვხვდი და აღქმის რეცეპტორებმა ჩემი აზრით
 თავად დაარეგულირეს ჩემი ემოციები, რომ ზემოთ ხსენებული  კულტურული შოკი ასე თუ ისე ასატანი ყოფილიყო და არ გავენადგურებინე.


2.  პარიზი არაპარიზელისთვის... (თქვენ და ჩვენს სხვა რესპონდენტებს გარკვეულწილად ხანგრძლივი დროით მოუწიათ ამ ქალაქში ცხოვრება, ამიტომ საინტერესოა თქვენი თვალით დანახული პარიზი)

არაპარიზელის ორი ტიპი არსებობს, ერთი უცხოელი ტურისტი, მეორე კი ფრანგი პროვინციელი.
მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო როგორია პარიზი ტურისტებისათვის, რადგან 23 წლის წინ ჩემი არაპარიზელობა ძალიან მალე დამთავრდა. ხშირად მიფიქრია,  ალბათ სასიამოვნო უნდა იყოს ამ ქალაქში სტუმრად ჩამოსვლა, სასტუმროში ცხოვრება, ხეტიალი, მისი აღმოჩენა…
თუ გავითვალისწინებთ რომ ის ათწლეულების მანზილზე პირველ ადგილზე გადის ტურისტული ქალაქების რეიტინგში, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ - ტურისტებს პარიზი მოსწონთ.

გაცილებით საინტერესოა ფრანგი არაპარიზელების დამოკიდებულება. პროვიციელ ფრანგებს ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, დედაქალაქელები არ უყვართ, მათ სნობიზმსა და ზედაპირულობაში სდებენ ბრალს. თუმცა, ფრანგული პროვინცია ბევრად უფრო ბურჟუაზიული და კარჩაკეტილია, ვიდრე  მისი დედაქალაქი. მე რომ მკითხოთ, პარიზელები შესაძლოა ყველაზე გახსნილი ხალხიც კი იყოს საფრანგეთში. აქ ხელოვნება, კულტურა, არტისტიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, თვით ისეთი “სერიოზული” პროფესიის ადამიანებიც კი როგორებიც ბანკირები ან ადვოკატები არიან, არტისტულობას იჩემებენ, ამდენად თითქოს უფრო გახსნილები არიან, ან შესაძლოა არც არიან, მაგრამ  ცდილობენ მაინც ასეთი შთაბეჭდილება დატოვონ,რადგან ეს კარგი ტონია. 

 ჩემი პარიზული ყოველდღიურობა...

ჩემი არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს არც პარიზში, არც თბილისში და არც მონღოლურ თვალუწვდენელ ტრამალში, სადაც სამწუხაროდ არასდროს ვყოფილვარ.  ამიტომ ყოველდღიურობის შესახებ, გარდა არსებობისათვის საჭირო ბანალობისა ვერაფერს გეტყვით. მე არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული ტრადიციული ჩვევები.

პარიზი წარმოუდგენელია... (ტურისტებისთვის განკუთვნილი გზამკვლევები ხომ სტანდარტულიარა უნდა ნახო პარიზში აუცილებლად... როგორი იქნებოდა თქვენი რჩევები

პარიზში უნდა შეეცადო ნახო ყველაფერი, რასაც ტურისტული გზამკვლევები გირჩევენ, რადგან ისინი პროფესიონალების შედგენილია და ნამდვილად წაადგება თქვენი ცოდნისა და ზოგადი კულტურის ამაღლებას. თუ კი ვინმეს ლუვრი, ეიფელის კოშკი ან პომპიდუს ცენტრი სტანდარტულად და ბანალურად  ეჩვენება, ის ვერც იმ « არასტანდარტულს » იპოვის, რომელიც პარიზში ძალიან ბევრია, მხოლოდ მას შემჩნევა უნდა. მე პირადად ხშირად, როდესაც ღამის დაცარიელებულ პარიზში ავტომობილით სახლში ვბრუნდები, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს პირველად ვხედავდე ამ მშვენიერებას… არა მგონია ერთი კვირით ჩამოსული ტურისტისთვის, ბანალურობაში ჩავარდნის რაღაც სნობური შიშის გამო,  ნარკო დილერებისა და პროტიტუცის ჭუჭყიან უბნებში ხეტიალი უფრო მეტის მომცემი იყოს , ვიდრე იმ ადგილების ნახვა,  რომელიც ჩემთვის 22 წლის მანძილზეც კი არ გახდა სტანდარტული, რადგან მეჩვენება, რომ ისინი ყოველ დღე რაღაც დეტალით ახალი და უჩვეულონი ხდებიან. ბანალურობის ფობიით შეპყრობილებს ვურჩევდი, რაც შეიძლება ბევრი იარონ ფეხით, და უცილებლად აღმოაჩენენ რაღაც ისეთს, რასაც ვერავინ ურჩევს, მათ შორის ვერც მეც, ერთი მარტივი მიზეზის გამო, პარიზში თავად ვპოულობ თითქმის ყოველ დღე რაღაც ახალს, საკუთარ უბანშიც კი.

რასაც ვერ ვეგუები ... (წლები ცხოვრება-მუშაობის მიუხედავად, რა არის ის, რასაც მაინც ვერ ეჩვევით)

როდესც ფრანგები ჩემი იქ ცხოვრების 23 წლის მანძილზე ყოველ დღე მისვამენ ერთი და იგივე « სტანდარტულ » კითხვებს საქართველოს შესახებ. მაგალითად : განსხვავდება თუ არა ქართული ენა რუსულისგან, მუსულმანები ვართ თუ ქრისტიანები, ჩვენი დამწერლობა მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება თუ პირიქით.. და ა.შ… სწორედ ამიტომ - მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც რომ ავაცდინო მომავალში ეს მასაბეზებელი კითხვები,  უკვე რამდენიმე თვეა ვწერ წიგნს საქართველოს შესახებ  ასეთი ფრანგებისთვის. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა რომ ქართველები ბევრად უკეთ იცნობენ ფრანგულ ლიტერატურის კლასიკოსებს და კიდევ უკეთესად ფრანგულ მოდას, პარფიუმერიასა და ჭორებს,  ჩემი ღრმა რწმენით მსგავსი წიგნი ფრანგების შესახებ  არც ქართველებს აწყენდათ...

ცხოვრება პარიზის გარეშე... (წარმოგიდგენიათ თუ არა, ან გაგიჭირდებათ თუ არა?) 
 რა თქმა უნდა წარმომიდგენია. ადამიანმა არ შეიძლება საკუთარი მომავალი ერთ გეოგრაფიულ ჩარჩოში ჩაკეტოს და ვარაუდის დონეზეც კი არ დაუშვას რომ შეუძლია წასვლა, საერთოდ წასასვლელად ყოველთვის მზად უნდა იყო… « წასვლას » ჩემთვის დიდი კონცეპტუალური დატვირთვა აქვს…

 ის, რაც ამ ქალაქმა მომცა... ( ყველაზე მთავარი, რაც მოგცათ, იქნება ეს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, შრომისმოყვარეობის, წარმატების მიღწევის სურვილი თუ შეგრძნება)

ამ ქალაქმა მე ყველაზე მთავარი მომცა - ოჯახი, მეუღლე, შვილები და ჩემი პატარა ბინა… გარდა ამისა განცდა, რომ ყოველ წუთს შეიძლება შეხვდე საინტერესო ადამიანს, ქუჩაში, კაფეში, ან მეტროში… ამ ხანმოკლე და შემთხვევითი  შეხვედრების დროს უამრავი რამ მაქვს ნასწავლი. ეს  იშვიათი განცდაა და ასეთი ქალაქები არც ისე ბევრია მსოფლიოში.

  ასოციაცია, რომელიც პარიზის ხსენებისას გიჩნდებათ (პირველი ასოციაცია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული რომანტიკასთან, ან ფრანგულ მწერლობასთან, ან იმპრესიონისტებთან, ან პიაფთან, ან სულაც ფრანგულ კრუასანთან საუზმეზე )

რა თქმა უნდა ჩემი თვრამეტი წლის ტყუპი გოგონები - თინა და გაბრიელი. მათში ყველაფერია თავმოყრილი, რაც მე ამ ქალაქში მიყვარს: ფრანგული მწერლობაც, პიაფიც,თუ გნებავთ  კრუასანიც… მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი  პარიზელი ბებიებიც კი...  რომლებიც საპარკმახეროდან სულ ახლახანს გამოსულები, გამოპრანჭულები, კაფეების ტერასებზე ჩამოსკუპებულნი ჩაის მიირთმევენ...  ვიცი, რომ ჩემი გოგოები ოდესმე თავად გახდებიან ასეთივე მიმზიდველი ბებიები და ერთ მშვენიერ მზიან, ან წვიმიან დღეს გვერდით მაგიდასთან ჩამომჯდარ შემთხვევით გაცნობილ ახალგაზრდა კაცს, ან ქალს მოუყვებიან, თუ რა ჭკვიანი და საყვარელი მამა ყავდათ…

 პარიზი არის... (როგორია ჩემი პარიზი, სულ ორიოდე სიტყვით)

ჩემი პარიზი ლიმიტი, საზღვარია, ცივსა და ცხელს, სუფთასა და ჭუჭყიანს, კლასიკურსა და თანამედროვეს, სიყვარულსა და გულგრილობას, ფლირტსა და იგნორს, ირონიულსა და სენტიმეტალურს, წვიმასა და მზიან ამინდს… და რაც მთავარია - წესრიგსა და ანარქიას შორის…
ამ ქალაქის  უნიკალურობის გასაღები არც მის მონუმენტებშია, არც კრუასანში,  არც ჰემინგუეის აღწერილ მარადიულ  დღესასწაულში, ან ვუდი ალენის ნოკტიურნ რეტრო ჰალუცინაციებში… განსხვავებით მსოფლიოს სხვა ასევე ძალიან ავთენტური და უნიკალური სახის მქონე დედაქალაქებისგან, პარიზს მრავალი სახე აქვს, აქ ნებისმიერი ადამიანი რაღაც მსგავსებას პოულობს თავის საყვარელ ქალაქთან, ექმნება ილუზია რომ სახლშია… მხოლოდ ეს ცივი ილუზიაა, ასე 
ადვილად ვერ შეაღწევ მასში რომ თავადაც ილუზიის ნაწილად იქცე.
პარიზის ერთ სახეში დეფინიციის ყოველი წარუმატებელი მცდელობა მე ტურისტული გულუბრყვილობა მგონია. ჩემი აზრით ამაზე ფიქრით თავის შეწუხება და დროს დაკარგვა არ ღირს. პარიზი უნდა მიიღო ისეთი როგორსაც ის გთავაზობს მოცემულ მომენტში - მრავალსახა. მაშინ ისიც მიგიღებს, აუცილებლად განახებს შენთვის განკუთვნილ, გადანახულ ექსკლუზიურ  სახეს,რომელიც ადრე არავისთვის უჩვენებია,  ის  ძვირფასი და ახლობელი გახდება შენთვის და აღარასდროს დაგაინტერესებს თუ როგორი სახე ანახა მან სხვებს…

ოქტომბერი 2013


PS.  სამი აბზაცი, რომლიც გაუგებრობის გამო ჟურნალმა "სითიმ" გამოაქვეყნა როგორც ჩემი ინტერვიუს ნაწილი.  

-სოჭის ოლიმპიადა დღითიდღე უფრo და უფრო ძლიერ მოქმედი სიზულვილის ინგრედიანტი ხდება ისედაც შიზოფრენიის ზღვარზე მისული ქართველებისთვის.
არ ვიცი სიძულვილის ამ ახალი ეპიდემიის გამანეიტრალებელი რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობამ, ან არ მონაწილეობამ. ერთის მხრივ ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ პუტინსა და  მის დასავლელ კოლეგებს საზეიმო ბანკეტზე ისე შერცხვებათ ამ ბოიკოტის გამო, რომ ბელუგას იკრას პირს ვეღარ დააკარებენ,მეორეს მხრივ არც ის  მგონია, რომ  საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს იმდენი ოქრო  გააჩნდეს მედლებისთვის, რომ რომელიც იმ შემთხვევაშიც კი- თუნდაც  ისინი სულ ქართველებმა მოიგონ- მათ ამ სიძულვილს გაანათება შეზლონ
ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი დაავადებული ნერვების მკურნალობა და სიმშვიდე, ვიდრე მსოფლიოს ყველა ოქრო და ბრიიანტი.
 საერთოდ,რა აზრი აქვს ოლიმპიურ თამაშებს , თუ კი ის შენთვის არა თუ შენს საერთაშორისო კონფლიქტს არ არეგულირებს, არამედ ახალ შიდა კონფლიქტის დარეგულირებაში არ გეხმარება, (რაც კაცმა რომ თქვას სულაც არ არის გასაკვირი) პირიქით, ახალ შიდა კონფლიქტს აღვივებს?  უნდა გამოვტყდე, სულაც არ ვფიქრობდი ასე რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ამ პატრიოტული პარანოის შემყურე, ასე მგონია, ჩვენი მართლმადიდებელი ღმერთი, შეტავსებით  ფსიქიატრიც  რომ იყოს,აუცილებლად  ერთგვარ  "თერაპიულ ბოიკოტს" დაუჭერდა მხარს. სასწორზე უფრო მეტი დევს ვიდრე სპორტსმენების არც თუ პერსოექტიული სპორტული კარიერა. კაცმა რომ თქვას, მათთვის მატერიალური კომპენსაცია რომ მიეცათ ბოდიშის მოხდითა და დელიკატურობით, ჩემი აზრით ყველა კმაყოფილი დარჩებოდა.


პ.ქ. ოქტომბერი. თბილისი.