მიმდინარე წლის დასაწყისში, 7 იანვარს, როდესაც საქართველო ახალი წლის ნამთვრალევზე პატარა იესოს დაბადებას ზეიმობდა - პარიზში გამოცემა „შარლი ებდოს”რედაქციაში ტერორისტები შეიჭრნენ... ალბათ, გახსოვთ.
ქართულ მედიას ისედაც არ ახასიათებს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ღრმა ანალიზი, შობა-ახალ წელს მით უმეტეს: ატომური ომი ისე შეიძლება დაიწყოს, რომ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა უკვე ძალიან გვიან იქნება რადიაციული თავშესაფრის ძებნა.
იანვარში ყველა ტოქშოუ თავისი ტელევარსკვლავებით, პოლიტიკოსებით, ჟურნალისტებითა და ექსპერტებით შვებულებაშია, ამიტომ მოსახლეობა ნაძვის ხეებითა და ლამაზი გირლანდებით მორთული მხიარული ახალი ამბებით ცდილობს ხოლმე, იოლად გამოვიდეს.
საქართველომ „შარლი ებდოს”ამბავი საშობაო სუფრასთან შეიტყო. დასკვნები იქვე გამოიტანა. მეორე დღეს კაშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმისას უკვე იცოდა, რომ სხვისი სიწმინდეები არ უნდა შეურაცხყო, მიუხედავად იმისა, რომ საბრალო დაღუპულ ებრაელებს საერთო არაფერი ჰქონდათ უხამს კარიკატურებთან. სოციალურ ქსელში ცოტა იკამათეს ეგრეთ წოდებულმა „შარლებმა”და „ანტიშარლებმა”, უფრო სწორად აგინეს ერთმანეთს. ყველამ თავისი პატარა აგრესიული სიმართლე დაიჯერა, რეზოლუცია დაადო, ბეჭედი დაარტყა და კლასიფიცირებული უჯრაში გამოკეტა, როგორც დოგმა, რომლის შესახებ ნებისმიერი კითხვის დასმა აზრს კარგავს.
საქართველომ დღემდე არ იცის, რა მოხდა საფრანგეთში, რატომ გახადა შესაძლებელი ამ ტერორისტულმა აქტმა, მთელი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური კონფესიის მიუხედავად, რამდენიმე დღით სოლიდარული გამხდარიყო. აქ, საქართველოში დღემდე უჭირთ დაიჯერონ, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა, რომელიმე ქვეყანაში ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენდეს, რომ ამის გამო ადამიანებმა თავი გაწირონ. უჭირთ, რადგან მათთვის ჯერ კიდევ არავის აუხსნია ამ უზარმაზარი და ფუნდამენტური საკითხის მნიშვნელობა, არც შარლიმდე და არც, სამწუხაროდ, მერე. იმ ადამიანებსაც კი არ აუხსნიათ, ვისი მოვალეობაცაა ამის გაკეთება, ვინც ჯამაგირს იმისთვის კი არ იღებს, რომ თავისი ცოდნა საკუთარი უნიკალური იმიჯის განმტკიცებისა და თანამოაზრეებისათვის გასაზიარებლად გამოიყენოს, არამედ უწილადოს მათ, ვისაც წარმოდგენა არა აქვს იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ, რომლის გარეშე დემოკრატია ყოველგვარ აზრს კარგავს.
დღეს ნებისმიერ შარლატანს შეუძლია, თაღლითობა გამოხატვის უფლების საბურველით შემოსოს და ამ ადამიანის უმნიშვნელოვანეს ფუნდამეტურ უფლებას ისეთი ცრუ ინტერპრეტაცია მისცეს, როგორიც მას სურს. პასუხის მომთხოვნი კი თითქმის არავინ იქნება..
ამის შესანიშნავი მაგალითია „რუსთავი 2-ის”ცნობილი სასამართლო პროცესი, რომელიც სასწრაფოდ ტრანსფორმირდა სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლად. თავისი ცრუ გმირებით, ანტიგმირებით, მოღალატეებითა და უბრალოდ მეგაფონიანი მყვირალა ოპორტუნისტებით. ერთ-ერთი პირველი საოცარი განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა ვაშინგტონიდან, იმის შესახებ, რომ ამერიკასა და ევროპაში „რუსთავი 2”ასოცირებულია თავისუფალ სიტყვასთან! იმავე დღეს მწერალი დავით ტურაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა. მისი აზრით, სიტყვის თავისუფლება უფრო მეტი ფასეულობაა, ვიდრე ტელეარხის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ხალვაშის პირადი ქონება… მოკლედ, ტურაშვილისა და ნათელაშვილისეული ვერსიით, სიტყვის თავისუფლება დასავლური ფასეულობაა, ის კერძო ქონებაზე მეტია, ასოცირდება პატრიოტიზმსა და სამშობლოსთვის თავგანწირვასთან. უნდა გითხრათ, 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციისას გამოცემულ ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაში მსგავსი ნამდვილად არაფერი წერია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა პატრიოტიზმი სწორედ მისმა შემდგენელებმა მოიგონეს ადამიანის უფლებებთან ერთად და პატრიოტიზმის პრეტექსტით ამავე ადამიანთა სისხლის გუბეებიც დააყენეს.
პრინციპში, იმას, რასაც საქართველოში სიტყვის თავისუფლების ქვეშ, სავარაუდოდ, გულისხმობენ, უფრო პრესის თავისუფლება ჰქვია. რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი შემადგენელია ბევრად უფრო ფართო და ზოგადი ცნების _ გამოხატვის თავისუფლების. ამ უკანასკნელს ჩვენში სიტყვის, ანუ პრესის თავისუფლებისგან, რატომღაც, განყენებულად ახსენებენ ხოლმე. არც არის გასაკვირი. გამოხატვის თავისუფლება ხშირად ასოცირდება მედიისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებასთან, მაგრამ ის ასევე ასოცირდება სხვა ნებისმიერ პუბლიკაციასთან: წიგნთან, ფილმთან, ხელოვნების ყველა დარგთან, საზოგადოების წინაშე წარმოთქმულ ორატორულ თუ პოლიტიკურ სიტყვასთან, ნებისმიერ მედიასაშუალებასთან, გლობალურად კი აზრის, შეხედულების გამოხატვასთან ნებისმიერი მეთოდით.
ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოში, პრესის თავისუფლების გარდა, რომელიმე გამოხატვის საშუალების თავისუფლების გამო ამტყდარა აჟიოტაჟი?
მედია და პოლიტიკოსები საზოგადოების აჟიტირების ბერკეტებს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც მიიჩნევენ, რომ საშიშროება მათ პირად და პროფესიულ თავისუფლებას ეხება და არა მაშინ, როდესაც _ რომელიმე ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება ილახება, როგორც მაგალითად სულ ახლახან ქუთაისელი მხატვრის, ორსული მადონას ავტორის შემთხვევაში.
ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლება, თავის მხრივ, მანიპულირებისა და თაღლითობის საუკეთესო საშუალება და ბერკეტია: ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლში გარკვევით წერია, რომ კომუნიკაციისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ იმ ფარგლებშია დასაშვები, რომელშიც არ ხდება ამ თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა, ცილისწამება, სიცრუე… დეკლარაციის ამ დეტალს, რატომღაც, თვალს არიდებენ ხოლმე ქართველი მედიაექსპერტები და საუბრობენ ტოტალური თავისუფლების აუცილებლობაზე, რაც ქართულ ცრუპენტელა და ცილისმწამებელ მედიას სრულიად აძლევს ხელს. სწორედ ამიტომ არიან ერთი შეხედვით სამკვდროდ გადაკიდებული კონკურენტი მედიასაშუალებები და ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარულნი, რადგან სისტემა, რომელშიც ეს ზღვარს გადასული, ქართული სიტყვის თავისუფლებად ტრანსფორმირებული პრესის თავისუფლება ფუნქციონირებს, ერთნაირად აძლევს მანევრირების საშუალებას ყველა მედიასაშუალებასა და ყველა პოლიტიკოსს, თუნდაც ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ და სწორედ ამის მაგალითია ის უპრეცედენტო ცხვრებისა და მგლების ურთიერთსოლიდარობა, რომელიც დღეს „რუსთავი 2-ის”გარშემო შეინიშნება.
ემანუილ კანტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება სრულიად აუცილებელი პირობაა აზროვნების თავისუფლებისათვის.: „დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: უმაღლეს ძალაუფლებაში მყოფთ შეუძლიათ, ლაპარაკის ან წერის თავისუფლება ჩამოგვართვან, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ ჩამოგვართვან აზროვნების თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი ნააზრევის სიღრმე ან სიზუსტე, თუკი ჩვენ გარკვეულწილად არ ვიაზროვნებთ სხვებთან ერთად, ვისთვისაც შეგვეძლება ჩვენი ნააზრევის გაზიარება, ხოლო მათ - თავიანთისა ჩვენთვის!? ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, გარე ძალა, რომელიც ადამიანებს ართმევს აზრებით საჯარო კომუნიკაციის უფლებას, მათ, აგრეთვე, ართმევს აზროვნების თავისუფლებას.
...
მართლაც, იქ, სადაც შეზღუდულია თავისუფალი კომუნიკაცია, შეზღუდულია აზროვნება და ამის ნათელი მაგალითი საბჭოთა კავშირია, კერძოდ კი, ჩვენი საბჭოთა საქართველო.
მაგრამ, რა მოხდა წითელი იმპერიის შემდეგ, როდესაც მოულოდნელად და ერთბაშად კომუნიკაციის თავისუფლების ისეთი შეუზღუდავი საშუალება გაჩნდა, როგორზეც დასავლეთიც კი ვერ იოცნებებდა? პოსტსაბჭოთა ქართულ მედიას ხომ არანაირი ტაბუ არ გააჩნდა. მათ დღემდე შეუძლიათ, სრულიად უფასოდ დასწამონ ცილი, ვისაც გნებავთ _ კრიმინალთან სიახლოვეში, გარყვნილებაში, მკვლელობაშიც კი… სამშობლოს „ბანალურ”ღალატზე რომ აღარაფერი ვთქვათ… და პასუხს არავინ აგებს, მეტიც, პასუხს არც კი ითხოვს ვინმე. საქართველო არის ქვეყანა, სადაც გაზეთი „ასავალ დასავალი”შესაძლებელია! სადაც ის ნამდვილ ჭეშმარიტად „თავისუფალი”მედიის ფლაგმანს წარმოადგენს, „მერე რა”, რომ ეს სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც ადამიანის უფლებების მე-19 მუხლით არის შეზღუდული... ჩვენთან ასეთი შეზღუდვები მხოლოდ წვრილმანია.
რა მოხდა? რატომ არ გაიზარდა აზროვნების ხარისხი პოსტსაბჭოთა საქართველოში? ნუთუ კანტის ამ აბზაცის ფასი, მართლაც, ის სამასი ლარია, რომელიც დიდი გერმანელი ფილოსოფოსის სახელობის თბილისის რაღაც „აკადემიაში”სამთვიანი ტრენინგი ღირს?
ქართული ვერსიით, „სიტყვის თავისუფლება”კონფლიქტში მოდის გამოხატვის თავისუფლების იმ უნივერსალურ მნიშვნელობასთან, რომელიც მასში 1789 წელს ჩაიდო.
სიცრუის თავისუფლებას, რომელსაც აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო, მე პარაზიტების თავისუფლებას დავარქმევდი, რომელიც რეალურ „სიტყვის თავისუფლებას”აფერხებს, აჭუჭყიანებს, აინფიცირებს. ამდენად ის ხელს უშლის აზრთა კომუნიკაციას და თავად აზროვნებას. ქმნის თავისუფლების იმიტაციის კონტექსტს, რომლის მექა თავად თბილისის ემანუილ კანტის აკადემია ხდება, სადაც სულ რაღაც სამას ლარად სამ თვეში შეგიძლიათ, გახდეთ წარმატებული ადამიანი, სადაც მასტერკლასებს ასევე წარმატებული და ცნობადი ტელეინტელექტუალები წაგიკითხავენ... საბრალო, საბრალო ემანუელი, მშობლიური ქალაქი და საფლავი რუსებმა წაართვეს, სახელი კი _ ქართველებმა... თუმცა მის სულს ვერაფერი მოუხერხეს, ის მაინც ჭეშმარიტებას ეკუთვნის.
გამოხატვის თავისუფლება არის სწორედ ის, რამაც პრიმატი ჰომოსაპიენსი გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ასწავლა კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძებნისთვის ჯერ ინდივიდუალური, შემდეგ კოლექტიური შრომა, მოთმინება, მეთოდის ძებნა, საკუთარი შესაძლებლობის ლიმიტის დარღვევა, საზღვრის გადალახვა. ეს არის ევოლუციის რეტროსპექტივა, ილუსტრაცია პროცესისა, თუ როგორ იქცა პირუტყვი ადამიანად.
ჩვენ კი ეს ყველაფერი პრესის თავისუფლებამდე შევკუმშეთ და ამას სიტყვის თავისუფლება დავარქვით, მაგრამ გამოხატვის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმების თავისუფლების გარეშე, ეს სიტყვის თავისუფლება მხოლოდ უფრთო პეპელას ანუ მატლს ემსგავსება, რომელიც ფრენის ნაცვლად ბრმად და უშნოდ დახოხავს მწვანე ფოთოლზე... რა აზრი, ან რა ფასი აქვს თავისუფალ სიტყვას, თუკი ის მხოლოდ სიბრიყვეს, სიცრუეს, ცილისწამებას, ვიღაც მეგალომანი შარლატანის ინტერესებს ემსახურება? რა აზრი აქვს გამოხატვის თავისუფლებას, როდესაც გამოსახატავი არაფერი გაგაჩნია, გარდა ტყუილისა და ცილისწამების, რომლებსაც არ შეუძლიათ გააბან ის კომუნიკაცია, რომელზეც კანტი საუბრობდა და რომლის გარეშეც შეუძლებელია აზროვნება, როგორც ზმნა, როგორც პროცესი. მას მხოლოდ ამ სიტყვის არსებით სახელად ტრანსფორმირება შეუძლია. ამდენად სიცრუის თავისუფლების კონტექსტში აზროვნების თავისუფლება აზრს კარგავს და ჩვენი გონება ისევ გამოქვაბულს უბრუნდება, იმ ბესტიალურ მდგომარეობას, სანამ ჰომოსაპიენსი პირველ ცხოველებს ამოკაწრავდა კედელზე. სამწუხაროდ, სწორედ ამ გროტესკულ თავისუფლებას ემსახურება ყველაზე ხშირად ქართული მედიის სიტყვა.
მე ვამტკიცებ, რომ მხატვარ უკლებას გამოხატვის თავისუფლების დაცვა სახელმწიფოებრივად და ფილოსოფიურად ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობისაა, ვიდრე რომელიმე მატყუარა და ცილისმწამებელი არხის, რადგან ეს სწორედ ნამდვილ გამოხატვის უფლების დაცვას ეხება, ავტორზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობას, მის მანიპულირებას... და მანიპულირებას თითქმის ყველა მხრიდან, თვით აკადემიური წრეებისთვისაც ეს ისტორია გახდა არა არტისტის ყველაზე ფუნდამენტური უფლების შელახვის, არამედ რადიკალურ რელიგიურ წრეებთან ბრძოლაში ქულის დაწერის საგანი, თითქმის ყველა ტექსტი, რომელიც დაიწერა, რაღაც ზიზღნარევი ქედმაღლობით იყო განმსჭვალული ყველას მიმართ „ვინც ჩვენთან არ არის და ვინც ამიტომ - თავისთავად ცხადია - ცივილიზაციის მტერია”.
ეს ის ხალხია, რომლებმაც გასულ ზამთარს ორიოდ კვირით „ფეისბუქის”ავატარებად „ჟე სუის ჩჰარლყ”დაიყენეს, თავიანთ ვიწრო წრეში შეთანხმდნენ, რომ ან პროგრესსა და ევროპასთან ასოცირებული შარლი ხარ, ან ფუნდამენტალისტი და გოიმი ანტიშარლი და დაიშალნენ... უნდა ითქვას - ფრანგ განმანათლებლებს რომ თავიანთი „გასანათლებლების” მიმართ ისეთი ზიზღნარევი ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონოდათ, როგორც დღევანდელ ქართველ ინტელექტუალებს აქვთ, გარწმუნებთ, საფრანგეთი დღესაც შუა საუკუნეებში იქნებოდა ჩარჩენილი.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მოსახლეობამდე მიტანის „ჯვარი”მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საზიდი გახდა, მათი ცივი პროტოკოლური ენა კი ქართველების ცხელ გულებში ვერ აღწევს - მაშინვე დნება, ორთლდება, ქრება. პრინციპში ინტელექტუალებისა და ხელოვანების ენაც... რომლებიც ასე საოცრად წააგავს იმავე ცივ, პროტოკოლურ გაშეშებულ ენას.
კომუნიკაცია არ მუშაობს, არც აზრი.
ჩვენ ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც მოწაფეს ვგავართ, რომელიც ათიდან მხოლოდ ერთ გაკვეთილს იზეპირებს კარგი ნიშნის მისაღებად. დიახ, იზეპირებს - მაგრამ არ, უფრო სწორად, ვერ სწავლობს, რადგან გამოტოვებული გაკვეთილები ამის საშუალებას არ აძლევს. მან იცის, რომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გამრავლების ტაბულის ცოდნისათვის, რადგან მან არ იცის, რომ სამჯერ სამი ცხრაა, თუმცა იცის, რომ შვიდჯერ ცხრა სამოცდასამია...
შარლის გაკვეთილიც ისევე გამოტოვა საქართველომ… დაიზეპირა რამდენიმე მყვირალა მოცემულობა, რომელსაც ევრონიუსსა და CNN-ზე მოჰკრა თვალი, დაიმახსოვრა და მას შემდეგ ჯიუტად სჯერა თავისი ცოდნის. კითხვა არასდროს არ დაუსვამს თავისი თავისთვის. ისევე, როგორც სხვა გამოტოვებული „გაკვეთილების”- მაგალითად, იმავე საფრანგეთში ჰომოსექსუალთა ქორწინების საწინააღმდეგოდ გამართული მანიფესტაციების შემთხვევაში... სულ მალე იმავე წლის 17 მაისს არცთუ სასიამოვნოდ რომ შემოუბრუნდა საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით ერსაც და ბერსაც… რომლებიც უნდა ითქვას, რომ არსად ისე არ იმსახურებენ ერთმანეთს, როგორც... „აქ, ამ ქვეყანაში”!
შარლი ებდო იყო უზარმაზარი თემა, შესაძლებლობა, გაკვეთილი, რომელიც სავსებით იმსახურებდა იმ მილიონობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლას, საქართველომ ტელევიზიით რომ იხილა და მიზეზი დღემდე ვერ გაიგო... რომ გაეგო, ალბათ, დღეს ორსული ღვთისმშობლის კარიკატურა ასე არ აღაშფოთებდა და შეურაცხყოფდა მორწმუნეთა გრძნობებს... ამ ნახატს არც „კონტემპორერ არტის”შედევრალური ნიმუშის რანგში აიყვანდნენ პისტოლეტით შეიარაღებული ღვთისმშობლის კალთას ამოფარებული მხდალი და კონიუნქტურული ქართველი „ეპატაჟისტები”... არც ავტორს გახვევდნენ მისთვის მოულოდნელ და არასასიამოვნო გაუგებრობაში. მეტიც, ვერც „რუსთავი 2-ის”გენერალური დირექტორი და მისი ოდესელი „ქარიზმატული”პატრონი გაბედავდნენ ასე ადვილად სიცრუისა და ცილისწამების გავრცელების უდავო, მაგრამ სამარცხვინო უფლების ფუნდამენტური გამოხატვის უფლების რანგში აყვანას. საგნებს შეძლებისდაგვარად თავისი შინაარსის შესაფერისი სახელები დაერქმეოდა და მათთან დაკავშირებული პროცესები შესაბამისად მშვიდად და ნაკლები გროტესკულობით წარიმართებოდა
PK
5 Novembre 2015 Tbilissi