Une erreur est survenue dans ce gadget

18 juillet 2012


სალო, ანუ არჩევნების 120 დღე


სალო, სოდომის 120 დღე. პიერ პაოლო პაზოლონი 1975
კარგად მახსოვს, როდესაც 80-იანი  წლების დასაწყისში, ერთ  ნაცნობის ნაცნობთან, ვიდეოზე პირველად  «სალო, ანუ სოდომის 120 დღე» ვნახე, შოკირებულმა გავიფიქრე, რომ ამ კაცს, პიერ პაოლო პაზოლინის, როგორც საერთოდ ბევრ გენიოსს, მართლაც რაღაც უნიკალური,  განსაკუთრებული პერვერსული  წარმოსახვის უნარი გააჩნდა. მით უმეტეს, მაშინ ვიდეო  სულ ახალი შემოსული იყო საქართველოში და მე  მიუჩვეველი და მოუმზადებელი  ვიყავი  არა თუ ამ  დემონურად გარყვნილი ფსიქოლოგიური აგრესიასთვის, არამედ  ჩვეულებრივი,  ბრიყვული, კლასიკური   პორნოგრაფიისათვისაც კი.
რა თქმა უნდა, ფილმმა წარუშლელი კვალი დატოვა.
ათი  წლის შემდეგ, ერთხელ, პარიზში, ვიღაცამ მითხრა, რომ ლათინურ კვარტალში, სენ მიშელის უბანის ერთ პატარა კინოდარბაზში, ამ ფილმს თურმე მისი გამოსვლის დღიდან მოყოლებული,  ორ კვირაში ერთხელ - ხუთშაბათობით უჩვენებენ  ღამის თერთმეტ საათზე. სერთოდ, პარიზივით  "კინო ქალაქებში'' ტრადიციულად ბევრ  დარბაზს აქვს თავისი აკვიატებული საკულტო  ფილმი, რომელსაც წლების განმავლობაში  რეგულარულად უჩვენებს ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე დროს.
"სალოსთან"  ჩემი პირველი "შეხვედრის"  შემდეგ დაგროვილი პერვერსიის  იმუნიტეტის შემოწმების, თუ დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის სურვილის გამო, ერთ ღამეს,  პატარა,  უსიამოვნო სუნიან  დარბაზში აღმოვჩნდი, სადაც  ამავე ფილმის  პერსონაჟების მსგავსი უცნაური ადამიანები  ისხდნენ აქა-იქ, კანტიკუნტად, რომლებიც, შუქის ჩაქრობისთანავე თითქოს სათითაოდ  ეკრანზე აიპარნენ და ფილმში ინტეგრირდნენ.
არანაირმა გამოცდილებამ არ მიშველა. სეანსიდან კიდევ უფრო  შოკირებული და დათრგუნილი  გამოვედი, გულისრევის და ჭუჭყის შეგრძნებით.
პირველად, როგორც გითხარით ამ ფილმს - საბჭოთა თბილისში, ჩემსავით შოკირებული მეგობრების წრეში ვუყურე . აქ, პარიზში კი- კინო დარბაზში შუქის ანთების შემდეგ,  ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს სეანსის ბოლოს, ტიტრების ჩვენების მომენტში. მსახიობები სცენიდან უკან ჩამოიპარნენ და  დარბაზში ისევ თავ-თავიანთ ადგილებზე განლაგდნენ ჩუმად , თითქოს ჩემთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ პაზოლინის ღვთაებრივად პერვერსული წარმოსახვის გარეშეც რეალურად, მშვენივრად  არსებობენ.
მას შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტი გაჩნდა. ჯერ ნელი, მერე სწრაფი, ბოლოს ძალიან სწრაფი... ამბობენ, რომ  პორნო ინდუსტრიამ დიდად შეუწყო ხელი ინტერნეტის ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ციფრული ტელევიზიების განვითარებას. ხოლო ამ უკანასკნელმა, თავისი მხრივ, სოციალურ ცხოველზე, ანუ ადამიანზე დაკვირვების არნახული მასშტაბის საშუალება მოგვცა.
ჩვენს პლანეტაზე დასახლებულ ძუძუმწოვართა შორის კი ადამიანის  უნიკალურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფაქტორი  მისი სექსუალობის სოციალურობა და არა ცხოველივით  რეპროდუქციულობაა. პორნოგრაფია სწორედ მისი სექსუალობის ერთგვარი "სოც - არტია". თუნდაც "არტი"  ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური მინიშნების მიზნით იყოს ნახმარი.
ის, რისი ნახვაც დღეს შესაძლებელია მაუსის ერთი კლიკით ნებისმიერ მოყვარულთა  პორნო პორტალზე, ბევრად აჭარბებს  პაზოლინის პერვერსულ წარმოსახვებს. აბა, ვინ იფიქრებდა, დაინტერესებული  სპეციალისტების გარდა, რომ ადამიანები ცხოველებისგან მხოლოდ  სექსუალობის სოციალურობით კი არა,  უსაზღვრო პერვერსიით, ყველაზე გარყვნილი ფორმებითაც განსხვავდება. ჩემთვის ინტერნეტის საშუალებით  ამ რეალობასთან   შეჯახება 90-იანი წლების ბოლოს მორიგი მორალური  შოკი იყო.
თუმცა მანამდე, ათი წლის განმავლობაში, დასავლეთში ცხოვრებამ მასწავლა, რომ საკუთარ თავს თავად უნდა დაუწესო პორნოგრაფიულობის ლიმიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტოქსიკომანივით ყოველდღიურად დაგჭირდება დოზის მომატება და საბოლოოდ პერვერსიის ოვერდოზა  ბოლოს მოგიღებს. მივხვდი, რომ თავისუფლება, პირველ რიგში, არჩევნის თავისუფლებაა და ეს თავისუფლება  უფრო გიცავს, ვიდრე - გაცდუნებს. ადამიანი ნებისმიერ სოციუმში, თალიბანების, საბჭოთა თუ დასავლურში საკუთარი გარყვნილების ლიმიტს თვითონვე ადგენს, რადგან სხვა მას ვერაფერი "დაიცავს" საკუთარი პულსაციებისგან, ვერც ბურქა, ვერც ცენზურა, ვერც საუკუნოვანი პურიტანული ტრადიციები... ჩვენ სრულიად მარტონი, უმწეონი და შიშველნი ვართ საკუთარ პერვერსიასთან, როგორც პაზოლინის ჯოჯოხეთში გამოკეტილი საბრალო  ბავშვები პერვერ  დემონებთან, სადაც დემონებს დრო და დრო თავად ბავშვებში ვხედავთ, ბავშვებს კი - დემონებში.
მესამედ "სალო" სულ ეხლახან ვნახე - უზარმაზარ HD ტელე ეკრანზე "ბლუ რეის" უმაღლესი  ხარისხის ფორმატში. ეფექტი იგივე იყო. როგორც მაშინ, პირველად  ნახევრად დაშლილ  ტელევიზორ "რუბინში", ცუდი ხარისხის ვიდეო კასეტაზე ჩანაწერის ნახვისას,  რუსული მონო off დუბლიაჟით... იგივე იყო ჩემი ორი ფრანგი მეგობრის კითხვებიც, რომლებმაც  პირველად უყურეს ფილმს: "რატომ გადაიღო ეს ფილმი? ვის და რაში ჭირდება ამ სიბინძურის ნახვა?" იგივე იყო მათი ზიზღი, შეძრწუნება, შოკი... რომელიც, მიუხედავად ფილმით გამოწვეული აპათიისა, მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, არასდროს დაივიწყებენ ამ ყველაზე საძაგელ, გულისამრევ დიდ  შედევრს.
ძნელია გადააბიჯო იმ ლიმიტს, რომელსაც პაზოლინიმ გადააბიჯა ამ ფილმით, იმისთვის - რომ ყველა დროის ყველაზე შემაძრწუნებელი სურათი შეექმნა, ანარეკლი და ხატი იმისა, რაც ყოველ ჩვენთაგანში - სექსუალურად სოციალურ, და შესაბამისად სოციალურად გარყვნილ არსებებშია მიძინებული. სწორედ იმისთვის, რომ ვძრწოდეთ საკუთრი თავის, ჩვენში მიძინებული პერვერსიის უკვდავი მონსტრის ფეტუსის წინაშე, რომელიც დრო და დრო იღვიძებს ჩვენში, სწრაფად იზრდება და თუ დაიბადა,  ჩვენი სასიცოცხლო სივრცე ზუსტად ისე ყროლდება, როგორც ის პატარა მაგიური კინოდარბაზი ლათინურ კვარტალში - სეანსის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, სადაც აქა-იქ ჩამოსკუპებული ფილმის გმირები ეკრანში შედიან სათამაშოდ.
ქართული კოლექტიური პერვერსიის ეს ფატუსი დღეს ცოცხალია და სწრაფად იზრდება. ჩვენ უკვე ვიმკით ტოქსიკური ორსულობის პირველ მყრალ  შედეგებს. გამარტივებული  ციფრული ტექნოლოგიის წყალობით, მომრავლებული ჯუჯა ტელეარხების საშუალებით,  ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ რეალობას  ზუსტად ისეთივე გაოგნებულნი ვაკვირდებით,  როგორც 90-იან წლებში პირველ პორნო პორტალებს.  ნანახი გარყვნილებით გულარეულნი,  გამუდმებით ვარწყევთ ისეთ პატარა მახინჯ პერსონაჟებს, როგორიც ამ დღეებში კარალეთში ვიხილეთ. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. სიცოცხლესთან  შეუსაბამო  ამ პატარა საცოდავი "ვიკიდიშებისგან"  ჯერჯერობით ადვილად ვასუფთავებთ "კინოდარბაზს", უფრო მეტიც ამაში თვით მონსტრის მამა - ხელისუფლება გვეხმარება, რამდენიმე დღით "მყრალ" ნარჩენებს ციხეში ინახავს... მხოლოდ იმისთვის, რომ იქიდან უფრო მოღონიერებულნი და წამოჩიტულნი გამოვიდნენ... თავად მთავარი პერვერები კი ყოველ დღე ტელევიზიით დაუღალავად ქაქანებენ, რომ საბრალო მონსტრი ფეტუსი გულნატკენია და მისი განაწყენება არაფრით არ შეიძლება.  "სალოს" გარყვნილი ბურჟუაზიის ეს ნასხლეტები, რომელთა ცვედან ფანტაზმს ასევე  ბებერი კურტიზანი მეძავები კვებავენ, კოპირებული საძაგელი მანერულობით  გვიხსნიან, რომ... აქ  ალფა გაკონტროლებული სოდომია, ომეგა კი მთავარ ფიგურანტთა და კურტიზანთა  პერვერსიის უსასრულობა...  აქ ჩვეულებრივი ადამიანური განცდა სასტიკად ისჯება - ჩაქოლვით. ენების რიტუალური მოკვეთით, და მერე მათი სატელიტური თეფშებით გაწყობილ სუფრაზე ვერცხლის ლანგრით ჩამოტარებით...
16 ივლისაც, მყრალი დარბაზიდან ეკრანზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარე, ვინმე  აკო მინაშვილი აბობღდა და კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ სამშობლოს გარდა ყველანაირი სიყვარული, მათ შორის მაფიოზების მიერ ნაწამები და მოკლული ძმისაც - ღალატია და ის უნდა აიკრძალოს. მოღალატე ფეხბურთელი კი - დაისაჯოს... ზუსტად იგივე გაიმეორა მისმა  პოლიტიკურმა "თანაპერვერმა", ამავე კარიკატურული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის თავმჯდომარემ,  პალიკო კუბლაშვილმა, რომელიც კადრში  არასდროს არ ჩნდება თავისი საყვარელი ანტიკური ფეტიში სათამაშოების - სამართლის  სასწორისა და მახვილის  გარეშე... ისიც კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ  კარალეთის გეტოში გამომწყვრეული ომისგან  ფსიქოლოგიურად ტრამვირებული ადამიანები კანონზე მაღლა დგანან, და მათთან განსაკუთრებული ფაქიზი და ნაზი მოპყრობაა საჭირო. აქ  აღგზნებულმა მახვილი ლაჯებში ამოიჩრა, თავის სათამაშო  სასწორის ერთ თეფშს შეუმჩნევლად თითი შეაშველა და "მომხიბვლელი" შულერული მორცხვი  ღიმილით თვალები აგვიხვია.
აკოსა და  პალიკოს სცენებს შორის კიდევ ბევრი წვრილმანი პერსონაჟი ვიხილეთ მთავრობის კუთვნილი "არასამთავრობო" "სვინგერ" ორგანიზაციებიდან. რომლებიც ასევე ამტკიცებდნენ, რომ სისასტიკესა და ლინჩს 21-ე საუკუნეში, რა თქმა უნდა, თავისი საპატიო და განსაკუთრებული ადგილი უნდა გააჩნდეს , ხოლო თუ მაფიოზები  ძმას ან სხვა რომელიმე ოჯახის წევრს მოგტაცებენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოთ პოლიციას, როგორც ამას ყველა ცივილიზებულად წოდებული ქვეყნის იუსტიცია თხოვს თავის კანონმორჩილ მოქალაქეებს, პირიქით - არ უნდა  "დაინანოთ" ფული "ძუნწი და მოღალატე" ფეხბურთელივით. რადგან ამ ქვეყნად, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ფულით  არ იზომება, რასაც   პრიმიტივთათვის დამახასიათებელი უბრალოებითა და ტემპერამენტით   ამტკიცებდნენ ამ დღეებში კარალეთელი ქვისგულა ჯარისკაცები და  აგრეთვე მათი განმგებელი  - საქართველოს აწ უკვე ექსლიბერტარიანელი  "სალო" ბურჟუაზია.
არჩევნების ასოცი დღის  მრიცხველი უკვე ჩართულია.  საქართველოს პოლიტიკური  ჭინთვების ინტენსიობა და სიმყრალე დღითი დღე  მატულობს. სავარაუდოდ, ის ვადაზე ადრე შობს გარყვნილების მახინჯ ნაყოფს.
საბედნიეროდ, ასეთი ნაყოფები განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევიან. ისინი ხშირად საკუთარი  სიძვისა და   ღორმუცელობის მსხვერპლნი ხდებიან ხოლმე. ზუსტად ისე, როგორც "სალომდე" სამი წლით ადრე გადაღებულ მარკო ფერერის  "დიდ ქეიფში" (La Grande Bouffe - 1972) , რომელიც  ასევე  კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე "საძაგელ" და დიდ შედევრად ითვლება. თუმცა, ამაზე მოგვიანებით... პერვერი მატლის დაბადების დღეზე, ერთსანთლიანი ტორტის გარშემო - ფინჯან ჩაიზე ვისაუბროთ.
P.K.
16 Juillet 2012 / Paris