შეუძლია თუ არა ბრაზილიაში პეპელას ფრთის ერთ უბრალო დაქნევას, ტექსტაში ტორნადო გამოიწვიოს? - ეს ძალიან ცნობილი პარადიგმა ამერიკელ მეტეოროლოგ ედუარდ ლორენცს ეკუთვნის, ამით მან 1972 წელს ამერიკის მეცნიერებათა განვითარების ასოციაციაში გამართულ კონფერენციაზე ქაოსის თეორიას ერთგვარი ანიმაციური აღწერილობა მისცა და ფართო მოხმნარების პოპულარული ტერმინიც შეურჩია - პეპელას ეფექტი. ამ თეორიის მიხედვით, რომელსაც ოთხმოცი წლით ადრე მათემატიკოსმა ანრი პუანკარემ დაუდო საფუძველი, დინამიკა ქაოტურია, თუ მას ახასიათებს საწყისი პირობების მიმართ მგრძნობელობის ფენომენი, რთული სისტემები ძალიან მგრძნობიარენი არიან საწყისი პირობების მიმართ, რომელთა უმნიშვნელო ცვლილებაც კი არაპროგნოზირებად შედეგებს იწვევს.
როგორც ვიცით ღმერთმა ჩვენი სამყარო სწორედ ქაოსიდან შექმნა- ზუსტად ერთ კვირაში.
ჩვენ კი მას შემდეგ გულმოდგინედ ვცდილობთ ის დავანგრიოთ,
რაც შესაძლოა სულაც არ არის გასაკვირი - ქაოსი
ჩვენი დედის პლაცენტაა და ამიტომ ვისწრაფვით მისკენ. ჯერ ჯერობით არაფერი არ გამოგვდის.
ამიტომ გაბრაზებულნი ჩვენს მიერ შექმნილ პატარ პატარა სამყაროებს გამუდმებით ვანგრევთ
და დაუღალავად ვცდილობთ ჩვენს პერსონალურ საწყის
ქაოსს დავუბრუნდეთ.
ქართველები რა თქმა უნდა არ განვსხვავდებით
სხვებისგან, მხოლოდ ერთი თავისებურება გვახასიათებს: ჩვენ ჩვენს სამყაროს აშენებამდე
ვენგრევთ. ამდენად ცალი ფეხი გამუდმებით ქაოსში
გვიდგას.ერთი შეხედვით თითქოს „ჩვენი პეპლები“ არც ისე ძლიერად აფარხულებენ თავიანთ
ჭრელ ფრთებს... ამიტომ გამუდმებით სახელმწიფოებრიობის
ჩამოყალიბებისა და მისი გაქრობის ზღვარზე ვართ.
არც მივფრინავთ, არც მოვფრინავთ...
მიუხედავად ამისა დღეს განსაკუთრებულ. იქნებ
საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან,
ეროვნულობის რეალურად გააზრების ეპოქაშიც კი ვცხოვრობთ.
ჩვენ გასული საუკუნის უმეტესი ნაწილი ჩვენს
საბჭოთა პრეისტორიულ კუნძულზე კინგ კონგივით მკერდზე მუშტების ბრაგუნში გავატარეთ და
ამ ინერციით მოვედით 90 იან წლებამდე, აქ დავანგრიეთ ყველაფერი, რისი დანგრევაც შეიძლებოდა და ჩაბნელებულნი სრულიად მარტონი აღმოვჩნდით
ნეონით განათებულ სხვის ირონიულ სამყაროში, ეს ჩვენი პირველი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება
იყო, რომელიც აგრესიაში გადაიზარდა. აგრესია ერთგვარ მასობრივ შიზოფრენიაში, ბოლოს
კი ეროვნულ სადო - მაზოხიზმში, მის უკანასკნელ სტადიაში, როდესაც საკუთარი სასტიკი
პერვერსიისგან სიამოვნებასაც კი ვეღარ იღებ და ღრმა სიძულვილი გეწყება საკუთარი არსებობის
მიმართ.
ერთი ორჯერ დეპრესირებული
სადისტი ბავშვებივით ფრთებიც კი დავაძრეთ ჩვენს ჭრელ პეპელას, რის შედეგადაც
უძრაობის დაჭაობებულ ნირვანაში ამოვყავით თავი.
ძირითადად კი მისი ფრთის ყოველი დაქნევა დამანგრეველ
პოლიტიკურ ტორნადოს იწვევდა , და ყველაფრის ისევ თავიდან აშენება გვიწევდა.
დღეს ჩვენი ქაოტური დინამიკის ახალ ფაზაში ვმყოფებით.
და კიდევ ერთხელ გვაქვს შესაზლებლობა თავად გავხდეთ პეპლები და ჩვენი დღევანდელი ფრთხილი
და გააზრებული მოქმედებით, რამდენიმე წლის შემდეგ ტორნადო კი არა გაზაფხულის ნაზი ნიავი
გამოვიწვიოთ, ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო, საკმარისია მოლოდ რომ მივხვდეთ, რომ
სახელმწიფო პირველ რიგში ადამიანია, და მერე მისი გეოგრაფია, ეკონომიკა, ისტორია...
ახალი ფაზა სამართლიანობის აღდგენით კი არა სამართლიანობის აღსრულებით უნდა დავიწყოთ. და სამართლიანობა არ გავაიგივეოთ მხოლოდ სისხლის
სამართლის კოდექსთან, თვალებში ჩავხედოთ იმ პატარა უსამართლობებს , რომელსაც ყოველდრე
ჩავდივართ, და რომელსაც ვერც ერთი პროკურორი და სასამართლო ვერ აღადგენს. ჩვენი ცხოვრება
ძალიან პატარა ადამიანური დეტალებისგან შედგება, რომელიც გვათბობს, და სიცოცხლის გავრცელების
სურვილის შენარჩუნებაში გვეხმარება...გვახსენებს რომ ადამიანები ვართ, და გვავიწყებს
ცხოველურ საწყისს... ჩვენ ომში დაღუპიული ჯარისკაცის დალეწილ ცხოვრებაზე
წუხილი, სინდისის ქეჯნა უფრო გვჭირდება, ვიდრე მის გმირულ სიკვდილზე პათეტიკური აღტკინება.
ჩვენ გვჭირდება გვახსოვდეს, რომ ჩვენი საზოგადოება
ათასნაირი ადამიანისგან შედგება, და არ უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება მხოლოდ გმირებზე,
ყველაზე ლამაზებზე, ყველაზე ნიჭიერებზე, მაგრებზე, და ლიდერებზე...
ორი წლის წინ ჩვენ ვწუხდით რომ მარჯანიშვილის მოედანი ერთადერთი
თავისუფალი ადგილი დაგვრჩა, რომელიც მონუმენტითა ან ძეგლით ვერ ავითვისეთ, ათასგვარი პროექტი განიხილებოდა...
გმირების, რაღც დიადი მოვლენების, ლამაზი ქალების თუ კაცების... ამ პროექტების ნახვისას
ყოველთვის ერთი კარგი პლეხანოველი კაცის სახე
წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ. კაცის, რომელმაც ამ უბანს რაღაც ისეთი გენეტიკური
სითბო დაუტოვა, რომელსაც ვერანაირი ევრო რემონტი ვერ წაშლის, მას ყველა იცნობდა ვისაც ამ უბანში გაუვლია, გეცოდინებათ
თუ იმ ეპოქის თბილისში გიცხოვრიათ - კიკა!.. ერთერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი
პლეხანოველი ამ უბნის არსებობის ისტორიაში. ის დაუნის სინდრომით იყო დაბადებული
, ტროლეიბუსით სეირნობა და ნაყინი უყვარდა,
ყველას ელაპარაკებოდა, და ყველა ელაპარაკებოდა, დები ყავდა. რომლებიც კარგად უვლიდნენ, ბოლოს
ვიღაც იდიოტებმა არყის სმა ასწავლეს...90 იანებში გარდაიცვალა. აბა რა მოუვიდოდა.
დარწმუნებული ვარ კიკას ძეგლი მარჯანიშვილის
მოედანზე ადამიანებს თბილ ღიმილს მოგვრის, იმათაც კი, ვინც არ იცნობდა, და გაახსენებს,
იმისათვის რომ ძეგლი დაგიდგან სულაც არ არის აუცილებელი გმირი იყო, რომ კიკასნაირები
ზუსტად ისეთი სრულფასოვანი წევრები არიან ჩვენი საზოგადოების, როგორც ჩვენ თვითონ, კიკა ჩვენი ადამიანურობის სიმბოლო გახდება, ჩვენი
პეპელა, რომლის ფრთის ნაზი დაფარხულება, რამდენიმე წლის შემდეგ ანგელოზის ფრთასავით მიესალბუნება თქვენს პატარას
ძილში და ღიმილს მოგვრის.
4 ნოემბერი 2013
თბილისი