ცხელი შოკოლადი N75
"ყველაფერი სახელმწიფოსთნ ერთად. არაფერი სახელმწიფოს გარეშე. არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ" – ბენიტო მუსოლინი
La Marseillaise 1907
ეროვნული
თვითშეგნება კოლექტიური
პარანოის ნაირსახეობაა, მას
ხშირად მგზნებარე პატრიოტიზმსაც
უწოდებენ, ეს უკანასკნელი
თავის მხრივ, ჰიპერსექსუალობას
წააგავს, მის პულსაციებთან
გამკლავება ძალიან ძნელია.
ის საზოგადოების სოციალურ
სახეზე აისახება და ადრე, თუ
გვიან ისეთ პოლიტიკურ პათოლოგიად
ყალიბდება, როგორიც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობებია.
განსხვავება
ჰიპერსექსუალობასა და მგზნებარე
ჰიპერპატრიოტიზმს შორის
მხოლოდ იმაშია, რომ პირველი
თანდაყოლილი პათოლოგიაა,
მეორე კი შეძენილი. თუმცა,
ხშირად ამ პათოლოგიით
განსაკუთრებულად მძიმედ
შეპყრობილი ადამიანები
ცდილობენ ის გენეტიკურ
პრივილეგიად გაასაღონ.
პატრიოტიზმი,
ისევე როგორც სექსუალობა
ერთობ ჩვეულებრივი, ბუნებრივი
მოვლენაა. ის საკუთრებასთან,
სიხარბესთან და სიყვარულთან
არის დაკავშირებული. თავის
ექსტრემალურ ვერსიებში კი
სიძულვილთან. ჰიპერსექსუალობის
ფანტაზმს, მის გამძაფრებულ
პორნოგრაფიულობას, ხშირად
ძალადობა კვებავს, ჰიპერ
პატრიოტისას კი სიძულვილი.
ამ
უკანასკნელთ საკუთარ სამშობლოს
სიყვარულზე მეტად – სხვისი
სამშობლოს სიძულვილი ასაზრდოებთ.
დასტურად უამრავი მაგალითის
მოყვანა შეიძლება გასული
მეოცე სუკუნიდან, როდესაც
სიტყვა პატრიოტიზმმა
განსაკუთრებული ბარბაროსული
დატვირთვა შეიძინა და ისეთი
გამოჩენილი ჰიპერპატრიოტები
შვა, როგორებიც იყვნენ: ადოლფ
ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი,
იოსებ სტალინი, მაო ცედუნი,
ფრანსისკო ფრანკო, ფიდელ
კასტრო... ასევე მილიონობით
პატარა რკინის ჯარისკაცი,
თავიანთი ცოლებით, შვილებით,
საყვარლებით, პატარა ზიზღის
ზარბაზნებით, ქილიკის
პისტოლეტებით, გინების
ტყვიამფრქვევებით, დაბეზღების
მოძრავი მხიარული ავტობუსებით,
მობილური სახრჩობელებითა
და რა თქმა უნდა ჰიპერპატრიოტული
ფანტაზიის მწვერვალით– გაზის
კამერებით...
ამ
პატარა რკინის მილიონებმა
სხვა მილიონებს სული ამოხადეს
მგზნებარე ლოზუნგების ფრიალით
ატეხილ
ქარიშხალში, ჰიმნების, ფანფარების
გამაყრუებელ გუგუნში – ისინი
ყველაზე ჰიპერპატრიოტები
იყვნენ, თავიანთი ენთუზიაზმით,
ინციატივებით... თვით საკუთარ
მეტრებზე უფრო მგზნებარენიც
კი.
ჟირაფის
გალია.
კარიბჭესთან
ორი ბრინჯაოს ლომი იდგა:
სალაროს პატარა ჯიხურს დარაჯობდნენ, რომელშიც
მსუქანი ქალი იჯდა და ფულს
აგროვებდა. ქალი ძალიან მდიდარი
იყო, რადგან მთელი დღე ფულს
აგროვებდა. შესაძლოა ის ღმერთიც
იყო. არავინ იცის.
ბებიას ღმერთი ფულის სანაცვლოდ დაგრაგნილ ბილეთს აძლევდა, ზუსტად ისეთს როგორსაც ტროლეიბუსში გვაძლევდნენ კონდუქტორები. ამ ბილეთებით ხელში ლომებს შუა მშვიდობით გავდიოდით და ბებია პირველ სიტყვას ამბობდა – არ დამეკარგოთ!სამყარო იქვე იწყებოდა. პატარა დაღმართის ბოლოში, სადაც სელაპი ცურავდა თავისთვის... ყველა აქ იყო: ვეფხვი, მაიმუნი, მგელი, მარტორქა, ბეჰემოტი, კენგურუ, ირემი, ქათამი, მგელი, აქლემი, თევზი, სირაქლემა... ყველა მარტო იყო , წყვილის გარეშე... რადგან სინამდვილეში ნოე თავისი კიდობანით ვერეს ხეობაში გაეჩხირა, სულ ორასიოდე კილომეტრში არარატის მთიდან... მხოლოდ მერე ცხოველებს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ, ერთნი გალიებში გამოიკეტნენ ნაწყენები, მათი მეწყვილეები კი წავიდნენ. მგონი არარატზე... ზუსტად არავინ იცის.
სადღაც ანტილოპას სიახლოვეს, ბებია ქაღალდში ძალიან ლამაზად შეხვეულ ჯოხზე წამოცმულ შოკოლადის ესკიმოს ყიდულობდა. რომელიც მაშინვე დნობას იწყებდა და თითებზე წურწურით ჩამოსდიოდა.
ბებიას ღმერთი ფულის სანაცვლოდ დაგრაგნილ ბილეთს აძლევდა, ზუსტად ისეთს როგორსაც ტროლეიბუსში გვაძლევდნენ კონდუქტორები. ამ ბილეთებით ხელში ლომებს შუა მშვიდობით გავდიოდით და ბებია პირველ სიტყვას ამბობდა – არ დამეკარგოთ!სამყარო იქვე იწყებოდა. პატარა დაღმართის ბოლოში, სადაც სელაპი ცურავდა თავისთვის... ყველა აქ იყო: ვეფხვი, მაიმუნი, მგელი, მარტორქა, ბეჰემოტი, კენგურუ, ირემი, ქათამი, მგელი, აქლემი, თევზი, სირაქლემა... ყველა მარტო იყო , წყვილის გარეშე... რადგან სინამდვილეში ნოე თავისი კიდობანით ვერეს ხეობაში გაეჩხირა, სულ ორასიოდე კილომეტრში არარატის მთიდან... მხოლოდ მერე ცხოველებს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ, ერთნი გალიებში გამოიკეტნენ ნაწყენები, მათი მეწყვილეები კი წავიდნენ. მგონი არარატზე... ზუსტად არავინ იცის.
სადღაც ანტილოპას სიახლოვეს, ბებია ქაღალდში ძალიან ლამაზად შეხვეულ ჯოხზე წამოცმულ შოკოლადის ესკიმოს ყიდულობდა. რომელიც მაშინვე დნობას იწყებდა და თითებზე წურწურით ჩამოსდიოდა.
–...ნუ
ილოკავ ჭუჭყიან თითებს, მოდი
დაგბანო, თორემ ბზიკები
შეგჭამენ... ბებიას შადრევანზე
ტკბილ გაწეპებულ თითებს ბანდა.
შადრევანთან ახლოს სპილო
ცხოვრობდა, მის მეზობლად კი
ჟირაფი. იქით აღარაფერი არ
იყო. სამყარო ზუსტად აქ
მთავრდებოდა...ჟირაფის გალიასთან.
ჟირაფი
ოთხმოციან წლებში მოკვდა
სამყაროს დასასრულთან ერთად.
და ამ ტრაგედიამ, თავისთავად
ცხადია, სამყაროს დასაწყისიც
შეიწირა.
ნიკოლა შოვინი
როშფორელ მგზნებარე პატრიოტსა და გულად ჯარისკაც ნიკოლა შოვინს(Nicolas Chauvin), 18 წლის ასაკში უკვე ყველა საომარი კამპანია გამოვლილი ჰქონდა : ჯერ საფრანგეთის რევოლუციას ემსახურა უანგარო თავდადებით, შემდეგ ნაპოლეონ I ის იმპერიულ არმიას. თვრამეტი ჭრილობა ჰქონდა, და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არც ერთი ზურგში!...სამი ამპუტირებული თითი, გატეხილი ბეჭი. საზარლად დასახიჩრებული შუბლი, ღირსების ხმალი. წითელი ლენტი, ორასი ფრანკი პენსია... «აი ძველი, გულადი გროგნარდი – ბონაპარტის ყველაზე ერთგული, ყველაზე თავდადებული მეომარი, რომელიც თავისი სამშობლოს მზის ქვეშ განისვენებს და მის წმინდა საფლავს ხის უბრალო ჯვარი მფარველობს...»
ლეგენდარული ნიკოლა შოვინი, რომელმაც დასაბამი მისცა მსოფლიოში ასე პოპულარულ პოლიტიკურ ტერმინს – შოვინიზმს, სინამდვილეში, საერთოდ არ არსებობდა .
მითი მის შესახებ საფრანგეთის ბოლო, ლუი –ფილიპ პირველის (1830–1848), ეგრეთწოდებული «ივლისის მონარქიის» გასამყარებლად და მის იდეოლოგიურად განსამტკიცებლად შეიქმნა.
მეცხრამეტე საუკუნის დასწყისში ქუჩის მომღერლებისა და მელექსეების მიერ შექმნილი გმირი ჯარისკაცი შოვინის პერსონაჟი თეატრის სცენამ თითქმის მაშინვე გააშარჟა, გადაჭარბებული პატრიოტული აგრესიის პაროდიად , დაცინვის საგნად აქცია...
ხოლო 1848 წელს, როდესაც მეორე რესპუბლიკამ საბოლოოდ დაასამარა მონარქიული წყობა საფრანგეთში, იუმორს მოკლებულმა კაცობრიობამ საბრალო დასახიჩრებული ჯარისკაცი ნიკოლა შოვინის კომიკური პერსონაჟი ნაციონალისტურ–პატრიოტული აგრესიის გამომხატველ ცივ პოლიტიკურ ტერმინად აქცია.
ქართული შოვინიზმის რენესანსის ეპოქაში, 1990 წლის სიახლოვეს, ის საერთოდ რუსეთის ყბადარებული "მისტიური სულის" სინონიმად მოგვევლინა... საკუთარი შოვინიზმით გონებადაბნელებულ ჩემს თანამემამულეებს რაღაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა სხვის შოვინიზმზე ყბედობა...
ყველა ასე ამბობდა– ველიკო რუსსკიი შოვინიზმ... დიდი რუსული შოვინიზმი... ამას სამოცდაათიანებში ჩურჩულით ამბობდნენ, მერე ნელ ნელა ხმას მოუმატეს... ოთხმოციანების ბოლოს აღრიალდნენ.... ველიკორუსსკი! ველიკორუსსკი შოვინიზმ! ... სინამდვილეში. შოვინიზმს ქვეყნის ზომებთან არავითარი კავშირი არა აქვს. პატარა ქართული შოვინიზმი არაფრით განსხვავდება დიდი რუსულისგან, რადგან შოვინიზმი სხვა არაფერია თუ არა პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის ექსტრემალურად ბრიყვული, აგრესიული, პერვერსული ფორმა, რომელსაც იმ წლებში საქართველოში ნამდვილი პანდემიის მასშტაბი ჰქონდა მიღებული, და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე ისეთივე "ველიკი" იყო როგორც რუსული.
80 იანი წლების დასაწყისში პარიზის პასტორის ინსტიტუტში მეცნიერებმა შიდსის ვირუსის გამოყოფა შეძლეს, ამავე ათწლეულის ბლოს კი თბილისში მთავრობის სასახლის წინ, ქართველებმა ყაყანსა და აურზაურში ზოგადი დიდი სიბრიყვიდან შოვინიზმის ვირუსის განცალკევება მოახერხეს, «მართვად» ვირუსად აქციეს და მას შემდეგ, რაც იძულებულნი გახდნენ სასჯელის უმაღლესი ზომა. დახვრეტა გაეუქმებინათ, სადამსჯელო ინსტრუმენტის, დახვრეტის ალტერნატივის ფუნქცია დააკისრეს.
დღეს ქართული შოვინიზმი ერთგვარი ინექციაა, რომელიც უგულო პუბლიკის თვალწინ, გამჭირვალე მინის კაბინაში ქამრებით დაბმულ სიკვდილმისჯილის სულში შეჰყავთ, უზარმაზარ ღვინის ტიკების მსგავს რეზერვუარებზე მიერთებული მილებით, «რომ მოღალატეს» ნელი. მტანჯველი, უღირსი სიკვდილით ამოხადონ სული.
კაბინის თავზე ჰიპერპატრიოტთა ძველი ლოზუნგია გაკრული:
ყურადღება! როგორც ყოველთვის, და როგორც არასდროს! – ჩვენი მრავალტანჯული სამშობლო- საფრთხეშია!!! ჩაეხუტე მას, მოეფერე დაღლილს! მკერდით დაიცავი იგი!...
"არსებობს" მჩაგვრელისა და ჩაგრულის შოვინიზმი. ეს უკანასკნელი როგორც წესი უგუნურებს პოზიტიური გონიათ. "როგორც წესი" იმიტომ, რომ მჩაგვრელი ერი არ არსებობს, ყველა ერი დაჩაგრული, ნაიარევი, ტანჯულია... ყველას ბეჭი აქვს გატეხილი, სამი ან მეტი თითი აკლია, ყველა, აბსოლუტურად ყველა ჭრილობა მკერდში და შუბლში აქვს მიღებული...დიდი და პატარა ქვეყნები, დიდი და პატარა ერები...ყველანი ჩაგრულნი არიან, ამიტომ ყველას შოვინიზმი "პოზიტიურია".
ბედნიერი ერი არ არსებობს,
ყველა სამშობლო ტანჯულია.
ყველა. უკლებლივ.
სად იწყება ის?
სამშობლო...
სად მთავრდება?
როდის იბადება,
ან კვდება?
სამშობლოს საზღვრები გამუდმებით იცვლება... დიდდება,პატარავდება, ისევ დიდდება... და მაინც, ყოველთვის რჩება რაღაც პატარა მიწის ნაგლეჯი, რომელიც ოდესღაც მას ეკუთნოდა და ხარბმა მეზობელმა წაგლიჯა... რომლის დასაბრუნებლად სიცოცხლის გაწირვა ღირს... სხვისი შვილების სიცოცხლის... განსაკუთრებულ პათოლოგიურ შემთხვევებში, საკუთარისაც კი...
სამშობლო დაუმთავრებელი ომია.
ყველა ომი სამამულოა,
ყველა ომი მოშლილი ხორცის საკეპი მანქანაა..
სამართლიანიც, და უსამართლოც...
არსად იმდენი ადამიანური სიბრიყვე და ირონია არ არის, რამდენიც ომში.
არსად იმდენი ტრაგედია არ არის რამდენიც ომში,
სამშობლო ტრაგი–კომედიაა..
ალცეიმერით დაავადებული
შეშლილი, თმაგაწეწილი დედაა,
რომელსაც მიდმივი თვალყურის დევნება სჭირდება,
მას ხან გაზის გამორთვა ავიწყდება,
ხან ცეცხლის,
ხან დენის...
ის გამუდმებით
საფრთხეშია!
მას აწმყო არასოდეს წყალობს...
პრინციპში,
არც მომავალი,
ამიტომ სულ მოწყენილია,
სულ დეპრესიულია...
მას არც წარსული წყალობს...
წარსული განსაკუტრებით არ სწყალობს...
ამიტომ იძულებულია ის გამოიგონოს და მერე საკუთარი სიცრუე რელიგიურად დაიჯეროს...
ბუნებით პესიმისტია, გარკვეული აგრესიული ცრუ ოპტიმიზმის ელემენტებით...
გაუფრთხილდით, მოეფერეთ სამშობლოს! დაიცავით იგი! სასთუმალზე ერთხელაც არ დაიძინოთ! დაიღალეთ მის სიყვარულში! გაკაჟდით მტრების ცივ სიძულვილში, გასწირეთ თავები, კბილები, თითები, ხელები, ფრჩხილები, ფეხები ... პატრიოტებო პატრიოტებო! პატრიოტებო!....შეერთდით! შეერთდით!... ჩქარა !!!!...
თავდადება
–
ეტიმოლოგია
ლათინური
Pater, რომლიდანაც
სიტყვები
Patrie (მამული)
და შესაბამისად პატრიოტიზმი
მოდის, პირდაპირი მნიშვნელობით
მამას ნიშნავს.
პატრიოტიზმი
გამოხატავს
ერთობის, ქვეყნის შიგნით
საერთო ღირებულებების კოლექტიურ
განცდას. პატრიოტი ჯარისკაცია,
ის თავის მამულს ემსახურება
და მისი მტრებისაგან დასაცავად
ყოველ წუთს მზად არის თავი
გასწიროს...
ცხადია იმ ფორმით რა ფორმითაც
შეუძლია – მაგალითად ჩვენს
აღგზნებულ ეპოქაში ლექსებით,
სიმღერებით, თავდადებული
შრომით, მტრის სიძულვილით,
კარგი სწავლით, კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნით და ა.შ... ანუ ყველაფრით
რაც მოწყენილი და დასახიჩრებული
სამშობლოს გულს გაახარებს.
ლოგიკურია,
პატრიოტისათვის მტრის არსებობას
სასიცოცხლო მნიშვნელობა
აქვს, სხვანაირად მისი სიცოცხლე
უბრალოდ აზრს კარგავს. პატრიოტი მტრის გარეშე იგივეა, რაც ადამი ევას გაჩენამდე.
მაგრამ...
ბოლოს და ბოლოს რას
იცავს პატრიოტი? მართლაც, რა
არის სამშობლო: საცხოვრებელი
ადგილი? ტერიტორია, ისტორია, რელიგია, დრო, პოლიტიკური
წყობა, კულტურული სივრცე,
ენა?... სამშობლო ქმნის ერს, თუ
პირიქით?
ზემოთ
ჩამოთვლილი ანგრედიანტები
გამუდმებით ცვლილებებს განიცდიან:
საცხოვრებელი ადგილიც,
ტერიტორიებიც, პოლიტიკური
წყობაც, ენაც... სამშობლო
ყოველთვის სადღაც გაგირბის,
დაჭირობანას გეთამაშება, შენ
მისდევ... ხან დაეცემი, ხან
ტალახში ჩავარდები, ხან
ორმოში... შენ კი მაინც მისდევ,
მისდევ, მისდევ ... შორტებში, გადატყავებული
მუხლებით, ხელში პეპლების
საჭერით, მხარზე გადაკიდებული
მძიმე კალშნიკოვით და ბრეტელებში
გარჭობილი ორი ხელყუმბარით...
ირმის
ყივილი გზისპირას.
ყოველთვის
როდესაც ბაბუას მძღოლს ლიკანში
მიჰყავდა, დედა უკანა სავარძელზე, შუაში
სვავდა.ზუსტად
ცენტრში. გული რომ არ არეოდა
. წინ იყურე! – სულ ეუბნეოდა,
ორ–სამ წუთში ერთხელ... წინ
ვოლგა 21 ის რადიატორზე მიმაგრებულ
ქრომირებულ რკინის ირემი
იყო. უყურებდა. დარწმუნებული
იყო რომ ბაბუას მძიმე შავ
«ვოლგას» პრიალა ირემი მიაქანებდა
120 კილომეტრის სიჩქარით ბორჯომის
ხეობაში, ტყის გასწვრივ... ეს
ტყე მისი
სახლი
იყო. ქრომის ირემის. ამიტომ როდესაც ნაძვნარის
პირას
მირბოდნენ ირემი
ყოველთვის
გახარებული ყიოდა ... მძღოლი
აპიპინებდა...თვითონ იძინებდა.
დედის კალთაში. შავ –თეთრ
რადიოში ლუდმილა ზიკინა
მღეროდა: «იდიოტ
მოია ვოლგა...»
დარწმუნებული იყო, რომ ზიკინას
ბაბუასნაირი შავი ვოლგა–21 ჰქონდა
და მას
უმღეროდა.
ერთხელ,
დიდი ხნის შემდეგ, სულ რამდენინე
წლის წინ ირემს ტყეში შეჰყვა,
მას შემდეგ აღარავის უნახავს.
არც თვითონ, და არც ქრომის ირემი.
–––
შუასაუკუნეებში
თითქმის ყველგან, დედამიწის
ყოველ კუთხეში სამშობლოდ
აღიქმებოდა სოფელი, ქალაქი,
ან რეგიონი სადაც ადამიანი
დაიბადა, გაიზარდა. სამშოლოს
ეს გაგება დღემდეა შემორჩენილი
უამრავ ქვეყანაში. მათ შორის
ქართულ პროვინციაშიც: მაგალითად
სალაპარაკო ენაში ხშირად
მეზობელ სოფელში
ან რეგიონში გათხოვილი ქალი
სამშობლოდ თავის მშობლიურ
სოფელს თვლის.
ანტიკურ
საბერძნეთში სამშობლოდ
ითვლებოდა მიწა, ტერიტორია
სადაც წინაპრების საფლავები
იყო.
მგლების
მიერ საკუთარი ტერიტორიის
მოშარდვის მსგავსად სამშობლოს
საფლავებით მარკირება, ასევე
დღემდე შემორჩა ბევრ ქვეყანას.
უნდა ითქვას რომ ეს ყველაზე
ადამიანური და კონკრეტული
ახსნაა ტერიტორიალურ სამშობლოსთან
მიჯაჭვულობის... და ეს ძალიან
ამაღელვებელია... საერთოდ
სიკვდილი ამაღელვებელი
გრძნობაა... 90 იანი წლების
დასაწყისში აფხაზეთის ომის
ლტოლვილები სახლების დაკარგვას
ასე თუ ისე შეეეჩვივნენ,
საფლავებისას ვერა.
სტაბილური
სიყვარული.
ორ
გვერდიან კონტრაქტში ეწერა,
რომ ტესტირება ხორციელდება
ეთნიკურად
არაადგილობრივი წარმოშობის
მომხმრებლის
მარკეტოლოგიური
შესწავლის
მიზნით. და
მისი მთავარი მიზანია დაადგინოს
სხვადასხვა საოციალური
ფენის დამოკიდებულების
ხარისხი საკუთარ წარმოშობასთან.
ევროპული
სამომხმარებლო
ბაზარი
ეთნიკურად სულ უფრო და უფრო
მრავალფეროვანი ხდება. ალბათობა
იმისა, დღევანდელი მეგა მარკეტის
კლიენტი ადგილობრივი წარმოშობისა
იყოს, დღითიდღე საოცარი
სისწრაფით მცირდება. სულ რაღაც
ათიოდე წლის წინ სუპერმარკეტებში
მხოლოდ კაშერული სექციები
ფუნქციონირებდა ებრაული
წარმოშობის კლიენტთათვის.
ძალიან მალე ამას დაემატა
მუსულმანური
კონფესიის კლიენტურისათვის
განკუთვნილი ჰალალის პროდუქცია,
ემიგრაციის ზრდასთან ერთად
განსაკუთრებით მოიმატა
ჩინურმა, ინდურმა,
და სამხრეთ
აღმოსავლეთ აზიური,
იაპონური
წარმოშობის კვების პროდუქტებმა.
გაიხსნა უამრავი რუსული
"გასტრონომი", სერბული
სასურსათო მარაზიები... ჩვენი
კორპორაციისათვის, რომელიც
მულტინაციონალურ მეგა
მარკეტების ქსელებს შორის
ერთ ერთი ლიდერის პოზიცია
უკავია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ვიცოდეთ თუ როგორ რეაგირებს
კლიენტი დახლებზე თავისი
მშობლიური პროდუქტის დანახვისას,
მოქმედებს თუ არა პატრიოტული
გრძნობა მის გემოვნებაზე,
არჩევანზე, ფასზე, გადაწყვეტილების
მიღებაზე და ა.შ... რას
უკავშირებს ის ცნობილ ტერმინს "პატრიოტულ
კონსომაციას", ეთნიკურ სამშობლოს
თუ იმ ქვეყნის პროდუქციას, რომელშიც მან მეორე სამშობლო
ჰპოვა?
აღნიშნული იყო, რომ ტესტირების ფორმა თავისუფალია. რესპოდენტს შეუძლია ისაუბროს მისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით მოცემულ თემაზე.
აღნიშნული იყო, რომ ტესტირების ფორმა თავისუფალია. რესპოდენტს შეუძლია ისაუბროს მისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით მოცემულ თემაზე.
სულ ქვევით, ძალიან წვრილი ღია ნაცრისფერი შრიფტით ეწერა, რომ შედეგები აგრეთვე გადაეცემა წინასაარჩევნო სტატისტიკის შემსწავლელ ნაციონალურ ცენტრს, როგორც ტესტირების თანადამფინანსებელს.
კონტრაქტში ხაზგასმული იყო,
რომ ინტერვიუ გრძელდება
სამოც წუთს. რომლის შემდეგაც
რესპოდენტი მიიღებს 45 ევროს
ჩეკს.
ჩვეულებრივ
აუდიო კაბინაში იჯდა. წინ
მიკროფონი ედგა. ყურსასმენი
გაიკეთა.
–
მზად
ხართ? მაშინვე მოესმა
მამაკაცის
ხმა – კარგად გესმით? ხომ
მოხერხებულად ზიხართ?
თავი
დაუქნია. საიდანღაც
უთვალთვალებდნენ.
–
კარგი, დავიწყოთ. ლუსიენ მიდი...
–
გამარჯობათ
ბატონო H . ჩემი კითხვა...
სამშობლოსთან თქვენს
დამოკიდებულებას როგორი
გრძნობების კატეგორიას
მიაკუთნებდით?
H
–მა ჩაახველა. და მხრები აიჩეჩა.
მერე თავი გააქნია. ლუსიენს
წვრილი არც ისე სასიამოვნო
ხმა ქონდა.
– H
გიყვართ სამშობლო?
–
რა?
–
სამშობლო
გიყვართ? – H –მა მხრები აიჩეჩა.
–
გძულთ?
–
ოჰ,
რას ამბობთ!... გულგრილი სინანულით
თქვა. უფრო ალბათ მიყვარს.
ჰო... ნამდვილად არ მძულს... თუმცა
სიყვარული... არ ვიცი... გააჩნია
როდის.
–
რას
გააჩნია?
–
სამშობლოს...
ის ორნაირია. ადმინისტრაციული და
სენტიმეტალური. პირველი მძულს.
მეორე კი მხოლოდ ჩემს მოგონებებში
არსებობს. წარსულში. მის მიმართ
ნაზი გრძნობები მაქვს.
– ეგ
როგორ?
–
ერთხელ
. დიდი ხნის, მგონი ოცი წლის
წინ მომეჩვენა, რომ ჩემი
სამშობლო გარდაიცვალა და
შევეცადე მისთვის ძეგლი
დამედგა, რაღაც პატარა მონუმენტის
მსგავსი... აი დაღუპულ მფრინავებს რომ უდგამდნენ ადრე... დალეწილი
თვითმფრინავის კორპუსის და
მექანიკის ნარჩენებით... წვერში
პროპელერით, ოქროს ასოებით
და ესეთი რაღაცეებით...
–
მერე
გამოგივიდათ?... მოითმინეთ...
მგონი არ იწერს.
ორწუთიანი დუმილის შემდეგ ლუსიენმა სთხოვა გაეგრძელებინა იმ ადგილიდან, სადაც მესიე H პროპელერზე საუბრობდა.
ორწუთიანი დუმილის შემდეგ ლუსიენმა სთხოვა გაეგრძელებინა იმ ადგილიდან, სადაც მესიე H პროპელერზე საუბრობდა.
–
ჰო,რაც
ხელში მომხვდა იმით ავაგე,
პირველივე შემთხვევით
ამოტივტივებული სცენებით.
სულ რამდენიმე... მერე მივხვდი,
რომ ეს სცენები მარტო ჩემი
არ იყო. ზოგი ჩემს მეგობარს
ეკუთნოდა, ზოგი ნათესავს,
ნაცნობს, ან შემთხვევით
პლაჟზე
გაცნობილ
გოგოს... მაგრამ ისინი ჩემები
გახდნენ. ჩემი მოგონებები კი
მათი... ხომ გესმით... ეს
რაღაც ქრისტეს სისხლის
გაზიარებას გავს... მოგონებებში შესვლა, თუ მათი შენში შემოშვება...რაღაც ძალიან
მშვიდი...
სტაბილური
გრძნობაა.
–
სად
არის ეს მონუმენტი?
H
მა შუბლზე მიიკაკუნა თითი.–
აქ.
ლექსია. გინდათ წაგიკითხოთ?
–რა
თქმა უნდა მესიე H! ყურადღებით
გისმენთ.
_
როგორც იტყვით... სამშობლოს
ხსოვნას...
ეს სათაურია ესეთი... ესე ქვია..
სამშობლოს
ხსოვნას
სტაბილური
სიყვარული,
68
წელს ნაყიდი ნაყინივით დამდნარი,
ტკბილი
გაწებილი თითების ლოკვა,
წელიწადის
მხოლოდ ორი დრო:
-ზამთარი,ზაფხული
და ისევ ზამთარი,
საგანთა
სიმარტივე, მათი გენიალურობა,
ირმის
ყივილი ტყის პირას,120 კმ-ით
ქროლვისას,
ბემბი.
უსიხარულო იმიგრაცია,
ჯოჯოხეთი,
სადაც ცოდვილი ამერიკელები
ხვდებიან,
სიკვდილის
შემდეგ,
სიყვარულის
გაუთავებული მოლოდინი,
მისი
შიში,
პორნოგრაფიით
მოვაჭრე ცალხელა ბუდა,
ინფორმაციას
მოკლებული სიბრძნით,
ბიძგით
ნირვანასკენ,
სადაც
ყვითელი სიშიშვლე გელოდება,
და
სიმარტოვე -
დიდ
ფრთებიანი ცისფერი შევროლეტი,..
ქვეყნის
დასასრული-
ჟირაფის
გალიასთან,ზოოპარკში,
რომელიც
ეხლახანს, სიბერით მოკვდა... (1991)
–მოგეწონათ?
–შეგიძლიათ
კიდევ ერთხელ გაიმეოროთ? მგონი
არ ჩაიწერა... ძალიან მომეწონა.
–ქართული
რომ არ გესმით?
–პოეზიაში
მუსიკაა მთავარი... როცა
გენებთ.. იწერს...
– – – –
შუა
საუკუნეებში სამშობლო მონარქის
სინონიმად აღიქმებოდა. მეფე
წარმოადგენდა ქვეყნის, სამშობლოს
პერსონიფიკაციას . ისევე
როგორც დღეს ბევრ პოლიტიკურად
განუვითარებელ და შუა
საუკუნეებში გაჭედილ ქვეყანაში
პრეზიდენტი, პრემიერი,
სახელმწიფოს მეთაური.
სიტყვა
სამშობლომ განსაკუთრებულად
ფართო და თანამედროვე დატვირთვა
საფრანგეთის რევოლუციის დროს
მიიღო. მოხდა მისი თავისუფლებასთან,
იდეისათვის ბრძოლასთან,
თავგანწირვასთან იდენტიფიცირება.
ამაში უდიდესი წვლილი ნაპოლენურ
პირველ იმპერიას მიუძღვის.
მოგვიანებით
სამშობლომ (Patrie) რევოლუციონერთა
წაბაძვითა და მონარქისტებთან
ოპონირებით რესპუბლიკანული
მნიშვნელობა შეიძინა.
პარალელურად
ამავე ეპოქაში ჩამოყალიბდა
ევროპაში ნაციონალიზმისა
და პატრიოტიზმის იდეა, რომელიც
თავისთავში გულისხმობს ერთობას
ნაციის დაცვის მიზნით.
1870
წლის პრუსიასთან ომმა სიტყვა
სამშობლო ფედერალისტურ
გაგებად აქცია საფრანგეთში.
1871
წლის, ამავე ომში მარცხის
შემდეგ კი «პატრიამ» ნაციონალისტურ
– რევანშისტული მნიშვნელობა
შეიძინა, დაწყებით სკოლებში
სამშობლოს ღირებულებების
კულტივაცია სწორედ ამ ეპოქაში
იღებს სათავეს.
ბავშვებო,
ბავშვებო!
დაიმახსოვრეთ!
სამშობლო:
ნატანჯი,
ნაწამები...
მოწყენილი,
დაღლილი...
ჩვენი
სამშობლო...
საფრთხეშია!
სამშობლო
ყოველთვის.
გამუდმებით
საფრთხეშია!...
მას
ჩვენი ძლიერი
ჩვენი
მხურვალე
უსაზღვრო
სიყვარული.
უანგარო
სამსახური,
ჩვენი
ცოდნა,
ჩვენი
დათუნია,
ჩვენი
ტკბილეული,
მურაბები.
შოკოლადები,
ჩვენი
დედების.
ჩვენი
მამების,
ჩვენი
უმცროსი ძამიკოების,
დაიკოების
ჩვენი
სიცოცხლე
ჩვენი
სიკვდილი
სჭირდება!..
მომავლის
ჯარისკაცებო!
საყვარელო,
საზარბაზნე
ბავშვებო!...
....ჯერჯერობით....
....
დასხედით!...
სამშობლოს
ცნების საბოლოო, დღევანდელი
სახით ჩამოყალიბების არც თუ
ისე გრძელი პროცესი პირველ
მსოფლიო ომთან ერთად, დაახლოვებით
1918 წელს დასრულდა, ისევე, როგორც
მისი განუყოფელი ატრიბუტის:
მემარცხენე
და მემარჯვენე ნაციონალიზმის.
რომლის დღევანდელი სახით
ჩამოყალიბებაში ისევ და ისევ
საფრანგეთს, არც თუ უკანასკნელი
როლი აქვს ნათამაშები. კერძოდ,
არმიის კაპიტან ალფრედ დრეიფუსის
სასამართლო პროცესით.
დრეიფუსის
საქმე
დაახლოვებით
140 წლის წინ საფრანგეთის
იმპერიასა და და პრუსიის
სამეფოს შორის ომი ალზასი–ლორენის
ტერიტორიების დაკარგვითა
და საფრანგეთის იმპერიის
დაცემით დასრულდა. რომლის
შემდეგ ქვეყანა, განსაკუთრებით
მისი არმია ღრმა კრიზისმა
მოიცვა, რაც განსაკუთრებით
გამოიხატებოდა გამძაფრებულ
ჯაშუშომანიაში, უცხოელების
მიმართ უნდობლობაში, შიშში,
ანუ ჰიპერპატრიოტიზმისატვის
დამახასიათებელი გრძნობების
ყველა იმ ექსტრემალურ
გამოვლინებაში, რომელთა
ერთობლიობას დღეს ქსენოფობიას
უწოდებენ.
რა
თქმა უნდა უცხოელებში, პირველ
რიგში იგულისხმებოდნენ
გერმანელები და ყველა სხვა
ეროვნების წარმომადგენელი
ვისაც შეეძლო მათ სასარგებლოდ
ჯაშუშური საქმიანობა ეწარმოებინა.
90 იან წლებში ქვეყნის მართვის
ავტორიტარულმა ფორმამ,
კონსპირაციებზე ობსესიამ,
ხელისუფლების უუნარობამ
საზოგადოებრივი აზრის თავის
სასარგებლოდ მომართვისა,
საბოლოოდ დაანგრია სამართლის
პრინციპი და მოშალა იუსტიციის
მექანიზმი. ამ ეპოქაში საფრანგეთში
ანტისემიტიზმმა იმ კულმინაციას
მიაღწია, როცა ის უკვე საშიში
გახდა არა მარტო ებრაელებისათვის,
არამედ თავად რესპუბლიკისათვის.
1894
წლის სექტემბერში, რუსეთსა
და საფრანგეთს შორის საომარი
გეგმების მომზადებისა და
საიდუმლო შეთანხმების
შემუშავების პერიოდში, ფრანგულმა
დაზვერვამ გერმანიის საელჩოს
ნაგვის ყუთში ანონიმური
ამანათი აღმოაჩინა, რომელიც
მთელ რიგ გრიფით საიდუმლო
მნიშვნელოვან სამხედრო
დოკუმენტებს შეიცავდა.
დააპატიმრეს
გენერალური შტაბის მე–2 ბიუროს
სტაჟიერი ოფიცერი,კაპიტანი
ალფრედ დრეიფუსი, პროფესიით
პოლიტექნიკოსი.
ფრანგი, წარმოშობით ალზასელი,
კონფესიით ებრაელი. .
ბრალდება:
განსაკუთრებული, უმაღლესი
კატეგორიის ღალატი – ჯაშუშობა
გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ.
საფუძველი:
ხელწერის უბრალო ვიზუალური
მსგავსება.
წარდგენილ
იქნა სამხედრო საველე საბჭოს
წინაშე,
იმავე
წლის 22 დეკემბერს აეყარა
სამხედრო ჩინი. მიესაჯა
ატლანტიკის ოკეანეში ეშმაკის
კუნძულზე გარე სამყაროსთან
სრულ ფიზიკურ და ინფორმაციულ
იზოლაციაში სამუდამო გადასახლება
. საიდანაც ის პირობითი სასჯელით
განთავისუფლდა 1989 წელს.
ამის
შემდეგ წლების განმავლობაში
კაპიტანმა დრეიფუსმა მთელი
თავისი დრო და ენერგია საკუთარი
სახელის რეაბილიტაციას
მოანდომა: "თავისუფლება
ღირსების გარეშე ორი გროშიც
არ ღირს". ეს მისი სიტყვებია.
უსამართლობის
ამ გრძელი საგას დასაწყისში
განაჩენის სამართლიანობა
თითქმის არავის გაუპროტესტებია.
პირიქით საზოგადოება უფრო
მკაცრ სასჯელსაც კი ითხოვდა
"მოღალატისათვის".
ცნობილმა
ფრანგმა სოციალისტმა ჟან
ჟორესმა ღია წერილითაც კი
მიმართა სამხედრო ტრიბუნალს,
სადაც განაჩენის ლმობიერებას
აპროტესტებდა «იმ ფონზე,
როდესაც ფრანგ ჯარისკაცებს,
გაცილებით ნაკლები დანაშაულისათვის
დახვრეტას უსჯიდნენ»... თუმცა
იგივე ჟან ჟორესი მოგვიანებით
დრეიფუსის ყველაზე თავგამოდებულ
დამცველთა რიგებს ჩაუდგა
სათავეში, რომელშიც ბევრი
ცნობილი ფრანგი ინტელექტუალი
გაერთიანდა: ემილ ზოლა, ანატოლ
ფრანსი, მარსელ პრუსტი...
მისი
დაპატიმრების პირველ ხანებში
კი, 1894 ში, ცოტას თუ შეეპარა
ეჭვი განაჩენის უსამართლობაში.
რომ არა კაპიტნის ოჯახის,
კერძოდ მისი ძმის ჯიუტი და
თავდადებული ბრძოლა სიმართლის
დასადგენად, ალფრედ დრეიფუსის
საქმე საერთოდ არ იარსებებდა.
1896
წლის შემოდგომაზე პრესაში
გამოჩნდა რამდენიმე პუბლიკაცია,
გამოიცა პატარა ბროშურა, სადაც
მოთხრობილი იყო უსამართლოდ
დასჯილი ახალგაზრდა კაპიტნის
საქმე. იმავე წელს დაზვერვის
ახალმა შეფმა პოლკოვნიკმა
პიკარდმა აღმოაჩინა დოკუმენტი,
რომელშიც ნამდვილი დამნაშავის,
დრეიფუსივით სტაჟიორი ოფიცერი
ესტერაზის კონტურები გამოისახა.
«ფიგარომ»
დამნაშავის პოვნა გაახმაურა.
სამხედრო საბჭო, იძულებილი
გახდა ესტერაზი ტრიბუნალის
წინაშე ფორმალურად მაინც
წარედგინა, და ამით თავიდან
აეცილებინა დრეიფუსის საქმის
გადახედვა. სამხედრო ტრიბუნალმა
ნადვილი დამნაშავე 1898 წლის
10 იანვარს ერთხმად გაამართლა.
დაზვერვის ახლად დანიშნული
შეფი პოლკოვნიკი პიკარდი,
რომელმაც საქმის მსვლელობას
სამართლიანი მიმართულება
მისცა, მეტროპოლიას მოაშორეს
და ტუნისში გადაიყვანეს ახალი
მისიით.
მეორე
დღეს ემილ ზოლამ, ჟორჟ კლემანსოს
გამოცემა «ავრორაში» გამოაქვეყნა
«ღია წერილი პრეზიდენტ ფელიქს
ფურს», სათაურით – « მე ბრალს
გდებთ!» , სადაც ის ფარდას ხდის
რესპუბლიკის არმიის სარდლობისა
და მის თანამონაწილეთა მიერ
ჩადენილ უსამართლობას. წერილი
300 000 ტირაჟით გავრცელდა,
ზოლას
ცილისწამების ბრალდებით
ერთი წელი ციხე და ჯარიმა
მიუსაჯეს...ის იძულებული გახდა
ერთი წლით ლონდონისთვის
შეეფარებინა თავი, სანამ მის
მიმართ დევნა არ შეწყდა.ზოლა
1902 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.
მემარცხენეთა,
კერძოდ მათი ლიდერის ჟან
ჟორესის, აგრეთვე ფრანგ
ინტელექტუალთა დიდი ნაწილის
ანგაჟირების წყალობით ალფრედ
დრეიფისის საქმე(1894
–1906), რომელსაც ხშირად ზოლას
პროცესსაც უწოდებენ,თორმეტი
წლის შემდეგ, 1906 წელს კაპიტანის
სრული რეაბილიტაციით დამთავრდა.
დრეიფუსის
საქმემ მნიშვნელოვანი როლი
ითამაშა თანამედროვე ევროპული
პოლიტიკური ცნობიერების
ჩამოყალიბებაში, პროცესი მე
19 საუკუნის მიწურულის მთავარ
სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენად
დარჩა მესამე რესპუბლის
ისტორიაში და განსაკუთრებული
კვალი დაამჩნია ფრანგულ
პოლიტიკურ იდეებს სულ ცოტა
1945 წლამდე... რომ არაფერი ვთქვათ
ზოგადად სამართალის ისტორიაში
მის ქრესტომათიულობაზე.
პროცესი
სამართლიანობის მხარეს
ინტელექტუალთა ფაქტიური
ანგაჟირების, სოლოდარობის
პირველი ისტორიული მაგალითი
გახდა.
დრეიფუსის
საქმემ პირველად წარმოაჩინა
ანტისემიტიზმი, როგორც
ინსტიტუციონალური ბოროტება
და მას საღი აზრი და ცივილურობა
დაუპირისპირა. სწორედ ქვეყანაში
და განსაკუთრებით გენერალურ
შტაბში გამეფებული ანტისემიტიზმის
მიზეზით დააფარეს ხელი ნამდვილ
დამნაშავეს, უდანაშაულო
ებრაული წარმოშობის კაპიტნის
დაპატიმრებიდან ორი წლის
თავზე.
მემარჯვენე
ნაციონალისტებისათვის ეს
საქმე მათი პატრიოტიზმის
ანტისემიტურ დასტურად იქცა.
ტერმინი
აპარტეიდი პირველად იქნა
გამოყენებული როგორც უარყოფითი
ოფემიზმი ებრაელისა. რაც
გულისხმობდა, რომ:
ებრაელი
არის ქვეყნის მოღალატე.
მას
არ გააჩნია სამშობლო,
ამდენად
მას არ შეიძლება უყვარს ის,
რაც არ გააჩნია.
ის
ურწმუნო კოსმოპოლიტია.
სოციალიზმი
კოსმოპოლიტიზმია და
ის
დაკავშირებული
ღალატთან,
უსამშობლოობასთან,
უჯიშობასტან...
ებრაელობასთან!
პირველი
მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთმა
თითქოს დააღწია თავი პატრიოტიზმის
ამ უკიდურესად ნაციონალისტურ
ფორმას, მაგრამ მეორე მსოფლიო
ომის ოკუპაციისას დრეიფუსის
ეპოქის ნაციონალიზმის ახალმა,
კიდევ უფრო ექსტრემალურმა
ფორმამ ეპიდემიასავით იფეთქა,
მხოლოდ ამჯერად უკვე ნაცისტურ
კონტექსტში...
მას
შემდეგ კონტექსტები მრავალჯერ
შეიცვალა საფრანგეთშიც და
მსოფლიოში, ნაციონალიზმისა
და შოვინიზმის არსი და სტრუქტურა
კი პრინციპში უცვლელი დარჩა
– განსაკუთრებით ჩვენში –
საქართველოში: ყოველთვის,
ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში
ძალიან ადვილად ვპოულობთ
დრეიფუსებს და მათ უსამართლოდ
ვასამართლებთ, ვსჯით, ვაწამებთ, ვანადგურებთ... განსაკუთრებულ სიამოვნებას მორალური აგრესიით ვიღებთ, და ეს ნაკლებ ბოროტებად მგვაჩნია, ვიდრე ფიზიკური განადგურება. აწვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ქართულ კონტექსტში ჩვენი თანამემამულე დრეიფუსები – ებრაელები კი არა,
ეგრეთწოდებული "რუსეთუმეები"
არიან.საქართველოს ბევრი ასეთი დრეიფუსი" ჰყავს, მხოლოდ არ ჰყავს ზოლა.
ცალხელა
ბუდა
ნაცრისფერი
პიჯაკის მარჯვენა სახელო
ჯიბეში ჰქონდა ჩატანებული.
ხელი ალბათ ომში დაკარგა.
სამოციან წლებში საუკუნის
მეორე დიდი ომის მიმქრალი
ნაკვერჩხლები ჯერ კიდევ
ხრჩოლავდა. ქალაქში ბევრი
მედლებიანი ხეიბარი იყო. მერე
ნელნელა გაიკრიფნენ. წავიდნენ.
ბუდა
შავთეთერ ფოტოებს ყიდდა. კამოს
და მეჩნიკოვის ქუჩების კუთხეში.
რაღაც მედალი მასაც ეკიდა.
ლენინი პროფილში. ლენონის
ფოტო მომყიდა პირველად – ათ
კაპიკად. მერე «ჯეფერსონ
ეროპლაინის». ამ ჯგუფის არსებობა
ფოტოდან შევიტყე, ფოტოებს
ქვედა კუთხეში ხანდახან
ინგლისურად ეწერა დასახელება თეთრად. უცნაურ ფოტოები ქონდა.
უბის ჯიბეებში დასტები ეწყო
თემატურად – სოფია ლორენი,
ჯინა ლოლობრიჯიდა, რაჯ კაპური, ბრიჯიტ
ბარდო, ჟან მარე, ლუი დე ფიუნესი...
და მეორე დასტა, ბითლები,
როლინგები, დორსები, რაღაც
უცნობი როკ ჯგუფები. არავინ
იცის სად შოულობდა ამ ფოტოებს.
საშინელი ხარისხის კი იყო.
ერთხელ
ზამთრის ცივ დილას მე და ჩემს
ძმაკაცს შეგვხვდა სანაპიროდან,
ფსიქიატრიულის მხრიდან
მოუყვებოდა ზევით მეჩნიკოვის
ქუჩას სკოლისკენ. გავაჩერეთ,
ახალი რა გაქვსო, ვკითხეთ. ეშმაკურად გაგვიღიმა. რუსი
იყო, არსდროს არაფერი უთქვამს,
მაგრამ ისეთი ნაცრისფერი
წვრილი თვალები და სწორი ქერა
თმები ჰქონდა რომ ნამდვილად
რუსი იქნებოდა.. ან იქნებ
ლიტველი, ან უკრაინელი... მოკლედ
რუსი... ნასვამი იყო. ორ ორი
ფოტო გვაჩუქა – პორნგრაფიული.
პირველად ვნახე ესეთი ფოტოები.
მსგავსი ძლიერი გრძნობა
პირველი სექსის დროსაც არ
განმიცდია... ფოტოზე შავკანიანი
ქალისადა თეთრკანიანი წყვილის
ორგიის სცენა იყო.
იმ
დღეს პირველად გავიარე მტკვარზე
ისე, რომ ფეხი არ დამსველებია...
–
როგორ
ბატონო H?
–
როგორც
იესომ.
დრეიფუსიზაცია
"საყოფაცხოვრებო
დრეიფუსი" არის ადამიანთა
კატეგორია, რომელთა არსებობა
ისეთ პრიმიტიულ საზოგადოებაში
როგორიც 21 საუკუნის საქართველოშია,
მეტად კომფორტაბელური და
გამოსადეგია. ამ კატეგორიას
შეგიძლია ნებისმიერ მომენტში
მიაკუთნო ნებისმიერი ადამიანი,
აქციო ის სამშობლოს მოღალატეთ,
და ამის გამო სინდისის ქეჯნა
არ განიცადო. რადგან
"დრეიფუსებს" სამშობლო
არ უყვართ, უფრო მეტიც, ისინი
კოსმოპოლიტები ანუ სოციალისტები
არიან და შესაბამისად მათ
სამშობლო არ გააჩნიათ... ზუსტად ისე, როგორც
ებრაელ კაპიტანს მეცხრამეტე
საუკუნის ბოლოს...
ქართული
საზოგადოების ექსტრავაგანტურად პრიმიტიულ ნაწილს უყვარს
იმის ხშირი აღნიშვნა, რომ ევროპაში
დემოკრატია სამასი წელი შენდებოდა
და რომ, ჩვენ ყველაფერი ჯერ კიდევ
წინ გვაქვს... მართლაც რა არის
115 წლიწადი რომელიც დრეიფუსის
საქმეს გვაშორებს იმ სიბრიყვის
მარადისობასთან შედარებით,
რომელშიც ისე მოხერხებულად და ტკბილად ვართ მოკალათებულნი როგორც
დედის საშოში... ქართველები
სწორედ მიხვდნენ რომ სამშობლო
დედაა და არა მამა – პატრი...
დედა რაც არუნდა ცუდი იყოს,
ბოროტი, ლოთი, ნარკომანი... მის
საშოში თავს მაინც კომფორტულად
გრძნობ, იქ ტირილი გირჩევნია
გარეთ სიცივეში სიცილს... მხოლოდ
იქიდან ერთ დღეს თუ არ გამოხვედი
სამუდამო ფეტუსად დარჩები, ბოლოს ჩალპები, სეფსისის წყაროდ გადაიქცევი, დედასაც ბოლოს მოუღებ და საკუთარ თავსაც... ჩემი თანამემამულეების
დიდ ნაწილს სწორედ ეს დაემართა...
სამშობლოს
ჭიპლარი უნდა გადაჭრა, დედას
გარედან უნდა შეხედო... და შენი
გზა ნახო...
დრეიფუსები
სწორედ ის ხალხია რომლებსაც
თბილი საშოდან გარეთ დაუნდობელ
და ცივ სამყაროში გაგდებით
ემუქრებიან გამუდმებით
მუქარით, შანტაჟით... ისინიც
თავის დაცვის მიზნით მარადიული კონტრშეტევის რეჟიმში ცხოვრობენ:
ალზასელი კაპიტნისგან
განსხვავებით თავად ახდენენ
თავიანთი ბრალმდებლების
დრეიფუსიზაციას.
საყოველთაო
ყაყანსა და აურზაურში შემთხვევით
მოხვედრილი კაცი, რომელსაც
არავითარი საფუძველი არ
გააჩნია ეჭვი შეიტანოს რომელიმე
მხარის სიმართლეში, აუცილებლად
იფიქრებს რომ ამ უცნაურ
ქვეყანაში, საქართველოში სამშობლო მართლა
არავის უყვარს და შესაბამისად
ყველა მოღალატეა... მართალია,
ერთი მარტივი კითხვა მაინც
ჩნდება: როგორ შეიძლება
ღალატობდე იმას, რაც არ
გიყვარს?... მაგრამ მსგავსი
კითხვის დასასმელად აქ არავის
არ ცალია..
მით უმეტეეს გაუგებრობაში
შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს.
აქ გამალებით აწეპებენ ერთმანეთს "დავითის ყვითელი ვარსკვლავის
სტიკერებს" და სწორედ ამ უცნაური
სამშობლოს სიძულვილში
ადანაშაულებენ ერთმანეთს...სამშობლოსი, რომელიც არავის უყვარს...ეს
ყველაფერი რა თქმა უნდა უბადრუკი
და ულმობელი თამაშია. აქ
ყველაფერი დასწრებაზეა, ვინ
დააწეპებს პირველ სტიკერს,
ვინ ატკენს უფრო ძლიერად,
ცრემლებამდე, ყმუილამდე, გულის
გახეთქვამდე, კუბოზე უშნოდ და უგულოდ დაჭედებულ ლურსმნით ურეფლექსო ჩხვლეტამდე...
...
ადამიანს
სრული უფლება აქვს არ უყვარდეს
სამშობლო, ან გულგრილი იყოს
მის მიმართ, უფლება აქვს იყოს
ეგოისტი, ფიქრობდეს მხოლოდ
საკუთარ კეთილდღეობაზე, არ
სურდეს საკუთარი თავის, შვილების
გაწირვა არაფრის გულისათვის,
უფლება აქვს არ იყოს გმირი...
ასრულებდეს, ან ვერ ასრულებდეს მორალური «კონტრაქტის» პირობებს–
სახელმწიფოსთან, რომელსაც
მისი სენტიმეტალური სამშობლო
ქვია. რომელთანაც პოლიტიკურ
იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს,
მაგრამ ზუსტად ისეთივე ხარისხის
მგძნობიარობით არის მასთან
დაკავშირებული, როგორც
მოღალატეებზე დაგეშილი
ჰიპერპატრიოტები... მხოლოდ
მშვიდი, სტაბილური მგრძნობიარობით...
მისი მდგომარეობა ძალიან
წააგავს დაბადებით ტრავესტიტის
ცხოვრებას საპირისპირო სქესის სხეულში, რომელშიც
ბუნების შეცდომით მოხვდა.
ასეთი
ტრავესტების უმრავლესობა, ისეთ ჰიპერპატრიოტულ პათოლოგიურ
კონტექსტის ქვეყანაში, როგორიც
საქართველოა იძულებული ხდება ამ სახიფათო აგრესიულ
თამაშში ჩაებას, ნებისმიერ
პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურობაში
აწყდება სახელმწიფოებრივ
მნიშვნელობის რანგში აიყვანოს და მისი გადაწყვეტის პროცესი
ყოველთვის მოღალატეების
ძებნით დაიწყოს. «მოღალატეების»
პოვნაზე ადვილი კი საქართველოში
არაფერია. ისინი იძულებულნი
არიან ერთგვარ გეი– ჰომოფობებად,
ებრაელ ნაცისტებად. მარადიულ კოლაბორაციონისტებად გადაიქცნენ,
იმისათვის რომ თავი გადაირჩინონ...
არა
და, სიტყვა ღალატი თითქმის
ამოღებულია თანამდროვე
პოლიტიკური ლექსიკონიდან
იმ ქვეყნებში, რომლებსაც ასე
ურცხვად ეკეკლუცება ვულგარულად
წითლად ტუჩებ გათხუპნული და
ქვედაკაბა დამოკლებული, შავ
წინდებიანი, წვრილ ქუსლიან
ტუფლებზე შემდგარი გამეძავებული საქართველო.
ბოლოს
და ბოლოს სამშობლოს სიყვარული
ყველა სახით არის შესაძლებელი.
აფხაზეთის და სამამაჩაბლოს
გარეშეც, ისევე როგორც საინგილოს,
ტაო–კლარჯეთის გარეშე იყო შესაძლებელი ...
სამშობლო საგზალივით შეგიძლია
ზურგზე მოიკიდო და ულისესავით
წახვიდე სახეტიალოდ...მთელი
ცხოვრება გეყოფა, მაშინაც,
თუ კი არასდროს დაბრუნდები...ამისათვის
პრეზიდენტის მიერ ნაწყალობები
შენი "ეტიმოლოგიის"
ბეჭედიანი დასტური არ გჭირდება.
აბსოლუტურად არ გჭირდება...
სანამ პარიზის პერიფერიკზე
საცობში გაჭედილი სპონტანურად
ჯერ კიდევ შენს ენაზე აგინებ
ბელგიელ და ესპანელ სატვირთო
მანქანების მძღოლებს, სანამ
სიზმარში შენს ენაზე აუხსნი
სიყვარულს იაპონიის იმპერატორის
თოჯინასავით ლამაზ ქალიშვილს,
სანამ შენს გამოცარიელებულ
თავში ერთი სიტყვა მაინც
ილაყლაყებს ბავშვობაში
ყულაბაში ჩაგდებული ფასდაკარგული
მონეტასავით... ამ გერბიან პატარა
სასაცილო წიგნაკში საგულდაგულოდ
ჩაბეჭდილი შენი მონაცემები
სხვა არაფერია, თუ არა ჰამლეტის:
სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...
და ცოტა ციფრები.
ვინტეიჯი
სამშობლო
–ბატოონო
H ვინ არის "თანამემამულე" ?
–ადამიანი,
რომელთან ერთად კოლექტიური
მგრძნობიარობა გაგაჩნია, და
ცოტა მახსოვრობა... პრინციპში
მახსოვრობა არც ისე მნიშვნელოვანია
– ის მხოლოდ ფანტაზიის
ხარისხზეა
დამოკიდებული,
საერთო მახსოვრობა საერთო
მგრძნობიარობის გარეშე, უკეთეს
შემთხვევაში მხოლოდ სხვენში
ნაპოვნი ძველი გაზეთის გვერდია,
სადაც რამდენიმე წლის წინანდელი
რომელიღაც კონკრეტული დღის
დოღის მონაცემები და ამინდის
პროგნოზია.
ადამიანები
კოლექტიურ მახსოვრობას თავად
ქმნიან კოლექტიური მგრძნობიარობის
საშუალებით.
ეს მათ აერთიანებს,
კლანებად აყალიბებს. ასეთი
ადამიანების და კლანების
დიდ ერთობლიობას ნაცია ქვია.
პირველად
ეს ბეარიცში მეგობრის
ოჯახში სდილის შემდეგ,
საბჭოთა კავშირზე საუბრისას
შევნიშნე, ჩემს მასპინძელს
და მის მეგობრებს ხაზგასმულად არ აინტერესებდათ
ჩემი საბჭოთა კავშირი,რომელშიც
ნახევარზე მეტი ცხოვრება
გავატარე.
მათ საკუთარი წარმოდგენა
ჰქონდათ კარიბის კრიზისზე,
სტალინზე, გულაგზე, გორბოჩოვზე,
პერესტროიკაზე... ეს ყველაფერი
პრესიდან, ტელევიზიიდან,
დიაგილევის ბალეტიდან, დოქტორ
ჟივაგოდან მიიღეს. მოწმე
რომელიც რეალურ შესწორებებს
შეიტანდა მათ ცოდნაში არ
ჭრდებოდათ. ამიტომ ყოველთვის,
როდესაც ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი
ჩემი საკუთარი
წარსულის მათეულ ვერსიას, თავაზიანი
ღიმილით მანიშნებდნენ, რომ
მათ თავიანთი, საკუთარი ისტორია
აქვთ, რომელთანაც საერთო
მგრძნობიარობა აერთიანებთ,
რომელშიც მე ჩემი ზუსტად
განსაზღვრული ადგილი მაქვს
და არავინ
მომცემს უფლებას ფიგურების
გადაადგილების.
საკმაოდ
გვიან მივხვდი, რომ მართლები
იყვნენ. ზუსტად ასეთივე
კოლექტიური მგრძნობიარობის
წყალობით დღევანდელი ქართველები
ასევე უყვებიან ერთმანეთს
ჩემი საბჭოთა წარსულის შესახებ
კიდევ უფრო პრიმიტიულ ვერსიებს...
. მათი ცოდნა რა თქმა უნდა უფრო
უბადრუკია ვიდრე იმ ბეარიცელი
ინტელექტუალებისა, რომლებიც
ასე
თუ ისე, საბჭოთა
კინოს, ლიტერატურას მაინც
იცნობენ, უყურებენ
საშუალო ევროპელის «ინტელექტის»
დაუშრეტელ წყაროს: ტელე არხ «არტეს» ,
რომელმაც მეორე მსოფლიო ომის,
საბჭოთა კავშირის, გულაგის,
უძრაობისა და პერესტროიკის
თემა ჯერ ვერაფრით ვერ ამოწურა,
განსხვავებით ჩემი
თანამემამულეებისაგან,
რომლებმაც საბჭოთა სიმბოლიკა
წაშალეს, შენობები დაანგრიეს,
ისტორია, რომელიც ჩემი და უამრავი ჩემნაირის, ჯერ
კიდევ ცოცხალი და ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებაა
ერთ პატარა სტუდია – მუზეუმში
გამოკეტეს, როგორც ცოცხლად
მუმიფიცირებული ეგვიპტელი.
უცნაური სახელი, ოკუპაციის
მუზეუმი დაარქვეს და ისე
შემომდეს თაროზე ექსპონატად, როგორც ერთ დროს სწორედ ის
აკრძალული საბჭოთა ფილმები, დღეს ასე წარმატებით რომ უჩვენებენ მათ ფაგმენტებს ამ "სტუდია – მუზეუმში" ჩაწერილ
გადაცემაში, სულის შემძვრელი
სათაურით – «წითელ ზონა»...
ჩემი
ეპოქის კლასიფიცირება ამით
დამთავრდა.
ეპოქა
კი ჩემი სამშობლო, საბჭოთა
საქართველოა. რომელიც ვერაფრით
ვერ გახდება ნაკლებად საქართველო,
ან ნაკლებად სამშობლო, მისი
პოლიტიკური შეფერილობის
მიხედვით.
ამის
გაკეთების ერთდერთი შესაძლებლობა
კოლექტიური მგრძნობიარობის
მანიპულირებით კოლექტიური
მახსოვრობის მოდიფიცირებაა.
რაც პრინციპში თეორიულად
შესაძლებელია, პრაქტიკულად
კი ძალიან ძნელი განსახორციელებელი.
განსაკუთრებით ისეთი იაფ
ფასიანი საშუალებებით, როგორიც
ეს საბრალო მუზეუმი და რამდენიმე
ძალიან ცუდი დოკუმენტალური
ფილმია, რომელსაც დამოუკიდებელი
და თავისუფალი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობა არალეგალურად,
პირატულად მოპოვებული
არქივებით აკოწიწებს თავის
პირველ არხზე. მით უმეტეს ა საქართველოს საბჭოთა წარსულის მონოპოლისტ მეიგავე პროპაგანდისტებს ამის უნარი და ნიჭი უბრალოდ არ გააჩნიათ.
მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოახერხეს ის, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს
ინტელექტუალური და კულტურული
ალტერნატივა. და ეს უდავოდ წარსულთან
მებრძოლების მეთოდური მუშაობის "დამსახურებაა". მათ საგულდაგულოდ
ჩააბნელეს ისედაც მბჟუტავი ქვეყანა, შემდეგ
კი ერთადერთი ნათურის ჩამრთველზე
თითის დაჭერის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეს, ამიტომ თავიანთი
სურვილის მიხედვით როცა სურთ
მაშინ რთავენ და თიშავენ .
ყოველივე
ამის შედეგადაც ჩემს თანამემამულეებს
სსრკ დაახლოვებით ისე
წარმოუდგენიათ როგორც 60იანი
წლების დასაწყისში ოკლაჰომელ
კოვბოებს, რომლებსაც რამდენიმე
აბსოლუტურად იდიოტური
ანტისაბჭოთა ფილმი ჰქონდათ
ნანახი პარკინგ კინოში თავის კოვგელებთან
ერთად.
ჩემი
სამშობლო წარსულში გაზავდა,
გაფერმკრთალდა და გაქრა, არა
დროში, არამედ ჩემი თანამემამულეების
დიდი
ნაწილის გაუნათლებლობაში, სიმხდალეში, უპრინციპობაში, პატარა
სიტუაციის მოპოვებით გაბღენძილი
პრივილეგირებული ბრიყვის სიჯიუტეში, სიძულვილში.
ეს მათი
სამშობლოს
და ნაციის შეგრძნებაა. ვერაფერს
გააწყობ.
ხანდახან
მგონია, რომ ჩემი მგრძნობიარობა,
ჩემი
ცხოვრება, მტვრიანი ვინტეიჯ მაღაზიაა... ლამაზი და უშნო
უსარგებლო ნივთებით სავსე...
რომლებიც
ჩემს
თავში ნერონებივით დაეხეტებიან, ციმციმებენ,
ტვინის ხან რომელ სფეროში
ამოყოფებნ
თავს
ხან რომელში, მერე ქრებიან... ნეტა
ტვინი
რამდენი
გიგაბაიტია?..
ხომ
არ იცით?...ლუსიენ, ლუსიენ დაგეძინათ?
–
...რა
ბრძანეთ?.. არა, რას ბრძანებთ,
ყურადღებით გისმენთ...სტალინი
მართლაც საშინელი ვინმე იყო...
პასტერნაკი ჩემი საყვარელი...
–ლუსიენ...
რა შუაშია პასტერნაკი?...მომისმინეთ,
ეხლა გეტყვით რა არის ჩემთვის
სამშობლო... ჩემი თეორია მაქვს.
– იცით
დრო თითქმის ამოიწურა, არ ხართ
ვალდებული გააგრძელოთ...
– ლუსიენ,
ჩემი თეორია მაქვს. მე
დნმ – ის მჯერა.. ადამიანები
თავიანთ
დნმ–ს ანაბეჭდს
თითქმის
ყველგან ტოვებენ. ისინი
საუკუნეების შემდეგაც არ ქრებიან... აქ მისი სული ტრიალებსო,
ხომ გაგიგიათ? სული კი არა დნმ –ს ეფექტია. მაგალითად შეიძლება
კაფეში შეხვიდეთ. დაჯდეთ სკამზე და უცებ ვიღაც თქვენი ძალიან ახლობელი იგრძნოთ,
რომელიც აქ იჯდა ოდესღაც..
მაგალითად ელვის პრესლი, ან
მერლინ
მონრო, ან ბებიათქვენი... ყველაზე
მეტი დნმ–ის კვალი სასაფლაოებზე
და ძველ სახლებშია... მაგალითად
ადიხარ კიბეზე, მოაჯირს ხელს
მოკიდებ და უცებ ცრემლი
მოგადგება, დედა გაგახსენდება...გაგახსენდება
კი არა ისე იგრძნობ როგორც
არასდროს, ფიზიკურადაც
და
სულიერადაც...
ეს არის ... ხომ გესმით ? როდესაც
ჩემს
მშობლიურ
ქალაქში
ჩავდივარ გამუდმებით ასეთ
საგნებს ვაწყდები. ხელს ვკიდებ,
ან ვჯდები, ან მივეყუდები...
ჩემი სამშობლო იქ არის...სადაც
ყველაზე მეტი დნმ მელაპარაკება...როდესაც
კედელს, ან ხეს მივეყუდები...
და კიდევ, ჩემი სამშობლო არის
ენა, რომელზეც დნკ მელაპარაკება...
და კიდევ თავისუფლება, რომელიც
არ მზღუდავს მივეყუდო რასაც
მინდა... დანარჩენი ყველაფერი
მუყაოს დეკორაციაა. საზღვრები,
რელიგია, პოლიტიკური და
კულტურული გავლენის სფეროები...
მუყაოს და სილიკონის მუსის
დეკორაციაა... სულ
უფრო და უფრო ნაკლებია ასეთი
ადგილები, მიყუდება, ან ხელის მოკიდება რომ მოგინდება. ასე მგონია, რომ
ღამღამობით სკაფანდრებში
ჩაცმული დნმ–ზე მონადირე
მუნიციპალური ტერმინატორები
დადიან ქალაქში, ზურგზე
მოკიდებული პულვილიზატორებით
და გრძელტარიანი ჯაგრისებით.
სპეციალური ყვითელი სათვალე უკეთიათ,
რომელიც დნმ–ს ანაბეჭდს
ხილვადს ხდის. როგორც კი
იპოვიან მაშინვე რეცხავენ,
ხეხავენ, აახლებენ, აპრიალებენ...
მოკლედ თავდაუზოგავად მუშაობენ
ეს ნაბიჭვარი დნმ–ტერმინატორები, მაგრამ
«წასაშლელი მაინც ბევრია»,
იმდენი, რომ ერთი "ძალაუფლება" არ ეყოფა – ამ ქალაქში გაცილებით მეტი
კარგი ადამიანი ცხოვრობდა ადრე,
ვიდრე დღეს სკაფანდრიანი
ტერმინატორები არიან... აი მეც, ჩემის მხრივ დავდივარ
და ვტოვებ ჩემს დნმ –ს, ზოგს
სად, ზოგს სად... ოდესმე, ვინმე
პატარა ბიჭი მუშტაეთის პარკის
პატარა ორთქმავალს დედისგან
მალულად ხელს დაადებს, და მას
ჩემი ბავშვობის მეგობარი
პანჩო რამე სასაცილოს მოუყვება
მაშინდელი ჯერ კიდევ გაუპრიალებელი
«ვინტეიჯ» პლეხანოვის უბანის
ცხოვრებიდან...მაგალითად
თორმეტი წლისა კვირაობით დღისით როგორ შოულობდა მატარებლის პიონერ–გამცილებლად პატიოსანი შრომით ორ კაპიკს, საღამოობით კი როგორ
ხულიგნობდა და ატერორებდა იმავე პარკში სხვა ბავშვებ... ლუსიენ დავამთვროთ?
სს
–ჰო, ეხლავე... მოითმინეთ, "მეღდ! პუუუტენ..." მგონი ყველაფერი
წამეშალა...
-ხუმრობთ?
-ხუმრობთ?
-არა მართლა... მეღდ...თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენს ჰონორარს ეს არ შეეხება...პუტენ...
შეგიძლიათ კიდევ ერთი სეანსი?
-კიდევ სამშობლოზე თუ რაიმე სხვა რამე გაინტერესებთ?
-არა, სამშობლოზე... რათქმა უნდა იგივე ანაზღაურებით
–რა პრობლემაა, სამშობლოზე იყოს... რამდენიც გნებავთ... –
ყველაფერი, ყველაფერი წამეშალა პუტენ!...
-არა უშავს... დავიწყო?
-ოკ... როცა გენებოთ!...
- ჰო
დეკემბრის
დასაწყისში მაღალი სიცხები
მქონდა, ბებია ძმრით მზელდა,
ცივ სველ ტილოებს მადებდა
შუბლზე. საძაგელ წამლებს
მასმევდა. ტუჩებს კი ვერცხლის
კოვზით ლიმონის ნაყენით
მისველებდა. გარეთ ბარდნიდა.
მაშინ თბილისში მხოლოდ ორი
დრო იყო, ცხელი ზაფხული და
თოვლიანი ზამთარი.
ფანჯრის წინ, ბროწეულის დათოვლილ წვრილ ტოტებზე – აქა იქ
შერჩენილი ლალის თვლებით
სავსე დიდი გახლეჩილი თასები ეკიდა .
ღამე, როდესაც ბებიას ეძინა, ბროწეულის ხეზე ანგელოზი ამოძვრა და ფანჯრიდან შემოიხედა. მე ხელი დავუქნიე. გამიღიმა და ფთებზე მანიშნა. რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არ მესმოდა. მერე ცოტათი შემობრუნდა. ზურგი დამანახა. ყველაფერს მივხვდი . დიდი ცისფერი ფრთები ქონდა წითელი ნათურებით. ზუსტად ისეთი, როგორიც ყველაზე ლამაზ მანქანას რომელიც ოდესმე მინახავს. ეს მანქანა თბილისში კალინინსა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში იდგა. ერთი ჩემი სკოლელი წითური ხუჭუჭა ბიჭის ბაბუის იყო. "შევროლე იმპალა." 1960 წლის მოდელი. უზარმაზარი ფრთებით საბარგულზე. არავინ იცის საიდან მოხვდა ეს ცისფერი მშვენიერება საბჭოთა საქართველოში... ალბათ ანგელოზებმა ჩამოიყვანეს ამერიკიდან... ან ვინმე მოხერხებულმა ცოდვილმა ამერიკელმა გამოაყოლა ...საერთოდ, მაშინ ცოდვილი ამერიკელების ნაწილს ღმერთი სიკვდილის შემდეგ საბჭოთა საქართველოში აგზავნიდა, რომელსაც რაღაც სალხინებლის მსგავსი სულიერი მისია ჰქონდა დაკისრებული იმ ეპოქის საყოველთაო გეოპოლიტიკურ ჯოჯოხეთში.
ღამე, როდესაც ბებიას ეძინა, ბროწეულის ხეზე ანგელოზი ამოძვრა და ფანჯრიდან შემოიხედა. მე ხელი დავუქნიე. გამიღიმა და ფთებზე მანიშნა. რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არ მესმოდა. მერე ცოტათი შემობრუნდა. ზურგი დამანახა. ყველაფერს მივხვდი . დიდი ცისფერი ფრთები ქონდა წითელი ნათურებით. ზუსტად ისეთი, როგორიც ყველაზე ლამაზ მანქანას რომელიც ოდესმე მინახავს. ეს მანქანა თბილისში კალინინსა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში იდგა. ერთი ჩემი სკოლელი წითური ხუჭუჭა ბიჭის ბაბუის იყო. "შევროლე იმპალა." 1960 წლის მოდელი. უზარმაზარი ფრთებით საბარგულზე. არავინ იცის საიდან მოხვდა ეს ცისფერი მშვენიერება საბჭოთა საქართველოში... ალბათ ანგელოზებმა ჩამოიყვანეს ამერიკიდან... ან ვინმე მოხერხებულმა ცოდვილმა ამერიკელმა გამოაყოლა ...საერთოდ, მაშინ ცოდვილი ამერიკელების ნაწილს ღმერთი სიკვდილის შემდეგ საბჭოთა საქართველოში აგზავნიდა, რომელსაც რაღაც სალხინებლის მსგავსი სულიერი მისია ჰქონდა დაკისრებული იმ ეპოქის საყოველთაო გეოპოლიტიკურ ჯოჯოხეთში.
შევროლე იმპალა 1960 წლის მოდელი (Something Stupid - Frank Nancy Sinatra)
And then I go and spoil it all,
by saying something stupid
Like:
"I love you... I love you... I love you"...
სად
იშოვე
მეთქი,
ვანიშნე.
მხრები
აიჩეჩა
და
რაღაცის
ახსნა
დაიწყო
ხელებით,
წრეებს
და
სამკუთხედებს
ხაზავდა
ჰაერში...
–ვის
ელაპარაკები? - ბებიას
გაეღვიძა.
–ანგელოზს.
–
ღმერთო!
– ჩუმად
თქვა
ბებიამ.
პირჯვარი
გადაიწერა.მერე
ფანჯარისკენ
გაიხედა
და
ანგელოზს
ანიშნა,
ბავშვი
ავად
არის,
დაანებე
თავი,
უნდა
დაიძინოსო.
ანგელოზმა
მარცხენა
ფრთის ფერადი ნათურები
ააციმციმა
და
გაფრინდა.
ერთი კვირის შემდეგ, როდესაც გამოჯანმრთელებული კლასელ ბიჭებთან ერთად სკოლიდან ვბრუნდებოდი, ცისფერი შევროლე–იმპალა (1960 წლის მოდელი) ისევ ძველ ადგილზე დამხვდა, კალინინისა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში. ფრთებიც ზუსტად თავის ადგილზე ეკეთა. მოქრომილი სარკეებიც. ჩვენ ყველანი ჩვეულებისამებრ სათუთად და სიყვარულით "მოვეფერეთ" დათოვლილ ფრთებს... არავინ იცოდა ჩემს გარდა, არც არავისთვის მითქვამს, რომ ღამ ღამობით მათ ანგელოზი იპარავდა და დილამდე გიჟივით დაჰქროდა მთელს ქალაქში.
პ.ქ. – 26
ნოემბერი 2011
Paris
ცხელი შოკოლადი N75
Paris
ცხელი შოკოლადი N75
P.S. ჰიმნების შესახებ
80 – 90 იანი წლების, ორი ეპოქის ნაწიბურზე დაწერილი და მერე დავიწყებული რამდენიმე ლექსი, ძველი სიმღერების მსგავსად ჩემში ზუსტად იმ დროისა და სივრცის რეკონსტიტუციას ახდენს, რომელშიც ისინი დაიწერნენ. თითქოს დროის მანქანის წყალობით XXI საუკუნის ჩემს რეალობაში მოხვედრილი ზოგიერთი მათგანი ისევ აქტუალური აღმოჩნდა ჩემთვის.
მათი ცალკე კრებულად გამოცემა მოოქროვილ სარკოფაგებში მოთავსებული, კარგად შენახულ მუმიების გამოფენა იქნებოდა... მე ისინი ცოცხლები მჭირდება, ისეთივე მგრძნობიარობით, როგორიც მათ ოცი წლის წინ ჰქონდათ. ვიფიქრე, წიგნად აკინძულ პრიალა «მუზეუმის» ნაცვლად, საქართველოში ასე პოპულარულ ჟანრში, ჰიმნებში გამეცოცხლებინა ისინი. წიგნად აკინძულ თოთხმეტ ჰიმნად.
ცნობილი ტელე ჰიმნებისგან განსხვავებით, ჩემს ჰიმნები ტექსტებია, რომლებშიც სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრია გამოყენებული: პოეზია, ნოველა, ესსე, დოკუმენტალური პუბლიცისტიკა, დრამატურგია... ჰიმნები ჩემი ცხოვრების ძაფზე აცმული დროის კრიალოსანია. თამაშია – ყველაზე ფუნდამეტური, მარადიული თემებით : სიყვარული, სამშობლო, თავისუფლება, სიძულვილი... მათი ლოგიკა ჩემთვის დღესაც ისეთივე, გაუგებარია, როგორც გზის დასაწყისში, ან შესაძლოა უფრო მეტადაც... გაუგებარია, როგორც კალეიდოსკოპში შუშის პატარა უფასო ფერადი ნასხვრევებისგან შემდგარი ათასობით კომპოზიციის, მათი ჰარმონიის, მშვენიერების ლოგიკა, რომელიც პრინციპში არ არსებობს, ამიტომ მის უპერსპექტივო ძებნას, ამ უმნიშვნელო პატარა ნამსხვრევებისგან, ფერადი დეტალებისგან შემთხვევით დაბადებულ კომპოზიციებზე მედიტირება სჯობს, რადგან ისინი მხოლოდ ერთხელ ყვებიან რაღაც მნიშვნელოვანს, და მერე, სამუდამოდ ქრებიან.
ჰიმნი N 1 ანარქია
ჰიმნი N 1 ანარქია