27 décembre 2012

კულტურა და მატარებლები


ეს სვეტი დაწერილია "ცხელი შოკოლადის" რედაქციის თხოვნით, რუბრიკისათვის, რომელიც მიეძღვნა კულტურის გარშემო განვითარებულ "ექშენს" ოქტომბერ- ნოემბერში. როგორც ვიცი ამავე თემაზე კიდევ რამდენიმე ავტორმა დაწერა და ის გამოქვეყნდა 2012 წლის ნოემბრის ნომერში. 




როდესაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მომვლისკენ მიმავალ თავის  მატარებელზე შეხტომა ურჩია, ბევრმა ეს მოწოდება ირონიული ღიმილით მიიღო, თუმცა მალე ყველა დარწმუნდა, გულწრფელი სინანულით,  რომ შესაძლოა თავიანთი ცხოვრების ერთად ერთი ნამდვილი  შანსი გაუშვეს ხელიდან – მატარებელში შემთხვევით მოხვედრილი  ბაქანზე უსაქმოდ მოყიალე  ავანტიურისტები, უბილეთო მგზავრები, ვაგზლის ორივე სქესის ბოგანოებიც  კი, სულ რაღაც ორ წელიწადში პირველი კლასის ვაგონის წავის ქურქებში გახვეულ რესპექტაბელურ ბურჟუაზიად გადაიქცნენ , რომლებიც მთელი  მომდევნო წლების გამნავლობაში,  მიშას მხიარულ ვარდისფერ ვაგონ რესტორანში დილაობით “ხიზილალითა და შამპანურით” საუზმობდნენ. საღამოობით კი  ნაირნაირი მურაბიანი ჩაით იტკბარუნებდნენ პირს და თან გეგმებს აწყობდნენ.  მატარებელს უამრავი მგზავრი გზაშიც შეახტა, ბოლოს ისე დაიხუნძლა, რომ დაგვიანებულებს არა თუ ვაგონ რესტორანში, საერთო ვაგონის ხმელი საწოლიც ღარ ერგოთ.

აი სწორედ ასეთებმა, 1 ოქტომბერს საღამოს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე,  თავგანწირული  ზედახორა გამართეს ივანიშვილის ლიანდაგებზე გადაყვანილ  მატარებელში ასაძრომად.  ვის აღარ ნახავთ აქ: ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებს პეტიციებით ხელში, მათ “საკმაოდ განათლებულ” შვილებსა და შვილიშვილებს, კულტურული გაცვლა-გამოცვლების სპეციალისტ  “სვინგერ” ორგანიზატორებს, გამამაცებულ  ჟურნალისტებს...მოკლედ დიდი ამბები დატრიალდა!

შესაძლოა საქართველოს ისტორიის მანძილზე სიტყვა კულტურა არასდროს  ისეთი აქტუალური არ ყოფილა, როგორც ბოლო ერთი თვის მანძილზე.   თითქოს,«კულტურის სფეროში" მოღვაწე  ნახევრად მძინარე  ქართველმა  "მუშაკებმა'', მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო  წლებს მანძილზე ისე მოხერხებულად უვლიდნენ გვერდს ამ  თემას , თითქოს, უკანასკნელი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა მართლაც  ხისტარიანი «მაუზერით» იდგა არტისტების გვამების გროვაზე და ნებისმიერს, ვინც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს აბსოლუტურად უნიფორმირებული კულტურის პოლიტიკის კრიტიკას გაბედავდა, საკუთარი ხელით უხვრეტდა შუბლს...თან   ოპერის ეშმაკივით ხარხარებდა... საერთოდ ადამიანებს ახასიათებთ  საკუთარი სიმხდალის გასამართლებლად, მისი  მასშტაბურ დრამად ტრანსფორმირება , მხოლოდ ამ შემთხვევაში მხდალი ენთუზიასტების აგრესიული აქტიურობა, მართლაც რაღაც კოლექტიურ ადმინისტრაციულ-კულტურულ  ფსიქოზში გადაიზარდა, განსაკუთრებით ახალი კულტურის მინისტრის მოადგილეების ზნეობრივი ნორმების დადგენა- გამოაშკარავებისას, ცხადია, იური მეჩითოვისათვის გილიოტინის მოთხოვნა ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე სულ რაღაც ერთი თვის წინ იგივე «მაუზერიანი» და «საშიში» ნიკა რურუასთვის...
 კულტურა არც მინისტრის ხელშია, არც მისი მოადგილეების, არც ყოფილების და არც მათი, ვინც  მომავალში დაინიშნება.     კულტურა პირველ რიგში ინტელექტუალური სიმამაცეა, რომლის გარეშე უკეთეს შემთხვევაში  დაშვებულ ზუსტად განსაზღვრულ საზღვრებს ვერ გასცდები, უნიფორმირებული ჯარისკაცივით, მკაცრად გაწერილი და ნოტარიუსით დამტკიცებული  კულტურული მემკვიდრეობის დარაჯად დარჩები სამუდამოდ. ვერასდროს  გადააბიჯებ ლიმიტს, რომლის იქითაც კულტურული რეფორმა, თუ გნებავთ  პროგრესია, რომლის გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფასი კაპიკია. რადგან სახელმწიფოებრივი ღირსება, შეუძლებელია მისი მოქალქეების პიროვნული ღირსების გარეშე, ეს უკნასკნელი კი მხოლოდ კულტურულ კონტექსტში ყალიბდება. კონტექსტში, რომელიც საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია... და  ამის ყველაზე საუკეთესო დასტური  მატარებელზე კვლავ ჩამორჩენის პანიკური შიშით გამოწვეული ბაზრის ალიაქოთი  - კულტურის სფეროს თითქმის ყველა რგოლში  ადმინისტრაციული კრიზი, მისი   მართვის სამარცხვინო უუნარობაა, რომლის მოწმენიც უკვე ერთი თვეა თითქმის ყოველდღიურად ვხდებით.  სამინისტროში, თეატრალურ უნივერსტეტში, სამხატვრო აკადემიაში... ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სერიოზული რეფორმები სჭირდება კულტურის სფეროში, რომ  საჭიროა ვისაუბროთ ამ რეფორმების კონცეფციებზე, და არა პერსონების პირადი ცხოვრების დეტალებზე.
ხოლო თუ ჩვენ იგივე უნაყოფო «ბაღის კულტივირება» უნდა გავაგრძელოთ, რომელსაც ასე უსარგებლოდ ვთოხნით უკვე ამდენი წელია, მაშინ  შესასვლელთან გავაკრათ, ძველი, საბჭოთა წლებში  გულიდან ამოხეთქილი გულუბრყვილო,  წრფელი და უშიშარი, ცოტა დისიდენტური, ცოტა ანარქისტული "კონტრ-ლოზუნგი"...-  «დიდება კონტრკულტურას!» და ბულდოზერები დავქოქოთ უნაყოფო ბაღის ამოსაძირკვად.

ნოემბერი 2012
პ.ქ.

პატარა ბეკეკა და დიდი დიპლომატია


ლიბერალი- 18.12. 2012
პატარა ბეკეკა და დიდი დიპლომატია


ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ: რუსებთან კულტურულად მართლაც ბევრი რამ გვაკავშირებს. მაგალითად, კრილოვის ცნობილი იგავის პატარა ბეკეკასა და ბოროტი მგელის ტრაგიკული ფინალის გავლენა ჩვენს მენტალიტეტზე: “დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?”
ბეკეკას ეს ერთგვარი ეპიტაფია, წარუშლელად და ღრმად  არის ამოტვიფული ჩვენი და რუსი ხალხის სოციალურ შემეცნებაში. მართალია, ამ იგავის დაწერის შემდეგ საუკუნენახევარი გავიდა, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ჩვენს ყოფილ “უფროს  ძმებს” გვჯერა, რომ სამართალი გეომეტრიულია და ის “ზომებზეა” დამოკიდებული, როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე, და ეს პრიმიტიული “კონცეფცია” განსაკუთრებით ამ უკანასკნელის, ანუ სახელმწიფოს შემთხვევაში იგრძნობა.
რუსებს მიაჩნიათ, რომ მათი ზომები სრულიად საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ პატარა მეზობლებს, როცა მოესურვებათ, მაშინ დაუდგინონ  ჭეშმარიტება, და მერე კი, გაანადგურონ. ქართველს კი სჯერა: მისი ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ საკუთარ ჭეშმარიტების დადგენაზე დაძაბვა სულაც არ არის საჭირო, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ჭეშმარიტებას დიდები ადგენენ. "ბეკეკა სახელმწიფოების" ერთადერთი შანსი კი ადაპტირება, ანუ  ბეკეკას დიპლომატიაა.
მოსაზრება, რომ საქართველოზე პატარა ბელგიას, თუ მეტი არა,  არანაკლები “გეოპოლიტიკური ღირსება” გააჩნია, ვიდრე უზარმაზარ ყაზახეთს ან მონღოლეთს, ჩვენთვის ღირებული არგუმენტი არ არის, რადგან ვთვლით, რომ ბელგიისგან განსხვავებით, მეზობლებში არ გაგვიმართლა... ეს გრძელი და უმადური სადისკუსიო თემაა. ყველა ქვეყანა თავისი ტრაგედიიდან მოდის, და ეს ტრაგედია ძირითადად მეზობლებს უკავშირდება.  ვერავის დაუმტკიცებ, რომ შენი ისტორიული ფანტომური ტკივილები უფრო ინტენსიურია, ვიდრე მისი. ან რა საჭიროა! მთავარია,  ვერც ჩვენ და ვერც რუსებმა დღემდე ვერ შევიგნეთ, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყნის ღირსება - მისი ღირებულებებითა და მათ მიმართ ერთგულებით დგინდება და არა -ზომებით. იგივე ბელგია როგორც  ეკონიმიკურად, ისე  უსაფრთხოების თვალსაზრისითთაც ზუსტად ისევეა დამოკიდებული დიდ ქვეყნებზე როგორც ჩვენ,  თუმცა ის ამის გამო ბეკეკა-სახელმწიფო სულაც არა არის, და არ თვლის, რომ დიდ მეზობლებთან -  საფრანგეთთან, ბრიტანეთთან ან გერმანიასთან სამართალი არ გაუვა.
დღევანდელი მსოფლიო ძალიან შორს აარის სრულყოფისგან, მაგრამ ის მაინც ოდნავ უფრო სამართლიანია, ვიდრე კრილოვის ეპოქაში. ყოველ შემთხვევაში, დიდისა და პატარის კონფლიქტისას სამართლიანობის შანსი გაცილებით მეტია, დემოკრატია კი სხვა არაფერია, თუ არა თანაბარი შანსი.
იმისათვის, რომ ჩვენს ეპოქაში ეს შანსი რეალური გახდეს, ანუ დიდ კაცთან სამართალი გაგივიდეს, სულ ცოტა რამ არის საჭირო -  მართალი უნდა იყო! როგორც მაგალითად 2008 წლის ომში, სადაც,   სამართალმა მთლიანად თუ არა,  80 პროცენტით მაინც იზეიმა - იმის თქმა მინდა, რომ სხვა ეპოქაში  რუსები 20 % ის ოკუპაციას არ დაჯერდებოდნენ და დარჩენილ 80 % ც დავკარგავდით.
ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებები ერთადერთი იარაღია, რომელიც საქართველოსნაირ ბეკეკა სახელმწიფოს გადარჩენის შანსს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგექცევიან ზუსტად ისე, როგორც დღეს გვექცევიან.  ჩათვლიან, რომ ბეკეკსთვის განვითარების ეს დონე სავსებით საკმარისია და სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობენ ხელს. დროდადრო თავზე ხელს გადაგისვამენ, ხან დაგტუქსავენ, ხანაც შეგაქებენ,  გაგიწყრებიან, მერე დაგიყვავებენ...
ამასობაში შენი სიკვდილივით მოსაწყენი ცხოვრება თვალსა და ხელს შუა სადღაც გაგეპარება, იმ ღირსებასავით, რომელიც კენჭებივით ყრია გარშემო და რომლის აღება არც გიფიქრია, რადგან რელიგიურად გჯერა, რომ “დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?”
ყოველთვის გჯეროდა, რომ  “ფიგაროს” და “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის აზრი შენს შესახებ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენივე საკუთარი. გჯეროდა, რომ თუ კი რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსი შენიშვნას მოგცემს იმის გამო, რომ ცდილობ ის სამართალი იპოვნო, რომელიც მის ქვეყანაში თვით ღმერთზე  მაღლა დგას, ალიაქოთი უნდა ატეხო, ისტერიული დისკუსიები გამართო ტელევიზიაში, პრესში, პარლამენტში... არ გჯეროდა მხოლოდ საკუთარი სიმართლის და სწორედ ამიტომ ვერ იცავდი. რადგან პატარა, საყვარელი და სტუმართმოყვარე მარადიული ბეკეკა ხარ, და ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, რომ მგელი მხოლოდ შენი მხდალი წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც მაშინვე ქრება, როგორც კი შენს სიმართლეს დაამტკიცებ. საერთოდ, სიმართლეს ერთი უცნაური თვისება აქვს, ის გამუდმებით უნდა ამტკიცო, სხვანაირად ის დაუჯერებლად ჟღერს. მისი მოცემულობა, სტანდარტი არც ერთ  საზოგადოებაში არ არსებობს, თვით დემოკრატიულად მიჩნეულ დასავლეთშიც კი. თუმცა ამასაც გარკვეული ცოდნა და ნიჭი, ენერგიის დახარჯვა, შრომა სჭირდება. გაცილებით ადვილია ბეკეკა იყო და შენი სიმართლით  დისკომფორტი არ შეუქმნა “დიდ კაცებს”,  ამისათვის ყოველთვის გადაგისვამენ თავზე ხელს, ყოველთვის გვერდში ამოგიდგებიან, მოგიწონებენ საქციელს და გეტყვიან, რომ ბეკეკას პირობაზე არც ისე ჩერჩეტი ხარ. 
დასავლეთიდან წამოსული ზოგიერთი რეაქცია, სწორედ ამ “ბეკეკას დიპლომატიის” ნაყოფია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება მთელი ამ წლების ნერგავდა. დასავლეთს ვერც გაამტყუნებ - როდესაც ათასგვარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისით თავგზააბნეულს, არც ისე კარგად ნაცნობი ახალი სიმპათიური პარტნიორი რვა წლის განმავლობაში ჩასჩიჩინებს, რომ მისი ქვეყანა “ვარდების რევოლუციამდე” კორუმპირებული ბარბაროსებისა და განგსტერების ქვეყანა იყო, ნაწილობრივ მაინც დაიჯერებს, რადგან ამ ამბებში ღრმად ქექვის არც დრო აქვს, და არც სურვილი, ისედაც თვლის, რომ საკმარისზე მეტ დროს უთმობს ამ უცნაურ ეგზოტიკურ ადამიანებს, რომლებმაც საოცარი სისწრაფით, სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში აითვისეს ევროპული მანერები. 
სამი თვის წინ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 24 აგვისტოს რადიო “ფრანს ინტერნის” ერთსაათიანი გადაცემა “მსოფლიო სტუდიაში”, საქართველოს მიეძღვნა. “ფიგაროს” სწორედ ის ჟურნალისტი, იზაბელ ლესევრი, რომელმაც ამას წინათ მთელი საქართველო “შეძრა”, და პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი ფრანგ რადიომსმენელს თითქმის ერთი საათის განმავლობაში უხსნიდნენ, თუ როგორ შექმნა სულ რამდენიმე წელიწადში მიხეილ სააკაშვილმა ბარბაროსული ქაოსიდან ცივილიზებური სამყარო, ბოლოს კი  ქართველი ახალი ადამიანი თავისივე ხატად. მთელ გადაცემას წითელ ძაფად, რა თქმა უნდა, “რუსი სატანა-ოლიგარქის” აჩრდილი გასდევდა. ყვებოდნენ, თუ როგორ გარეკეს საქართველოდან პუტინთან დაახლოვებული რუსული მაფია, რომელსაც ტრადიციულად ქართველი განგსტერები ხელმძღვანელობდნენ, და რომ ისინი დღეს ყველანი საფრანგეთში და ესპანეთში იმყოფებიან, ევროპას ისე უყურებენ, როგორც ერთ დიდ სუპერმარკეტს, სადაც ყველაფრის მოპარვა შეიძლება. პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ბოლოს აღნიშნა, რომ ღვინის შემდეგ, ყველაზე დიდი ექსპორტი, რასაც საქართველო აკეთებს, ეს ბანდიტები არიან, რითაც ერთობ შეაშფოთა მანამდე მხიარული წამყვანი... საფრანგეთში ოცი ათასი ქართველი ცხოვრობს, სულაც არ არის სასიამოვნო აღმოაჩინო, რომ შენი მეზობელი ქართველი სტუდენტი სინამდვილეში სისხლისმსმელი განგსტერია.
ეს ერთსაათიანი ქვეყნის მადისკრედიტირებელი ''რადიო კლოუნადა'', სწორედ იმ დიპლომატიური სპექტაკლის ნაწილი იყო, რომელიც რვა წლის განმავლობაში, სხვადახვა სახით თითქმის ყველა დონეზე დიდი ინტენსივობით იდგმებოდა. 
კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოება თავს დაანებებს კონვულსიურ რეაქციებს ყოველ ახალ კრიტიკულ შენიშვნაზე. ძველი ხელისუფლება თავის ბეკეკა დიპლომატებს სამშობლოში გამოიწვევს, ახალი კი ბოლოს და ბოლოს მიხვდება სიმართლის ზემოთაღნიშნულ უცნაურ თვისებას - რომ ის გამუდმებით უნდა ამტკიცო და ამ მხრივ სერიოზულ მუშაობას შეუდგება.
პ.ქ.
9 დეკემბერი 2012 Paris