25 février 2013

კოლექტიური თვითმკვლელობა

19.02.2013 ლიბერალი







მასადა  უდაბნოში ამოზრდილი, კლდოვანი მთის წვერზე გაშენებული, მიუვალი  ციხესიმაგრეა ისრაელში. ჩვენი წელთაღრიცხვის 66 – 72 წლებში, რომაელთა წინააღმდეგ დიდი აჯანყების დროს იქ ოკუპანტების მიერ იერუსალიმიდან გაძევებული მეამბოხეები თავიანთი ოჯახებით იყვნენ გამაგრებულნი, სანამ რომაელმა  ლუციუს სილვამ 8 000 ლეგიონერთან ერთად ეს ერთი შეხედვით აუღებელი ციხე-ქალაქი ალყაში არ მოაქცია. რომაელებმა კლდის ერთ კედელზე დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის ბორცვი-კედელი ააშენეს; გამოიყენეს ათასობით ტონა ქვა, ღორღი, მიწა... თუმცა, როცა ციხე საბოლოოდ აიღეს, ნახეს, რომ იქ ცოცხალი აღარავინ იყო. იუდეველებმა რომაელთა ხელში ჩავარდნას სიკვდილი არჩიეს. მათ გადაწვეს ყველა შენობა, გარდა საკვებისა და იარაღის საწყობებისა, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ეჩვენებინათ - თავი იმიტომ არ მოუკლავთ, რომ ალყის დროს რაიმე აკლდათ...
მასადა კოლექტიური თვითმკვლელობის პირველ ადგილად ითვლება ისტორიაში. მას შემდეგ მსგავსი  კოლექტიური დრამის უამრავი შემთხვევაა აღწერილი ისტორიკოსების მიერ. 
კოლექტიური თვითმკვლელობის რამდენიმე განსხვავებული  მოტივაცია არსებობს - პატრიოტული, სექტანტური, პროტესტის გამომხატველი... იაპონელი სამურაები თვლიდნენ, რომ  თვითმკვლელობა საშუალებას აძლევდათ თავიანთ გარდაცვლილ მასწავლებელს ხლებოდნენ იმ ქვეყნად და ამით ღირსება შეენარჩუნებინათ... 
ამაზონიის გუარამის ტომის  ინდიელებმა, რომლებიც დღეს ევროპელი კოლონიზატორების “წყალობით” თავიანთი კუთვნილი ტერიტორიების მხოლოდ ერთ პროცენტს ფლობენ, პროტესტის ნიშნად გასული საუკუნის 80 – 90-იან წლებში სამასზე მეტი კოლექტიური თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინეს.
სხვადასხვა სექტების მიერ ორგანიზებული მასობრივი სუიციდის შემთხვევებმა ბოლო ათეულ წლებში მსოფლიო შეაძრწუნა - 1994 წელს “მზის ორდერი”, კვებეკი; 1997 წელი - “ჰევენს გეითი”; 2000- ში უგანდა - “ათი მცნების მოძრაობა” და სხვ. ამ მასობრივ ჰეროიკულ და ფსიქოზურ ტრაგედიებს საუკუნეების მანძილზე ათასობით ადამიანი შეეწირა.
თუმცა, მათ შორის არის ერთი ყველაზე გამორჩეულად უცნაური, ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი კოლექტიური თვითმკვლელობის ვარიაცია - როდესაც ამ დრამატულ გადაწყვეტილებას იღებენ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები.  რომლებსაც ნეგატიური ეგზისტენციალური შეხედულებებისა და აქედან გამომდინარე, თვითმკვლელობის იდეის გარდა არაფერი აქვთ საერთო.
ეს ყველაზე ხშირად დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. მოზარდებს გაცილებით მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე მათზე პასუხი და კიდევ უფრო  ნაკლებად - მათი  პოვნის უნარი, ცოდნა, გამოცდილება, მოთმინების სიბრძნე... 
ბოლო წლებში ჯგუფური  თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისათვის ინტერნეტი ნამდვილ ფენომენალურ საშუალებად იქცა ერთმანეთის აღმოსაჩენად.
თუმცა, კიდევ  უფრო ინოვაციური და საკვირველი მეთოდიც არსებობს, და მას ჩემი აზრით,  ჩვენ ქართველებმა მივაგენით: ეს გახლავთ  კოლექტიური ტელესუიციდი, რომელსაც უკლებლივ ყველა ქართული  ტელეარხი პირდაპირ ეთერში ყოველ საღამოს გვთავაზობს  და რომელსაც უცნაურ ტერმინს “კოჰაბიტაციას” ვუწოდებთ.
საერთოდ, ქართველებს ბევრ სხვა უცნაურ ჩვევასთან ერთად, ტერმინების ინტერპრეტაციებისადმი ძლიერი ლტოლვა გვახასიათებს.. მაგალითად, ეს სრულიად მარტივი ფრანგული ტერმინი, რომელიც მხოლოდ  ქვეყნის პრეზიდენტსა და მის პოლიტიკურად ანტაგონისტ პარლამენტის მიერ არჩეულ პრემიერს შორის ინსტიტუციონალურ თანაარსებობას ნიშნავს, ჩვენში  ინტერპრეტირებულია, როგორც ოჯახის წევრებს შორის, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე და რაღაც კლანურ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაარსებობა.
არადა, საქართველოში მსგავსი თანაარსებობა არა თუ ანტაგონისტი, თვით ერთი პარტიული დროშის ქვეშ გაერთიანებულ წევრებს შორისაც არ არსებობს. ეს არასწორად ინტერპრეტირებული “კოჰაბიტაცია” ცხადია, შეუძლებელია რეალურად შედგეს, ის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მოზარდის ფსიქიკის მსგავსად, კონფლიქტში მოდის რეალობასთან, და რამდენადაც ინტელექტუალურად ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართავს და თავს იკლავს, თან ყოველ საღამოს, უამრავ ემოციურად მთლიანად ჩართულ ტელემაყურებელთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად...
ნაციონალებს არ სურთ აღიარონ, რომ არჩევნებში დამარცხებული პარტიული ლიდერები მთელ მსოფლიოში რაღაც პერიოდით მაინც, თუ არა სამუდამოდ,  ჩრდილში გადადიან, რადგან ისინი მარცხთან ასოცირდებიან და მათი პარტიულ სახეებად შენარჩუნება სწორედ პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია. დღევანდელი ქართული საპარლამენტო ოპოზიცია ზუსტად ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი ლოგიკით არ უნდა იქცეოდეს, ის თავს იკლავს თავის კომპრომეტირებულ ლიდერებთან ერთად და ამით ამტკიცებს, რომ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიას კი არა, ჩვეულებრივ მაფიოზურ კლანს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელები ჩრდილში არასდროს გადადიან, ადგილს არასდროს უთმობენს სხვას, და ამის მოთხოვნას ვერც ვერავინ ბედავს... რადგან ასეთ დროს ნებისმიერი კლანი მაშინვე იშლება.
ამ კლანური ოპოზიცის  უკიდურესი სიძულვილით განებივრებული “ქართული ოცნება” კი, ასევე უამრავი უხეში შეცდომის ფუფუნების უფლებას აძლევს  თავს, რაც ასევე მისი პოლიტიკური უმწიფრობის და პოლიტიკური უგუნურების ნიშანია და რაც მას აუცილებლად ბოლოს მოუღებს, ყოველ შემთხვევაში, იმ სახით, რომლითაც ის დღეს არსებობს.
სამწუხაროა, რომ ორი ანტაგონისტი თვითმკვლელი პოლიტიკური დაჯგუფება ვერ ხვდება, რომ მათი შემხედვარე საქართველო მთლიანად არის ჩართული ამ კოლექტიური თვითმკვლელობის პროცესში.
ამ არანორმალური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა შეუძლია მესამე რეალურ, ჯანმრთელ, და არა ნაციონალებივით დეპრესიულ თვითმკვლელ ოპოზიციას... თუმცა, მისი გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში, თუ ის თავად “ქართული ოცნების” წიაღში არ წარმოიშვა. არის მეორე თეორიული შესაძლებლობაც, რომ  თავად “თვითმკვლელი”  ოპოზიციის, ნაციონალების  თავში მოხდება ნამდვილი “გამონათება”: გაემიჯნება თავის დისკრედიტირებულ ლიდერებს და მოსახლეობის თვალში ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმირდება...  სხვანაირად,  ის უამრავი შეცდომა, რომელსაც რეალური პოლიტიკური კონკურენტის გარეშე დარჩენილი “ქართული ოცნება” ყოველდღე უშვებს, სექტემბრამდე კრიტიკის გარეშე დარჩება. სექტემბრამდე  კი ძალიან, ძალიან  დიდი დროა... დაღლილობისგან აგრესიულ და დეპრესიულ  ქართველთა მარადიული  მოზარდის მგრძნობიარე ფსიქიკა დროში ასეთ გაწელილ ტრავმას ვერ გაუძლებს, შესაძლოა, მისთვის ჩვეული ფატალური შეცდომა დაუშვას და კიდევ ერთხელ გამოკრას თითი ჩახმახს... ეს ნამდვილი კოლექტიური თვითმკვლელობა იქნება, რომელსაც სახელად, ალბათ, მომავალში ისტორიკოსები ქართულ სპეციფიურ “კოჰაბიტაციას” დაარქმევენ.
P.K.
14 თებერვალი 2013  Paris