Une erreur est survenue dans ce gadget

15 mai 2011

Excision * - სექსი დროგი და სიცარიელე 4






ჩვენი თეატრი ტრაგედის თეატრია.  ჩვენ მას მივეჩვიეთ. განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ.

ამ დღემ ქართული  საზოგადოების განვითარებაში გაცილებით ნეგატიური როლი შეასრულა, ვიდრე ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ ტრაგიკული დილის შემდეგ პროტესტი ისეთივე ექსტრემად იქცა ჩვენს შემეცნებაში , როგორც სექსი - ბავშვობაში გაუპატიურებული  ადამიანისათვის, რომელსაც ძნელად ესმის, რომ სექსი არა მხოლოდ რეპროდუქციისათვის საჭირო ეგზისტენცუიალური მნიშვნელობის აქტი, არამედ ადამიანის ფუნდამეტალური უფლების დიდი ნაწილია, რომელსაც მე სიამოვნების მიღების უფლებას ვუწოდებდი.

ბედნიერების განცდის, მისი მოთხოვნილების გარეშე, აკრძალვებთან შეგუებული ცხოვრება  მხოლოდ სიცოცხლის იმიტაციაა.

9აპრილის შემდეგ ჩვენში გაჩენილი ნებისმიერი პროტესტის მცდელობის  ყოველი გამოვლინება, სწორედ გაუპატიურების მსხვერპლის სექსუალური ცხოვრებასავით ეგზისტენციალურია,რადკალური ცვლილებების, ახალი საქართველოს ჩასახვის, მძიმე ორსულობისა და დაბადების ფანტაზმით  აღტკინებული, ზედმეტად აღგზნებული დაუოკებელი სურვილითა და ლოგიკური შედეგით – ნაადრევი, უგემური ორგაზმით.

 საზოგადოების დიდ ნაწილს, « ა პრიორი » ნეგატიური, შეშინებული განწყობა აქვს პროტესტის მიმართ, და მას ყველანაირად არიდებს თავს.

ჰიპოტეტური შედეგების დრამატიზირებას ახდენს. საწოლის ქვეშ იმალება. წინასწარ გლოვობს საღ სალამათ ახლობლებს… როგორც მაგალითად გასული , 2010 წლის აგვისტოს ბოლოს ბათუმის აბსოლუტურად სურეალისტურ გეპრაიდის დროს. როდესაც, ქართველმა ჰომოსექსუალებმა, ჩემი აზრით, ყველაზე აბსურდული აქცია ჩაატარეს მსოფლიოს გეპრაიდების სისხლიან და მხიარულ ისტორიაში – მათ მოახერხეს სიცხისაგან ჩვეულებრივზე უფრო გაზანტებული საზოგადოების კონცენტრაცია მოეხდინათ ერთი თვის განმავლობაში არ არსებულ მანიფესტაციაზე, თანაც ისე, რომ სახლიდან ფეხიც არ გაუდგამთ. არ გამოჩენილან. ვირტუოზულად, მხოლოდ ფეისბუკის დახმარებით მოახერხეს– საკუთარი "ანალური უმანკობის" დაცვის შიშით აღტკინებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტები ბათუმის ცხელ ქუჩებში გამიყვანა, და მათ « ჰომო–ფობ– პრაიდის» ჩატარება აიძულეს..

აი ტიპიური ტექსტი მაშინდელი ქართული მედიიდან : 

« ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე სექსუალური უმცირესობების – ქართველი გეებისა და ლესბოსელების აღლუმის გამართვა. »25.08. 2010 The Polity News

მხდალმა და თავად ჰომოფობმა სახელმწიფომ ცხადია ჩვეულებისამებრ ყოჩაღად შეასრულა ეკლესიის « უკაზი» – დაგმო არ არსებული გე პრაიდი, და თავის მხრივ შესაბამისი კატეგორიული მოთხოვნები წაუყენა ქართველ გეებსა და ლესბოსელებს … რომლებმაც ასევე თავის მხრივ « ხატზე დაიფიცეს », რომ არც კი უფიქრიათ რაიმე აღლუმის ჩატარება… მართლმადიდებელი მშობლების, დედმამიშვილებისა და კლოუნი ბრაზიანი მღვდლების « ჰომოფობ–პრაიდმაც» მშვიდობიანად, ურთიერთ გაგებასა და ჰარმონიაში ჩაიარა… გარემო ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ქართველებს საერთოდ გვიყვარს – ბევრი ბოლი – ცეცხლის გარეშე…საბოლოოდ ყველა კმაყოფილი და შებოლილი თუ დაბოლილი დარჩა, ეკლესიაც, სახელმწიფოც, ჰომოფობებიც, გეებიც და ლესბოსელებიც, განსაკუთრებით კი მათი უფლებების დამცველები – რომლებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს არაფერი ეშველება და ამიტომ დროზე უნდა « დაახვიონ» აქედან სადმე… ლონდონში, პარიზში, ან ნიუ იორკში…და ვერც გაამტყუნებ, რადგან საქართველო არის ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს არ შესწევს იმის გამბედაობა, რომ ჰომოსექსუალი ჰომოფობისგან დაიცვას, ათეისტი რელიგიური ექსტრემისტის, ან პირიქით, მორწმუნე - აგრესიული ათეისტისაგან... ადამიანს აქვს უფლება იყოს მხდალი, სახელმწიფოს –არა !

იქნებ ამოტომაც, ჩემი დაკვირვებით ხშირად მეჩვენება, რომ – საქართველოში არსებობენ ჰომოსექსუალთა უფლებების უხეში დამმრღვევები, ამავე უფლებების თავგამოდებული მებრძოლი დამცველები… თავად ჰომოსექსუალები კი არა. რადგან ისინი სოციალურად არსად ჩანან, თუ არ ჩავთვლით მკვდარ სერგო ფარაჯანოვსა და ერთ ტრავესტი ბიჭს, რომელმაც ტელე შოუ « გეოსტარში» გამოსვლა გაბედა, და One Man Show, თავისი საკუთარი გეი პრაიდი ჩაატარა – სრულიად მარტომ და რომელიც, როგორც მოსალოდნელ იყო ინტელექტუალურმა ელიტამ  გოიმ გეთ შერაცხა. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ « მეჩვენება», ისინი საქართველოში საავარაუდოდ იმდენივე არიან რამდენიც დანარჩენ მსოფლიოში.

თუმცა აქ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებსა აქვთ გაკეთებული ეგრეთწოდებული « ქამინგ აუთ» , ანუ «აღიარება» თუ « გაცხადება» საკუთარი ჰომოსექსუალობის. სამაგიეროდ "ინტელექტუალური ანდერგრაუნდი" ფაქტიურად ამ თემით გამუდმებული ტესტირებისა და შანტაჟის რეჟიმში ცხოვრობს – დაახლოვებით ისე, როგორც 90 იანი წლების დასაწყისის ევროპაში, როდესაც « კორექტულობისათვის », ერთი–ორი გეი მეგობარი აუცილებლად უნდა გყოლოდა. ისინი გარკვეულწილად თითქოს ჩვენებური ქურდების როლს ასრულებდნენ – სოციალური მორალური « რეკეტისაგან» , ჩასაფრებული ენთუზიასტი უფლებადამცველებისაგან გიცავდნენ, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ ჰომოფობიაში დაედანაშაულებინ და მერე მკაცრად თითი დაექნიათ. ამასთან გაიძულებდნენ გაცილებით მეტი გეფიქრა სექსუალურობაზე ვიდრე ეს თემა – სექსი, შესაძლოა საერთოდ იმსახურებს.
Moscow Pride 2007

მაგრამ ყოველივე ამას თავისი აბსოლუტურად ლოგიკური გამართლება ჰქონდა: ისინი იბრძოდნენ საკუთარი და თავიანთი მეგობრების უფლებებისათვის, და ჩვენ მათ გვერდში ვედექით, ისევე როგორც დღეს იბრძვიან რუსი ჰომოსექსუალები , კაცისმკვლელი სკინჰედებითა და მათზე უარესი ჰომოფობი ომონელებით გადავსებულ მოსკოვში. აკრძალვის მიუხედავად მაინც ჯიუტად აწყობენ წელიწადში ერთხელ გეპრაიდს.
საქართველოს ზუსტად ისეთი ჰომოსექსუალები ჰყავს, როგორიც მღვდლები –  პოლიტიკოსები, ან ოპოზიციონერები, მომრჩევლები…ანუ ისეთი როგორსაც ის იმსახურებს – გამორჩეულად მხდალი და არაბრძოლისუნარიანი. მათზე დაკვირვებით ზუსტად ისევე შეიძლება ქართულ ფუჭად მოწუწუნე სულზე მსჯელობა, როგორც სამსახურიდან დათხოვნილი საბრალო პროფესორების, მასწავლებლების ან ახლად აშენებულ ეკლესიებში მომსახურე მღვდლების მიხედვით… ეს მხოლოდ ქართული საზოგადოების ერთი არაფრით გამორჩეული მხდალი ნაწილია, რომელიც საკუთარი ელემნტარული უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას ვერ ბედავს და თვლის რომ მისი გასაკეთებელი ჭუჭყიანი და რისკთან დაკავშირებული საქმე სხვამ უნდა გააკეთოს … პრობლემა იმაშია, რომ ის სხვაც ზუსტად ასე ფიქრობს, საბოლოოდ კი საქმეს არავინ აკეთებს, ნაგავს არავინ ხვეტს და საქართველო ჭუჭყში იხრჩობა…

განსაკუთრებით სევდისმომგვრელია ამ თემაზე ნებისმიერი საუბრისას, ჰომოსექსუალთა მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით კლასიფიკაცია. გაუგებარია, რატომ ფიქრობენ ქართველი ჰომოფობები, თითქოს მთელს მსოფლიოში გეების უფლებების მხარდამჭერნი აუცილებლად მხოლოდ მემარცხენეები არიან?

პრინციპში, მემარცხენეთა მნიშვნელოვან ნაწილს მუშათა კლასი შეადგენს (ყოველ შემთხვევაში მემარჯვენე მუშა მე მგონი ჯერ არ მინახავს) - ყველაზე თავგამოდებული ჰომოფობებს კი სწორედ "მუშათა და გლეხთა" კლასში წააწყდებით, ყოველ შემთხვევასი გაცილებით მეტს, ვიდრე მემარჯვენე ბურჟუაზიაში.

მეორეს მხრივ, ეგრეთწოდებულ « განსხვავებულ ორიენტაციის» მქონეთა უფლებებზე საუბარი ჰეტერო სექსუალებთან, რომლებსაც თავად არ გააჩნიათ ადამიანის ერთ ერთი ყველაზე ფუნდამეტალური – სიამოვნების მიღების უფლება – ცოტა არ იყოს ცინიკური მეჩვენება… –ადამიანს რომელსაც სიამოვნების განცდა ატროფირებული , ან შეზღუდული აქვს სხვადასხვა მიზეზის გამო ძნელია პროგრესისტობა მოსთხოვო.

ადამიანის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია სიამოვნების განცდასთან არის დაკავშირებული – ნებისმიერი ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება : შიმშილის წყურვილის, მომნელებელი სისტემების… და რაც მთავარია რეპროდუქციის : ორგაზმი ისეთივე ერთგვარი წამიერი ჯილდოა ადამიანისათვის, როგორც შაქრის ნატეხი ცირკის ძაღლისათვის ილეთის შესრულების შემდეგ… სხვანაირად აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დაიღლიდნენ ქალი და მამაკაცი თავს ერთმანეთთან ოფლიანი ჯაჯგურით, იმისათვის, რომ მერე ქალს 9 თვე ეტანჯა, მშობიარობის ტკივილებისათვის გაეძლო, ბოლოს კი მჩხავანა ჩვილის აღზრდაზე ჯოჯოხეთური შრომა და ნერვები დაეხარჯა მამაკაცთან ერთად… თვით შვილის სიყვარულიც ხომ უდიდეს სიამოვნების განცდასტან არის დაკავშირებული საერთოდ ყველა ტიპის სიყვარული?…

ღმერთი ნამდვილად სულელი იქნებოდა, ადამიანი სიამოვნების განცდის გარეშე რომ გაეჩინა. სიამოვნება ადანიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სტიმულატორი, თუ გნებავთ მეტაფეტამინია. სიყვარულის ტანჯვა სწორედ სიყვარულითვე მიღებული სიამოვნების უკმარისობა, ანუ ტოკქსიკომანთა ენაზე რომ ვთქვათ « ლომკაა« .

ევას ვაშლი მხოლოდ სცენარის ეპიზოდი იყო და არა დამოუკიდებელი ანარქისტული ინციატივა… 

და თუ მე ვცდები, მაშინ კაცობრიობა უზარმაზარ ვალში ყოფილა ქალების მიმართ სწორედ ამ პირველი « ვაშლების რევოლუციის» გამო, რომელმაც სიყვარულის, სიცოცხლის განცდა გვაჩუქა. თუმცა უნდა ვაღიაროდ – სიძულვილის ფასად.

სექსი სწორედ სიამოვნების, სიყვარულის, სიცოცხლის ფუნდამეტალური უფლებაა როგორც თეოლოგიური ისე სოციალური გაგებით. ვერავინ გაიძულებთ უარის თქმას თქვენს ამ უფლებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი სექსუალური მადა ან ლტოლვა განსხვავებულია სხვისგან. დღემდე ეს ვერავინ შეძლო. ვერც ერთმა რელიგიამ, ინკვიზიციამ თუ რეჟიმმა. რადგან სექსი სიცოცხლეა, სიცოცხლეს კი რეჟიმები და იდეოლოგიები ვერ ამარცხებენ. თუმცა დროდადრო აუგემურებენ … ცდილობენ ციხის უგემურ ბალანდას დაამსგავსონ, რომელსაც განურჩევლად ყველა პატიმარს აჭმევენ ისე, რომ არც ეკითხებიან მოსწონს თუ არა?

სამწუხაროდ საქართველოში ცხოვრება სწორედ ციხის ბალანდის უგემურად ღეჭვის პროცესს წააგავს – ანუ სექსს – სიამოვნების, და მით უმეტეს ორგაზმის გარეშე.

ქვეყანა ზოგადად, თითქოს ნაკლებად მგრძნობიარე გახდა კლიტორის – ამოკვეთილი (Excision) აფრიკელი ქალივით.

« ამოკვეთა« (Excision) არის ბარბაროსული აქტი, დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელიც დღემდე ხორციელდება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკაში, ეკვადორის ფართო ზოლში, სომალიდან და წითელი ზღვიდან სენეგალის ატკანტიკის სანაპირომდე, აგრეთვე ინდონეზიასა და მალაზიაში.

მსოფლიოში ყოველდღიურად 0 დან 15 წლამდე, ყველაზე ხშირად კი 7 წლის – 6000 გოგონა ხდება « ამოკვეთის» მსხვერპლი .

გენიტალური დასახიჩრების « იდეა« სწორედ ქალისათვის სიამოვნების შეგრძნების სრული და საბოლოო ამპუტაციაა, მისი ერთგვარ რეპროდუქციის უგრძნობ მანქანად ტრანსფორმირება.

პროცესი იმდენად ბარბაროსულია, რომ მსგავსი « ექსპერიმენტის« წარმოდგენას, ალბათ მხოლოდ გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების კრეატორების, კამპუჩიელი წითელი ქმერების ყასაბების ან ჩეკას მწვალებლების ფანტაზია თუ გასწვდებოდა...


როდესაც ამ თემაზე ფიქრობ, ხვდები – რასებს, რელიგიებსა და კულტურებს შორის განსხვავება ადამიანის სიბრიყვეზე და სისასტიკეზე არანაირად არ აისახება – ჩვენ ისეთივე დაუნდობელები ვართ ისლამისტურ « ველურ« აფრიკაში, როგორც « ცივილიზებურ« ქრისტიანულ ევროპაში.

« ამოკვეთის« ოპერაციას სოფლის ბებიაქალი ატარებს– ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე. რაიმე ბასრი საგნით, გოგონას ჯერ მცირე ვაგინალურ ტუჩებს აჭრის , შემდეგ იგივე « ინსტრუმენტით« კლიტორისის ორ მხარეს ხორცს ჩაჭრის და კლიტორისს ამოგლეჯს.

გენიტალური წამება – მუტილაცია ამით არ მთავრდება. ბებიაქალი კერავს საშოს დიდი ტუჩების ერთ მესამედს, ტოვებს მხოლოდ ასანთის ღერის სიგანის პატარა არხს შარდისა და სისხლის სადენად, რომელშიც ნებისმიერი პენეტრაცია გამორიცხულია. « ოპერაციის« შემდეგ ჭრილობაზე ნაცარს აყრიან მოსაშუშებლად…

ნაკერებს მხოლოდ წლების შემდეგ ქორწილის წინა ღამეს ხსნიან, რომ სასიძოს ხელუხლებილი, ას პროცენტიანი « უხმარი მანქანა« ჩააბარონ, ზუსტად ისეთი, როგორიც რომელიღაც მარკის ავტომობილის ქართულ რეკლამაშია…

დღეს მსოფლიოში სექსუალურად დამახინჯებული 110 მილიონი ქალი ცხოვრობს : სომალელ ქალთა ფაქტიურად 99%, ჯიბუტელთა 94%, სამხრეთ ეგვიპტელთა, ეთიოპილთა უმრავლესობა… მართალია ყურანში არაფერია ნათქვამი ამ ბარბაროსულ აქტზე., მაგრამ როგორც ცნობილია, ერთად ერთი რაშიც ადამიანები ღმერთს აღემატებიან სისასტიკესა და სიბრიყვეში გამოჩენილი დიდი ენთუზიაზმი და ინოვაციის უნარია.


საქართველოში, როგორც შედარებით ცივილიზებურ ქვეყანაში, « გენიტალური ქირურგიისა« და საქორწინო გარანტიების უფრო მსუბუქი და « კოკეტური» ფორმა არსებობს – ქორწინების წინ აქაც კერავენ, მხოლოდ საქალწულე აპკს…

დღეს 21 საუკუნის მეორე ათწლეულის დასაწყისში – გამოკითხულ თბილისელ3000 სტუდენტთა 87% თვლის რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისაგან თავი უნდა შეიკავონ. ხოლო ბიჭებმა არა. რომ მამაკაცისათვის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება მისაღებია, ქალისათვის კი არა…

მართლაც საოცარია ქართველი ქალის ფსიქოლოგია, მისი აზრით –იესოს ათი მცნებიდან ერთერთი – არ იმრუშო, მამაკაცებს ნაკლებად ეხებათ. ამ უკანასკნელთ კი, ცხადია, ქრისტიანობის ამ ცნობილი დოქტრინის ამდაგვარი თეოლოგიური ახსნის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ… მამაკაცი მათი აზრით მხოლოდ მაშინ მრუშობს თუ ის ჰომოსექსუალია…

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საქართველოში დღესაც არის საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც ასე არც ფიქრობს და არც ცხოვრობს. ჩვენი ქვეყანა საერთოდ ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური მენტალობის მრავალფეროვნებით, თუმცა არა ცივილურობის სასარგებლოდ.

ქართული სულის თავისუფლებას ხან ტრადიციები უშლიდა ხელს, ხან ეპოქა, ხან წითელი პროპაგანდა, ხან შავი, ხან ვარდისფერი იდეოლოგია, ხან ეკლესია… როდესაც ღამის თბილისის რამოდენიმე კლუბში შეხვალთ, , მოგეჩვენებათ, რომ აქ, ამ ქალაქში მაინც, ადამიანებს ასე თუ ისე ესმით სიამოვნების განცდის ონტოლოგიური მნიშვნელობა. თუმცა საკმარისია დიდი და მძიმე მარხვის დღეებში ჩაუაროთი იგივე, მოწიწებით დადუმებულ და დაცარიელებულ კლუბებს,რომ მიხვდებით – საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მენტალური "კლიტორისი" აქვს ამოგლეჯილი, და აქ ცხოვრება, უმრავლესობისათვის, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ აქტი, პროცესია, სიამოვნების გარეშე…

ხოლო, თუ "პოტიომკინის" უბადრუკი უბნებიდან ცოტათი გვერდით გადაგიცდათ ფეხი , დარწმუნდებით, რომ ასეთ უბნებში ცხოვრება პროცესიც კი აღარ არის, ჩაწვდებით ამ ქვეყნის არაეროტიულობის მიზეზს, მიხვდებით რომ საქართველოს დაკარგული კლიტორისი არა რუსების მიერ ამოგლეჯილი ქვეყნის ეროგენული ზონა – აფხაზეთია, არამედ სიცოცხლის ერთ –ერთი მთავარი ნერვი, რომელიც არავის, თვით ღვთაებრივ კონტროლსაც არ ექვემდებარება,

ეს თავისუფლების, ამბოხის, ანარქიის ნერვია და ის აუცილებელია ევას გადამწიფებული ვაშლის მოსაწყვეტად, რომელიც კარგა ხანია ლპება ჩვენს სიცოცხლის ხეზე – ახალ ნაყოფს გაზრდის საშუალებას არ აძლევს.

ყველა თაობას კი თავისი ვაშლი აქვს მოსაწყვეტი– რომ მის ადგილზე ახალი გაიზარდოს. და ეს სამყაროსავით ძველი ლოგიკა დამყაყებულ დოგმად არ აქციოს, რომ ღმერთი ცოცხლების ღმერთად დარჩეს და არ მოკვდეს, რადგან ღმერთის უკვდავების შანსი ჩვენ, ადამიანები ვართ, და მას ეს კარგად ესმის.
...
განმარტებები:
*Excision – ამოკვეთა, ამოგლეჯა.


PK
6  Mai2011 Paris

13 mai 2011

სექსი დროგი და სიცარიელე 3



ხელოვნება არის თამაში ყველა ადამიანსა და ყველა ეპოქას შორის.
 მარსელ დუშამი
L’art est un jeu entre tous les hommes de toutes les époques 
Marcel Duchamp



მაშინ, ბავშვობაში, ყველაზე მეტად « პანაშვიდის დიჯეების« მეშინოდა. ისინი უმეტესად ქალები იყვნენ – დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები.
მიცვალებულის ოჯახში ბაბინებიანი მაგნიტოფონით მოდიოდნენ, მონო დინამიკს შემოსასვლელში კედელზე მიამაგრებდნენ, კაბელს გაჭიმავდნენ სამზარეულოში სკამზე დადებულ მაგნიტოფონამდე, თვითონაც იქვე ჩამოსკუპდებოდნენ ხოლმე, ღვინისადა ჯონჯოლის სუნში და პანაშვიდისა თუ გასვენების მუსიკალურ გაფორმებას « უზრუნველყოფდნენ« . შოპენის სამგლოვიარო მარშსა და დაისის შემაძრწუნებელი ფინალის ფრაგმენტებს დაუსრულებლად და დაუნდობლად ახრიალებდნენ… ჩემზე განსაკუთრებით დამთრგუნავად მოქმედებდა ქალების გუნდის არა ამქვეყნიური სამგლოვიარო მუსიკალური გოდება კინოფილმიდან « ხევისბერი გოჩა».

სიკვდილს ჯონჯოლისა და იატაკზე დაქცეული ტანინიანი ცუდი ღვინის გრილი სუნი ასდიოდა.

როდესაც ავად ვხდებოდი და სიცხე მიწევდა, ყურში ყოველთვის ეს საშინელება ჩამესმოდა – « ხევისბერი გოჩადან », მელანდებოდა, რომ კედელზე უზარმაზარი თეთრი ბაბინები ტრიალებდნენ, თავთით, პანაშვიდის კუდიანი დიჯეი მეჯდა, და დიდი კოვზით გულისამრევ მწარე ჯონჯოლის სუნიან წამალს მასხამდა პირში…

დღეს ზუსტად ასე მოქმედებს ჩემზე საქართველოს ნაციონალური არხების კუდიანი ტელე – დიჯეების მიერ ქართული კულტურისა და გემოვნების პანაშვიდზე ახრიალებული პოპ მუსიკის ვარსკვლავების გულისგამყინავი, ცივი, ულმობელი, და მხიარული მოთქმა–გოდება... მხოლოდ ისინი, ტელე –კუდიანები რეალურად არსებობენ და გულისამრევ სიბრიყვესა და მწარე მდუღარე ტყუილს დიდი ჩამჩებით ასხამენ ტვინში საბრალო «ავადმყოფ» მოსახლეობას, რომელიც, როგორც ახლახანს ცნობილი გახდა, თურმე ძირითადად გართობაზეა ორიენტირებული, ანუ ადამიანი– გუგულების მიხედვით ხალხის « შეკვეთა« გართობა და გრიალია, ამიტომ ლიბერტარიანელი სახელმწიფო ამ « გამოწვევას« ოფიციანტი კინტოს სიმარდით პასუხობს და რეალობას ისეთ უღმერთო შოუდ აქცევს, რომლის ყურებას იქნებ მართლაც ჯობდეს, ბრაზიან მღვდლებთან ფარისევლობა, ბოლოს და ბოლოს მღვდელი აბსტრაქტულ იმქვეყნიურ სამოთხეს მაინც გპირდება, ტელე « დედაო ნანიკო« კი, საქართველოს « მოგრიალე » მოსახლეობას… კვირაში ერთხელ ამქვეყნიურ რეალურ ჯოჯოხეთს გვიწყობს

ლიბერტარიანული საქართველოს «ტოტალური გადებილების»ექსპერიმენტში მონაწილე ტელე ჯარისკაცები, პოლიტიკურ ელიტასთან ერთად, ყველაზე მოკაშკაშე პოპ ვარსკვლავებს წარმოადგენენ – ქართული პოპ კულტურა დეპუტატებისაგან და მათი ოჯახის წევრი ტელე ვარსკვლავებისაგან შედგება. აგრეთვე ყოვლად უნიკალური « როკერებისაგან« და « რეპერებისაგან« , რომლებიც პრეზიდენტს, პოლიციას, არმიას და საქართველოს ნათელ მომავალს კომკავშირული, ან თუ გნებავთ ჰიტლერ–იუნგერული გატაცებით უმღერიან… ქართული პოპ კულტურა ნამდვილი სტიქიური უბედურებაა, რომელიც გონების ანალიზს არ ექვემდებარება. მას მხოლოდ ისეთი ფრთიანი რელიგიურ–პოლიტიკური დოგმით თუ ახსნი – როგორიც არის : « ეს ღვთის ნებაა», … თუმცა, კაცმა რომ თქვას ეს უფრო ღვთის რისხვა უნდა იყოს – ზეცამ იაპონიას ჩადენილი ცოდვებისათვის მიწისძვრა და ცუნამი დაატეხა თავს. ქართველებს კი ტელევიზია და მარადიულად ენიგმატური ეროვნული « პოპი« . რომელიც პირდაპირი გაგებით უნიფორმიანი ჯარისკაცივით ემსახურება ყველა ეპოქის ქართულ პოლიტიკური და სოციალური « სტრატეგიული მნიშვნელობის« უკულტურობას.

ყველაზე საინტერესო ის არის რომ ამ საოცრების ავტორი და შემსრულებელი გუგულები უკულტურობაში სწორედ საკუთარ მსხვერპლს, საბრალო მოსახლეობას ადანაშაულებენ – რომლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჭექა ქუხილით შეშინებული პრეისტორიული ადამიანის მსგავსად, ამ « პოპ რისხვის « ასახსნელად თავისი პატარა « ღმერთუკა» შექმნა, ნაწილმა კი ეკლესიაში ფარისევლობა არჩია. აბა რა ექნა – სხვა არჩევანი მათ არავინ შესთავაზა.

ქართველ არტისტებსა და ინტელექტუქლებს აშკარად არ ყოფნით  ნიჭი, რომ ერი კატასტროფული კულტურული კრიზისიდან გამოიყვანონ, და ამიტომ ბრალს საკუთარი კონფორმიზმისა და უნიჭობის მსხვერპლს,  საბრალო უკულტურო მოსახლეობას სდებენ, რომელიც ქართველ მგელ არტისტებს «ქვევიდან ზევით» უმღვრევს წყალს, და მათ ვერ  თუ არ  აფასებს… სინამდვილეში ეს ყველაფერი ფიქციაა – ქართველ არტისტ და ინტელექტუალ მგლებსა და კრავ მოსახლეობას, ერთმანეთის საერთოდ არ ესმით – არც კრავი ამღვრევს წყალს, და არც მგელი ჭამს კრავს – საამისო კბილები დიდი ხანია დაცვივდა, არც კი იღრინება, მხოლოდ გაქუცული ძაღლივით ელაქუცება ადამიან გუგულებს და კუდს ენერგიულად უქიცინებს…

თანამედროვე ქართული ხელოვნება, ყოველ შემთხვევაში ის, რომელიც საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია, არანაირად არ ასახავს ქართულ რეალობას. ამდენად ის მკვდარი ხელოვნებაა, ქართველი არტისტები თავდაუზოგავად ებრძვიან ერთხელ უკვე დამარცხებულ ოდიოზურ პერსონაჟებს, დამარცხებულ იდეოლოგიებს, ადვილად გასაკრიტიკებელ ბრიყვულ ტრადიციებს, რელიგიურ ექსტრემიზმსაც კი… მაგრამ თითქმის არასოდეს ძალაუფლებაში მყოფ მონსტრებს.თუმცა არც  მათი ეს კონფორმისტული "ბრძოლა"  არ აისახება რაიმე სახით  მათ შემოქმედებაში. არც ვიზუალურში, არც ლიტერატურაში. საქართველოს დღევანდელი არტისტული ელიტის წყალობით ქართული კულტურა ერთი იგივე წრეზე ტრიალებს ნელი თავბრუდამხვევი მონოტონურობით. მათ ისევე ვერ გამოიყვანეს ქვეყანა კულტურული ღრმა დეპრესიიდან, როგორც პოლიტიკოსებმა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიური კრიზისიდან. ისინი ისეთივე შესაცვლელნი არიან, როგორც პოლიტიკოსები. თანაც გაცილებით ადვილად შესაცვლელნი – საქართველო ნამდვილი კულტურულად აუთვისებელი « კლონდაიკია» ახალგაზრდა მეამბოხე არტისტისათვის. რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე იმის ნაცვლად რომ ახალი ქართული ხელოვნება შექმნან, ბარი ვაითის თაფლით გაწეპებულ ჰანგებზე სლოუს ეცეკვებიან ერთმანეთს… უკეთეს შემთხვევაში კი საკუთარ ბუნაგებში შეყუჟულნი, იაფ არაყს სვავენ, და იმაზე წუწუნებენ, რომ ამ ქვეყანაში ისინი არავის ჭირდება… ვერაფრით ვერ ხვდებიან, რომ « ამ ქვეყანას» არასოდეს არ დაჭირვებია მათი მსგავსი ახალგაზრდები, როგორც დღეს… გამოგიტყდებით, ხანდახან მშურს კიდეც მათი ასაკის – ასე მგონია 20 წლის რომ ვიყო , ამ ცარიელ, კულტურულად მკვდარ ქვეყანაში ქართველი ენდი ვერჰოლი გავხდებოდი .

აბა როგორ ვიფიქრებდი, რომ ევროპა და ამერიკა მოვლილი ახალგაზრდა თაობა ზუსტად ისეთივე პრიმიტიულ სამ აკორდიან სიმღერებს იმღერებდა სუფრას შემომსხდარი, როგორსაც სსრკ – ში საგულდაგულოდ გამოკეტილი ჩემი თანატოლები მღეროდნენ, განსაკუთრებით გასათხოვად გამზადებული გიტარიანი სევდიანი გოგოები.

ამ თაობამ, როგორც ჩანს, ქართული საბჭოთა სუფრის მარაზმი სრულყოფამდე აიყვანა, ამაში დარწმუნება ადვილად შეიძლება თუ რელიგიურ დღესასწაულებზე ცნობილ თბილისურ რესტორნების ათ, თხუთმეტ და ოცკაციან სუფრებს შეავლებთ თვალს, რომელსაც საქართველოს მთვრალი მომავალი უზის: შუა ხნის ქალის მანერებიანი მოზარდი გოგონები, და საკუთარი თავის ბრიყვ მამებად ტრანსფორმირებული ერთნაირი , თითქოს საპარიკმახეროდან ეხლახანს გამოსული კისერდაპუდრული « კაცურ პრიჩოსკიანი« ბიჭები, ჭიქებით ხელში, აგრესიული სიყვარულით მოციმციმე მთვრალი თვალებით… თუ ცოტა ყურადღებას დაუთმობთ ბოთლებითა და თეფშებით მორბენალ შეშინებული ოფიციანტებს, რომლებსაც რატომღაც ყველა ისე ელაპარაკება, შენობით, როგორც შორეულ მჟავანაძის პერიოდში, ჩაციებული რვა ნომერი ღვინით მოქეიფე საქმოსნები.. თუ ცოცხალმა დააღწიეთ თავი თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ცივი ნიკოტინის, ჯონჯოლოსა და ღვინის სუნით აყროლებულ უშნო დარბაზს, რომელიც არ ნიავდება, სადაც უშნოდ ჩაცმული მომღერლები ახალი ქართული ესტრადის ჰიტებსა და მრავალჟამიერს გაჰკივიან ისეთ გამაყრუებელ ხმაზე, თავი « რამშტეინის« : კონცერტზე გეგონებათ.

ამ ყველაფერს თითქოს « პანაშვიდის დიჯეი« მართავს სამზარეულოდან და დიდი ჩამჩით რაღაც მყრალ ფსიქოტროპულ სითხეს ასხავს რესტორნის კლიენტებს სიცხისაგან გათანგულ თავებში…ყველაფერი ძალიან ხმაურიან – მუნჯ სურეალისტურ კინოს სეანსს ემსგავსება, სადაც ყველა და ყველაფერი ხმაურობს – მაყურებელი, ძველი მორყეული სკამები, ნახევრად გაფუჭებული საპროექციო აპარატი, მომსახურე პერსონალი, დირექცია, პიანინო…

აქ ტკბილი ლირიკით დაყრუებულ გარემოში ყველას უსიტყვოდ ესმის ყველაფერი, ქათინაური, მწვადის შეკვეთა, გინება, სადღეგრძელოებიც კი – ეს თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიაა – რომელშიც გაურკვეველი კულტურული კონფესიის ქართველი ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას– ადრე ასეთებს « ოქროს ახალგაზრდებს» ეძახდნენ« და ისინი ძირითადად მშობლების ფულით « გრიალებდნენ« ...

ეჭვი მაქვს – დღეს მათი უმეტესობა სწორედ ის საშუალო და მაღალი ფუნქციონერები არიან, რომლებიც რაფაელ გლუკსმანის მიერ « ფიგაროში» აღწერილი ექსპერიმენტის შედეგად გამოიყვანეს ლიბერტარიანელმა ლაბორანტებმა .

თუ ლოგიკას დავუჯერებთ, ეს ნაციის მომავალი ელიტაა – ამ ახალგაზრდებმა საქართველო უნდა მართონ … მართალია, ეს ლოგიკა ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, მაგრამ, საბედნიეროდ ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისება, სწორედ ასეთი ლოგიკის წინააღმდეგ სვლისკენ მიდრეკილებაა… ეს ერთადერთი იმედი, ყველაზე მთავარი ლოგიკაა, რომლის მიხედვითაც, – არ შეიძლება მაინცა და მაინც საქართველოში ფუნქციონირებდეს ადამიანის ბუნება უკუღმა , წარმოუდგენელია მამები შვილებზე მეტად მეამბოხენი იყვნენ, შეუძლებელია ამ უსახო გუგულებისა და « კაცური პრიჩოსკიანი» ახალგაზრდა ბებრების ერა დიდხანს გაგრძელდეს.

მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც გუგულების ლოგიკა უნდა დაამსხვრიოს? როგორ გამოიყურებიან, რა სტილი, ან როგორი « პრიჩოსკა« აქვთ?

მათი პოვნა საქართველოში « შეუიარაღებელი თვალისათვის« ძალიან ძნელია. ხანდახან შეიძლება იფიქრო რომ ასეთები საერთოდ არ არსებობენ. ყოველ შემთხვევაში არსად ჩანან. მათი არსებობა შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ–სწორედ ხსენებულ ამბოხის ლოგიკაზე დაყრდნობით.

რა თქმა უნდა, ერთი კვირით საქართველოს გასტრონომიულ რესპუბლიკაში ჩამოსული უცხოელის, ან ხინკლის ცხელი, მშობლიური ოხშივარით გონება დაბინდული ქართველი ემიგრანტისათვის ძალიან ძნელი მათი მიგნება.

მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც შესაძლებელია მათი პოვნა სრულიად მოულოდნელ ადგილებში … ისინი სტილით თითქოს ბევრად არ გამოირჩევიან თავიანთი ევროპელი ან ამერიკელი თანატოლებისაგან. მათ შეგიძლიათ ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე…ყველაფერი ესმით, გეთანხმებიან, საინტერესო ამბებს მოგიყვებიან, ანალიზს გაუკეთებენ… მაგრამ ყველაფერი აქ დამთავრდება. საუბრის მეორე ნაწილში, როდესაც მათი სოციალური ან არტისტული პასიურობის შესახებ შეეკითხებით, გიპასუხებენ, რომ ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არა აქვს, რომ აქ არც პოეზია აინტერესებთ, არც არტი, არც მუსიკა… რომ გალერეები ერთი და იგივე რესპუბლიკის დამსახურებულ « ავანგარდისტებს« ფენენ (რაც აბსოლუტრური სიმართლეა), გამომცემლობები სულ ხუთ თუ ექვს ავტორს ბეჭდავენ რეგულარულად, და დაწერილ წიგნში თითქმის არაფერს არ იხდიან (რაც ასევე სრული სიმართლეა), რომ ეს გამოჩენილი მწერლები, არტისტები და მუსიკოსები ამავდროულად მოსახლეობას გამუდმებით ესაუბრებიან პოპ ტელეშოუებში არასამთავრობიო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ დებატებზე… – ესაუბრებიან ყველაფერზე , სამხედრო შეიარაღებიდან დაწყებული სექსით დამთავრებული,

რომ, ჩამწერი სტუდიების დიდი ნაწილი თავად ქართველ გამოჩენილ პატრიოტ პოპ ვარსკვლავებს ეკუთვნით დამსახურებების მიხედვით, ამ სტუდიებში თავისნაირ პერსპექტიულ გრძელფეხება « პატარა მეგობრების« სიმღერებს იწერენ, ძირითადად კი ახალ ახალი ჰიმნების ცხობით არიან დაკავებულნი…

ეს ყველაფერი მართლაც ასე ხდება. რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან საქართველოში, როგორც ცნობილია ყველას ოჯახი ჰყავს სარჩენი… ის, რაც ამ ახალგაზრდებს თავიანთი დასავლელი თანატოლებისაგან განასხვავებს, არის სწორედ არტისტული ანარქიული სულის სრული არ არსებობა.

კიდევ უფრო მეტად განასხვავებს ეჭვი, რომელიც აუცილებლად გაგიჩნდებათ ამ ახალგაზრდებთან საუბრისას, მოგეჩვენებათ, რომ ჩასწვდით მათ ფანტაზმს, რომ ერთ დღეს კონუნქტურა გალერეას ან სტუდიას დაუთმობს, პოლიტიზირებული ბიზნესმენი გამომცემელი კი ლექსებს გამოუქვეყნებს, ფილარმონიაში სტრატეგიული მნიშველობის მომღერლების ნაცვლად აპლოდისმენტებს სწორედ მას გაუმართავენ, წითელ ხალიჩას დაუგებენ, , გორგასლის ორდენს დაკიდებენ, იმიტომ რომ მათზე ლამაზი, ნიჭიერი, და გემოვნებიანია. რომ ეს ყველაფერი მას უბრალოდ ეკუთნის, რომ დასავლეთში მის ნაირებს აფასებენ, აფასებენ…დიახ...აფასებენ!

როგორც აღვნიშნეთ, საქართველო თავისი ბრიყვული და კომიკური კულტურული კონიუნქტურით დღეს არტისტული ანარქიის სამოთხეა, რომლის არტისტულ ჯოჯოხეთად გარდამქმნელი « დაცემული ანგელოსები» ჯერ ჯერობით არსად ჩანან. ამიტომ ადგილობრივი ტრავესტი–პოპ ანგელოსები პეპლებივით დაფარფატებენ ბათუმსა და თბილისს შორის, კლოუნების წვეტიანი ჩაჩებით, გრძელი ფერადი საყვირებითა და დოლებით… უბრახუნებენ როგორც შეუძლიად თავიანთი ბრიყვი და უტიფარი « ღმერთიკოს« სადიდებლად.

თვით « ოფიციალური« ქართულ ანდერგრაუნდიც კი ტრადიციულად წუწუნებს დღესაც , რომ მთელს მსოფლიოში მათი « კოლეგები« დაფასებულნი არიან, ჩვენთან კი არა… არ ვხუმრობ, ეს მართლაც ასეა. საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა – « ანდერგრაუნდიც» კი კონიუნქტურაა და სტრატეგიული კულტურის « კომისარიატს « ეწუწუნება დაფინანსებაზე. წუწუნი მათთვის – ბრძოლის გარეშე თვითდამკვიდრების, საკუთარ უნიკალურობაზე ხაზგასმის საშუალებად კერ კიდევ გარბაჩოვის პერესტროიკის დროს იქცა – კარგი დრო იყო…მაშინ ეს წუწუნი პირდაპირ მყარ ამერიკულ და გერმანულ ვალიუტაში კონვერტირდებოდა,,, დღეს ეს უბრალოდ თვით დამკვიდრების და კონფორმიზმის, უსამართლოდ დაჩაგრულთა მიმართ სოლიდარობის სრული უქონლობისათვის თავისმართლების საშუალებად იქცა…ისევე როგორც სტუდენტებისათვის, სამუშაოდან უბოდიშოდ დათხოვნილი მუშებისათვის, პროფესორებისათვის, ჟურნალისტებისათვის …მათ ყველას « ოჯახი ჰყავთ სარჩენი« ოჯახი კი ქართველისათვის, ევროპელებისაგან « განსხვავებით« უწმინდესი და უნეტარესია, ჩვენ ხომ შვილები « განსაკუთრებულად«, ისე ძლიერად გვიყვარს როგორც არავის მსოფლიოში, ამიტომაც უგულო ევროპელისათვის პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი შვილების კეთილდღეობა… ვაღიარებ, ძალიან ბრიყვულად ჟღერს, მაგრამ სხვა ახსნის მოძებნა ძნელია, როდესაც საკუთარ შვილებს –უპრინციპობისაგან და უთავმოყვარეობისაგან თავის გასამართლებელ საბუთად იყენებ. ეს შვილები კი

ღვინისაგან და პატრიოტულ–ლირიკული მუსიკალური პარანოისაგან აღგზნებულნი, რესტორანში სააღდგომო წითელ კვერცხებს ახლად გაკრეჭილ თავებზე იმტვრევენ, ბაქიბუქობენ, ბრიყვულ სადღეგრძელოებს სვამენ – ჯერ ღმერთის, მერე პატრიარქის, მერე კაცობის, მანდილოსნების, წინაპრების… ღმერთო ჩემო!!!

www.kalmasoba.comისინი მშიშრები არიან. მათ იესოსიც კი ეშინიათ, იმის ნაცვლად რომ უყვარდეთ, საერთოდ ყველაფრის ეშინიათ… აღდგომისაც კი, რიომელსაც ასე ელოდებიან დიდმარხვის დროს…თითქოს რაღაც საყოველთაო პანიკა იწყება, თითქოს მართლაც შიშობენ, თავიანთი სქელი ტყავის ქვეშ, რაღაც ცხოველური მგრძნობიარობითა თუ ინსტიქტით, რომ ის მართლაც აღსდგება, დაერევა და კუდით ქვას ასროლინებსს ამ დაპუდრულ , ოდეკალონით აქოთებულ ფარისევლებს… აღდგომის დღეს, ნაშიმშილარნი და ნატანჯნი როგორც კი დარწმუნდებიან რომ ამჯერადაც გადარჩნენ, ციხიდან ახლახანს გამოსული გახარებული კრიმინალებივით ქეიფობენ, ღრეობენ, ცეკვავენ, ყირაზე გადადიან… რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ახალგაზრდებს ღამის კლუბებში წააწყდებით, სულ სხვა ლაზერულ–ელექტრონულ კონტექსტში… და მიხვდებით ცხოვრების აბსურდულობას ამ უცნაურ და სახედაკარგულ ქალაქში – სადაც ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ იყვნენ ფუნდამეტალისტებიც და პარიზის, ან ბერლინის სვინგერ კლუბის კლიენტებივით « უკომპლექსონიც«. აქ თითქოს ყველაფერია: რელიგია, პოლიტიკა, სექსი, მხოლოდ იმ პლიუსის გარეშე, რაც ცხოვრებას პეწს აძლევს.

აქ ცხოვრება უგემურია.

გადახედეთ ქართულ პოპულარულ კულტურას, შეხედეთ ქართულ ფილმებს, ტელევიზიას, მოუსმინეთ ქართველ მომღერლებს – წაიკითხეთ ქართული წიგნები და მიხვდებით, რატომ, ან როგორ გადაიქცა თბილისი კავკასიის მარგალიტიდან ერთ მტვრიან უშნო ქალაქად, სასულიერო და საერო მოოქროვილი ორი ბრჭყვიალა გუმბათიანი დომინანტი შენობით. ქალაქად, სადაც ავტომობილებს გაცილებით მეტი უფლებები აქვთ ვიდრე ადამიანებს.

ჩაწვდებით საზოგადოების ბინძურ, მღვრიე მტკვარივით მდორე პერვერსიას, რომელშიც ამ ქალაქის შარმი გაიხწნა და გაუჩინარდა.

მიხვდებით რომ ამ ქალაქში, რომელის სრულიად საქართველოს კონცენტრატია, კულტურას ადამიანებთან არაფერი აქვს საერთო… არც ადამიანებს – კულტურასთან. ამიტომ აქ მხოლოდ პოპია – კულტურის გარეშე, პოპ ვარსკვლავები კი მღვდლები, პოლიციელები, წვრილმანი პოლიტიკოსები. მათ თავიანთი , ქართული პოპ–კულტურის ღმერთიც ჰყავს : ჩვენი ექსპერიმენტალური ეროვნული factory – ს სულისჩამდგმელი, ჩვენი « ენდი ვერჰოლი »– მიხეილ სააკაშვილი, თავისი ლაბორანტებით, რომლებმაც საბოლოოდ დაასამარეს საქართველოში როკ ნ როლი, მასთან ერთად მეამბოხე სული, კარგად გატკეპნეს, ზედ იტალიური « კაფელი» დააგეს, და ლუ რიდისა და მიკ ჯაგერის ნაცვლად , ტოტო კუტუნიო, ვინმე კრის დებურგი, და ბუბა კიკაბიძე შემოგვასაღეს ჩვენივე წითელი წარსულის თავისუფლების სიმბოლოებად!

საერთოდ ფართო გაგებით ეროვნული თავისებულებებზე, ადამიანთა სიბრიყვე და უნიჭობა უფრო ბევრს გვიყვება ვიდრე სიბრძნე. მაგალითად ბულგაკოვის კითხვისას, ან მოცარტის მოსმენისას გაცილებით ნაკლებად ფიქრობ რუსი და ავსტრიელი ერების უნიკალურობაზე, ვიდრე ადოლფ ჰიტლერის პარანო გამომეტყველების, ან რუსი სკინჰედის გამოთაყვანებული სიფათის ნახვისას.

გენიალურობა და ნიჭიერება აერთიანებს ადამიანებს, უნიჭობა პირიქით აშორებს და აგრესიულს ხდის. 

როგორ შეიძლება ამ ხალხმა, ქართველმა პოპ ვარსკვლავებმა და მათმა უცხოელმა სტუმრებმა გაერთიანებისაკენ უბიძგონ ვინმეს ? 

არა და სახალხო, ანუ პოპულარული კულტურა სწორედ ის სუბსტანციაა, რომელმაც გასული საუკუნის დასავლეთში, და არა მარტო დასავლეთში, რამდენიმეჯერ შეავსო დაცარიელებული ფილოსოფიური სივრცე,

« ქრისტიანობა დაპატარავდება, აორთქლდება, გაქრება, ამაზე კამათიც არ ღირს. მე სიმართლეს ვამბობ, მოვა დრო და თავად დარწმუნდებით, რომ მართალი ვარ. დღეს ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო.
მე არ ვიცი, რომელი უფრო მალე გაქრება, ქრისტიანობა, თუ როკნ როლი.." ,_ ეს სიტყვები ჯონ ლენონმა წარმოთქვა 1966 წლის 4 მარტს კონცერტის მსვლელობისას ფილიპინებზე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბითლებს, იესოსაგან განსხვავებით ყველა კონფესიისა და ეროვნების ადამიანი უსმენდა და ჯეროდა მისი, ამასთან ისე, რომ დიდ ნაწილს არც კი ესმოდა სიმღერების ტექსტები , შეგვიძლია უპირობოდ დავეთანხმოთ ლენონს: ბითლები მართლაც უფრო პოპულარულები იყვნენ ვიდრე იესო…

www.kalmasoba.com
როკნროლი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ მუსიკა. ის თავისი მნიშვნელობით ისეთივე მოვლენაა, როგორც « სპუტნიკის» პირველი სიგნალი ორბიტიდან, როგორც ფაშიზმის კაპიტულაციის დღე, 8 მაისი, როგორც სიქსტის კაპელა, პირამიდები და ვინდოუზ 95… მხოლოდ ჩვენს სამ აკორდიან სამშობლოს ეს არ ეხება – იესომ ჯონ ლენონზე შური რატომღაც მაინცა და მაინც საკუთარი დედის წილხვედრ მიწაზე იძია, როკ ნ როლის ფეტუსი პირწმინდად გამოფხიკა მისი « ფილოსოფიური საშოდან«… საქართველოში თავისუფალი « ყვირილი « ვერ დაიბადა! …

როკ ნ როლში არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული ათეიზმი. პირიქით, იესო, ბუდა , ვიშნუ. როკნროლის ისეთივე სიმბოლოები იყვნენ, როგორც ელვის პრესლი, ჯიმი ჰენდრიქსი, ან თავად ჯონ ლენონი.

იესო ისეთივე მონაწილე იყო ახალი ტალღის. როგორც ნებისმიერი გრძელთმიანი და ნახევრადშიშველი ახალგაზრდა ვუდსტოკზე.

როკ ნ როლმა ქრისტიანობას სიცოცხლე შთაბერა და მოხუცების მომაკვდავი თითქმის დამუნჯებული რელიგიიდან ცოცხალ, ყოველდღიურ ცხოვრების ნაწილად აქცია, ეს ჩემი აზრით დიდი მოვლენა იყო ქრისტიანობის ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლებს როკ ნ როლში განსაკუთრებული კონტრიბუცია არ შეუტანიათ, საბჭოთა უვიცი ათეიზმითა და რეპრესიებით მარგინალიზირებულ მათ ეკლესიას, სიცოცხლის პირველი ნიშნები სწორედ როკნროლის « შემოპარვასთან» ერთად დაეტყო…. ვებერის როკ ოპერას დიდი როლი აქვს ახალგაზრდების ეკლესიისაკენ შემობრუნებისაკენ ნათამაშები - სსრკ–ში ეკლესია როკნ როლმა ანდერგრაუნდად, ერთგვარ სუბკულტურად აქცა, კულტურა კი, თუ ის არის - ყოველთვის ცოცხალია!…

სამწუხაროდ ეს კულტურა 80-იანი წლების ბოლოს კვლავ მოკლეს, და ამ მკვლელობაში თავისი მნიშვნელოვანი როლი თავად უმადურმა მართლმადიდებლურმა ინსტიტუციამ, ეკლესიამაც ითამაშა- თანაც ისეთივე აროგანტული ენთუზიაზმითა და აგრესიულობით, როგორიც თავის დროზე ბოლშევიკ ათეისტებს ახასიათებდათ... ეს სწორედ როკენროლური კულტურის უკმარისობით მოხდა, რომელიც საბჭოთა კავშირში თავად წარმოადგენდა ანდერგრაუნდს და ვერაფრით ვერ იქცა პოპ კულტურად, ამგვარად როკენროლმა მართლმადიდებლური ეკლესიას ორჯეერ გაუწია « სამსახური »: ჯერ, 70 იანების დასაწყისში თავისი დაბადებით, შემდეგ, 80 იანების ბოლოს კი თავისი სიკვდილით.

დღევანდელი ქართველების ღმერთი აღარ არის ცოცხლების ღმერთი… როგორიც მას სურდა ყოფილიყო. რწმენას საქართველოში თითქმის აღარ ატყვია სიცოცხლის ნიშანი. დღეს აქ ადამიანებს აღარაფერი აქვთ სათქმელი, და თავის ნაცვლად ღმერთს ალაპარაკებენ გაუთავებლად . ეჭვი არ არის– დღეს აქ იესო უფრო პოპულარულია ვიდრე როკნროლი. ის აქ უალტერნატივო სუპერსტარია.

ერთად ერთი ქართველი მუსიკოსი, რომელსაც რაღაც ჰქონდა სათქმელი და სიმღერის დროს ამას ახერხებდა ირაკლი ჩარკვიანი იყო და ისიც მოკვდა. ისევე, როგორც როკენროლის არდაბადებული ფეტუსი.

სწორედ იმ წლებში მოკვდა, როცა ევროვიზიის ფესტივალი საქართველოს მთავარ პრესტიჟად, სტრატეგიულ მიზნად, ეროვნულ ოცნებად გადაიქცა.

სამშობლოს ახალი ბეტონის სიმბოლო დასჭირდა, ახალი სურამის ციხე, ახალი ზურაბი, ... ჩარკვიანის გადარჩენის შანსი ფაქტიურად ნული იყო. ის გააქვავეს. ისევე როგორც ნიკო გომელაური.

თბილისის რამოდენიმე სარდაფში კიდევ შეგიძლიათ დრო და დრო წააწყდეთ თავისუფლების მთვრალ და მშიერ საცოდავ ნარჩენებს. რომლებსაც ფილარმონიის გრანიტის ვარსკვლავებზე სტრატეგიულ–კულტურულად ორიენტირებული ქართული საზოგადოება, თუ შესაძლებლობა მიეცა, ასევე მალე დიდი სიამოვნებით ჩააბეტონებს, …

ამ საზოგადოებამ 20 წლის მანძილზე ვერაფერი მოახერხა, გარდა იმისა, რომ ახალი თაობის ინტელექტუალები იგივე ფილმებზე, მუსიკაზე, წიგნებზე აღზარდა , რომლებზეც უკვე მერამდენე ათწლეულია, თავად ჯიუტად არის ორიენტირებული – აქ დღესაც ბარი ვაითის ხავერდოვან დუდუნს უსმენენ, ისევ ჰერმან ჰესეზე მსჯელობენ, კინოსაპროექციო აპარატთან ისევ « ვალიკო» დგას, დარბაზში ისევ პაზოლინის და ფასბინდერს განიხილავენ… მხოლოდ ეს ფილმები არასოდეს არ მთავრდება, ვალიკო არაფრით არ ამბობს: « ვსიო, მორჩა კინო! – ახალი იწყება! »… დრო თითქოს არ იძვრის, გაიყინა, გააშეშდა და ამ გაშეშებულ დროში მხოლოდ ჩვენ დავბობღავთ მომაკვდავი ბაქტერიებივით.

 
2001 კოსმიური ოდისეა. სტენლი კუბრიკი 1968

2001 წელმა ისე ჩაიარა, რომ ჩვენი « კოსმიური ოდისეა» , რომელსაც ასე ველოდით არც დაწყებულა. ჩვენ პირდაპირ დასასრულში, ცივ გაშეშებულ დროში მოვხვდით. ჩვენი « რობოტიც» თითქოს ისეთივე მოშლილი აღმოჩნდა როგორც კუბრიკის კარლი – « წითელი თვალი».

თავბრუდამხვევი ფსიქოდელიური ცოცვის შემდეგ ჩვენც ჩვენს საკუთარ იუპიტერის ორბიტაზე – ვარდისფერ დეკადანსში ამოვყავით თავი, უკან დიდი სიცარიელე დავტოვეთ, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, ეკლესიამ დაიკავა მე–20 საუკუნეში დაგროვილი თავისი მტვრიანი ბარგი ბარხანით.

ჩვენი შეშლილი წითელი კარლი კიდევ ცოცხალია, ის გამუდმებით ცრუობს, და კატასტროფისაკენ მიგვაქანებს. მისი განადგურება მხოლოდ ახალგაზრდების მეამბოხე, არტისტულ, ანარქისტულ ენერგიას ძალუძს. მხოლოდ ნამდვილი ახალგაზრდების, და არა იმ კონტრფაქტი გუგულების, რომლებიც პრეზიდენტის ფრანგი მრჩეველის მიერ აღწერილ ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში შეთითხნეს უვიცმა და უნიჭო ლაბორანტებმა.

www.kalmasoba.com
ასეთი ენერგიის მატარებელმა ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ ცხოვრება არ არის ტანჯვა. და თუკი მათ სიამოვნების მიღების, ბედნიერების უფლებას უზღუდავენ, თავისით უნდა მოიპოვონ იგი. უნდა მიხვდნენ, რომ რაიმეს მოპოვება მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია. მზად უნდა იყვნენ იმისათვის რომ სცემენ. დაასახიჩრებენ, ციხეში ჩასვამენ…

ადამიანი რომელიც საკუთარი ბედნიერების უფლებას ვერ, ან არ იცავს, ვერასოდეს ვერაფერს ვერ დაიცავს. მით უმეტეს ისეთ აბსტრაქტულ ცნებას როგორიც სამშობლოა დღევანდელი დეპრესირებული ქართველისათვის.



** L’art est un jeu entre tous les hommes de toutes les époques Marcel Duchamp – ხელოვნება არის თამაში ყველა ადამიანსა და ყველა ეპოქას შორის. მარსელ დუშამი


PK
4 Mai2011 Paris