5 décembre 2012

მგლის შიშის სახელით!

ლიბერალი 04/12/2012

1953 წლის 26 მარტს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლავრენტი ბერიამ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში ამნისტიის პროექტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებდა იმ დროს საბჭოთა ბანაკებში მყოფი 2,5 მილიონი პატიმრიდან დიდი ნაწილის  განთავისუფლებას, პირველ რიგში კი არასრულწლოვანების, ხანდზმულების,  ავადმყოფების, ორსული ქალების და ა.შ…


ბერია იმავე პროექტში მიუთითებდა, რომ ამ ორნახევარი მილიონი პატიმარიდან, მხოლოდ 220 ათასი იყო განსაკუთრებულად საშიში სისხლის სამართლის  დამნაშავე, რომლებზეც ამნისტია არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო, პროექტი მეორე დღესვე, 27 მარტს იქნა ხელმოწერილი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. გამოიცა ბრძანებულება ამნისტიის შესახებ, რომლის წყალობით საბჭოთა ბანაკებიდან მილიონ ორასათასზე მეტი ტუსაღი გამოვიდა,

ამნისტიის შედეგად კრიმინოგენული გარემო გაუარესდა. რამაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახადა  2 ივლისს ახალი "უკაზი" გამოეშვა, რომელიც კრძალავდა ამნისტიის კანონის  გამოყენებას  ყაჩაღობასა და ბოროტ ხულიგნებზე გასამართლებულ პირთა,აგრეთვე ქურდ რეციდივისტების მიმართ. რამდენიმე დღით ადრე  თავად ამნისტიის პროექტის ავტორი დააპატიმრეს, ის დეკემბერში  დახვრიტეს - "მოქალაქედ" "ჩამოქვეითებულ" ამხანაგ  ლავრენტი ბერიას საკუთარი ამინისტია არ შეეხო…

სამაგიეროდ შეეხო ასევე მოქალაქე მამაჩემს, რომელსაც ოცდახუთი წელი ჰქონდა მისჯილი მეორე მსოფლიო ომში გერმანელებთან ტყვეობისთვის, როგორც სამშობლოს მოღალატეს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს,  ბერიას ამნისტიის წყალობით მოვევლინე ამ ქვეყანას. და არა მარტო მე. შეიძლება ითქვას, ომისშემდგომ დაბადებულთა საბჭოთა ეგრეთწოდებულ  “ბეიბი ბუმის” თაობას რამდენიმე წელიწადში  მომდევნო,  “ბეიბი გულაგის” თაობა მოჰყვა: გათავისუფლებულ მილიონ ორასიათას რეპრესიის მსხვერპლს შორის უამრავი ქართველი იყო, რომლებმაც ოჯახები სწორედ ამნისტიის შემდეგ შექმნეს.

რა თქმა უნდა, არნახული მასშტაბის სტალინური რეპრესიები, მისი ორგანოზატორი ჯალათების «შექსპირისეული» დრამა, რომლებიც საკუთარი სისტემის მსხვერპლნი გახდნენ, ისტორული და პოლიტიკური კონტექსტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს გეოპოლიტიკური თუ კულტურული განვითარების ვექტორზე,  ამოუწურავი თემა და  კვლევის საგანია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეეხო ეს რეპრესიებიცა და ამნისტიაც - ანუ დასავლეთში. ჩვენში ეს თემა, ისევე როგორც ბევრი სხვა, დაკავშირებული ჩვენს საბჭოთა ისტორიასთან, ოკუპაციის მუზეუმის მიერ “ოკუპირებულ” ნაწილად, ექსპონატად იქცა და თითქმის დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ “ბეიბი გულაგები” ჯერ კიდევ ცოცხლები და რეალური ადამიანები ვართ, და არა რაღაც მოსიარულე სტატისტიკური ციფრები.

იმის თქმა, რომ სამოცი წლის შემდეგ დღევანდელი ”ბეიბი გლდანების” თაობა მადლიერებით გაიხსენებს დღევანდელი ამნისტიის ავტორებს, ცოტა გადაჭარბებული იქნებოდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  “ვარდების რევოლუციის” შედეგად შექმნილი პენიტენციალური სისტემისა და  და დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად შექმნილი გულაგის მასშტაბები სრულიად სხვადახვაა, თუმცა თითოეული ადამიანის პირადი დრამის უკიდურესად ინდივიდუალურ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, განსხვავება, გულაგიდან და გლდანის ციხიდან განთავისუფლებულ უდანაშაულო ადამიანებს შორის ძალიან დიდი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით, მათი შვილებისათვის. და ეს სრულიად ადამიანური და გასაგებია.

შედარებით გაუგებარია “საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის” დამოკიდებულება ამნისტიის პროექტის მიმართ. მათ, როგორც ჩანს,   შიშის ზარი დასცა უბრალო წარმოდგენამაც კი, რომ უდანაშაულო, ან გადაჭარბებული სისასტიკით დასჯილ არასაშიშ წვრილმან დამნაშავეთა გათავისუფლებას, შესაძლოა, რამდენიმე კრიმინალის განთავისუფლებაც მოჰყვეს, რაც საფრთხეს შეუქმნის მათი ავტომობილების სარკეებსა და აიძულებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფულეს მეტი ყურადღება მიაქციონ.
პრემიერ-მინისტრის ვარაუდმა იმის შესახებ, რომ ამნისტიის შემდეგ კრიმინოგენურმა მდგომარეობა, შესაძლოა, გაუარესდეს, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი და ლოგიკურია, «საზოგადოების  ნაწილის» ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ სავარაუდოდ, მათთვის მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომლის დეფიციტსაც  თავადვე უჩივიან - საკუთარ ტელევიზორის ეკრანებთან იწყება და იქვე მთავრდება. ისინი შოკში ვარდებიან  პატიმრების წამების ამსახველი კადრების ნახვისას, 80 წლის პატიმარი ქალის სრულიად სურეალისტური ისტორიის მოსმენით, ან 50 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობისათვის რვა წელიწადმისჯილი თვრამეტი წლის ბიჭის ამბის გაგებით. ამავე დროს შეუძლიათ კიდევ უფრო დიდი ემოციები გამოხატონ ამავე ასაკის კუდის მაღალჩინოსანი კიბერკრიმინალის, ან ამ ციხეების ყოფილი უფროსის დაპატიმრების გამო. საზოგადოების ამ ნაწილის წარმომადგენლებს დიდი და მგრძნობიარე გული აქვთ, რომლითაც ძალიან განიცდიან ოციოდე ჩინოვნიკის შესაძლო უსამართლო დაპატიმრებას, ათასობით ასევე შესაძლო უდანაშაულო ადამიანის ქართული პენიტენციალური ჯოჯოხეთიდან განთავისუფლების შესაძლებლობას კი აპროტესტებენ, საკუთარი უსაფრთხოების ხარისხის გაუარესების პრეტექსტით. 
საერთოდ დღეს ისინი გამუდმებით რაღაცას აპროტესტებენ, რადგან ჩვენს ეგრეთწოდებული კოაბიტაციის ახალ ეპოქაში პროტესტი ნებადართულია, კარგ ტონად ითვლება... აპროტესტებენ ხან შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, პროკურორს, რადგან აღარავის ეშინია, მათივე  იმ ექს კოლეგების გარდა, ვისიც თავად ეშინოდა მთელს საქართველოს ბოლო რვა წლის განმავლობაში, აპროტესტებენ ახალ კულტურის  მინისტრს - მასზე ამბობენ ძალიან გულკეთილი კაციაო, ცხადია არც  ეშინია ვინმეს, განსხვავებით მისი წინამორბედისაგან, რომელზეც დღემდე ჩურჩულით საუბრობენ და თან აქეთ იქით იყურებიან, ვინმემ ენა არ მიუტანოსო. აპროტესტებენ ასევე ძალიან კეთილი იურა მეჩითოვის უკვე სავარაუდოდ ეფემერულ მინისტრის მოადგილეობას, თანაც ისეთი  მონდომებით, თითქოს წინა - "საშიში"  მინისტრის მოადგილეებზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ რვაწლიან სიმხდალეს აპროტესტებს, ისიც  საკუთარ თავთან, და ამ სიმხდალეს სხვადასხვა ახალი ჩინოვნიკის სახელს არქმევს. ეს პოტესტი სრულიად უფასო და უსაფრთხოა და ის   ინტერნეტ მომსახურეობის საფასურში შედის. 
სულ სხვა საქმეა ამნისტია. აქ უკვე რეალურად იკვეთება ფასი, რომელის გადახდაც შესაძლოა საჭირო გახდეს საზოგადოების ხელახალი ჰუმანიზაციისათვის. “საზოგადოების საუკეთესო  ნაწილი” მიიჩნევს, რომ ამ ფასის გადახდა არ ღირს. პრევენციის მიზნით სჯობს სააკაშვილის ხორცშესხმული ექსტრაორდინალური ლოზუნგი: “ყველა ციხეში!” ძალაში  დარჩეს. 
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ საზოგადოებაში გვსურს ცხოვრება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების რეპრესიები კრიმინალთან ბრძოლის ყველაზე პრიმიტიული და არაცივილური საშუალებაა, რომ ამ გზით მოპოვებული სიმშვიდე მხოლოდ ლაჩრის, კოლაბრაციონისტის სიმშვიდეა და ამაში საამაყო არაფერია. უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ საუკუნეში  ყველაზე "უსაფრთხო ქვეყანა" კრიმინალური თვალსაზრისით ნაცისტური გერმანია იყო.
ნებისმიერ დიდ ევროპულ ქალაქში გაცილებით მეტი შანსი გაქვთ, საფულე ამოგაცალონ, ვიდრე თბილისში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  ქართული საზოგადოება უფრო დაცულია. გროტესკია იმ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ლაპარაკი, სადაც  სადაც «მგლის შიშით ცხვარი გაწყვიტეს» და რომელიც ასი ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში- რუანდასა და კუბას შორის. ფაქტია, "ზედმეტად" შემწყნარებელი «ბანდიტური» დასავლური დედაქალაქებიდან ჩვენთან არავინ მორბის საცხოვრებლად...სამაგიეროდ  პირიქით - რამდენიც გნებავთ. რადგან ქვეყანაში, რომელშიც   კრიმინალის აღკვეთის ფასი საზოგადოებაში შიშის დანერგვაა, არასდროს ჩამოყალიბდება ისეთი  სამოქალაქო კულტურის საზოგადოება, რომელშიც ადამიანების ცხოვრების მიზანი ჩვეულებრივი ადამიანური  ბედნიერებისკენ სწრაფვა და არა სახელმწიფოს მიმართ შიშთან ბრძოლა იქნებოდა.
პ.ქ.
1.12.2012 Paris