7 janvier 2014

ბიოეთიკის აბორტი


"...შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა..."  
საშობაო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა . 2014წლის 7 იანვარი






განსაცვიფრებელი ხალხი ვართ ქართველები. მესამე დღეა ხელოვნულ განაყოფიერებაზე ბობოქრობს სრულიად ერი - პირველივე წუთებიდან მოყოლებული მაინტერსებდა ვინმე თუ ჩახედავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობას ან კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას ამ თემასთან დაკავშირებით... ისე უბრალოდ, ინტერესისთვის...
როგორც იქნა გუშინ დაინტერესდა ვიღაც, მხოლოდ თავად რომელიღაც საეკლესიო საიტი. სხვებმა კი  ბრმად დააკოპიეს: " საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე ემუქრება სამ წლიანი პატიმრობა"...   რა კანონის, რისი დარღვევისთვის, რატომ, ვის? რა თქმა უნდა არავინ იცის და არც აინტერესებს. რაც ყველაზე ნიშანდობრივია: არც ერთ მხარეს! ასეთ შემთხვევებში ნდობის ხარისხი ანტაგონისტ მხრეებს შორის უმაღლესია.


მე რა თქმა უნდა ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ "ამ "ოჯახში" კაციც მე ვარ და ქალიც და რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია" მაგრამ მგონი ხანდახან  არც მთლად უამისობაა:)


მოკლედ აი ეს ფრანგული კანონი თავის ორიგინალში: Le code pénal indique dans son article 227-12 : "Le fait, dans un but lucratif, de s'entremettre entre une personne désireuse d'adopter un enfant et un parent désireux d'abandonner son enfant né ou à naître est puni d'un an d'emprisonnement et de 15.000 euros d'amende". Mais le code pénal ne sanctionne en revanche ni la personne ou le couple désireux d'accueillir un enfant, ni la mère porteuse elle-même.
Enfin, la loi bioéthique bannit le recours à une mère porteuse en interdisant l'instrumentalisation du corps humain. En 2009, l'Académie nationale de médecine avait rendu un avis défavorable à la GPA.

მოკლე და თავისუფალი თარგმანი კი ასეთია:  საფრანგეთის აღნიშნული სისხლის სმართლის კოდექსიs  
227-12 სტატია  15 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმითა  და ერთი წლით პატიმრობით სჯის შუამავლებს , ვინც ანგარების მიზნით აკავშირებს მშობლებსა და მატარებელ (სუროგატ) დედას, სამაგიეროდ სისხლის სამართალი არ სჯის არც თავად ნაყოფის მატარებელ დედას, და არც მის დამქირავებელ მშობლებს.
 ეს არის ეგრეთწოდებული ბიოეთიკური კანონი, რომელიც ძალაში 1991 წლიდან შევიდა და რომელიც კრძალავს ადამიანის სხეულით მანიპულაციას.

აქ კანონი და ფრანგული კათოლიკური ეკლესიის შეხედულება რომელიც ასევე კატეგორიულია ამ საკითხში, თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს.
 " კათოლიკური ეკლესია მთლიანად იზიარებს სტერილური ქალბატონების სულიერ ტკივილს უშვილობის გამო, მაგრამ ადამიანის ღირსების სახელით ეწინააღმდეგება პიროვნების მანიპულირებას. ეკლესია თვლის, რომ სუროგატი ანუ ნაყოფის მატარებელი დედობის ტექნიკა ეფუძნება ქალის სხეულის ინსტრუმენტალიზაციას მისი პროდუქციის ხელსაწყოდ ტრანსფორმირების მიზნით"... როგორც ვხედავთ ფრანგული კათოლიკური ეკლესიის არგუმენტი სრულიად განსხვავდება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის არგუმენტისგან - ერთი შეხედვით თითქოს ფემინისტური ონჯ-ს პოზიციას უფრო წააგავს ვიდრე ეკლესიისას... მისი აზრით- " ადამიანის დაბადება ნებისმიერი ხერხით გამართლებულია. ამასთან, ეკლესია წარმოადგენს ადამიანის - დედისა და ბავშვის ღირსების უმთავრეს გარანტს. სწორედ  მისი დაცვის მიზნით ეყრდნობა ის უამრავ რაციონალურ არგუმენტს რომელიც დაიცავს დედისა და ბავშვის ღირსებას." -
( Pierre-Olivier Arduin - ფრეჟუს-ტულონის ეპარქიის სოციოპოლიტიკური ობსერვატორიის ბიოეთიკური კომისიის ხელმძღვანელი)
იგივეს იმეორებს საფრანგეთის მედიცინის აკადემიაც.

როგორც ვხედავთ საფრანგეთის ბიოეთიკურ კოდექსს არანაირი კავშირი არა აქვს იმ "სოციოეთიკურ" თვალსაზრისთან, რომლითაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განიხილავს ხელოვნური განაყოფიერების საკითხს, თუმცა არც იმ თვალსაზრისთან აქვს რაიმე საერთო, საიდანაც იგივე პრობლემაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი ლიდერი და რომელსაც "მოწმედ" ასევე "ცივილიზებული ქვეყნები მოჰყავს" (ცნობისთვის კომერციული სუროგატული მშობიარობა დაშვებულია ამერიკის ზოგიერთ შტატში, უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში, ყაზახეთში, ინდოეთში... ჰოლანდიაში უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მშობლებს სხვა ყველა შესაძლებლობა და იმედი გადაეწურებათ... საერთო შეთანხმება და საყოველთაოდ დადგენილი ეთიკური  ნორმა არ არსებობს.)
ეს თემა მთელს მსოფლიოში ძალიან ფართო განსჯისსა და დებატების საგანია . მხოლოდ რა თქმა უნდა არა ნაყოფის მარგინალიზაციის თვალსზრისით, რადგან: თუ კი ბიოლოგიურ მშობლიურ გარემოს მოკლებული ბავშვი საზოგადოებისათვის პრობლემურია,როგორც ამას ეპისტოლე გვეუბნება, გამოდის, რომ უსახლკარო და ობოლ ბავშვთა თავშესაფრებში, მათ შორის მათში რომლებიც ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ არიან, საზოგადოებისათვის პრობლემატურ პირებს ვზრდით, ეს კი აბსოლუტურად ყოველგვარ ეთიკურ ნორმას სცილდება, ბიოსაც და სოციალურსაც... მე თითქოს არ მინდა დავიჯერო რომ ასე ფიქრობს პატრიარქი და საქართველოს ეკლესია.  ჩემი აზრით. საფრანგეთის კანონების არასწორ და არასრულ ინტერპრეტირებებს, ბევრად აჯობებდა თუ კი ისინი რაიმე ფორმას იპოვნიდნენ, გამანეიტრალებელ ახსნა განმარტებას გააკეთებდნენ ამ ეპისტოლეს შესახებ, რაღაცნაირად, გარკვეული დოზით მაინც აღიარებენ შეცდომას... მესმის რომ ეს სრულიად უტოპიური სურვილია, მაგრამ რეალობა   ბარიერებთან დამბაჩაშემართული, დაყოფილი საზოგადოებაა... რომლისთვისაც ყოველი ასეთი შეცდომა ახალი დიდი ბზარია და რომელსაც ვერავითარი ღვთაებრივი და მიწიერი ძალები ვერ გაამთელებენ ახალი, უკვე მერამდენე სამოქალაქო კატაკლიზმის გარეშე... ვინ ვინ, და ეკლესიამ ეს შესანიშნავად უნდა უწყოდეს. 


საერთოდ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ  საშობაო ეპისტოლეში, რომელიც  საზოგადოებაში"ეთიკური დაპირისპირების" მიზეზი ხდება, რაღაც პრობლემაა ... და ამ პრობლემას ეკლესიის გარდა ვერავინ გამოასწორებს. (აქვე დავამატებ - როდესაც ფიქრთან დაკავშირებით  პირველი პირის მრავლობითს ვხმარობ , კატეგორიულად  არ მყავს მხედველობაში  ადამიანები, რომლებიც ასეთ ტექსტებზე ფიქრსაც კი მკრეხელობად მიიჩნევენ!   დოგმების ნირვანაში ცხოვრება, სადაც მხოლოდ პასუხებია კითხვების გარეშე -   მათი არჩევანია... )

დაბოლოს, კიდევ ერთხელ-   ბიოეთიკა ერთერთი ყველაზე განსჯადი თემაა დასავლეთში. ჩვენთან სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ესეც იმ ყინულის ნატეხია რომელიც ოდესღაც პატარა  აურელიანო ბუენდიას მამამ აჩვენა...  რომელიც სამ დღეში დადნება და ერთი წლის შემდეგ,  ზუსტად იგივე ან უფრო მეტი აქტუალურობით  ისევ ყინულის პატარა ნატეხად მოგვევლინება "ბოშების ახალ ბანაკთან" ერთად... ჩვენ კი ისევ - ნორჩი აურელიანოსავით-  მხოლოდ თითის წვერებით შევეხებით შიშითა და სიფრთხილით  სველ და  ცივ კოსმიურ  "სუბსტანციას" ... როგორც ყველა სხვა თემებს, რომლებმაც გასულ წელს მეტეორებივით  ჩაგვიქროლეს და რომელთა შესახებ დღესაც იმდენივე ვიცით , რამდენიც თუნდაც ახლახანს გასული წლის  16 მაისს ვიცოდით...

PK. 8.01.2014 Paris