Facebook Share

7 avril 2014

Bourgngne - ცხოვრების ხელოვნება

ეს ჩემი მეორე სიუჟეტია  რადიო ცხელი შოკოლადის გადაცემა "ღვინის გზამკვლევისათვის" რომელიც 2012 წელის სექტემბრის ბოლოს  გავიდა ეთერში. 




არის ესეთიი გამოთქმა» Art de Vivre რაც ქართულად "ცხოვრების ხელოვნებად" ითარგმნება... რაღაც ცხოვრების შნოსავით არის, მხოლოდ უფრო დელიკატურად ჟღერს. ეს ცხოვრების ხელოვნება ქყველა ქვეყანას თავისებური აქვს. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ზოგს თითქმის არა აქვს...სხვანაირად ამას კულტურაც შეიძლება დავუძახოთ. გასტრონომია ცხოვრების ხელოვნებაში შემავალი ანგრედიანტებიდან ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ფრანგული სამზარეულო იუნესკოს მიერ აღიარებულია როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა ღვინის გარეშე ესეთ აღიარებას ფრანგული სამზარეულო ვერასდროს ვერ მიაღწევდა.
განსაკუთრებით კი ბურგონულის, ანუ როგორც ჩვენთან რუსული თარგმანის გავლენით ეძახიან ბურგუნდიული ღვინის გარეშე. უფრო მეტიც, ღვინოზე პუბლიკაციების ერთ ერთი ცნობილი ავტორი, კრისტიან პესსი თვლის, რომ სულაც არ იქნებოდა გადაჭარბებული გვეფიქრა, რომ ბურგუნდიული ღვინის გარეშე მსოფლიოს თუ არა ევროპას მაინც დღეს სულ სხვა სახე ექნებოდა. მისი აზრით დაამტკიცებს რომ ბურგუნდიის ჰერცოგების სიმდიდრე და ძალაუფლება სწორედ ღვინის კომერციაზე აშენდა. პაპები ამდენი წლების განმავლობაში ავინიონში არ იცხოვრებდნენ, რომ არა
მათი სიყვარული და გატაცება მაღალი ხარისხის ღვინოებისადმი. ვის შეუძლია დაამტკიცოს რომ ლუი მეცამეტეს მემკვიდრე ეყოლებოდა, ანა ავსტრიელის სიბერწე დღეში ერთი ბოთლი «პატარა იესოთი» რომ არ განეკურნათ? ვის შეუძლია დაამტკიცოს რომ მეფე მზედ წოდებული ლუი მეთოთხმეტე ესე ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწევდა ექიმებს მისთვის ყოველი ჟამისას ბურგუნდიულის კარგად დალევა რომ არ გამოეწერათ? კიდევ სხვა უამრავ ესეთ რიტორიკულ კითხვების სიას ის ასე ამთავრებს: ვის შეუძლია დაამტკიცოსმ რომ სოლიდარობის გრძნობა, რომელსაც ესეთი ღრმა ფესვები აქვს გადგმული ფრანგულ კულტურაში, ეს განვითარდებოდა?
ვაზი გალების ქვეყანაში პირველი გამოჩენის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის ქრისტესშობამდე მეექვსე საუკუნეში ბერძნების მიერ იქნა პირველად შემოტანილი, ღვინის კულტურამ უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით მეორე საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც რომაელების იტალიური ღვინის ექსპორტმა ბურგუნდიამდე მოაღწია.
მეექვსე საუკუნიდან ქრისტიანობის დამკვიდრებამ მევენახეობის განვითარებას ხელი შეუწყო იმით, რომ უველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ვენახები სააბატოების, მონასტრების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ომების დროს განსაკუთრებული პროტექციით სარგებლობდნენ და .თაობიდან თაობას გადასცემდნენ მეღვინეობის გამოცდილებას. პირეველი სამონასტრო ღვინოების წარმოება რომელსაც არა მარტო ლოკალური ევროპის მასშტაბის მნიშვნელობა ჰქონდა სათავეს მე7 საუკუნეში იღებს.
მოგვიანებით მე14 მე 15 საუკუნეში ავინიონის პაპების ქალაქა გადაქცევასთან ერთად ღვინის წარმოებაკულტურად ჩამოყალიბდა.
პაპ კლემენტი მეექვსეს ეპოქაში 1342-1352 წლებში რომელიც ავინიონის პაპებს შორის
 Châteauneuf-du-Pape
ყველაზე ფუფუნების მოყვარულად ითვლება, ბურგუნდია სამ განსხვავებულ კლიმატურ რეგიონად დაიყო, და შეირჩა «პაპის მარანი»
სწორედ კლემანტი მეექვსეს გემოვნების წყალობით გახდა წითელი ღვინო უფრო მისაღები. მეთოთხმეტე საუკუნემდე უპირატეესობა თეთრ ღვინოს ენიჭებოდა. ამგვარად ავინიონის პონტიფიკას როლი ღვინის გემოვნების მუტაციაში ეტაპობრივად, გადამწყვეტად ითვლება.
ამავე ეპოქაში დაიწყო მდინარე რონის საშუალებით ღვინის უფრო ადვილად გადაზიდვა სამხრეთში.

მეთოთხმეტე მეთხუთმეტე საუკუნეში ბურგინდიის ოთხი დუკის, ანუ ჩვენებურად ჰერცოგის მართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ღვინის ხარისხის გარანტიის განმსაზღვრელი წესები. 1395 წელს ფილიპ დე ჰარდიმ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა ღვინის ხარისხი და თავის მიწებზე. გამოსცა დეკრეტი, რომლიც თავის ტერიტორიაზე კრძალავდა აქამდე გავრცელებული ვილდელოიალის ჯიშის ვაზს, და მის ნაცვლად პინო ნუაღ, ანუ შავი პინოს გაშენებას მოითხოვდა. . ეს ითვლება კვებისპროდუქტის შესახებ გამოცემულ პირველ დეკრეტად მსოფლიოში, ის წინ უსწრებს ღცვინის აპელაციასაც და გერმანულ Reinheitsgebot საც რომელიც ლუდის გამოხდისას დასაშვებ ანგრედიანებს განსაზღვრავს. 1416 წელს შარლ მეექვსემ ბურგონის ღვინის წარმოების ლიმიტი დააწესა.
1652 წელს სამედიცინო სკოლაში ექიმებმა თეზაც კი ჩამოაყალიბეს, რომ ბურგონის ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს და ყელზე სასიამოვნო სასმელია. რითიც ღვინის დიდ ომს დაედო საფუძველი ბურგუნდიულ და შამპანიურ ღვინოებს შორის. ლუი მეთოთხმეტეს თავისმა ექიმმა ბურგონი სამკურნალოდ დაუნიშნა. ამავე დროს აუკრძალა შამპანურის დალევა. მოგვიანებით ერემსის სამედიცინო ფაკულტეტზე ახალგაზრდა ექიმმა ლე პეშორმა კონტრეშეტევა განახორციელა და საპირისპირო თეზა წამოაყენა, შამპანური ღვინოების სასარგებლოდ. ღვინის ომს საფრანგეთის რევოლუციამ დაუსვა წერტილი. როცა კონფისკაციის შემდეგ დაქუცმაცებული ვენახები ბურგონელმა ბურჟუებმა შეისყიდეს...
ბურგონის რეგიონის ღვინის ისტორიზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი, ის თან გასდევს საფრანგეთის მთელ ისტორიას. დღემდე. ეს არის ისტორია ცხოვრების ხელოვნებისა, რასაც საფრანგეთი მშვენივრად ყიდის, და რაც პრინციპში მისი ყველაზე მთავარი საექსპორტო ფასეულობაა, და ის საშუალებას აძლევს ქვეყანას რომელსაც აბსოლუტურად არავითარი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, ათასგვარი კრიზისის მიუხედავად, მაინც სტაბილურად მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკად ითვლებოდეს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.
შესაძლოა ვინმეს გადაჭარბებული მოეჩვენოს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი , ქართველების შესაძლებლობები ძალიან წააგავს ფრანგულს. ჩვენ შევძელით ჩვენი საკუთარი ცხოვრების ხელოვნების შექმნა, თანაც საკმაოდ ავთენტურის, და ის გარკვეულ ზონაზე გავავრცელეთ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს არსებობას ჩემი აზრით ამ ცხოვრების ხელოვნებას უფრო უნდა ვუმადლოდეთ ვიდრე მითოლოგიურრ ძლიერ მეომარ სულს. ჩემი აზრით ფრანგებისა არ იყოს, ღვინომ ჩვენც ბევრი რამ გვასწავლა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი ღვინის კულტურის ისტორია აბსოლუტურად შეუსწავლელია. გარდა იმისა, რომ ლამის ღვინის სამშობლოდ მოვიხსენიებთ თავს, ბევრი არაფერი გვაქვს მოსაყოლი... მხოლოდ იმიტომ. რომ ჯერ არ გაგვიაზრებია – ღვინის ხარისხი მისი ისტორიაა. როდესაც იაპონელი, ამერიკელი ან ბრიტანელი ბურგონს აგემოვნებს, პირველ რიგში მის სმენას ღვინის დასახელება ესლაბუნება, და მისი წყალობით ყოველ მოსმულ ყლუპთან ერთად საფრანგეთის ისტორიის ზიარი ხდება.

პ.ქ. 29 სექტემბერი 2012
Paris



5 avril 2014

..დაბადებული ღვინის ქვეყანაში!

2012 წელს რადიო ცხელი შოკოლადისთვის, მალხაზ ხარბედიას თხოვნით სამი აუდიო - ჩანაწერი  გავაკეთე მისი გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი".  მეტი ვეღარ შევძელი რადგან მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი. ახლა ნელნელა თავი მოვუყარე ამ ჩანაწერებს. ღვინის მოყვარულებს შეიძლება დააინტერესოთ.
 ეს სულ პირველი აუდიო ფაილია, რომელიც დაკაგული მეგონა და შემთხვევით ვიპოვნე დღეს -  " დაბადებული ღვინის ქვეყანაში"... დანარჩენებსაც ამ დღეებში დავდებ.





რადიო "ცხელი შოკოლადი" 
პაატა ქურდაძე
 18 სექტემბერი, 2012

ხშირად მიფიქრია, რომ ამ მხრივ მაინც გამიმართლა. ღვინის ქვეყანაში დავიბადე და მეორე ღვინის ქვეყანაში ვცხოვრობ... იმედი მაქვს არაყის ან ლუდის ქვეყანაში არ მოვკვდები,  იმიტომ არა, რომ არც ერთი არ მიყვარს.  ასე მგონია,  რომ ჩემთვის ღვინის ქვეყანაში სიკვდილი უფრო ადვილი იქნება, ისევე როგორც სიცოცხლე. რატომ მგონია არ ვიცი, კაცმა რომ თქვას ადვილი სიცოცხლე არსად მქონია, ალბათ იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ღვინის ქვეყნებში უფრო მეტი შანსი გაქვს  "წაღმა გეჩვენოს, ქვეყნის უკუღმა ტრიალი".
შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ღვინის მსმელ ერებს შორის არის რაღაც უხილავი მაგნიტიზმი, ღვინო კონვივიალურია, ის აერთიანებს, მძიმე ალკოჰოლი კი პირიქით, თიშავს, მარტოობისკენ გიბიძგებს, ჩემზე ყოველ შემთხვევაში ესე მოქმედებს. 
თუმცა იმისთვის, რომ ღვინის ქვეყანა გახდე, არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ვენახი გააშენო, ტექნოლოგიურად სრულყოფილი ქარხანა ააგო და მარკეტოლოგიური თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი, თუნდაც ძალიან კარგი ღვინო აწარმოო. ფრანგს, იტალიელს ან ქართველს ვერ ექნება ჩინელთან ეს უხილავი ტანინიანი ძაფები გაბმული, რომელიც ერთმანეთთან აქვთ. რადგან ჩინეთმა, სულ რომ გააკოტროს ფრანგული და იტალიური ღვინის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა რომ  მშვენიერი ღვინის გამოშვება ისწავლა, ღვინის ქვეყანა მაინც კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გახდება. რადგან ღვინის მწარმოებელსა და მეღვინეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც პურის მწარმოებელსა და მეპურეს შორის. მეპურეები კი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ესე ადვილად ამ წოდებას ვერ მიიღებ, საფრანგეთში, იმისათვის რომ პურის  მაღაზიას საფუნთუშე ანუ ბულანჟერი ერქვას, პატრონი იძულებულია არა მხოლოდ ადგილზე  გამოაცხოს, არამედ ცომიც აუცილებლად იქვე მოზილოს. მაგარი ხალხია, ყოველ დილას ხუთ საათზე იწყებენ  ცომის ზელას...  თუმცა ფრანგ ხაბაზებზე, ანუ ბულონჟერებზე სხვა დროს იყოს.
90–იანი წლების დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში გადმოვედი საცხოვრებლად, საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთთან აიგივებდნენ და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ძირითადად ყინვაზე, ვოდკაზე და  ქერა გოგოებზე მელაპარაკებოდნენ, თან ეშმაკურად მიპაჭუნებდნენ თვალს, უფრო კულტურულები კი ბალეტზე, ჩეხოვზე და ტროცკიზე... დაუღალავად ვუხსნიდი ყველაფერს გაოგრაფიიდან დაწყებული დამწერლობით დამთავრებულ, მაგრამ ავიწყდებოდათ და რამდენიმე დღეში, ამინდი ცოტათი გაფუჭდებოდა თუ არა, იგივეს მეკითხებოდნენ: "ჰა.. მუსიე, ეხლა თქვენთან მაგრად ყინავს არა? ვოდკა, ბანია და... ტანია ჰა?"  ხითხითებდნენ და მრავალმნიშვნელოვნად თვალებს მიპაჭუნებდნენ გაუთავებლად, სანამ ნერვებაშლილი თავიდან არ ვიწყებდი ჩემი ბოხჩაში გამოკრული საცოდავი ეროვნული ფასეულობების ამოლაგებას სათითაოდ...  "ა ბონ?" ამბობდნენ გაკვირვებულები, რაც ჩვენებურად დაახლოებით იგივეს ნიშნავს რაც "რას ამბობ, მართლა?" და მაშინვე სხვა თემაზე გადადიოდნენ, ძალიან მოხერხებულად.
მოგვიანებით დაკვირვებების შედეგად მივხვდი,  რომ ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებდნენ განსხვავებას ქართველსა და რუსს შორის, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ქართველები ღვინის მსმელი ხალხი ვართ, და ყველაზე კარგი ღვინო, ყველი და პური გვაქვს მეთქი. ამაზე სერიოზულ კითხვებს  მისვამდნენ, რომელზე პასუხი მაშინ არ მქონდა. რადგან ღვინო ჩემთვის მანამდე არასდროს ყოფილა კულტურის ნაწილი. ვიცოდი მხოლოდ რომ ეგრეთწოდებული უშაქრო ღვინო კარგი იყო, გაკეთებული, ანუ შაქრიანი კი-ცუდი. ვიცოდი, რომ ღვინოს დასათრობად სვავენ, რომ ის დღესასწაულის მთავარი  ატრიბუტია და არა გასტრონომიის ნაწილი, როგორც ეს ფრანგების შემთხვევაშია...
საკვირველი იყო:  მიუხედავად იმისა, რომ ნებიმიერი ფრანგიც ზუსტად იგივეს ფიქრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი პური, ყველი და ღვინო აქვს, არავინ შემკამათებია, პირიქით სახე უნათდებოდათ, თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი მთვრალი ობობა დაბოდიალობდა და რაღაც კეთილ ქსელს ქსოვდა ღიღინით.
მართლაც, კაცი, რომელსაც თავისი პური, ყველი და ღვინო საუკეთესო ჰგონია, არ შეიძლება ცუდი კაცი იყოს, დიდი–დიდი ერთი ორი ჭიქა ზედმეტი ჰქონდეს გადაკრული.
მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ იესომ შემთხვევით არ აირჩია ღვინო და პური საიდუმლო სერობის მისტერიის აღსასრულებლად: იესოც ღვინის მსმელი იყო და იცოდა, რომ სხვა არც ერთ სასმელს არ აქვს  ესეთი  კეთილშობილური, ბრძნული თვისება დაეხმაროს ადამიანებს დროდადრო ერთმანეთის ნაწილად იგრძნონ თავი, და ამასთან ინდივიდუალობა არ დაკარგონ.
ღვინის სიყვარულიც  სწორედ სიყვარულივით ინდივიდუალურია: თითქოს ყველა შეყვარებულის სიმპტომი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ  ვინც არ უნდა იყოს, სხვისი აღწერილი სიყვარული შენი განცდილის თანხვედრი და, მით უმეტეს, მასზე აღმატებული ვერ იქნება. ჩემთვის მთელი ვიტიკულტურის საიდუმლო სწორედ ინდივიდუალობაშია. კარგი წითელი ღვინით ზომიერად შევსებულ მაღალი ჭიქის ყელს  თითებით ფრთხილად  ეფერები, მერე აიღებ, პირველი სურნელი, ტუჩებით ფრთხილად შეხება... პირველი პატარა ყლუპი პირველი კოცნასავით შემოდის შენში, და ის არასდროს არ წააგავს სხვა კოცნას...  ეს რა თქმა უნდა, როცა დიდი სიყვარული გაქვს... რაც იშვიათია. ფრანგები კი, ჩემი აზრით თვლიან, რომ ერთი დიდი სიყვარული ძალიან ცოტაა და ცხოვრებას მთლიანობაში უფრო ყოველდღიური პატარა, ცოტ-ცოტა  სიყვარული ალამაზებს. ამიტომ  ჩვენგან განსხვავებით ცოტა ღვინოს ყოველ დღე სვავენ. თუმცა ცხადია, არა ძვირფას ფრანგულ დიდ ღვინოებს, რომლებზეც ლეგენდები დადის. იშვიათად ნახავთ ფრანგულ სამზარეულოს, სადაც გულმოდგინედ საცობ დარჭობილ პატარა, ანუ ჩვენებურად, სუფრის ღვინის ბოთლი არ დგას, რომელშიც  შეიძლება სულ ერთი ჭიქა ღვინოა ჩარჩენილი, თავმოყვარე ქართველი, ცხადია ან ჩაცლის ამ ბოთლს ან გადააქცევს... ფრანგისთვის კი ეს პატარა სიყვარულის პატარა ნარჩენია, და უფრთხილდება...  არ ვიცი, თუ გინდათ ძუნწი დაარქვით, მაგრამ ბოლოში გასული,  ნახევრად დაცლილი  საიყვარულისას, ცოტა ძუნწი ყველა ხდება... დიდი და პატარა ღვინო ორივე ღვინოა ფრანგისთვის. ორივეს შესაბამის პატივს სცემს, პირიქით,  უცნობი პატარა მწარმოებლის პოვნა, რომლის ხარისხი ყველაზე დიდ აპელაციებს არ ჩამოუვარდება, ერთგვარი ნაციონალური სპორტიც კია, მაგრამ ამაზე  მოდით შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ.

PK   5 Avril  Marc 2014 Paris

16 mars 2014

მენტალიტეტის კრიზისი

16.03.14  მაესტრო -  კვირის აზრები: პაატა ქურდაძე


დაახლოვებით ორი წლის წინ ჩემმა შვილებმა დაბადების დღეზე  როლინგების გიტარისტის, კიტ რიჩარდსის სულ ახლგამოსული ავტობიოგრაფიული  წიგნი, ლაიფ მაჩუქეს-...  ჩემი აზრით ეს ერთერთი საუკეტესო წიგნია რაც როკნროლზე დაწერილა.
პირველივე გვერდებმა საბჭოთა თბილისში დამაბრუნა... უცნაურია არა? ზოგს პუტინის ხსენება აბრუნებს წითელ წარსულში, ზოგს 37 მანეთის.. ზოგსაც  ჩემსავითღ კიტ რიჩარდსის... ახლავე აგიხსნით რატომ.
წიგნის  პირველ თავში  ავტორი 1975 წელის ამერიკული ტურის ეპიზოდს იხსენებს. რომლის დროს მან გიტარისტ რონი ვუდთან და ორ მეგობართან ერთად გადაწყვიტა მემფისიდან დალასში ავტომობილით ჩასულიყო. ამ იდეამ ჯგუფის ადვოკატი ლამის პანიკაში ჩააგდო, საქმე იმაშია, რომ 1972 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა ჯონ ლენონის შემდეგ მიზანში როლინგები ამოიღო, პლანეტაზე ყველაზე საშიშ  ნონ გრანტა როკ ჯგუფად შერაცხა.
სამი წლის  შემდეგ  სწორედ ამ ადვოკატის დიდი შრომის შედეგად ჯგუფს პირველად დართეს ნება შტატებში ტურის გამართვის..
კოკაინით, მარიხუანათი და ათასგვარი აბებით გატენილი ავტომობილით არკანსასის შტატის გადაკვეთა,სადაც იმ ხანებში როკ მუსიკის კანონით აკრზალვას აპირებდნენ, სადაც, როგორც მუსიკოსი წერს  თითოეული პოლიციელი ოცნებობდა სამშობლოდან ამ გრძელთმიანი პედერასტი ინგლისელების  გაყრაზე - მართლაც არ იყო კარგი იდეა.
ისინი პირველივე ბენზინის გასამართი სადგურზე დააკავეს …  ეს გრძელი და ძალიან სასაცილო ისტორიაა.. გირჩევთ თავად წაიკითხოთ.
მე კი როგორც გითხარით, ამ ამბავმა ჩემს საბჭოთა 75 ში გადამისროლა… ჩემს ერთი ციცქნა ოთახში, სადაც კედელზე ჟურნალ « კრაკოდილიდან »  ამოჭრილი მიკ ჯაგერის  კონცერტზე გადაღებული ფერადი ფოტო მქონდა გაკრული, « კრაკოდილი »  მას შიმპანზეს ამსგავსებდა. დასცინოდნენ, ასე ვთქვათ…თუმცა უნდა ითქვას შედარება არც ისე არაზუსტი იყო - ჯაგერი მართლა შიმანზეს პოზაში  იდგა სცენაზე და რაღაცას გაჰყვიროდა მიკროფონში.
მაშინ ვერავინ, თვით კიტ რიჩარდიც კი ვერ დამაჯერებდა, რომ ღრმა ამერიკაში როლინგებზე მართლაც  ნადირობა იყო  გამოცხადებული , რომ ბევრ შტატში როკი სახელმწიფოსთვის საშიშ  ფენომენად ითვლებოდა .
მაშინ არც დენის ჰოპერის « იზი რაიდერი » მქონდა ნანახი პიტერ ფონდას და ჯაკ ნიკოლსონის მონაწილეობით და რომ მქონოდა,  არც იმას დავიჯერებდი რომ ამერიკელი ბრიყვები არაფრით არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა ბრიყვებისგან, მეტიც, გრძელი თმების გულისთვის ვისაც გნებავთ იმას ახდიდნენ ვინჩესტერით თავის ქალას … დასავლეთი ჩემი პერსონალური თავისუფლების სიმბოლო იყო , ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე, რადგან ის ჩემამდე უბრალოდ არ აწევდა. იმ ეპოქის ბ კლასად წოდებული აბსოლუტურად იდიოტური პროპაგანდისტული ფილმები მხოლოდ წითელი კავშირის დაშლის მერე ვნახე საფრანგეთში-  რომელთა მიხედვით მე მხოლოდ საბჭოთა ნაცრისფერი სტერეოტიპის ნაწილი ვიყავი. ეს სტერეოტიპი თავისი უბადრუკობით არაფრით განსხვავდებოდა საბჭოთა ანალოგისგან, მეტიც - პროპაგანდის ხარისხით  კრემლი აშკარად უგებდა თეთრ სახლს, ცოტათი მეწყინა კიდეც…
მე ვეკუთვნი თაობას, რომელმაც როკნროლი წლიდან წლამდე ათრია თავისი სუსტი მხრებით საქართველოში, და არა მხოლოდ როგორც რაღაც ელიტარული მუსიკა, არამედ როგორც პოპ კულტურის ჩანასახი… ამით თავისდაუნებურად შეამზადა ბაზა იმისთვის, რომ  რამდენიმე წლის შემდეგ  როდესაც ჩვენ ყველამ ფორმალური თავისუფლება მივიღეთ, დასავლეთთან რაღაც  კულტურული სინქრონიზება  შემდგარიყო… თუმცა არაფერიც არ შედგა. პოსტ საბჭოთა რეალობაში უძრაობის ხანის ანდერგრაუნდზე  მედია-ექსკლუზივი ნაწილობრივ 37 მანეთიანი  გროტესკული კონცეფციის ავტორებმა ჩაიგდეს ხელთ, რომლებიც თავად სარგებლობდნენ ყველაზე ხშირად აეროფლოტის იაფი სერვისით… ასეთებზე ბებიაჩემი ამბობდა, აქვთ და ღმერთმა მისცეთო.. ჩვენ არ გვქონდა ზედმეტი 37 მანეთი …არც ღმერთი გვაძლევდა და ვერც ჩვენით ვშოულოდით. ამიტომ ჩემი პირადი ცხოვრების  მოსაგვარებლად მოსკოვში ყოველ თვე არასდროს მიფრენია. საერთოდ, ჩემი  პირადი ცხოვრების თითოეული ეპიზოდი ყოველგვარი გეოგრაფიის, სისტემის  და ეთნიკურობის მიღმაა, ჩემი ყოველი  სიყვარული, ერთი ღამისაც კი ერთად ერთი და განუმეორებელია.. უბადრუკ 37 მანეთზე  გაცილებით ძვირფასი.
ცხოვრება კიტ რიჩარდსის მარშუტი იყო, ჩემს მემფისსა და დალასს შორის - დამალობანას  თუ დაჭირობანას  თამაში პოლიციასთან, ნომემკლატურულ წითელ  და  ქუჩის შავ მეინსტრიმთან. … ყველაზე თავხედურ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ შორეულ  90 იან წლებში როლლინგებს სამჯერ ვნახდი სცენაზე და სამივეჯერ, სეთისფექშენის პირველ ნოტებზე, ერთი და იგივე სცენა  გამახსენდებოდა ჩემი სამოცდაათიანებიდან. თუ როგორ ვუკრავდი გაუთავებლად  პლასტმასის სახაზავიდან გამოჭრილი მედიატორით რიჩარდსის ამ სამ კულტ აკორდს ბებიაჩემის პენსიის დანაზოგით ნაყიდ ჩეხურ შავ ელექტრო გიტარაზე…
აი ამიტომ მაბრუნებს კიტ  რიჩარდსის ხსენება საბჭოთა კავშირში. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი იდენტობის დასტურს ფანტომურ საბჭოთა მენტალიტეტან მარადიულ ბრძოლაში პოულობენ. ხანდახან ასე მგონია, ასეთებს რომ საბჭოთა კავშირი და სტალინი გამოაცალო ერთი დღეც ვეღარ იცოცხლებენ, რადგან   სხვა დასტური საკუთარი არსებობისა არ გააჩნიათ. ან შესაძლოა რაღაცას გულნოდგინედ შლიან საკუთარი მეხსიერებიდან, არ ვიცი. ვერაფრით ვერ ვხვდები ასეთი რა მენტალიტეტი ჰქონდათ რომ მე ვერ ვამჩნევდი.

საბჭოთა მენტალიტეტი   საუკეთესო თავშესაფატია დღევანდელი უნიჭობისა და უხარისხობის გასამართლებლად., ჩვენ 25 წელია კი არ ვაშენებთ, ვცდილობთ გავამართლოდ თუ რატომ არ ვაშენებთ და ვუმტკიცებთ თაობას რომელსაც წითელი კავშირი თვალით არ უნახვს ზუსტად იგივეს, რასაც B კლასის ამერიკული პროპაგანდისტული ფილმები უმტკიცებდნენ როლინგებზე მონადირე ამერიკელებს, ჩვენს პოლიტიკურად სტიგმატიზირებულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ვანაწევრებთ - ეპოქების ლოგიკას ვანგრევთ, ყოველ ახალ თაობას ბედისანაბარა ვტოვებთ, ვარწმუნებთ რომ მას მემკვიდრეობით არაფერი ღირებული არ ერგო… გარდა რამდენიმე ლირიკული კრებულის  და ფიროსმანის ჟრაფისა… სიცარიელეზე ისევ სიცარიელე  შენდება. ყოველი ახალი თაობა ადვილად პოულობს რაიმე უბადრუკ ფსევდო ისტორიულ არგუმენტს, რომ თავის წინამორბედს ხაზი გადაუსვას და  აგრესიული მარტოობისთვის გაწიროს თავი.

9 Mars  2013 Paris

22 février 2014

სატელიტ-ბიჭუნა (ამონარიდი)

...2005 წელს ჩემი ცხოვრების ერთერთ ყველაზე საინტერესო მოგზაურობაში - მომიწია წასვლა ფრანგ რეჟისორ დოკუმენტალისტ მარკ ჟამპოლსკისთან ერთად-ბაიკანურში, ყოფილ ლენინსკში. სატელევიზიო არხ  "არტესთვის" დოკუმენტალური ფილმი უნდა გაგვეკეთებინა ამ აბსოლუტურად სურეალისტული ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების შესახებ.
ფილმი სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ, რადგან აღმოჩნდა რომ იმ წელს გერმანელებს არტესთვის უკვე გადაუღიათ ბაიკანურზე  ჩვეულებრივი, სტანდარტული ფილმი კოსმოსის ათვისების შესახებ, რომელიც მონტაჟის ეტაპზე იყო. ეს არხი კი არასდროს არ უბრუნდება ერთი და იგივე სიუჟეტს, სულ ცოტა ორ წელიწადზე ადრე. ამის შესახებ ჩვენმა პროდუქციამ შეიტყო მას შემდეგ რაც ჩვენ პარიზში დავბრუნდით. გადაწყვიტეს ერთი წლით გადედოთ ფილმზე მუშაობა.მერე კი ენთუზიაზმა გადაუარათ... ფილმი მხოლოდ ჩემს თავში დარჩა და მას ხანდახან გადახვევებით ვუყურებ ხოლმე, ისევე როგორც ზოგიერთ ჩემთვის შთამბეჭდავ  სხვა  ეპიზოდს ჩემი ცხოვრებიდან რომლის ტრანსფორმაციაც წიგნად ან ფილმად სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე და ისე ვუფრთხილდები , როგორც ფეჯინი"ოლივერ ტვისტიდან" - თავის მოპარულ საუნჯეს.
თუმცა, მსოფლიოში ამ ყველაზე გასაიდუმოებულ ადგილზე მოგზაურობის შესახებ ბევრი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული. სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე მივატოვე მისი წიგნად ტრანსფორმაციის პროცესი – სათაურიც კი მქონდა მოფიქრებული – « სატელიტ ბიჭუნა» ... ძალიან ვნანობ რომ აქამდე არ დავამთავრე. იმედი მაქვს წელს მივიყვან ბოლომდე და გამოვცემ. 
დღეს კი ამ ჩანაწერებიდან ამონარიდების პატარა «მონტაჟს» გთავაზობთ, რომელიც ერთი ძალიან სერიოზული  პრობლემის სრულიად  "ირიბი"  ილუსტრაციისათვის გავაკეთე ამ დრეებში  და რომლის გარშემო საქართველოში კარგა ხანია ჩემი აზრით არც ისე სასარგებლო და შედეგის მომტანი  დებატები მიმდინარეობს, რომლის პროვოცირება  გასული კვირის დასაწყისში  ერთერთ თბილისურ კლუბში მომხდარმა ინციდენტმა მოახდინა..თუმცა ეს თემა ზუსტად ორ დღეში  უკრაინის რევოლუციამ, რაგბის მატჩმა და მამა გაბრიელის საფლავის გახსნამ ჩაანაცვლა... ალბათ  მანამ, სანამ კიდევ ვინმე ცნობილ ოჯახს არ დაატყდება მსგავსი  უბედურება თავს და სანამ ისევ არ აქაქანდებიან ორი დღის განმავლობაში   ყვითელი  ჟურნალისტები...ჩვენ ხომ გვიჭირს პარალელურ რეჟიმში ერთზე მეტ მნიშვნელოვანი თემაზე კონცენტრაცია, წესიერად ვერც კი ვასწრებთ რაინეს გაანალიზებას, რომ ცხოვრება ახალ თემას გვთავაზობს.. ძველს ვივიწყებთ და ახალზე ვხტებით, მერე კიდევ ახალზე... როგორც ალმასის  ნემსი გაფუჭებულ ვინილის დისკის მომდევნო "თრეკებზე"...
 მხედველობაში მაქვა ნარკო დამოკიდებულების დეკრიმინალიზაცია, ბიო და კლასიკური ნარკოტიკები, მარიხუანა. ნარკომანია... რომელსაც საქართველოს კონტექსტში. ჩემი აზრით,  ამ სიტყვის სხვა სინონიმი- ტოქსიკომანია უფრო მიესადაგება. 


ბაიკანური. ქალაქის ცენტრი


სატელიტ-ბიჭუნა
(ამონარიდი)

«...თავად  კოსმოდრომი ნაკლებად გვაინტერესებდა. თუმცა სურეალისტურ ქალაქ ლენინსკში მის არსებობას ვერაფრით აუვლი გვერდს.
ამ ქალაქის მშენებლობა სადღაც ყაზახსტანის ტრამალის ყველაზე მიკარგულ ადგილზე 1954 წელს დაიწყო -   კოსმოდრომი მშენებლების, მათი ოჯახის წევრების, სამედიცინო თუ სხვა პერსონალისთვის. თითქმის არავის ჰქონდა წარმოდგენა  რას აშენებდნენ. 1957 ში სპუტნიკის გაშვების ამბავიც კი  რადიოდან შეიტყეს...
ქალაქი ლენინსკი მსოფლიოს არც ერთ რუქაზე არ იყო აღნიშნული. კოსმოდრომს ეს სახელი  ამერიკელებისთვის თავგზის ასაბნევად დაარქვეს.  მას შემდეგ რაც მსოფლიომ  პირველი თანამგზავრის « სპუტნიკის» გაშვების ამბავი  შეიტყო, გაჩნდა კითხვა თუ საიდან გაუშვეს და რუსები იძულებულნი გახდნენ  ეღიარებინათ  კოსმოდრომის არსებობა.
ნამდვილი ბაკანური არის ერთი სოფლის დასახელება  არალის ზღვის სანაპიროზე, უფრო სწორად ყოფილი ზღვის - სანამ იდიოტები მას დაშრობდნენ ცხადია.
ეს სოფელი კოსმოდრომიდან 300 კილომეტრზე მდებარეობდა. როგორც ამბობენ ამ სახელის არჩევაში არანაირი ლოგიკა არ იყო, ფაქტიურად პირველივე ასე თუ ისე ადვილად გამოსათქმელი სახელი აიღეს დასახლების, რომელიც რუქაზე თვალში მოხვდათ კრემლში დაზვერვის შეფებს.... მოკლედ აი ასეთი ამბების გადაგებად წავედით, იმ ხალხის გასაცნობათ ვინც შორეულ ორმოცდაათიანებში ყაზახსტანის ამ უკაცრიელ, მართლაც მსოფლიოს მოწყვეტილ სტეპში ამ რეაქტიულ ბაბილონს აშენებდა, რომლის ნანგრევებიღა დაგვხვდა 2005 .
მარკი  ცნობილი რეჟისორია და ყოველთვის ასეთ დიდ ფორმატიან და დიდ ბიუჯეტიან დოკუმენტურებზე მუშაობს. ჩვენ სამ ფილმზე გვაქვს ერთად ნამუშევარი- მე როგორც დოკუმენტალისტს და სცენარისტს.
ლენინსკზე და ლენინსკელებზე ფილმის გადაღება მარკის იდეა იყო, აღმოჩნდა მსგავსი ჯერ არავის გადაუღია,

პილოტირებადი კოსმოსური  ხომალდი "ბურანი" - რუსული "შატლი"

იქ მოხვედრაალიან ნელი იყო. ერთი წელი აწარმოებდა ჩვენი პროდუქცია მოლაპარაკებებს "როს.ავია.კოსმოსთან", მაინ მოვახერხეთ შეღწევა,თუმცა ზალიან ძვირი დაგვიჯდა ეს მოგზაურობა: რუსებმა რამდენიმე ათასი ევრო გადაახდევინეს ჩვენს პროდიუსერს  ნებართვაში.
მოსკოვიდან სპეციალური კგბს ოფიცერი გამოგზავნეს, ადგილზეც კგბშნიკების მთელი ბრიგადა დაგვხვდა: მძღოლი, ადგილობრივი კულტურის მუშაკი, ადგილობრივი ერთკაციანი ტვ არხის  დირექტორი, რომელიც შეთავსებით ოპერატორიც იყო და გადაცემის წამყვანიც. საერთოდ ტელევიზიაში ის სრულიად მარტო მუშაობდა, მისი გადაცემა გადიოდა ყოველ საღამოს შვიდ საათზე ადგილობრივი დროით. ადგილობრივი დრო კი ამ ქალაქში ერთერთი ყველაზე უცნაური რამ არის. ყაზახები ასტანას დროით ცხოვრობენ და მუშაობენ,  რუსები კი ტრადიციულად მოსკოვის დროით, და სულ არ აინტერესებთ ყაზახსტანში რომელი ასტრონომიული დროა, მათთვის აქამდე აღწევს   კრემლის ზარების გუგუნი!...
ვიდეო აპარატურა არ წაგვიღია.. როგორც გითხარით მარკი ტექნიკურადალიან მაღალი ხარისხის ფილმებს აკეთებს და დოკუმენტალურისთვის დიდი გადამღები ჯგუფი დაყავს ხოლმე, ჩვენ მხოლოდ უნდა გვენახა რა სიტუაციაა, რისი გადაღების საშუალებას მოგვცემდნენ რუსები, გვეპოვა პერსონაჟები და დაგვეწერა სცენარი... მარკი ფიქრობს, რომ ადამიანის  თვალი ყველაზე სრულყოფილი ოპტიკაა, რაც კი დღემდე შექმნილა. რომ პატარა ვიდეო აპარატურა მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა ფიქრში. პრინციპში, მე ამიტომაც წამიყვანა. საერთოდ თვლის რომ მე გამაჩნია უნარი შევამჩნიო ის რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. "დაზვერვის" დროს კამერის სამზერში ყურებას აჯობებს საკუთარი თვალებით უყურო ყველაფერს და იფიქროთო, მითხრა. ამიტომ თან მხოლოდ ბევრი სხვადასხვა ზომის  წიგნაკები გვქონდა წაღებული.
ფოტოებიც ცოტა გადავიღეთ. რადგან  მე ფოტოაპარატი გამიფუჭდა, მარკს კი ერთერთი პირველი თაობის ციფრული "სონი" ჰქონდა ალიან პატარა მახსოვრობით, რომელიც მალე გაივსო, ახლი კარტა კი მსოფლიო კოსმოსური ტექნოლოგიის მექაში ვერ ვიშოვეთ... მაშინ იქ ციფრული არაფერი იყიდებოდა. საერთოდ თავი "ტკბილ" სამოიან წლებში გეგონებოდათ.
საფრანგეთში, წასვლამდე რა თქმა უნდა ზალიან ბევრი ვიმუშავეთ. საფუზვლიანად შევისწავლეთ ყველა ინფორმაცია ბაიკნურის შესახებ, რაც შევძელით მოგვეპოვებინა, ვუყურეთ უამრავ საარქივო მასალას, სქელტანიანი დოსიე ავკინძეთ თავისი უნიკალური ფოტომასალით.. . მთელი მისი ისტორია, ათასი ჭორი , ტყუილი,  კიდევ უფრო მეტი მართალი, რომელიც აქ ტყუილზე უფრო დაუჯერებლად  ჟღერს, სანამ იქ არ მოხვდები და არ დარწმუნდები, რომ ეს მართლაც ერთერთი ყველზე მისტიკური ადგილია პლანეტაზე, კაცობრიობის და ბუნების იშვიათი შემოქმედება, რომ აქ ზღვარი ვირტუალურსა და სინამდვილეს შორის წაშლილია.. განსაკუთრებით თუ პატივი გხვდათ და კოსმოსური ხომელდის სტარტზე ზველი დანჯღრეული ლიფტით აგიყვანეს სამოცი მეტრის სიმაღლეზე, იმ წერტილამდე, სადაც კოსმონავტები ხომალდში თავსდებიან ზუსტად იმ პოზში როგორშიც ფეტუსი იმყოფება დედის მუცელში : როგორც ამიხსნეს ეს არის იდეალური პოზა რომ ადამიანის ორგანიზმმა იმ ჯოჯოხეთურ დატვირთვას გაუძლოს, რასაც მისი სხეული იღებს სტარტიდან ორბიტაზე გასვლამდე წნევის უზარმაზარი და არანორმალური სიჩქარით ცვლილებების დროს და სისხლძარღვები არ დაუსკდეს ...


ამწყობი საამქრო

... თითქმის მთლიანად განადგურებულ კოსმოდრომის ტერიტორიაზე, , ყველაზე მოვლილი არის სამქრო, სადაც კსმოსურ ხომლდებს წყობენ: ბიკანურში წარმოებები არ არის. , აქ რუსეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვამ ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნებიდან ჩამოაქვთ სხვადასხვა დეტალები, ხომალდის კორპუსის ნაწილები, ელექტრონიკა, ნანო ტექნოლოგიები... და ამ საამქროში აწყობენ. ჩვენ იქ ფაქტიურად ქირურგებივით ჩაცმულები შეგვიყვანეს, აგვიხსნეს, რომ  თუ აქ იდეალური სისუფთავე თუ არ იქნა რაკეტა ან არ გაფრინდება ან აფეთქდება. მერე წაიტრაბახეს,  «ნაას» მსგავს სამქროში სტერილიზაციის ხარიხი 90% ,ჩვენთან კი 98% იო... დღეში თურმე სამჯერ რეცხავენ იატაკს სამედიცინო სპირტით. მე, ძველმა "სავოკმა"  მაშინვე ისეთი რაღაც ვკითხე, მარკს მართლაც აზრად რომ არ მოუვიდოდა, და ამით მგონი პირველად გავამართლე მისი იმედები საგნებისა და პრობლემების ჩემს განსხვავებულად აღქმის უნარზე, არა და არაფერია ამ კითხვაზე ბანალური ნებისმიერ რუსულ სამქროში:
- მერე მუშები სპირტს არ სვამენ მექი ვიკითხე?,, აბა რას შვებიანო, სევდიანად მიპასუხეს, აქ ყველა სვამს,კაციც. ქალიც, ბავშვიც და მოხუციცო... თვეში თურმე სამი კაცი მაინც უკვდებათ ალკოჰოლის მიზეზით. რამდენიმე წლის წინ დირექციას გადაუწყვეტია,   სამედიცინო სპირტის ტექნიკურით შეცვლა: - უფრო იაფიც დაგვიჯდება და თან აღარ დალევენო-უფიქრიათ.
 მართლაც შევალეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ახლა უკვე თვეში საშუალოდ 25 -30 კაცი უკვდებოდათ... პერსონალი და მუშები მაინც ზუსტად იმდენივეს სვავდნენ ტექნიკურ სპირტს, რამდენსაც სამედიცინოს: გრამი არ დაუკლიათ. ბოლოს საამქროს დირექცია მიხვდ, რომ სამედიცინო სპირტის ტექნიკურით ჩანაცვლება ფაქტიურად ლენინსკის მოსახლეობის გენოციდს მოასწავებდა და ისევ სამედიცინო სპირტი დააბრუნეს... ყველაფერი ველებურ მშვიდ კალაპოტში ჩადგა. ანუ სიკვდილიანობა ისევ სამ კაციან სტატისტიკას დაუბრუნდა. დაძაბულობა მოიხსნა, ამასობაში ლენინსკს სახელი გამოუცვალეს, ბაიკანური დაარქვეს. 
თვეში ტრადიციულად ისევ სამ გასვენებაა, "პამინკებზე" მთელი საამქრო იკრიფება რამდენიმე «სტოპკა» რომ ხუხონ უდროოდ წასული ტოვარიშის სულის მოსახსენიებლად.
 ისე მართლა ძალიან გულიანი და ეთილი ხალხია, ეს არის სეიძლება ერთად ერთი ადგილო პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე, რომელსაც ნაციონალიზმი არ შეეხო. ვის აღარ ნახავთ აქ, რუსებს, ყაზახებს, სომხებს, ჩეჩნებს, ქართველსაც კი – ლენინსკის მთავარ ექიმს... აქ   სიძულვილისთვის არ ცალიათ. აქ ყველა ცაში იყურება, და დროდადრო რაკეტებს თავიანთ მატრიალიზებულ მზერას ატანენ კოსმოსში. მათ ჯერათ კოსმოსის და სპირტის.
ქ დრო რომელიც ორია, თითქოს სტეპთან ერთად არის გაყინული... და ადამიანები მას სამედიცინო სპირტით და კოსმოსური ხომალდების რეაქტიული ძრავების ცეცხლოვანი ქუხილით ადნობენ...»

PS.  ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის არჩევანს მხოლოდ ისინი არ აკეთებენ, ვისაც ეს ბოროტება უშუალოდ არ შეხებია. 
პ.ქ.-19.02.2014
Paris


17 février 2014

ინტერვიუ პაატა ქურდაძესთან, Georgian Journal 13. 02 . 2014


ქეთევან ჩარხალაშვილი. 
ინგლისურენოვანი გამოცემა. 
Georgian Journal 13. 02 . 2014

როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებებით მოტანილ ახალ პოლიტიკურ სისტემას როცა მთავარი ფიგურაა პრემიერ მინისტრი საქართველოში?
თავად სისტემა ზოგადად მშვენიერია, ისევე როგორც  წინა, საპრეზიდენტო სისტემა. მხოლოდ არა ფეოდალურ-პუტინისეული უფლებებით როგორითაც სააკაშვილმა დაასრულა თავისი მანდატი.  საკითხავი ის არის, თუ რამდენად არის  ქართული პოლიტიკური სპექტრი ასეთი მართველობისათვის მზად? შეგახსენებთ, ეს სისტემა 2010 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყნის უფრო ეფექტრად განვითარებისთვის კი არა, მიხეილ  საკაშვილის სამომავალი მანტიად გამოჭრა და შეკერა. მაშინდელი გათვლებით ის დღეს ფლეჩერის სკოლის მასწავლებელი კი არა პრემიერი უნდა ყოფილიყო და კვლავ მას უნდა ემართა ქვეყანა, რეალურად  პლურალისტული და ძლიერი საკანონმდებლო ორგანო მათ გეგმებში აბსოლუტურად არ შედიოდა. ნაციონალური მოძრაობა  საკუთარი ცუდად გათვლილი გეგმის მსხვერპლი გახდა.   დღევანდელი პარლამენტი წარმოადგენს ერთის მხრივ   პოლიტიკაში  სრულიად შემთხვევით მოხვედრილი არაკომპეტენტური ადამიანების უმრავლესობას, რომელთა  ერთ  ნაწილს დეპუტატის სტატუსის შესაბამისი არც ცოდნა გააჩნია და სამწუხაროდ არც ზოგადი კულტურა, ისინი კომფორტაბელურად არიან მოკალათებულნი  იდეოლოგიური და ფასეულობითი კრიტერიუმებით რადიკალურად და  შემაშფოთებლად  განსხვავებულ  კომპრომეტირებულ პოლიტიკოსთა კოალიციაში.    მეორეს  მხრივ კი  ასევე არაკომპეტენტური, მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებსა და  მანიპულაციებში შედრებით  გამოცდილი უმცირესობის,  ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტურად დისკრედიტირებული   ნარჩენების სახით. ამ ორი ანტოგონისტი  მხარის გაუთავებელი კინკლაობა  და ბოროტი ლაზღანდარობა, განსაკუთრებული   ოპტიმიზმის  საფუძველს არ იძლევა, ეს ადამიანები, სავარაუდოდ, არ ჰგვანან იმ ხალხს ვისაც შეუძლია ქვეყნის განვითარებაზე სერიოზული  პასუხისმგებლობა აიღოს.
როგორი შედეგები მოიტანა ახალმა სისტემამ?
ჩემი აზრით   სერიოზული შეფსების გაკეთება ჯერ მაინც  ნაადრევია. რადგან ამ ცუდად გათვლილი პოლიტიკური მანიპულაციით შემთხვევით  თავსმოხვეული პოლიტიკური სისისტემით საქართველო მხოლოდ რამდენიმე თვეა ცხოვრობს. თუმცა, მაინც აღვნიშნავდი, რომ  სახელმწიფო წყობის ასეთი მასშტაბის ცვლილებას ადვილად  შესამჩნევი სერიოზული რყევები უნდა გამოეწვია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სინამდვილეში კი თითქმის არანაირი გასაკუთრებული ცვლილება არ შეიმჩნევა, გარდა იმისა რომ ტელეეკრანებიდან  პრეზიდენტ საკაშვილის   დეპრესირებული სახე გაქრა.  არა მგონია სოციალური სიდუხჭირით ქანცგაწყვეტილი ქართველები რაიმე მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმას, თუ რას დაუძახებენ ქვეყნის პირველ პირს,  პრეზიდენტს, პრემიერს, კანცლერს, თუ დირექტორს. ამ ისტორიული სახელმწიფო მოწყობის სისტემის  ცვლილებების მნიშვნელობას მოსახლეობამდე ჯერ არ მიუღწევია.
რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახა იგი პოლიტიკურ გარემოზე და ქვეყნის სტატუსზე საგარეო პოლიტიკაში?
გარეგნულად რა თქმა უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა ნდობის ხარისხს უფრო იმსახურებს. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან მიმართებაში სადაც ძლიერი ხელის მოთხოვნის ტრადიცია ლამის "გენეტიკურად" შემორჩა მოასახლეობას გასული საუკუნიდან.  პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო როგორც ვიცი საპარლამენტო წყობის პირველი შემთხვევაა. რაც შეეხება საერთაშორისო იმიჯს... ჩემი აზრით ის დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს მოსახლეობაში გავრცელებული იმიჯისგან.  ჩემი აზრით საქართველოს სკეპტიკოსი მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს- რომ ის რეალურად საპარლამენრტო რესპუბლიკაა და არა   სააკაშილის თარგზე გამოჭრილ კონსტიტუციაში გახვეული ბებერი ცბიერი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.
როგორ შეაფასებთ ახალი პრეზიდენტის მოღვაწეობას? რამდენად აქტიურია ან პასიური და განისაზღვრება თუ არა მისი ცოტა პასიურობა კონსტიტუციით?
ჩემი აზრით ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ჰიპერაქტიურ სააკაშვილს, რომ მისი შემცვლელი საერთოდ თუ არსებობს ამაშიც კი ეჭვი გვეპარება. მე ვიტყოდი რომ ის იმდენად აქტიურია რამდენადაც მას რეალობა აძლევს საშუალებას. სიმართლე გითხრათ არ მესმის რას ნიშნავს პასიური პრეზიდენტი. ნამდვილად არ მჯერა რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სამსახურში კოსვორდების შევსებითა და ფსევდონიმს ამოფარებული სოციალურ ქსელებში თინეიჯერ გოგოებთან ლაზღანდარობით კლავს დროს.
 რა პირობებში შეიძლება გამოჩნდეს პრეზიდენტის ნამდვილი ძალა და მისი რეაგირება?
პირობებში, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდ პოლიტიკაში მოღვაწეობისათვის უფრო მომზადებული, სერიოზული, კომპეტენტური გახდება. როდესაც პარლამენტში დებატები პოლიტიკური შინაარსისა იქნება და არა რაღაც პრიმიტიული სარკაზმით შეზავებული ლაზღანდარობა და ვერბალური ანგარიშსწორება.  როდესაც დემოკრატიის კულტურის პირველი ნიშნები გაჩნდება, როდესაც ყველა უკეთ გააცნობიერებს თავის ფუნქციას და მიხვდება რომ ძლიერი პრემიერი არ ნიშნავს სუსტ და უფუნქციო პრეზიდენტს.  ძლიერი უმრავლესობა კი კრიმინალიზირებულ უმცირესობას, როდესაც დიდებს და პატარებს ერთნაირი წონა და ერთნაირი პატივისცემა ექნებათ როგორც  ერთმანეთის, ისე საკუთარი ამომრჩევლებისა და გადასახადების გადამხდელების. ეს არც ისე ძნელი მისაღწევია ახლო პერსპექტივაში, მხოლოდ ამას პოლიტიკოსთა ძლიერი  ნება სჭირდება.
არის თუა არა მხოლოდ კრიზისული სიტუაცია პრეზიდენტის ძირითადი ფუნქციონირების არეალი?
რა თქმა უნდა არა, პრეზიდენტი არ არის ბეტმენი.
მომავალში როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია ამ სისტემის პირობებში?
 ქართულ პოლიტიკაში პროგნოზირება არ არის ადვილი საქმე, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვთვლი, რომ დროსთან ერთად პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდება, და შესაბამისად გაჯანსაღდება ზოგადად პოლიტიკური კლიმატი, რაც აუცილებელ  საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და   იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციების დადგენა და საკადრო საკითხები. მე მხედველობაში მაქვს კარგად აწყობილი სისტემის მიერ ქვეყნის მართვა და არა გამუდმებით სისტემის შეკეთება, მისი გატეხილი ნაწილების ძებნა და პოვნის შემდეგ კვლავ უხარისხო სათადარიგო ნაწილით გამოცვლა.
შეიძლება თუ არა რომ რუსეთმა გარკვეულწილად პასიურად აღიქვას ხელისუფლების მოღვაწეობა და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს? ანუ მოსალოდნელია თუა არა რუსეთის მხრიდან რაიმე პოლიტიკური პროვოკაცია?
ჩვენს დროში ნებისმიერი, განსაკუთრებით ქართველი პოლიტიკოსი ძალიან გულუბრყვილო და  წინდაუხედავი უნდა იყოს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მომენტში რაიმე   პოლიტიკურ, უფრო მეტიც, პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულ პროვოკაციას რომ არ ითვალისწინებდეს. რუსეთი საშიში პირველ რიგში თავისი ალოგიკურობითაა და მერე  სამხედრო სიძლიერით.  ეს ჩემი აზრით რუსეთთან ურთიერთობის ალფა და ომეგაა. გარდა ამისა   რუსეთი ჩვენი დეკლარირებული მოწინააღმდეგეა, მოწინააღმდეგე კი ყოველთვის ცდილობს შენი პასიურობის გამოყენებას თავის სასარგებლოდ. მხოლოდ ჯერ აუცილებლად შეეცდება დაადგინოს, ეს მართლაც პასიურობაა, თუ ხაფანგი.  პასიურობაზეც და აქტიურობაზეც სრული პასუხისმგებელი ხელისუფლებაა... მე ვიმედოვნებ, რომ მას გაცნობიერებული აქვს ეს პასუხისმგებლობა.

ინგლისური შემოკლებული ვერსია :

Paata Kurdadze
Ketevan Charkhalashvili
New political system of parlamentarian republic is going on smoothly yet. Georgian Journal talked to the Georgian writer in France Paata Kurdadze about results of new political system and how it works for Georgia. We offer interview to the reader of our newspaper.
Q. How do you estimate new political system that was brought by constitutional changes in Georgia?                                                                                                                                                  A. The system is good like previous presidential one but not with feudal-putin rights as Saakashvili ended his mandate. There is only question how Georgian political spectrum is ready for such kind of rule. I have to remind that this system was created in 2010 not for more effective rule of the country but for future mantle for Saakashvili. By those plans he should be not a teacher in Fletcher school but Prime Minister. In reality the pluralism and strong legislative governing body was not in their plans. National Movement became the victim of their own badly planned goal. Todays parliament is union of not competent accidental people. The endless quarrel of two antagonist groups of parliament doesn't give reason for optimism.
Q. And what results we have got from this new system?                                                                         A. In my opinion it is early yet to make conclusions. Georgia lives with this accidental badly mannered political system just several months. But I have to underline that such kind of serious scale state governing change had to create easily and notably serious fluctuations in social and political life. In reality we don't see any kind of special changes not taking into account that depressive face of president Saakashvili disappeared from TV. I don't think that for tired and poor Georgians have big meaning what is the name of the first person of the country: president, Prime Minister, chancellor or director. The changes made in state governing system have not reached to the population yet.                                                                                              Q. How it influenced the political life and foreign status of the country?                                              A. Outwardly parliamentarian republic deserves more trust. Especially in postsoviet countries where the population nearly has ''genetically'' demand for the strong hand from previous century. In postsoviet space as I know Georgia is the first case with parliamentarian system. As for foreign profile of the country.. i think it is not far from the image that most of the population has opinion about. I Think that Georgian has to prove yet that it is real parliamentarian republic and not the stealth postsoviet formation made on Saakashvili's constitutional template.                                                                                                                                 Q. How do you estimate activity of the new president and does it seem passive or it is defined by the constitution?                                                                                                                                         A. The opinion that crisis situation is nearly only one way to unveil presidents function is not true. President is not Batman. In my opinion we are so used to hyperactive Saakshvili that we doubt that can be someone that can change him. To be honest I don't understand what does it mean passive president. I really don't believe that president Margelashvili kills time making crosswords and entertaining with teenager girls behind anonymous accounts in social links.                    
Q. Can we expect some provocations from Russia perceiving new political system as passive?      A. In our times Georgian politician should be very naive and imprudent not taking into account in every moment provocation from Russia not based on political logic. In my opinion this is Alpha and Omega in relations with Russia. Besides Russia is our declared rival and rival always tries to use your imperfection or passive state in their favor. But fist it will try to define this is passivity or trap. But government is responsible for passivity and activity… I hope that it has realized all the responsibility for.

Ketevan Charkhalashvili