13 juin 2014

And Now Ladies and Gentlmen... უწესიერესი მერი!

ლიბერალი 11.06.2014




2001 წელს პარიზის მერად ტუნისში დაბადებული და გაზრდილი სოციალისტი ბერტრან დელანოე დაინიშნა. ჩემი თბილისელი მეგობრები ძალიან შეწუხდნენ, პარიზს სოციალისტი მერი არ ეკადრება, თან `იმნაირიო~ ჩურჩულით მისამძიმრებდნენ. გასაკვირია, მაგრამ საქართველოში ათი წლის წინაც კი ადამიანები გაცილებით დელიკატურნი იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. ბერტრან დელანოე დეკლარილებული ჰომოსექსუალი გახლავთ. მე ნაკლები დელიკატურობით   ვპასუხობდი, მოდი ყველამ თავის "პიდარასტ" მერს მიხედოს-მეთქი... იცინოდნენ. საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს, ზუსტად ხვდებოდნენ, რაც მქონდა მხედველობაში.
მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა. თბილისმა რამდენიმე "სექსუალურად მხნე" (ი.ჩ.)  და პოლიტიკურად გაუკუღმართებული მერი გამოიცვალა. პარიზმა კი - მხოლოდ ერთი - ბერტრან დელანოე, ისიც სულ ახლახან ასევე სოციალისტმა ქალმა _ ან იდალგომ ჩაანაცვლა. კვლავ უმცირესობის წარმომადგენელმა, მხოლოდ ამჯერად ეთნიკურის - იდალგო წარმოშობით ესპანელია.პარიზში ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ოღონდ ისე, რომ სახე არ დაუკარგავს. წლების შემდეგ კვლავ დაბრუნებული ტურისტი ვერც კი შეამჩნევს ცვლილებებს.

თბილისიც შეიცვალა. თან ძალიან. როგორც იტყვიან, ვეღარ იცნობ!  ალაგ-ალაგ თითქოს გალამაზდა, განათდა, გასუფთავდა... ალაგ-ალაგ კი დაუშნოვდა, 90-იან წლებში მისი ისედაც შელახული სახე კიდევ უფრო დეფორმირდა. ახალი სახე ჯერ ვერ შეიძინა. ყოველმა პოლიტიკურად "იმნაირმა" მერმა სათითაოდ მრავალი ქვა  ესროლა ქალაქს... და არც ერთმა არ ააცდინა. არც ერთი...

ისინი, პირველ რიგში, პოლიტიკოსები იყვნენ და მერე მერები. ქალაქი, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი პარტიის სამსახურში იდგა და შესაძლებლობისდაგვარად პარტიის პარალელურად ხან ვითარდებოდა, ხანაც დეგრადირდებოდა.  ტყუპისცალივით იმეორებდა პარტიის სახეს.დეპოლიტიზებულ მერს ალბათ არც ახლა უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში წინასარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით პარტიული ტელერიტუალები ამ პერსპექტივას ნაკლებად იძლევა. ულევი ქართული ტოკშოუები ერთმანეთის მონაცვლეობით იწვევენ პარტიებს მთელი შემადგენლობით და ერთსა და იმავე კითხვებს უსვამენ. ისინიც ერთსა და იმავეს პასუხობენ. განსაკუთრებით ამაღელვებელია, როდესაც ინგა გრიგოლიას გადაჭედილ სტუდიაში შოუს ბოლოს სათითაოდ იძახებენ ყოჩაღ კანდიდატებს პარტიის ფავორიტი პატრიოტული სიმღერის ჰანგებისა და მქუხარე ოვაციების ფონზე."რეაქციაში" გამართული ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ბალმასკარადის დროს, რომელიც ბურჯანაძე-კოალიციას მიეძღვნა, შეკრებილმა ნიღბიანმა ჭრელმა საზოგადოებამ და მისმა მრავალშვილიანმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ  პირობა დადეს, რომ ამ ქალაქში ერთსქესიანთა ქორწინება არასდროს არ შედგება და ამის იმედი სულ ტყუილად აქვთ "ნაციონალებსა" და კოალიცია "ქართულ ოცნებას"... რომლებმაც, თავის მხრივ, მომდევნო გადაცემებში "ხატზე ფიცით"  იგივე პირობა დადეს... საერთოდ  ამ არჩევნების ნოუჰაუ აშკარად  ყველა მონაწილე კანდიდატის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების არდაშვების საზეიმო და საყოველთაო ფიცია, აუცილებლად საგანგებოდ გამოპრანჭულ-დავარცხნილი ოჯახის წევრებისა და  ბავშვების თანდასწრებით! ქალაქში ასეთი ეგზოტიკური ქორწინების მსურველები თითქოს არსად შეინიშნება, მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ  არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი მაინც ერთსქესიანთა ქორწინება და ანტიდისკრიმინაციული კანონია. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს აბსოლუტურად ტრადიციული ორიენტაციის თვითმართველობის არჩევნების ბედს, თავისდაუნებურად და მე ვიტყოდი თავისდასაუბედუროდ, მნიშვნელოვანწილად ქართველი ჰომოსექსუალები განსაზღვრავენ. საერთოდ ისინი რომ არა, არავინ იცის, რას მოიფიქრებდნენ პიარისთვის ქართველი მერობისა და საკრებულოებში მოხვედრის  კანდიდატები. უნდა აღინიშნოს - ყველაზე სექსი არჩევნებია საქართველოს ისტორიაში! იმდენად, რომ კანდიდატების შეფასების მთავარი კრიტერიუმი - წესიერება, გარკვეულწილად, რაღაც ეროტიკულადაც კი ჟღერს.საერთოდ საქართველოში  გამოთქმას -  "უწესიერესი კაცი" ბევრ რამეზე შეუძლია მიგანიშნოთ - მაგალითად, როდესაც ნაციონალები წარადგენენ თავიანთ კანდიდატ ნიკა მელიას და როცა გიგი უგულავა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ეს `სხვათა შორის უცოლო~ ახალგაზრდა ბატონი ქალაქის ბიუჯეტს ბოლო კაპიკამდე თბილისელებს მოახმარს, ლოგიკური, ერთგვარი "ფროიდისტული" კითხვა გიჩნდება თავად ყოფილი მერის წესიერებასთან დაკავშირებით... გრძნობ, რომ აშკარად რაღაც აწუხებს... და პროკურორების პრეტენზიები გახსენდება. ასევე, როდესაც "ქართული  ოცნება" თავის კანდიდატ ნარმანიას აფასებს, როგორც განსაკუთრებულად  წესიერ ადამიანს, რომელიც არასდროს არაფერს მოიპარავს, ფიქრობ, რომ საერთოდ წესიერი ხალხი წესიერებაზე ამდენს არ ლაპარაკობს და გული ისევ რაღაც უწესო ეჭვებით გევსება...კანდიდატების შეფასების კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი გულანთებული პატრიოტიზმი და, რა თქმა უნდა, მენეჯერისა და მეურვის დიდი ნიჭია. ამასთან, ყველა უტიფრად არის დარწმუნებული, რომ არჩევნებში აუცილებლად თვითონ გაიმარჯვებს და არავითარ შემთხვევაში ვინმე სხვა!... ეს  ეტყობა პიარტექნოლოგებმა ასწავლეს, ამ მეტწილად უსაფუძვლო ოპტიმიზმს, სამსახურის შოვნის იმედით შეკრებილი აღგზნებული მხარდამჭერები, მგზნებარე ოვაციებს უმართავენ. საერთოდ კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების  გამოსვლები ისე წააგავს ერთმანეთს,  კაცი იფიქრებს, რომ ყველას ერთი პიარის სპეციალისტი ემსახურება და  ერთსა და იმავეს ასწავლის.სინამდვილეში ყველამ მშვენივრად იცის, ამ არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს. საქართველოში ერთადერთი არჩევნები, რომელიც სიურპრიზით დამთავრდა 2012 წლის არჩევნები იყო და მან ტენდენცია სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ შექმნა.დავით ნარმანია უპირობო ფავორიტია. მხოლოდ მითი იმის შესახებ, რომ მას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ ის აპოლიტიკური და ძალიან მეურნე კაცია, თავად  პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენჯერმე დაამსხვრია.სპორტის სასახლეში გამართული კოალიციის ყრილობაზე ახალგაზრდა პირველმა მინისტრმა მის მიერვე გამოძახებულ და სცენაზე ძუნძულით ასულ ქვეყნის 12 ყველაზე დიდი ქალაქის აქოშინებულ მერობის კანდიდატს ხელი ჩამოართვა და ბექმუსიკოსებივით უკან გაამწკრივა, შემდეგ მან რაღაც აღტკინებული კონფერანსიის ხმით ნამდვილი მეგა როკვარსკვლავივით გამოიხმო დავით ნარმანია სცენაზე და ისე მაგრად ჩაიკრა გულში, რამდენიმე წლის უნახავი დაბრუნებული "უძღები ღვიძლი ძმა" გეგონებოდათ! ცოტა ხნით ადრე კი მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ეს მას შემდეგ, რაც აგონიაში მყოფმა თბილისის მერიის აპარატის  ნარჩენებმა, საბაგირო გზების პროექტი დაბლოკა. ამ მრავალ ასეულმილიონიანი სისულელით თავზარდაცემულ თბილისელებს ბატონი პრემიერი შეჰპირდა, რომ მათ, ანუ  ძველ მერიას, ორი თვე დარჩა, მერე კი ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა, როგორც ხვდებით მას ეჭვი არ ეპარება, რომ ნარმანია მართლაც ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, როგორიც საჭიროა..მაგრამ როგორი გადაწყვეტილებებია საჭირო? ვინ წყვეტს რა არის საჭირო? საერთოდ  როგორი მერი სჭირდება თბილისს? ვის ირჩევს საქართველოს დედაქალაქი, მეურნეს თუ პოლიტიკოს?  ფაქტია, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ერთ ქალაქში ცხოვრობს, იმ ქალაქის მერი მეურნეც უნდა იყოს და პოლიტიკოსიც, მაგრამ ეს პატარძლის წესიერებისა არ იყოს, თავისთავად მოცემულებად უნდა იგულისხმებოდეს და არა რაღაც განსაკუთრებულ თვისებად. ამ არჩევნების ძირითადი წითელი ხაზი, რომ ახალი მერი მეურნე უნდა იყოს და არა პოლიტიკოსი, მტკნარი ტყუილია და წესიერი ხალხი ამას არ უნდა ამბობდეს.არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, თითქმის გადამწყვეტი შეფასების კრიტერიუმი... რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს იმ ადამიანის ღირსებების, რომელიც დედაქალაქის მერობას აპირებს... ეს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის კანდიდატთა ზოგადი კულტურა, რომელსაც საქართველოში არავინ არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამს და, მით უმეტეს, არ მოითხოვს პოლიტიკოსისგან.  ჩვენი ეპოქის დიდი ქალაქის მერი არა მოურავი, არამედ ქალაქის დირიჟორი უნდა იყოს, რადგან 21 საუკუნის დედაქალაქი დიდი ორკესტრია და არა ბატონის მამული, რომელსაც მეურნე, გაქნილი მოურავი უვლის. ზოგადი კულტურა არის სწორედ ის ძალზედ მნიშვნელოვანი რამ, რაც ასე აკლდა თბილისის ყველა მერს და რაც მიზეზია იმისა, რომ  მათ, შესაძლოა გულწრფელად, მართლაც უკეთესის გაკეთების სურვილით, სახე დაუკარგეს დედაქალაქის იმ უბნებს, რომლებსაც ცვლილებები ყველაზე ნაკლებად ესაჭიროებოდათ. ყველაზე უშნო და უსახო უბნები კი, რომელიც ქალაქის  უმეტეს ნაწილს შეადგენს - ხელუხლებელი დატოვეს. ეს გულწრფელობა მათი ზოგადი კულტურის  დეფიციტის ბრალია. რომელიც ასე აკლდათ ქალაქის მერებს, განსაკუთრებით თავგასული რომაელი კონსულივით თავდაჯერებულ ბატონ უგულავას. რადგან არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია ამხელა შანსი, რამე გაეკეთებინა თბილისისთვის, რამდენიც მას და მის გუნდს ჰქონდა. სწორედ მათი  კულტურის დეფიციტის  გამო აშენდა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული შენობა - იუსტიციის სახლი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბატონს ასე სურდა. ამ ადმინისტრაციულ სამოთხეში შესაძლოა ცხოვრებაში სულ ორჯერ მოგიწიოს მისვლა რაღაც საბუთის ასაღებად... სამაგიეროდ   ბევრი წლების განმავლობაში იქ, გაჩეხილ პარკში და კორტებზე ყოველდღე უამრავი ადამიანი დადიოდა.ან თუნდაც 145 წლის წინ აშენებული მიხეილის საავადმყოფო - ქალაქის სამოქალაქო ცხოვრების იშვიათი მოწმე - ჩვენს ქვეყანაში მედიცინის განვითარების ერთნახევარი საუკუნის განსხვისებული ისტორია... მათ ალბათ არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ ევროპაში კლინიკების კუთვნილი ისტორიული შენობები, ისეთივე ხელშეუხებელია, როგორც ჩვენთან ეკლესიები, რომლებიც რატომღაც ქართველებს ჩვენი ისტორიის ერთადერთი დასტური გვგონია, რადგან სამოქალაქო კულტურის ისტორიის დამადასტურებელი თითქმის აღარაფერი დაგვრჩა. სამშობიაროსაც კი ვერ უჩვენებთ თქვენს შვილს, ან შვილიშვილს, რომელშიც დაიბადეთ; ვერც პარკს, სადაც დედა გასეირნებდათ ეტლით, როცა პატარა იყავით; კინოთეატრს, სადაც თქვენი ყველაზე საყვარელი ფილმები ნახეთ... კარგად თუ ჩაყვებით თქვენი წარსულის ძაფს, აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრება ალაგ-ალაგ გულმოდგინედ წაშლილია... ვიღაც მუყაითი მოფუსფუსე კაცუნები ამოშლილ ადგილებზე ასფალტს აგებენ, უშნო სახლებს, ბრიყვულ მონუმენტებს, ესტაკადებს აშენებენ... ისინი, თავის მხრივ, აშენებიდან ექვს თვეში რატომღაც ძველ უშნო და ჭუჭყიან ნაგებობებს ემსგავსებიან, რომლებიც თითქოს დღედღეზე უნდა დაანგრიონ... ალბათ ასეც მოხდება, მათ სწორედ მაშინ დაანგრევენ, წაშლიან, როდესაც ისინი ახალი თაობისთვის რაიმე სენტიმენტალურ ღირებულებად გადაიქცევიან და საკუთარ შვილებსაც ხახამშრალს დატოვებენ... ეს მომავალი მუყაითი და თავდადებული წესიერი მერები და უწესიერესი ერთგული საკრებულოები...
ჩემი აზრით, ყველაზე კონცეპტუალური, რაც თბილისში ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაკეთდა აეროპორტის გზაზე პრეზიდენტ ბუშისთვის, პლასტმასის ყვავილებით მორთული ორი საბჭოთა მახინჯი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი იყო. არც მანამდე და არც მერე ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის  ქართული დეკადანსის ასეთი ძლიერი ვიზუალური მესიჯი არავის გაუკეთებია. ეს იყო ზუსტად ის პოტიომკინური კულტურა, რომელსაც ქალაქის მესვეურნი მთელი ამ წლების განმავლობაში ატარებდნენ. ამ სინთეტიკურად მარად აყვავილებული უშნო ფასადებისთვის ხელი არ უხლიათ. არავის მოსვლია აზრად, რომ ბუშის წასვლის შემდეგ იმავე ქოთნებში ნამდვილი ყვავილები დაერგო, რომელსაც დროდადრო მხოლოდ წყლის დასხმა სჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ორ უზარმაზარ კორპუსში სულ ათი ოჯახი გაბედავდა ყვავილების მოვლას, სახლებს ბევრად უფრო კეთილი სახე მიეცემოდა... იმ ათ ოჯახს ერთი წლის მერე კიდევ რამდენიმე მეზობელი მიბაძავდა, მერე კიდევ რამდენიმე... და დღეს ეს ორი მახინჯი კორპუსი შესაძლოა ისეთივე ლამაზი ყოფილიყო, როგორც უამრავი უშნო და არაფრით გამორჩეული სახლი ევროპაში, რომლებსაც ადამიანები ფსიქოლოგებივით  "აიძულებენ" ოდნავ უფრო ლამაზები, მოხდენილები  გახდნენ... და რომელსაც ისე შევნატრით, თითქოს რაიმე განსაკუთრებული სირთულე იყოს იგივეს გამეორებაში. მაგრამ ამას ბიძგი სჭირდება. ანუ  ის, რაც ყველა ქართველ მერს კატასტროფულად აკლდა - კულტურა. სწორედ მისი დეფიციტია დღემდე იმის ვერგაცნობიერების მიზეზი, რომ მერი ქალაქის დირიჟორია და არა აროგანტული მათრახიანი  მოურავი...  რომლის კომიკურ პერსონაჟსაც ასე უნიჭოდ განასახიერებენ თბილისის მერობის კანდიდატთა უმრავლესობა წინასარჩევნო `ტელესპექტაკლებში~.როდესაც კულტურაზე და  განსაკუთრებით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის კულტურაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ შინაგანი კულტურა პრინციპების პირდაპირპროპორციულია და არა წაკითხული წიგნების რაოდენობისა. პრინციპები კი სწორედ ის არის, რაც ქართველ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს შორის ძალიან ცოტას გააჩნია, დასაცავიც არაფერი აქვთ. ამიტომაც დაფრინავენ ასე ლაღად ერთი პარტიიდან მეორეში, კოალიციიდან ფრაქციაში და ისევ უკან, მარჯვნივ, ან მარცხნივ... საბოლოოდ კი ისევ წინ, მარტორქასავით.გულახდილად რომ ვთქვათ, თბილისის ისტორია მტრისა თუ მოყვრის მიერ, პერმანენტული განადგურებისა და ვიღაც ახალი გაბღენძილის ჭკუაზე მისი თავიდან აშენების ისტორიაა .  ის არასდროს ყოფილა ფლორენცია, მაგრამ რაღაც ურბანული კულტურის ჩანასახები ყოველთვის ჩნდებოდა, თუმცა როგორც კი ცოტათი წამოიზრდებოდა,  რადიკალურად იცვლებოდა, ინგრეოდა და თითქოს ყველაფერი ისევ ნულიდან იწყებოდა.ბოლოს ყველაზე მკვეთრად გამოხატული და შესაძლოა ყველაზე  მიმზიდველი ქალაქური კულტურა სამოციანი წლების ბოლოს, მჟავანაძის ეპოქის "ახალი" თბილისელების დიდი დამსახურებით, მოკვდა. დასავლეთში, სექსუალური და კულტურული რევოლუციის პარალელურად, თბილისში პირველი დიდი ბურჟუაზიულ-სნობური "რევოლუცია", უფრო კი პროვინციასა და ქალაქს შორის განხეთქილება მოხდა. რომელმაც სამოცდაათიანებსა და განსაკუთრებით  ოთხმოციანებში თავის აპოგეას მიაღწია. ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში კი სამოქალაქო დაპირისპირების, სიძულვილის სისხლიან ინგრედიენტად იქცა.ნებისმიერი ურბანული კულტურა განუწყვეტელ განახლებად დინამიკაზეა დაფუძნებული. თბილისი, ისევე როგორც ყველა სხვა დედაქალაქი, თავის იმ ქალაქურ კულტურას, რომელსაც დღეს მივტირით, სწორედ პროვინციასა და ქალაქის კულტურულ ჰარმონიას უნდა უმადლოდეს და არა ადგილობრივ წვრილ ბურჟუაზიას, რომელიც გარდა კულტურული კონტექსტისა განსაკუთრებულს არასოდეს არსად არაფერს ქმნის. თუმცა ეს უკანასკნელი ერთგვარ ნიადაგს წარმოადგენს, სადაც რაღაც ახალი უნდა დაითესოს და გაიზარდოს. რაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას დედაქალაქი. ის კულტურული კონტექსტი, დედის პლაცენტაა, რომელიც გარედან მოხვედრილ მარცვალს ფეტუსად აქცევს, ზრდის, ანაყოფიერებს, ბადებს ჭინთვებსა და ტკივილებში მჩხავანა მშვენიერ თავად გამრავლების უნარიან ნაყოფს...მსოფლიოს დიდი კულტურის ცენტრებში დღესაც ასეა. ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, სადღაც მიდიან, ბრუნდებიან, მერე ისევ მიდიან, მათ ადგილს სხვები იკავებენ, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე წელიწადში ისევ სადღაც მიდიან...დიახ... XXI საუკუნეა! არავინ არავის აყვედრის არც წასვლას და არც ჩამოსვლას... აი, თბილისი კი ჯერ კიდევ მჟავანაძის ეპოქის დროის ტელეგადაცემა "ოქროპირის"  გაშარჟებული სკეჩებით ცხოვრობს "შეგვჭამა სოფელმას" თემაზე...  თბილისელობა რაღაც უძრავი გაქვავებული სტატუსია, რომელსაც კაცმა არ იცის, რა შემადგენლობა აქვს. მაგალითად, ჩემს თბილისელობაში ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარი ცხოვრება სხვა ქალაქში ვცხოვრობ. აი, ნარმანია კი,  მართალია თბილისში არ დაბადებულა, მაგრამ იქ 18 წლის ასაკიდან ცხოვრობს, მაინც ზუგდიდელია და ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება... ეს მისი  კანდიდატურის ყველაზე მთავარი კომპრომატია და რომც შეეცადო, ვერავინ აგიხსნის - რატომ. კაცმა არ იცის, რამდენი წლის ასაკში უნდა დასახლდე თბილისში რომ სრულფასოვანი თბილისელი გერქვას, ასევე არავინ იცის, არის თუ არა ლილოელი, ან თემქელი ისეთივე რანგის თბილისელი, როგორებიც არიან "ნაღდ ქალაქურ უბნებში" გაზრდილები... ან ეს ნაღდი უბნებიც ვინ დაადგინა, რა კრიტერიუმით დგინდება მათი ნაღდობა... არავინ იცის... მოკლედ ძალიან რთული ქალაქია. გაცილებით ადვილია ამერიკული გრინ ქარდის მოპოვება, ვიდრე - თბილისელის სტატუსისა.თუმცა ამ გროტესკული სტატუსის მოთხოვნაში არის რაღაც კულტურული ხავსის მაგვარი, რომელსაც წყალწაღებული თბილისელები ეკიდებიან და ვერც გაამტყუნებ. მათ უთხრეს, რომ კატეგორიულად გადაწყვეტილია, მიმდინარე არჩევნებში - ქალაქის მერი უნდა იყოს კარგი მეურნე და არა პოლიტიკური ფიგურა. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ნარმანია ზედმიწევნით გააკეთებს იმას, რასაც მას პარტია დაავალებს, პარტია კი იმას დაავალებს, რასაც "ზემოთ" ჩათვლიან საჭიროდ და ეშინიათ, მათ შორის იმ ნარჩენების განადგურებისაც, რაც ამ ქალაქს ჯერ კიდევ შემორჩა. ნარმანიას კი არაფერი ეტყობა იმ კაცისა, რომელიც ამ ნარჩენებს გრძნობს. ამიტომ მის მთავარ კომპრომატად მარტივად იქცა მისი თბილისელობა. მერე კი, როდესაც გაახსენდათ, რომ თბილისი ამ დღეში სწორედ "კარენოი" მერებმა ჩააგდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ მისი მენეჯერული უნარი დადგა. ნარმანიას კულტურულობის ხარისხით არც ისინი დაინტერესებულან. არადა გონივრული იქნებოდა მისი ვერბალური, ან ქცევის კულტურისთვის მაინც მიექციათ ყურადღება - შეამჩნევდნენ რომ მას არა თუ პრინციპები და იდეები, საკუთარი აროგანტულობაც კი არ გააჩნია და დროდადრო "უფროსობას" ცდილობს დაემსგავსოს  მოუქნელი, უხეში გამოთქმებით.თბილისი, როგორც ჩანს, ვერ გადაურჩება ამ "ფუტურისტულ" საბაგიროებს, ვერც  სასტუმროს ვაკის პარკში, ან რაღაც შუააზიური სოცრეალიზმის ტიპის საოცრებას მრავალტანჯული პარლამენტის წინ, მხატვრის სახლის ადგილას...  ვერც   შიშის გამუდმებულ შეგრძნებას გადაურჩება, რომ ქალაქში, სადაც ერთი მუნიციპალური საცურაო აუზიც აღარ არის, გაყიდულ ლაგუნა ვერეს ადგილზე რამე უფრო მომგებიანს არ ააშენებენ... რადგან, როგორც პოეტი ამბობს, აქ "ყველაფერი მოსულა" განსაკუთრებით ქალაქის განაშენიანებაში. თბილისი, რომელიც ოდესღაც ამოტრიალებულ ჭრელ ქოლგას გავდა, მალე ბავშვის არეული ფერადი კუბების  ყუთს დაემსგავსება და ამ კუბებს დაკაცებული მეურნე ბავშვი, გნებავთ მოურავი, ცხადია უფრო ადვილად და ეფექტურად დაალაგებს ისე, როგორც მიუთითებენ.ყველაფერი დანარჩენი, მილიონი ხე, ეკოლოგია, რეგიონალური კულტურის ცენტრი, რომელსაც ნარმანიას ნაცვლად კამპანიაში ჩართული ხელოვანები გვპირდებიან, ძალიან სევდისმომგვრელად და ინფანტილურად გამოიყურება, ძალიანაც რომ გინდოდეს თავი მოიტყუო, არაფრით გამოგივა. ამ ყველაფრის გაკეთებას კულტურის მნიშვნელობის გააზრება სჭირდება, რაც ნარმანიას ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, არ გააჩნიათ, რომელიც მათ საარჩევნო კამპანიის დაწყებისას გაახსენდათ და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე დაავიწყდებათ, რადგან მათ არ სჯერათ კულტურის. მათ ჯერ არ გაუაზრებიათ,  რომ  ისეთი ქალაქის შემოსავალი როგორიც თბილისია, მხოლოდ მისი თვითმყოფადი კულტურა შეიძლება იყოს, რადგან სწორედ ეს იზიდავს ტურისტებს ქალაქში... თბილისს კი ძალიან დიდი შანსი გააჩნია იყოს ტურისტული ქალაქი და თავისი თავი თვითონვე დააფინანსოს, დაასაქმოს უამრავი ადამიანი და არა მარტო რესტორნებსა და კაფეებში, როგორც დღეს ხდება.  დღევანდელ თბილისში ტურისტს ორ დღეზე მეტი ფაქტობრივად არაფერი ესაქმება, რადგან ეკლესიების, გოგირდის აბანოსა და მუზეუმში რამდენიმე ნახატის მეტი  სანახავი ფაქტობრივად არაფერია. ჩვენ ვამბობთ რომ ვართ დიდი კულტურის ერი, მაგრამ რაში აისახება ეს, როდესაც ქალაქში სეირნობ? საყოფაცხოვრებო დონეზე საერთოდ კატასტროფაა.  არსებობს  ათობით პრობლემა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და რომელიც ბიუჯეტის უკმარისობის კი არა კულტურის დეფიციტის შედეგია, ავტომობილების მოძრაობიდან დაწყებული - ფანჯრებიდან გადმოგდებული ნაგვითა და მზესუმზირას ფურთხებით მოსეირნე ახალგაზრდებით დამთავრებული... ჩვენს  ვითომდა მრავალეროვან ქალაქში მულტიკულტურულობა კულინარიის დონეზეც კი არ იგრძნობა და მისი დასტური მხოლოდ საუკუნეების წინ აგებული სინაგოგა და მეჩეთია.გასული წლის მონაცემებით საფრანგეთში კულტურის სფეროს კონტრიბუცია მთლიანი შიდა პროდუქციის მაჩვენებელში შვიდჯერ აღემატება საავტომობილო ინდუსტრიისას და 57,8 მილიარდ ევროს შეადგენს.თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია, ადვილად მივხვდებით, რომ კულტურა ეკონომიკის ისეთივე მოტორია როგორც მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კომერცია... ისევ საფრანგეთის მაგალითს თუ მოვიტანთ, მისი დედაქალაქის ბიუჯეტი ძირითადად კულტურის წყალობით ივსება, სწორედ მისი თვითმყოფადი კულტურის გამო ჩადის იქ მილიონობით ტურისტი. ამიტომ მისი მერი პირველ რიგში ამ კულტურით ფასდება და მერე სანტექნიკისა და ასფალტის დაგების ცოდნით. დარგობრივი  სპეციალისტები დეპარტამენტების ხელმძღვანელებად მუშაობენ, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის მერიებში.ჩვენ  მიგვაჩნია და ამ არჩევნების შემდეგაც მივიჩნევთ, რომ კულტურის მინისტრის პოსტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქის კულტურულ სახეზე პასუხისმგებლობა მას გადავაბაროთ. სამწუხაროდ, ეს დიდი შეცდომაა და ეს შეცდომა თბილისში ყოველ ნაბიჯზე აშკარად იგრძნობა, ისევე როგორც საქართველოს სხვა დიდ და პატარა ქალაქებში. ამიტომ განსაკუთრებით დასანანია, რომ ამ წინასაარჩევნო ალიაქოთში, რომელიც გარკვეულწილად სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთგვარი ინტენსიური "ტრეინინგია",  კულტურა ჯერ არავის გახსენებია და სავარაუდოდ არც გაახსენდება.მეტიც... ჩემი აზრით, ამ საქმეს ახლა უკვე  აღარაფერი  ეშველება. თბილისს ნებისმიერი არჩევნის შემთხვევაში კვლავ არ ეყოლება ისეთი მერი, როგორიც მას სჭირდება - დამოუკიდებელი, საკუთარი დასაბუთებული და ლოგიკური კონცეფციების, პრინციპების მქონე, მათი დაცვის, რეალიზების უნარითა და გამბედაობით. მაგრამ საჭიროა ყოველდღიურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ 15 ივნისს არჩეულმა მერმა ნაკლები გააფუჭოს, ვიდრე მისმა წინამორბედმა, რომ საქართველოში ხუთი წლის შემდეგ მაინც გვქონდეს არაპროგნოზირებადი არჩევნების შანსი, რომ 2019 წელს მაინც არ იყოს პრემიერი ასე დარწმუნებული, რომ ყველა რეგიონში გაიმარჯვებს და "აბსოლუტური პრემიერი" გახდება... ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია გარდამავლიდან გარდაუვალ სტადიაში გადავა... ამასობაში კი იქნებ ჩვენს ქალაქებს, მათ შორის თბილისს სტაბილური კულტურული  სახის ჩამოყალიბებისა და მისი  შენარჩუნების ახალი შანსიც გაუჩნდეს.პ.ქ. 5. 06.2014 Paris

Aucun commentaire: