Une erreur est survenue dans ce gadget

28 septembre 2012

რელიგია, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა
ჟურნალი "ლიბერალი" 24 სექტემბერი 2012





არჩევნებში მონაწილე ოთხი პარტიისა და ერთი კოალიციის პროგრამებს თუ გადახედავთ, კულტურის მიმართ  საქართველოს მომავლის მშენებელთა დამოკიდებულებას,  ბიუჯეტის პროექტებში პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრულ პრიორიტეტების სიაში თუ წააწყდებით: კულტურისათვის ყველაზე მეტი - 4% ლეიბორისტულ პარტიასა და ქრისტიან დემოკრატებს ემეტებათ, ყველაზე ნაკლები - 2% ნაციონალურ მოძრაობას, “ქართულ ოცნებას”- 3%.

უნდა ითქვას, რომ კულტურის შესახებ ვერც სხვა პარტიების საიტებზე მოიძიებთ რაიმე ცნობას. არავინ იცის, რას ასახავს ეს 2, 3 და 4 პროცენტული მაჩვენებლები, ან რა კავშირშია ის სპორტთან და რელიგიასთან, როგორც ეს ბიუჯეტის პროექტებშია ასახული. 

გამონაკლისი “ქართული ოცნებაა”,  რომელიც მცირე დოზით,  მაგრამ მაინც გვაცნობს კულტურის პოლიტიკის ხედვას, სადაც ახალი და განსაკუთრებული ბევრი არაფერია, გარდა ასე თუ ისე იმედისმომცემი პირველივე პუნქტისა : “საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი საქმიანობა კულტურის სფეროში და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის უზრუნველყოფა. უნდა გამოირიცხოს ხელისუფალთა მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები”.რა თქმა უნდა, არავინ იცის, რამდენად შეასრულებს ეს პოლიტიკური ძალა გამარჯვების შემთხვევაში პირობას . როგორც ცნობილია, პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მწვავე ამნეზია ეწყებათ, რაც  პირველ რიგში, მათი  პოლიტიკური მახსოვრობის სწორედ იმ უჯრედებს ანადგურებს, რომელიც კულტურის განვითარების შესახებ ინფორმაციას ინახავს. ამაში ახალი არაფერია: კულტურა თითქმის ყველგან ყველაზე “დაბალი ღობეა”. მაგრამ როდესაც კულტურის შესახებ თავად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ივიწყებენ, ეს გაცილებით უარესია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური ამნეზია. და საქართველოში, სამწუხაროდ, სწორედ ასე ხდება: ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა  დიდი  ნაწილი აქტიურად არის ჩაბმული და დასაქმებულნი  წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც კანდიდატები, პროპაგანდისტები, ან - უბრალოდ მხარდამჭერები. ისინი საუბრობენ ყველაფერზე: გეოპოლიტიკაზე, თავდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგო სისტემებზე, მაღალ  და დაბალ ტექნოლოგიებზე, სოციალურ უსამართლობაზე, უპილოტო თვითმფრინავებზეც კი ...თავად კი   დეპრესირებული  უთვითმფრინავო პილოტებივით თითქოს ხან ველოსიპედით ცდილობენ გაფრენას, ხან ნავით, ხან ოცნების მფრინავი ხალიჩით... ამასთან თავადვე წუხან, რომ პოლიტიზირებული ატმოსფერო მათ ცხოვრებას სტრესულსა და აუტანელს ხდის, რაშიც აბსოლუტურად მართლები არიან: საქართველოში ცხოვრება მართლაც აუტანელად რთული და სტრესულია, ოღონდ, ეს მისი პოლიტიზირების კი არა, შესაძლოა, ასე ვთქვათ,  “არასწორად” პოლიტიზირების ბრალია: იმ ეპოქაში და პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ყველა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელ   სრულწლოვან ადამიანს პოლიტიკური არჩევნის უფლება აქვს, და სადაც მის ერთ ხმას უნიკალური ფასი ადევს, პოლიტიკა ყველაფერშია, და ამას ვერსად გავექცევით. 
მასიურად აპოლიტიკური   ადამიანები მხოლოდ ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. დღევანდელი საქართველოს პრობლემა პოლიტიკური  კომპეტენციების აღრევაშია და არა მის ზედოზირებაში. მაგალითად,  ქართველ ექიმს შეუძლია ზუსტად ერთ  დღეში   კვალიფიკაცია შეიცვალოს  და ასევე ახლახან კვალიფიკაცია შეცვლილ პედაგოგს ტელედებატში გაშმაგებული ეკამათოს მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების თავისებურებებსა და მათ გადაჭრის გზებზე, თან, ამავე დროს დიდი ალბათობით წარმოდგენა არ ჰქონდეს სოფლის მეურნეობის შესახებ, ისევე როგორც მის ოპონენტს.
რა თქმა უნდა, გაცილებით სასარგებლო და  ნაკლებად ისტერიული  იქნებოდა მათ თვიანთი პროფესიებისა და კომპეტენციების  შესაბამის   პრობლემებზე ეკამათათ  ასევე ახალბედა, მაგრამ კომპეტენტურ, თუნდაც ახლახან პოლიტიკაში შემოსულ ადამიანებთან. სამივე დარგი: ჯანდაცვა, განათლების სისტემა და სოფლის მეურნეობა, მოგეხსენებათ, ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად პოლიტიზირებული სფეროებია, მით უმეტეს ჩვენთან, და მათ შესახებ პოლიტიკური ათვლის წერტილიდან საუბარი თავისუფლად შეიძლება ისე, რომ ჩვენი სასიცოცხლო სივრცე ესე აუტანლად არ დაიმუხტოს. 
კულტურის პოლიტიკა   ერთ-ერთი,  ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რომელზეც არათუ არა პროფესიონალები, საერთოდ არავინ საუბრობს, მით უმეტეს - არ  კამათობს... ამასთან ვერაფრით გაუგიათ, რატომ არ არის საქართველოში სამოქალაქო, პოლიტიკური თუ ათასგვარი სხვა კულტურა... არც ამ კითხვებზე ფიქრის დრო აქვს ვინმეს, ამიტომ ყოველთვის, როგორც კი ეს კითხვები თავს წამოყოფენ, სასწრაფოდ საბჭოთა მძიმე წარსულში შეხვეტენ ხოლმე, ისე, როგორც დიდი ძველი საწოლის ქვეშ. იქ ბოლო ოც წელიწადში იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა შევხვეტეთ, რომ უკვე აღარ ეტევა და სუნი ყოველდღიურად გვახრჩობს, სწორედ ეს სუნია, რასაც ჩვენ პოლიტიკით დამუხტულ ატმოსფეროს ვუწოდებთ. 
შესაძლოა, რომელიმე ევროპული ქვეყნისთვის კულტურა მართლაც არ წარმოადგენდეს მთავარ პრიორიტეტს, იქ კულტურული პროცესები დიდი ხანია თავისით, დამოუკიდებლად მიმდინარეობს და მას უზარმაზარი როლი აქვს ნათამაშები ამ ქვეყნების ისეთებად ჩამოყალიბებაში, როგორებიც არიან.  ამაში უზარმაზარი ფული, ენერგია და ნიჭია დახარჯული, ამასთან მათი  დიდი ნაწილი, ერთი შეხედვით ფუჭადაც,  მაგრამ  თუკი ათასი საშუალო და კარგი მევიოლინე  არ გყავს, ძნელი სავარაუდოა, რომ შენს ქვეყანაში იაშა ხეიფეცი დაიბადოს. ათასი ვიოლონისტი კი ვერ გეყოლება, თუ შენი ქვეყნის ბავშვების აბსოლუტური უმრვლესობა, რომელთა შორის შესაძლოა მართლაა რამდენიმე პატარა იაშა,  ხელოვნურ საფარიან რკინის ბადით შემოღობილ პატარა მოედანზე,  ქალაქის მერის, ან რაიონის გამგებლის მიერ ნაჩუქარ გაქექილ ბურთს დასდევს დღე და ღამე და ისევე, როგორც მისი თანატოლების აბსოლუტური უმრავლესობა ფეხბურთელობაზე ოცნებობს... გოგონები კი - კარგად გათხოვებაზე.
დღევანდელი ქართული კულტურის სამინისტრო, ფაქტიურად, პროპაგანდის დეპარტამენტადაა ქცეული,  მისი მიზანი  უკვე არსებული კულტურის უცხოეთში კარგად წარდგინების საშუალებით საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელისუფლების განმტკიცებაა და არა  - შიდა კულტურული კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება
ხეიფეცად არშემდგარი პატარა "იაშა" კი უკვე გაიზარდა, დავაჟკაცდა. ფეხბურთელი მისგან, ცხადია, არ გამოვიდა, საერთოდ არაფერი არ გამოვიდა და არც შეიძლებოდა გამოსულიყო. იქ სადაც "იაშა" გიზარდა, საერთოდ არაფერი გამოდის. ამიტომ შენც იაშასავით არშემდგარ ადამიანად ატარებ ცხოვრებას სოფლის მტვრიან შარაგზაზე, საიდანაც 
ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება,  წინასაარჩევნო შეკრებაზე მოსულ ვიღაც ტიპებს პირუტყვივით დაეტაკო და  ქვა ჩაარტყა თავში; იქნებ მოკლა კიდეც... დაგიჭერენ და სამაგალითოდ, გორილასავით გალიაში გამოგამწყვდევენ.   არავის, არავის არ ეცოდინება, მათ შორის შენც, რომ უბრალოდ "იაშა" კი არა, სწორედ ის "იაშა" ხარ! სწორედ ის! ოღონდ,ძალიან, ძალიან ცუდ ვარსკვლავზე დაიბადე!
შეიძლება ინსტიქტით იგრძნო კიდეც, რაღაცაში რომ არ გაგიმართლა, მაგრამ მაშინვე შეეგუები გალიას, და არა მარტო სხვები, შენ თავად დაივიწყებ საუთარ უბადრუკ არსებობას. 
არა და...  არშემდგარი მევიოლინე მაინც რომ ყოფილიყო ქვას ალბათ არავის ჩაარტყავდი თავში...რადგან ვიოლინოს სიმებზე ხემის ყოველი გასმას ბავშვზე  ვაქცინის ეფექტი აქვს და ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე გიცავს  აგრესიულობისა და ბოროტების  ვირუსისგან. 
PK
20 Septembre 2012 Paris

14 septembre 2012


ღალატის ეტიმოლოგია

(ჟურნალი "ლიბერალი"10.09.2012)



მას შემდეგ, რაც ორმოცდაათიანი წლების გარიჟრაჟზე, გორის სადგურის ბუფეტის დამკვრელებმა პირველად შეასრულეს  ცნობილი ჰიტი  “პატარა გორი დიდია - იქ დაიბადა სტალინი”,  საქართველოში, ქვეყნის  ცოცხალ უმაღლეს პირზე სიმღერა და, მით უმეტეს, ჰიმნი არავის დაუწერია.
ვიდრე, ერთ მშვენიერ დღეს,  საბჭოთა  კავშირის  ნარჩენებიდან მომავალი ეკო-ტერორისტი და აწყვეტილი "ნონკონფორმისტი" გოგა ხაჩიძე არ გამოძვრა თავისი  დოლ-გარმონით და  “მიშა მაგარიათი”. ეს უცნაური პოპ-მინისტრი, გასულ წელს, ქართველმა ლიბერტარიანელებმა და მასთან დაახლოვებულმა ბეისბოლის ქუდიანმა “ქულ ინტელიგენციამ”,  ნონკონფორმისტად, უფრო მეტიც, პანკ-როკერად აღიარა, ხოლო ჰიმნის მიხედვით გადაღებული პროპაგანდისტული კლიპი - თავისუფალი სულის ამბოხად.
როგორც ჩანს, წარჩინებულმა ჩინოვნიკმა ხაჩიძემ მართლაც დაიჯერა, რომ  ანარქისტია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არჩევნების მოახლოვებასთან და ქართული ოცნების "შემაშფოთებელ" წარმატებებთან ერთად, მისი გუნდის სხვა  წევრების აროგანტულობის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ რამდენადაც ხელისუფლებაში ნონკონფორმისტი პანკის როლი მხოლოდ ხაჩიძეს აქვს, ამდენად ის, კულტუროლოგიური თვალსაზრისით, ხელისუფლების დოლგარმონის დამკვრელებთან შედარებით, გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. მით უმეტეს,  როგორც ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთი” იუწყება,  საკანონმდებლო ორგანოში მოსვლისთანავე, დეპუტატობის ანარქისტი კანდიდტისგან, როგორც ჩანს, პანკ კულტურაში ინოვაციური  ელემენტების დანერგვას უნდა ველოდეთ: აგვისტოს ომის თემაზე,  “მე-9 არხის”  ეთერში გასული  დოკუმენტალური ფილმის შესახებ საუბრისას ის სინანულით იხსენებს, რომ ნათია მიქიაშვილის ნაირებს "ადრე ცხენის კუდზე აბამდნენ" : "თუ ჩვენი კანონმდებლობა ამას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის და ღალატის კვალიფიკაციას არ აძლევს, მაშინ კანონია დასახვეწი. დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი გამოასწორებს ამ საკითხს. ესენი ჩვეულებრივი, მარტივი მოღალატეები არიან, ადრე ასეთებს ცხენის კუდზე აბამდნენ...”
გრავიურა XV საუკუნე
დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ნონკონფორმისტი კანდიდატი ახერხებს ერთმანეთთან შეათავსოს პანკ კულტურა და შუა საუკუნეებისა და საბჭოთა ინკვიზიციის მეთოდები. ეკოლოგისტისთვის, ცოტა  არ იყოს, ზედმეტი სისასტიკეა, მაგრამ სამაგიეროდ - ინოვაციური.
დაახლოებით სამი დღის შემდეგ, იგივე ექსმინისტრმა, “მაესტროში”, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრში”, პოლიტიკურ კონკურენტებთან დისკუსიისას, ზუსტად ის  ბრალდება ამოაძვრინა ჯიბიდან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ბოლშევიკები იყენებენ ხოლმე - “ღალატი”.
ეს პატარა, ცრუ ნონკონფორმისტი, ცხადია, ვერანაირად ვერ გახდებოდა ყურადღების საგანი, საქართველოს ხელისუფლების ეჟოვისეული რიტორიკისა და პრაქტიკის კრებით მორალურ სახეს, ერთგვარ ფენომენს რომ არ წარმოადგენდეს.
გადაჭრით შეიძლება ითქვას: ეს   ჩვენი დროის ტრაგედიაა.  საბჭოთა აგიტპლაკატიდან საკანცელარიო მაკრატელით გულმოდგინეთ ამოჭრილი    უტიფარი პერსონაჟები  ბედავენ და სხვებს, არა აქვს მნიშვნელობა, ვის -  საქართველოს უკან, წარსულში დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებენ.   ეს ადამიანები  შორეული, უკვე არარსებული, გახუნებული საბჭოთა წარსულით ცდილობენ გადაფარონ თავისივე შექმნილი  ცოცხალი, უახლესი "საბჭოთა" წითელი წარსული, რომელიც სათავეს 2003 წელს იღებს.   უტიფრად ცდილობენ მის გათეთრებას, გულმოდგინეთ რეცხავენ,  ხეხავენ მუჭში ღრუბელივით მოქცეული  იმ ადამიანების ნერვებით -   ვინც ზუსტად ვიცით,  საიდან მოვდივართ,  ვისაც მათ მიერ უნიჭოდ გადახატული სოცრეალისტური ტილო იმ წარსულის უსიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს, სადაც დაბრუნებას სიკვდილი გვირჩევნია.  ეს მეჰიმნე "პანკი" და მისი კოლეგა მედოლეები და მეგარმონეები კი უტიფრად გვიცხადებენ, რომ ვინც მათ არ ვუჭერთ მხარს, იქ, წითელ ჯოჯოხეთში გვსურს ქვეყნის დაბრუნება... ჯოჯოხეთში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი, რომლის  ყველაზე მთავარი, კონცეფციის რანგში აყვანილი შანტაჟის საშუალება სწორედ  ეს იდიოტური სიტყვა - ღალატი გახლდათ. უფრო მეტიც, ეს სიტყვა  საბჭოთა კავშირის საფლავივით ცივ ფუნდამეტს უმაღლესი ხარისხის ცემენტივით კრავდა.
ღალატი - ამ ფუნდამეტში დამალული ულვაშა საბჭოთა კოშჩეის სულია.   ყველაფერი დანარჩენი - რეპრესიები, გულაგი, დაკეტილი საზღვრები, ჯინსებისა და საღეჭი რეზინის  დეფიციტიც კი, მხოლოდ აქსესუარებია, რომელთა "ფასი" კაპიკი იქნებოდა ღალატის გარეშე.
საბჭოთა კავშირმა რღვევა სწორედ "მოღალატეთა" წყალობით დაიწყო.  80-იანი წლების ბოლოს კი მათ მიერ "ღალატის" კონცეფციის  სრული დემისტიფიკაცია, გაშარჟება მოხდა. შურისძიებაც კი არ უფიქრია ვინმეს.
და აი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტმა მიაგნო, მოუარა, გაამხნევა, პოსტსაბჭოტა დეპრესიიდან გამოიყვანა, შუშის გუმბათიანი ტაძარიც კი აუგო იგივე უბანში, რომლის სოროებშიც, ერთ დროს, რევოლუციის გარიჟრაჟზე,  თხუნელასავით  დაძვრებოდა და  გაზეთებს ბეჭდავდა მომავალ მოღალატეებთან ერთად.
ძალიან მალე, პრეზიდენტმა  ღალატი  საქართველოს ხერხემალად, ჩვენი არსებობის ერთადერთ დამადასტურებელ  არგუმენტად აქცია. ჩვენ ვცოცხლობთ, როდესაც ვიღაცისკენ თითს ვიშვერთ და სრულიად უფასოდ ბრალს ვდებთ ზუსტად იმ დანაშაულში, რომლის გულისთვის ჩვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ხვრეტდნენ, აწამებდნენ, გულაგში აგზავნიდნენ წლობით!  ხელისუფლების  პოლიტიკური დისკურსის  ამოსავალი წერტილი  არის ღალატი, და სწორედ ეს არის საბჭოთა კავშირი, ზუსტად ეს და სხვა არაფერი. მისი კოშჩეის კიდევ ერთხელ გადამალული უკვდავი სული.
საბედნიეროდ,  მისი გაშარჟება უკვე დაიწყო და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 80-იან წლებში, თუმცა,  როგორც ჩანს, ის მართლაც უკვდავია და  შესაძლოა ჩვენი, ქართველების საზიდი ჯვარიც კია, იმის საფასურად, რომ ესეთი მონსტრი მივეცით მსოფლიოს. იქნებ სწორედ მოღალატის ჯვარის თრევაა  ჩვენი “სულიერი მისია?”
ამ ჯვარისგან  დროდადრო, სულის მოსათქმელად მაინც განთავისუფლება ძალიან ადვილია. ამისათვის მხოლოდ  სიტყვა მოღალატის  გაშარჟება და მერე დავიწყებაა საჭირო, მეტი არაფერი. მით უმეტეს, ამას ვერავინ შეამჩნევს, რადგან ჩვენს,  21 საუკუნეში,  ქვეყნები, სადაც  ღალატი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მორალის ორიენტირია, მხოლოდ და მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების მარგინალური ქვეყნებია.
ღალატის კონცეფციის აგიტატორები, რა თქმა უნდა, არავითარი ნონკონფორმისტები არ არიან, არც კონფორმისტები... ისინი უბრალოდ სასაცილო წითელცხვირიანი კლოუნი მენაგვეები არიან, რომლებმაც  რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” ოფისის წინ სამშენებლო ნარჩენებში საგულდაგულოდ დამალული, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური უკვდავების სული, შემთხვევით, ნაგავს გააყოლეს.   
პ.ქ. 
6 Septembre 2012 Paris