(ჟურნალი "ლიბერალი" 22 მარტი 2011)
უცხოური ფილმების სუბტიტრებით ჩვენების უპირატესობის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის საპირისპიროდ ბევრი მოსაზრების გამოთქმა შეიძლება.
სუბტიტრების მომხრეთა მთავარი არგუმენტი, თითქოოსდა ეს მოსახლეობაში უცხო ენების, კერძოდ კი ინგლისური ენის გავრცელებას შეუწყობს ხელს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ საქართველოში კულტურისა და განათლების საკითხებით, ისევე როგორც ბევრ სხვა დარგში – საბჭოთა კომისრების მსგავსი შემთხვევითი ადამიანები არიან დაკავებულნი.როგორც ცნობილია, ჩვენს დროებით ოკუპირებულ სამშობლოში კულტურა სტრატეგიული სფეროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების დარგები პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ. წვრილვაჭრული ინგლისური ენის ცოდნა კი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტანკი, ტყვიამფრქვევი და ბრიყვული პატრიოტულ–მილიტარისტული ჰიმნები.
ქართული კულტურის აღგზნებულ « კომისრებს« როგორც ჩანს არასოდეს სმენიათ იმის შესახებ, რომ კინო, პირველ რიგში ხელოვნების დარგია, და ის უცხო ენის სწრაფად შესასწავლ ვიდეო–მეთოდში ერევათ.
ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში , სუბტიტრებით ფილმს ძირითადად, გარკვეულად მომზადებული მაყურებელი უყურებს. კინოთეატრის სალაროსთან ყოველთვის მითითებულია თუ რომელ დარბაზში გადის დუბლირებული და რომელში ორიგინალური ვერსია.
ტელევიზიით – ასეთ ფილმებს მხოლოდ სპეციალურ სინეფილურ კერძო არხებზე, ან ხაზგასმულად კულტურაზე ორიენტირებულ ისეთ არხზე თუ ნახავთ როგორიც არის გერმანულ–ფრანგული "არტე"… , ნაციონალური არხებით სუბტიტრებიანი ფილმები ევროპის უმეტეს ქვეყანაში თითქმის არასოდეს გადაიცემა. და ამას თავისი ლოგიკა აქვს: ნაციონალური არხები საშუალო მოქალაქეზეა გათვლილი, რომელსაც ყველა სოციალური და ინტელექტუალური ფენა მიეკუთვნება. მათშორის ისინიც, ვისაც კითხვის, მხედველობის, ასაკის, კონცენტრაციის ან სულაც განათლების პრობლემა აქვს. მათი იგნორირება დისკრიმინაცის ტოლფასი იქნებოდა.
განსაკუთრებით სასაცილოა სერიალების სუბტიტრებით ჩვენების იდეა, სერიალების ერთად ერთი აზრი არის სწორედ იმაში, რომ მას ადამიანებმა "ცალი თვალით" უყურონ , მეორეთი კი სახლის საქმე აკეთონ, ეკრანზე არ იყვნენ მიჯაჭვულნი , როგორც რომელიმე დიდი შედევრის ყურებისას, უბრალოდ დაისვენონ, განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე. ქართველი დედა ხომ ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორეში კი პულტით სერიალიდან სერიალზე რთავს ტელევიზორს!
ის კატეგორიის მაყურებელი, რომელიც სულაც არ აინტერესებს « წითელ ზონაში« ნაჩვენები ძველი შავ–თეთრი შედევრები , ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ნაციონალური არხების ზირითად პუბლიკას წარმოადგენს, ამ სწორედ ამ პუბლიკის დაკარგვის საშიშროების წინაშე დააყენებს ეს კანონი ნაციონალურ არხებსა და დისტრიბუციას. ოკუპანტის ენასთან მებრძოლი კულტურის კომიტეტის პატრიოტულ–სტრატეგიულმა წამოწყებამ, შესაძლოა სწორედ რუსული მაუწყებლობისათვის სასარგებლო შედეგები გამოიღოს.
ამასთან. თუ მაინც, შევთანხმდებით, რომ კინოფილმების რაღაც ნაწილი მაინც, უდავოდ ხელოვნებას მიეკუთნება, იძულებულნი ვიქნებით ანგარიში გავუწიოთ მათი ჩვენების ხარისხის პარამეტრებს, მათ შორის თარგმანსაც.
ვისაც ერთხელ მაინც უმუშავია ფილმის თარგმანზე, დამეთანხმება, რომ სუბტიტრების კუთებისას ხშირად ფაქტიურად დიალოგის მხოლოდ რეზიუმე ითარგმნება, რადგან ხაზების სიგრძე, რაოდენობა, მათი ეკრანზე გამოჩენის დრო მკაცრად ლიმიტირებულია . სწრაფი დიალოგის სუბტიტრებში გადატანა ფაქტიურად შეუძლებელია. დრო რომელიც საჭიროა ტექსტის წასაკითხად და მის აღსაქმელად ხშირად ჩამორჩება გამოსახულების ცვალებადობის სისწრაფეს ეკრანზე. განსაკუთრებით მძაფრ სიუჟეტიან სცენებში.
ამიტომ სუბტიტრებს მხოლოდ მაღალი კინემატოგრაფიული ღირებულების ფილმების თარგმანისას აქვს აზრი, რომელშიც მსახიობის თამაში, ხმა და დიქცია ერთნაირად მნიშვნელოვანია.
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – ფილმის ხმოვანი დუბლიაჟი იძულებულს ხდის სადისტრიბუციო კომპანიებსა და ტელეარხებს დაასაქმოს მსახიობები, ახალი კანონი კი ფაქტიურად პროფესიას კლავს და ისედაც უმუშევარ მსახიობებს შემოსავლის საშუალებას ართმევს.
არა, და – როგორც ცნობილია, ქართველი პარლამენტარები უმუშევრებზე დარდისგან ღამეებს თეთრად ათენებენ … დღისით კი, როგორც ჩანს თავადვე სპობენ სამუშაო ადგილებს… დუბლიაჟი საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია და მასში უამრავი ხალხია დასაქმებული მთელს მსოფლიოში .
დღეს ნებისმიერ საშუალო სიმძლავრის საოჯახო კომპიუტერზე შეიძლება ფილმის სუბტიტრების გაკეთება. და ეს სადისტრიბუციო კომპანიებსა და ქართული ტელეარხების ინკოგნიტო მეპატრონეებისათვის – ნამდვილი, თუმცა ძალიან საეჭვო. ჯეკპოტია! საინტერესოა, რომ არავის უჩნდება კითხვა, თუ ვის ინტერესებში შეიძლება ჰიპოთეტურად მაინც შედიოდეს დუბლიაჟის იაფფასიანი სუბტიტრებით ჩანაცვლება, რომ არავის შეაქვს ეჭვი, არანაირ ინტერესთა კონფლიქტში, იმ შესაძლო ელიტარულ კორუფციელ გარიგებაში, რომელიც პრეზიდენტისა აზრით საქართველოში კატეგორიულად არ არსებობს.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნლოვანი:
ქართული ენის განვითარება, მხოლოდ უცხო ენებთან « შეჯვარებით « არის შესაძლებელი და არა მისი იზოლირებით.
ეს როლი რა თქმა უნდა პირველ რიგში ლიტერატურას, თარგმანს აკისრია. სამწუხაროდ წიგნი დღეს საქართველოში კომატოზურ მდგომარეობაშია, თუ უახლოეს მომავალში მასთან აბსოლუტურად დანაშაულებრივი დამოკიდებულება არ შეიცვალა, შეგვიძლია მის ღირსეულ დაკრძალვაზე ზრუნვა დავიწყოთ, იმედია მკლავზე შავლენტ შებმული კულტურისა და განათლების ზემოთ ხსენებული კომიტეტი დამკრძალავი კომისად მაინც გამოადგება საბრალო ქართულ წიგნს.
კინო ხელს უწყობს ცოცხალი ენის გახსნილობას, პროგრესირებას. არა ნაკლებად ვიდრე ლიტერატურა.
შორეულ საბჭოთა წლებში ყველა შევეჩვიეთ, რომ უცხოური ფილმი აუცილებლად რუსულად უნდა გვენახა, რადგან ქართულად ძალიან სასაცილოდ ჟღერდა… ისევე როგორც ლიტერატურას, უცხოურ ფილმებსაც სხვა, უცხო ენაზე ვეცნობოდით.
ქართული ენას ბოლო 200 წლის მანძილზე ფაქტიურად არ უმუშავია განვითარებისათვის საჭირო სრული დატვირთვით . ამის შედეგად მიღებულ დღევანდელი ქართულ ენას ხშირად ელასტიურობა აკლია. მასზე გაცილებით ძნელად ითარგმნება თანამედროვე ტექსტები, ვიდრე იგივე რუსულზე. ამიტომაც გვეცინებოდა ბავშვობაში « შესანიშნავი შვიდეულის « ქართულ დუბლიაჟზე ( ჩიკო, აბა ტაში შემოჰკარ!), თითქოს ამერიკელი კოვბოებისათვის რუსული ყოფილიყო მშობლიური ენა.
დღეს ქართველი ახალგაზრდები ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ ფილმებს ინგლისურად უყურებენ…ისინი « ჩიკოს უხერხულად შემოკრულ ტაშზე « კიდევ კარგა ხანს იხალისებენ,.
ქართულ ენას მეტი კულტურა, მუშაობა, სიცოცხლე... მეტი « კინო« , ჭირდება, და არა … ეპიტაფიასავით ამოტვიფული ცივი სუბტიტრები მის სევდიან შავთ – თეთრ რეალობაზე.
პ.ქ.
22 მარტი 2010