Une erreur est survenue dans ce gadget

22 août 2013

ფეშენ პოლიტიკა



გამოაჩინო ბარძაყები, ჰო... მაგრამ მუხლები?არასოდეს! კოკო შანელი 
 Montrer les cuisses, oui... mais les genoux, jamais !    Coco Chanel

ერთხელ, მგონი მიშას წელთარრიცხვით მეორე და ქრისტეს დაბადებიდან 2006 წელს,  გამარჯვებული და ამაყი, მაგრამ დამშეული  ხალხის ტელევიზიაში, ნინო ბურჯანაძეზე რაღაც რეპორტაჟი ვნახე, სადაც მის ინგლისურ გემოვნებაზე ლაპარაკობდნენ: რკინის მარგრეტ ტეტჩერის სტილი აქვს ყოველ დღე ბრილიანტის ბროშებს იცვლისო...  ეროვნულმა "ალმასის ლედიმაც" იქვე დაადასტურა, რომ მართლაც ინგლისური გემოვნება აქვს და მოგვიყვა რომ "შმოტკებს"- ყველა წვრილმანამდე (დეტალები არ დაუკონკრეტებია) ჰერმესში ყიდულობს, მაგრამ მხოლოდ ვენის ჰერმესში და არავითარ შემთხვევაში პარიზის ან ლონდონის... სიმართლე გითხრათ დღემდე არ ვიცი რითია განსაკუთრებული ვენის ჰერმესი... რაღაც არ მგონია პარიზის ან ლონდონისაზე იაფი იყოს...პრინციპში ჰერმესში ერთხელ მაინც ვისაც შეგიხედავთ ალბათ უჩემოდაც შეამჩნევდით, რომ გემოვნების ხარისხი აქ შენს საბანკო ანგარიშზე თანხის პირდაპირ პროპორციულია და ამ ინტერვიუდან არ გაგიჭირდებოდათ გამოგეტანათ დასკვნა, რომ ქვეყნის მეორე ქალბატონს, ინგლისურის რა გითხრათ, მაგრამ პოლიტიკოსისათვის ცოტა არ იყოს ზედმეტად  ძვირი გემოვნება ჰქონდა... განსაკუთრებით ისეთი ღარიბი ქვეყნის პოლიტიკოსისთვის როგორიც მაშინ იყო და როგორადაც დღემდე რჩება საქართველო...

სხვათა შორის ამ მხრივ ფეშენ მხიარულება დამშეული ხალხის ტელევიზიას და პოლიტიკას არასდროს არ აკლდა, ერთხელ მახსოვს დიდ ლევან გაჩეჩილაზეს უსაყვედურა ერთმა ჟურნალისტმა, თქვენზე ამბობენ პარლამენტში დეპუტეტისთვის შეუფერებლად ჩაცმული დადისო... გაგიჟდა - რას ამბობო! დაჭმუჭნული პიჯაკი ლამის გადმოატრიალა - შენ ეს უბრალო რამე ხომ არ გგონია, "იამამოტოაო!"... მანამდე კი მორიდებით გაგვიმხილა, რომ საათების კოლექციას აგროვებს, რადგან საათები ძალიან უყვარს, რომ საათები მისი გატაცებაა და თვისი როლექსიც გვიჩვენა... თან პატრა დამწყები ფილატელისტი ბიჭივით მორცხვად და მომხიბვლელად გაგვიღიმა ...

ოდესღაც, მიშას წელთაღრიცხვამდე პაკო რაბანთან მომიწია შეხვედრა, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მთელ პარიზს გულები დაუხეთქა 2000 წლის აგვისტოში რუსული თანამგზავრი პირდაპირ პარიზს დაეცემაო... ზალიან იმედგაცრუებული იყო რომ არ ჩამოვარდა... მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა, მთელი დღე  ყოჩაღად "პონტაობდა", ჯერ იყო - ჩემი ეროვნება რომ გაიგო, მხარზე ხელი მომიტყაპუნა, თვალი ჩამიპაჭუნა  ძმაბიჭურად და  მითხრა ბებიაჩემი სოფლის ჯადოქარი იყო და იმისგან ვიცი ზუსტად,  ჩვენ - ქართველები და  ბასკები ატლანტების შთამომავლები ვართო... მერე მითხრა ძალიან უბრალო კაცი ვარ , აი ნახე, მთელი ცხოვრება ბასკი ხელოსნის ხალათით დავდივარო , მართლა ამ ხალათით დადის სულ მაგრამ  მისი შეკერილია და ალბათ სულ ცოტა  ხუთი ათასი ევრო მაინც ეღირება... მოლედ გეფიცებით, გრეჩიხა და პაკო ერთად რომ დასვა, ატლანტების არ ვიცი , მაგრამ ბასკები და ქართველები რომ ერთი "პონტავშიკი" ერი ვართ ამ ამბავს  წყალი აღარ გაუვა:)

ქართული პოლიტიკური ფეშენ ისტორიებიდან კიდევ ერთი დამამახსოვრდა ძალიან- სულ ახლახანს გაპრეზიდენტებული, როგორც ამბობდნენ ასევე საათების მოყვარული ნიკოლა სარკოზი ლიონში თავის ჯერ კიდევ მეუღლე სესილიასთან ერთად საქრთველოს და საფრანგეთის რაგბის ნაკრებების თამაშს დაესწრო სააკაშვილების Saint ოჯახთან ერთად. მიშა , სანდრა და სულ პატარა ნიკოლოზი... სამივე ბარბერის (Burberry) ერთნაირ უჯრედებიან პერანგებში... პატარა ნიკოლოზსაც კი ბარბერის დიდი უჯრედებიანი პერანგი ეცვა... მოკლედ ერთნაირი ვარდისფერი ველოსიპედები აკლდათ თორემ ნამდვილად ბედნიერი ფერმერი ტურისტების ოჯახს გავდნენ ღრმა ამერიკიდან, ფერმერები ბარბერით არ დადიან მაგრამ მაინც... მახსოვას მაშინ ნაციონალებში ბარბერი მაგარ მოდაში შემოვიდა, გივი თარგამაძეც კი ბარბერის პერანგით და უჯრედებიანი ჰალსტუკით დადიოდა.. მერე გემოვნება აშკარად გაეზარდათ, ბოლოს მგონი მასიურად ექსკლუზიურ „Hand made“ გადავიდნენ... 

დღეს, ახალ ხელისუფლებას რომ ვუყურებ, სულ ნაციონალების პოლიტიკური "თინეიჯერობა" მახსენდება და გული მიჩუყდება - მართალია, ჯერ ჰალსტუკის შერჩევაც ვერ ისწავლეს, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ თვლის, რომ ერთი ფერის კოსტიუმი, პერანგი ჰალსტუკი და ფეხსაცმელი მაღალი გემოვნების უტყუარი მანიშნებელია, რომ თეთრო ჰალსტუკი შავ პერანგზე ისეთივე ელეგანტურია, როგორც შავი თეთრზე, მაგრამ არაუშავს... Fashion victims ნაციონალებმაც ასე დაიწყეს... 

მიშა კი მაინც ყველაზე "შმოტკისტ" პრეზიდნტად მიმაჩნია ამ ინსტიტუციის ისტორიაში... - დღემდე ვერ ვხვდები როგორ ან სად ასწრებდა ასე სწრაფად და ასეთი ინტენსივობით, "სოჩელი ფარსოვშიკივით" ნახევარ საათში ერთხელ რაღაც "მოდნი შმოტკების" გამოცვლას... 

მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მაინც ბურჯანაძე ახდენდა ყოველთვის, თავისი ინგლისური გემოვნებით, მარგალიტის მძივებით და ბრილიანტის "ბროშკებით"...

გამოგიტყდებით ის ინტერვიუ, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ, ერთ ერთი პირველი მიზეზთაგანი იყო, რის გამოც ვარდისფერი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ნეგატიური განწყობა ჩამომიყალიბდა.. ახლა პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში ყოჩაღი პიონერთ ხელმძღვანელივით სახელოებ დაკაპიწებულს და სპორტულად ჩაცმულ ბურჯანაძეს რომ ვუყურებ, ვერაფრით ვერ ვერევი ჩემ თავს და მაინც სულ ეს ვენის ჰერმესი და ბრილიანტის გულსაბნევები მახსენდება... სულ მგონია ერთი სული აქვს რაც შეიძლება მალე აირჩიონ პრეზიდენტად, რომ ამოალაგოს ეს ყველაფერი ნაფტალინიდან და სეიფიდან...კიდევ ის წყნეთის აგარაკი მახსენდება ხოლმე, მიშამ რომ აჩუქა და მერე უსინდისოდ წაართვა, მაგრამ ეს ფეშენის თემას ცდება...სამაგიეროდ ვერაფრით ვერ ვიხსენებ თუ რა კონფლიქტი მოუვიდა ნაციონალებთან, რა მიზეზით დაეცა ასე დაბლა ვენის ჰერმესიდან პირდაპირ  ამ "უბრალო ხალხმდე" ? არა და თითქოს ამხელა საქმე გაუკეთა "მოდნიკ" მიშას 2007 ში, "იამამოტოს" და "როლექსის" კოლექციონერთან ფაქტიურად წაგებული არჩევნები "მოაგებინა " და დაუკანონა... მანამდე 7 ნოემბრის ამბების შესახებ ისეთი ყინულივით სიტყვა წარმოთქვა, ვენის ჰერმესში გამოპრანჭული  თოვლის დედაფალი გეგონებოდათ...
ისე, მართლა  საინტერესოა, პრეზიდენტი თუ გახდა, კიდევ ვენაში ივლის შოპინგზე თუ ლილოს მეორადებში? ჩვენში რომ დარჩეს, ისეთ დაქცეულ ქვეყანაში როგორიც პრეზიდეტობასაც აპირებს და რომლის მეორე პირი ძალიან დიდხანს გახლდათ, ნაღდი ინგლისური გემოვნება ეს უკანასკნელი იქნებოდა..

 ზოგი ალბათ იტყვის, რა დროს ჩაცმა-დახურვაზე ლაპარაკია, მტერი კარზეა მომდგარი და ქვეყანა თავზე გვენგრევაო...  მე  ასეთებს  ვეტყოდი,  რომ პოლიტიკოსთა ჩაცმა დახურვა მეტად ფილოსოფიური განსჯის საგანია. თუნდაც ნაციონალების მგალითზე- ყველა პატიოსან და განსაკუთრებით უსინდისო  პოლიტიკოსს ვეტყოდი -  გახსოვდეს მოქალაქე  მეგობარო, Hand made დან  Second hand მდე ერთი Hand ის გაწვდენაა!..

P.K. 22 Juin 2013 Paris