16 février 2009

დიდი კულტურული რევოლიუცია, თუ ''დაინვალიდებული'' ქართული კულტურა?







საფრანგეთში მივლინებისას,საქართველოს ახალმა კულტურის მინისტრმა, აქაურ ეგრეთ წოდებულ "კულტურის მოღვაწეებს" საკმაოდ საფუძვლიანად აგვიხსნა კულტურის სტრატეგიული მნიშვნელობა, მხოლოდ რომელის არ დაუზუსტებია. ალბათ არც გაემტყუნება. რას ვეძახით ქართველები კულტურას, არც ისე ადვილი დასადგენია.

1.მე ვიცი, რომ ჭიდაობა და კალათბურთი სპორტია, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია კი ძეგლთა დაცვა, აი რა არის კულტურა, კი, რომ გაგვერკვია, იქნებ, ამ საკვირველი თანამდებობის პორთფელის მრავალრიცხოვან ექს მფლობელებს,დღევანდელ საქართველოში ამ დარგის დიდი კრიზისის გამო, ცოტა პასუხისმგებლობა ეგრძნოთ... თორემ გამოდის, რომ გასაგები მიზეზების გამო, პასუხი შეგვიძლია ყველას მოვთხოვოთ– განათლების, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებს.... კულტურის მინისტრებს კი, გაუგებარი მიზეზის გამო, არაფერს ვთხოვთ. რადგან, ამ დარგს სერიოზულად არავინ განიხილავს. ჩვენ ის მხოლოდ რევოლიუციების, არჩევნებისა და მათი მოლოდინის დროს გვახსენდება.
ქართული ტვ საინფორმაციო გამოშვებებში, სპორტის შემდეგ,''სამადლოდ'' დამატებულ რეპორტაჟებს თუ დავუჯერებთ, კულტურა რაღაც , მის ბრაზილიის სილამაზის კონკურსის, ევროვიზიის, ჯეოსტარისა და ქართველ მრავალრიცხოვან მოდელიორ სტილისტთა დეფილეებს შორის გაჩხერილი რაღაც ბრჭყვიალა, გაურკვეველი, მაგრამ "ელიტარული" ცნებაა.

ამ სიტყვის უამრავი ლექსიკონური განმარტებიდან, შევჩერდეთ იუნესკოს, მსოფლიოს ოფიციალური კულტურული მექის განმარტებაზე:
"თავისი ყველაზე ფართო გაგებით, კულტურა, დღეს, შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც გნმასხვავებელ ნიშანთა ერთობლიობა, სულიერისა და მატერიალურის, ინტელექტუალურისა და ემოციონალურის, რომელიც ახასიათებს საზოგადოებას, ან სოციალურ ჯგუფს. იგი მოიცავს ხელოვნებას, ლიტერატურას, ცხოვრების წესს, ადამიანის ფუნდამეტალურ უფლებებს, ფასეულობათა სისტემას, ტრადიციებს, რწმენას."

როგორც განმარტებიდან ჩანს, კულტურას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს შეიძლება პოლიტიკური შიზოფრენიით დაავადებულ ქართველებს გვეჩვენებოდეს. სამწუხაროდ, მიუხედავად, თუნდაც ახალი მინისტრის მიერ კულტურის ფრონტის ხაზად გადაქცევის ინციატივისა, განსაკუთრებული ბრძოლის ჟინი მაინცა და მაინც, არავის ეტყობა, მათ შორის არც პრეზიდენტს, რომელსაც გასულ კვირაში პარლამენტში გამოსვლისას გაკვრითაც არ უხსენებია ეს "სტრატეგიული დარგი". სხვათა შორის 2005 წლიდან მოყოლებული, მის ვერც ერთ საპარლამენტო ანგარიშში ვერ იპოვით ერთ სიტყვას კი, კულტურის შესახებ
(
http://www.civil.ge/geo/article.php?id=20541 ) .
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კულტურა, დეპუტატებსაც არ გახსენებიათ მწვავე დებატებისას: არც სამთავრობო Best of - ს, და არც სევდიან ოპოზიციას, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალრიცხოვან არასაპარლამენტო მარადიულ რევოლიუციონერ ბელადებზე. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, თავად კულტურის მოღვაწენიც არ თვლიან ამ თემაზე ლაპარაკს აქტუალურად, მათაც პოლიტიკაზე ურჩევნიათ კომენტარების კეთება. საბოლოოდ კი, ყოველივე ეს, სულ ცოტა, რაღაც კომიკური ტოტალური უკულტურობის სახეს იძენს: პოეტები, ფუნქციონერები და თუ გნებავთ მეხანძრეები ერთი ენით ლაპარაკობენ...თუმცა, მაინც რაღაც ბიბლიურ გაუგებრობაში რჩებიან, ერთმანეთის აღარავის ესმის... ეტყობა კულტურა არ წარმოადგენს დღევანდელი საზოგადოების "შეკვეთას" და "გამოწვევას" ( ამ ორი ამაზრზენი სიტყვვის საოცარი პოპულარობა, ჩემი აზრით, ნათლად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების კულტურულ დეპრესიას).

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჯერ რუსები უნდა გავყაროთ, დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ, ეკონომიური კრიზისიდან გამოვძვრეთ,საჩქაროსნო ავტო მაგისტრალი ავაშენოთ... მერე იქნებ მოვიდეს კულტურის რიგი – იქნებ "სამოვარიც დავდგათ და ფინჯან ჩაიზე, ხელოვნებაზე ვისაუბროთ"... მხოლოდ ვეჭვობ, ამ დროისათვის, დამლაპარაკებელი ბევრი აღარავინ გვეყოლება. საშუალო ქართველის შეემეცნებაში კულტურა მართლა საბოლოოდ გაიგივდება ''იურმალას'' ფესტივალთან და ამას ვეღარაფერი უშველის,

კულტურა არ არის სტატიკური გაქვავებული ცნება, რომელიც ეკონომიერ ბუმს უნდა ელოდებოდეს; არც კალაშნიკოვის ავტომატი ან მართვადი რაკეტაა, რომ მას სამხედრო, სტრატეგიული თუ პატრიოტულ დანიშნულება მივანიჭოთ. ის ცოცხალი ორგანიზმია, ისევე, როგორც მთლიანად ერი, მიუხედავად იმისა მშიერია ის, თუ მაძღარი, უნდა ვითარდებოდეს. ადამიანები რომლებიც თავს უფლებას აძლევენ აირჩიონ კულტურის სამსახურის გზა, ყველა პირობებში უნდა აგრძელებდნენ თავისი საქმეს. ხოლო ხელისუფლება ყველა პირობებში უნდა გრძნობდეს ასეთი ადამიანების მნიშვნელობას, და მაქსიმალურად ხელს უწყობდეს მათ საქმიანობას.

სწორედ ამ ფუნქციის შესასრულებლად შექმნა ევროპულმა პოლიტიკურმა ცივილიზაციამ კულტურის მინისტრის პოსტი. ხელისუფლება, რომელიც კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს , ევროპულ ორიენტაციაზე ლაპარაკით მხოლოდ საკუთარ თავს და ხალხს ატყუებს.

თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ შემოქმედებითი ცხოვრება მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაზე იყოს დამოკიდებული. დღევანდელი ქართველი კულტურის ცნობილ მოღვაწეთა დიდი უმრავლესობა, რომელიც დღეს უამრავი, მათ შორის ზოგიერთი სამართლიანი მიზეზის გამო უარს ამბობს შემოქმედებით აქტიურობაზე, სულ რაღაც 20 წლის წინ მშვენივრად იღწვოდა წითელი კულტურის სამინისტროსთან ერთად, არც მათ ორდენებზე ამბობდა უარს და არც საჩუქრებზე.

კარგად მახსოვს, ჭაბუა ამირეჯიბი, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე გულაგში გაატარა ბოლშევიკებთან ბრძოლისათვის, ბოლოს, პარტიის წევრიც კი გახდა, სახელმწიფო პრემიაც მიიღო "დათა თუთაშხიასათვის". მაშინ ამბობდნენ, როდესაც კითხეს თუ რისთვის დასჭირდა ასეთი გაუგონარი კომპრომისი, მოსწრებულად უპასუხა, მინდოდა კომუნისტურ პარტიაში ბევრი პატიოსანი ადამიანი ყოფილიყოო. (ჩემი აზრით, პატიოსანი ადამიანები არც დღევანდელ მმართველ პარტიას აწყენდა, მით უმეტეს ბატონი ამირეჯიბის ნაირები, თუმცა პარტიაში გაერთიანებისაკენ ნამდვილად არავის მოვუწოდებ. ეს მე, ნამდვილად ყველაზე ნაკლებად მაღელვებს).

მე სულაც არ ვთვლი, რომ ამ ადამიანებს, ყველას, უკლებლივ, საკუთარი სიცოცხლე და პოტენციალი წითლებთან ბრძოლისათვის უნდა შეეწირათ. ასეთ შემთხვევაში დღეს "საექსპორტოდ" შოთა რუსთაველის მეტი მართლა აღარაფერი გვექნებოდა. უბრალოდ მიკვირს მაშინდელი კონფორმისტი კულტურის მოღვაწეები, რატომ გადაიქცნენ დღეს შეურიგებელ ''სოლჟენიცინებად'' და მთელი თავიანთი შემოქმედებითი ენერგია რატომ გააპოლიტიზირეს ისეთ დონეზე, რომ მე პირადად, მათსა და ყველა ფლანგის პოლიტიკურ მოყვარულებს შორის, განსხვავებას ვეღარ ვხედავ. მათი შემხედვარეს, ასე მგონია, რომ ამ ქვეყანაში, მაგალითად, ისეთ ფუნდამეტურ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, მხოლოდ სამხრეთ ამერიკულ გულისამრევ სერიალში თუ წააწყდებით, და ეს სავსებით აკმაყოფილებს ქართულ კულტურულ შიშშილს. სამაგიეროდ ადამიანები, ვინც წესით ამ საშინელ სერიალებს, საკუთარი შემოქმედებით გასაქანს არ უნდა აძლევდნენ, დაუღალავად იღწვიან ქართულ სურეალისტურ პოლიტიკურ ფრონტზე. "უძაღლო ქვეყანაში დარჩენილ მამლებს" კი აგერ უკვე რამდენი წელია ოფიციალური ქართული კულტურის მთავარი "ოფისი"დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში აყივლებს დრო და დრო, და ამით, ჩვენს "მაშასადამე" ევროპულობას ამცნობს ცივილიზებულ სამყაროს.

მე პირადად კარგა ხნის წინ მომბეზრდა უცხოელ "მომხმარებელზე" გათვლილი ინგლისურ წარწერების კითხვა ზოგიერთი ქართველი კონცეპტუალისტის ინსტალაციებზე, რადგან მათი ნამუშევრები მე უფრო 60 – 70 წლებში "გოლუბოი ოგონიოკის" მაყურებლებისათვის, "ორერას'' მიერ ნახევრად ქართულად შესრულებულ "Где же ты моя Сулико" - ს მახსენებს, ვიდრე დასავლურ თანამედროვე ხელოვნებას, რაზეც ჩვენს "არტ – მამლებს", როგორც ვატყობ, დიდი პრეტენზია აქვთ.

მე გული მეკუმშება, მათი ახსნა განმარტებებისაგან, რომ საქართველოში საინტერესო არაფერი ხდება. არ მსიამოვნებს, როცა ჩემი უახლოესი მეგობარი პოეტი მირჩევს უმჯობესია ფრანგულად ვწერო, რადგან აქ (საქართველოში), არავის არაფერი აინტერესებს.. ეს თუ მართლაც ასეა ( და დარწმუნებული ვარ, შორს არ არის სიმართლისაგან) , მაშინ ის დროა სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს... კულტურის გადასარჩენად კი არა – შესაქმნელად! რადგან იმას, რაც უკვე არსებობს, უკულტურო ხალხი ვერასოდეს გადაარჩენს.

ამასთან, თუ საქართველოში ხალხს კულტურა არ აინტერესებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ხარისხიანს არაფერს თავაზობენ, და ამიტომ, კულტურის სამინისტროს ვურჩევდი, ადგილობრივ "მომხმარებელზე" უფრო იზრუნოს, ვიდრე ევროპის პრესტიჟულ დარბაზებსა და გალერეებში, "ელიტარული" პუბლიკის მუქთად გართობაზე. რადგან არ შეიძლება ამ უკანასკნელებისა და ნახევრად მშიერი არტისტების შეხვედრას ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგი დავარქვათ. ეს გროტესკზე მეტია.

ქართველ არტისტებს, თავისნაირ არტისტებთან და პუბლიკასთან შეხვედრა უფრო გამოადგებათ, ვიდრე მოწყენილ პენსიონერ ბურჟუაზიასთან, ან ''ვადაგასულ ვარსკვლავებთან. ამას კი შემოქმედებითი მუშაობისათვის ხელის შეწყობა, რეალური კულტურული პოლიტიკა ჭირდება, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ, ქვებზე ძვლებით ამოკაწრული მამონტების დასავლეთში ექსპორტზე და იქ დისტრიბუცია – კომერციალიზაციაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ ცოცხალი შემოქმედების ხელის შეწყობაზე. არტისტებისათვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნაზე, რომელიც ყველა ''კულტურულ''ქვეყანაში არსებობს... მეტნაკლებად სრულყოფილი, მაგრამ არსებობს...
რა თქმა უნდა , საქართველოში თითქოს ვერავის იპოვით, კულტურის როლის უნიკალურობა, რომ არ ესმოდეს. მაგრამ, ვეჭვობ, ჩვენ, კულტურა მხოლოდ შოთა, ვაჟა , ქართული პოლიფონია და მეტნაკლებად უკვე წარმატებული რამოდენიმე თანამედროვე ქართველი არტისტი გვგონია.

2.
1991 წლიდან მოყოლებული, პარიზში გამართულ თითქმის ყველა ქართული კულტურული დიდი ღონისძიების მომსწრე ვარ , და უნდა გითხრათ, ძირითადად ერთი და იგივე მხატვრებს ვფენთ, ერთიდა იგივე მუსიკას ვუსმენთ, იგივე ფილმებს ვუყურებთ. როგორც ჩანს სსრკ – ს დანგრევის შემდეგ, საქართველოში ღირეული ბევრი არაფერი შექმნილა. აქ ჩამოსული ერთი და იგივე არტისტები სიამოვნებით გვიმტკიცებენ, რომ ეს მართლაც ასეა. რომ ''არავის არაფერი აინტერესებს'', თუ ეს მართლია, მაშინ საქართველო კიდევ კარგა ხანს ვერ ეღირსება ეკონომიურად წელში გამართვას, სანამ ასფალტის დაგებასთან ერთად, კულტურაც ისეთივე პრიორიტეტული არ გახდება, რადგან მე ღრმად მჯერა, უკულტუროდ ეკონომიკა არ შენდება. მით უმეტეს არც დემოკრატიული სახელმწიფო.

კულტურა პირველ რიგში "შიდა ხმარებისათვის" უნდა არსებობდეს და მერე საექსპორტოდ.
ჩვენს შემთხვევაში საპირისპირო შთაბჭდილება იქმნება. მას უფრო საგარეო პოლიტიკის თუ პროპაგანდის ნაწილად აღვიქვამთ. არც ამის საწინააღმდეგო მექნებოდა რამე, ზოგიერთი ასეთი პროექტისა თუ იდეის გროტესკულობა რომ არა. როგორც ვიცი, ფეხი იქამდე უნდა გაჭიმო, სადამდეც საბანი გაგწვდება. ჩემთვის გაუგებარია გრანდიოზული მასშტაბებისადმი ლტოლვა და თან წუწუნი მწირე რესურსების შესახებ, რა თქმა უნდა ბოლო კულტურული პარიზული














Photo Shalva Khakhanashvili

ღონისძიება, რომელიც ინვალიდების სასახლეში კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული ძალიან კარგი საჩუქარი გახდა მუსიკისა და კულინარიის მოყვარულთათვის, რომლებსაც რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა თავის რეპორტაჟში პარიზის მუსიკალური ელიტა უწოდა,
რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა
ხაზი საკუთარი მაყურებლის კულტურულ "შეკვეთას"( ღმერთო ჩემო! სიტყვებს თუ არა ადამიანებს მაინც ვცეთ პატივი, და მსგავსი "უხამსი" გამონათვამებისაგან თავი შევიკავოთ).

ეს პარიზელი კლასიკური მუსიკის მოყვარული უცნობი "ელიტა", რომელიც, ეტყობა, წითელი ხალიჩის გარეშე ნაბიჯს არსად დგამს, მართლაც კმაყოფილი ჩანდა, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის და პიანისტ ელისო ბოლქვაძის მაღალხარისხიანი შესრულებით. ჯერ ფორეს, ბეთჰოვენსა და მენდელსონს მოუსმინა, მერე ფრანგი დირიჟორის ლორენ პეტიჟირარის სულ ცოტა უკბილო ხუმრობას: ამ ენის გასატეხი გვარის, მაჭავარიანის ძლივს წარმოთქმის შესახებ, რასაც დამსწრე ქართველი საზოგადოების ერთგვარი კმაყოფილი მლიქვნელური ხითხითი და მაჭავარიანის საჭიდაო მოჰყვა. წარმომიდგენია როგორ წვალობს ეს საბრალო პეტიჟირარი შოსტაკოვიჩისა და ხაჩატურიანის გვარების წარმოთქმისას.
ყველაფერი კი უხვი ტრადიციული ქართული კოკტეილ– ბუფეტით დაგვირგვინდა, ასე რომ 70 გადაცილებულ ფრანგულ "მუსიკალურ" ელიტას მართლაც ვეცით პატივი როგორც შეგვეძლო. ეხლა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ რუსები იგივეს გააკეთებენ, ეს ჩვენი კულტურით აღფრთოვანებული ელიტა, ხიზილალით, ბლინებითა და გაყინული "ვოდკით" გაწყობილ ჩაიკოვსკის – მოსასმენად პროტესტის ნიშნად არ წავა ... ჩემი აზრით მსგავსი გასტრონომიულ მუსიკალური შეჯიბრები, საკმაოდ კარგ მუქთა გასართობად გადაიქცევა ახლო მომავალში, ევროპელი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით მისი ''ელიტისათვის''. არც მე მაქვს, პირადად არაფერი საწინააღმდეგო, პირიქით, საქართველოს საელჩოს არსებობის მაძილზე მართლა პირველად ხდება, რომ კულტურულ შეხვედრებს რეგულიარული ხასიათი მიეცა. მხოლოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ უფრო მოხარული ვიქნებოდი , ამ შეხვედრებზე ponpon girls – ებად რომ არ ვგრძნობდეთ თავს აქაური "კულტურის მოღვაწეები". ჩვენი შესაძლებლობები მართლაც რეალურად რომ იყოს შეფასებული და გამოყენებული. რომ თავს რაღაც მისტიური "პარალელური საქართველოს" საპატიო მოქალაქედ არ აღვიქვამდე.

იქვე გამოითქვა ზოგიერთი მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრიორიტეტი პრესტიჟული ღონისძიებები უნდა გახდეს, მაგალითად მონტე კარლოში ქართველ ოპერის შემსრულებელთა კონცერტის ორგანიზება (ეტყობა იქაური რუსი ოლიგარქების გულზე გასახეთქათ) და რომ არ უნდა დავხურდავდეთ წვრილმანებზე, გამოფენა სულ ცოტა ისეთი მასშტაბის მაინც უნდა იყოს, როგორიც სულ ახლა ხანს მოეწყო ამსტერდამის კობრას მუზეუმში ასევე კულტურის სამინისტროსა და ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს ინციატივით, და რომელზეც, ამჯერად ალბათ უკვე ამსტერდამელი არტისტული ელიტა გაერთო კარგად, ეს ნიდერლანდების ტვ არხის ტოკ შოუს ამ ფრაგმენტიდანაც ჩანს.



http://pauwenwitteman.vara.nl/Archief-detail.113.0.html?&no_cache=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=2480&tx_ttnews%5BbackPid%5D=116&cHash=6bd773a85e

ამბის გასაგებად, გამოფენის ერთ ერთ მონაწილეს, ლუკა ლასარეიშვილს (www.lucalazar.com) დავურეკე ნიუ იორკში. მისი მონათხრობი ცოტა შორს არის ოფიციალური აღფრთოვანებული ვერსიისაგან;
'' გადაშლე კატალოგი და ნახავ, ქართული თანამედროვე ხელოვნების კი არა გია ეძგვერაძის , მისი ცოლშვილის და სანდრა რულოვსის გამოფენა იყო. რომელმაც გამოფენის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში, ძირითადად, ბარაკ ობამას















ლუკა ლასარეიშვილი

ინაუგურაციდან მიღებულ უზარმაზარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ჩემი ნამუშევრის კონცეფცია არც გამოუკრავთ და არც კატალოგში დაუბეჭდავთ, ამიტომ მგონი ვერავინ გაიგო ამხელა პენისი სახელად "ეს თაობა" რატომ ეკიდა დარბაზში.

როგორც ჩანს არც სხვა გამოფენილი არტისტები არიან აღფრთოვანებულნი, იგივე მიზეზის გამო, ცხადია გია ეძგვერაძისა და მისი "ცოლშვილის" გარდა. ამ უკანასკნელებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, საქართველოს პირველი ქალბატონის(ანუ "ჩვენებურად" პირველი ლეიდი) ინტენსიურ, ჩემი აზრით, ცოტა გადაჭარბებულ მონაწილეობაში ეჭვის შეტანა ძნელია. და საერთოდ, დასანანია, როცა კულტურულ ღონისძიებაზეც კი არტისტებისათვის გამოყოფოლ მცირე სასიცოცხლო ჟანგბადს პოლიტიკოსები ისაკუთრებენ.( იხილეთ
http://www.amstelveenweb.com/nieuws-Hedendaagse-kunst-uit-Georgie&newsid=89288661 )
შარშან , პარიზში, ასევე პრესტიჟულ "პიერ კარდენის სივრცეში'' მსგავსი გამოფენა ჩაიშალა, როგორც ამბობენ ზოგიერთი ფუნქციონერის არაორგანიზებულობის გამო.

სამაგიეროდ ( რატომღაც, ქართული გაგებით) ნაკლებად "პრესტიჟულ" მონპარნასის მუზეუმში,შალვა ხახანაშვილის მიერ ორგანიზებული ელენე ახვლედიანისა და ვერა ფაღავას გამოფენა "პარიზი, მონპარნასი, თბილისი" რომელისთვისაც კულტურის მაშინდელმა სამინისტრომ კატალოგის დასაბეჭდი თანხა ვერ გაიმეტა, სამი თვის მანძილზე დაახლოვებით 4 ათასმა სწორედ იმ ადამიანმა ნახა, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, ყოველგვარი საეჭვო ელიტარული წოდებების დაუხმარებლად. სექტემბერში კი გამოფენას პარალლურად, დამატებით კიდევ აგვისტოს ომის თემაზე მიძღვნილი აბსოლუტურად დაუგეგმავი ფოტო და ვიდეო ექსპოზიცია დაემატა, რომელიც მხოლოდ შალვა ხახანაშვილის ენერგია და 7 ყუთი ქართული ღვინო დაიხარჯა. (www.shalvak.com )თუმცა რუსთავი 2–ს აზრადაც არ მოსვლია არც ერთი ამ ღონისძიების გაშუქება, ეტყობა არასაკმარისი "ელიტარულობის" გამო. სამაგიეროდ რამოდენიმე თვის შემდეგ ქართულ რესტორანში გამართულ რაფაელ გლუკსმანისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი წიგნის, "მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესაუბრებით" გასტრონომიულ – ელიტარულ პრეზენტაციას თავად სახელოვანი თანაავტორიც კი კი დაესწრო( რომელმაც ელენე ახვლედიანის გამოფენის გახსნისას, მასთან შესახვედრად მოწვეული ათასამდე კაცი საათნახევარი ალოდინა უბოდიშოდ, მხოლოდ მერე გაირკვა, რომ საერთოდ, პარიზშიც არ ჩამოსულა).

პრეზიდენტმა სიტყვა წარმოთქვა, ავტოგრაფები დაარიგა, რაფაელის ცნობილ მამას, ჭაღარა ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანს გაკვირვებულმა უთხრა, "რა სასიამოვნი სიურპრიზია, თქვენ კიდევ ცოცხალი ხართო?" მერე დაბნეულს მეგობრულად მოუთათრა მხარზე ხელი და სადღაც მოკურცხლა. ჩვენ სანუგეშოდ ბევრი მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური დაგვრჩა.

რაფაელი კი რამოდენიმე კვირის შემდეგ, ოფიციალურად, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. თუმცა რა დარგში ვერ გეტყვით. საერთოდ საქართველო ამ ზაფხულს, ომის დროს აღმოაჩინა, როცა მამამისის მეგობარმა ერთობ ორიგინალურმა ფილოსოფოსმა, ბერნარდ ანრი ლევიმ, აგვისტოში საკუთარი ჯეტით წაიყვანა ,,კავკასიურ საფარიზე''(როგორც აქაურმა ბოროტმა ჟურნალისტებმა იხუმრეს).

რამოდენიმე კვირით ადრე კი, ჩვენმა მეგობარმა პაკიტა ესკორფე მირომ, რომელსაც 80 იანი წლების პერესტროიკის პერიოდის ქართველი და რუსი თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი და კარგი კოლექცია აქვს საფრანგეთში, ექვსი მხატვარი გამოფინა თავისი კოლექციიდან – განსვენებული შურა ბანძელაძე, ლუკა ლასარეიშვილი, გია ეძგვერაძე, გია მგალობლიშვილი, გელა პატიაშვილი და შალვა ხახანაშვილი. ქართული მედია არც ამ ძალიან მაღალი ხარისხის გამოფენით დაინტერესებულა, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა და ჯერ კიდევ არ დახურულა. ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ სწორედ ამ გამოფენაზე, პირველად, ომის შემდეგ ქართველი და რუსი პარიზელები ერთმანეთს შეხვდნენ. მანამდე რაღაცნაირად თავს ვარიდებდით ერთმანეთს.

საშა ბრაილოვსკი, რომელის "დაჭედილი რწყილების ქვეყანას"დღეს მთელი საქართველო კითხულობს, სწორედ ამ გამოფენაზე ვნახე პირველად ომის შემდეგ. თუმცა საშა პარიზის არანაირ "ელიტას" არ განეკუთვნება, არც ალიოშა იპოტევცევი, რადიო "ფრანს კულტურის" ტოკ შოუს წამყვანი, რომელმაც მე და მხატვარი გელა წულაძე ერთსაათიან გადაცემაში დაგვპატიჟა თანამედროვე ქართულ კულტურაზე სასაუბროდ. და მერწმუნეთ ამ "არაელიტარულმა" არა ნაკლები სარგებელი მოუტანა ქართული კულტურის პროპაგანდას ვიდრე ყველა ყველა პრესტიჟულმა ღონისძიებამ ერთად აღებულმა.

ცოტა არ იყოს გულ დასაწყვეტია ასეთი პროვინციალური სნობური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. რადგან ყოველივე იმის შემდეგ, რაც გულწრფელად, დიდი ენერგიის ხარჯზე გაკეთდა, ხშირად პირადი ინციატივების, კონტაქტებისა და თუნდაც მატერიალური ბაზის ხარჯზე, როცა გამოგიცხადებენ, რომ დიდი და პრესტიჟული მასშტაბები გვჭირდება, პატარა არ გვაინტერესებსო, მართლა სურვილი გიჩნდება კითხო რატომ, რა მიზეზით გთვლიან იდიოტად?

პაკიტა მიროსთან ვერნისაჟზე, ლონდონში გამომავალი ქართული ჟურნალის ,,თანამემამულე" – ს მთავარი რედაქტორი, ახალგაზრდა კაცი მოვიდა, თურქ "თანამემამულესთან" ერთად... მკითხა, ქართველები რამდენად ხშირად ხვდებით პარიზში ერთმანეთსო, და კიდევ, სხვა მსგავსი რაღაცეები. გამოფენით, არც კი ვიცი თუ დაინტერესდა, ყოველ შემთხვეაში არც შურა ბანძელაძის სახელი ჰქონდა გაგონილი და არც ლასარეიშვილის ან ეძგვერაძის, სერთოდ ისე წავიდა რომ არა ვარ დარწმუნებული, თუ მიხვდა, რა გამოფენა იყო, და ეს ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება ჟურნალის რედაქტორს ერთ ერთი პირველი აბსტრაქციონისტი ქართველი მხატვრის გვარი გაგონილიც არ ქონდეს. სამაგიეროდ, მისი ჟურნალი სავსეა პოლიტიკის''მოყვარული" ექსპერტების მოსაზრებებით, ხელოვნებისათვის კი ეტყობა ადგილი აღარ რჩებათ. მე სწორედ ამას ვეძახი შიდა კულტურულ კრიზისს საქართველოში, და მეტსაც, დეპრესიას. გადაავლეთ ქართულ პრესას თვალი, და ამაში თავად დარწმუნდებით. სატელევიზიო რეპორტაჟებზე აღარაფერს ვამბობ. დარწმუნებული ვარ, მათ, კულტრა, პარიზელ რუს ტოპ მოდელთან ''ექსკლიუზიურად" ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ გონიათ ( "პოსტკრიპტუმი" 15.02.2008)


თითოეული ზემოთ აღწერილი მოვლენა, განსაკუთრებით აღწერას იმსახურებს. ამ ბლოგის შექმნის ერთ ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის – იმ კულტურის შესახებ დრო და დრო, თუნდაც ორიოდე სიტყვით მოყოლა, რომელიც "პარალელურ საქართველოში" არსებობს.


16 თებერვალი 2009