რატომ ვართულებთ? პოლიტიკოსობა შეუძლია ყველას - ადვოკატიდან დაწყებული მეთევზით დამთავრებული. მხოლოდ მთავარია, თანახმა იყო, სულ ცოტა, ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ პრინციპზე - ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამოქალაქეს აქვს თავისი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, შენ კი სხვისი აზრის პატივისცემის თუ არა (ყველა ვოლტერი ვერ იქნება), ატანის ვალდებულება მაინც. არავის აქვს უფლება, განსხვავებული აზრის გამო დაგაშანტაჟოთ...ეს არის აუცილებელი პირობა, მხოლოდ მისი გათვალისწინების შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ ამ თუ იმ პოლიტიკოსის ნიჭიერების ხარისხზე მსჯელობა.
ნებისმიერი თავისუფლება იწყება აზრის (თუ კი ის გაქვს) და, შესაბამისად, მისი გამოხატვის თავისუფლებით. მისი აგრესიული მეთოდებით გამოხატვის შეზღუდვა თავად აზროვნების შეზღუდვას ნიშნავს.
აგრესიისა და შანტაჟის მტანჯველ შიშს ადამიანი იატაკქვეშა, ერთგვარ საბჭოთა სამზარეულოს დისიდენტურ მდგომარეობაში გადაჰყავს. მოჩურჩულე დისიდენტების არსებობა კი თავისთავად გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლებას და, შესაბამისად, დემოკრატიას.
ფსიქოლოგიური ზეწოლის რამდენიმე ძირითადი მეთოდი არსებობს. მათი მოქმედების ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია: ის, რაც ქართველისთვის მორალური ტანჯვაა, ბრიტანელს შესაძლოა, სასაცილოდაც არ ეყოს და პირიქით. (Что русскому хорошо,то немцу - смерть)
საქართველოში ფსიქოლოგიური ზეწოლის ყველაზე აპრობირებული მეთოდი, რა თქმა უნდა, არის პატრიოტული გრძნობებითა და მორალით ადამიანების მანიპულირება, მათში უაპელაციო სასჯელის შიშის ჩანერგვა. წამების მთავარი ინსტრუმენტი კი სხვადასხვა ზომისა და ტკივილის გამომწვევ ღალატში ბრალდება. ღალატის რამდენიმე ძირითადი ფორმა თითქმის ყოველ ჩვენგანს გამუდმებულ მზადყოფნაში აქვს - „ინკვიზიტორის ჯენტლმენური კომპლექტივით“. თუმცა მთავარი ჰიტი, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატია.
ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, ისეთივე და შესაძლოა ხანდახან მეტი რანგის დანაშაულიც კი არის, ვიდრე პედოფილია, ტერორიზმი და ის ბევრ ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომით, მათ შორის სიკვდილით ისჯება.
ღალატს დანტე თავისი «ჯოჯოხეთის» ყველაზე ღრმა, უკანასკნელ მეცხრე გარსში ათავსებს. დიახ - არა საძაგელ მკვლელებს, მწამებლებს, მრუშებსა და ამპარტავნებს... არამედ სწორედ მოღალატეებს!
ცრემლების მდინარე კოკიტოსის გაყინული წყლებით დაფარულ ჯოჯოხეთის მეცხრე გარსში, სადაც ლუციფერის რეზიდენციაა, ოთხი ზონაა. პირველ - კაინაში (ძმის აბელის მკვლელი - კაენიდან) იტანჯებიან ისინი, ვინც მშობლებს უღალატა. მეორე - „ანტენორაში“ (ანტენორიდან, რომელმაც ტროას პალადიუმი ბერძნებს ჩააბარა) - სამშობლოს მოღალატეები, მესამე - ტოლომეაში (ეგვიპტის მეფე პტოლემე XIII, რომელმაც, იულიუს კეისარისთვის რომ ესიამოვნებინა, მასთან თავშესაფრის საძებნად ჩასული პომპეუსი მოაკვლევინა) იტანჯებიან ისინი, ვინც თავის სტუმარს უღალატა, ხოლო მეოთხე იუდეკაში (იუდა, რომელმაც იესო გაყიდა) ისჯებიან თავიანთ კეთილისმყოფელთა მოღალატენი.
ფაქტობრივად, ეს მეცხრე გარსი ჩვენი საზოგადოების მოდელია. რომლის ერთი ნახევარი მეორეს ღალატის ამ ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში მაინც აუცილებლად ადანაშაულებს ყოველდღიურად, ხშირად კი - ორში, ან სულაც ოთხივეში. ანალოგიურად ექცევა მეორე ნახევარი პირველს.
ისინი, ყველანი უდიდესი სიამოვნებით გაგზავნიდნენ ერთმანეთს კოკიტოსის ცრემლის ყინულებში მარადიული ტანჯვისათვის და აგზავნიან კიდეც, მხოლოდ ვირტუალურად.
ჩვენ უკვე სამი ათეული წელია , ჯოჯოხეთის ამ ყველაზე ღრმა გარსში ვისტუმრებთ ერთმანეთს ყოველდღიურად და ერთი წუთითაც არ გვახსენდება ჩვენივე ისტორიის ყველაზე ტრაგიკული წლები, როდესაც სწორედ საბჭოთა სამშობლოს ღალატის აბსურდული ბრალდებით ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილი მეორეზე „დანოსებს“ წერდა, ხვრეტდა, გულაგში აგზავნიდა.
მოგვიანებით, ეროვნული მოძრაობის „რენესანსის“ ეპოქაში სტალინური რეპრესიებიც სამშობლოს მოღალატეებს დავაბრალეთ, მხოლოდ სხვა ტიპის, კომუნისტ, სუკის აგენტ მოღალატეებს... სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჯოჯოხეთში უფასო საგზურების დარიგების დაუნდობელ ტრადიციას. აგენტები ხომ ყოველთვის სხვები იყვნენ და არიან... აჰ!.. რას ბრძანებთ! ჩვენ ხომ ყველანი 9 აპრილის გმირები ვიყავით! ჩვენი წინაპრები კი მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიების მსხვერპლი დისიდენტები და არა ჯალათები!… მაგრამ ჯალათები ნამდვილად არსებობდნენ, თანაც ბევრნი - ეს ფაქტია. მათ მშვიდად იცხოვრეს თავიანთი დამპალი ცხოვრება და თავიანთი სიკვდილით მოკვდნენ, აცრემლებული შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში... ჩვენ ყველანი მათ პანაშვიდებზე, გასვენებებში დავდიოდით. ვუსამძიმრებდით, თანავუგრძნობდით… ერთმანეთთან ვმეგობრობდით, გვიყვარდა, ვქორწინდებოდით, გვიჩნდებოდა შვილები, რომლებსაც ძარღვებში ხშირად მსხვერპლისა და ჯალათის სისხლი ერთად უჩქეფდათ..
ზღვარი მსხვერპლსა და ჯალათის შთამომავლებს შორის თანდათან წაიშალა. ასე აღმოვჩნდით ყველანი მხოლოდ მსხვერპლნი.
და ეს მახსოვრობის ერთგვარი გაკეთილშობილება ძალიან ადამიანური პროცესია - ამაში მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ტრაგიკული არის ის, რომ ეს ადამიანები, ჯალათებისა და მსხვერპლთა შვილები და შვილიშვილები ამდენი წლის შემდეგ ისევ მოღალატეებს უწოდებენ ერთმანეთს, მეზობლებს, თანამშრომლებს… ოჯახის წევრებსაც კი, ისევ ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა, მეცხრე გაყინული გარსისთვის სწირავენ... - რატომ? თითქოს რეპრესიების შიში აღარავის აქვს... მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო!
თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანას, სიტყვა ღალატს ადამიანების ყოველდღიურ ლექსიკაში ამხელა ადგილი რომ ეჭიროს. მით უმეტეს, აზრის გამოხატვის კონტექსტში. განსაკუთრებით ვერ იპოვით დასავლურ სამყაროში, სადაც აზრის ქონის უფლების პატივისცემა ერთგვარი სამოქალაქო რელიგიაა, ისევე, როგორც მისი თავისუფალი გამოხატვისას სიფრთხილის დაცვა, თუნდაც ეს ყველაზე საძულველი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ხშირად ამას ვერ ახერხებენ, მაგრამ ცდილობენ გამუდმებით და როდესაც ნერვები კონტროლიდან ეპარებათ, როდესაც სიტყვა, ემოცია გაუსხლტებათ, არ მოსწონთ, არ ამაყობენ ამით, როგორც ჩვენთან.
ეს ვერბალური დამუნათება სულაც არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი. ის პირდაპირ კავშირშია არჩევნებთან, რომლის ცხელი ჯოჯოხეთური სუნთქვა სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. მით უმეტეს კოალიციის დაგვიანებული დაშლის შემდეგ. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების მატებასთან ერთად, სავარაუდოდ, „მოღალატეთა“ რაოდენობის მკვეთრ მატებას უნდა ველოდეთ.
დღეს ქართველი ამომრჩევლის თითქმის 100%-ს მოუწევს, ძლიერი შანტაჟის პირობებში მისცეს ხმა მას, ვინც საუკეთესოდ მიაჩნია. შანტაჟს კი ეწევა აბსოლუტურად ყველა - მმართველი პარტიიდან და მათი მომხრეებიდან დაწყებული ორკაციანი, მინი და მონოპარტიებით, მათი ლიდერების ოჯახის წევრებით დამთავრებული. პირველ რიგში ისინი, ჯერ კიდევ გუშინ რომ იყვნენ მმართველ კოალიციაში, ან „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან ნინო ბურჯანაძესთან… პირველი, რაც თავში მოსდით, როგორც კი ძალაუფლებიდან მიდიან, პოლიტიკური ოპონენტების პრორუსულობის ბრალდებაა. ამას აკეთებს უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა. ხოლო თუ გაბედე და შეეკითხე: „კი, მაგრამ, როგორ ხდება, რომ მაინცა და მაინც მაშინ გადაიქცევა ხოლმე ყველა სამშობლოს მოღალატედ, როდესაც კონკრეტული შიდა პოლიტიკური პრობლემა ჩნდება, რომელიც უშუალოდ მათ ეხება და არა საგარეო?” ადეკვატური პასუხი არავის აქვს, შენც არ „აწვები“, რადგან გეშინია... ოღონდ, თვითონაც არ იცი, რისი... ალბათ, შანტაჟის. სწორედ შანტაჟია დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსის მთავარი ბრძოლის იარაღი, ხოლო დევიზი - «ჩვენ კი არა ვართ კარგები, თქვენ ხართ ცუდები, ბოროტები და პრორუსები. ჩვენ მხოლოდ ნაკლებად ბოროტები ვართ, ხალხს კი ჩვენს გარდა არჩევანი არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ აგვირჩევენ!»
ერთადერთი, რითაც ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ამომრჩეველს თავი მოაწონონ, მათი პოლიტიკური კაპიტალი, მოწინააღმდეგეზე დაგროვილი სრულიად აბსურდული კომპრომატებია და არა საკუთარი იდეები და პროგრამა. ამ კომპრომატების ჰიტი კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაა. უკვე ოცდახუთ წელიწადზე მეტია, სრულიად ერი ამ სავარაუდო აგენტების გამოვლენით არის დაკავებული. არა და, ეს სულაც არ არის ჩვენი - მოქალაქეების საქმე. ამისათვის სპეცსამსახურები არსებობენ. ჩვენ მხოლოდ მოხალისე პავლიკა მოროზოვები ვართ - სხვის ღალატზე ორიენტირებული ქართველი მგზნებარე პატრიოტები! რომელთა ბოლო თავშესაფარი... რუსეთია, ხოლო ღალატი ჩვენი სიბრიყვის უკანასკნელი არგუმენტი.
არჩევნებამდე, სავარაუდოდ, რუსეთისა და ღალატის თემა სრულიად კოსმიურ მასშტაბს მიიღებს. მით უმეტეს, სულ ახლახან კავკასიაში გაჩენილი ძალიან სერიოზული საფრთხის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე, რომელსაც კიდევ უფრო ფართოდ შეუძლია გაშალოს «მოღალატე» პოლიტიკოსთა და ექსპერტთა სპექტრი. ოქტომბრამდე ჩვენ ყველანი მოღალატეები აღმოვჩნდებით. ერთმანეთს მორალურად დავხვრეტთ, საბოლოოდ გავანადგურებთ.
ყოველივე ამას მიაქვს მთელი ის დრო, ენერგია, ნერვები და, შესაბამისად, ჯანმრთელობა.. რომელსაც საქმეზე ფიქრსა და მის კეთებას უნდა ვახმარდეთ. ქართული პოლიტიკური დისკურსის 90%-ზე მეტი სრულიად ფუჭი, უსარგებლო და ძალიან არასერიოზულია როგორც პოლიტიკოსების, ასევე ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის სუპერექსპერტების, ჟურნალისტების...
ჩვენ ქართველები ბრუტი ხალხი ვართ - ნიუანსების გარეშე. შესაძლოა, ოდესღაც არ ვიყავით ასეთები, მაგრამ გავხდით.ამიტომ ხანდახან ვფიქრობ, იქნებ აჯობებს, მივიჩნიოთ, რომ კრემლის აგენტობა, თავისი ბანალობის წყალობით, საქართველოში უბრალოდ მოცემულობაა - ჩვენ ყველანი აგენტები და მოღალატეები ვართ და მორჩა! ბასტა! გადავიდეთ შემდეგ თემაზე, თორემ ერთმანეთის თვალთვალსა და დევნაში ისევ გვეპარება თვალსა და ხელს შუა ოცდამეერთე საუკუნე, როგორც მეოცე გაგვეპარა.
საქართველოში უნდა დამთავრდეს ეს რაღაც სულელური ბრძოლა მოქალაქეობრივი ზნეობის მონოპოლიზაციაზე, რომელსაც ბრეხტის ცარცის წრეში ჩაყენებული ბავშვივით ექაჩებიან თავისკენ სახელისუფლებო და მთავარი ოპოზიციური ძალები, დანარჩენები კი მათ გარშემო დარბიან ყიჟინით, ხან ერთს ჩაებღაუჭებიან უკან დასახმარებლად ხან - მეორეს. ეს მოსაწყენი მასკარადი უკვე იმდენი ხანია, გრძელდება, რომ თითქოს გაქვავდა და ბარათაშვილის ხიდთან, კონკის გვერდით - ბერიკაობის ძველ სკულპტურას დაემსგავსა.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ პარაზიტი თემებისგან და ადგილი დავუთმოთ ნამდვილ პოლიტიკურ დისკურსს.
პირადად მე გაქვავებულ პოლიტიკურ ძალათა იერარქიის ერთგვარი დარბილების მიზნით, შემიძლია, ეგრეთ წოდებული „სასარგებლო არჩევანი“ გავაკეთო და ხმა მივცე პოლიტიკურ ძალას, რომელიც სულაც არ ეწერება ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში... მაგრამ ღმერთო! ჩემი კანის თითოეული ფორით წინასწარ ვგრძნობ, როგორ შემოდის ჩემში შხამიანი სიძულვილი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ჩემი „პოლიტიკური ჰოროსკოპი“ მიუღებელი აღმოჩნდება! და რა მნიშვნელობა აქვს, როგორია ის!
ზოგს „რესპები“ სძულს, ზოგს „არაფორმალური მმართველის მონები“, ზოგს „მოღალატე“ ალასანია, ზოგსაც „ნაციონალები“, ყველას ერთად კი - ერთმანეთი! მათ ყველას ყოველ დღე რაღაც ხმა ცრუ სულიწმინდასავით ჩასძახის “რუსთავი 2-დან”: „გძულდეს მოყვარე შენი, ვითარცა მტერი შენი!“...
უნდა ვაღიაროთ ყოველი ჩვენგანის უფლება, გვქონდეს ერთმანეთისთვის თუნდაც სრულიად მიუღებელი ჩვენი პირადი აზრი და ეს უნდა ვაღიაროთ ინდივიდუალურად, საკუთარი სინდისის, საკუთარი ცივილიზებულობის წინაშე! პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ატანა, შემდეგი ეტაპი კი პატივისცემა იქნება! ნახავთ, რა ადვილი გახდება პრობლემების გადაჭრა თუ არა, მათ შესახებ საუბარი მაინც. რა ლამაზი მოგეჩვენებათ სახლში მისულს თქვენი მეუღლე, ზუსტად ისეთი, როგორიც პირველ პაემანზე და მასაც, როგორ ნაკლებად ხეპრედ მოეჩვენებით… ისეთივე ელეგანტური, როგორც მეორე პაემანზე!
მაგრამ რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი კულტურის ანბანის ეს პირველი ასო ბოლოს და ბოლოს დავიმახსოვროთ? ვისწავლოთ სხვისი პრინციპების ატანა?
ხელისუფლება შევცვალოთ? ნულოვანი ტოლერანტობა გამოვაცხადოთ? ყველა დავიჭიროთ? მოვსპოთ განსხვავებული აზრი და ამით მოვსპოთ პრობლემაც? ანუ დავბრუნდეთ ისევ იქ! 30-იან წლების საბჭოთა კავშირში?
მოკლე დროით ნებისმიერი რეპრესიული მეთოდი იმუშავებს, მხოლოდ ექვს თვეში სიბინძურე ახალი ძალით დაიწყებს ბუყბუყს და ამის მაგალითი სულ ახლახან გვქონდა ფსევდოლიბერტარიანული რეჟიმის დროს.
საქართველოს პოლიტიკას ძალიან აკლია კულტურა და ეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი მარცხია დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად. ამ მარცხში თანაბარი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას, არამედ მათ გარშემო მყოფ მხარდამჭერებსა თუ მოწინააღმდეგეებს. განსაკუთრებით საზოგადოების ინტელექტუალურ ელიტად წოდებულ ნაწილს - ვისაც ხმა მიუწვდებოდა მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე.
ხელისუფლებებსა და სხვადასხვა მოწვევის პარლამენტარებს არ შეეძლოთ, პოლიტიკური კულტურული პროგრესის გარანტები გამხდარიყვნენ, რადგან თავად განიცდიდნენ კულტურის მწვავე დეფიციტს. ინტელექტუალებმა კი თავიანთი პატარა მერკანტილური მოსაზრებებითა და კონფორმიზმით შეუწყვეს ხელი, მივსულიყავით იქ, სადაც დღეს ვართ.
ნებისმიერი კამათი იმის შესახებ, თუ ვინ არის პროევროპული და ვინ პრორუსული, ყოველგვარ აზრს კარგავს მანამ, სანამ არ ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას და არ შევეშვებით შანტაჟს განსხვავებული აზრის გამო. სანამ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტის საწინააღმდეგოდ ყველა არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტ რუსეთთან თანამშრომლობასთან იქნება დაკავშირებული, რაც უპირობოდ კლავს ნებისმიერ საქმიან დისკურსს, რადგან შეუძლებელია ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ისეთი რანგის დანაშაულში გდებს ბრალს, როგორიც სახელმწიფო ღალატია.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანმა, რომელიც თავისი ოჯახის წევრზე, ყველაზე ახლობელ ადამიანზე ამბობს უარს, მისი მოსაზრებების გამო - შეძლოს, სამშობლოს გამოადგეს რამეში.
პირიქით, სწორედ ასეთი დაწყვეტილი ურთიერთობები ხდება ყველაზე დიდი მოკავშირე იმ მტრის, რომლის სახელითაც ურთიერთობებს ვიფუჭებთ ერთმანეთთან.
ესეც რაღაცნაირი, ჩვენი - ქართველების ექსკლუზიური ჯოჯოხეთია, დანტეს მეცხრე გარსის მეხუთე ზონა: მხოლოდ ქართველებისთვის, რომლებსაც ღმერთი ჩაუდენელი ღალატისთვის ერთმანეთის, მოყვასის სიძულვილით სჯის.
P. S. სულ ორი თვის წინ, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, ოცი წლის წინ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინეს. წელს, ოქტომბერში პირველად ჩემს სიცოცხლეში ვაპირებ ქართულ არჩევნებში მონაწილეობას. არ მინდა, შანტაჟისა და შიშის ქვეშ შევასრულო ჩემი ძლივს აღდგენილი მოქალაქეობრივი ვალდებულება და საამომრჩევლო ურნაში კონვერტი შიშისგან აკანკალებული ხელით ჩავაცურო. არ მინდა, არჩევანი იმ ადამიანების სიყვარულის ხარჯზე გავაკეთო, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა და რომელთა დაკარგვას ვერასდროს შევეგუები, რადგან ჩემთვის სამშობლო პირველ რიგში ცოცხალი ადამიანები არიან და არა მკვდრები.
Paata Kourdadze
Avril 2016