Une erreur est survenue dans ce gadget

7 avril 2014

Bourgogne - ცხოვრების ხელოვნება

ეს ჩემი მეორე სიუჟეტია  რადიო ცხელი შოკოლადის გადაცემა "ღვინის გზამკვლევისათვის" რომელიც 2012 წელის სექტემბრის ბოლოს  გავიდა ეთერში. 




არის ესეთიი გამოთქმა» Art de Vivre რაც ქართულად "ცხოვრების ხელოვნებად" ითარგმნება... რაღაც ცხოვრების შნოსავით არის, მხოლოდ უფრო დელიკატურად ჟღერს. ეს ცხოვრების ხელოვნება ქყველა ქვეყანას თავისებური აქვს. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ზოგს თითქმის არა აქვს...სხვანაირად ამას კულტურაც შეიძლება დავუძახოთ. გასტრონომია ცხოვრების ხელოვნებაში შემავალი ანგრედიანტებიდან ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ფრანგული სამზარეულო იუნესკოს მიერ აღიარებულია როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა ღვინის გარეშე ესეთ აღიარებას ფრანგული სამზარეულო ვერასდროს ვერ მიაღწევდა.
განსაკუთრებით კი ბურგონულის, ანუ როგორც ჩვენთან რუსული თარგმანის გავლენით ეძახიან ბურგუნდიული ღვინის გარეშე. უფრო მეტიც, ღვინოზე პუბლიკაციების ერთ ერთი ცნობილი ავტორი, კრისტიან პესსი თვლის, რომ სულაც არ იქნებოდა გადაჭარბებული გვეფიქრა, რომ ბურგუნდიული ღვინის გარეშე მსოფლიოს თუ არა ევროპას მაინც დღეს სულ სხვა სახე ექნებოდა. მისი აზრით დაამტკიცებს რომ ბურგუნდიის ჰერცოგების სიმდიდრე და ძალაუფლება სწორედ ღვინის კომერციაზე აშენდა. პაპები ამდენი წლების განმავლობაში ავინიონში არ იცხოვრებდნენ, რომ არა
მათი სიყვარული და გატაცება მაღალი ხარისხის ღვინოებისადმი. ვის შეუძლია დაამტკიცოს რომ ლუი მეცამეტეს მემკვიდრე ეყოლებოდა, ანა ავსტრიელის სიბერწე დღეში ერთი ბოთლი «პატარა იესოთი» რომ არ განეკურნათ? ვის შეუძლია დაამტკიცოს რომ მეფე მზედ წოდებული ლუი მეთოთხმეტე ესე ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწევდა ექიმებს მისთვის ყოველი ჟამისას ბურგუნდიულის კარგად დალევა რომ არ გამოეწერათ? კიდევ სხვა უამრავ ესეთ რიტორიკულ კითხვების სიას ის ასე ამთავრებს: ვის შეუძლია დაამტკიცოსმ რომ სოლიდარობის გრძნობა, რომელსაც ესეთი ღრმა ფესვები აქვს გადგმული ფრანგულ კულტურაში, ეს განვითარდებოდა?
ვაზი გალების ქვეყანაში პირველი გამოჩენის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის ქრისტესშობამდე მეექვსე საუკუნეში ბერძნების მიერ იქნა პირველად შემოტანილი, ღვინის კულტურამ უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით მეორე საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც რომაელების იტალიური ღვინის ექსპორტმა ბურგუნდიამდე მოაღწია.
მეექვსე საუკუნიდან ქრისტიანობის დამკვიდრებამ მევენახეობის განვითარებას ხელი შეუწყო იმით, რომ უველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ვენახები სააბატოების, მონასტრების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ომების დროს განსაკუთრებული პროტექციით სარგებლობდნენ და .თაობიდან თაობას გადასცემდნენ მეღვინეობის გამოცდილებას. პირეველი სამონასტრო ღვინოების წარმოება რომელსაც არა მარტო ლოკალური ევროპის მასშტაბის მნიშვნელობა ჰქონდა სათავეს მე7 საუკუნეში იღებს.
მოგვიანებით მე14 მე 15 საუკუნეში ავინიონის პაპების ქალაქა გადაქცევასთან ერთად ღვინის წარმოებაკულტურად ჩამოყალიბდა.
პაპ კლემენტი მეექვსეს ეპოქაში 1342-1352 წლებში რომელიც ავინიონის პაპებს შორის
 Châteauneuf-du-Pape
ყველაზე ფუფუნების მოყვარულად ითვლება, ბურგუნდია სამ განსხვავებულ კლიმატურ რეგიონად დაიყო, და შეირჩა «პაპის მარანი»
სწორედ კლემანტი მეექვსეს გემოვნების წყალობით გახდა წითელი ღვინო უფრო მისაღები. მეთოთხმეტე საუკუნემდე უპირატეესობა თეთრ ღვინოს ენიჭებოდა. ამგვარად ავინიონის პონტიფიკას როლი ღვინის გემოვნების მუტაციაში ეტაპობრივად, გადამწყვეტად ითვლება.
ამავე ეპოქაში დაიწყო მდინარე რონის საშუალებით ღვინის უფრო ადვილად გადაზიდვა სამხრეთში.

მეთოთხმეტე მეთხუთმეტე საუკუნეში ბურგინდიის ოთხი დუკის, ანუ ჩვენებურად ჰერცოგის მართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ღვინის ხარისხის გარანტიის განმსაზღვრელი წესები. 1395 წელს ფილიპ დე ჰარდიმ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა ღვინის ხარისხი და თავის მიწებზე. გამოსცა დეკრეტი, რომლიც თავის ტერიტორიაზე კრძალავდა აქამდე გავრცელებული ვილდელოიალის ჯიშის ვაზს, და მის ნაცვლად პინო ნუაღ, ანუ შავი პინოს გაშენებას მოითხოვდა. . ეს ითვლება კვებისპროდუქტის შესახებ გამოცემულ პირველ დეკრეტად მსოფლიოში, ის წინ უსწრებს ღცვინის აპელაციასაც და გერმანულ Reinheitsgebot საც რომელიც ლუდის გამოხდისას დასაშვებ ანგრედიანებს განსაზღვრავს. 1416 წელს შარლ მეექვსემ ბურგონის ღვინის წარმოების ლიმიტი დააწესა.
1652 წელს სამედიცინო სკოლაში ექიმებმა თეზაც კი ჩამოაყალიბეს, რომ ბურგონის ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს და ყელზე სასიამოვნო სასმელია. რითიც ღვინის დიდ ომს დაედო საფუძველი ბურგუნდიულ და შამპანიურ ღვინოებს შორის. ლუი მეთოთხმეტეს თავისმა ექიმმა ბურგონი სამკურნალოდ დაუნიშნა. ამავე დროს აუკრძალა შამპანურის დალევა. მოგვიანებით ერემსის სამედიცინო ფაკულტეტზე ახალგაზრდა ექიმმა ლე პეშორმა კონტრეშეტევა განახორციელა და საპირისპირო თეზა წამოაყენა, შამპანური ღვინოების სასარგებლოდ. ღვინის ომს საფრანგეთის რევოლუციამ დაუსვა წერტილი. როცა კონფისკაციის შემდეგ დაქუცმაცებული ვენახები ბურგონელმა ბურჟუებმა შეისყიდეს...
ბურგონის რეგიონის ღვინის ისტორიზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი, ის თან გასდევს საფრანგეთის მთელ ისტორიას. დღემდე. ეს არის ისტორია ცხოვრების ხელოვნებისა, რასაც საფრანგეთი მშვენივრად ყიდის, და რაც პრინციპში მისი ყველაზე მთავარი საექსპორტო ფასეულობაა, და ის საშუალებას აძლევს ქვეყანას რომელსაც აბსოლუტურად არავითარი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, ათასგვარი კრიზისის მიუხედავად, მაინც სტაბილურად მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკად ითვლებოდეს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.
შესაძლოა ვინმეს გადაჭარბებული მოეჩვენოს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი , ქართველების შესაძლებლობები ძალიან წააგავს ფრანგულს. ჩვენ შევძელით ჩვენი საკუთარი ცხოვრების ხელოვნების შექმნა, თანაც საკმაოდ ავთენტურის, და ის გარკვეულ ზონაზე გავავრცელეთ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს არსებობას ჩემი აზრით ამ ცხოვრების ხელოვნებას უფრო უნდა ვუმადლოდეთ ვიდრე მითოლოგიურრ ძლიერ მეომარ სულს. ჩემი აზრით ფრანგებისა არ იყოს, ღვინომ ჩვენც ბევრი რამ გვასწავლა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი ღვინის კულტურის ისტორია აბსოლუტურად შეუსწავლელია. გარდა იმისა, რომ ლამის ღვინის სამშობლოდ მოვიხსენიებთ თავს, ბევრი არაფერი გვაქვს მოსაყოლი... მხოლოდ იმიტომ. რომ ჯერ არ გაგვიაზრებია – ღვინის ხარისხი მისი ისტორიაა. როდესაც იაპონელი, ამერიკელი ან ბრიტანელი ბურგონს აგემოვნებს, პირველ რიგში მის სმენას ღვინის დასახელება ესლაბუნება, და მისი წყალობით ყოველ მოსმულ ყლუპთან ერთად საფრანგეთის ისტორიის ზიარი ხდება.

პ.ქ. 29 სექტემბერი 2012
Paris



5 avril 2014

..დაბადებული ღვინის ქვეყანაში!

2012 წელს რადიო ცხელი შოკოლადისთვის, მალხაზ ხარბედიას თხოვნით სამი აუდიო - ჩანაწერი  გავაკეთე მისი გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი".  მეტი ვეღარ შევძელი რადგან მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი. ახლა ნელნელა თავი მოვუყარე ამ ჩანაწერებს. ღვინის მოყვარულებს შეიძლება დააინტერესოთ.
 ეს სულ პირველი აუდიო ფაილია, რომელიც დაკაგული მეგონა და შემთხვევით ვიპოვნე დღეს -  " დაბადებული ღვინის ქვეყანაში"... დანარჩენებსაც ამ დღეებში დავდებ.





რადიო "ცხელი შოკოლადი" 
პაატა ქურდაძე
 18 სექტემბერი, 2012

ხშირად მიფიქრია, რომ ამ მხრივ მაინც გამიმართლა. ღვინის ქვეყანაში დავიბადე და მეორე ღვინის ქვეყანაში ვცხოვრობ... იმედი მაქვს არაყის ან ლუდის ქვეყანაში არ მოვკვდები,  იმიტომ არა, რომ არც ერთი არ მიყვარს.  ასე მგონია,  რომ ჩემთვის ღვინის ქვეყანაში სიკვდილი უფრო ადვილი იქნება, ისევე როგორც სიცოცხლე. რატომ მგონია არ ვიცი, კაცმა რომ თქვას ადვილი სიცოცხლე არსად მქონია, ალბათ იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ღვინის ქვეყნებში უფრო მეტი შანსი გაქვს  "წაღმა გეჩვენოს, ქვეყნის უკუღმა ტრიალი".
შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ღვინის მსმელ ერებს შორის არის რაღაც უხილავი მაგნიტიზმი, ღვინო კონვივიალურია, ის აერთიანებს, მძიმე ალკოჰოლი კი პირიქით, თიშავს, მარტოობისკენ გიბიძგებს, ჩემზე ყოველ შემთხვევაში ესე მოქმედებს. 
თუმცა იმისთვის, რომ ღვინის ქვეყანა გახდე, არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ვენახი გააშენო, ტექნოლოგიურად სრულყოფილი ქარხანა ააგო და მარკეტოლოგიური თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი, თუნდაც ძალიან კარგი ღვინო აწარმოო. ფრანგს, იტალიელს ან ქართველს ვერ ექნება ჩინელთან ეს უხილავი ტანინიანი ძაფები გაბმული, რომელიც ერთმანეთთან აქვთ. რადგან ჩინეთმა, სულ რომ გააკოტროს ფრანგული და იტალიური ღვინის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა რომ  მშვენიერი ღვინის გამოშვება ისწავლა, ღვინის ქვეყანა მაინც კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გახდება. რადგან ღვინის მწარმოებელსა და მეღვინეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც პურის მწარმოებელსა და მეპურეს შორის. მეპურეები კი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ესე ადვილად ამ წოდებას ვერ მიიღებ, საფრანგეთში, იმისათვის რომ პურის  მაღაზიას საფუნთუშე ანუ ბულანჟერი ერქვას, პატრონი იძულებულია არა მხოლოდ ადგილზე  გამოაცხოს, არამედ ცომიც აუცილებლად იქვე მოზილოს. მაგარი ხალხია, ყოველ დილას ხუთ საათზე იწყებენ  ცომის ზელას...  თუმცა ფრანგ ხაბაზებზე, ანუ ბულონჟერებზე სხვა დროს იყოს.
90–იანი წლების დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში გადმოვედი საცხოვრებლად, საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთთან აიგივებდნენ და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ძირითადად ყინვაზე, ვოდკაზე და  ქერა გოგოებზე მელაპარაკებოდნენ, თან ეშმაკურად მიპაჭუნებდნენ თვალს, უფრო კულტურულები კი ბალეტზე, ჩეხოვზე და ტროცკიზე... დაუღალავად ვუხსნიდი ყველაფერს გაოგრაფიიდან დაწყებული დამწერლობით დამთავრებულ, მაგრამ ავიწყდებოდათ და რამდენიმე დღეში, ამინდი ცოტათი გაფუჭდებოდა თუ არა, იგივეს მეკითხებოდნენ: "ჰა.. მუსიე, ეხლა თქვენთან მაგრად ყინავს არა? ვოდკა, ბანია და... ტანია ჰა?"  ხითხითებდნენ და მრავალმნიშვნელოვნად თვალებს მიპაჭუნებდნენ გაუთავებლად, სანამ ნერვებაშლილი თავიდან არ ვიწყებდი ჩემი ბოხჩაში გამოკრული საცოდავი ეროვნული ფასეულობების ამოლაგებას სათითაოდ...  "ა ბონ?" ამბობდნენ გაკვირვებულები, რაც ჩვენებურად დაახლოებით იგივეს ნიშნავს რაც "რას ამბობ, მართლა?" და მაშინვე სხვა თემაზე გადადიოდნენ, ძალიან მოხერხებულად.
მოგვიანებით დაკვირვებების შედეგად მივხვდი,  რომ ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებდნენ განსხვავებას ქართველსა და რუსს შორის, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ქართველები ღვინის მსმელი ხალხი ვართ, და ყველაზე კარგი ღვინო, ყველი და პური გვაქვს მეთქი. ამაზე სერიოზულ კითხვებს  მისვამდნენ, რომელზე პასუხი მაშინ არ მქონდა. რადგან ღვინო ჩემთვის მანამდე არასდროს ყოფილა კულტურის ნაწილი. ვიცოდი მხოლოდ რომ ეგრეთწოდებული უშაქრო ღვინო კარგი იყო, გაკეთებული, ანუ შაქრიანი კი-ცუდი. ვიცოდი, რომ ღვინოს დასათრობად სვავენ, რომ ის დღესასწაულის მთავარი  ატრიბუტია და არა გასტრონომიის ნაწილი, როგორც ეს ფრანგების შემთხვევაშია...
საკვირველი იყო:  მიუხედავად იმისა, რომ ნებიმიერი ფრანგიც ზუსტად იგივეს ფიქრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი პური, ყველი და ღვინო აქვს, არავინ შემკამათებია, პირიქით სახე უნათდებოდათ, თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი მთვრალი ობობა დაბოდიალობდა და რაღაც კეთილ ქსელს ქსოვდა ღიღინით.
მართლაც, კაცი, რომელსაც თავისი პური, ყველი და ღვინო საუკეთესო ჰგონია, არ შეიძლება ცუდი კაცი იყოს, დიდი–დიდი ერთი ორი ჭიქა ზედმეტი ჰქონდეს გადაკრული.
მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ იესომ შემთხვევით არ აირჩია ღვინო და პური საიდუმლო სერობის მისტერიის აღსასრულებლად: იესოც ღვინის მსმელი იყო და იცოდა, რომ სხვა არც ერთ სასმელს არ აქვს  ესეთი  კეთილშობილური, ბრძნული თვისება დაეხმაროს ადამიანებს დროდადრო ერთმანეთის ნაწილად იგრძნონ თავი, და ამასთან ინდივიდუალობა არ დაკარგონ.
ღვინის სიყვარულიც  სწორედ სიყვარულივით ინდივიდუალურია: თითქოს ყველა შეყვარებულის სიმპტომი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ  ვინც არ უნდა იყოს, სხვისი აღწერილი სიყვარული შენი განცდილის თანხვედრი და, მით უმეტეს, მასზე აღმატებული ვერ იქნება. ჩემთვის მთელი ვიტიკულტურის საიდუმლო სწორედ ინდივიდუალობაშია. კარგი წითელი ღვინით ზომიერად შევსებულ მაღალი ჭიქის ყელს  თითებით ფრთხილად  ეფერები, მერე აიღებ, პირველი სურნელი, ტუჩებით ფრთხილად შეხება... პირველი პატარა ყლუპი პირველი კოცნასავით შემოდის შენში, და ის არასდროს არ წააგავს სხვა კოცნას...  ეს რა თქმა უნდა, როცა დიდი სიყვარული გაქვს... რაც იშვიათია. ფრანგები კი, ჩემი აზრით თვლიან, რომ ერთი დიდი სიყვარული ძალიან ცოტაა და ცხოვრებას მთლიანობაში უფრო ყოველდღიური პატარა, ცოტ-ცოტა  სიყვარული ალამაზებს. ამიტომ  ჩვენგან განსხვავებით ცოტა ღვინოს ყოველ დღე სვავენ. თუმცა ცხადია, არა ძვირფას ფრანგულ დიდ ღვინოებს, რომლებზეც ლეგენდები დადის. იშვიათად ნახავთ ფრანგულ სამზარეულოს, სადაც გულმოდგინედ საცობ დარჭობილ პატარა, ანუ ჩვენებურად, სუფრის ღვინის ბოთლი არ დგას, რომელშიც  შეიძლება სულ ერთი ჭიქა ღვინოა ჩარჩენილი, თავმოყვარე ქართველი, ცხადია ან ჩაცლის ამ ბოთლს ან გადააქცევს... ფრანგისთვის კი ეს პატარა სიყვარულის პატარა ნარჩენია, და უფრთხილდება...  არ ვიცი, თუ გინდათ ძუნწი დაარქვით, მაგრამ ბოლოში გასული,  ნახევრად დაცლილი  საიყვარულისას, ცოტა ძუნწი ყველა ხდება... დიდი და პატარა ღვინო ორივე ღვინოა ფრანგისთვის. ორივეს შესაბამის პატივს სცემს, პირიქით,  უცნობი პატარა მწარმოებლის პოვნა, რომლის ხარისხი ყველაზე დიდ აპელაციებს არ ჩამოუვარდება, ერთგვარი ნაციონალური სპორტიც კია, მაგრამ ამაზე  მოდით შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ.

PK   5 Avril  Marc 2014 Paris