Une erreur est survenue dans ce gadget

24 août 2012

პროპაგანდა

                      
   
             


                                  
                          
ქართულ ენის ინგლისური ტერმინოლოგიით «გაკეთილშობილება» სულაც არ მიგვანიშნებს ქართული მენტალიტეტის "გადასავლურებაზე". პირიქით, რუსული ბარბარიზმით დაბინძურებული ქართული ენის ბიზნეს-ინგლისურით კორექტირება უმეტეს შემთხვევაში,  სწორედ ვადაგასული და დაობებული  საბჭოური კომპლექსების ახლებური შეფუთვის მანიშნებელია. ესეთი კომპლექსებით ჯერ კიდევ გატენილია ეროვნული  თვითშეგნების "საწყობი"...    გადასაყრელად გვენანება, ამიტომ ერთმანეთს ვასღებთ, როგორც აყროლებულ ყველს და დაძმარებულ ღვინოს.  მაგალითად «ბიზნესმენი» - სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც საქმის კაცი, ან შემოკლებით უფრო გავრცელებული – საქმოსანი, სალაპარაკო პოპულარული ჟარგონით კი «დელეცი».
საბჭოთა კავშირში საქმოსნებს სისხლის სამართალი სჯიდა, რადგან ყველაფერი ის რასაც დღეს ბიზნესს ეძახიან არალეგალური იყო და  ეს სიტყვა სააზოგადოებაში ძირითადად უარყოფით კონტექსტში აღიქმებოდა.. საბჭოთა პერიოდის ქართულ კინოში, ლიტერატურაში, თეატრში, ვერ ნახავთ ვერც ერთ დადებით გმირს «საქმიანი» წრიდან. უფრო მეტიც, მათთვის ფარდის ახდა და ნიღაბის ჩამოგლეჯა, როგორც დღევანდელი პარლამენტარები იტყოდნენ"ლუსტრაცია" - ბევრი ქართველი ხელოვანის წარმატების ერთ ერთი  მიზეზი გახდა, ( ოთარ იოსელიანის «გიორგობის თვე»)- ამას მაშინ ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლას უწოდებდნენ.  თუმცა, უნდა ითქვას იოსელიანის ღვინის ფალსიფიკატორებზე ბევრად უფრო პატიოსანი საქმოსანებიც ცხოვრობდნენ საქართველოში. უამრავი იატაკქვეშა საამქრო ფუნქციონირებდა, რომელიც საბჭოთა უზარმაზარ ფაბრიკების პროდუქციასთან შედრებით, არც თუ ცუდი ხარისხის ფეხსაცმელს, ბიჟუტერიას, ტანსაცმელს უშვებდა... რომ არაფერი ვთქვათ საპარიკმახეროებზე, სამკერვალო და ფოტო ატელიეებზე, ეგზოტიკურ მწეღეებზე და დანების მლესავებზეც კი... ყოველივე ამას დღეს "კულტურულად"  საშუალო და მცირე ბიზნესს ეძახიან... იგივე შეიძლება ითქვას სიტყვა კომერციაზე, რომელსაც ქართულად, ვაჭრობა ჰქვია, შესაბამისად კომერსანტებს კი – ვაჭრები...

გაკეთილშობილებულ სიტყვათა გრძელ სიაში, ერთ ერთი ყველაზე საინტერესო,  გულისრევამდე პოპულარული ტერმინი «პიარია», რომელიც პრინციპში სიტყვა არც არის– თუ გავშიფრავთ PR ინგლისურად ნიშნავს Public Relations ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობებს, რაც პრინციპში, სხვა არაფერია თუ არა უძველესი ლათინური სიტყვის - პროპაგანდის თანამედროვე, პოლიტკორექტული ტრანსკრიპცია.

პროპაგანდა თავის ორიგინალურ განმარტებაში ნიშნავს «იმას, რაც უნდა გავრცელდეს» ან « რაც უნდა გაკეთდეს» (ლათ).
პოლიტიკური პროპაგანდის სათავეების პოვნა ჯერ კიდევ  ანტიკურ ცივილიზაციაშია შესაძლებელი –  ძრითადად საჯაროდ წარმოთქმულ დისკურსი  და მითოლოგია. რომალელები პროპაგანდისთვის მატერიალურ საშუალებებად იყენებდნენ მონეტებს, აგრეთვე შარა გზის გსწვრივ ჩასობილ დამარკაციის დახლოვებით ორი მეტრის სიმაღლის სვეტებს,ერთგვარ პირველყოფილ  ბილბორდებს, რომლებზე ამოტვიფული იყო ოფიციალურ პირთა სახელები და ტიტულები... 

პროპაგანდა ეპოქების მიხედვით იცვლიდა  სახეს. XVI საუკუნეში «ოცდაათწლიანი» ომის დაწყებისთანავე პაპმა გრეგუარ XVI დაარსა  «Congregatio de Propaganda Fide « ანუ «რწმენის გავრცელების კონგრეაცია», მასში შემავალ კარდინალებს სხვადასხვა კონტინენტზე გაგზავნილ მისიონერების მიერ ქრისტიანობის გავრცელებისათვის მეთვალყურეობა გაწევა ევალებოდათ...  მოგვიანებით ნაპოლეონ ბონაპარტემ იტალიური კამპანიისას ათასობით ბიულეტენი დაბეჭდა და გაავრცელა რომელზეც თავად იყო გამოსახული დროშით ხელში- ამით მან ბეჭდვით პროპაგანდას ჩაუყარა საფუძველი.

ტერმინმა «პროპაგანდამ» თავისი უარყოფითი კონოტაცია მხოლოდ მეოცე საუკუნეში,  პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შეიძინა:  როდესაც მასში ჩართულმა სახელმწიფოებმა პირველად შექმნეს და გამოიყნეს ინფორმაციის კონტროლით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მეთოდი, რომლის საშუალებითაც, დამკვეთმა -  პრეზიდენტმა ვილსონმა შეძლო ამერიკელთა ტრადიციულად იზოლაციონალისტური საზოგადოებრივი  აზრის ინტერვენციონიზმისკან მიმართვა. პროპაგანდის ტექნოლოგია ექვსი თვის ვადაში მეცნიერულად იქნა შემუშავებული და კოდირებული . ეს სამუშაო განახორციელეს ესეისტმა ვალტერ ლიპმანმა და პრეზიდენტის მრჩევლმა,ზიგმუნდ ფროიდის ძმისშვილმა -ედუარდ ბერნაისმა, რომელიც დღეს ინსტიტუციონალური პოლიტიკური და ინდუსტრიული პროპაგანდისა და «საზოგადოებასთან ურთიერთობის», ანუ Public relations (PR მამად ითვლება .

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ინგლისემა პაციფისტმა სოციალისტმა,  ლორდმა პონსობიმ ომის დროს სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყენებული პროპაგანდის მეთოდების რეზიუმე გააკეთა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ  საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისათვის, აუცილებელია ის  დაარწმუნო  :

1. რომ ჩვენს მხარეს არ სურს ომი.
2. რომ პასუხისმგებელი მოწინააღმდეგეა.
3, რომ მტერი მორალურად დასჯადია.
4, რომ ომს კეთილშობილური მიზანი აქვს.
5. რომ მტერი შემაძრწუნებელ სისასტიკეებს სჩადის (ჩვენ არა)
6. რომ მოწინააღმდეგემ გაცილებით დიდი დანაკარგი ნახა ვიდრე ჩვენ.
7. რომ ღმერთი ჩვენსკენ არის,
8. რომ ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერენ.
9.რომ მოწინააღმდეგე იყენებს აკრძალულ იარაღს.
10. რომ ის, ვისაც აქ მოყვანილი პირველი ცხრა პუნქტის არ სჯერა, არის მოღალატე, ან უკეთეს შემთხვევაში სიცრუის მსხვერპლია( რადგან ჩვენგან განსხვავებით, მტერი ცხადია, პროპაგანდას ეწევა)

როგორც სპეციალისტები,  ისტორიკოსები თვლიან, ამ ჩამონათვალს აქტუალობა არა თუ არ დაუკარგავს, ის თავისუფლად შეგვიძლია მივუსადაგოთ მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის და ნებისმიერ თანამედროვე კონფლიქტს.

მაგალითად 1990 წელს ამერიკის კონგრესის წინაშე მოწმის რანგში წარსდგა ახალგაზრდა თვალცრემლიანი ქალი. რომელიც, როგორც თავად განაცხადა, კუვეიტში ერაყის მიერ განხორციელებულ სისასტიკის სცენებს პირადად შეესწრო- კერძოდ, მოყვა, თუ როგორ ესროდნენ ერაყელი ჯარისკაცები ჩვილ ბავშვებს , ავტომატების ჯერით ხდიდნენ თავის ქალებს... ციფრიც კი დასახელდა რამდენიმე ასეული. ...მოწმის იდენტობა მისივე უსაფრთხოების მოტივით გასაიდუმლოებულ იქნა. ამ ჩვენებამ   საზოგადოებრივი აზრის უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია... პრინციპში, ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ სპექტაკლი იყო, ერაყელ ჯარისკაცთა მიერ ჩადენილი არადამიანური სისასტიკე  კი შეთხზული ამბავი, მაგრამ მისი გამეორება მამა ჯორჯ ბუშმა მოასწრო და ეს ჩვენება  ერაყთან ომის დაწყების მორალურ საბუთად  იქცა.  ახალგაზრდა ქალი, სინამდვილეში ვაშინგტონში კუვეიტის ელჩის ქალიშვილი აღმოჩნდა. «საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია» ანუ პიარი მთლიანად შეკვეთილი იყო კომპანია Hill&amp:Knowlton-სათვის 10 მილიონი დოლარის საფასურად ასოციაცია Citizens for a Free Kuwait – ის მიერ.

ამ სპექტაკლს უკვე აღარ ერქვა პროპაგანდა, ეს  პიარ კამპანია იყო... ათი წლის შემდეგ შვილი ჯორჯ ბუში მამის მსგავს, მხოლოდ  უფრო  მასშტაბურ "ბირთვულ" სპექტაკლს გაათამაშებს ერაყში კუვეიტზე ბევრად  უფრო ფართო მასშტაბიანი ომის წამოსაწყებად ,   პროპაგანდა არც ამ სპექტაკლს დაერქმევა, რადგან ამ სიტყვის შერყეული რეპუტაცია საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ   თავად დასავლეთმა და მათ შორის პირველ რიგში  ამერიკამ დაასამარა,  ის ტოტალიტარული რეჟიმების თანმდევ ტერმინად, სისხლიანი ტყუილის სინონიმად აქცია, სინამდვილეში კი ჩვენსავით ახლებურად შეფუთა, პიარი დაარქვა და დიდი ლეგალური  ბიზნესის საშუალებად აქცია.   
 უახლესი ისტორიის ორ ყველაზე შემზარავი და მასშტაბური, ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმების ძირითადი საყრდენი, «პური არსობისა» სწორედ პროპაგანდა გახლდათ.


წიგნების საჯარო დაწვა. "ავტოდაფი" ბერლინი 11 მაისი 1933 წელი 
                                                                       
მესამე რაიხს ოფიციალურად თავისი პროპაგანდის მინისტრი ჰყავდა - გებელსი. აი,  ამ სამინისტროს მიერ შეთხზული   რიტუალური ტექსტი, რომელსაც საჯაროდ «მოღალატე და საშიში ავტორების» წიგნების დაწვისას კითხულობდნენ 1933 წლის მაისში ბერლინში გამართულ "ავტოგაფის" აქტის- ახალი ინკვიზიციის კოცონის წინ, რომელშიც ნაციის "მოღალატე" და "მტერი" ავტორების წიგნები განადგურდა. :
«... კლასობრივი ბრძოლისა და მატერიალიზმის წინააღმდეგ! ხალხთა კომუნისა და იდეალისტური ფილოსოფიისათვის! მე ცეცხლს ვაძლევ კარლ მარქსისა და ლეონ ტროცკის ნაწერებს!... დიადი ომის ჯარისკაცების მიმართ ჩადენილი ლიტერატურული ღალატისთვის! ერის ჭეშმარიტი სულიერებით განათლების მიზნით, მე ცეცხლს ვაძლევ ერიხ მარია რემარკის ნაწერებს!.. »

უნდა ითქვას, ნაცისტების საარჩევნო წარმატებაც და   მათი შემდგომი ძლაუფლების გამაგრებაც - სწორედ პროპაგანდის ზედმიწევნით მეცნიერული მეთოდოლოგიით გამოყენების წყალობით მოხდა... ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში.
ამ საქმისთვის პირველ რიგში მობილიზებულ იქნა ქვეყნის ინტელექტუალური და სახელოვნებო ელიტა. რომელთა დიდი ნაწილი თითქმის მაშინვე რეპრესიების მსხვერპლი გახდა: სტალინური რეპრესიები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც   პროპაგანდის ერთგვარი მნიშვნელოვანი ნაწილი, მიმართული გადარჩენილების დასაშინებლად,..შიში კი ტყუილს - უმეტეს შემთხვევაში დამაჯერებელს ხდის. 

ტოტალიტარული რეჟიმებისათვის  დამახასიათებელი პროპაგანდა  თავის თავში ყოველთვის მოიცავს დაშინების ელემენტს: ადამიანი არც ისე ბრიყვია ვერ მიხვდეს რომ მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობს, მაშინ როდესაც მის გარშემო სიღატაკე და უსამართლობა სუფევს. პროპაგანდა მხოლოდ ბედავს მის მოტყუებას, უტიფრად უყურებს თვალებში და რეაქციას ელოდება ირონიული ღიმილით... რეაქცია კი ხშირ შემთხვევაში სწორედ ისეთია, როგორზეც ეს სისულელეა გათვლილი, ადამიანი იჯერებს სიბრიყვეს, რადგან არ სურს საკუთარ სიმხდალეს თვალებში ჩახედოს, მას ურჩევნია ჰქონდეს ბრიყვის რეპუტაცია, ვიდრე მხდალის... მერე კი თავის მხრივ, სხვებს . მასზე ოდნავ გაბედულებს ესხმის თავს, საკუთარ სიმხდალეზე მათ სთხოვს პასუხს, მათზე იძიებს ...  პროპაგანდა ხშირად მხოლოდ დასტური, ერთგვარი თავშესაფარია ჩვენი მხდალი და კონფორმისტი ბუნების,  ზუსტ და წერტილოვან პროპაგანდას დღესაც ისეთივე წარმატებით შეუძლია   მაგიური მეტამორფოზა მოახდინოს  ჩვეულებრივ პატარა, მხდალ ადამიანებში და ისინი  მონსტრებად აქციოს,  როგორც ნაცისტური გერმანიაში, ან საბჭოთა კავშირში.


ამ ორი ტოტალიტარული ტეჟიმების მიერ განხორციელებულ არნახული მასშტაბის  ინსტიტუციონალური "პიარკამპანიის" შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავუშვათ, რომ ცივილურობის მიუხედავად,  მეცნიერულად გათვლილი და კონკრეტულ მოვლენაზე ზუსტად დამიზნებული პროპაგანდა ადამიანის ტვინის საღ უჯრედებს ისევე კლავს, როგორც ზუსტად შერჩეული ანტიბიოტიკი ამა თუ იმ ვირუსს. ის ზუსტად ერთნაირად ურეცხავს ტვინს როგორც კულტურულად «ნაკლებად განვითარებულ» საბჭოთა მოქალაქეს ასევე «ცივილიზებურ» გერმანელს... უფრო მეტიც ეს უკანასკნელი თავისი ბარბაროსობით თვით ყველაზე ველურ კანიბალსაც აჭარბებს...
ნაცისტურ გერმანიასა და სსრკში პროპაგანდის მექანიზმები დაახლოვებით ერთი სისტემით  განვითარდა,   პროპაგანდასთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ამ ორიდან ერთ ნებისმიერ ქვეყანაში,  თავის ანალოგს პოულობს მეორეში.  მაგალითად კინო და პროპაგანდა, რადიო და პროპაგანდა, სპორტი და პროპაგანდა, თვით ალპინიზმი და პროპაგანდაც კი : გერმანული ალპიური კლუბი უკვე 1921 წლიდან " წმენდა" თავის რიგების აღრეული სისხლისგან :  კლუბიდან ნელ ნელა გაირიცხა ყველა ებრაელი ალპინისტი. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ალპინიზმი ნაცისტთა პროპაგანდის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი გახდა. ზუსტად ისევე როგორც ცივ და წითელ აღმოსავლეთში – სადაც მწვერვალებს არქმევენ "სტალინის პიკს", რომელსაც მოგვიანებით შეცვლიან კომუნიზმის პიკით, სადაც ასევე ფუნქციონირებს კინოს სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც გოსკინო ქვია, სადაც ისევე როგორც ნაცისტურ გერმანიაში, ხელოვანებს აიძულებენ რეჟიმის სამსახურში ჩადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ანადგურებენ ფიზიკურად,მორალურად..სადაც კულტურა პროპაგანდას ემსახურება... და კულტურის ნარკომის ფუნქცია ზუსტად იდენტურია პროპაგანდის მინისტრის, გებელსის ფუნქციისა. 


სწორედ ამიტომ პროპაგანდის სამსახურში ნებით თუ იძულებით უამრავი დიდი ხელოვანი აღმოჩნდა ჩართული, გასული  საუკუნის ერთ ერთი დიდი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი პროპაგანდას ხელოვნების პირდაპირ გაგრძელებად თვლიდა. მართლაც, იტალიურ ფუტურიზმსა და ფაშიზმს შორის ისეთივე «ახლო ნათესაური» კავშირი დამყარდა, როგორიც რუსულ კონსტრუქტივიზმსა და ბოლშევიზმს შორის.

პერფომანსისა და პოლიტიკური პროპაგანდის  ერთ ერთი კულმინაციად ითვლება 1920 წლის 7 ნოემბერს ოქტომბრის რევოლუციის აღსანიშნავად დადგმული გრანდიოზული სპექტაკლი, ზამთრის სასახლის აღების რეკონსტიტუცია. რომელშიც მონაწილეობდა წითელი არმიის 8000 კაციანი ბატალიონი, 125 მოცეკვავე, ცირკის 100 მსახიობი, 500 მუსიკოსი. გამოყენებული იქნა ყველა არტ ინოვაცია, რომელიც 1909 წლის შემდეგ შეიქმნა რუსი ავანგარდისტების მიერ. დადგმა, არქიტექტურა, დიზინი, მხატვრობა. კინო – განხორციელებული იქნა რუსული ფუტურიზმისა და კონსტრუქტივიზმის ყველაზე დიდი არტისტების მიერ ( მეირხოლდი, ეიზენშტეინი - ოქტომბერი, ანუ ათი დღე რომელმაც შეძრა მსოფლიო)


"ოქტომბერი :10 დღე, რომელმაც შესძრა მსოფლიო" - სერგეი ეიზენშტეინი. 1927

მსგავსი გრანდიოზული  მასშტაბის სპექტაკლები მაიაკოვსკის თვითმკვლელობიდან ორი წლის შემდეგ შეწყდა, როდესაც ჟდანოვმა სოც-რეალიზმის აუცილებლობა დააკანონა ქვეყანაში.
ტოტალიტარული რეჟიმების მიერ კლასიკად ქცეული პროპაგანდის სტრუქტურა თავის რეპლიკებს  დღევანდელ მსოფლიოშიც პოულობს. ამა თუ იმ ქვეყანაში განხორციელებული პროპაგანდისტული კამპანიების ინტენსიობის, შინაარსისა და მოცულობის მიხედვით თავისუფლად შეგვიძლია დავადგინოთ ამ ქვეყნების მმართველი რეჟიმების ტოტალიტარიზმისაკენ გადახრის გრადუსი, ხარისხი. და ამის საუკეთესო მაგალითი ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებია.

რა თქმა უნდა ძნელია არ გაგახსენდეს ბოლო წლებში საქართველოში გამართული ფარაონული პროპაგანდისტული პერფომანსები, რომლის პიკი უდავოდ რენი  ჰარლენისთვის ორგანიზებული მასობრივი სცენების გადაღებებია ფილმისთვის «აგვისტოს 5 დღე», რომელშიც არანაკლები ცოცხალი და მატერიალური რესურსი იქნა გამოყენებული ვიდრე მეირჰოლდის  სპექტაკლის "ოქტომბრის" დადგმის დროს.   მხოლოდ იმ განსხვავებით რომ რენი ჰარლენს, რა თქმა უსასრულობა აშორებს სერგეი ეიზენშტეინთან.  მიზანსცენის მთავარ ავტორს  - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ცხადია აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ვსევოლოდ ემილოვიჩ მეირჰოლდთან... უფრო ზუსტად კი მის ტალანტთან.  ჰარლენი-სააკაშვილის  სპექტაკლი უფრო ანდრეი ჟდანოვის მიერ დაკანონებული სოცრეალისტური  "პაროდია",  მრავალ მილიონად ღირებული  იაფფასიანი  პროპაგანდაა, რომელსაც თანამედროვე ჟდანოვები, იუმორის გრძნობა რომ ჰქონდეთ «პიარ რეალიზმს» დაარქმევდნენ. რა თქმა უნდა ქართული ფსიქოლოგიური პროპაგანდისტული ტერორის საუკეთესო და  ქრესტომატიულ ნიმუშად ალბათ    ტვ "იმედის"  მიერ მოდელირებული "ქრონიკა" დარჩება სამუდამოდ.  



აგვისტოს 5 დღე "რომელმაც  შესძრა მსოფლიო" რენი ჰარლენი.2011

პროპაგანდაზე თვალყურის დევნება საშუალებას იძლევა გარკვეული აზრი შევიქმნათ იმ საზოგადოებაზე, რომლისთვისაც ეს პროპაგანდაა გამიზნული. განსაკუთრებით დღევანდელ  ექსტრემალურ პერიოდში, რომელშიც   ქართული წინასაარჩევნო უსისხლო   "სამამულო ომი" მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს არ ჰყავს თავისი გმირი, სამაგიეროდ ყავს ანტიგმირი: მოღალატე! და სახელმწიფოს მთელი პროპაგანდისტული რესურსი სწორედ მისკენ არის მიმართული, საქართველო დღეს ფუნქციონირებს ამ ანტიგმირზე სწორებით, დაახლოვებით ისე, როგორც  ნაცისტური გერმანია ებრაელებზე, ბოლშევიკები ბურჟუაზიაზე...  შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მამოძრავებელი ძალა დღეს სიძულვილია. სიძულვილის ყველაზე კალორიული საკვები კი საომარი რიტორიკა, მით უმეტეს როდესაც ომი იმდენად ახლოს დგას ცელ მომარჯვებული სიკვდილივით , რომ   შენი სახელმწიფოს პროპაგანდის მანქანის ტოქსიკურ გამონაბოლქვად ტრანსფორმირებულ მის ცხელ და მყრალ ამონასუნთქს გამუდმებით გრძნობ, ის გამუდმებით გახრჩობს...  სახელმწიფო  კი  მისი წყალობით დაჟანგებული ორთქმავალივით მძიმედ, ჭრიალით, მაგრამ მაინც კუსავით ნელა გადაადგილდება.

ეს რიტორიკა არის სწორედ ის, რაც იდეოლოგიურად რადიკალურად განსხვავებულ ტოტალიტარული რეჟიმებს აერთიანებს: გარეშე მტერზე და მოღალატეებზე ობსესია ერთადერთი «ლოგიკაა» რომელიც მათ კოშმარულ ჰალუცინაციებს, მათსავე წარმოდგენაში რაციონალურსა და დამაჯერებელს ხდის. ეს ერთგვარი ძლიერი ნარკოტიკია, რომლის დოზა განუწყვეტლივ იზრდება,  რომელიც ბოლოს აუცილებლად აქცევს მომხმარებელს  ტოქსიკომანად, და ბოლოს პოლიტიკურად მოკლავს.

ლორდ პონსობის მიერ საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შედგენილი პროპაგანდის ათივე ძრითადი და კლასიკად ქცეული ფორმულა არასდროს ისეთი  აქტუალური და ამავე დროს გროტესკული არ ყოფილა საქართველოში, როგორც დღეს :

1. ჩვენს მხარეს ომი არ სურდა. 
2. პასუხისმგებელობა მთლიანად რუსეთს ეკისრება, პოლიტიკურიც და სამხედროც. 
3. რუსეთი მორალურად დასჯადია, თავისი ამორალური ქმედებების გამო.
4, ჩვენს მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებები კეთილშობილურ მიზანს, ქართული მოსახლეობისა და ტერიტორიალური მთლიანობის დაცვას ემსახურებოდა.
5. რუსული არმია, ოსური, ჩრდილოკავკასიური ბანდ ფორმირებები ენით აუწერელ სისასტიკეს ჩადიოდნენ, იმ დროს, როდესაც ქართველები მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად.
6. მტერის დანაკარგი ამ ომში გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენი: საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილია, რაც იმას ნიშნავს რომ ომის ძირითადი მიზანი, ჩვენი ხელისუფლების შეცვლა მტერმა ვერ განხორციელდა, ლოგიკურია ჩავთვალოთ რომ რუსეთმა ომი წააგო.
7, ღმერთი რა თქმა უნდა ჩვენსკენ არის, და საქართველოში არაფერია ისეთი "აშკარა" - ის ყველგანაა, გოგირდის აბანოშიც კი.  
8. ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები მთელი მსოფლიოდან დაუღალავად უჭერენ მხარს ჩვენს სიმართლეს: მაგალითად ტოტო კუტუნიო, რენი ჰარლენი, შარონ სტოუნი და სხვ... ადგილობრივები თავისთავად... საბჭოთა კავშირის ღრმა ნოსტალგიით შეპყრობილი "ჩარეცხილი და უნიჭო ინწილიგენციის» გამოკლებით.
9. მოწინააღმდეგემ გამოიყენა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იარაღი: კასეტური ბომბები, გაუბიცები და სხვ... ჩვენ მათ პლასტმასის ტყვიებს და ვარდებს ვესროდით, და ისიც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით .  
10. ჩვენი მხარე მხოლოდ სიმართლეს ავრცელებს. არავითარი პროპაგანდა ქართული მხრიდან! ვისაც აქ მოყვანილი ცხრა პუნქტის არ ჯერა, ის სამშობლოს მოღალატეა, და კრემლს ემსახურება, ამასთან პირდაპირი გზით ფინანსდება საქართველოში პუტინისა და გაზპრომის «ოფიციალური ჯაშუშის» ბიძინა ივანიშვილის მიერ.

უნდა ითქვას, საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის სინონიმად თავისუფლად შეგვიძლია ვიხმაროთ მისივე კრებითი სახელი "მიხეილ სააკაშვილი", მემარცხენე ლორდის კლასიკად ქცეულ ათ პუნქტს, კიდევ რამდენიმე ახალი აღმოჩენა დაამატა, რომელთაგან ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური მაინც გადამუშავებული საკვების მეორადი ენერგიის წყაროდ გამოყენების პრინციპზე აგებული – მარცხის, აბსოლუტური კრახის  გადამუშავება და მისი პროპაგანდის ყველაზე მძლავრ იარაღად გამოყენება გალდათ.

უნდა ითქვას რომ პრეზიდენტს ეს ინოვაცია ცარიელ ადგილზე არ გაუკეთებია. მან სავარაუდოდ  გაითვალისწინა თავისი ერის მაზოხისტური მიდრეკილება მარცხის სკარალიზაციისადმი:

როგორც ცნობილია, ზოგადად ერები და სახელმწიფოები  ცდილობენ თავიანთი ისტორიის იმ ეპიზოდების აღნიშვნას, რომელიც გამარჯვებებთან არის დაკავშირებული, ხშირად ისტორიის გაყალბებასაც კი არ ერიდებიან ამისათვის. საქართველო კი ძირითადად საკუთარი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებსა და შეცდომებს აღნიშნავს, ზოგს ზეიმით . ზოგს გლოვით, ზოგს უბრალოდ ლაზღანდარობით. არც  ისტორიის გაყალბებას არ ერიდება, იმისათვის, რომ   ღვთისმშობლის წილხვდერი მრავალტანჯული ქვეყნის ტანჯვა უფრო შთამბეჭდავი, დამთრგუნველი და  უფრო გამოყენებადი გახადოს პროპაგანდისათვის:  კრწანისი, გიორგიევსკის ტრაქტატი, 25 თებერვალი– საბჭოთა ოკუპაცია, იუნკერების დახვრეტა, 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, სოხუმის დაცემა, 8 აგვისტო... თუ ამას დავამატებთ  ზუსტად (ნეტა ვინ დაითვალა)  ასი ათასი მოწამეს ხსენების  დღეს რომელთაც ჯელალედინმა თავი მოკვეთა რეკორდულად მოკლე დროში - სულ რაღაც ერთ დღეში... და საერთოდ  რწმენისათვის თავდადებულ სხვა მრავალი მამულიშვილის წამებიის აღმნიშვნელ  სადღესასწაულო დღეებს, ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ ქართველებს მართლაც უნიკალური მიდრეკილება გვაქვს მარცხიდან სიცოცხლისთვის საჭირო ენერგია გამოვწუროთ...  იშვიათი გამონაკლისი მხოლოდ 26 მაისი და დიდგორია... თუმცა ისიც ოკუპაციის კონტექსტში აღინიშნება. ის კი არა,  ბოლო წლებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ლამის ბოლშევიკებთან კოლაბორაციასთან იყო გაიგივებული. ხოლო ნაციზმის მარცხი ეროვნულ მარცხთან... ისევ მარცხთან...

საქართველოში ოკუპაციის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც წარმოდგენილი ექსპონატები და სტენდები რაღაც სლავურ – ბოლშევიკური გოთიკის   ატმოსფეროს ქმნიან.  გასკვირი არ უნდა იყოს, თუ ერთ დღეს საქართველოში ეროვნული ტანჯვის მუზეუმიც გაიხსნება, ან ტანჯვის კულტურისა და დასვენების პარკი გაშენდება... შესაბამისი ატრაქციონებით. რა თქმა უნდა...


არა და... ლოგიკას მოკლებულია, თითქოს შეუძლებელია ქვეყანას 21 საუკუნემდე მხოლოდ დამარცხებებით მოეღწია. ცხადია, გამარჯვებები იყო, მხოლოდ შეიძლება არც ისე გმირული, სანახაობრივი, არც ისე "ნონკონფორმისტული"... დიპლომატია, რომელიც კომპრომისის ხელოვნებად ითვლება, ხომ ჩვენთან ხშირად ღალატთან  და სიმხდალესთან იდენტიფიცირდება, ამიტომ დიპლომატიური გამარჯვებებს გულმოდგინედ ვშლით ისტორიის ფურცლებიდან ან მათ რაღაც ეპიკურ ტრაგიკული ჰეროიზმის   შეფერილობას ვაძლევთ და ამით რაღაც სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ, 


ქართული მარცხის მისტიციზმის გაბურღვას და შიგ ცალი თვალით შეჭვრეტას, პირველად მიხეილ სააკაშვილი შეეცადა და აშკარად რაღაც ისეთი დაინახა, რაც ძალაუფლების განმტკიცებაში დაეხმარა. ფაქტია: 2008 წელს ბრონირებულ ჟილეტში ჩაჭედილი დამარცხებული მთავარსარდალი დიღმის მასივის ცხელი ასფალტის"ტრასით" ცეზარივით ტრიუმფით, დაფნის გვირგვინით, მომღერალი ოქროსთმიანი გოგო-ბიჭებითა და აურაცხელი "მონებით" გარშემოტყმული მოგვევლინა  ფრანგ დიპლომატ ბერნარ კუშნერთან ერთად. მხოლოდ იმ ადგილზე ტრიუმფალური არკის აშენება ვერ მოასწრო, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - ომიც, დამარცხებაც და მისი გამარჯვებად ტრანსფორმირებაც.    მას შემდეგ საქართველო ოფიციალურად ზეიმობს ყოველდღე,  რომ ოთხასი დაღუპული სიცოცხლის, რამდენიმე ათეული ათასი დანგრეული ცხოვრებისა და საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტის ფასად, მიხეილ სააკაშვილი ისევ საქართველოს პრეზიდენტია ... ყოველ შემთხვევაში თავად პრეზიდენტის, ამ უცნაური "კაცი-სახელმწიფოს"  სიტყვებიდან ზუსტად ესე ჩანს... 

2008 წლის ომი ახალი ქართული პოროპაგანდის, ანუ პიარის თვისობრივად ახალი ენერგიისა და შთაგონების კრეატივის წყაროდ იქცა. თავად პროპაგანდა კი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დისკოზით დაავადებულ ხერხემალად , ხეიბარი ქვეყნის ნამდვილ ტანჯვად  ... არავინ იცის ზუსტად ვინ არის ქართული პროპაგანდის კონცეფციის ავტორი. საქართველოს არ ჰყავს გებელსივით პროპაგანდის ოფიციალური მინისტრი. 
თუმცა ამ მნიშვნელოვანი დარგის კონტროლი და კურირება   , საბჭოური ტრადიციის თანახმად, კულტურის სამინისტროს აქვს დაკისრებული.   ფუნდამეტური იდეოლოგიური ცვლილებები ამ უწყებაში სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე დაიწყო, როდესაც  როდესაც პარტიამ ეს მნიშვნელოვანი პოსტი უშიშროების სპეციალისტს, პარლამენტის უშიშროების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ რურუას ჩააბარა.  რომელმაც მაშინვე გაასაჯაროვა თავისი მოქმედების მთავარი კონცეფცია, მინისტრმა რურუამ  კულტურა სტრატეგიულ დარგად გამოაცხადა და ნარკომად გადრაიქმნა.  მას შემდეგ ნებისმიერი კულტურული მოვლენა ქვეყნის შიგნით , და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ ქართული სახელმწიფოს ნათელი მომავლისაკენ მტკიცე და ამაყი  ფართო ნაბიჯებით სწრაფვის აგიტაცია- პროპაგანდას ემსახურება და არა ქართული საზოგადოების კულტურულ განვითარებას, პროგრესს, რომელიც ჟანგბადივით არის საჭირო დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ეროვნული კულტურის განვითარება  იდენტიფიცირდება ახალი ეკლესიების მშენებლობასთან  და და ძველი ეკლესიების ევრორემონტთან. აგრეთვე ესევე სამშობლოს სამსახურში მდგომი ხელოვნების სხვადასხვა დარგის მცირე ხელისშეწყობასთან. დიდი პრჭყვიალა პროპაგანდისტულ პერფომანსებთან, კონცერტებთან, ზეიმებთან...

შედეგი სახეზეა:    დღეს 2012 წელის შემოდგომაზე, როდესაც თვალს ადევნებ წინასაარჩევნო პროპაგანდას, უსმენ კანდიდატთა და მათ მხარდამჭერთა ისტერიულ  ყვირილს, ამომრჩევლის კიდევ უფრო ისტერიულ რეაქციას, ისეთი გრძნობა გიჩნდება,   თითქოს  ქართულ "ჯოს-საზოგადოებას" არაფერი ეტყობა, რომ მან რაიმე კულტურული პროგრესი განიცადა 1991 წელის შემდეგ. საქართველოში ისევ ისტერიულად ყვირის პრეზიდენტი, ისევ კრემლის აგენტებად. მტრებად და  მოღალატეებად  აცხადებს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს, რომლებიც თავის მხრივ პრეზიდენტსა და მის მომხრეებს უკეთეს შემთხვევაში ქვეყნიდან გასახლებით ემუქრებიან, უარესში კი ციხეში ამოლპობით. აქ ისევ  ისვრიან ქვებს, ისევ იფურთხებიან, იგინებიან, ისევე ბობოქრობს ათას გვარი ფობია. შესაძლოა უარესადაც კი . არასდროს საქართველო ისეთი ჩაძირული არ ყოფილა რელიგიურ ობსკურანტიზმში როგორც დღეს... 

ყოველივე ამისათვის შეგვეძლო კულტურის პოლიტიკის ტოტალური კრახი დაგვერქმია, მხოლოდ  ესეთი პოლიტიკა საქართველოს არასდროს ჰქონია ... ამიტომ მის მარცხზე ლაპარაკი უსაგნო იქნებოდა.   როგორც მოგახსენეთ კულტურა აქ პატრიოტიზმის სამსახურშია, და ის  ეროვნული უშიშროების საბჭოს  ერთგვარ დეპარტამენტს წარმოადგენს:  საქართველოში ყოველთვის პოლიტიზირებული კულტურა ანუ პროპაგანდა გვქონდა  და არა კულტურის პოლიტიკა.


ჩვენში ფაშიზმი რატომღაც მხოლოდ ანტისემიტიზმთან , რასიზმთან და ჰომოფობიასთან იდენტიფიცირდება . ხოლო ბოლშევიზმი ჩაკეტილ საზღვრებთან, ჯინსების დეფიციტთან და გულაგთან,  არა და    სწორედ სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენებული ეს უბადრუკი შოვინისტური კულტურა ანუ  ინსტიტუციონალური პროპაგანდა  იწვევს პირველ რიგში ოცდაათიანი წლების  გერმანიისა და საბჭოთა კავშირის, ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმისა და ულტრამემარცხენე ბოლშევიზმის რაღაც ჰიბრიდული კარიკატურის «ნაზ» განცდას ჩვენს შიზოფრენიულ რეალობაში.


22 août 2012 Paris

გაგრძელება  ანუ   "ტრილოგიის "მეორე ნაწილი გამოქვეყნდება ერთ კვირაში.