4 janvier 2014

BLACK OUT - პედოფილიის შესახებ

ამ დღეებში  რუსეთისა და ევროპის მოძულეთა ორივე ანტაგონისტმა  ბანაკმა შესანიშნავი "საახალწლო საჩუქარი" მიიღო – პირველებმა რუსული ნტვ ის შემზარავი დოკუმენტალური ფილმი რუსეთში პედოფილიისა და მათი მფარველების შესახებ "Власть разврата" და ხოლო ევროფობებმა ცნობები იმის შესახებ, რომ იტალიის მართლმსაჯულებამ სამოცი წლის პედოფილი გაამართლა იმ პრეტექსტით, რომ მის მსხვერპლს, 11 წლის გოგონას ის მართლაც უყვარდა.

სხვათა გარყვნილება ქართველებს  ტრადიციულად დეოდორანტი ეფექტის ილუზიას გვიქმნის. თუმცა დეოდორანტს ერთი ზალიან ცუდი თვისება აქვს – ის აუცილებლად სუფთა სხეულზე უნდა იხმარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის  სხეულის დაუბანელი ფიზიოლოგიური სუნი კიდევ უფრო მძაფრი და აუტანელი ხდება... მხოლოდ თვითონ ამას ვერ ამჩნევს, რდგან როგორც ხალხური სიბრძნე გვეუბნება « საკუთრ განავალს სუნი არა აქვს»...

ეს სტატია, 2004 წლის იანვარში გამოვაქვეყნე გაზეთ «რეზონანსში», ვარდების რევოლუციიდან სულ ორ თვეში. მეც სხვებივით რაღაც ენთუზიაზმის მოზღვავებას ვგრძნობდი, და მინდოდა მელაპარაკა თემებზე, რომლებზეც ჩემი აზრით საქართველოში არ ლაპარაკობდნენ. სამწუხაროდ სულ სამი სტატია დავწერე საერთო სათაურით «BLACK OUT» . მედიის, ქსენოფობიის და პედოფილიის შესახებ...მერე შევწყვიტე . მომეჩვენა, რომ არავის არ აინტერესებდა.  

 Black Out მოგეხსენებათ სამხედრო პოლიტიკური ტერმინია და ნიშნავს მხარეთა უსიტყვო შეთანხმებას დუმილზე - « ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ»...

ამ წერილში, რომელსაც აქ  შემოკლებით ვაქვეყნებ,  სწორედ იმ ჭუჭყზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენ არ ჩამოგვირეცხავს, მხოლოდ დეოდორანტითა და ფერუმარილით დავფარეთ და დღეს მთელს მსოფლიოს მყრალ მორალს ვუკითხავთ... 

სადგურის მოედანზე, ცირკთან და გმირთა მოედნის "პადზემკაში" პატარა "მეძავები", ის ბავშვები, რომელზეც ამ ტექსტშია ლაპარაკი უკვე აღარ დგანან, ისინი  ბავშვები აღარ არიან...გაიზარდნენ, არავინ იცის სად წავიდნენ, რას საქმიანობენ... ჩვენ ისინი საგულდაგულოდ დავივიწყეთ და ამით ჩვენი სინდისი გავათეთრეთ... ჩავთვალეთ რომ ისინი დამთავრდნენ, აღარ არსებობენ...

 დღეს სხვა ბავშვები დაძრწიან თბილისის ქუჩებში მთელი ღამე... ყოვლად დაუცველნი - მოწყალებას ითხოვენ... გულგრილი  სახელმწიფოსა და საზოგადოების... მათ თვალწინ, ვინც ამ დღეებში ხან რუსული разврат-ით მორალისტობდა, ხანაც ევროპული გარყვნილი  მართლმსაჯულებით...ისინი სრულიად დაუცველნი არიან იმ ასობით ქართველი პედოფილის მზერისგან, რომლებიც მაშინ, იმ ცივ  წლებში, სდგურის მოედანზე და გმირთა მოედნის პადზემკაში ორი გროშის საფასურად მშიერ ბავშვებს რყვნიდა.. და რომლებიც ასევე არსად არ წასულან, დღესაც ჩვენს შორის არიან... ცინიკურნი და დაუსჯელნი.        4  იანვარი 2014



BLACK OUT - პედოფილიის შესახე
პარიზი 29.01.2004




ქართული პოლიცია რომ კორუმპირებულია, ეს იმ დროიდან არის ცნობილი, როდესაც მას, ჯერ კიდევ მილიცია ერქვა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არ იყო, რომ სახელის შეცვლა მათ  ,,პროფესიულ გარყვნილებაზე ,,რაიმე მორალურ ზეგავლენას მოახდენდა, ან მათ ჩვევებში რაიმე სიახლეს შეიტანდა. თუმცა  – დაუსჯელობის სინდრომმა, როგორც ჩანს, ფულის გამოძალვის მათი ისედაც, არც თუ ისე გონებამახვილური მეთოდები კიდევ უფრო პირველყოფილი და პრიმიტიული გახადა:  ბოლო ათი წლის განმავლობაში, მათი ბიზნესი ძირითადად  საბრალო ტოქსიკომანებზე, სიმწრით ნაშოვნი რამოდენიმე ასეული დოლარის საფასურად ნანემსრებით სიარულის უფლების მიყიდვა გახლდათ  და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ  - უფრო მარტივი და ''მორალურად პოზიტიური" რეკეტის საშუალება, აგერ უკვე რამდენი წელიწადია ცხვირწინ -გზაზე მიმოფანტული ოქროსავით ყრია – მხოლოდ დახრა, და აღება უნდოდა... დღეს  იმედი მაქვს უკვე გვიანია ჩემი ამ "მომგებიანი რჩევის" გამოყენება, ყოველ შემთხვევაში მათ სამინისტროში მიმდინარე რეფორმები ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის , თუმცა პოლიციის მიმართ ჯერ ჯერობით ზედმეტი ილუზიებისაგან მე პირადად მაინც თავს შევიკავებ.

მხედველობაში მაქვს სექსუალური გარყვნილების ყველაზე ბინძური ფორმა პედოფილია, და  ქართველი არასრულწლოვან მეძავთა უამრავი  ,,მომხმარებელი,, , რომლებიც ჩვენი მძიმე წონის პოლიციელთათვის არალეგალური შემოსავლის წყარო მაინც რომ გამხდარიყო, თბილისელ ასობით არასრულწლოვან და ხშირად 15 წელზე ნაკლები ასაკის სხეულით ვაჭრობით დაკავებულ ბავშვს , კლიენტების ნაკლებობის გამო იქნებ რაიმე სხვა მოეფიქრებინა, რა, კონკრეტულად ვერ გეტყვით, ნებისმიერი, რამ, მხოლოდ არა ეს საშინელება…
თავი დავანებოთ პოლიციას! იმას, რომ პირიქით, სავარაუდოდ ხშირად სწორედ ისინი არიან ამ ბავშვების პროქსენეტები (ალფონსი), იმასაც, რომ ამ უკანასკნელთა არსებობა საქართველოში ბავშვთა პროსტიტუციის ორგანიზებული ქსელის, ანუ მაფიის არსებობას ნიშნავს. . ვილაპარაკოთ საზოგადოებაზე, და მის შემაძრწუნებლად გულგრილ დამოკიდებულებაზე ამ ბავშვების კლიენტების მიმართ, რომლებიც დასავლური კანონმდებლობის წინაშე სხვა არაფერი არიან, თუ არა პედოფილები! მიუხედავათ ამ ტერმინის არც თუ ისე მარტივი დეტერმინაციისა. ასეთებს ხსენებული კანონმდებლობით შვიდი, თხუთმეტ,ოცი…წელი ციხე, ციხეში კი სხვა პატიმრებისაგან მოწყობილი ჯოჯოხეთი ელით.

საქართველოში არც თუ ისე ცოტას ლაპარაკობენ ბავშვთა პროსტიტუციაზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე - ძირითადად სოციალურ პრობლემებზე, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე… მაგრამ არავინ არ ახსენებს პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვან მეორე მხარეს – ამ ბავშვების კლიენტებს!
ვინ არიან ისინი?..
 რა თქმა უნდა, ლოგიკური და მარტივი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც პირველი ეტაპია ამ საშინელ პრიბლემასთან ბრძოლის გზაზე… თანაც ბევრად უფრო ადვილი გადასაწყვეტი, ვიდრე საერთო სოციალური პრობლემები, რომლებიც, ადრე თუ გვიან გადაწყდება, მაგრამ ამ დროს ის ასობით არასრულწლოვანი მეძავი, რომელიც დღეს თბილისის სადგურებსა და ქუჩებშია მიმოფანტული, უკვე სრულწლოვანი გახდება, და საზოგადოებას მათი სახით მისივე გულგრილობით გაბოროტებული ასობით მტერი შერჩება... სხვათაშორის, რომ პედოფილთა მნიშვნელოვანი ნაწილი,ხშირად თავად იყო ბავშვობაში სექსუალური ძალადობისა და უბრალოდ ექსპლოატაციის მსხვერპლი.

თუმცა ჯერ ალბათ ჯობია მარტივ, გასაგებ ენაზე გავარკვიოთ საერთოდ, ვინ შეიძლება ჩაითვალოს პედოფილად , შეგვიძლია თუ არა ქართველ პატარა მეძავების მოყვარულთ ეს ტერმინი მივუსადაგოთ? – ძნელი სათქმელია, რადგან მათი შესწავლა საქართველოში ჯერ არავის მოუხდენია, ამიტომ ძნელია გადაჭრით თქმა თუ ვინ არის კლინიკური და ვინ ოპორტუნისტი პედოფილი.

. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ტურიზმის ბიზნესსა და იუდრსდიქციაში ახალი ტერმინი – სექს ტური გაჩნდა, და ის შეეხო პირველ რიგში ქვეყნებს, რომლებიც დღევანდელი საქართველოს მსგავსად განვითარების გზაზე დგანან – ფილიპინებს, ვიეტნამს, ინდონეზიას…მოგვიანებით აღმოსავლეთ ევროპას – პორნო ინდუსტრიის პალმის მატარებელ უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, უკრაინას, რუსეთს… რა თქმა უნდა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ ქვეყნებმა ასეთი ტიპის ტურისტები ძირითადად არასრულწლოვანთა პროსტიტუციით მიიზიდა და არა კლასიკურით, რომელიც დასავლეთში არანაკლებად ხელმისაწვდომია ვიდრე მესამე ქვეყნებში, სადაც ბავშვთა პროსტიტუცია, სწორედ დასავლეთის მოთხოვნამ გამოიწვია.

50 წლების დასაწყისში კორეის ომის დროს, ფილიპინებზე ამერიკული სამხედრო ბაზები განლაგდა. მოგვიანებით კი, ვიეტნამის ომის დროს ტაილანდში. ჯარისკაცებისათვის სარეაბილიტაციო დასასვენი ოთახები მოაწყვეს, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდა ქალები მოჰყავდათ მათი თანატოლი ჯანღონით სავსე ბიჭების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. რამდენადაც მოთხოვნილება უზარმაზარი იყო, “საქონლის” უკმარისობის გამო მებრძოლთა “დასვენებისათვის” განკუთვნილი ქალთა კონტიგენტის ასაკი დღითი დღე ახალგაზრდავდებოდა… ასე აღმოჩნდნენ ბავშვები მომსახურეობის ამ სფეროს ნაწილნი. მადლობა ღმერთს, საქართველოს აზიის ამ ქვეყნების მასშტაბის კატასტროფები, რომლებმაც ჯოჯოხეთური სიღატაკე გამოიწვიეს, არ გადაუტანია. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია ტურისტული სექს - ტურების მსგავსი აღზევება , როგორიც მოგვიანებით მსოფლიოს ნამდვილ ტრაგედიად იქცა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთისავე მკაცრი, ულტიმატურული მოთხოვნების შედეგად, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა საკუთარი კანონმდებლობის შეცვლითა და ფართო მედიატიზაციით ეფექტური და მკაცრი დამცავი სტრუქტურები შექმნეს. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი ლოლიტებისა და პატარა ბიჭების მოყვარულ “ტურისტებისათვის”ახალი სექს-სამოთხეები აღმოეჩინათ – კუბა, დომინიკალური რესპუბლიკა, მაგადასკარი, რუმინეთი და ა.შ… შემდეგ ალბათ კიდევ სხვაგან გადაინაცვლებენ – სამწუხაროდ რამდენედეც ადამიანის სიბრიყვეზე არანაირი ცივილიზაცია და პროგრესი არ მოქმედებს პოზიტიურად - ომებით გაპარტახებული ქვეყნები, და “ბები-ბუმ” -ები( ომის ბავშვები) როგორც ჩანს ყოველთვის იქნებიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სამოქალაქო ომებით გამოწვეული სოციალური პრობლემები არ არის ბავშვთა პროსტიტუციის განვითარების მიზეზები. ამის კარგი მაგალითია “პედოფილთა სამოთხედ” აღიარებული შრი ლანკა , რომლის ეგზოტიკურ პლიაჟებზე “Beach boys “ (პლიაჟის ბიჭების) რაოდენობამ 90 იანი წლების დასაწყისში 10 000 –იდან 30 – 40 ათასამდე მოიმატა. მიუხედავად ქვეყნის ჩრდილოეთში მიმდინარე სამოქალაქო ომისა, ტურისტების, რომლებიც ძირითადად მამაკაცები არიან , რიცხვი უფრო და უფრო მატულობს. ევროპელი, ჩრდილოამერიკელი თუ ავსტრალიელი “ტურისტებს” სწორედ ამ ქვეყნის მოუწესრიგებელმა კანონმდებლობამ შეუქმნა კომფორტაბელური პირობები ძირითადად მამრობითი სქესის ბავშვთა ექსპლოატაციისათვის და მის წინაშე ადგილობრივი ოჯახის ტრადიციები , რომელიც ქართულზე არანაკლებად მორალურია ( შრილანკაში თითქმის არ არსებობს გოგონების პროსტიტუცია, რადგან მათ სახლიდან მარტოს არ უშვებენ), უძლურნი აღმოჩნდნენ.

კლიენტის გარეშე პროსტიტუცია არ იარსებებდა. ამიტომ ლოგიკურია , რომ პირველ რიგში გავარკვიოთ თუ ვინ არიან “არასრულწლოვანთა “მომხმარებელი – კლიენტები? –

1) პირველ რიგში, რათქმა უნდა კლინიკური პედოფილები, მამაკაცები, რომელთა სექსუალური ანომალია 13 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებზე ფანტაზმითა და მისი განხორციელების ობსესიით გამოიხატება.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OMშ) მიერ 1993 წელს გამოცემულ “ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის” ბოლო რედაქციით – პედოფილი მიეკუთვნება” სექსუალური ლტოლვის პრეფერანსის დარღვევას” და განიმარტება, როგორც “ სქესობრივად მოუმწიფებელი ან მომწიფების პერიოდში მყოფი ასაკის ბავშვებისადმი სქესობრივი ლტოლვა”. მათ არანაირი განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები არ გააჩნიათ , ისინი შეიძლება მიეკუთვნებოდნენ აბსოლუტურად ყველა სოციალურ კლასს ,პროფესიას თუ რელიგიას, ეროვნებას… საქართველოს შემთხვევაში, თუ გნებავთ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიისა და ხელისუფლების თაყვანისმცემელთა ჯგუფს. ისინი ხშირად აგრესიულნი, განსაკუთრებულად გარყვნილნი და სადისტურნი არიან ბავშვების მიმართ, რომლებსაც ცხადია არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.

მარი – ფრანსუა ბოტე,რომელიც ორი წლის განმავლობაში ბანკოკის ბორდელებიდან ბავშვების დახსნას ცდილობდა ადასტურებს, რომ: “ამ ბავშვების 84% სილვერმანის სინდრომის მატარებელია – ბარბაროსული მოპყრობის სინდრომის, როგორიც არის არანამკურნალები იარები, სიგარეტით ამომწვარი სხეულის სხვადასხვა ნაწილი”

2) ოპორტუნისტი კლიენტები, რომლებსაც ვერ მივუყენებთ პედოფილის კვალიფიკაციას ამ ტერმინის კლინიკური გაგებით - როგორც ფსიქიურ ანომალიას, რადგან ამით მათ პედოფილთა მსგავსად გარკვეულწილად ავადმყოფების სტატუსს მივანიჭებდით.
ოპორტუნისტი, ანუ შემთხვევითი კლიენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენი ნაცნობი, ბიზნესმენი, სამხედრო პირი, მუშა , მსახიობი…რომელიც 12 დან 15 წლამდე გოგონას სხეულში მხოლოდ ქალის ფორმების მატარებელ სილუეტს ხედავს და მისი» მოხმარებით» მოთხოვნილებას ზრდის ბავშვთა პროსტიტუციაზე. ასეთები გაცილებით მეტნი არიან ვიდრე ნამდვილი კლინიკური პედოფილები და მათ, როგორც წესი საკუთარ ქვეყნებში ( დასავლეთში) კანონმდებლობის სიმკაცრის პირობებში, აზრადაც არ მოსდით მსგავსი გართობები. სამაგიეროდ სულ რაღაც რამოდენიმე დოლარის საფასურად, ღარიბ და კნონით დაუცველ ქვეყნებში უარს არ ამბობენ იმ სექსუალური ფანტაზმის განხორციელებაზე, რომელზეც საკუთარ სამშობლოში ვერც კი იოცნებებდნენ – დღეს უკვე ასეთი ტურისტები შიდსისა და სხვა სექსუალური გზით გადამდები ავადმყოფობების შიშით, ხშირად “ხელუხლებელ”, უმანკო ბავშვებს ითხოვენ…ოპორტუნისტი კლიენტი, რომლებსაც კანონი არ ანსხვავებს პედოფილისგან, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად უწყობს ხელს ბავშვთა პროსტიტუციის განვითარებას, ვიდრე გაცილებით ნაკლებად მრავალრიცხოვანი ნამდვილი კლინიკური პედოფილი.

დავუბრუნდეთ საქართველოს, სადაც, რამდენადაც, საბედნიეროდ სექს- ტურები ჯერ არ იმართება, პატარა ქართველი მეძავების ‘’მომხმარებელი” – კლინიკურიც და ოპორტუნისტი პედოფილებიც ექსკლუზიურად ქართველები არიან.

*****
ჯერ კიდევ 1998 წელის ზაფხულში თბილისში ყოფნისას ერთერთ ქართულ გაზეთში ინტერვიუს წავაწყდი რომელიღაც გაუგებარ სამართველოს უფროსთან, რომელიც პროსტიტუციასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაა ბავშვთა პროსტიტუციის მხრივ, მისი პასუხი დაახლოვებით ასეთი შინაარსის იყო – ისინი ყურადღებას არ აკლებენ ამ ბავშვებს, დაჰყავთ ვენ დისპანსერებში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადიან, და რო: ,,სხვათა შორის, ძალიან კარგი ბავშვები არიან, ზოგიერთი გამოსწორდა და გათხოვდა კიდეც,,… რა თქმა უნდა, არც ერთი სიტყვა ამ»,,კარგი ბავშვების” კლიენტებზე, რაც მთავარია არც ჟურნალისტს მოსდის აზრად კითხვის დასმა. ეს სწორედ ის ზაფხული იყო, როდესაც ბრიუსელში, ბელგიის ისტორიაში ყველაზე დიდი მანიფესტაცია მოეწყო - ერთი მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პედოფილთა მსხვერპლი ბავშვების დასაცავად… ძალიან სკანდალური ისტორიის შედეგად, ორი პროქსენეტის დაკავების შემდეგ. სხვათაშორის ამ ამბებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრი გადადგა…მაშინ , საქართველოში სიტყვა პედოფილი ბევრს გაგონილიც კი არ ჰქონდა.
გულწრფელად ვნანობ ჩემს მაშინდელ დუმილს – დასაბუთებულს ქართული – ეროვნული მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლო ბუნებით – წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ ქვეყანაში, სადაც ბავშვის ნამდვილი კულტია, ამ საშინელ პრობლემას უყურადღებოდ დატოვებდნენ, უცხოეთიდან მოსულ შენიშვნებს კი, პირიქით, შეიძლება გაღიზიანების გამო უკუ ეფექტი გამოეწვია – როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთან – რას ლაპარაკობთ, რის პედოფილები ?! თქვენ აქ გარყვნილი დასავლეთი ხომ არ გგონიათ ?!…და ა.შ… დიახ, ძალიან ვნანობ, რადგან დღეს საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესად არის ამ მხრივ ვიდრე 1998 ში, და არა მგონია არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისათვის ვინმე სასჯელს იხდიდეს ათასგვარი შეთითხნილი დანაშაულის გამო დაჭერილი ხალხით გადაჭედილ ციხეებში. მე რა თქმა უნდა მხედველობასი არა მყავს იმ ბავშვების მოძალადეები, რომლებსაც პატრონი ჰყავთ. მე ვგულისხმობ მათ, ვისაც იგივე ასაკის მიუხედავად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოში – ბავშვებად არ თვლიან, ხოლო მათთან სექსეალურ ურთიერთობას ძალადობათა და პედოფილიათ.




გაზეთი ,,რეზონანსი,, თინათინ მოსიაშვილი 20. 002 03.2– ასე , ღამის სამი საათისათვის, პეროვსკაიას ქუჩის მიდამოებში სამარშუტო ტაქსს მიჰყავს 13 – 14 წლის გოგონები, რომლებიც ბარებში ნაწილდებიან. ,, მე თავად მინახავს ეს გოგონები. მათ, როგორც ჩანს, პოლიციელებიც მფარველობენ, თორემ თითქმის ყველა ბარს ჰყავს დაცვა და შეუძლებელია მათ არ იცოდნენ ამ გოგონების არსებობისა და მათი საქმიანობის შესახებ,, - მიაჩნია ელენე თევდორაძეს.

პეროვსკაიას ქუჩაზე შემთხვევითი ადამიანები რომ არ დადიან მკითხველმა ჩემზე კარგად იცის, ისევე, როგორც ქალბატონმა თევდორაძემ. ამ ძალიან აქტუალერ სტატიაში, რომლის გამოქვეყნებიდან უკვე წელიწად ნახევარი გავიდა, სამწუხაროდ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ამ გოგონების კლიენტ-პედოფილებზე. იმაზე, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლი, მათი ,,მფარველი,, პოლიციელები და ბარების პატრონები პედოფილთა ქსელის წევრები არიან და ისინი კანონის განსაკუთრებული სისასტიკით ისჯებიან. კანონის, რომელიც, როგორც სტატიიდან ჩანს , საქართველოში არ არსებობს, ხოლო ასეთი კანონის არ არსებობა , თავისთავად კრიმინალური დანაშაულია იმ ფუნქციონერების მხრიდან, რომლებსაც მათი არა თუ სასწრაფოდ შექმნა, არამედ განგაშის ატეხვაც კი ევალებათ მსგავს საშინელებებზე. ძალიან სამწუხაროა, ასევე საგანგაშო რომ არ იყოს, რომ ამ პრობლემისათვის საეთერო დროს ვერ იმეტებენ პოპულიარული ტოკ შოუს წამყვანები, და მოწვეულ სტუმრებს, წლების მანძილზე , ძირითადად არაფრისმომცემ პოლიტიკურ ინტრიგებზე ესაუბრებიან.


საქართველოში ,,გარყვნილი დასავლეთიდან,, შემოსული ყველანაირი საშიშროებისათვის მოინახა ხმალ ამოღებული მორალური თუ პოლიტიკური მფარველი – ჰომოსექსუალიზმის, კათოლიციზმის, ათასგვარი რეალური თუ აბსურდული ლობებისა თუ სექტების… ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ რეალურად მთელი ენერგიით მებრძოლი  რაინდი კი დღემდე არსად ჩანს, ეტყობა ეს პრობლემა ნაკლებად მომგებიანად ეჩვენება საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსთა იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ხალხი უსმენს.. ცალკეული ადამიანების იშვიათმა პრესაში გამოჩენილმა და საზოგადოების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილმა პუბლიკაციებმა კი ცხადია, ვერანაირი ზეგავლენა ვერ იქონიეს პრობლემაზე, რომლის ფესვები ჩემი აზრით გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ის ასე მარტივად - მართლაც დასავლეთიდან შემოსული რომ ყოფილიყო, დასავლეთიდან, სადაც მიუხედავად ქართული სტერეოტიპული წარმოდგენისა იქაურ გარყვნილებაზე, ეს პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება, მორალურად ბევრად უფრო ბინძურ კრიმინალად ითვლება, ვიდრე თუნდაც ყველაზე სასტიკი ტერორიზმი ან ნარკობიზნესი.

პრინციპში, ,, რეზონანსის ,, ზემოთ აღნიშნულ აღნიშნულ პუბლიკაციაში ყველაფერია ნათქვამი იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას პოლიტიკური ტოკ შოუებიდან ყურადღება სოციალური პრობლემებისაკენ გადაერთო. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ასეთი სერიოზული სტატიები, ამ სიუჟეტზე, იშვიათობაა ქართულ მედიაში – თუ, რა თქმა უნდა მხედველობაში არ მივიღებთ გულისამაჩუყებელ და მომგებიან ,,ინტერვიუ - აღსარებებს,, სხვადასხვა ასაკის ინკოგნიტო მეძავებთან, რომლებშიც ყველაზე მეტად ჟურნალისტის პირად კეთილშობილურ განცდებს ვეცნობით.
კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე საყურადღებო ფრაგმენტი იგივე სტატიიდან :

გაზეთი ,,რეზონანსი,, თინათინ მოსიაშვილი 20. 002 03.2 - საერთოდ საქართველოში ბავშვთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია თითქმის ტაბუდადებულ თემად ითვლება. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეროვნული ტრადიციების, მართლმადიდებლური მორალისა და ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქვეყანაში ვერავინ მოიაზრებს ბავშვს – როგორც კომერციული სექსუალური ექსპლოატაციის ობიექტს. შესაბამისად, კანონმდებლობაც მიიჩნევს, რომ მას, რაც არ არსებობს სამართლებლივი მოწესრიგებაც არ სჭირდება. რეალობა კი, სამწუხაროდ მკაცრ კონფლიქტში მოდის საზოგადოებისა და ხელისუფლებისათვის მისაღებ სასურველ შეხედულებებთან,, - ამბობს ლონდა ესაძე –საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე (2002 წ.)

სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა - საზოგადოების ჯიუტი თვით დაჯერებულობა, რომ ასეთი რამ , როგორც ქალბატონი ლონდა ესაძე აღნიშნავს, ტრადიცების , მართლმადიდებლური მორალისა და ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე არაფრით არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს. ყველაზე კატასტროფული ის არის, რომ , მოსახლეობის დიდი ნაწილი, ეტყობა მართლაც დარწმუნებულია, რომ მაგალითად კათოლიკური მორალის, გერმანული ტრადიციების, ან ამერიკული მენტალიტეტისათვის, ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია ჩვენგან განსხვავებით - მისაღებია – ამიტომ ამ ქვეყნებში არსებობა პედოფილია, საქართველოში კი არა ! მე შემეძლო უამრავი მაგალითის მოყვანა სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალებისა, სადაც ასეთი აზრი პრაქტიკულად ყოველგვარი იუმორის გარეშე გამოითქმება. მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ, რადგან მკითხველისათვის ეს ჩემზე არანაკლებად არის ცნობილი. მინდა მხოლოდ თუნდაც ჩემი შესაძლო გულუბრყვილობის გამო გავერკვე, თუ რას ნიშნავს ამგვარი უფასო ბრალდებები სხვა ეროვნებისა და რელიგიური კონფესიის მშობლებზე, მართლა თუ ასეა, მე, როგორც ტყუპი გოგონების მამას , რომლებსაც დედა ფრანგი ყავთ, მაქვს თუ არა მორალური უფლება ჩემი შვილები ერთ ერთ ასეთ ქვეყანაში ვაცხოვრო – რადგან, გამოგიტყდებით, მათი აღზრდის მორალური მხარე ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ან ინტელექტუალური.

სულ რამოდენიმე დღის წინ , ჯეორჯიან თაიმსში ( 05.12.2003. მალხაზ ერაძე) გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, ავტორის აზრით, საქართველომ არ უნდა ააშენოს ისეთი საზოგადოება( აქ მას რათქმა უნდა დასავლეთი აქვს მხედველობაში), სადაც თხუთმეტი წლის ასაკში ქალიშვილობა სირცხვილია, სადაც ჰომოსექსუალების ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია, და აშ.. (ინფორმაციისათვის, მინდა გაცნობოთ, რომ სტატისტიკური მონაცემებით საფრანგეთში სექსუალური აქტივობის დასაწყისად საშუალოდ – თვრამეტი წელი ითვლება. ასე, რომ თხუთმეტი წლის ბავშვების შეურაცხყოფას ხსენებული ბატონი თავს თუ დაანებებს ურიგო არ იქნება).

თქვენთან ერთად შევეცდები წარმოვიდგინო საფრანგეთისათვის წარმოუდგენელი, საქართველოში კი ბანალური სცენარი ჩემს ოჯახში - შვიდი წლის შემდეგ, ანუ როდესაც ჩემი ტყუპები თხუთმეტი წლის იქნებიან –
დავუშვათ 2010 წლის ერთ დღეს ტელეფონით მატყობინებენ,
რომ ჩემი 15 წლის შვილი მოიტაცეს, და მთავაზობენ შეხვედრას მოსალაპარაკებლად, ანუ მოვლენები ვითარდება ბანალური ქართული სცენარით. ბევრი ნერვიულობის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვიგებთ, რომ ,,მოსახდენი მოხდა,,, ანუ - ჩვენი ქალიშვილი გააუპატიურეს, პოლიციიდან საჩივარი გამოგვაქვს და საქორწინო სამზადისს ვიწყებთ...

ახლა ვნახოთ როგორი განვითარება მოჰყვებოდა ამ ისტორიას სინამდვილეში – ჩემს “სასიძოს” დააპატიმრებენ სულ ცოტა ორი  ბრალდებით – ადამიანის მოტაცება, არასრულწლოვანის გაუპატიურება.... თუ ის სრულ წლოვანია ალბათ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს მაინც. ასევე გამონაკლისის გარეშე მოუწევთ ციხეში ჯდომა სიძის მეგობარ ,,მაყრებს,, მის ოჯახის წევრებს, როგორც თანამონაწილეებს, და ალბათ სახელდახელო სუფრის თამადასაც – სახიფათო მდგომარეობაში მყოფი პირისათვის დახმარების არ გაწევის გამო. ყველაზე საინტერესო ის არის , რომ პასუხს გვაგებინებენ მე და ჩემს მეუღლესაც, რადგან საჩივრის გამოტანით დანაშაულს ხელი დავაფარეთ. და გარწმუნებთ, ვერავინ ვერ გვიშველის, ვერც ერთი ნაცნობი პროკურორი, თუ  ადვოკატი, უფრო მეტიც – სიტუაციას ვერც თავად ჩვენი შვილი შეცვლის, რადგან მას არავინ შეეკითხება, აპატია თუ არა რამე თავის გამტაცებელს. არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში ქართული ტრადიცია მერჩივნოს...

...საფრანგეთში ბავშვის ჯანმრთელობა და განათლება ჯერ კიდევ მე 19 საუკუნის დასაწყისში გახდა განსაკუთრებული ყურადღების საგანი – პირველად  15 წელზე ნაკლებ არასრულწლოვანთან ძალადობის თანხლებით სქესობრივი კავშირისათვის პირველი პირი გაასამართლეს და სისხლის სამართლის უკვე იმ დროს არსებული 331 –ე მუხლით სამუდამო კატორღა მიუსაჯეს1810 წელს.
 1832 წელს კი უკვე პირველი კანონი გამოვიდა , რომელიც მოზრდილისა და ბავშვის სექსუალურ ურთიერთობებს შეეხებოდა. დადგინდა პირველი ლიმიტები სქესობრივი სიმწიფის შესახებ, რომელიც შემდგომში რამოდენიმეჯერ შეიცვალა. დღევანდელი კანონები 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირისათვის 7 წელსა და ზევით ციხეს და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო 15 დან 18 წლამდე მოზარდთან კავშირისათვის
3 წლიდან, აგრეთვე ჯარიმას 45 000 ევროს ოდენობით.დაახლოვებით მსგავსი სანქციებია გათვალისწინებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა თუ ეროტიული გამოსახულებების გავრცელებისათვის.
ევროპული კანონმდებლობის ფონზე , საქართველოს კანონმდებელი სტრუქტურების უმოქმედობას წლების მანძილზე  სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა დანაშაულს.  გროტესკულია  ევროპულთან შედარებით ეროვნულ მორალზე დაფუძნებული ჩვენი ფასეულობების პრივილეგიებზე ლაპარაკი, როდესაც იგივე საფრანგეთის კანონმდებლობა ქართულზე უფრო მეტად იცავს ქართველ ბავშვებს ინტერტერიტორიალური კანონის ( 227-26(3) მუხლი) საშუალებით, რომელიც 1994 წლის 1 თებერვლიდან მოქმედებს. ეს კანონი საფრანგეთის მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს უცხო ქვეყანაში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის… სამწუხაროდ ფრანგულ იუსტიციას, ისევე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, რომლებსაც ასევე მიღებული აქვთ ეს კანონი,  არ შეუძლია დაიცვას ქართველი ბავშვები საქართველოს მოქალაქე პედოფილებისაგან – მისი ძალაუფლება მხოლოდ საქართველოში მოხვედრილ ისეთ ფრანგებზე ვრცელდება, როგორებსაც 1997 წელს ქალაქ დრაგინიონში პირველი ასეთი პროცესზე სათანადო ბრალდება წაუყენეს, სექსუალური ტურიზმის ქსელის ორგანიზებისათვის.

ამ შედარებათა მიზანი არ არის რომელიმე ქვეყნის მორალური კრიტერიუმების პრიორიტეტის დადგენა. პირიქით, მათი მოყვანით ვცდილობ მივანიშნო, რომ საკუთარი ეროვნული მორალის მიმართ ისტერიულ და კერპთაყვანისმცემლურ დამოკიდებულებას კარგი არაფერი მოაქვს. რადგან ამით მხოლოდ ჩვენივე სიფხიზლე დუნდება და გზას უხსნის ისეთ საშინელ მოვლენებს, როგორიც ამ წერილის შემთხვევაში ბავშვთა პროსტიტუცია და პედოფილიაა, რომელიც ისე ჩუმად შემოგვეპარა საქართველოში ბოლო ათეული წლის განმავლობაში, რომ დღასაც კი არ გვინდა დავიჯეროთ რომ ის არსებობს – ეს ნამდვილი ტრაგედიაა.
იქნებ , მართლაც, ტრადიციების მიმართ ერთგვარმა "რელიგიურმა"  დამოკიდებულებამ განსაზღვრა მნიშვნელოვანწილად თანამედროვე ქართულ მენტალიტეტში, რომ ცამეტი წლის მეძავთან სექსუალური კავშირი არ ითვლება არც  სისხლის სამართლის და არც მორალურ  მძიმე დანაშაულად? საზოგადოებისთვის ხომ  ასეთი ფაქტი საგანგაშო მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ეს 13 წლის მეძავი ბიჭია... თორემ გოგო... პატარა გოგო ხომ დღემდე  ერთგვარი ეროტიული ფოლკლორის საგანია ქართველი მომხმარებელი  მამაკაცებისათვის!..



ჩვენი წინაპრები ადრე ქორწინდებოდნენ, ისევე, როგორც ევროპაში, მაგრამ მალევე ბერდებოდნენ. უკვე ძალიან დიდი ხანია დადგენილია, რომ თხუთმეტი წლის ასაკში ადამიანი არც ფიზიოლოგიურად , არც ფსიქოლოგიურად და მით უმეტეს არც სოციალურად მზად არ არის ოჯახის შესაქმნელად. სწორედ ამას ეყრდნობა სამოქალაქო კანონები ქორწინების ასაკის განსაზღვრის შესახებ. მათ შორის ქართული კანონებიც. თუმცა ისინი, საბჭოთა პერიოდშიც კი, ფაქტიურად არ ფუნქციონირებდნენ დანიშნულების მიხედვით . მოზარდის სქესობრივ ზრდასრულობას ქართული მენტალიტეტი როგორც ჩანს უფრო ადრეული ასაკიდან ეგუება ვიდრე, როგორი კურიოზულიც არ უნდა მოგვეჩვენოს, დასავლეთ ევროპული. ყოველ შემთხვევაში, რეალურად არსებული  კანონმდებლობითა თუ მისი აღმსრულებლობით, ასევე საზოგადოების სრული გულგრილობით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის მიმართ, და ქართველი პედოფილების არსებობის აბსოლუტური იგნორირების გათვალისწინებით – ეს ასე ჩანს. სხვა რა უნდა იფიქრო ,როდესაც ოფიციალურ ციფრებს ხედავ:

გაზეთი ,,რეზონანსი,, თინათინ მოსიაშვილი 21. 03.2002

მარტო 2001 წელს გლდანის მიმღებ გამანაწილებელში 582 არასრულწლოვანი მოიყვანეს. აქედან 4 დაუბრუნდა საზოგადოებას. ის 4 მოზარდი ახლაც ჩემთან ცხოვრობს და სერიოზულად ვფიქრობ მათ შემდგომ სწავლა დასაქმებაზე. დანარჩენი 578 მოზარდიდან უმეტესობა ისევ ქუჩას დაუბრუნდა ,, - თქვა გუშინ აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე გლდანის მიმღებ – გამანაწილებელის ხელმძღვანელმა ციცო კიკალიშვილმა.
მისივე ინფორმაციით ცოტა ხნის წინ მიმღებ გამანაწილებელში 10 გოგონა მიიყვანეს, რომლებიც პოლიციელებმა ერთი რეიდის დროს დააკავეს. Gოგნების ასაკი13- დან 16 წლამდე მერყეობდა. ათიდან 9 –ს ათაშანგი( სიფილისი) აღმოაჩნდა, თანაც საკმაოდ მძიმე ფორმის.

მარტო ამ საოცარი დასახელების მქონე დაწესებულებაში - გლდანის მიმღებ გამანაწილებელში მიიყვანილ 582 –დან თითოუულ ბავშვზე, სულ მცირე თითო კლიენტიც რომ ჩავთვალოთ , გამოდის, რომ თბილისში 582 პედოფილი არა თუ დაუსჯელი დადის, არამედ აზრადაც არ მოსდის, რომ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩემი ღრმა რწმენით, არასრულწლოვან მეძავთა სტატისტიკასთან ერთად, ძალიან სასწრაფო და სასარგებლო იქნებოდა სხვა უფრო საშინელი სტატისტიკის გაკეთება, რომელიც დაადგენდა თუ  რამდენი პედოფილია საქართველოში, რაც გვაიზულებდა გვეღიარებინა, რომ რადგან ფილიპინებისა თუ ტაილანდისაგან განსხვავებით, საბედნიეროდ, საქართველოში ტურისტული სექს-ტურები არ იმართება, ამ ბავშვების კლიენტი-პედოფილები ექსკლუზიურად ქართველები არიან. ეს ერთგვარი ავტოდიაგნოზი გვაიზულებდა ჩვენვე გვემკურნალა ჩვენივე წყლულებისთვის.


გასულ წელს, ქალაქ ბორდოს მერის ინციატივას, პროსტიტუციასთან ბრძოლის ახალი მეთოდის დანერგვის შესახებ საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა.  ფრანგული კანონით ისჯება მხოლოდ პროქსენეტი  და არა მეძავი ,ქალაქის პოლიციის პრეფექტურამ კი კლიენტების დაპატიმრება დაიწყო – "საზოგადოებრივ ადგილებში ეგზიბიციონიზმის" აბსურდული თითქმის ,,საბჭოთა,, ბრალდებით. რამოდენიმე სკანდალური, და ცოტა არ იყოს კომიკური სასამართლო პროცესის შემდეგ, ბორდოს ქუჩები მეძავებისაგან პრაქტიკულად დაცარიელდა – დიდი ჯარიმით დაშინებული კლიენტებმა უფრო “მორალურ ცხოვრებადაუბრუნდნენ.”


ბავშვთა პროსტიტუციამ პარიზში შესამჩნევ მასშტაბს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ მიაღწია. ქალაქის ერთერთ ყველაზე მდიდარ უბანი, დოფინის მოედანი რუმინელი ბავშვების “საყვერელ ,, თავშეყრს  ადგილად გადაიქცა. თუმცა მათი კლიენტების დაპატიმრების შემდეგ მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდა. მათი კლიენტები კი, სწორედ პედოფილიის მუხლით იქნენ გასამართლებულნი და აქ კომიკური უკვე აღარაფერი იყო - ყოველი ცალკეული შემთხვევა ფართოდ იქნა მედიატიზირებული ყველა საინფორმაციო საშუალებით საზოგადოების ეგრეთწოდებული სანსიბილიზაციის ( სოციალური რეკლამა) მიზნით. არ მესმის რა სოციალური პრობლემა შეიძლება დაედოს გამამართლებელ სარჩულად ქართულ მედიასა და საზოგადოებას მსგავსი ,, სანსიბილიზაციის’’ ორგანიზების სურვილის უქონლობაში.

რა თქმა უნდა , თავის მართლების ყველაზე კარგი საშუალება - მძიმე სოციალური გარემოა, რომელიც არ იძლევა ამ პრობლემასთან ეფექტური ბრძოლის საშუალებას. მაგრამ, არ მესმის რა გვიშლის ხელს რომ ამ თემაზე ხმამაღლა მაინც ვიმსჯელოთ.



შევხედოთ სიმართლეს თვალებში, როდესაც, გაზეთ “ხვალინდელი დღის” ამა წლის 12 იანვრის ნომერში შინაგან საქმეთა თბილისის მთავარი სამმართველოს არასრულწლოვანთა მიღების, პროფილაქტიკისა და ორიენტაციის ცენტრის უფროსი , პოლკოვნიკი ციცო კიკალიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ბიუჟეტმა მისი პროექტისათვის ხუთი უახლოესი წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი უნდა გამოყოს ბავშვების პრობლემის მოსაგვარებლად, ვაღიაროთ რომ ასეთი თანხების მოლოდინი, თავისი არარეალურობის გამო, კიდევ უფრო გააღრმავებს იმ ჭაობს, რომელშიც დღეს ქართველ ბავშვთა ნაწილი იმყოფება… საერთოდ, არ მგონია გამართლებული იყოს, ბავშვებთან დაკავშირებული კრიმინალური პრობლემების მთლიანად პოლიციის კომპეტენციაზე დაქვემდებარება – ისევე, როგირც თავდაცვის სამინისტროს, ბავშვებსაც სამოქალაქო პირის ხელმძღვანელობა უფრო სჭირდებათ ალბათ. 
მე -19 საუკუნის ბოლოს ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსისა და  საზოგადო მოღვაწის, კლემანსოს თქმის არ იყოს “ ომი ძალიან სერიოზული საქმეა იმისათვის, რომ ის სამხედროებს მივანდოთ”. მე ვთვლი რომ ქართველ ბავშვებს დღეს თავიანთი ომი აქვთ ცხოვრებასთან. ამიტომ ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა რომ ქვეყანაში, რომელსაც ათ წელზე მეტი ხანია ამდენი ლტოლვილი თუ და ეკონომიური პრობლემებისაგან ქუჩაში გამოსული ბავშვი ჰყავს თუნდაც არასრულწლოვანთა არასამთავრობო( უპორტფელო) მინისტრის თანამდებობა შექმნილიყო, რომელიც პირდაპირ, და არა შეთავსებით იქნებოდა პასუხისმგებელი დეფავორიზირებულ ბავშვების პრობლემებზე, მათთვის განკუთვნილ თანხებზე, კანონპროექტებზე, რომელთა არ გატარების შემთხვევაში პასუხს მოთხოვდა საპრეზიდენტო ეიფორიის გამო მივიწყებულ საკანონმდებლო ორგანოს. რომლის მიზეზითაც დაიწყო ცვლილებები საქართველოში, რომლის არჩევნებამდეც, სხვათაშორის ორი თვეზე ნაკლები დარჩა და რომლიც უპირველესი პასუხისმგებელია, ამ წერილის სიუჟეტის იგნორირებისა წლების განმავლობაში… ქვეყანისათვის რომელსაც ევროპის გაერთიანებაში შესვლის  ამბიცია გააჩნია ბრიყველი შეცდომა იქნებოდა არ გათვალისწინება იმისა, რომ ამ გაერთიანებაში საქართველო უნდა მიიღონ და არა პრეზიდენტი სააკაშვილი... მიიღონ თავისი დამოკიდებულებით ქუჩის ბავშვების, მოხუცების, უნარშეზღუდულების მიმართ... 


მესმის, რომ საქართველოში ძალიან მტკივნეულად განიცდიან ეროვნულ მორალურ ფასეულობებზე გაკეთებულ ელემენტარულ შენიშვნასაც კი, მაგრამ შეუძლებელია იმის არ აღიარება, რომ 90 იანი წლების დასაწყისში წარმოქმნილი ეს საშინელი პრობლემა არსებობს, და ადრე თუ გვიან საქართველო თავისი ეროვნული მორალით, ინტელიგენციით, ყველა ფლანგის პოლიტიკური მოღვაწითა და სასულიერო პირით კითხვაზე პასუხის გაცემის შეუძლებლობის წინაშე თანაბარი პასუხისმგებლობით დადგება, და ამ გლდანელ არასრულწლოვანთა თაობას ვერანაირი ეგრეთწოდებული ეროვნული ფასეულობანი ვეღარ შემოაბრუნებს იმ ელემენტარული ზნეობრივი პასუხისმგებლობისაკენ, რომლის გარეშე საქართველოს მომავალზე ლაპარაკი მე პირადად ზედმეტად მიმაჩნია. მით უმეტეს ასეთი ტოტალური სიჩუმე ქართველი პედოფილების გარშემო , კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს,  რომ მათი რიცხვი მართლაც არც თუ ისე მცირეა, რომ საზოგადოებრივი აზრი ამ ბავშვებს ბავშვებად არ თვლის, მათ კლიენტებს კი ყველაზე ბინძურ საფეხურზე მდგომ კრიმინალებად.
ეს სიჩუმე დანაშაულია.

პაატა ქურდაძე
პარიზი 29.01.2004