29 octobre 2014

რთველი მონმარტზე


2012 წლის შემოდგომაზე მესამე და უკანასკნელი რადიო ჩანახატი გავაკეთე  გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი" რომელსაც  რადიო "ცხელი შოკოლადი" გადასცემდა.
საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ სამწუხაროდ  ჩემს ნაცნობებში  მგონი მაინცა და მაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა - ჩემი ეს რეპორტაჟები თითქმის არავის არ მოუსმენია. ამიტომ გამოვაქვეყნე ისინი ჩემს ბლოგზე- გასულ გაზაფხულს პირველი ორი, დღეს კი  მესამეს გთავაზობთ : "რთველი მონმარტზე". რომელის 2012 წელს ჩაწერილ აუდიო ფაილს ვიზუალური მასალა დავადე ილუსტრაციისათვის - ძირითადად ინტერნეტით მოპოვებული საარქივო  მასალა და ჩემი შვილის, გაბრიელ ქურდაძის მიერ გადაღებული ფოტოები ორი კვირის წინ - მონმარტის რთველის  ბოლო დღესასწაულზე. 


თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ რადიო ჩანახატის აღდგენა და გამოქვეყნება ჩემი მოკლე და  წარუმატებელი რადიო კარიერის რეაბილიტაციაზე მეტად  ამ ორი დღის წინ ჩატარებულმა მორიგმა "თბილისობის" დრესასწაულმა შთამაგონა... უფრო სწორად VIP ტივზე გადაღებულმა აი ამ ფოტომ... განსაკუთრებით კი ქალაქის თავის წინ  ჩურჩხელებივით დაწყობილმა მიკროფონება...

 უნდა გითხრათ - 1979 წლიდან მოყოლებული , ანუ მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ ეს ღორის მწვადის სუნით გაჟღენთილ - შებოლილი  სახალხო დღესასწაულის იმიტაცია  მოიგონა, მტკვრის ექსტრემალურად ტოქსიკურ  ტალღებს  ბევრი ასეთი ტივი უნახავს.. უფრო ზუსტად ოცდათხუთმეტი...
წარმოიდგინეთ რა სანახავი იქნება ერთ დღეს მოდელირებული და კოსტუმირებული თბილისობა
რომ ჩატარდეს და მტკვარზე   ოცდათხუთმეტმა VIP ტივისგან შემდგარმა ეროვნულმა მოქეიფე ფლოტმა რომ ჩაიაროს დოლგარმონის და დუდუკების
აკომპანმენტით ... ცეკას და მოწინავე რაიკომების მდივნები, მათი კინტოებად გადაცმული მემწვადე კომკავშირის ინსტრუქტორები, საპატიო თბილისელები: მხცოვანი სახალხო არტისტები, რომლებიც დღეს მთაწმინდაზე და დიდუბეში არიან გადანაწილებულნი, გდრ-ელი და რუმინელი მოძმე პარტიული მუშაკები, აცრემლებული ზემდგომი ემო-ტოვარიშჩები კრემლიდან... ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეები, ქალაქის მერები, საკრებულის
თვმჯდომარეები... ფლოტის თავში - ასე ვთქვათ ლიდერ-ტივზე ადმირალი შევარდნაძე !... ეჰ!  მართლაც დაუვიწყარი პერფომანსი იქნებოდა - ესეც ხომ ჩვენი ისტორიაა? ისევე როგორც ასიათასი მოწამეს ამბავი.. რომლებიც სხვათაშორის ასევე თბილისელები იყვნენ და არა ბათუმელები, ქუთაისლები, ზუგდიდელები თუ  ამერიკელები რიჩარდ ნორლანდივით.. მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს არც ერი და არც ბერი...

საერთოდ უნდა გითხრათ რომ ყოველი თბილისობა ყველაზე კარგად ამტკიცებს, რომ ეს ყბადაღებული საბჭოთა მენტალიტეტი, რომელსაც ასე გამეტებით ტენიან ერთმანეთს თანამდროვე ქართველები, მართლაც არსად არ წასულა და ის ყოველ შემოდგომას ზუსტად ისევე ტივტივებს აყროლებულ მტკვარში   ამ ნეხვივით მოტივტივე ვიაიპი ტივების გარშემო , როგორც ჩემს შორეულ წითელ ახალგაზრდობაში... ხელმზღვანელი ამხანაგების მიერ  მოგონილი დღესასწაულის იმიტაცია ყოველი ახალი თაობის  ჩინოვნიკებს პატიოსნად გადეცემა... ასიათასობით მოწამე თბილისელი  კი პირდაღებული ადევნებს ამ ყველაფერს თვალყურს ტელევიზიით  და დროდადრო ჩუმად იგინება, როგორც ყოველთვის...აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ..

PK. 29 Octobre 2014 Paris

აუდიო ფაილის ტექსტი: 


რთველი ყველგან დღესასწაულია სადაც ღვინო უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე მხოლოდ დასათრობ საშუალებას.  ბევრმა შეიძლება არც დაიჯეროს, რომ პარიზში ყოველ შემოდგომაზე რთველის დღესასწაული იმართება, მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული დელეგაციების მიერ ჩამოტანილი "ნობათით"  კი არა -  ადგილოვრივ ვენახებიდან მოწეული ვაზი იკრიფება.

პატარა ვენახები რამდენიმე უბანშია, მათ შორის ყველაზე პატარა ძველ, სენ ჟერმენის სააბატოს ეზოში, - სულ რაღაც ათი ნაბიჯია, ფრანგები ვენახის ფართობის საზომ ერთეულად დღემდე ხშირად ნაბიჯს იყენებენ.
ვენახები აგრეთვე არის ბელვილის, ბერსის, ჟორჟ ბრასანსის პარკებში... ისინი ყველა მუნიციპალიტეტს ეკუთნის, და იქ მოწეული ღვინო, მერიიების მარნებში ინახება. თუ არ ჩავთვლით ერთად ერთ ბაგატელის კერძო ვენახს ბულონის ტყეში.

პარიზი ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რაოდენ სიმბოლური დატვირთვა აქვს ვენახს ქალაქში სადაც ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი ერთ ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით, ალბათ კიდევ უფრო დასაფასებელია პარიზელების პატივისცემა თავიანთი ქალაქის მიმართ, რომელიც ღვინის გარეშე იგივე იქნებოდა რაც დღესასწაული მუსიკის გარეშე.


ყველაზე დიდი ვენახი მაინც მონმარტზეა. მთელი 1700 ნაბიჯი! აქ რთველის დღესასწაული წელს უკვე სამოცდამეცხრამეტეჯერ იზეიმეს. მუსიკით, ღვინით, ჯამბაზებით, აღლუმით...
რომელშიც ყველა ეროვნების  მუსიკოსები და არტისტები მონაწილეობენ, ქართველებიც კი, ჩოხებით და ხევსურული კაბაბით. ძალიან ლამაზი საყურებელია.


მონმარტი მეთექვსმეტე საუკუნეში პარიზის მეღვინეების დასახლება იყო, როგორც ფრანგები ეძახიან, პატარა, სუფრის ღვინოს წურავდნენ. სიმღერაც კი ქონდათ ესეთი :
ეს მონმარტის ღვინოა!
ერთ ჭიქას დალევ და
ერთ ტიკს მოფსავ!

მერე წისქვილების, კლოშარების, ბანდიტების, და საროსკიპოების უბანი გახდა. არტისტებისაც რა თქმა უნდა. მაშინდელი არტისტები პოლიტკორექტულები არ იყვნენ, ბევრს სვამდნენ, მეძავებთან და ბანდიტებთან მეგობრობდნენმ ჩხუბობდნენ კიდეც... მაგრამ სამაგიეროდ რა არტისტები იყვნენ!... სოლისა და სან ვინსენტის ქუჩების კუთხეში ერთი პატარა სიმპათიური კაბარეა, რომელსაც სასაცილო სახელი ქვია  Lapin Agile რაც დაახლოვებით ითარგმნება როგორც « სწრაფი, მოქნილი კურდღელი» მისი სიმბოლო დიდი კურდღელია, რომელიც ქვაბიდან გარბის...... ეს კაბარე საფრანგეთის რევოლუციამდეც არსებობდა, მხოლოდ მაშინ «მკვლელების კაბარე ერქვა», სანამ მეცხრამეტე საუკუნეში სახელი არ გამოუცვალეს. ვინ არ დადიოდა აქ, პიკასო, აპოლინერი, მოდელიანი...
ამ ძველი მკვლელების კაბარეს წინ ერთი ქუჩის ერთ მხარეს ძალიან პატარა გალავან შემოვლებული სენ ვანსენის სასაფლაოა. ქუჩის მეორე საპირისპირო მხარეს კი ვენახი. მართლა მაგარი უბანია ეს მონმარტი -ვენახი, კაბარე და სასაფლაო... მეტი რა გინდა!. აქაურები დღემდე ისე უფრთხილდებიან უბნის იდენტობას, როგორც არსად .
ყველაფერი ოციან წლებში დაიწყო, რამდენიმე უბნელმა მხატვარმა, იუმორისტი გრაფიკოსის ჯო ბრიჯის ინციატივით გადაწყვიტეს ხელოვნებაში მოდერნიზმის თავხედური და ზღვარგადასული შემოჭრისაგან თავის დასაცავათ შეექმნათ «პაციფისტური ხასიათის რეაქციონელური ორიენტაციის მოძრაობა და მათ 1921 წელს მონმარტის რესპუბლიკა დააარსეს ! თავისი დროშით, ჰერალდიკით და ჰიმნით. რესპუბლიკა ერქვა თორემ ისე ჩვეულებრივი ასოციაცია იყო, რომელმაც მიუსაფარ ბავშვთა დისპანსერი გახსნა, და მათ ჰოგიენით ტანსაცმლით, საკვებით უზრუნველყოფდა, ბავშვებისთვის დღესასწაულების მოწყობის ტრადიციასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველ: მართავდნენ საახალწლო ბალებს. სპექტაკლებს კაბარე მულენ რუჟში და ცირკ მედრანოში. მოაწყეს სათამაშო მოედანიც ბავშვებისათვის, იქვე '' კურდღელთან» ... მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის რომ მუნიციპალიტეტის ყურადღება მიექციათ. ამიტომ 1933 წელს კომუნის მერის თანადგომით რესპუბლიკა მონმარტმა თავისი ვენახი გააშენა.1934 წელს კი პირველი რთველი მოეწყო, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ალბერ ლებრუნი ესწრებოდა, აგრეთვე დიდი ფერნანდელი და მომხიბვლელი მისტანგეტი.

მას შემდეგ ყოველი შემოდგომის ოქტომბრის თვეში რთველის დღესასწაული იმართება მონმარტზე. დაახლოვებით 1000 კილოგრამ პინო ნუარს წურავენ და მისგან «კლოs დე მონმარტს» აკეთებენ, რომლის ნახევარლიტრიანი ბოთლის ყიდვა მე18 ოლქის მერიაში შეგიძლიათ, დაახლოვებით 40 ევროდ, ძვირია, მით უმეტეს ბევრი არაფერი ღვინო არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მონმარტის ღვინოა... და მთავარი ეს არის! შემოსული თანხა რა თქმა უნდა ქველმოქმედებას ხმარდება...

პირველი რთველის შემდეგ გარეგნულად თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა მონმრტის ამ პატარა გზაჯვარედინზე. ქვით მოკირწლულ ქუჩებს იგივე სახელები ქვიათ, ყოფილ მკვლელების კაბარესაც,ერთი ციცქნა სასაფლაოც არსად გადაუტანიათ , ეს ათასშვიდას ნაბიჯიანი ვენახიც, რაღაც უცნაურ სოფლის იდილიას ქმნის... მადლობა ღმერთს, არავინ აპირებს მის გაჩეხვას და მის ადგილზე შუშის შერატონ მონმარტ პალასის აშენებას... ან ვინ ააშენებინებს?...ან ვინ გაბედავს... ერთი კია, ცოტა მეტი სისუფთავეა, მეძავები აღარ დგანან, იაპონელი ტურისტები ერთგვარი მორიდებით აჩხაკუნებენ თავიანთ ფოტოაპარატებს... მორიდებით, რადგან, ამ უბანში, მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობისა გაცილებით მეტად იგრძნობა ის რასაც ქალაქის ნამდვილ სულს ეძახიან...ნამდვილი კი ყოველთვის რიდს იწვევს. აქ ჯერ კიდევ წააწყდებით ისეთ სახეებს როგორსაც მონმარტის გარდა სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს ერთი ციცქნა ვენახიც ხაზს უსვამს, რომ თქვენ დისნეი ლენდში კი არა, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანების ქალაქში, ნამდვილ უბანში ხართ... და აუცილებლად გაგახსენდებათ თქვენი ქალაქი, მითუმეტეს თუ თბილისიდან ხართ... შეიძლება ისიც კი გაგახსენდეთ, რომ თბილისში პარიზზე ბევრად მეტი ვაზია. ყოველ შემთხვევაში მე ესე მახსოვს...«უბესეტკო» ეზოს იშვიათად ნახავდით. განსაკუთრებით გარეუბნებში. თუმცა კორპუსების აივანზე ამოყვანილი ადესაც ხშირად მინახავს. ცოტა ღვინოსაც წურავდნენ ხოლმე მონმარტელებივით... მხოლოდ სამზარეულოში, და სამლიტრიან ქილებში აყენებდნენ...

არასდროს არ მესმოდა, რატომ ქვია თბილისობას თბილისობა. როცა იქ თბილისური არაფერია, მე უფრო კახეთობას დავარქმევდი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, პარიზში მაგალითად მსგავს დღესასწაულს ბოჟოლეს დღესასწაული ქვია, ნოემბერში იმართება ხოლმე, რომლის დროსაც მთელ ქალაქში  შეგიძლიათ გადაჰკრათ ერთი ორი ჭიქა ახალი ღვინო და ამ რეგიონის ძეხვეული და ყველი დააყოლოთ.. რესტორნებში თითო ჭოქა მაჭარს თითქმის ყველა სვავს... უამრავი ღვინო ისმევა ამ დღეებში ბოჟოლეს რეგიონის ხათრით... მაგრამ პარიზის რთველი პარიზისაა, და არა ბოჟელეს, ბორდოს, ან ბურგონის... აქ სულ რამდენიმე ასეულ ლიტრ ღვინოს წურავენ და გულწრფელად ხარობენ ამით, იციან, რომ ქალაქის სული ესეთ პატარა სათუთ დეტალებში ცოცხლობს, და მას პოსტმოდერნის მოტანილი დაუნდობელი მონდიალიზაცია ვერაფერს დააკლებს, სანამ «მონმარტის რესპუბლიკაში» ერთი ადლი მოვლილი ვენახი მაინც დარჩება.

29.09. 2012 პარიზი

21 septembre 2014

სისხლიანი სამართალი (კვირის აზრები)



არ ვიცი თუ მიგიქცევიათ ყურადრება  - , სამართლის იმ ნაწილს, რომელიც კრიმინალურ დანაშაულს ეხება, ქართულად სისიხლის სამართალი ჰქვია… ჩემი აზრით სიტყვათა ამ შეტანხმებას არაფერი აქვს საერთო თავად სამართალთან, რადგან სისხლს სამართალი არ შეიზლება გააჩნდეს. სამართალი ცივი,  პატიოსანი,ბრძენი, თვალებახვეული  გონების დაძაბული მუშაობის პროდუქტია და არა დაღვრილი სისხლის წილად  გაღებული სისხლის. 
ქრისტიანულმა ცივილიზაციამ ორიათასი წლის წინ უარყო « კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ » და გვასწავლა რომ თუ კი ვუნმე მარჯვენა ლოყაში გაგვარტყამს ნოკაუდში კი არ უნდა ჩავაგზავნოთ, არამედ მარცხენა ლოყა მივუშვირო,

ეპოქასთან ქართული სამართლის ეს ტერმინოლოგიური აცდენა, სამწუხაროდ სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ ტერმინოლოგიურ ლაფსუს და ის რეალურად ასახავს ჩვენი საზოგადოების ეთიკურ, მეტიც მენტალურ  ტრაგედიას.

ჩვენ ხშირად წაგვიკითხავს ქართულ მედიაში, მოგვისმენია ტელევიზიითაა თუ რადიოთი, თუ  როგორ ითხოვს ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა დამნაშაულში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას, და ხშირად ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც, მაგალითად უწვავენ სახლკარს… ქართული საზოგადოება ამას ბოლო წლებში  პოპულარულ ტერმინს,  სამართლიანობის აღდგენას უწოდებს და ზირითადად გაგებით ეკიდება ამ მოთხოვნას.

სულ ახლახანს მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრების ქალბატონმა დედებმა განცხადება გაავრცელეს სადაც უკიდურესად შეშფოთებულნი ითხოვდნენ მკვლელობაში ბრალდებულის დაუყოვნებლივ  დაპატიმრებას. წინააღმდეგ შემტხვევაში, ირწმუნებოდნენ რომ სამართალს ლაშას მეგობრები, მათი შვილები აღადგენდნენ და კიდევ რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდა მოხვდებოდა ციხეში… დიახ უდანაშაულო, რადგან… ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა  სამართალის აღდგენისა და არა აღსრულების. ამას ჩვენს თავში ავარდნილი ცხელი სისხლის სამართალი  ითხოვს, რომელსაც მე სისხლიან სამართალს უფრო  დავარქმევდი.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ამ სამართლისა სჯერა და ტყუილი, მეტიც ფუნდამეტალური შეცდომაა თითქოს ამ ტიპის დანაშაულის მომატება და შემცირება  რომელიმე  მინისტრის ცუდი ან კარგი  მუშაობის შედეგია.


სისხლიანი  სამართალი საქართველოში არა თუ დღეს, ან წინა  ხელისუფლების დროს, 90 იანების განგსტერული რენესანსის დროსაც კი არ დაწყებულა.მას გაცილებით შორი ფესვები აქვს.  მე პირადად შემიზლია ქართული სისხლიანი სიბრიყვის ბოლო ნახევარ საუკუნის მოწმედ დავდგე. შემიზლია უამრავი ჩემი მეგობარი დავიმოწმო, გავიხსენოთ რამდენი ათეული, ასეული მოზარდი, ახალგაზრდა შეეწირა ამ აბსოლუტურად აბსურდულ კონფლიქტებს… შემიზლია უამრავი ჩემი თაობის ქალბატონი დავიმოწმო, რომელთა სიყვარულის გულისთვის ოდესღაც მოკლული უამრავი პიჭი ვერასდორს ვერ გახდა მამაკაცი, სხვა ქალბატონების მეუღლე, სხვა ბავშვების მამა… ეს ხდებოდა ბრეჟნევის დროსაც, გორბაჩოვის, ზვიადის, ჯაბას, ედუარდის დროსაც… ეს ხდება დღესაც და მოხდება ხვალაც. ზეგაც, სანამ არ მივხვდებით რომ რომელიმე  ჭიკაიძე კი არა,  ამ პრობლემას მაჰათმა განდიც ვერ მოაგვარებს საქართველოში სანამ ჩვენ, მშობლები თავად არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს  აგრსიულ შვილებზე, მათში ჩვენს მიერ ყოველდღიურად ჩაწვეთებულ აგრესიაზე, სანამ არ ვაღიარებთ  რომ ჩვენს აღზრდის მეთოდში რაღაც დეტალები დიდი ხნის წინ მოძველდა და გაფუჭდა, რომ  რაღაც მნიშვნელოვანი  არ ფუნქციონირებს და ამიტომ ვერ გავიგია… ვერ ვხვდებით, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთვის დამახასიათებელი ამ უცნაური სტატუსის მქონე « გადასარევ ოჯახებში » გაზრდილი არაჩვეულებრივი და განათლებული ბიჭები დანებით და იარაღებით დადიოდნენ.   არსად მსოფლიოში ისეთ უბნებში რომელსაც საქართველოს დიდ ქალაქებში ელიტარულს ეძახიან, ისეთ ოჯახებში რომლებსაც პრეტენზია აქვთ ადგილობრივი საზოგადოების ელიტურ თუ  არა საშუალო ბურჟუაზიელ-ინტელექტუალურ  სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ, არ იზრდებიან ბიჭები, რომლებიც ერთი უშნო გამოხედვის გულისთვის ერთმანეთს ესვრიან, სასიკვდილოდ იმეტებენ და საკუტარ თავისუფლებას ციხეში ასამარებენ.  

ეს განგსტერული ომიც კი არ არის, რადგან აქ ლაპარაკი მილიონობით ღირებულების ავღანული ჰეროინის ან კოლუმბიული კოკაინის გაყოფაზე კი არა.. ერთ უბრალო ალმაცერ გამოხედვაზე და ცუდ ხასიათზე ნატქვამ უშნო სიტყვაზეა. ამას კრიმინალსაც კი ვერ დაარქმევ. ეს ჩვენი ეროვნული, სრულიად უნკალური, დროსა და სივრცეში გაჯიუტებული უძრავი უგნერებაა, რომელსაც სოციალური თუ ინტელექტუალური კუთვნილების მიუხედავად ერთმანეთს ვირუსივით გადავდებთ და  რომელსაც ცივილიზებურ სამყაროშო ანალოგი არ მოეძებნება.

 ფაქტია, ბავშვი სოცოალური გარემოს ასლია. სოციალური გარემო კი საქართველოში ჩემი მახსოვრობის საწიერში ყოველთვის ექსტრემალურად აგრესიული იყო. დიახ, მე აგრესიულ გარემოში გავიზარდე… და ჩემი გარემომცველი აგრესიული კონტექსტი სულაც არ იყო განპირობებული ამ ყბადაღებული ქურდული გაგების მატარებელი კრიმინალებით. პირიქით უმეტესი მათგანი სწორედ ამ საშუალო ინტელექტუალურ და ბურჟუაზიულ ფენიდან გახლდათ.

დღესაც, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც, თუ სლენგის ნებას დამრთავთ ყველა ბლატაობს, ქვეყნის უმაღლესი იერარქიის პოლიტიკოსების ჩათვლით,... აქ კარგი მამები ცუდებისგან განსხვავებით  შვილებს უხსნიან, რომ დანისდა იარაღის გამოყენება არასწორია, თუ ვინმესთან პრობლემა გაქვს კაცურად, მუშტით უნდა გადაწყვიტო.. რადგან ასეთებს საკუთარი კაცობის დასტური სხვისი გატეხილი ცხვირი და ასფალტზე მიმოფანტული დამტვრეული კბილები ჰგონიათ. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ერთი პარტიის ლიდერი ტელევიზიით სულის ამოხდით ემუქრება მოსახლეობის ნაწილს,სხვა,  
მისი კონკურენტი პარტიის ლიდერი ქალბატონი, აცხადებს რომ პოლიტიკოსიც ადამიანია.. ადამიანს კი არა აქვს თმენის ვალდებულება როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებენ...
თმენის ვალდებულება კი საკუთარი ბესტიალური გრძნობების  კონტროლი...  სწორედ ის არის, რამაც ოდესღაც ჰომოსეპიენსი კანიბალისგან ადამიანად აქცია, რასაც კულტურა ჰქვია, რასაც აღორძინების ხანის მოაზროვნეებმა ფუნდამეტალური მნიშვნელობა მიანიჭეს,რამაც ერაზმუს როტერდამელს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ათქმევინა რომ ადამიანებად არ ვიბადებით, ადამიანები ვხდებით.
 ეს როგორც ჩანს ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ არ გაუაზრებია და ჩვენში ჩაბუდებულ აგრესიას ხან უკვე ლამის პრეისტორიულად ქცეულ   საბჭოთა მენტალიტეტს ვახოცავთ, ხან რაღაც პრიმიტიულ ქურდულს... ხანაც ღირსშესანიშნავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ქვეცნობიერის შემოტევისას ტელეკამერების წინ შესანიშნავი შვიდეულის ბრიტივით ოსტატურად ათამაშებს ხელში “კნოპკიან დანას”...


ჩვენ ფუნდამეტალურად ვცდებით, როდესაც გვგონია,   რომ ამ ტრაგიკული სენთან ბრძოლა მხოლოდ რეპრესიებით არის შესაძლებელი.  მოკლევადიან პერიოდში რეპრესიები შესაზლოა  მართლაც ეფექტური ბრძოლის საშუალება იყოს,  თუმცა ამ სენის საბოლოოდ აღმოფხვრა მხოლოდ კულტურას, სწორედ იმ გატეხილ და შესაკეთებელ, გამოსაცვლელ დეტალს შეუძლია, რომელიც ჩვენ ჩვენივე შვილების  ტრაგედიის მიზეზის თანამონაწილეს გვხდის.

PK.  
კვირის აზრები. მაესტრო
Tbilissi 20 Septembre 2014

30 juillet 2014

ასოცირება საკუთარ თავთან

ლიბერალი 21.07.2014







ძენის მიხედვით, აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე დასავლური აზროვნების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ლოგიკა. ევას ვაშლი სინამდვილეში ლოგიკის ვაშლია. კითხვა - კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი, დასავლური აზროვნების საძირკველში ჩადებული მთავარი აბსურდი, ამოუხსნელი და უსარგებლო დილემაა.
ამ მოსაზრების ანალოგით, ჩვენი კვერცხი და ქათამი საზოგადოებრივი აზრი და მედიაა. არავინ იცის, მედიამ შობა საკუთარ სიჯიუტეში ჩაკირული, დროსა და სივრცეში დაკარგული საზოგადოებრივი აზრი თუ, პირიქით, საზოგადოებამ - ეს უიმედო, უპერსპექტივოდ ბერწი ქართული მედია - “მეოთხე ხელისუფლების" პაროდია, რომელიც არა თუ კომუნიკაციას ვერ ამყარებს საზოგადოებასა და მის გარემომცველ სამყაროს შორის, პირიქით, გამუდმებით თიშავს მათ ერთმანეთისგან.
27 ივნისი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღია. შეიძლება ითქვას დრამატულად მნიშვნელოვანიც კი, რადგან საქართველოს სვლა ევროპისკენ სხვა არაფერია თუ არა გრძელი ისტორიული დრამა.
გაყალბებული გიორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის საერთაშორისო დოკუმენტისთვის საქართველოს ნებაყოფლობით ხელი აღარ მოუწერია. ეს არის ჩვენ მიერ ხელმოწერილი პოლიტიკური ჭეშმარიტება. ამ ხელმოწერის შემდეგ, როგორც ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზეიმო გამოსვლისას განაცხადა: “თამამად უნდა შევერიოთ დღევანდელ მსოფლიოს...”
როგორც ჩანს დღევანდელ მსოფლიოში ინტეგრაციისთვის რეზოლუცია გვჭირდებოდა, რომელიც უკვე გვაქვს, მხოლოდ ისმის შეკითხვა, რა იცის საქართველოს მოსახლეობამ იმ მსოფლიოს შესახებ, რომელსაც “თამამად უნდა, შეერიოს”?
საშუალო ქართველმა ზოგადად დაახლოებით იმდენივე ან შესაძლოა ოდნავ მეტი იცის ევროპისა და მასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, რამდენიც მისმა წინაპარმა იცოდა თითქმის ორნახევარი საუკუნის წინ რუსეთისა და გიორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ქართველი მოქალაქისათვის ხეირიანად არავის აუხსნია, თუ რას ან ვის უნდა შეერიოს თამამად. ხელმოწერის წინა საღამოსაც კი ქართული მედია ძირითადად ნარმანია-მელიას საარჩევნო ინტრიგითა და იმის გარკვევით იყო დაკავებული, თუ ვინ უფრო მეტი გააკეთა ევროპასთან ასოცირებისათვის.
27 ივნისს კი ხელისუფლებამ თბილისში საკუთარი გალაკონცერტი მოაწყო. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა დელეგაციამ ხალხს ევროპის კარის გაღება მიულოცა. გამოჩენილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, მოუსმინეს ევროპის ჰიმნს... ყველა კმაყოფილი იყო. ყველამ ერთად იმხიარულა. პრემიერი და პრეზიდენტი ერთად ისე გულისამაჩუყებლად ხარობდნენ, თითქოს ევას ქართული ლოგიკის ვაშლი ჯერაც არ მოეწყვიტოს; თითქოს სურეალისტულ დილემას - (თუ ვინ უნდა დაადასტუროს ხელმოწერითა და რეზოლუციით ევროპის კარების გამოღება - პრემიერმა თუ პრეზიდენტმა?) - შემეცნებისაკენ ლტოლვის პოტენციის მთელი ის უბადრუკი მარაგი არ შთაენთქა, რომელიც ზოგადად ცხოვრებასთან ბრძოლაში ქანცგაწყვეტილ ადამიანებს ღმერთმა გარემომცველი სამყაროს აღსაქმელად უწყალობა... კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
იმ საღამოს ქართული არხები თავგამოდებით ცდილობდნენ აეხსნათ თავიანთი მაყურებლისთვის, თუ რა არის ევროპა და რას მოვაწერეთ ხელი. ქართველი პოლიტიკოსები როგორც ყოველთვის შეეცადნენ ჯერ გადამხტარიყვნენ და მხოლოდ შემდეგ დაეძახათ “ჰოპლა" მედიასთან ერთად - თუმცა ამ საქმიდან დროის სიმცირის გამო ცხადია არაფერი გამოვიდა - საღამოს ძირითადი ინტრიგა მაინც კლასიკა იყო, ვინ შეიყვანა საქართველო ევროპაში, ღარიბაშვილმა თუ სააკაშვილმა...
ერთადერთი რაზეც ყველა, ფუნდამენტალისტი ლიბერტარიანელებიდან დაწყებული კოალიციის ყველაზე აცდენილი, რომანტიკოსი წევრებით დამთავრებული, შეთანხმდა იყო ის, რომ ევროპა ბაზარია, სადაც მალე ყველანი უვიზოდ ვივლით ჩვენი პროდუქციის გასაყიდად, სასწავლებლად და დასასვენებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდები... ხელოვნების სფეროში დაკავებულებმა კი აღნიშნეს, რომ ევროპა მათთვის არის ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენის “ოდა სიხარულისადმი" და აგრეთვე იმპრესიონისტები!.. ანუ ქართულ არხებს თუ დავუჯერებთ, ქართული ხელოვანებისთვის, “ფეისებისთვის” ევროპა ჯერ სადღაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებშია გაჭედილი.
 ხელმოწერის მეორე დღე. პირველივე ევროპული უიკენდის შემდეგ, ორშაბათ დილიდან ქართველ პოლიტიკოსთა და მედიის წარმომადგენელთა ტანდემი ძირითადად უკვე გიგი უგულავას დაკითხვით დაკავდა, სამშაბათს მოძმე ევროპაში ნიკოლა სარკოზის დაკითხვაზე დაბარებამ, ცოტა ხნით შეგვახსენა. რომ ევროპა არსებობს...
არც 27 ივნისამდე და არც შემდეგ არავინ დაინტერესებულა, არავის დაუსვამს კითხვა, არც ერთ ტელეარხს არ გაუკეთებია ერთი სიუჟეტი მაინც იმის შესახებ, თუ რა იცის ევროპის შესახებ მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ხალხურად უბრალო ადამიანებს უწოდებენ.
ასეთი სიუჟეტი მაშინვე წარმოაჩენდა, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობას რეალობას აცდენილი წარმოდგენა აქვს ევროპასა და იქაურ საზოგადოებაზე. ამის დასტურად თუნდაც იმ აბსურდულ, პრიმიტიულ და აგრესიულ პოლემიკათა მთელი სერია შეიძლება მოვიტანოთ, რომელიც საქართველოში პერმანენტულად მიმდინარეობს: არის თუ არა ევროპა გარყვნილების, ინცესტის, სატანიზმის ბუდე? მასთან დაახლოება ქმნის თუ არა ტრადიციებისა და ეთნიკური იდენტობის გაქრობის საშიშროებას? და სხვ... მერე შესაძლოა ვინმეს ბუნებრივი კითხვა გასჩენოდა - თუ ვის უნდა ეზრუნა ადამიანების ინფორმირებულობაზე, თუ არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ერთმანეთს არ აცლიან მოსახლეობისთვის ამ ხელმოწერის დაყვედრებას; თუ არა მედიას, ქართულ ტელეარხებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს... არც ერთს აზრად არ მოსვლია გაეკეთებინა გადაცემათა ციკლი მსოფლიოს იმ ნაწილის შესახებ, რომელმაც როგორც იქნა საბრალო სულხან საბასთვის ოდესღაც დაკეტილი ვერსალის კარი გაგვიღო...
ეს კითხვა თავისთავად სხვა ასევე ბუნებრივ კითხვებს დაბადებდა, რომლებიც შესაბამისად პრობლემათა მთელ სერიად იქცეოდა ყველა იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ვალი იყო ეზრუნა თავისი მოქალაქეების ინფორმირებაზე, მათი განათლების იმ დონის უზრუნველყოფაზე, როცა ადამიანს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად, ცრუ რწმენების გარეშე გადაწყვიტოს სურს თუ არა, რომ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილად მოიაზროს თავი და თავად გადაწყვიტოს, თუ რა არის ცივილურობა და არა მისმა მოძღვარმა, თუ რომელიმე საკულტო პოლიტიკურმა პირმა. მე მხედველობაში მაქვს ის მინიმუმი, რაც ადამიანის კულტივირების ბაზისია. ჩვენ კი ჯერ გადავხტით და “ჰოპ“ მერე დავიძახეთ... თან ერთი არ ვიკმარეთ და გავაგრძელეთ - “ჰოპ, ჰოპ, ჰოპ!“... და პირდაპირ ბანკეტზე ამოვყავით თავი... ჩვენი ჭეშმარიტების დასტური კი ბანკეტია, რომელსაც პლატონისეულ ნადიმად ვასაღებთ. ჩვენ ადამიანის სიკვდილის დამადასტურებელი ბოლო აკორდისთვისაც ბანკეტი, ანუ ქელეხი გვჭირდება, მხოლოდ სუფრასთან ვიჯერებთ სამყაროს ამ უდიდესი მისტერიის აქტს - სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარს. ქელეხი ჩვენი რეზოლუციაა!
ამ შეთანხმების ხელმოწერით, როგორც ამბობენ, გზა გვეხსნება ევროკავშირის 500 მილიონი მომხმარებლით გაჯერებული ბაზრისკენ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 12.9 ტრილიონ ევროს უტოლდება... მართლაც შესანიშნავი მასალაა ყველაზე აღვირახსნილი ფანტაზმებისთვის. თუმცა ასევე ამბობენ, რომ დაახლოებით სამას ორმოცდაათამდე კანონი უნდა მივიღოთ და გავატაროთ ცხოვრებაში, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ შეეხება მხოლოდ ვაჭრობის რეგულაციებს. მათზე ტრიუმფატორ პოლიტიკოსებს რატომღაც ყურადღების გამახვილება არ უყვართ. ისინი გამუდმებით დიდ ბაზარზე და ევროპულ ტრილიონებზე აკეთებენ აქცენტს. ამასთან სრულიად არ აღელვებთ, რომ ევროპელისთვის ისეთივე უსიამოვნო შეიძლება იყოს მისი დიდ, კარგად მოვლილ, ფუმფულა, მეწველ ძროხად აღქმა, როგორც ჩვენთვის სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ ჩვენი “უფროსი ძმებისა და დებისგან" ჩვენი სამშობლოს ერთ დიდ რესტორნად აღქმა იყო. 
თუ გავითვალისწინებთ იმ აურზაურს, რაც ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მოჰყვა, სამ ასეულზე მეტი კანონის მიღება ადვილი საქმე არ უნდა იყოს. საქართველოს მოსახლეობასა და ევროპულ კანონმდებლობას, ცხოვრების წესსა და ღირებულებებს შორის სერიოზული აცდენებია. მათი სინქრონიზაციის გარეშე კი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. ამ ინტეგრაციის დარეგულირება რომ ბაზარს, ვაჭრობასა და გეოპოლიტიკურ საერთო მიზნებს შეეძლოს, თურქეთი კარგა ხნის წინ გახდებოდა ევროკავშირის წევრი.
 ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რაღაც ცალმხრივ დოკუმენტს. გვავიწყდება, რომ ნებისმიერ ხელშეკრულებას ორი მხარე აქვს. რამდენად შეუძლია ევროპას ჩვენთან თავის ასოცირება, იდენტიფიცირება? ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა არავითარ გარანტიას არ იძლევა იმისთვის, რომ საშუალო ევროპელმა საშუალო ქართველში საკუთარი კულტურის იდენტიფიცირება შეძლოს.
ჩვენ კულტურულ ასოცირებაზე ისევე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც ეკონომიკურზე, რადგან სწორედ კულტურას შეუძლია რეალურად დააახლოოს ადამიანები ისე, რომ მათ ერთმანეთის კომერციულ პარტნიორებად კი არა, ერთი “ოჯახის” წევრებად იგრძნონ თავი... ქვეყნები, პირველ რიგში, ადამიანებია და მერე ტერიტორია და მისი პოლიტიკა.
ევროპა პირველ რიგში ბაზარი და ეკონომიური ზონა კი არა, კულტურულ ფასეულობათა ერთობაა. ჩვენ ამ მხრივ უამრავი პრობლემა გვაქვს, არანაკლები ვიდრე ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური. მეტიც, რეალურად კულტური დაახლოება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეკონომიკური - და ჩვენ ამ პრობლემაზე აბსოლუტურად არ ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ თუ სტრასბურგში ჩვენს რანდენიმე დეპუტატს კომერციული ღიმილით ინგლისურად რამდენიმე სტანდარტული ფრაზის წარმოთქმა შეუძლია, ეს საკმარისია იმისთვის, რომ “მაშასადამე ევროპელებად” ჩაგვთვალონ იმ ევროპელებმა, რომლებსაც დასამტკიცებელი არ აქვთ თავიანთი იდენტობა.
ჩვენ კულტურულად ისევე შორს ვართ ევროპისგან, როგორც ეკონომიკურად და ამ დისტანციის შემცირებაზე მუშაობა, გონივრული კონცეფციების შექმნა და მათი რეფორმების სახით გატარება დაუყოვნებლივ არის საჭირო.
ეს ძალიან დელიკატური საქმეა, მას პოლიტიკას მიკედლებული ოპორტუნისტები ნამდვილად ვერ შეასრულებენ. მათი ლიმიტი კულტურის სახელმწიფოებრივ ხარისხში აყვანილ მნიშვნელობაზე ისტორიული ძეგლებით ამოიწურება. მათ სჯერათ ჰომეროსის მიერ უნებლიეთ შექმნილი ჩვენი იდენტობის, სწამთ ოქროს საწმისის! უფრო მეტად, ვიდრე იაზონის მიერ მოტყუებულ კოლხებს  და ფიქრობენ, რომ ის ჩვენი ევროპულობის გარანტია. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟები მონუმენტებში გააცოცხლა და მათგან მოოქროვილი გეოპოლიტიკური, ტურისტული კულტი შექმნა!
ცოცხალი სახელოვნებო პროცესი კი, რომელიც კულტურის მთავარი მკვებავია, კომატოზურ მდგომარეობაშია. შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ საქართველოში დღემდე არსებული ყველა ხელისუფლებისთვის კულტურა ისტორიული მემკვიდრეობის კარგად მოვლა, ცოტა ფოლკლორი და კიდევ უფრო ცოტა კლასიკური მუსიკაა - ფაქტობრივად სამთავრობო ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ორსაათიანი რეპერტუარი... მხოლოდ კონფერანსიეების ჩანართების, მთავრობის მეთაურთა გამოსვლისა და გულზეხელდადებული ჰიმნის ჩათვლით.
ახალ საქართველოში ლუი მეთოთხმეტე - მზე ჯერ არ დაბადებულა და როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანს არ დაიბადება.
თუმცა უსამართლობა იქნებოდა ყველაფრის მხოლოდ პოლიტიკოსებზე გადაბრალება...
დააკვირდით - თავად ხელოვანთათვის ევროპა არის იმპრესიონიზმი, მოცარტი, ბახი, ბეთჰოვენი... დიდი კლასიკა! რომელმაც ასე თუ ისე საქართველოში საბჭოთა ეპოქაში მოიკიდა ფეხი, რადგან ფაქტობრივად ის ერთადერთი იყო ნებადართული დასავლურ კულტურასთან საიდენტიფიკაციოდ. სამაგიეროდ, საერთოდ არ შეგვეხო პოპკულტურა. ის თითქოს მხოლოდ ანდერგრაუნდში არსებობდა. ანდერგრაუნდში კი პოპკულტურას არ შეუძლია არსებობა - რადგან თავად სიტყვა პოპ შემოკლებით პოპულარულს, სახალხოს ნიშნავს.
მოგვიანებით 80-იანი წლების ბოლოდან პოპი მაინც განვითარდა, მხოლოდ კულტურის გარეშე და მას რუსებმა შესანიშნავი სიტყვა “პაპსა” დაარქვეს. ეს სწორედ ის არის, რაც დღემდე ქართულ კულტურაში ზედაპირზე ტივტივებს. პოპკულტურა კი ისევ ემბრიონალურ მდგომარეობაშია სადღაც ჭუჭყიან და უბადრუკ თბილისურ, ქუთაისურ თუ ბათუმურ ანდერგრაუნდში. ის არც ადამიანებს აინტერესებთ, არც ბიზნესმენებს და არც სახელმწიფოს. ამ უკანასკნელებმა ბოლო წლებში ისწავლეს მიღებებზე, სიმებიანი კვარტეტის ფონზე, ფურშეტზე ღვინის ყელიან ჭიქებში ცხვირის ჩაყოფა და იქ გარგარისა და მიწის არომატის პოვნა; მაღალი დონის შეხვედრებზე რომელიმე ფავორიტი პიანისტით ან ოპერის მომღერლით თავის მოწონება... სულ ეს არის.
ჩვენ ისეთივე “არაროკენროლი“ ერი დავრჩით, როგორც რუსები.
90-იან წლებში ქართული პოსტსაბჭოთა კულტურის ვექტორს ჯერ წვერებიანი “ჯოს ნაციონალისტები” აკონტროლებდნენ, შემდეგ განგსტერთა საძმოები... შემდეგ კორუმპირებულთა დიდი ეპოქა დადგა! წარმატებული ადამიანის მოდელად მებაჟე იქცა... 2003 წელს კი მებაჟეების კულტურა არასამთავროებო ორგანიზაციების რევოლუციამ დაასამარა და ქართულ კულტურას სრულიად ახალი ენჯეო სახე და ენა მისცა, მის კულტურულ ლოკომოტივად გადაიქცა და ქვეყანა სულ მოკლე დროში პოლიტკორექტულ დეკადანსში შეიყვანა... მისი აბსოლუტურად გაშეშებული ლოზუნგური ენით: “მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში სადაც..." “მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში...” “ჩვენ დღეს ყველანი... ვართ” და სხვა, და სხვა... მათ თავიანთი უგემური, პრეტენზიული პათეტიკით თავად გააღვიძეს არაპოლიტკორექტული ღრმადმორწმუნე მონსტრი, რომელმაც თავის მხრივ პატარ-პატარა მონსტრები გამოაღვიძა, რომელმაც ენჯეოკულტურის ქართველი ვარსკვლავები ძალიან ადვილად შეახრამუნეს... ენჯეოდეკადანსი ტოტალურ და ყოვლისმომცველ რაღაც ისტერიულ დეპრესიაში გადაიზარდა, რომელიც გაუთავებელ კონფრონტაციაში, დისკუსიის სრულ უუნარობაში, შეუძლებლობაში, ენების გაქვავებაში გამოიხატება... დღეს ჩვენ ყველანი გეები ან ჰომოფობები ვართ, ჩვენ დღეს ყველანი ვართ რასისტები ან გმირი ანტიფაშისტები! ჩვენ დღეს ყველანი აგრესიული მართლმადიდებლები ვართ! ან ვართ ასევე აგრესიული ათეისტები... ჩვენ დღეს ყველანი დეპრესირებული ექსტრემისტები ვართ... და სხვა არავინ...
ევროპაში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან ზუსტად ერთ კვირაში, როდესაც სასამართლოს წინ უგულავას პროცესის შემდეგ გამართულ სრულ პარანოიას უყურებ, რომელშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განგსტერების, მებაჟეებისა თუ ენჯეოების კულტურათა შემოქმედები მონაწილეობენ, ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ სულხან საბას წინ დაკეტილი და დღეს გამოღებული ეს მითოლოგიური კარი სულაც არ არსებობს და ის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. იქნებ ჩვენ თავად ავჭედეთ ის დიდი ჟანგიანი ლურსმნებით და მარადიულ დარაჯად საბრალო სულხან საბა მივუჩინეთ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ევროპა ისევე, როგორც ეს კარი, ჩვენშია. ევროპა მხოლოდ სიმბოლოა და კაპიკია ნებისმიერი გაფორმებული ხელშეკრულების ფასი, თუ ყველა ჩვენგანმა არ შეაღო ის. მთავარი მისკენ მიმავალი გზაა, რადგან ეს გზა პროცესია ჩვენი კულტივირების, ჩვენი განვითარების. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთოდაც რომ აღარ არსებობდეს ევროკავშირი, საქართველოსთვის ამ გზაზე სიარული სიცოცხლე იქნება, შეჩერება კი - სიკვდილი.
ევროპა ჩვენი პოზიტიური გოდოა, მხოლოდ ჩვენ, ესტრაგონები და ვლადიმირები, თავად მივდივართ მისკენ.

13 juin 2014

And Now Ladies and Gentlmen... უწესიერესი მერი!

ლიბერალი 11.06.2014




2001 წელს პარიზის მერად ტუნისში დაბადებული და გაზრდილი სოციალისტი ბერტრან დელანოე დაინიშნა. ჩემი თბილისელი მეგობრები ძალიან შეწუხდნენ, პარიზს სოციალისტი მერი არ ეკადრება, თან `იმნაირიო~ ჩურჩულით მისამძიმრებდნენ. გასაკვირია, მაგრამ საქართველოში ათი წლის წინაც კი ადამიანები გაცილებით დელიკატურნი იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. ბერტრან დელანოე დეკლარილებული ჰომოსექსუალი გახლავთ. მე ნაკლები დელიკატურობით   ვპასუხობდი, მოდი ყველამ თავის "პიდარასტ" მერს მიხედოს-მეთქი... იცინოდნენ. საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს, ზუსტად ხვდებოდნენ, რაც მქონდა მხედველობაში.
მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა. თბილისმა რამდენიმე "სექსუალურად მხნე" (ი.ჩ.)  და პოლიტიკურად გაუკუღმართებული მერი გამოიცვალა. პარიზმა კი - მხოლოდ ერთი - ბერტრან დელანოე, ისიც სულ ახლახან ასევე სოციალისტმა ქალმა _ ან იდალგომ ჩაანაცვლა. კვლავ უმცირესობის წარმომადგენელმა, მხოლოდ ამჯერად ეთნიკურის - იდალგო წარმოშობით ესპანელია.პარიზში ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ოღონდ ისე, რომ სახე არ დაუკარგავს. წლების შემდეგ კვლავ დაბრუნებული ტურისტი ვერც კი შეამჩნევს ცვლილებებს.

თბილისიც შეიცვალა. თან ძალიან. როგორც იტყვიან, ვეღარ იცნობ!  ალაგ-ალაგ თითქოს გალამაზდა, განათდა, გასუფთავდა... ალაგ-ალაგ კი დაუშნოვდა, 90-იან წლებში მისი ისედაც შელახული სახე კიდევ უფრო დეფორმირდა. ახალი სახე ჯერ ვერ შეიძინა. ყოველმა პოლიტიკურად "იმნაირმა" მერმა სათითაოდ მრავალი ქვა  ესროლა ქალაქს... და არც ერთმა არ ააცდინა. არც ერთი...

ისინი, პირველ რიგში, პოლიტიკოსები იყვნენ და მერე მერები. ქალაქი, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი პარტიის სამსახურში იდგა და შესაძლებლობისდაგვარად პარტიის პარალელურად ხან ვითარდებოდა, ხანაც დეგრადირდებოდა.  ტყუპისცალივით იმეორებდა პარტიის სახეს.დეპოლიტიზებულ მერს ალბათ არც ახლა უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში წინასარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით პარტიული ტელერიტუალები ამ პერსპექტივას ნაკლებად იძლევა. ულევი ქართული ტოკშოუები ერთმანეთის მონაცვლეობით იწვევენ პარტიებს მთელი შემადგენლობით და ერთსა და იმავე კითხვებს უსვამენ. ისინიც ერთსა და იმავეს პასუხობენ. განსაკუთრებით ამაღელვებელია, როდესაც ინგა გრიგოლიას გადაჭედილ სტუდიაში შოუს ბოლოს სათითაოდ იძახებენ ყოჩაღ კანდიდატებს პარტიის ფავორიტი პატრიოტული სიმღერის ჰანგებისა და მქუხარე ოვაციების ფონზე."რეაქციაში" გამართული ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ბალმასკარადის დროს, რომელიც ბურჯანაძე-კოალიციას მიეძღვნა, შეკრებილმა ნიღბიანმა ჭრელმა საზოგადოებამ და მისმა მრავალშვილიანმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ  პირობა დადეს, რომ ამ ქალაქში ერთსქესიანთა ქორწინება არასდროს არ შედგება და ამის იმედი სულ ტყუილად აქვთ "ნაციონალებსა" და კოალიცია "ქართულ ოცნებას"... რომლებმაც, თავის მხრივ, მომდევნო გადაცემებში "ხატზე ფიცით"  იგივე პირობა დადეს... საერთოდ  ამ არჩევნების ნოუჰაუ აშკარად  ყველა მონაწილე კანდიდატის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების არდაშვების საზეიმო და საყოველთაო ფიცია, აუცილებლად საგანგებოდ გამოპრანჭულ-დავარცხნილი ოჯახის წევრებისა და  ბავშვების თანდასწრებით! ქალაქში ასეთი ეგზოტიკური ქორწინების მსურველები თითქოს არსად შეინიშნება, მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ  არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი მაინც ერთსქესიანთა ქორწინება და ანტიდისკრიმინაციული კანონია. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს აბსოლუტურად ტრადიციული ორიენტაციის თვითმართველობის არჩევნების ბედს, თავისდაუნებურად და მე ვიტყოდი თავისდასაუბედუროდ, მნიშვნელოვანწილად ქართველი ჰომოსექსუალები განსაზღვრავენ. საერთოდ ისინი რომ არა, არავინ იცის, რას მოიფიქრებდნენ პიარისთვის ქართველი მერობისა და საკრებულოებში მოხვედრის  კანდიდატები. უნდა აღინიშნოს - ყველაზე სექსი არჩევნებია საქართველოს ისტორიაში! იმდენად, რომ კანდიდატების შეფასების მთავარი კრიტერიუმი - წესიერება, გარკვეულწილად, რაღაც ეროტიკულადაც კი ჟღერს.საერთოდ საქართველოში  გამოთქმას -  "უწესიერესი კაცი" ბევრ რამეზე შეუძლია მიგანიშნოთ - მაგალითად, როდესაც ნაციონალები წარადგენენ თავიანთ კანდიდატ ნიკა მელიას და როცა გიგი უგულავა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ეს `სხვათა შორის უცოლო~ ახალგაზრდა ბატონი ქალაქის ბიუჯეტს ბოლო კაპიკამდე თბილისელებს მოახმარს, ლოგიკური, ერთგვარი "ფროიდისტული" კითხვა გიჩნდება თავად ყოფილი მერის წესიერებასთან დაკავშირებით... გრძნობ, რომ აშკარად რაღაც აწუხებს... და პროკურორების პრეტენზიები გახსენდება. ასევე, როდესაც "ქართული  ოცნება" თავის კანდიდატ ნარმანიას აფასებს, როგორც განსაკუთრებულად  წესიერ ადამიანს, რომელიც არასდროს არაფერს მოიპარავს, ფიქრობ, რომ საერთოდ წესიერი ხალხი წესიერებაზე ამდენს არ ლაპარაკობს და გული ისევ რაღაც უწესო ეჭვებით გევსება...კანდიდატების შეფასების კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი გულანთებული პატრიოტიზმი და, რა თქმა უნდა, მენეჯერისა და მეურვის დიდი ნიჭია. ამასთან, ყველა უტიფრად არის დარწმუნებული, რომ არჩევნებში აუცილებლად თვითონ გაიმარჯვებს და არავითარ შემთხვევაში ვინმე სხვა!... ეს  ეტყობა პიარტექნოლოგებმა ასწავლეს, ამ მეტწილად უსაფუძვლო ოპტიმიზმს, სამსახურის შოვნის იმედით შეკრებილი აღგზნებული მხარდამჭერები, მგზნებარე ოვაციებს უმართავენ. საერთოდ კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების  გამოსვლები ისე წააგავს ერთმანეთს,  კაცი იფიქრებს, რომ ყველას ერთი პიარის სპეციალისტი ემსახურება და  ერთსა და იმავეს ასწავლის.სინამდვილეში ყველამ მშვენივრად იცის, ამ არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს. საქართველოში ერთადერთი არჩევნები, რომელიც სიურპრიზით დამთავრდა 2012 წლის არჩევნები იყო და მან ტენდენცია სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ შექმნა.დავით ნარმანია უპირობო ფავორიტია. მხოლოდ მითი იმის შესახებ, რომ მას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ ის აპოლიტიკური და ძალიან მეურნე კაცია, თავად  პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენჯერმე დაამსხვრია.სპორტის სასახლეში გამართული კოალიციის ყრილობაზე ახალგაზრდა პირველმა მინისტრმა მის მიერვე გამოძახებულ და სცენაზე ძუნძულით ასულ ქვეყნის 12 ყველაზე დიდი ქალაქის აქოშინებულ მერობის კანდიდატს ხელი ჩამოართვა და ბექმუსიკოსებივით უკან გაამწკრივა, შემდეგ მან რაღაც აღტკინებული კონფერანსიის ხმით ნამდვილი მეგა როკვარსკვლავივით გამოიხმო დავით ნარმანია სცენაზე და ისე მაგრად ჩაიკრა გულში, რამდენიმე წლის უნახავი დაბრუნებული "უძღები ღვიძლი ძმა" გეგონებოდათ! ცოტა ხნით ადრე კი მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ეს მას შემდეგ, რაც აგონიაში მყოფმა თბილისის მერიის აპარატის  ნარჩენებმა, საბაგირო გზების პროექტი დაბლოკა. ამ მრავალ ასეულმილიონიანი სისულელით თავზარდაცემულ თბილისელებს ბატონი პრემიერი შეჰპირდა, რომ მათ, ანუ  ძველ მერიას, ორი თვე დარჩა, მერე კი ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა, როგორც ხვდებით მას ეჭვი არ ეპარება, რომ ნარმანია მართლაც ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, როგორიც საჭიროა..მაგრამ როგორი გადაწყვეტილებებია საჭირო? ვინ წყვეტს რა არის საჭირო? საერთოდ  როგორი მერი სჭირდება თბილისს? ვის ირჩევს საქართველოს დედაქალაქი, მეურნეს თუ პოლიტიკოს?  ფაქტია, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ერთ ქალაქში ცხოვრობს, იმ ქალაქის მერი მეურნეც უნდა იყოს და პოლიტიკოსიც, მაგრამ ეს პატარძლის წესიერებისა არ იყოს, თავისთავად მოცემულებად უნდა იგულისხმებოდეს და არა რაღაც განსაკუთრებულ თვისებად. ამ არჩევნების ძირითადი წითელი ხაზი, რომ ახალი მერი მეურნე უნდა იყოს და არა პოლიტიკოსი, მტკნარი ტყუილია და წესიერი ხალხი ამას არ უნდა ამბობდეს.არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, თითქმის გადამწყვეტი შეფასების კრიტერიუმი... რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს იმ ადამიანის ღირსებების, რომელიც დედაქალაქის მერობას აპირებს... ეს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის კანდიდატთა ზოგადი კულტურა, რომელსაც საქართველოში არავინ არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამს და, მით უმეტეს, არ მოითხოვს პოლიტიკოსისგან.  ჩვენი ეპოქის დიდი ქალაქის მერი არა მოურავი, არამედ ქალაქის დირიჟორი უნდა იყოს, რადგან 21 საუკუნის დედაქალაქი დიდი ორკესტრია და არა ბატონის მამული, რომელსაც მეურნე, გაქნილი მოურავი უვლის. ზოგადი კულტურა არის სწორედ ის ძალზედ მნიშვნელოვანი რამ, რაც ასე აკლდა თბილისის ყველა მერს და რაც მიზეზია იმისა, რომ  მათ, შესაძლოა გულწრფელად, მართლაც უკეთესის გაკეთების სურვილით, სახე დაუკარგეს დედაქალაქის იმ უბნებს, რომლებსაც ცვლილებები ყველაზე ნაკლებად ესაჭიროებოდათ. ყველაზე უშნო და უსახო უბნები კი, რომელიც ქალაქის  უმეტეს ნაწილს შეადგენს - ხელუხლებელი დატოვეს. ეს გულწრფელობა მათი ზოგადი კულტურის  დეფიციტის ბრალია. რომელიც ასე აკლდათ ქალაქის მერებს, განსაკუთრებით თავგასული რომაელი კონსულივით თავდაჯერებულ ბატონ უგულავას. რადგან არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია ამხელა შანსი, რამე გაეკეთებინა თბილისისთვის, რამდენიც მას და მის გუნდს ჰქონდა. სწორედ მათი  კულტურის დეფიციტის  გამო აშენდა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული შენობა - იუსტიციის სახლი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბატონს ასე სურდა. ამ ადმინისტრაციულ სამოთხეში შესაძლოა ცხოვრებაში სულ ორჯერ მოგიწიოს მისვლა რაღაც საბუთის ასაღებად... სამაგიეროდ   ბევრი წლების განმავლობაში იქ, გაჩეხილ პარკში და კორტებზე ყოველდღე უამრავი ადამიანი დადიოდა.ან თუნდაც 145 წლის წინ აშენებული მიხეილის საავადმყოფო - ქალაქის სამოქალაქო ცხოვრების იშვიათი მოწმე - ჩვენს ქვეყანაში მედიცინის განვითარების ერთნახევარი საუკუნის განსხვისებული ისტორია... მათ ალბათ არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ ევროპაში კლინიკების კუთვნილი ისტორიული შენობები, ისეთივე ხელშეუხებელია, როგორც ჩვენთან ეკლესიები, რომლებიც რატომღაც ქართველებს ჩვენი ისტორიის ერთადერთი დასტური გვგონია, რადგან სამოქალაქო კულტურის ისტორიის დამადასტურებელი თითქმის აღარაფერი დაგვრჩა. სამშობიაროსაც კი ვერ უჩვენებთ თქვენს შვილს, ან შვილიშვილს, რომელშიც დაიბადეთ; ვერც პარკს, სადაც დედა გასეირნებდათ ეტლით, როცა პატარა იყავით; კინოთეატრს, სადაც თქვენი ყველაზე საყვარელი ფილმები ნახეთ... კარგად თუ ჩაყვებით თქვენი წარსულის ძაფს, აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრება ალაგ-ალაგ გულმოდგინედ წაშლილია... ვიღაც მუყაითი მოფუსფუსე კაცუნები ამოშლილ ადგილებზე ასფალტს აგებენ, უშნო სახლებს, ბრიყვულ მონუმენტებს, ესტაკადებს აშენებენ... ისინი, თავის მხრივ, აშენებიდან ექვს თვეში რატომღაც ძველ უშნო და ჭუჭყიან ნაგებობებს ემსგავსებიან, რომლებიც თითქოს დღედღეზე უნდა დაანგრიონ... ალბათ ასეც მოხდება, მათ სწორედ მაშინ დაანგრევენ, წაშლიან, როდესაც ისინი ახალი თაობისთვის რაიმე სენტიმენტალურ ღირებულებად გადაიქცევიან და საკუთარ შვილებსაც ხახამშრალს დატოვებენ... ეს მომავალი მუყაითი და თავდადებული წესიერი მერები და უწესიერესი ერთგული საკრებულოები...
ჩემი აზრით, ყველაზე კონცეპტუალური, რაც თბილისში ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაკეთდა აეროპორტის გზაზე პრეზიდენტ ბუშისთვის, პლასტმასის ყვავილებით მორთული ორი საბჭოთა მახინჯი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი იყო. არც მანამდე და არც მერე ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის  ქართული დეკადანსის ასეთი ძლიერი ვიზუალური მესიჯი არავის გაუკეთებია. ეს იყო ზუსტად ის პოტიომკინური კულტურა, რომელსაც ქალაქის მესვეურნი მთელი ამ წლების განმავლობაში ატარებდნენ. ამ სინთეტიკურად მარად აყვავილებული უშნო ფასადებისთვის ხელი არ უხლიათ. არავის მოსვლია აზრად, რომ ბუშის წასვლის შემდეგ იმავე ქოთნებში ნამდვილი ყვავილები დაერგო, რომელსაც დროდადრო მხოლოდ წყლის დასხმა სჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ორ უზარმაზარ კორპუსში სულ ათი ოჯახი გაბედავდა ყვავილების მოვლას, სახლებს ბევრად უფრო კეთილი სახე მიეცემოდა... იმ ათ ოჯახს ერთი წლის მერე კიდევ რამდენიმე მეზობელი მიბაძავდა, მერე კიდევ რამდენიმე... და დღეს ეს ორი მახინჯი კორპუსი შესაძლოა ისეთივე ლამაზი ყოფილიყო, როგორც უამრავი უშნო და არაფრით გამორჩეული სახლი ევროპაში, რომლებსაც ადამიანები ფსიქოლოგებივით  "აიძულებენ" ოდნავ უფრო ლამაზები, მოხდენილები  გახდნენ... და რომელსაც ისე შევნატრით, თითქოს რაიმე განსაკუთრებული სირთულე იყოს იგივეს გამეორებაში. მაგრამ ამას ბიძგი სჭირდება. ანუ  ის, რაც ყველა ქართველ მერს კატასტროფულად აკლდა - კულტურა. სწორედ მისი დეფიციტია დღემდე იმის ვერგაცნობიერების მიზეზი, რომ მერი ქალაქის დირიჟორია და არა აროგანტული მათრახიანი  მოურავი...  რომლის კომიკურ პერსონაჟსაც ასე უნიჭოდ განასახიერებენ თბილისის მერობის კანდიდატთა უმრავლესობა წინასარჩევნო `ტელესპექტაკლებში~.როდესაც კულტურაზე და  განსაკუთრებით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის კულტურაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ შინაგანი კულტურა პრინციპების პირდაპირპროპორციულია და არა წაკითხული წიგნების რაოდენობისა. პრინციპები კი სწორედ ის არის, რაც ქართველ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს შორის ძალიან ცოტას გააჩნია, დასაცავიც არაფერი აქვთ. ამიტომაც დაფრინავენ ასე ლაღად ერთი პარტიიდან მეორეში, კოალიციიდან ფრაქციაში და ისევ უკან, მარჯვნივ, ან მარცხნივ... საბოლოოდ კი ისევ წინ, მარტორქასავით.გულახდილად რომ ვთქვათ, თბილისის ისტორია მტრისა თუ მოყვრის მიერ, პერმანენტული განადგურებისა და ვიღაც ახალი გაბღენძილის ჭკუაზე მისი თავიდან აშენების ისტორიაა .  ის არასდროს ყოფილა ფლორენცია, მაგრამ რაღაც ურბანული კულტურის ჩანასახები ყოველთვის ჩნდებოდა, თუმცა როგორც კი ცოტათი წამოიზრდებოდა,  რადიკალურად იცვლებოდა, ინგრეოდა და თითქოს ყველაფერი ისევ ნულიდან იწყებოდა.ბოლოს ყველაზე მკვეთრად გამოხატული და შესაძლოა ყველაზე  მიმზიდველი ქალაქური კულტურა სამოციანი წლების ბოლოს, მჟავანაძის ეპოქის "ახალი" თბილისელების დიდი დამსახურებით, მოკვდა. დასავლეთში, სექსუალური და კულტურული რევოლუციის პარალელურად, თბილისში პირველი დიდი ბურჟუაზიულ-სნობური "რევოლუცია", უფრო კი პროვინციასა და ქალაქს შორის განხეთქილება მოხდა. რომელმაც სამოცდაათიანებსა და განსაკუთრებით  ოთხმოციანებში თავის აპოგეას მიაღწია. ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში კი სამოქალაქო დაპირისპირების, სიძულვილის სისხლიან ინგრედიენტად იქცა.ნებისმიერი ურბანული კულტურა განუწყვეტელ განახლებად დინამიკაზეა დაფუძნებული. თბილისი, ისევე როგორც ყველა სხვა დედაქალაქი, თავის იმ ქალაქურ კულტურას, რომელსაც დღეს მივტირით, სწორედ პროვინციასა და ქალაქის კულტურულ ჰარმონიას უნდა უმადლოდეს და არა ადგილობრივ წვრილ ბურჟუაზიას, რომელიც გარდა კულტურული კონტექსტისა განსაკუთრებულს არასოდეს არსად არაფერს ქმნის. თუმცა ეს უკანასკნელი ერთგვარ ნიადაგს წარმოადგენს, სადაც რაღაც ახალი უნდა დაითესოს და გაიზარდოს. რაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას დედაქალაქი. ის კულტურული კონტექსტი, დედის პლაცენტაა, რომელიც გარედან მოხვედრილ მარცვალს ფეტუსად აქცევს, ზრდის, ანაყოფიერებს, ბადებს ჭინთვებსა და ტკივილებში მჩხავანა მშვენიერ თავად გამრავლების უნარიან ნაყოფს...მსოფლიოს დიდი კულტურის ცენტრებში დღესაც ასეა. ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, სადღაც მიდიან, ბრუნდებიან, მერე ისევ მიდიან, მათ ადგილს სხვები იკავებენ, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე წელიწადში ისევ სადღაც მიდიან...დიახ... XXI საუკუნეა! არავინ არავის აყვედრის არც წასვლას და არც ჩამოსვლას... აი, თბილისი კი ჯერ კიდევ მჟავანაძის ეპოქის დროის ტელეგადაცემა "ოქროპირის"  გაშარჟებული სკეჩებით ცხოვრობს "შეგვჭამა სოფელმას" თემაზე...  თბილისელობა რაღაც უძრავი გაქვავებული სტატუსია, რომელსაც კაცმა არ იცის, რა შემადგენლობა აქვს. მაგალითად, ჩემს თბილისელობაში ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარი ცხოვრება სხვა ქალაქში ვცხოვრობ. აი, ნარმანია კი,  მართალია თბილისში არ დაბადებულა, მაგრამ იქ 18 წლის ასაკიდან ცხოვრობს, მაინც ზუგდიდელია და ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება... ეს მისი  კანდიდატურის ყველაზე მთავარი კომპრომატია და რომც შეეცადო, ვერავინ აგიხსნის - რატომ. კაცმა არ იცის, რამდენი წლის ასაკში უნდა დასახლდე თბილისში რომ სრულფასოვანი თბილისელი გერქვას, ასევე არავინ იცის, არის თუ არა ლილოელი, ან თემქელი ისეთივე რანგის თბილისელი, როგორებიც არიან "ნაღდ ქალაქურ უბნებში" გაზრდილები... ან ეს ნაღდი უბნებიც ვინ დაადგინა, რა კრიტერიუმით დგინდება მათი ნაღდობა... არავინ იცის... მოკლედ ძალიან რთული ქალაქია. გაცილებით ადვილია ამერიკული გრინ ქარდის მოპოვება, ვიდრე - თბილისელის სტატუსისა.თუმცა ამ გროტესკული სტატუსის მოთხოვნაში არის რაღაც კულტურული ხავსის მაგვარი, რომელსაც წყალწაღებული თბილისელები ეკიდებიან და ვერც გაამტყუნებ. მათ უთხრეს, რომ კატეგორიულად გადაწყვეტილია, მიმდინარე არჩევნებში - ქალაქის მერი უნდა იყოს კარგი მეურნე და არა პოლიტიკური ფიგურა. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ნარმანია ზედმიწევნით გააკეთებს იმას, რასაც მას პარტია დაავალებს, პარტია კი იმას დაავალებს, რასაც "ზემოთ" ჩათვლიან საჭიროდ და ეშინიათ, მათ შორის იმ ნარჩენების განადგურებისაც, რაც ამ ქალაქს ჯერ კიდევ შემორჩა. ნარმანიას კი არაფერი ეტყობა იმ კაცისა, რომელიც ამ ნარჩენებს გრძნობს. ამიტომ მის მთავარ კომპრომატად მარტივად იქცა მისი თბილისელობა. მერე კი, როდესაც გაახსენდათ, რომ თბილისი ამ დღეში სწორედ "კარენოი" მერებმა ჩააგდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ მისი მენეჯერული უნარი დადგა. ნარმანიას კულტურულობის ხარისხით არც ისინი დაინტერესებულან. არადა გონივრული იქნებოდა მისი ვერბალური, ან ქცევის კულტურისთვის მაინც მიექციათ ყურადღება - შეამჩნევდნენ რომ მას არა თუ პრინციპები და იდეები, საკუთარი აროგანტულობაც კი არ გააჩნია და დროდადრო "უფროსობას" ცდილობს დაემსგავსოს  მოუქნელი, უხეში გამოთქმებით.თბილისი, როგორც ჩანს, ვერ გადაურჩება ამ "ფუტურისტულ" საბაგიროებს, ვერც  სასტუმროს ვაკის პარკში, ან რაღაც შუააზიური სოცრეალიზმის ტიპის საოცრებას მრავალტანჯული პარლამენტის წინ, მხატვრის სახლის ადგილას...  ვერც   შიშის გამუდმებულ შეგრძნებას გადაურჩება, რომ ქალაქში, სადაც ერთი მუნიციპალური საცურაო აუზიც აღარ არის, გაყიდულ ლაგუნა ვერეს ადგილზე რამე უფრო მომგებიანს არ ააშენებენ... რადგან, როგორც პოეტი ამბობს, აქ "ყველაფერი მოსულა" განსაკუთრებით ქალაქის განაშენიანებაში. თბილისი, რომელიც ოდესღაც ამოტრიალებულ ჭრელ ქოლგას გავდა, მალე ბავშვის არეული ფერადი კუბების  ყუთს დაემსგავსება და ამ კუბებს დაკაცებული მეურნე ბავშვი, გნებავთ მოურავი, ცხადია უფრო ადვილად და ეფექტურად დაალაგებს ისე, როგორც მიუთითებენ.ყველაფერი დანარჩენი, მილიონი ხე, ეკოლოგია, რეგიონალური კულტურის ცენტრი, რომელსაც ნარმანიას ნაცვლად კამპანიაში ჩართული ხელოვანები გვპირდებიან, ძალიან სევდისმომგვრელად და ინფანტილურად გამოიყურება, ძალიანაც რომ გინდოდეს თავი მოიტყუო, არაფრით გამოგივა. ამ ყველაფრის გაკეთებას კულტურის მნიშვნელობის გააზრება სჭირდება, რაც ნარმანიას ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, არ გააჩნიათ, რომელიც მათ საარჩევნო კამპანიის დაწყებისას გაახსენდათ და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე დაავიწყდებათ, რადგან მათ არ სჯერათ კულტურის. მათ ჯერ არ გაუაზრებიათ,  რომ  ისეთი ქალაქის შემოსავალი როგორიც თბილისია, მხოლოდ მისი თვითმყოფადი კულტურა შეიძლება იყოს, რადგან სწორედ ეს იზიდავს ტურისტებს ქალაქში... თბილისს კი ძალიან დიდი შანსი გააჩნია იყოს ტურისტული ქალაქი და თავისი თავი თვითონვე დააფინანსოს, დაასაქმოს უამრავი ადამიანი და არა მარტო რესტორნებსა და კაფეებში, როგორც დღეს ხდება.  დღევანდელ თბილისში ტურისტს ორ დღეზე მეტი ფაქტობრივად არაფერი ესაქმება, რადგან ეკლესიების, გოგირდის აბანოსა და მუზეუმში რამდენიმე ნახატის მეტი  სანახავი ფაქტობრივად არაფერია. ჩვენ ვამბობთ რომ ვართ დიდი კულტურის ერი, მაგრამ რაში აისახება ეს, როდესაც ქალაქში სეირნობ? საყოფაცხოვრებო დონეზე საერთოდ კატასტროფაა.  არსებობს  ათობით პრობლემა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და რომელიც ბიუჯეტის უკმარისობის კი არა კულტურის დეფიციტის შედეგია, ავტომობილების მოძრაობიდან დაწყებული - ფანჯრებიდან გადმოგდებული ნაგვითა და მზესუმზირას ფურთხებით მოსეირნე ახალგაზრდებით დამთავრებული... ჩვენს  ვითომდა მრავალეროვან ქალაქში მულტიკულტურულობა კულინარიის დონეზეც კი არ იგრძნობა და მისი დასტური მხოლოდ საუკუნეების წინ აგებული სინაგოგა და მეჩეთია.გასული წლის მონაცემებით საფრანგეთში კულტურის სფეროს კონტრიბუცია მთლიანი შიდა პროდუქციის მაჩვენებელში შვიდჯერ აღემატება საავტომობილო ინდუსტრიისას და 57,8 მილიარდ ევროს შეადგენს.თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია, ადვილად მივხვდებით, რომ კულტურა ეკონომიკის ისეთივე მოტორია როგორც მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კომერცია... ისევ საფრანგეთის მაგალითს თუ მოვიტანთ, მისი დედაქალაქის ბიუჯეტი ძირითადად კულტურის წყალობით ივსება, სწორედ მისი თვითმყოფადი კულტურის გამო ჩადის იქ მილიონობით ტურისტი. ამიტომ მისი მერი პირველ რიგში ამ კულტურით ფასდება და მერე სანტექნიკისა და ასფალტის დაგების ცოდნით. დარგობრივი  სპეციალისტები დეპარტამენტების ხელმძღვანელებად მუშაობენ, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის მერიებში.ჩვენ  მიგვაჩნია და ამ არჩევნების შემდეგაც მივიჩნევთ, რომ კულტურის მინისტრის პოსტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქის კულტურულ სახეზე პასუხისმგებლობა მას გადავაბაროთ. სამწუხაროდ, ეს დიდი შეცდომაა და ეს შეცდომა თბილისში ყოველ ნაბიჯზე აშკარად იგრძნობა, ისევე როგორც საქართველოს სხვა დიდ და პატარა ქალაქებში. ამიტომ განსაკუთრებით დასანანია, რომ ამ წინასაარჩევნო ალიაქოთში, რომელიც გარკვეულწილად სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთგვარი ინტენსიური "ტრეინინგია",  კულტურა ჯერ არავის გახსენებია და სავარაუდოდ არც გაახსენდება.მეტიც... ჩემი აზრით, ამ საქმეს ახლა უკვე  აღარაფერი  ეშველება. თბილისს ნებისმიერი არჩევნის შემთხვევაში კვლავ არ ეყოლება ისეთი მერი, როგორიც მას სჭირდება - დამოუკიდებელი, საკუთარი დასაბუთებული და ლოგიკური კონცეფციების, პრინციპების მქონე, მათი დაცვის, რეალიზების უნარითა და გამბედაობით. მაგრამ საჭიროა ყოველდღიურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ 15 ივნისს არჩეულმა მერმა ნაკლები გააფუჭოს, ვიდრე მისმა წინამორბედმა, რომ საქართველოში ხუთი წლის შემდეგ მაინც გვქონდეს არაპროგნოზირებადი არჩევნების შანსი, რომ 2019 წელს მაინც არ იყოს პრემიერი ასე დარწმუნებული, რომ ყველა რეგიონში გაიმარჯვებს და "აბსოლუტური პრემიერი" გახდება... ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია გარდამავლიდან გარდაუვალ სტადიაში გადავა... ამასობაში კი იქნებ ჩვენს ქალაქებს, მათ შორის თბილისს სტაბილური კულტურული  სახის ჩამოყალიბებისა და მისი  შენარჩუნების ახალი შანსიც გაუჩნდეს.პ.ქ. 5. 06.2014 Paris