19 juin 2013

ანტიდოტი



მანიფესტი
Paris. 19 Mai 2013



სინათლის გავრცელების სიჩქარე სიბნელის გავრცელების
სიჩქარეს უდრის.

ეროვნული იდენტობა არის პროცესი და არა ადმინისტრაციული
საიდენტიფიკაციო საბუთი ფოტოსურათით, ზუსტად განსაზღვრული
მონაცემებით: ფიქსირებული დაბადების თარიღით, სახელით, გვარით ,
საცხოვრებელი ადგილით და თვალის ფერით.

ადამიანმა უნდა დაანგრიოს წარსულთან დამაკავშირებელი
ხიდები იმისთვის, რომ მარტო დარჩეს. მარტოობა აუცილებელია
შემოქმედებისათვის...

მას შემდეგ, რაც შენებას ისწავლის, აფეთქებულ ხიდებს თავად
აღადგენს - უფრო მტკიცეს, უფრო ფართოს, უფრო ლამაზს. მხოლოდ
მარტოობაში დაბადებულ ზრდასრულ და დამოუკიდებელ შემოქმედებას
შეუძლია წარსულის გაცოცხლება, და არა ფოლკლორსა და ეპოქასთან
შეუსაბამო ტრადიციებს. ისინი სხვა სიჩქარის ეპოქებშია შექმნილი.

ეს არის წყვეტისა და გადაბმის მარადიული პროცესი. ეს
არის პროგრესი, შემოქმედება, ჩვენში ჩადებული სიბრძნის თესლის
კულტივაცია. ეს არის ხელოვნება, რომელიც ძერწავს ეროვნულ
იდენტობას. ეს სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვაა.

ადამიანები, რომლებიც თავისი წინაპრების მიერ შექმნილით
კმაყოფილდებიან და თავად არაფერს ქმნიან, ლამაზი სიტყვებით
ამტკიცებენ, რომ წარსული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აწმყო,
ნეკროფაგები არიან: ისინი წინაპრების ენერგიით იკვებებიან და საერთო
ეროვნულ ენერგიას თავად არაფერს ამატებენ. მეტიც, ისინი აწმყოსა და
მომავალის პერსპექტივას წარსულით წამლავენ. შესაბამისად, ეროვნულ
იდენტობაში, ანუ ისტორიაში, წყვეტა ხდება.

საჭიროა, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ყველანი მოწამლულები
ვართ... და მოწამლულები ვართ ამ მუქთახორული, სხვა ადამიანების
შრომითა და ნიჭით შექმნილი იდენტობით,

სხვების ქმნილებებს გადაჭარბებული დოზით ვიღებთ, რომ
ის კულტურული შიმშილი დავიკმაყოფილოთ, რომელიც ადამიანს
პირუტყვისგან განასხვავებს. თავად არაფერს ვქმნით, ჩვენ
მოწამლულები ვართ შუშანიკით, რუსთაველით, ოპიზარებით, გელათის
აკადემიით, ოთხივე სახარებით და წმინდა წერილებით, ნიკოლოზ
ბარათაშვილით, ილია ჭავჭავაძით, გალაკტიონით, მერაბ მამარდაშვილით,
ირაკლი ჩარკვიანით...და კიდევ, ოქროს საწმისით, წმინდანი მონარქებით,
მხედართმთავრებით, ცოტნე დადიანით, ცხრა ძმა ხერხეულიძით, სამასი
არაგველით და ასი ათასი მოწამეთი... სხვების გმირობით, სიყვარულით,
ღალატით, ... ერთმანეთით... ჩვენი წარსულით... სხვების შემოქმედებით,
ხელოვნებით; კულტურის ამ ძირითადი საშენი მასალით, რომელიც
მემკვიდრეობით მივიღეთ და ისე მივითვისეთ, თითქოს მის შექმნაში რაიმე
მონაწილეობა გვქონდეს მიღებული.

ის ჩვენზე ოჯახის წევრის უცხო ჯგუფის სისხლივით მოქმედებს
და მტანჯველი კონვულსიებით გვკლავს..

ხელოვნება ფენიქსია. ის უნდა დაწვა და მისი ფერფლი შეჭამო,
შეისრუტო, კანის ფორებით შემოუშვა, რომ შენში გადმოვიდეს და იქ
აღსდგეს შენს შემოქმედებაში, სრულიად ახალი, მშვენიერი, ცოცხალი,
ენერგიით სავსე ... წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაშეშდება, გაქვავდება,
დანახშირდება.. მაგრამ არა სამუდამოდ, რადგან ენერგია, თუკი ის
არსებობს, არასდროს არ კვდება. ოდესმე ამ გაქვავებულ სიცოცხლეს
ვინმე ერთ ნატეხს მოატეხს, გამოქვაბულის კედელზე მარტორქას
ამოკაწრავს... და ხელოვნება მაინც გაცოხლდება. მაინც დაიწყება ახალი,
დიდი კულტურა. დიდი ცივილიზაცია. მხოლოდ - შენს გარეშე.

"ვეფხისტყაოსანი" უნდა დაწვა... თუ არ გსურს, რომ ის მტვრიან
თაროზე სამუდამოდ შემოდებულ აფორიზმების კოლექციად დარჩეს.
ამით შენში მარადიული ფრინველივით აღდგომის შანსს - ახალ, ცოცხალ
ღირებულებას შესძენ, თავად კი დიდი პოეზიის კრეაციის პროცესის
თანამონაწილე გახდები და მას გადაარჩენ ისე, როგორც საუკუნეების
განმავლობაში სხვა შენნაირებმა გადაარჩინეს იგი ათასობით,
მილიონობით მთვრალი მოლაყბე სუფისტისგან და ჩვენამდე მოღწევის
საშუალება მისცეს.

საქართველოს ომი სამხედრო ძალით უკვე რამდენიმე
საუკუნეა, არ მოუგია. მისი პოტენციური მოწინააღმდეგეების ძალის
გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია. რომ მან ეს დღეს, ან ოდესმე,
შეძლოს დამოუკიდებლად.

ჩვენ შეუდარებლად დიდ ბიუჯეტს ვახმართ შეიარაღებას,
ვიდრე კულტურას და დასავლეთს ამით თავს ვაწონებთ აღმოსავლეთში
- ავღანეთში, ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად. ჯიუტად
არ გვსურს გავიგოთ, რომ ჩვენი ერთადერთი შანსი, ჩვენი "იარაღი" -
დასავლეთთან კულტურული და არა სამხედრო ინტეგრციაა.
საჭიროა, ბოლოს და ბოლოს ერთი ქართული ხელისუფლება მაინც
მიხვდეს, რომ კულტურა საქართველოსთვის ბევრად უფრო სტრატეგიული
დარგია, ვიდრე თავდაცვა ან უსაფრთხოება.

საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ
საქართველოში კულტურული და საგანმანათლებლო კატასტროფა ბევრად
უფრო საშიშია, ვიდრე კარს მომდგარი მტერი, და თავის რესურსებს
სწორედ კულტურას მოახმარს, საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი
მთავარი რეფორმატორის ადგილს დაიკავებს.რადგან კულტურა არის
კონტექსტი, რომლის გარეშე დემოკრატია არ შენდება, დემოკრატია
კი საბაზისო სისტემაა, რომლის გარეშე ვერ განვითარდება ვერც ერთი
ზემოთ ჩამოთვლილი დარგი. ამიტომ მათ განვითარებაზე ფულის ფლანგვა
მის წყალში გადაყრას ნიშნავს.

კულტურა სხვა არაფერია, თუ არა პიროვნული ღირსება,რომელიც
ადამიანს პირუტყვისგან განასხვავებს. დემოკრატია არის პიროვნული
ღირსება აყვანილი ეროვნულ, შემდეგ კი სახელმწიფოებრივ ხარისხში.

მოსახლეობის კულტივირებისათვის ხელის შეწყობა პირველ
რიგში სახელმწიფოს ეგზისტენციალური მნიშვნელობის მოვალეობაა.
მას სხვა გზა უბრალოდ არ გააჩნია. ქართულ სახელმწიფოს ეს არც
წარსულში ესმოდა და არც დღეს ესმის: კულტურისა და ძეგლთა დაცვის
ყველაზე ღარიბი სამინისტრო სხვა სამინისტროების ჩამონათვალში
ზუსტად იგივე პოზიციაზე იმყოფება, როგორზეც კულტურის ახალი ამბები
საღამოს ტელე-საინფორმაციო ჟურნალებში: ამინდის პროგნოზის წინ და
კრიმინალური ქრონიკის შემდეგ.

ძეგლთა დაცვა და კულტურა ორ დამოუკიდებელ სახელმწიფო
სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. ისტორიული ძეგლები "ჭამენ"
ცოცხალ კულტურას. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოცხალი კულტურა, თუმცა, ამ
უკანასკნელის გარეშე ძველი კულტურა არავის სჭირდება და "ძეგლთა
დაცვის" აზრი მხოლოდ მის მიერ  ჩვენი უკულტურობისგან რელიქვიების დაცვას გულისხმობს!

ტყუილია, თითქოს ყოველი ერი ისეთ მთავრობას იმსახურებს,
როგორიც ჰყავს. გზა ძალაუფლებისაკენ ხშირად ძალადობას და
თაღლითობას ეფუძნება. არცერთი ხალხი არ იმსახურებს არც ერთს, არც
მეორეს.

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები არ არიან მოვლენილნი ამ
ქვეყნად ხალხის სასჯელად. ისინი თავად იღებენ ინციატივას და მერე
წუწუნებენ, უსირცხვილოდ ტყუიან, რომ ჩვენზე ესეც ზედმეტია.

ჩვენ არცერთ მთავრობას არ ვიმსახურებთ, რომელიც გვყავდა...
ჩვენ მხოლოდ მოწამლულები ვართ და ჩვენი ანტიდოტი კულტურა,
მისი მარცვალი, ჩვენში ბუნებრივად დევს, საჭიროა მხოლოდ მისი
კულტივაციის აუცილებლობას მივხვდეთ, და დაუყონებლივ მივყოთ ხელი.

P.K. 19 Mai 2013 Paris 

1 commentaire:

Kakha Kolkhi a dit…

კლასიკური ''მორიელის'' ფილოსფია ! ... მე მხოლოდ მივესალმები, ბრწყინვალეა :)