25 mai 2013

რეკანიბალიზაცია



რენესანსის ჰუმანისტების მიხედვით, კულტურა იბადება მაშინ, როდესაც მთავრდება კანიბალიზმი. თუმცა შეგვიძლია პირიქითაც წარმოვიდგინოთ: კანიბალიზმი იწყება იქ, სადაც მთავრდება კულტურა.
კანიბალიზმისა და კულტურის მონაცვლეობა წარმოადგენს ორ ძირითად ფაზას, რომელიც ქმნის კაცობრიობის ისტორიას.
ჩვენ, ადამიანებს, ჩვენი არსებობისა და განვითარების ყოველ ეტაპზე – დღევანდელის ჩათვლით – უნიკალური უნარი გაგვაჩნია, ყველაზე მაღალი კულტურული ფაზიდან საოცრად ადვილად და სწრაფად დავეცეთ უკიდურესად დაბალში. უკუ-, ანუ კვლავ გაადამიანურების პროცესი კი ძალიან მძიმე, რთული და ხანგრძლივია – მას თაობების ცვლა სჭირდება.
ფაზების ეს მონაცვლეობა ადამიანად დაბადების საფასური – ჩვენივე სხეულსა და გონებაში ინტეგრირებული მძიმე ჯვარია, რომელსაც კანიბალიზმისა და კულტურის ნაწიბურზე დავათრევთ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. მისი სიმძიმე გამუდმებით უკან გვექაჩება, არაერთხელ დაძლეული პრიმიტიული, ბარბაროსული საწყისისკენ, რომელშიც დროდადრო ვვარდებით, რომ მერე კვლავ მოვკლათ ჩვენში კანიბალი, ისევ დავბადოთ ბესტიალურ, ხანგრძლივ ორსულობაში, მშობიარობის აუტანელ ჭინთვებსა და ჯოჯოხეთურ ტკივილებში კულტურა... ანუ ადამიანი.

„ანთროპოფაგია“
ვოლტერი – „ფილოსოფიური ლექსიკონი“ (ამონარიდი):
1725 წელს, ფონტენბლუში, მისისიპიდან ჩამოყვანილ ოთხ ველურთან გასაუბრების პატივი მხვდა წილად.
ერთ-ერთ მათგანს, ქალბატონს, ვკითხე – ჰქონდა თუ არა ნაჭამი ადამიანი. მან ძალიან მიამიტად მიპასუხა, რომ ნაჭამი ჰქონდა, თუმცა როდესაც სკანდალიზება შემამჩნია, მობოდიშებით ამიხსნა, რომ „მათთან გამარჯვებული იმსახურებს არჩევანის უფლებას. ამასთან, უმჯობესია შენი მკვდარი მტერი შეჭამო, ვიდრე ის მტაცებელ ცხოველებს მიუგდო საჯიჯგნად“.
ჩვენს სამართლიან თუ უსამართლო ომებში მეზობლები ერთმანეთს ვხოცავთ და, უბადრუკ საფასურად, მატლებითა და ყვავებით ვიკვებებით... საშინელება სწორედ ეს არის. რა მნიშვნელობა აქვს, მას შემდეგ რაც მოგვკლავენ, ჯარისკაცი შეგვჭამს თუ ყვავი, ან ძაღლი?
ჩვენ გაცილებით მეტ პატივს მივაგებთ მკვდრებს ვიდრე ცოცხლებს, არა და პატივისცემას ორივე იმსახურებს.
ცივილიზებულ და კულტურულად წოდებულ ერებს მტკიცე არგუმენტი გააჩნიათ იმისათვის, რომ დამარცხებული მტერი შამფურზე არ ააგონ – თუკი ისინი მეზობლი ერების ჭამის უფლებას დაუშვებენ, ადამიანები თანამემამულეების ჭამასაც დაიწყებენ, რაც დიდ სოციალურ ზიანს მოგვაყენებდა.
ადამიანის მიერ ადამიანის ჭამა აუცილებლობამ გამოიწვია, მსხვერპლად შეწირვა კი ცრურწმენამ.
რა უფრო დიდი დანაშაულია – სადღესასწაულოდ შეკრება იმ მიზნით, რომ ლამაზად მორთულ ნორჩ გოგონას ღვთის სადიდებლად დანა ჩაასონ გულში, თუ ვიღაც ბოროტი კაცის შეჭმა, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად მოკლეს?
თავსმოხვეული რელიგიური ომების დროს (XVI საუკუნის მეორე ნახევარში) ალყაშემორტყმულ პარიზსა და სანსერში დედები იძულებულნი იყვნენ, საკუთარი შვილების ხორცით გამოეკვებათ თავი. ნეტარი ლას კასასი, შიაპას ეპისკოპოსი, ამბობს, რომ მსგავსი საშინელება ამერიკაში მხოლოდ რამდენიმე ტომის მიერ იქნა ჩადენილი, რომლებსაც არც კი შეხვედრია თავისი მოგზაურობის დროს.
უილიამ დამპიერი (ინგლისელი მოგზაური და მეკობრე) ირწმუნება, რომ ის არასდროს შესწრებია ანთროპოფაგიის შემთხვევას; რომ დღეს, შესაძლოა, სულ ორიოდე პატარა ტომი იყოს, რომელიც ამ საშინელ ტრადიციას მისდევს.

ამერიგო ვესპუჩი თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ ბრაზილიელები ძლიერ გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ევროპელები უკვე დიდი ხანია თავიანთ სამხედრო ტყვეებს აღარ ჭამენ.
თუმცა ერთ დროს გასკონელები და ესპანელები ამ ბარბაროსობას სჩადიოდნენ, როგორც ამას გვამცნობს პირველი საუკუნის მიწურულის რომაელი პოეტი იუვენალუსი თავის მეთხუთმეტე სატირაში.
მონტენით დავამთავროთ – ის ყვება ბრაზილიიდან დაბრუნებული ფრანგი მოგზაურის, ვილეგანონის თანამგზავრების მონათხრობს იმის შესახებ, რაც მათ საფრანგეთში ნახეს.
ისინი ადასტურებენ, რომ ბრაზილიელები ჭამენ თავიანთ ბრძოლაში მოკლულ მტრებს, მაგრამ, აი, წაიკითხეთ რას დასძენენ: „რა უფრო დიდი ბარბაროსობაა – ჭამო უკვე მკვდარი და მერე კოცონზე შემწვარი კაცი, თუ ის ძაღლებსა და ღორებს მიუგდო დასაგლეჯად, როგორც ეს საკუთარი თვალით ვნახეთ სულ ახლახანს“...
ეს ხდებოდა არა ძველ მოსისხლე მტრებს, არამედ მეზობლებსა და თანამოქალაქეებს შორის. და რაც ყველაზე სამწუხაროა – ღვთისმოსაობისა და რელიგიის სახელით!
რა ცერემონიულობაა მონტენის დარი ფილოსოფოსისათვის! ანაქრეონი და თიბულე რომ იორკელებად დაბადებულიყვნენ, ნუთუ ისინი კაციჭამიები იქნებოდნენ? – დიახ, სამწუხაროდ!
(...)
კიდევ ორიოდ სიტყვა ანთროპოფაგზე: ერთ წიგნში, რომელსაც საკმაო წარმატება ხვდა ღირსეულ ადამიანთა შორის, დაახლოებით ასეთ ისტორიას წავაწყდი:
კრომველის დროს, ერთი დუბლინელი მესანთლე ქალი ინგლისელების ქონისგან გაკეთებულ შესანიშნავ სანთლებს ყიდდა. გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთმა მისმა კლიენტმა საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ სანთლების ხარისხი გაუარესდა.
„ბატონო, – უთხრა ქალმა, – ეს იმიტომ რომ ინგლისელები შემოგვაკლდა“.

ვინ უფრო დამნაშავეა – ვკითხულობ მე – ისინი ვინც ინგლისელებს კლავდა, თუ საბრალო ქალი, რომელიც მათი ქონისგან სანთლებს აკეთებდა? ასევე ვკითხულობ: რა უფრო დიდი დანაშაულია – სადილად ინგლისელის მოხარშვა თუ სანთლების გაკეთება სადილის გასანათებლად?...
სინამდვილეში მეჩვენება, რომ ყველაზე დიდი ბოროტება არის ის, რომ ჩვენ გვკლავენ. რა მნიშვნელობა აქვს, სიკვდილის შემდეგ მწვადის სახით გამოგვიყენებენ თუ სანთლის. პატიოსან კაცს არც კი უნდა ეწყინოს, თუკი სიკვდილის შემდეგ, ის კიდევ რამეში გამოსადეგი იქნება“.
ვოლტერი
***
ანთროპოფაგია (ანთროპო – ადამიანი, ფაგია – ჭამა) გახლავთ ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ხორცის საკვებად გამოყენება. ეს ტერმინი აღნიშნავს კანიბალიზმის კონკრეტულ ფორმას, რომელიც მხოლოდ ადამიანებთან მიმართებაში გამოიყენება.
ანთროპოფაგია, თავის მხრივ ორი ძირითადი კატეგორიად იყოფა: ენდოკნიბალიზმი – ადამიანის მიერ საკუთარი ჯგუფის წევრის ჭამა – და ეგზოკანიბალიზმი, რაც ნიშნავს უცხო ადამიანთა ჯგუფის წევრის ჭამს.
ენდოკანიბალიზმის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგეს ნეკროფაგია, რაც ნიშნავს საკუთარი ოჯახის გარდაცვლილი წევრის ამა თუ იმ ფორმით საკვების სახით მიღებას და ეს ძალიან ცუდი და სამარცხვინო ჩვევა, დედამიწის ბინადართ შორის, მხოლოდ ადამიანებში გვხვდება. უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად ნეკროფაგს შეუძლია ახლობლის ნეშტის ჩონჩხი დაფქვას, ლუდში აურიოს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შესვას... მისი რწმენით, ძვლები ატარებენ გარდაცვლილის სულის სასიცოცხლო ელემენტებს და ის იმ ადამიანებში გადადის, ვინც ამ ლუდს დალევს. ნეკროფაგები, გემოვნების მიხედვით, ადამიანის გვამის სხვადასხვა ორგანოს მოიხმარენ, მაგალითად გულს ან ტვინს...

ისტორიაში ცნობილი ზოგიერთი მომთაბარე ხალხისათვის ენდოკანიბალიზმის ეს ფორმა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, მაგალითად, როგორც ჰეროდოტე მოგვითხრობს, ისედონებისა და მოსაგეტების ტომებს შორის, რომლებიც არალისა და კასპიის ზღვის შორის და დღევანდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, უფრო სწორად, გამუდმებით გადაადგილდებოდნენ.
როდესაც ისედონს მოხუცი მამა მოუკვდებოდა, ქელეხისათვის ყველა ნათესავს მოჰყავდა საკლავი, რომელსაც დაკლავდნენ, გამოშიგნავდნენ, გაასუფთავებდნენ და ხორცს დაკეპავდნენ. შემდეგ ზუსტად ასევე დაამუშავებდნენ მამის ცხედარს, მის დაკეპილ ხორცს საქონლისაში შეურევდნენ და დიდ ნადიმს მართავდნენ (ჰეროდოტე, ისტორიები IV,26).

ხოლო მასაგეტები, რომლებიც დღევანდელი ყირგიზეთის მიდამოებში ბინადრობდნენ, კიდევ უფრო ეგზოტიკურად ექცეოდნენ თავიანთ მოხუცებს: როდესაც ვინმე ძალიან დაბერდებოდა, ნათესავები შეიკრიბებოდნენ, დიდ მხიარულებასა და ზეიმში ერთად დაკლავდნენ საქონელსა და მოხუცს, მერე კი ასევე ერთმანეთში არეულ, დაკეპილ ხორცს მიირთმევდნენ.
მასაგეტები ტრადიციის მიმდევარი და წინაპრების დიდად პატივისმცემელი ხალხი იყო; სჯეროდათ, რომ ყველაზე ბედნიერი და სასურველი სიკვდილი სწორედ ასეთი სიკვდილია.
თუკი ვინმე ავადმყოფობით – თავისით მოკვდებოდა, თვლიდნენ, რომ მისი შეჭმა უბედურების მომტანი გახდებოდა. წყევლა გადავიდოდა მათზე, ვინც ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის ხორცს გაეკარებოდა და თავად, როდესაც ასაკი მოუვიდოდა, ასე პატივაყრილი მოკვდებოდა თავისი სიკვდილით. ამიტომ ავადმყოფობით მკვდარს პირს არავინ აკარებდა, მას ხელუხლებელს მარხავდნენ (ჰეროდიტე).
გულახდილნი რომ ვიყოთ, გარკვეული თვალსაზრისით, ნეკროფაგიაში ცუდი ბევრი არაფერია. ეს მხოლოდ მოყვასისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ერთგვარი ფორმაა – მართალია, საკმაოდ პერვერტული, იშვიათი და პრიმიტიული, თუმცა არცთუ ბევრად განსხვავებულია ჩვენი უცნაური ჩვევისგან – მოვიხმაროთ ჩვენი წასული წინაპრები ისე, როგორც გვსურს; მივიღოთ ცოცხლებისგან დარჩენილი ენერგია და სული ამოვხადოთ მათ. მერე კი, სიკვდილის შემდეგ, მათი სახელი, რომელიც საერო ცხოვრებაში იგივე დატვირთვას ატარებს, რასაც სასულიეროში – სული, გამოვიყენოთ ისე, როგორც მოგვეპრიანება ჩვენი პოლიტიკური თუ მორალური შეხედულებების დასტურად. ამ მხრივ ქართველები ერთ-ერთი გამოჩენილი ნეკროფაგები ვართ. ჩვენში აშკარად იგრძნობა ჰეროდოტეს მიერ აღწერილი ტომების ჩვენს შორეულ წინაპრებთან შესაძლო მეგობრული ვიზიტებისა და, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ერთგვარი კულტურული ურთიერთობებისა თუ გაცვლის კვალი.

საერთოდ, უნდა ითქვას, ენდოკანიბალიზმი არ დაწყებულა ან დასრულებულა შუა აზიის ტრამალებში. ამ პრაქტიკას უხვად ვხვდებით კაცობრიობის ისტორიისა და განვითარების ნებისმიერ ეტაპზე – მათ შორის, ჰეროდოტეს სამშობლოში.
V საუკუნის ესპანო-რომაელი ეპისკოპოსი და ქრონოგრაფი იდაციუსი აღწერს ანთროპოფაგიის შემთხვევებს ბარბაროსების (ვანდალების, სუევებისა და ალანების) სისხლიანი შემოსევისას რომის იმპერიაში, კერძოდ კი ესპანეთში. შემოსევას შავი ჭირის ეპიდემია მოყვა. ამან, თავის მხრივ, ისეთი შიმშილობა გამოიწვია, რომ დედები საკუთარ შვილებს კლავდნენ და მათი ხორცისგან დამზადებული კერძებით იკვებებოდნენ.
VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელიც აღწერს ანთროპოფაგიის შემთხვევებს იტალიაში, გოთიკური ომებისას. საყოველთაო შიმშილობამ იქამდე დასცა მოსახლეობა, რომ ისინი ადამიანის ხორცსა და ბალახს ჭამდნენ.

მოკლე მახსოვრობა ადამიანისათვის რეალობასთან ადაპტაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც განსაკუთრებით ახასიათებს ევროპულ ცივილიზაციას. ამიტომ შუა საუკუნეებში, როდესაც ამნეზიით შეპყრობილმა ევროპამ თავისთვის ახალი მიწები და ბარბაროსები „აღმოაჩინა“ ბორბალივით, კანიბალიზმის თემა ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა ევროპელი ჰუმანისტებისათვის. უფრო მეტიც, მიშელ დე მონტენის წიგნმა „ესეები“, სადაც მის ცნობილი ესე – „კანიბალები“ შედის, თანამედროვე ევროპული აზროვნების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამდენად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ესეში აღწერილ ბრაზილიელი ტუპინამბას ინდიელებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით დასავლური აზრის განვითარებაში.
აღორძინების ეპოქაში, როდესაც ამერიკა, თავისი ამაზონის კანიბალებით, სულ ახლახან აღმაჩინეს  – განწყობა დაახლოებით იგივე იყო, იური გაგარინს კოსმოსში კაციჭამია უცხოპლანეტელები რომ გაეცნო და მათ შესახებ მოეთხრო დედამიწელებისათვის... პრინციპში შუა საუკუნეების ვაჭრები და მეკობრეები, რომელთა დღიურებს ფასდაუდებელი სამსახური აქვთ გაწეული ევროპული ცივილიზაციის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, თავისუფლად შეგვიძლია გავუტოლოთ სამოციანი წლების პირველ გმირ კოსმონავტებს!

რუსეთი 1923
ანთროპოფაგიის ხშირი შემთხვევები მეოცე საუკუნეშიც არის აღწერილი.
აი, რას იუწყება საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის რაპორტი ვოლგისპირეთში შიმშილობის მასშტაბების შესახებ 1922 წელს: „შიმშილობა ისეთ საშინელ პროპორციებს აღწევს, რომ გლეხები ყველაფერს ჭამენ: კატებს, ძაღლებს... არსებობს უამრავი მოწმე, რომ ლუბომოვკაში კანიბალიზმის მასშტაბებმა დრამატულ საზღვრებს მიაღწია“.
საბჭოთა კავშირში კანიბალიზმის ყველა ფორმის განსაკუთრებით ხშირი შემთხვევები იყო უკრაინაში, 1932-33 წლების ხელოვნურად გამოწვეულ და სისასტიკით უპრეცედენტო შიმშილობის პერიოდში, რომელიც გოლოდომორის სახელითაა ცნობილი. 
ანთროპოფაგიის ხშირ შემთხვევებს ვხვდებით მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელი სამხედროების შესახებ შედგენილ საგამომძიებლო დასკვნებშიც, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის გამართულ ტოკიოს სასამართლო პროცესზე ავსტრალიელმა გამომძიებელმა უილიამ ვებმა წარადგინა.

დასკვნაში წარმოდგენილია იაპონელი სამხედროების მიერ ჩადენილი კანიბალიზმის აქტები ტყვეთა ბანაკებში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში კანიბალიზმი შიმშილით იყო გამოწვეული, მაგრამ ისტორიკოს იუკი ტანაკას მიხედვით, „კანიბალიზმის აქტები მასიურად ხდებოდა ესკადრონებშიც, ოფიცერთა ბრძანებით, და ის სისტემატიურ ხასიათს ატარებდა.
მისი ჩვენებები შეეხება რვა მაღალი ჩინის ოფიცერს – მაგალითად გენერალ-ლეიტენანტ იოშიო ტეჩიბანოს, რომელიც თავისი გარემოცვის თერთმეტ წევრთან ერთად გაასამართლეს 1944 წლის აგვისტოში, კუნძულ შიში ჯიმაზე ტყვე ამერიკელი ავიატორის დანაწევრებისა და ჭამისათვის.
ამერიკელი და ავსტრალიელიოფიცრები ახალ გინეაში, უჩვენებენ იაპონელების მიერ მოკლული და შეჭმული ამერიკელი ჯარისკაცის ნარჩენებს
აი რამდენიმე ამონარიდი მაიორი მატობას ჩვენებიდან ადმირალ მორის შესახებ (1946): „მე ვთხოვე ქირურგს დაეჩქარებინა ღვიძლის ამოკვეთა, რადგან ის შტაბში უნდა წამეღო ადმირალისათვის. (...) 308-ე ბატალიონისათვის გამართულ მიღებაზე ჩვენ ღვიძლი მივირთვით. ადმირალმა გამიმხილა, რომ ჩინეთის ომის დროს, ადამიანის ღვიძლს იაპონურ არმიაში როგორც წამალს, ისე მიირთმევდნენ. ოფიცრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა კუჭისა და მომნელებელი სისტემისათვის“.
ადამიანის ღვიძლის სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაციამ, ჩანს, ჩინელებშიც გაჟონა. ინგლისელი ჟურნალისტი და მწერალი პატრიკ ფრენჩი ამტკიცებს, რომ სამოციან წლებში, მაოს „კულტურული რევოლუციის“ დროს, ჩინეთს სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის ღვიძლს ხელმძღვანელი ამხანაგები საკმაოდ ხშირად მიირთმევდნენ.
ჩინელი მწერალი ჩენ ი თავის კვლევაში „ტოტალიტარიზმი თუ კანიბალიზმი“ ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში, ჩინეთში ათი ათასი ადამიანი შეჭამეს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომელთა მიხედვით ეს ციფრი 100 ათასს აღწევს.
მასიური ანთროპოფაგიის შემთხვევების აღწერას ვხვდებით პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში – ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქის არაბულ წყაროებში ან პირიქით – ევროპულ წყაროებში ამავე ლაშქრობების აღწერისას.
პირველი იურიდიული ტექსტი, რომელიც კანიბალიზმს კრძალავს დაიწერა ევროპაში. ის ეკუთვნის ფრანკთა მეფე შარლემანს და თარიღდება 789 წელს:
„თუ ვინმეს ეშმაკი აურევს გონებას და ნებისმიერ ქალს ჯადოქრობის ბრალდებით მოკლავს, დაწვავს, მის ხორცს საჭმელად გასცემს ან თავად შეჭამს, სიკვდილით დაისჯება“.
დღეს ისეთი ქვეყნების იურისპრუდენცია, როგორებიც საფრანგეთი ან გერმანიაა, ანთროპოფაგიას არ ითვალისწინებს, რადგან ეს წარმოუდგენლად მიაჩნია. თუკი მსგავსი შემთხვევა მაინც მოხდა, კანონი ითვალისწინებს სასჯელს წამებისა და ბარბაროსობის ბრალდებით.
სამაგიეროდ აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის – მაგალითად გაბონის – სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 21 სტატია, რომელიც ანთროპოფაგიის ნებისმიერ აქტს კრძალავს.
შიმშილით გამოწვეული ანთროპოფაგიის შემაძრწუნებელი შემთხვევების შესახებ, სულ ახლახან, გაახმაურა იაპონურმა სააგენტო „აზია პრესმა“. როგორც ჩანს, მსოფლიოში ყველაზე დახურულ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაში, მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ ხშირი მოვლენაა – განსაკუთრებით ქვეყნის დამშეულ ჩრდილოეთში. სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია სიკვდილმისჯილ დამშეულ კაცზე, რომელმაც საკუთარი ორი შვილი მოკლა და შეჭამა.
***
ჩვენ ყველანი კანიბალიზმიდან მოვდივართ – ყველანი, განურჩევლად ეროვნების, რასის, კულტურის.
ჩვენი შორეული წინაპრები, მაგალითად, ჩვენი ევროპულობის უტყუარი და საამაყო გარანტები, ჩვენი მზია და ზეზვა, უკეთეს შემთხვევაში, ფონტენბლუში ჩამოსული მისისიპელი ქალბატონებივით პატიოსანი ეგზოკანიბალები იყვნენ, ანუ ჭამდნენ თავიანთ მტრებს, რომლებიც, თავის მხრივ, როგორც კი ხელთ ჩაიგდებდნენ, დიდი პატივითა და მოწიწებით მიირთმევდნენ ჩვენს დიდ ბებიებსა და ბაბუებს.
ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. ყველა კმაყოფილი გახლდათ – ვინც ჭამდა და ისინიც, ვისაც ჭამდნენ, რადგან, როგორც ცნობილია, მათ შესანიშნავად ექცეოდნენ: შამფურზე აგების წინ, კარგად აჭმევდნენ, ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ, ღირსებას არ ულახავდნენ... ღირსება კი ისეთი რამ არის... ისეთი... ბევრ რამეზე დაგახუჭინებს თვალს, თუ პატივით გეპყრობიან, და არა ისე, როგორც დღევანდელი „სოციო-პოლიტიკური კანიბალები“ ვეპყრობით ერთმანეთს.
ჩვენ, ქართველებმა, ანთროპოფაგიის სრულიად ახალი და განსაკუთრებულად პერვერსიული ფორმა მოვიგონეთ და მას კოჰაბიტაცია დავარქვით, რომელიც, პრინციპში, ბევრად უფრო ახლოა „ევროპულ ენდოკანიბალიზმთან“, ვიდრე ჰუმანისტების მიერ აღწერილი ტუპინამბას ტომის პატიოსან ეგზოკანიბალიზმთან.
***
ჩვენი ტანჯვის შარავენდედით მოსილი სამშობლოს ისტორია, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, არაფერს ამბობს ჩვენში ანთროპოფაგიის შემთხვევებზე, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს ეწინააღმდეგება ადამიანში ბუნებისგან ჩადებული კანიბალის დემონური გენის არსებობის ლოგიკას...  თუმცა, თუ მცირეოდენ ძალას დავატანთ ჩვენს დაღლილ გონებას, უმალ მივხვდებით, რომ ჩვენში ანთროპოფაგიის სრულიად უნიკალური ფორმაა გავრცელებული, რომელსაც მე პირობითად ნევროფაგიას დავარქმევდი. ზემოთხსენებული კოჰაბიტაცია, სწორედ კანიბალიზმის ამ განსაკუთრებულად სასტიკი ფორმის ერთ-ერთი მძიმე გამოვლინებაა.
***
ნევროფაგები ძირითადად საკუთარი მოყვასის ნერვებით იკვებებიან და არა მათი ხორცით. ისინი ადამიანს უსისხლოდ ჭამენ, განსაკუთრებული კულინარული კრეატიულობის გარეშე. ნევროფაგია თავის თავში მოიცავს ანთროპოფაგიის ყველა ცნობილ ფორმას, ენდო და ეგზო კანიბალიზმს, აგრეთვე ნეკროფაგიას...
ნევროკანიბალები, ვოლტერის მიერ აღწერილი ბრაზილიელი, თავაზიანი კანიბალებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და პერვერსიით გამოირჩევიან. ისინი საკუთარ და უცხო ჯგუფის წევრს იმ რაოდენობით მიირთმევენ, რამდენიც ხელში ჩაუვარდებათ.
მათი უმრავლესობა ქრონიკული, აგრესიული ბულემიითაა დაავადებული და ამ სენისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს ატარებს: ის ადამიანებს ჭამს არა იმიტომ, რომ შია... მისთვის ჭამა შორს წასული ნარკომანიაა, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება. მას უბრალოდ არ შეუძლია არ ჭამოს... განუწყვეტლივ – დღე და ღამე, დღე და ღამე, ღამე და დღე...
ამასთან, როგორც ხშირად ხდება ბულემიის შემთხვევაში, ნევროკანიბალიზმს თან ახლავს საკუთარი პერსონის მიმართ ძლიერი სიძულვილი. შესაძლოა უფრო ძლიერიც კი, ვიდრე მსხვერპლის მიმართ. ამიტომ, დროდადრო განსაკუთრებულად აგრესიულნი, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი თავის ჭამას იწყებენ.

ქართველი ერი მორიელის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული.
***
19 თებერვალი, 2013 წელი. პოლიციის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ნატურალური კადრების ჩვენების შემდეგ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება:
„კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას, განსაკუთრებით, ამირან რობაქიძის ოჯახს და მის ახლობლებს, ბოდიში მოვუხადოთ ამ მძიმე კადრების საჯაროდ ჩვენებისთვის. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაწყვეტილება ვიდეომასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ“.
რა ცერემონიულობაა რუსთავი 2-ის მხრიდან! რა ელეგანტური მანერულობა! ნუთუ მისი გენერალური დირექტორი და პროდუსერები XV საუკუნეში, ბრაზილიაში რომ დაბადებულიყვნენ და სადმე გაუვალ ჯუნგლებში ამერიგო ვესპუჩის გადაჰყროდნენ მას შამფურზე ააგებდნენ და გემრიელად შესანსლავდნენ? – სავარაუდოდ ასეც მოხდებოდა. და ამაში შოკის მომგვრელი არაფერი იქნებოდა, მოცემულ კონტექსტში. ამიტომაც ვოლტერი აუცილებლად ივარაუდებდა, რომ დღევანდელი ქართველი ტელებარბაროსობის ხარისხი ბევრად აღემატება ტუპინამას ტომის მშვენიერი ინდიელებისას, რომლებმაც, ერთხელ, ელდორადოსკენ მიმავალ გზაზე იეზუიტებად გადაცმული მისი ცნობილი გმირი -კანდიდი და მისი მსახური კაკამბო დაიჭირეს ჯუნგლებში და, როდესაც შეჭმა დაუპირეს, კაკამბომ მათ ასეთი შესანიშნავი სიტყვით მიმართა:
„ბატონებო,– თქვა კაკამბომ – თქვენ აპირებთ დღეს შეჭამოთ იეზუიტი! ეს ძალიან კარგია. არაფერი ისეთი სამართლიანი არ არის, ვიდრე ასე მოექცე საკუთარ მტერს. მართლაც, ბუნების კანონები გვასწავლის მოვკლათ მოყვასი. ჩვენც სწორედ ასე ვიქცევით დედამიწის ყველა კუთხეში. და თუ მათი ჭამის უფლებით არ ვსარგებლობთ, ეს მხოლოდ იმიტომ, ჩვენ სხვა შესანიშნავი ხორცი გაგვაჩნია საკვებად. მაგრამ თქვენ არ გაქვთ იგივე რესურსი, რაც ჩვენ, ამიტომ, რა საკვირველია, სჯობს საკუთარი მტერი შეჭამო, ვიდრე გამარჯვების ნაყოფი ყვავებსა და სვავებს დაუტოვო საჯიჯგნად. მაგრამ ბატონებო! თქვენ არ მოისურვებთ შეჭამოთ თქვენი მეგობრები! თქვენ ფიქრობთ, რომ იეზუიტს ააცვამთ შამფურზე, სინამდვილეში კი ის, ვის მოხრაკვასაც აპირებთ, თქვენი დამცველი, თქვენი მტრების მტერია...“ (კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი, ვოლტერი)
***
მართლაც, რაში ვხედავთ უფრო მეტ სისასტიკეს? – XVIII საუკუნეში თავიანთი ტრადიციების ერთგული ინდიელების მიერ იეზუიტის ჭამაში, თუ აგრესიული, ბრიყვი პოლიციელის მიერ მოკლული ცხრამეტი წლის ახალგაზრდის მკვლელობის მიჩქმალვის მცდელობაში მთელი სახელმწიფო სისტემის მიერ?
ადგილობრივი მოსახლეობის პერვერსიული, დაუოკებელი სურვილი – უყუროს ძალადობას პირდაპირ ეთერში, საკუთარი თვალით იხილოს ყველა მომხდარი ტრაგედიის შედეგების ყოველი გადაღებული სანტიმეტრი – თითოეული დეტალი, მტკიცებულება, ალიბი, სისხლი, გვამები... ნუთუ ნაკლებად შემზარავად გამოიყურება?...
...რაც შეიძლება მეტი, მეტი გვამები!...
განა მოსახლეობის მიერ ამ სანახაობის ნახვის გარყვნილი სურვილის დაკმაყოფილების სახელმწიფო ლეგიტიმაცია უფრო ცივილიზებულად გამოიყურება, ვიდრე ტიპინამბას რომელიმე ბელადის მიერ დატყვევებული ტყვის შესაწვავად გაცემული ლეგიტიმაცია? ცივილიზებულობის რომელ ხარისხს შეესაბამება კანონმდებლობა, რომელიც ქართულ არხებს უფლებას აძლევს, რიტუალურად კვებოს ადამიანთა ეს აბსოლუტურად პარანოიკული ცნობისმოყვარეობა, რომელიც არანაკლებ ბარბაროსულად გამოიყურება, ვიდრე პრიმიტივი კანიბალების მიერ მტრად მიჩნეული იეზუიტის შეჭმის მათთვის სრულიად ბუნებრივი სურვილი?
განა რუსთავი 2-ის მიერ ბუტა რობაქიძის საჯიჯგნად მიგდება მაყურებლისთვის ვინმეს ბესტიალური ინსტიქტების ნაკლებ გამოვლინებად მიაჩნია?
***
... ინდიელების რომანტიული ვახშამი მთვარის ნაზ შუქზე!.. რა უმანკოებაა... ბავშვური ცოდვა... სულ პირველი ტრაპეზი სამოთხიდან განდევნის პირველივე საღამოს...
***
აჰ, ვოლტერი რომ ცოცხალი ყოფილიყო! პატივი ჰქონოდა ეხილა, სამი ათასი კილომეტრის სიშორიდან როგორ ისრუტავენ ზედმეტად გადახარშული სპაგეტივით ჩემს ნერვებს ქართველი ტელეკანიბალები, რომ შეძლებოდა ენახა რუსთავი 2-ის ეს ექსკლუზიური ბარბაროსობა! და ამასთან, ერთგვარი ბონუსის სახით, წინა დღით, TV „იმედის“ ყოფილი დირექტორის მიერ თავის ახალ საიტზე გაშვებული, აგრეთვე აბსოლუტურად ექსკლუზიური რეპორტაჟი კახური ჯოჯოხეთიდან ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის შესახებ, რომელიც, რეპორტაჟის ავტორი მონსტრის მიხედვით, ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესის დასაკმაყოფილებლად გადაიღეს და აჩვენეს.
ქვევრში მოტივტივე პატარა გოგონა... გაშეშებული, გაშლილი პაწაწინა ხელები და ფეხები... მისი თოჯინასავით გვამის რეანიმირებისათვის უსარგებლო, რაღაც ისტერიული მანიპულაციები... ახლობლების შემაძრწუნებელი, არაადამიანური გოდება, კომენტარები, კომენტარები... რეპორტაჟის წამყვანი ქალის აბსოლუტურად მანიაკალური, დემონური ხმა... off!
***
ღმერთო, ღმერთო ჩემო, „წმინდაო“ ფრანსუა მარი არუე ჩემო!...
საზოგადოება!...მისი მოთხოვნა!...
მყიფე, ცივ, ფაიფურივით ადვილად მსხვრევად ტვინებს ცომივით გადაზელა სჭირდება დასარბილებლად...
***
ანთროპოფაგია ამა თუ იმ გამოხატულებით მთელს მსოფლიოში გვხვდება. კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე, ყველა ეპოქაში, ყველა კონტინენტზე, ქვეყანაში... ყველა კულტურის ჩანასახში – განსაკუთრებით კი ყველა კულტურის აგონიისას, როგორც დიდის, ისე პატარის.
კანიბალიზმი სწორედ კულტურის აგონიისას იღვიძებს ჩვენში. მიზეზი ყველა ეპოქაში ერთი და იგივეა: ომი, აგრესია, სისასტიკე, სიღატაკე, უსამართლობა... შიმშილი...
დიახ, ერთგვარი „სამართალი“ კანიბალიზმსაც აქვს. ის ძალიან მარტივია და მას შიმშილი ჰქვია.
არაფერი ისე არ აკარგვინებს ადამიანს თავის სახეს, არაფერი ისე არ აჩქარებს ბესტიალურ მდგომარეობაში ჩავარდნის პროცესს, როგორც ხანგრძლივი და უიმედო შიმშილი.
 ***

რეისი 571 Fuerza Aerea Uruguaya

1974 წელი. ავიაკატასტროფაში მოხვედრილი ურუგვაელი რაგბის გუნდის გახმაურებული, ტრაგიკული ისტორია: ბუენოს აირესიდან აფრენილი თვითმფრინავი მაღალ მთებში, ანდების მყინვარზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ორმოცი მგზავრიდან ოცდაორი გადარჩა, მათ შორის რაგბისტები. ისინი ყოველგვარი საკვებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსის გარეშე დარჩნენ – თანამგზავრთა და თანაგუნდელთა გვამების გარემოცვაში.
თვითმფრინავის ძებნა, სავარაუდო უიმედობის გამო, ძალიან მალე შეწყდა. რამდენიმე დღის შიმშილის შემდეგ, გადარჩენილებმა გადაწყვიტეს, დაღუპულთა გაყინული გვამებით გამოეკვებათ თავი მაშველის მოსვლამდე. მათ ასე 72 დღე გაძლეს, სანამ ბოლოს, ორმა მათგანმა დაშვება და მაშველამდე მიღწევა არ მოახერხა.
როდესაც ეს შემზარავი ისტორია გასაჯაროვდა, პაპმა პავლე მეექვსემ მათ აბსუსი მისცა, ანუ შეუნდო კანიბალიზმი, ხოლო ამერიკელებმა სასწრაფოდ შეიძინეს ისტორია და გადაიღეს ფილმი „გადარჩენილები“, რომელიც დღემდე ტრიალებს პატარა, ღარიბი დასავლური ტელეარხების ეკრანებზე.
***
შიმშილი სულ რამდენიმე დღეში აშიშვლებს ადამიანს საუკუნეების მანძილზე წინაპართა მრავალი თაობის მიერ ნაქსოვი სამოსისგან, რომელსაც კულტურა ჰქვია და თავის პრიმიტიულ საწყისს უბრუნებს.
შიმშილი და მისი შიში კულტურის კოროზია და რეკანიბალიზაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სრული უფლება გვაქვს განვაზოგადოთ ზემოთ ნათქვამი და ვილაპარაკოთ ერთგვარ სოციალურ კანიბალიზმზე, რომელთანაც კულტურულ შიმშილს მივყავართ. ამ უკანასკნელამდე კი ფიზიკურ შიმშილს, უფრო ხშირად კი ფიზიკური შიმშილის შიშს. სწორედ ეს უკანსკნელი, შიმშილის შიშია ყველაზე ბესტიალური გრძნობების მკვებავი ელემენტი და არა რეალური შიმშილი.
ეს არის ფაზა, როდესაც ადამიანი, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, მაინც არ არის იძულებული პირდაპირი გაგებით შეჭამოს სხვა ადამიანი, თუმცა რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო მაინც „ჭამს“ მას, თან განსაკუთრებული სისასტიკით – შეიძლება ითქვას, ცოცხლად, სხვადასხვა აგრესიული ფორმით: ომით, რევოლუციით, სიხარბით, ბრიყვული კანონებითა და მათი კიდევ უფრო ბრიყვული ინტერპრეტაციების აპლიკაციებით.
ეს სწორედ ის ევროპული „კანიბალიზმია“, რომელზეც ვოლტერი მიგვანიშნებდა ფონტენბლუში ბრაზილიელ ქალბატონთან მეგობრული გასაუბრების შემდეგ. ეს არის ადამიანების თვისება, ცივილიზაციის ფასი, რომელიც შესაძლოა, თავისი უგუნურებითა და ბესტიალური სისასტიკით აღემატებოდეს კიდეც ინდიელთა პრიმიტიულ ანთროპოფაგიას.
***
ჩვენ გამუდმებით უნდა გვახსოვდეს კანიბალი, რომელიც ჩვენში თვლემს! უნდა გვახსოვდეს, რომ ურუგვაელი რაგბისტების ანალოგით, სულ რამდენიმედღიანი შიმშილი გვაშორებს მის გაღვიძებას; რომ ამ დღეების რაოდენობა პირდაპირპროპორციულია ჩვენში კულტურის მარაგისა, რომელიც ერთმანეთის ჭამისგან თავის შეკავებას გვაიძულებს.
კულტურა ჩვენი ერთადერთი თავდაცვის საშუალებაა ჩვენივე საკუთარი ბარბაროსობისგან, ჩვენივე კანიბალიზმისგან, მძინარე დემონისგან, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაიღვიძოს და, როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, ჩვენივე პირველყოფილ, ბესტიალურ ფაზაში ისეთი სისწრაფით მოგვისროლოს, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწროთ...
***
კურიოზულია, მაგრამ თითქოს ჩვენი, ქართველების რეკანიბალიზაცია-ჰუმანიზაციის ფაზები უფრო ხანმოკლედ და ინტენსიურად გამოიყურება ვიდრე სხვებისა.
ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს არის დიდი ქართული ენიგმის გასაღები: იქნებ სწორედ ვერბალური და ფიზიკური სისასტიკისა და ამავდროულად განსაკუთრებული, გასაოცარი ადამიანურობის, ჰუმანურობის მონაცვლეობის თანდაყოლილი უნიკალური თვისება დაგვეხმარა მოგვეღწია 21-ე საუკუნემდე, რომელშიც ჩვენი არსებობა, უნდა ვაღიაროთ, არანაირ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება?...
კაცმა რომ თქვას, ყველაზე ძლიერი აგრესორისთვისაც კი არ უნდა იყოს ადვილი საქმე, ჩვენსავით მცირერიცხოვან ნერვიულ ხალხს სდიოს თავის გაუთავებელ, აბსურდულ და სპონტანურ მარათონში ზეცასა და ქვესკნელს შორის. რაღაც მომენტში, დევნა ალბათ მოსაბეზრებელი, დამღლელი ხდება და თავს ანებებს... ან შესაძლოა ამასობაში თავად მას „გამოეკიდოს“ ვინმე...ვინ იცის!... ძნელია დაბეჯითებით ამ ჰიპოთეზის დამტკიცება.
***
ჩვენ გაცილებით უფრო გვძულს ერთმანეთი, ვიდრე მტრის სახე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნის უაღრესად დიდი ნიჭით ვართ დაჯილდოვებულნი. მხოლოდ, გარეშე მტრის მიმართ სიძულვილის გარდაქმნას იდეოლოგიად – მის ინსტიტუციონალიზაციას ვერ ვასწრებთ, რადგან შიდა პრობლემები სიძულვილის მოთხოვნილების დაკმაყოფილების უფრო იოლ გზას გვიხსნის და ერთმანეთის სიძულვილით ვკმაყოფილდებით. გარეშე მტერს ვიყენებთ როგორც სატყუარას ერთმანეთზე ნადირობისას. ეს ჩვენ, საერთაშორისო მორალით ლეგიტიმური ენდოკანიბალიზმის ჩარჩოებში გვტოვებს – ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ვჭამთ და არა სხვებს. და კიდევ: ეს ჩვენი საშინაო საქმეა!...
თუკი ამ ჩვენს „კანიბალიზმში“ ნამდვილი კულტურა არ იბადება, ეს, რა თქმა უნდა, სულაც არ გახდებოდა ვოლტერის შეშფოთების მიზეზი, ჩვენი თანამედროვე ყოფილიყო.
ისევე, როგორც თავის ეპოქაში ტუპინამბას ინდიელებში, შესაძლოა, ჩვენშიც აღმოეჩინა თავისთვის სასარგებლო მარცვალი, რომლის კულტივაციასაც ზუსტად ისევე მოახმარდა თავის ფრანგულ კულტურას, როგორც „მშვენიერ მისისიპელ კაციჭამია ქალბატონებთან“ გასაუბრებას ფონტენბლუს სამეფო სალონში... სხვათა შორის, მათ რომ 2012 წლის ჩვენი წინასაარჩევნო გრძელი, ღრმად მანიაკალურ-დეპრესიული საარჩევნო მარათონი და არჩევნების შემდგომი კოჰაბიტაციის პაროდია ენახათ, ალბათ კეთილ რჩევას მისცემდნენ დღევანდელ ქართველებს. ეტყოდნენ, რომ აჯობებდა ერთმანეთი პატიოსნად ფიზიკურად შეეჭამათ, ვიდრე, ფრანგული ტერმინით შენიღბული პოლიტიკური ანთროპოფაგიით გამხეცებულებს, ერთმანეთი ეძიძგნათ და ეკორტნათ, როგორც სვავებს... მტანჯველად, სასტიკად.
***
მიშელ დე მონტენი 1533-1592

მიშელ დე მონტენი, თავისი ცნობილი ესეს – „კანიბალების“ ბოლო აბზაცში გვიყვება სამი ბრაზილი კანიბალი ბელადის შესახებ, რომლებსაც დაათვალიერებინეს დიდი ქალაქები, XVI საუკუნის ევროპული საზოგადოების ყოფა გააცნეს, შემდეგ კი სთხოვეს გამოეთქვათ თავიანთი აზრი. როგორც ჩანს, მონტენს მათი ორი შენიშვნა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად:
„...მათი თქმით, პირველ რიგში, ძლიერ გასაკვირად მიაჩნიათ, რომ მეფის გარემოცვა – ასეთი დიდი, წვერიანი და ღონიერი მამაკაცები (მათ სავარაუდოდ შვეიცარელი მცველები ჰყავდათ მხედველობაში) – ბავშვს ემორჩილება, იმის ნაცვლად, რომ თავად მართონ ქვეყანა... (მათ მხედველობაში ჰყავდათ მეფე შარლ IX, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ბავშვი იყო). მეორე მხრივ, მათ შენიშნეს, რომ ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც სავსენი არიან ათასი სიკეთითა და სიმდიდრით. შიმშილისგან და სიღატაკისგან დაოსებული დიდი ნაწილი კი მათ შეჰყურებს ხელებში... და რომ ისინი ითმენენ ამ უსამართლობას, იმის ნაცვლად, რომ ყელში წვდნენ მდიდრებს და სახლკარი გადაუწვან“.
რა ზუსტია, რა აქტუალური!... როგორ წააგავს ქართველი ღირსეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განსჯებსა და მოსაზრებებს ევროპულ დემოკრატიასა და იპოკრიზმზე! იმედი მაქვს, დამეთანხმებით: მათი მოსმენა ერთობ საყურადღებო უნდა იყოს ფილოსოფიისა და პოეზიის მიმართ ისეთი მგრძნობიარე თანამედროვე პოლიტიკოსებისათვის, როგორებიც თავის დროზე ვოლტერი და მონტენი გახლდნენ.
რა დასანანია, რომ ასეთები საქართველოში არ გვყავს...
***
ბრაზილიური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ტუპინამბების, ან შემოკლებით – ტუპების ტომის ღირსეული შთამომავალი ოსვალდ დე ანდრადე თავის ცნობილ „ანთროპოფაგიის მანიფესტში“, რომელიც მან 1925 წელს გამოსცა, წერს:
„ჩვენ მხოლოდ ანთროპოფაგია გვაერთიანებს სოციალურად, ეკონომიურად და ფილოსოფიურად.
ეს ერთადერთი კანონია სამყაროში. ნებისმიერი ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის, ყველა რელიგიისა და მშვიდობის დეკლარაციის შენიღბული გამოხატულება.
Tupi, or not tupi that is the question?!
ჩვენ გვსურს კარიბის რევოლუცია. უფრო დიდი, ვიდრე საფრანგეთის რევოლუცი იყო! უნიფიკაცია ადამიანისგან მომავალი მთელი ამბოხისა... ჩვენ რომ არა, ევროპას თავისი ადამიანის უფლებების უბადრუკი დეკლარაციაც კი არ ექნებოდა...
***
მართლაც, ადამიანის უფლებების დეკლარაცია სამოქალაქო ომებმა და რევოლუციებმა შექმნეს და არა საერთაშორისო კონფლიქტებმა. დამეთანხმებით, შუა საუკუნეებში – ისევე, როგორც დღეს – ადამიანის უფლებებს, ძირითადად, ჩვენვე ვარღვევთ – პირველ რიგში საკუთარ ოჯახში და მხოლოდ შემდეგ მეზობელთან კონფლიქტებში.
ევროპული ცივილიზაციის ამ შემადუღაბებელი „ცემენტი დეკლარაციის“ შექმნის აუცილებლობაში ამაზონელმა კანიბალებმა, თავისდა უნებურად, მართლაც თავიანთი როლი შეასრულეს. რენესანსის ჰუმანისტები მათ აკვირდებოდნენ როგორც ლაბორატორიის თაგვებს... დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ გვაკვირდება დღეს ზოგიერთი მათი შთამომავალი. ალბათ გახსოვთ, სულ ახლო წარსულში ჩვენი დემოკრატიის „ქვეყანა-ლაბორატორიის“ ექსტრავაგანტურ კონცეფციაზე გამუდმებით საუბრობდნენ საერთაშორისო ფორუმებსა და დასავლურ მედიაში პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ერთობ უცნაური მრჩეველი ლაბორანტები...
***
ისევე როგორც დიდი ომები, გარკვეული – შესაძლოა, უფრო მეტი პერიოდით და განსაკუთრებული ეფექტურობით – რევოლუციებიც კლავენ კულტურას და საზოგადოება სწორედ ენდოკანიბალიზმის ფაზაში შეჰყავთ, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარი ჯგუფის, საკუთარი ოჯახის წევრის „ჭამას“ იწყებს. ეს სწორედ ის ფაზაა, რომელშიც საქართველო იმყოფება უკანასკნელი 22 წლის მანძილზე.
***
ჯერ კიდევ 1988 წლის 9 აპრილმა ლეგიტიმური უფლება მოგვაპოვებინა, მტრის სახის დეფინიცია გაგვეკეთებინა – ანუ პატიოსან ეგზოკანიბალებად გვაქცია. მტერს – წითელ არმიას – რა თქმა უნდა, სიამოვნებით შევსანსლავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მთელ რიგ სრულიად გასაგებ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ ისევ ერთმანეთს დავერიეთ. განსაკუთრებული სიამოვნებით რუს და ოს თანამოქალაქეებს ვახრამუნებდით, სანამ მათმა უმრავლესობამ თავს არ უშველა და არ გადაიხვეწა კავკასიის ქედს გადაღმა. ამის შემდეგ ჩვენი მენიუ ექსკლუზიურად ეთნიკურად ქართული გახდა. მალე სამოქალაქო ომიც დაიწყო და ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდით ენდოკანიბალებად.
აფხაზეთის ომის პერიოდი აბსოლუტური ჯოჯოხეთია საქართველოს ისტორიაში – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად ყველა ომი დაუნდობელი და სასტიკია.
იმ წლებში, ჩვენი წინაპრების მიერ ათასწლეულების მანძილზე დაგროვილმა სიბრიყვემ თავის კულმინაციას მიაღწია. ყოველ ერს თავისი უნიკალური და განუმეორებელი სიბრიყვისა და სიბრძნის ზუსტად განსაზღვრული მარაგი აქვს. ჯოჯოხეთი კი კუპრითა და ცეცხლით წამების გარდა უიმედო სიბრიყვეცაა... რაღაცნაირი ბედსშეგუებული, დეპრესიული სიბრიყვე.
ასევე წინაპრების მიერ დაგროვებული სიბრძნის, კულტურის მარაგი ნულის ნიშნულს ჩამოცდა...
თვიდან ეგზო- და ენდოკანიბალები ერთდროულად გავხდით. გვძულდა ყველა და ყველას ვძულდით. თუმცა მალე შევეგუეთ და მას შემდეგ – დღემდე მხოლოდ ერთმანეთს ვჭამთ.
***
2008 წელს ერთგვარი ახალი, დაკანონებული, სახელმწიფოს მიერ რეზოლუცია დადებული და ბეჭედ დასმული მოღალატეების ერა დაიწყო. ბევრად უფრო მასშტაბური ვიდრე გამსახურდიას დროს. პატრიოტიზმი ჩვენთვის ჭეშმარიტების მთავარ არგუმენტად და კანიბალური მენიუს მთავარ, ფავორიტ კერძად იქცა.
***
ადამიანებს ძირითადად სძულთ ისინი, ვისაც იცნობენ. სიძულვილი ერთგვარი „აროსტოკრატული“ გრძნობა, საკუთარ თავთან დაუნდობელი ბრძოლით მოპოვებული უფლებაა.
***
საქართველოში დღესაც ძირითადად იმავე მიზეზითა და მადით შეექცევიან ერთმანეთს, რომლითაც სისხლიან 90-იანებში. მხოლოდ სხვა, უფრო მეტი მანერულობითა და ცერემონიულობით... მაშინდელი მთავარი ვულგარული ინგრედიენტი – ფული – დელიკატურად შეზავდა და შეიკაზმა პატრიოტიზმით და, შესაბამისად, ღალატით.
***
ჩვენ ვერაფრით მივაღწიეთ განვითარების ისეთ დონეს, როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტის სინონიმი აღარ იქნება სიტყვა „ღალატი“: სამშობლოსი, მეგობრის, ღმერთის... ის ხელისუფლება, რომელიც შექმნის პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც ქართულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს ამ ბრიყვული სიტყვის ტყვეობიდან განთავისუფლდეს და ადამიანების შეხედულებების ხარისხი სამშობლოსთან და ღმერთთან კი არა – ადამიანის მთავარ უფლებასთან, პიროვნულ და სხვისი თავისუფლების პატივისცემასთან მიმართებაში შეაფასოს, საქართველოს ისტორიას ჭეშმარიტი რეფორმტორის სახელით შემორჩება. ხოლო მომდევნო ხელისუფლებები ისე მოვლენ და წავლენ, რომ მათ შესახებ მხოლოდ პოლიტოლოგებს ემახსოვრებათ...
***
2003 წლის თვითმარქვია რევოლუციამ ვერ შესძლო დაემთავრებინა კანიბალიზმი და მას მხოლოდ სახე შეუცვალა. მან ვერ შექმნა კულტურა, რადგან თავად კანიბალი კულტურას ვერ ქმნის. 2003 წლის ნოემბერი მხოლოდ ადმინისტრაციული ძიძგილაობა გახლდათ და არა რევოლუცია.
დიდი ოქტომბრის რევოლუციამ, რომელმაც მიწასთან გაასწორა უზარმაზარი კულტურები – მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი და, მათ შორის, საქართველო კანიბალიზმის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ფაზაში შეიყვანა. თუმცა მან მაშინვე, პირველივე სისხლიანი წლებიდან შექმნა საკუთარი კულტურა – ხშირად მაღალხარისხიანი, რამაც ამ აბსურდულ, უსუსურ და მშიერ, უზარმაზარ მონსტრს სამოცდაათი წელი გააძლებინა.
ნამდვილი კულტურის არსებობის ყველაზე ნათელი დასტური გახლავთ კონტრკულტურა. ის არასდროს არ ჩნდება ცარიელ ადგილზე. წითელ იმპერიაში ის, რაღაც დოზით, ყოველთვის არსებობდა – თავის კულმინაციას კი სწორედ იმ პერიოდში მიაღწია, რომელსაც მოგვიანებით „ზასტოი“ – უძრაობა შეარქვეს.
ჩვენ მიჩვეულნი ვართ ვეძებოთ დასავლური ანდერგრაუნდის ანალოგი საბჭოთა კავშირში და ვინაიდან ანდერგრაუნდი როკვარსკვლავების კლუბი გვგონია, მას, რა თქმა უნდა, ვერ ვპოულობთ.
სინამდვილეში საბჭოთა ანდერგრაუნდი არსებობდა და მას თავისი უნიკალური სახე გააჩნდა – არანაკლებად საინტერესო, ვიდრე დასავლურს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დასავლური ყველა ანდერგრაუნდი შოუბიზნესში ამთავრებდა თავის განვითარებას – საბჭოთა კი გულაგში, ან საკუთარი დეპრესიით გაჟღენთილ „კომუნალკაში“, ნაგანის ლულით პირში.
ზასტოის დროს, სწორედ ამ დაუნდობელი ანდერგრაუნდიდან აღმოცენდა პატარა, მახინჯი მონსტრი – საბჭოთა კონტრკულტურა, რომელმაც ამ ბოროტ იმპერიას და მის ბრიყვულ კულტურას ბოლო მოუღო. სწორედ ეს საბჭოთა კონტრკულტურაა, რომელიც პოსტსაბჭოთა 90-იან წლებში უკვე კულტურად ტრანსფორმირებული შევიდა და რომელიც, თავის მხრივ, ადვილად მოკლეს, რადგან მისი ენერგიის წყარო საბჭოთა კულტურის სიძულვილი, მისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა გახლდათ და არა თავად თავისუფლება...
აი ასე დამთავრდა საბჭოთა კულტურა და დაიწყო პოსტსაბჭოთა კანიბალიზმის გრძელი ეპოქა თავისი ასევე საბჭოთა კულტურისა და კონტრკულტურის უდღეური, მახინჯი ნაყოფებით, რომლებმაც მხოლოდ საკუთარი თავის დაგესვლა მოახერხეს ნარკოტიკით, ალკოჰოლით, სიძულვილით...მათი კულტურის მარაგი მალე დამთავდა; თავად იქცნენ კანიბალებად და როდესაც შესაჭმელი აღარავინ დარჩათ, საკუთარი სხეულის ნაწილების – ბოლოს კი საკუთარი ღირსების, საკუთარი სულის ჭამა დაიწყეს...
***
არ მიგიქცევიათ ყურადღება? – როდესაც ღირსების შემლახველ სკანდალებში ეხვევიან, ქართველი ფუნქციონერები თავს არ იკლავენ. თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ ღირსების აყრა, როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში, თავისი ტანჯვით ჯოჯოხეთსაც კი აჭარბებს. სწორედ ამიტომ, პრინციპში, თვითმკვლელობა ღირსების გადარჩენის ერთგვარ ტრაგიკულ, უკანასკნელ საშუალებად ითვლება მთელს მსოფლიოში.
აგერ ახლახან საფრანგეთის ტელევიზიის პირველი არხის ლაივ შოუს ექიმმა მოიკლა თავი, რადგან თამაშის დროს ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც გული გაუჩერდა, ვერ გადაარჩინა და მედიამ რაღაც არასასიამოვნო კითხვები დასვა...
90-იან წლებში ჯერ კიდევ იკლავდნენ თავს შევარდნაძის ფუნქციონერები... ახლა არა, მიუხედავად საშინელი ბრალდებებისა და მედიაწნეხისა.
ახლა, როგორც კი ღირსება შეელახებათ, მაშინვე ჩაიცმევენ ხოლმე თავის წითელლანჩიან ტყავის „ტუფლებს“, დაიჭერენ ხელში ლუი ვიტონის ჩემოდანს, დაიხურავენ ჰერმესის შლაპას და სადღაც მიდიან, მოდიან, ისევ მიდიან... ისევ ბრუნდებიან... აქვეყნებენ სენტიმენტალურ წერილებს ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულზე. თუმცა ზოგი არსადაც არ მიდის – ინტერვიუებს იძლევა, ახალი ცოლი მოჰყავს... ან ახალ საყვარელს პოულობს, რომელიც უკეთ ანუგეშებს...
კურიოზულია, მაგრამ ფაქტია, ქართველი ფუნქციონერები თავს აღარ იკლავენ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციაა... მხოლოდ არა ღირსების ათვლის წერტილიდან... ღირსება სიძულვილივით „არისტოკრატული“ რამ არის და ის საკუთარ თავთან დაუნდობელი ბრძოლით გამომუშავებული პიროვნული კულტურის მარაგის ადეკვატურია.
***
საქართველო უკვე დაახლოებით ხუთი საუკუნეა თავის გადარჩენისთვის იბრძვის და არა განვითარებისათვის, პროგრესისთვის. თავს იმით იმართლებს, რომ განსაკუთრებით სასტიკი მტრებით არის გარშემორტყმული... რაც მართალია, მაგრამ სულაც არ გამოიყურება განსაკუთრებულად ღირებულ არგუმენტად: ცუდი მეზობლის ზღაპარი ყველა ქვეყანის პოლიტიკური ფოლკლორის ისეთივე „საგანძურია“, როგორც ეთნიკური იავნანა. ყოველი ერი საკუთარ სიბრიყვესა და შეცდომებს მეზობლის ბოროტებაში რეცხავს, მის სისასტიკეში ათეთრებს სიძულვილით გაფითრებული მკვლელის ტუჩებივით.
***
საბჭოთა კავშირის მოულოდნელმა ხავერდოვანმა დაშლამ ქართველ ერში გაუთვალისწინებელი კულტურული სიცარიელეები შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი – ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი – ეკლესიამ დაიკავა. არა იმიტომ, რომ სულიერებაზე ფიქრი ნებადართული გახდა (სულიერება კანონს მიღმაა და ის კონსტიტუციურ ცვლილებებს არ ემორჩილება). მიზეზი უფრო ის არის, რომ ქვეყანაში არ აღმოჩნდა არც სახელოვნებო, ინტელექტუალური, პოლიტიკური ან სხვა ნებისმიერი სერიოზული ძალა, რომელიც მთელი ოთხმოცდაათიანი წლების განმავლობაში, უპატრონო ეკლესიასავით მიგდებულ ამ ცარიელ სივრცეს დაიკავებდა. ამიტომ ის ეკლესიამ დაიკავა.
დღეს ქართული ინტელექტუალური ელიტა დაკარგულ სამოთხეს მისტირის – თვლის, რომ ეკლესიამ პირწმინდად აწაპნა ცხვირწინ მისთვის განკუთვნილი სივრცე და მრევლი. 
ეკლესიას, რა თქმა უნდა, არაფერიც არ აუწაპნავს – საერთოდ, განსაკუთრებული არც არაფერი გაუკეთებია საამისოდ. უბრალოდ ადგა და შევიდა ცარიელ, უპატრონო „საერო ეკლესიაში“, დაეპატრონა და ზუსტად ისე ეწევა მის „ექსპლოატაციას“ როგორც ესმის... როგორც მას ყოველთვის ესმოდა თავისი არსებობის ოციდან – თითოეულ სისხლიან საუკუნეში. მას თავისი ათი მცნება აქვს, რომელთაგან, საჭიროების მიხედვით, ხან ერთს აყენებს პრიორიტეტად, ხან მეორეს. არც ამაშია რაიმე გასაკვირი და ახალი... ამაში საინტერესოც კი არაფერია, ასე თუ ისე განათლებული, პატიოსანი კაცისათვის.
გაცილებით ყურადსაღებია 21-ე საუკუნის ქართული ინტელექტუალური და კულტურული ელიტის და, ზოგადად, საზოგადოების უუნარობა; მისი კულტურული, პოლიტიკური ცვედანობა, რაც უპირველესი მიზეზია ამ სივრცის დაკარგვისა და რისი აღიარებაც ამ ელიტებს ისევე უჭირთ, როგორც მათ წინამორბედ „წითელ ინტელიგენციას“ – საბჭოთა სისტემაში მოღვაწეობისას თავისი ინტელექტუალური სიმხდალის აღიარება. ამ უკანასკნელთ შორის ყველაზე უნიჭონი საბჭოთა იმპერიის რღვევამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნიჭიერებად ვერ გადააქცია და ეს ფაქტია: 22-წლიანი სრული, უტოპიის ხარისხში ასული ანარქიული თავისუფლების პირობებში მათ ფასეული თითქმის არაფერი შეუქმნიათ.
სამაგიეროდ შექმნეს საკუთარ თავზე მორგებული ისტორია – საკუთარი წარსული კიდევ უფრო ბნელი და სახიფათო გახადეს, ვიდრე სინამდვილეში იყო. დღეს ლამის ათიდან ცხრა საშუალო ასაკის ადამიანი დისიდენტური წარსულით ამაყობს მეორე ჭიქის მერე, როკისა და ჯაზის ჩუმად და გმირულად მოსმენისათვის მარად ფხიზელი კაგებეს აგენტების თვალთვალზე და დევნაზე მოგიყვებათ რამე სულისშემძვრელ ისტორიას... საკუთარ უნიჭობასა და უბადრუკობას ხან კაგებეთი „გაათეთრებს“, ხან ეროვნული მოძრაობით, ხან მხედრიონით, ხანაც სააკაშვილის „პირსისხლიანი“ რეჟიმით.
***
საბჭოთა იმპერიის რღვევამ პოლიტიკური გემოვნების თავისუფალი სივრცეებიც შექმნა. ისინიც, ოც წელიწადზე მეტია, უპატრონოდ არიან მიგდებულნი. მათი დაკავება დღემდე ფაქტობრივად ვერავინ შეძლო, რადგან პოლიტიკური გემოვნების ცარიელი სივრცისკენ გზა უკვე ეკლესიისა და ჰიპერპატრიოტთა მიერ დაკავებულ კულტურულ სივრცეზე გადის, რომლის გავლა დღეს უკვე არც ისე ადვილია მუჯლუგუნების გარეშე... ამისი ძალა, როგორც ჩანს, საქართველოში ძალიან ცოტას აქვს... არა და, ასეთი სივრცეები დიდხანს არ რჩება ცარიელი – მით უმეტეს, როდესაც წინამორბედი სივრცე უკვე თითქმის სავსეა ზღვარს გადასული პატრიოტული ვნებათაღელვით, რომლის შხეფები აუცილებლად მოხვდება პოლიტიკური გემოვნების სივრცეში და მის შევსებას დაიწყებს მოწამლული სითხესავით. ეს სითხე სხვა არაფერია თუ არა ფაშიზმი... ეს გაუფასურებული სიტყვა, რომელსაც დღეს საქართველოში უფლებადამცველები, ეგრეთწოდებული ცნობადი ინტელექტუალები და მათი „მიმდევრები“ სრულიად არაადეკვატურ კონტექსტებში იყენებენ, ბოლოს და ბოლოს, თავის რეალურ კონტექსტში მოხვდება და იმ ნამდვილ ინსტიტუციონალურ მნიშვნელობას შეიძენს, როგორიც მას, საბედნიეროდ, ჯერ არასდროს ჰქონია ჩვენს ქვეყანაში.
ფაშიზმი ბევრად უფრო ცოცხალი და საშიში სიტყვაა, ვიდრე უბრალოდ მაკომპრომენტირებელი, რაღაც „ვინტაჟი“ შეურაცხყოფა. ის კანიბალიზმის ერთ-ერთი ფორმის ეტიმოლოგიური დასტურია და მისი პრიმიტიული, ბესტიალური ჩანასახი მეტ-ნაკლები დოზით, ყოველ ჩვენთაგანში ცოცხლობს – განსხვავებით აბსოლუტურად ხელოვნური და უტოპიური კომუნისტური იდეოლოგიისა, რომელსაც დღეს საკუთარი საბჭოთა წარსულის მოდელირებით დაკავებული, ინტელექტუალებად ტრანსფორმირებული ინტელიგენტები, ხშირად, ფაშიზმისა და ნაციზმის ექვივალენტ ბოროტებად წარმოაჩენენ.
კომუნიზმისა და ბოლშევიზმის მოწამლული თესლი არ დევს ადამიანში. მას მხოლოდ ძალადობითა და მოტყუებით თუ მოახვევ ადამიანს თავს – სამაგიეროდ ფაშიზმის ბუნებრივად თანდაყოლილი თესლი, ექსტრემალურ გარემოში მოხვედრისას, ძალიან ადვილად იღვიძებს ისეთი პრიმიტიული გამოხატულებით, როგორითაც, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მოგვევლინა და რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ სავსებით შესაფერისი ტერმინი მოუძებნა – პროვინციული ნაციონალიზმი.
ეს უკანასკნელი ძალიან განსხვავდება „ინსტიტუციონალური კანიბალიზმისგან“ – ფაშიზმისაგან. ჩვენი სამშობლოს ფაშიზმით ორსულობა, ადრეულ ეტაპზევე, ყოველთვის დიდი და პატარა, უდღეური ნაყოფებით მთავრდება.
ფაშიზმი პირველ რიგში შიდა ოჯახური საქმეა: სისხლის განწმენდა-პურიფიკაცია უცხო რასის სისხლისგან და მხოლოდ მერე – საერთშორისო პრობლემა. ფაშიზმი ენდოკანიბალიზმია.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის „მარტივ“ ადამიანში არ იბადება, რადგან ასეთ ადამიანს საკუთარი ნაციონალისტური სიბრიყვის ინსტიტუციონალიზაციისათვის არც ინტელექტი გააჩნია და არც მეთოდი.
ფაშიზმი ყოველთვის ინტელექტუალ-ინტელიგენციის მხდალ ტვინებში ისახება, ნაყოფიერდება, იზრდება, იფურჩქნება... ბოლოს ნაყოფს ისხამს, რომელსაც მარტივი ადამიანები წყვეტენ, მიირთმევენ... ისინი ნელ-ნელა კანიბალებად ტრანსფორმირდებიან – ჯერ სხვის, მერე ერთმანეთის ჭამას იწყებენ. კულტურა მთავრდება, ხოლო კულტურის მონოპოლისტებს მელანქოლია იპყრობს და ისევ ამ საცოდავი, უგუნური კანიბალებისაგან საკუთარი უბადრუკი პერსონების დისტანცირებით ცდილობენ თავიდან აირიდონ საზოგადოების ბესტიალურ მდგომარეობამდე დაცემის პასუხისმგებლობა, რომ ამით ბინძური, სველი ქუჩიდან დაბალ, ასევე ჭუჭყიან ტროტუარამდე მაინც ამაღლდნენ.
დღეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი შესაძლოა ისე ახლოა ფაშიზმთან, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ფაშიზმი – სახელმწოფო მოწყობის მოდელი.
თითქმის ყველა სოციალურ ფენაში ადვილად იპოვით იდეებს, რომელიც მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ფაშიზმი დაიბადა და სადაც მას ძალიან კარგად იცნობენ, სათანადო კვალიფიკაციას მიანიჭებდნენ. ყველას თავისი შესაფერისი სიძულვილის ობიექტი ჰყავს. საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ადამიანებზე ისევე მსჯელობენ, როგორც ავად სახსენებელ 90-იანი წლების დასაწყისში – მათ უცხოტომელებს, ჩამოთესლებულებს და ათას სხვა ეპითეტს აწებებენ დავითის ყვითელი ვარსკვლავივით, სულ უფრო და უფრო ხშირად: სომხები, ჩინელები, ინდოელები, ვინც გნებავთ...
ყოველივე ამას მკაცრად ადევნებს თვალყურს და აკონტროლებს ზემოთხსენებული ერთგვარი ინტელექტუალური ელიტა. და ნებისმიერი სიძულვილის ენის გამოვლინებაზე „უმკაცრესად“ რეაგირებს. ამ კლასმა კარგად შეისწავლა – ადამიანის უფლებების რამდენიმე პუნქტის გამოყენებით – დაშანტაჟების საეთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი რამდენიმე ხერხი და ოსტატურად იყენებს მას.
ამასთან, მას თავისი საკუთარი ინტელექტის შესაფერისი სიძულვილის ობიექტი გააჩნია: პუშკინი, „დასტაევსკი“, ბომჟი კაცები, ქერა, იაფფასიანი ქალები, რომლებიც, მათი აზრით, იმ ქართველ მამაკაცებზე კარგავენ ჭკუას, რომლებსაც თავად ვერ იტანენ – მაჩოობის, აგრესიულობის, და უამრავი სხვა მიზეზის გამო... მორალის მხრივ თავი ქუდში აქვთ: რუსეთი ოფიციალური მტერია და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, მათი აზრით, სრულიად ლეგალურია. ბოლო დროს კიდევ ერთი ახალი ილეთი ისწავლეს: ოჰ, ისეთი არაფერი, ეს ილეთი ყველამ მშვენივრად იცის, ვისაც ევროპაში უცხოვრია და მას გამუდმებით იყენებენ ძველი ყაიდის მორასისტო ბურჟუა ბებიები. ძალიან მარტივია: რუსებზე ნათქვამ ათას სისაძაგლეს ხანდახან დაამატებენ ხოლმე, რომ მათ რუსული სახელმწიფო სძულთ და არა ხალხი... მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცი – სულ ცოტა ხნის წინ რუს ხალხს ღორებად მოიხსენებდა... ასეთებს ძნელია გააგებინო, რომ ფუნდამენტალისტი ებრაელი, რომელიც გერმანელ ერს ბინძურ ღორებად მიიჩნევს, არაფრით არის იმ გერმანელ ნაცისტზე უკეთესი, რომელიც მის საბრალო წინაპრებს აწამებდა ოსვენცემში. ძნელია გააგებინო იმიტომ, რომ მან ეს უშენოდაც მშვენივრად იცის, მხოლოდ ვერაფრით ვერ ერევა საკუთარ პულსაციებს. მას სჭირდება სძულდეს ვინმე... პრინციპში, ეს ადამიანურია და არც არის გასაკვირი. ჩვენ ისევე ვიბადებით სიძულვილის რაღაც განსაზღვრული მარაგით, როგორც სიყვარულის – გააჩნია, რომლის კულტივირებას ვახდენთ შემდგომში.
საქართველოში ბოლო ოცი წელია პერმანენტული სიძულვილის კულტივაცია მიმდინარეობს.
***
როგორც ურუგვაელი რეგბისტების ტრაგედიაზე საუბრისას აღვნიშნეთ, ნებისმიერ ადამიანს კანიბალიზმისგან ზუსტად იმდენი დღე აშორებს, რამდენი კულტურის მარაგიც აღმოაჩნდება ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრისას.
საქართველოში შიმშილი, თავისი ნებისმიერი მნიშვნელობით, უკვე ორი ათეული წელია, ვერაფრით აღმოიფხვრა, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი საზოგადოების ელიტების ბევრ წარმომადგენელს თავად „დაუმთავრდა კულტურა“ და თავად იქცა კანიბალად. მით უმეტეს, ყველა პოლიტიკური ელიტისათვის, ამომრჩეველთა კანიბალიზმი დღემდე ამომრჩეველთა ყველაზე ადვილად მანიპულირებად სუსტ წერტილს წარმოადგენს და, ამდენად, ყველანაირად უწყობს ხელს მის შენარჩუნებას – განსაკუთრებით ხელისუფლებაში მოსვლის, ან ძალაუფლების განმტკიცების კრიტიკულ მომენტში. მოკლედ რომ ვთქვათ, მას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს მასზე მაღალი კულტურის ამომრჩეველი.
***
ქაჯნი ბრაზობენ, რა ჰხედვენ –
გამეცნიერდა გლეხია.
აღარ აშინებს ტყვეობა,
აღარც ხრიკები ქაჯური,
დღეს თუ ხვალ, იმედიანობს,
ქაჯებს უჭიროს პანჩური.
„გველისმჭამელი“, ვაჟა ფშაველა.


***
საემიგრაციო პოლიტიკის სრული არარსებობა კიდევ უფრო ზრდის ეთნიკური დაპირისპირებების საფრთხეს საქართველოში.
რაღაც მსგავსი კახეთში უკვე დაიწყო ადგილობრივ მოსახლეობასა და ინდოელ ფერმერებს შორის.
ინდოელებმა სრულიად ლეგალურად შეიძინეს მიწები. მათზე ადგილობრივ მოსახლეობას პრეტენზიები გააჩნია, რის გამოც ისინი ახალ თანასოფლელებს მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ და მეტად უსიამოვნოდ იმუქრებიან...
ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლება განვითარდეს და, სამწუხარო პერსპექტივაში, შეიძლება სწორედ კახურ სოფლებში მივიღოთ პირველი ქართველი ბრიყვი სკინჰედები, რომლებიც დროდადრო ინდოელებს დააწიოკებენ ხოლმე. ალბათ ყველაფრის მცოდნენი იტყვიან, რომ ასეთი თავგადახოტრილი ნეოფაშისტები ჩვენზე ბევრად დემოკრატიულ ქვეყნებშიც არიან, რაც სრული სიმართლეა. თუ გვსურს, რომ ევროპას, მაინც და მაინც, მისი ყველაზე რეგვენი და აგრესიული ნაწილის იმიტაციით დავემსგავსოთ, ეს ჩვენი ნებაა და სულაც არ არის რთული საქმე. მხოლოდ ძალიან საშიშია და საეჭვოა, რომ მერე საქართველომ ამ პრობლემის მართვა ადვილად შეძლოს.
ჯერჯერობით ამ ფეთქებადი ეპიდემიის კერა მხოლოდ ნეტარი ქართული ინტელექტუალური ელიტისა და მასთან მიტმასნილი რამდენიმე ასეული დეპრესირებული ტელემაყურებლის ანაბარაა მიტოვებული. სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა, ტრადიციულად, ქართველი ხალხის განსაკუთრებით ტოლერანტულ ბუნებაზე საუბრობს და, ამის დასამტკიცებლად, ევროპელ დეპუტატებს ხან პრეზიდენტის სასახლის, ხანაც ბოტანიკური ბაღის ბიზნესცენტრიდან ათვალიერებინებს ჩვენი ტოლერანტობის დამადასტურებელ უტყუარ ფაქტს – ძველი თბილისის ერთ მუჭა უბანს, სადაც გვერდიგვერდ თანაარსებობს ოთხი განსხვავებული კონფესიის სალოცავი და სრულიად ეკუმენური გოგირდის აბანო. ფხიზელი ინტელექტუალური ელიტა მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს და ნებისმიერი „სიძულვილის ენის“ გამოვლინებაზე მყისიერად და ანჩხლად რეაგირებს – კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მის ავტორს სოციალურ ქსელებში...
ამასთან, მას თავისი საკუთარი ინტელექტის შესაფერისი სიძულვილის ობიექტი გააჩნია რუსეთის სახით, თავისი აუცილებელი ინგრედიენტებით: „დასტაევსკი“, ბომჟები, ლოთი და ცვედანი კაცები, ქერა, იაფფასიანი ბოზი ქალები, რომლებიც, მათი აზრით, იმ ქართველ მამაკაცებზე კარგავენ ჭკუას, რომლებსაც თავად ვერ იტანენ – მაჩოობის, აგრესიულობის, და უამრავი სხვა მიზეზის გამო... სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს... მორალის თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში აქვთ: რუსები ოფიციალური აგრესორები არიან. აგრესორების მიმართ კი სიძულვილის ენის გამოყენება, მათი ღრმა რწმენით, სრულიად ლეგალურია.
საზოგადოების ამ ნაწილმა კარგად შეისწავლა ადამიანის უფლებების რამდენიმე პუნქტის გამოყენებით საზოგადოებისა და ადმინისტრაციის დაშანტაჟების საეთაშორისოდ აღიარებული რამდენიმე საბაზისო ხერხი და ოსტატურად იყენებს მას.
მხოლოდ თავიანთი სიძულვილის ობიექტს, ეთნიკურ რუსებს, ეს ადამიანები მეტად „კორექტულ“ ტერმინ „ოკუპანტში“ ახვევენ ლულა ქაბაბივით და ისე მადიანად მიირთმევენ, ნამცეციც არ უვარდებათ მშიერი ბეღურებისთვის.
ბოლო დროს კიდევ ერთი ახალი ილეთი ისწავლეს: : ოჰ, ისეთი არაფერი, ეს ილეთი ყველამ მშვენივრად იცის, ვისაც ევროპაში უცხოვრია და მას გამუდმებით იყენებენ ძველი ყაიდის მორასისტო ბურჟუა ბებიები. ძალიან მარტივია: რუსებზე ნათქვამ ათას სისაძაგლეს ხანდახან დაამატებენ ხოლმე, რომ მათ რუსული სახელმწიფო სძულთ და არა ხალხი... მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცი – სულ ცოტა ხნის წინ რუს ხალხს ღორებად მოიხსენებდა...
ასეთებს ძნელია გააგებინო, რომ ფუნდამენტალისტი ებრაელი, რომელიც გერმანელ ერს ბინძურ ღორებად მიიჩნევს, არაფრით არის იმ გერმანელ ნაცისტზე უკეთესი, რომელიც მის საბრალო წინაპრებს აწამებდა ოსვენცემში. ძნელია გააგებინო იმიტომ, რომ მან ეს უშენოდაც მშვენივრად იცის, მხოლოდ ვერაფრით ერევა საკუთარ პულსაციებს. მას სჭირდება სძულდეს ვინმე... პრინციპში, ეს ადამიანურია და არც არის გასაკვირი. ჩვენ ისევე ვიბადებით სიძულვილის რაღაც განსაზღვრული მარაგით, როგორც სიყვარულის – გააჩნია რომლის კულტივირებას ვახდენთ შემდგომში.
მით უმეტეს, მართლაც ვერაფერს იტყვი: რუსებმა მართლაც ხელყვეს საქართველოს საკუთრება – მისი ტერიტორიის 20% მიითვისეს... როგორც ვოლტერის მეგობარი ტუპინამბელი ქალბატონები იტყოდნენ – განა არის რაიმე უფრო ლეგიტიმური, ვიდრე შეჭამო შენი მტერი სიკვდილის შემდეგ? რუსები ამ ტიპის ქართველებისათვის ისედაც მკვდრები არიან, ამიტომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე „სანსლავენ“, როგორც კი ხელთ მოიგდებენ ამ „ველურ მონღოლოიდებს“.
ერის ინტელექტუალური ელიტის სიძულვილის ეს მოდელი სრულ მორალურ უფლებას აძლევს კახელ გლეხს, იფიქროს, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ სრული უფლება აქვს ქვა ჩაარტყას თავში „მისი“ ნაკვეთის ინდოელ „დამპყრობელს“, რომელმაც კორუმპირებული „მოღალატე“ ჩინოვნიკების დახმარებით, მისი ტერიტორია ხელყო.
ის ნებისმიერ ინდოელში „მტერს“, „ოკუპანტს“ დაინახავს და მამულის დაცვის პრეტექსტით, პირველი შესაძლებლობისთანავე, ვერბალური, ფიზიკური თუ ადმინისტრაციული ფორმით დაესხმება მათ თავს.
საქართველოში, სამწუხაროდ, ქსენფობური ვერბალური აგრესია იმდენად ბანალიზებულია, რომ მას ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. ეს აგრესია სრულიად შესაძლებელია რეალურ ეთნოდაპირისპირებებში გადაიზარდოს საქართველოში საშოვარზე ჩამოსულ უცხოელებთან. ასეთები – თუკი საქართველოს უწერია იმ ეკონომიკური და პოლიტიკური უფსკრულიდან ამოძრომა, რომელშიც ის ბოლო ორი ათეული წელია იმყოფება – აუცილებლად გამოჩნდებიან. 21-ე საუკუნეში შეუძლებელია ეკონომიური ემიგრაციისგან სრულად თავის დაცვა. უპოვარ უცხოელებთან თანაცხოვრების შესაბამისი კულტურის გარეშე, მათთან ეთნოდაპირისპირებები გარდაუვალი გახდება.
„უცხოტომელის“ მიმართ მიმართული კლასიკური ინსტიტუციონალური სიძულვილი „უებარ“ მალამოდ დაედება ჩვენს შიდა ურთიერთსიძულვილის გადახსნილ წყლულებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ბოლო წლების განმავლობაში ტანჯავს. ქსენოფობია ყოველთვის ყველაზე იოლი და პრიმიტიული გამოსავალია საკუთარი პრობლემების მიზეზის ასახსნელად. პრიმიტივიზმი კი, როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, კულტურის დასასრულთან ერთად იწყება.
***

ეველი ჩელები

დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, რაც მიშელ დე მონტენმა ამერიკელი კანიბალების ევროპულ შთაბეჭდილებებზე მოგვითხრო, სპარსმა მოგზაურმა ეველი ჩელებიმ საქართველოში მოგზაურობის (1646–1647) შთაბეჭდილებები აღწერა და ზოგიერთი ისეთი საგულისხმო, საყოფაცხოვრებო დეტალი მოხაზა ჩვენი წინაპრების ცხოვრებიდან, რომელზეც საგულდაგულოდ ვხუჭავთ თვალს საკუთარ ისტორიაზე საუბრისას.
შოთა ლომსაძე, „სამცხე–ჯავახეთის მემატიანეს“ მიხედვით:  „საქართველოში სავაჭროდ მოდიოდნენ ხმელეთით თუ ზღვით: ოსმალები, ყირიმელი თათრები, ლაზები. ლაზებს განსაკუთრებით ბლომად შემოქონდათ მარილი და რკინის ნაწარმი, მას ცვლიდნენ ბზის იშვიათი ჯიშის ხეზე, თაფლზე, სანთელზე, ტყვე ქალიშვილებსა და ტყვე ვაჟებზე. ბევრი ლაზი მეზღვაურის მთავარ საქმიანობას სამეგრელოში ტყვეების სყიდვა შეადგენდა. სხვადასხვა ქვეყნის გემებს საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურებში შემოქონდათ დენთი, ტყვია, თოფი, მშვილდ–ისარი, მასრა, ხმალი, ფარი, შუბი და სხვა საომარი იარაღი. ძველი ფეხსაცმელი, მაუდის პირები, საპერანგე და სასარჩულე ქსოვილი, რკინეულობა, ქვაბები, მარილი, საპონი. ვაჭრებს სანაცვლოდ ნაზ ბიჭებს, ქალებს, ცხიმეულს, თაფლის სანთელს, კვერნას აძლევდნენ.

მეგრელები და აფხაზები სარგებლობენ იმით, რომ მდინარის ორივე ნაპირი ტყიანი ბუჩქნარია და ერთიმეორეს სტაცებენ ტყვეებს და ყიდიან.

ვიდრე სამეგრელოში გაემგზავრებოდა, თავად ევლია ჩელებს ხუთი ქართველი ტყვე ბიჭი უკვე ნაყიდი ყავდა.
აფხაზეთში ერთი აბაზა ბიჭი იყიდა, მერე კი აბაზა ჭაბუკი. როცა თავზირის ხანთან ჩავიდა და იმღერა, ხანს ევლიას სიმღერა მოეწონა და ამისთვის აჩუქა ერთი ქართველი ბიჭი, აბასური თუმანი და ცხენი. საფარ ფაშა ჯაყელმა აჩუქა მას ორი ქართველი ბიჭი, ერთი ცხენი, კარგი თოფი, ქართული წინდა და ასი ყურუში“.
დასავლეთ საქართველოში ოსმალო პედოფილებთან ბავშვებით ვაჭრობის ფაქტებს სხვა უცხოელი მოგზაურებიც აღწერენ: „ყველაზე დიდი ვაჭრობა, რომელიც ამ ქართველ დიდებულთა შორის არის გავრცელებული, ქალ–ვაჟების ოსმალოებზე გაყიდვაში მდგომარეობს. განა ცოტა რაოდენობით? – წელიწადში ოთხი ათასი გაჰყავთ, ან კიდევ ხარკის უგზავნიან“.
ერთმა გორელმა თავადმა, შაჰთან ხელცარიელი რომ ვერ მივიდა, თავისი ქალიშვილი წაიყვანა ფეშქაშად.
„მაზლმა საკუთარი ძმის ცოლი ოსმალოებს მიჰყიდა“.
ანტიოქიის პატრიარქი მაკარი ტყვეთა სყიდვაზე დიდ უბედურებად ქართველებს ყრმათა ჟლეტას უთვლის. უამრავი ქალი დაბადებისთანავე კლავს თავის შვილებსო – მერე მაინც გაგვიყიდიანო.
„მე–18 საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი გრიგოლი შეიპყრეს და როგორც ტყვე გაყიდეს“.

***

Chateau de Versailles 1668 Pierre Patel


1714 წლის აპრილი, შატო ვერსალი.
საინტერესოა რას ფიქრობდა ლუი მეთოთხმეტესთან აუდიენციის მოლოდინში დამწუხრებული სულხან საბა; რას უპასუხებდა იმხანად ოცი წლის ცნობისმოყვარე და ირონიულ ვოლტერს – შემთხვევით რომ გადაყროდა სასახლის ერთ-ერთ უსასრულო დერეფანში – კითხვაზე, რა უფრო ბარბაროსობაა – შეჭამო შენი მკვდარი მტერი, თუ შენივე მეზობლის ბავშვებით ივაჭრო ოსმალო პედოფილებთან და ამასთან არისტოკრატი გერქვას?
მართლაც საინტერესოა რას ფიქრობდა ბავშვებით მოვაჭრეთა ქვეყნიდან ჩასული დიდი ქართველი განმანათლებელი და ჰუმანისტი ყოველივე იმის შესახებ, რაც მან ევროპულ ქალაქებში ნახა, სადაც დიდებულები საკუთარ ყმა ბავშვებს არ ყიდნენ ოტომანების იმპერიაში, არ ცვლიდნენ მწევრებში, ცხენებში, ბრჭყვიალა მძივებში, ქსოვილებში და ტყვია-წამალში. საინტერესოა თვითონ ჯეროდა თუ არა, რომ ქართველები ევროპული ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენენ? საბრალო, საბრალო სულხან საბა... ყველაზე პროგრესული და ტრაგიკული ქართველი ჩვენი უცნაური ქვეყნის ისტორიაში... გულის დასერვამდე მტკივნეულად მესმის მისი... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანდახან საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, შატო ვერსალში შესასვლელად, ტურისტების უზარმაზარ რიგში ვდგავარ ხოლმე, ხან თაკარა მზის ქვეშ, ხანაც წვიმაში და ქარში...
ხშირად მიფიქრია – შატოდან უარით გამოსტუმრებულსა და გულდამძიმებულს რომ შესძლებოდა წინასწარ განეჭვრიტა მეორე ყველაზე ტრაგიკული ქართველის, ერეკლე მეორეს გადაწყვეტილება, მიუხედავად უნამუსობათა მთელი სერიისა 1782 წელს მაინც რუსეთისთვის დაეკავშირებინა საქართველოს ბედი, გაამართლებდა თუ არა მის ნაბიჯს.
***
მეთვრამეტე საუკუნის ნებისმიერი რედაქციის საქართველოს ისტორიის მიხედვით, ოსმანებსა და სპარსებს შორის გაყოფილი საქართველო ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მიმზიდველი ქვეყანა ევროპელთათვის.
ერთადერთი გზა ევროპისკენ – რუსეთზე გადიოდა. სხვა ყველა გზა თავად ევროპელებმა და ჩვენმა ბავშვიჭამია თავადებმა მოჭრეს.
ეს სამარცხვინო ბიზნესი საქართველოში რუსული ჩექმის გამოჩენისთანავე დამთავრდა. რუსები ქართველ „აბაზა“ ბიჭებსა და გოგონებს არ ყიდულობდნენ – ოსმალებისა  და სპარსებისგან განსხვავებით. ჩვენში რომ დარჩეს, პირიქით, შეიძლება დელიკატურად ითქვას – ქართველი „ბიჭების“ ძალადობრივი სექსი ოსმალოებთან, რუს „ნაზ“ გოგონებთან ურთიერთგაგებასა და სიამოვნებაზე დაფუძნებულმა სექსმა ჩაანაცვლა... და საერთოდ, თუკი დღეს ჩვენ გვჯერა, რომ „მაშასადამე ევროპელები“ ვართ, ეს სწორედ ერეკლე მეორეს გადაწყვეტილების, რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარების დამსახურებაა, თუმცა არა თავად რუსების კეთილი ნების: ასეთი ნება, მოგეხსენებათ, კოლონიზატორებს არასდროს გააჩნიათ. მით უმეტეს, რუსეთი თავად არ იყო მაშინ დარწმუნებული თავის ორიენტაციაში; ჩვენი არ იყოს, რუსული კულტურის გაევროპულება სწორედ იმ ეპოქაში იღებს სათავეს და ეს არის სწორედ ის უნიკალური, რაც ამ ორი ერის ურთიერთობას გამოარჩევს ზოგადად კოლონიისა და კოლონიზატორი ერების კლასიკური ურთიერთობისგან. ჩვენ ორივეს, გლობალურად, ერთი მიზანი გვქონდა – გვსურდა ევროპელები გავმხდარიყავით და სრულიად განსახვავებული მიზეზების გამო, ვერც ერთმა ვერ მოვახერხეთ, თუმცა დღემდე ევროპული კულტურის განუყრელ ნაწილად მივიჩნევთ თავს.
ჩვენ რუსეთთან განსაკუთრებული არაფერი არ გვაკავშირებს გარდა ევროპისკენ მიმავალი ერთი და იგივე ტალახიანი გზისა, ერთი და იგივე არაცივილიზებულობის კომპლექსისა და მასთან ბრძოლის პიროვნულ უუნარობაში სხვების დადანაშაულებისა...პრინციპში, ეს უკვე ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ზოგიერთმა ქართველმა ჰიპერტემპერამენტიანმა ინტელექტუალმა თუ მწერალმა, თითქოს რუსეთმა ჩვენ ბევრად უფრო დაგვაზარალა, ვიდრე ყველა მაჰმადიანმა მტერმა ერთად აღებულმა. ჩვენ სწორედ რუსეთის კოლონიად ყოფნამ შეგვინარჩუნა სულხან საბას ჯიუტი რწმენა, რომ – მიუხედავად გარეგნული ნიშნების სრული არარსებობისა – ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილს წარმოვადგენთ და ეს ყველაზე მთავარია: თავად გჯეროდეს რომელ კულტურას მიეკუთვნები და ცხოვრობდე კონტექსტში, სადაც, ღიად თუ ფარულად, ამას შეძლებ და არ გადაიქცევი მხოლოდ უუფლებო ეთნიკურ უმცირესობად ისე, როგორც ეს დაემართათ ჩვენს თანამემამულეებს თურქეთში, სადაც მათ, რამდენიმე ასეული წლის მანძილზე, ვერანაირი სუბკულტურა ვერ შექმნეს; ერთი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლიც ვერ გადაარჩინეს. შეინარჩუნეს მხოლოდ ენა, რომლითაც მათი შორეული წინაპრები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და რაღაც ვირტუალური, ტკივილიანი, დიდი ნოსტალგია... თურქეთის საზღვარი ჩვენი ერთგვარი „ბერლინის კედელია“.
ჩვენ მსოფლიო რუქაზე ვარსებობთ და ეს სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიის ბოლო ორას წელიწადს გონივრულად მივუდგეთ – ასე ვთქვათ ევროპულად: მასში რაღაც პოზიტიურიც ვაღიაროთ და თავი დავაღწიოთ ამ საეჭვო მიდრეკილებას – ნოსტალგიას იმ ეპოქაზე, როდესაც დიდებულთათვის ბავშვებით ვაჭრობა ისეთივე ჩვეულებრივი ბიზნესი იყო, როგორც დღეს მათი შთამომავლებისთვის ნახმარი გერმანული მანქანებით ვაჭრობაა. ეს – საქართველოს ისტორიის მოუნანიებელი, დიდად სამარცხვინო ეპიზოდი – ჩვენი ბართოლომეს ღამეა: ღამე, რომელიც თითქმის ორი საუკუნე გაგრძელდა. და ეს გაცილებით უარესი ბარბაროსობაა, ვიდრე ტუპინამას პრიმიტიული ტომის კანიბალიზმი.
***
რუსეთი არის ჩვენი სრულყოფილი, ჭეშმარიტი მტერი, რომელსაც რომ არ ეარსება, ჩვენ თავად უნდა მოგვეგონებინა ის.
რუსეთი მეტისმეტად დიდი, მოუქნელი და აროგანტულია იმისთვის, რომ საკუთარი თავი და მადა აკონტროლოს განსხვავებით ოტომანთა იმპერიისგან. ამიტომ მოვახერხეთ და არა მარტო გადავრჩით, რაღაც საერთაშორისო სახეც კი შევინარჩუნეთ. მხოლოდ ჩვენ თავად არ გვყოფნის გონიერება, ვაკონტროლოთ საკუთარი თავი – წარსული რელიგია გვგონია, აწმყო – დაუნდობელი ბრძოლის ველი, მომავალი კი ოცნება...

***
ჩვენს წარსულსა და აწმყოს შორის წყვეტები, სიცარიელეებია. ჩვენ გულმოდგინედ ვშლით მიზეზებს და ვცდილობთ ავხსნათ შედეგები, რაც მომავლის დაგეგმვის შეუძლებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან საამისოდ საყრდენი რეალური ბაზა არ გაგვაჩნია. გამუდმებით ვატყუებთ საკუთარ თავს და გვგონია, რომ სხვაც ტყუვდება...
მაგალითად, გასულ წლებში ხშირად გაიგონებდით ქართული საზოგადოების თვითმარქვია პროგრესისტი ნაწილისგან, რომ მეორე მსოფლიო ომი არ იყო საქართველოს ომი და ის მასში დაპყრობილი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა... შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ამ დაპყრობის წყალობით ჩვენ „კეთილების“ კოალიციის რიგებში აღმოვჩნდით და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გავაკეთეთ იმაში, რომ დღევანდელი ევროპა, თავისი ისტორიის მანძილზე, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებულია. რომ არა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა, ჩვენ, სავარაუდოდ თურქეთთან ერთად, ან უკეთეს შემთხვევაში – მათ მსგავსად, ვერმახტის მოკავშირეები გავხდებოდით. მით უმეტეს, ქართველებს აშკარა მიდრეკილება და იდეოლოგიური ნათესაობა გვაკავშირებს ნაციონალიზმთანაც და სოციალიზმთანაც.
ჩვენ მსოფლიოს მივეცით აბსოლუტური ბოროტება – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონსტრი, რიტუალური კანიბალი იოსებ სტალინი. ის ჩვენს წიაღში ნაშობი, ჩვენი შვილი, ჩვენი მონსტრია... ჩვენ ვამბობთ, რომ აქედან პოეტი გავუშვით და მხოლოდ იქ, რუსეთში გადაიქცა კაციჭამიად. გვსურს პასუხისმგებლობა ავირიდოთ „ჩვენს შვილზე“ და მისი ცოდვაც რუსებს ავკიდოთ. თითქოს თავიანთი მონსტრები არ ჰყოფნიდეთ.
პოლიტკორექტულ დასავლეთში ამბობენ, რომ ასეთ მონსტრებს ეროვნება არ გააჩნიათ – ეს არ არის მართალი. ყველა მონსტრი თავისი ერის შვილია და ის ღრმად ეთნიკურია. იოსებ სტალინი ქართულ სისასტიკეში დაიბადა – მიწაზე, სადაც ადამიანის ფასი მის დაბადებამდე ერთი საუკუნით ადრე ზუსტად იყო განსაზღვრული და, მოგვიანებით, როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორი გახდა, მან ეს ფასი დაადო სულ სხვა ეპოქის ადამიანებს, მხოლოდ გაცილებით დიდი მასშტაბით.
სტალინი დაიბადა პატარა სტალინების, სენტიმეტალური, სტუმართმოყვარე, დიდი და პატარა ტირანების ქვეყანაში და ამის უარყოფის საშუალებას დაუნდობელი ისტორია არ გვაძლევს. დღესაც, ჩვენში საკმაოდ დიდი დოზით არის სისასტიკის მიმართ იმუნიტეტი, რომელმაც თავის დროზე სტალინი შექმნა. შესაძლოა სწორედ ამ იმუნიტეტმა, სტალინის სიყვარულმა გადაატანინა საქართველოს მოსახლეობას ციხის ცნობილი კადრები 2012 წლის შემოდგომაზე. შესაძლოა, სწორედ დიდი ბელადის მიმართ სიყვარულის დამსახურებაა, რომ ქართველებს დიქტატურის ზღვარზე მყოფი რეჟიმების ერთიმეორით ჩანაცვლება, თაღლითების, განგსტერების სახელმწიფო რანგში აყვანა, მათთვის ჰიმნების, ლექსების მიძღვნა, თავდადება, სიცოცხლის გაწირვაც კი ძალუძთ. გაიხსენეთ თუნდაც სტალინის კულტის ხელყოფის წინააღმდეგ გამართული მანიფესტაციის დახვრეტა, რომელსაც დღეს ლამის უნგრეთის 1956 წლის რევოლუციასა და პრაღის 1968 გაზაფხულს ვუტოლებთ.
დიდი ხალხის პატარა ბელადის ძეგლების აღდგენის მოთხოვნა სავსებით ლოგიკურია. სტალინი ჩვენი ეროვნული სუპერვარსკვლავი, მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენი, უხეში ძალის, აგრესიის, შურისძიების ისეთივე პოპ-სიმბოლოა, როგორც ჩინგიზ ხანი, დუჩე, როგორც ბონაპარტი ან ადოლფ ჰიტლერი!
ტირანებს ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთი ტიპის ადამიანები აღმერთებენ და მათ, როგორც წესი, არცთუ დიდი კულტურული მარაგი აქვთ – ექსტრემალურ სიტუაციაში „შიმშილის“ შემთხვევაში პირველები აღწევენ რეკანიბალიზაციის კრიტიკულ წერტილს.
ქართველი სტალინისტები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, რომ სტალინისტია, სულაც არ ფიქრობენ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მათ გეოპოლიტიკური ოცნებებისთვის არც ფანტაზია ჰყოფნით, არც დრო. ეს უბრალო, უხეში და არაკულტივირებული ხალხია, რომლებსაც მძიმე ხელის პრინციპი სისხლში აქვთ გამჯდარი. ხელის, რომელიც მათ აიძულებს არ იზარმაცონ, არ მოიპარონ, არ იცრუონ... მოკლედ, დაიცვან ათი აუცილებელი ცნება
რამდენადაც ძლიერი ხელი ქართველებს ბოლო რვა საუკუნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ, ამიტომ მას – სოსო ჯუღაშვილს სცემენ თაყვანს, თორემ ადოლფ ჰიტლერი რომ ჩვენი თანამემამულე ყოფილიყო არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ ნაციზმთან, ნაპოლეონის შემთხვევაში კი უიკენდის სამკუთხაქუდიანი ბონაპარტისტები გახდებოდნენ.
თვით პრეზიდენტ სააკაშვილის ფენომენი ძლიერი ხელის ილუზიასთან არის დაკავშირებული და არა მის რეალურ რეფორმატორულ ნიჭთან. ეს კაცი თავისი კარიერის მანძილზე უზომოდ გადაჭარბებულ, მხდალი დიქტატურის ხარისხში აყვანილ ძალაუფლებას სწორედ სტალინიზმის ფენომენს უნდა უმადლოდეს... ამ უკანასკნელსა და ეგრეთ წოდებულ მიშიზმს შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებში და დეტალებშია. მთავარი მსგავსება ამ ორი სისტემის იდენტურ რეპროდუქციულობაშია: ისევე როგორც სტალინმა ხრუშჩოვი – მიშიზმმა სულ ახლახან ახალი „ძლიერი ხელის“ ოცნება შვა – ხელის, რომელიც შენს მაგივრად აშენებს, დასჯის, იბრძოლებს, იმუშავებს… 
ძლიერ ხელთან დაკავშირებული ყველა ილუზია, საქართველოში, ყოველთვის ზუსტად ასე, ახალი მძიმე ხელის ილუზიის შექმნით მთავრდებოდა.
კარნეგის ცენტრის მიერ 2012 წელს ორგანიზებული კვლევის მიხედვით საქართველოში 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ. და ეს ფაქტი მხოლოდ საქართველოს კულტურულ კატასტროფაზე მიუთითებს.
ასეთ კატასტროფებზე პასუხისმგებელია ყველა ის ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხს წლების განმავლობაში არა მარტო ვერ მისცემს დამოუკიდებელი ფიქრის კულტურას, არც კი შეეცდება... მეტიც, პირიქით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 24-საათიანი პროპაგანდით, სხვადასხვა ოინბაზური მანიპულაციებით, კონტროლი და მონოპოლია მოიპოვოს ადამიანთა აზროვნებაზე. ასეთი ხელისუფლება სწორედ იმ საბჭოთა მენტალიტეტის მოდელირებული გაგრძელებაა, რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს თავად ებრძვის.
„სტალინი“ ქართული სულის ბნელი ნაწილია. ის რუსეთამდე გაცილებით ადრე არსებობდა ჩვენში და ყოველთვის იარსებებს.
სტალინი ჩვენში მიძინებული კანიბალია, რომელიც დროდადრო იღვიძებს და ბესტიალურ მდგომარეობაში გვითრევს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი კანიბალის დამარცხება და შევეშვათ სხვისას.

***
დოუგლას ოუსლეი. ჯეიმსთაუნელი ჯეინის თავის ქალა და აღდგენილი  ცვილის ბიუსტი.

სულ ახლახან, 2013 წლის გაზაფხულზე, მსოფლიო პრესაში გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა მყარი მტკიცებულება – XVII საუკუნის დასაწყისში, ვირჯი
ნიის პატარა სოფელ ჯეიმსთაუნში, ინგლისელთა პირველ კოლონიებში გავრცელებული კანიბალიზმის შესახებ და ამით ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და დელიკატურ მხარეს ფარდა აეხადა. ამ სოფელს ცენტრალური ადგილი უჭირავს იმ ქვეყნის ისტორიის დასაწყისში, რომელსაც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატები დაარქვეს. აღმოჩენამ წერტილი დაუსვა მეცნიერთა შორის წლების განმავლობაში მიმდინარე დებატებს იმის შესახებ, ეწეოდნენ თუ არა კანიბალიზმს 1609-1610 წლის ზამთარში, საშინელი შიმშილობის მსხვერპლი ჯეიმსთაუნის მცხოვრებლები. სმიტსონიანელ მკვლევართათვის პასუხი დადებითია. 2012 წელს აღმოჩენილი 14 წლის მოზარდი ინგლისელ გოგონას თავის ქალა, რომელსაც მკვლევარებმა ჯეინი დაარქვეს, მეცნიერთა მტკიცებით, ამ ვარაუდს სრულიად ადასტურებს. თავის ქალაზე აღმოჩენილია ბასრი იარაღით მიყენებული უამრავი ჭრილობა.
სმიტსონიელმა ანთროპოლოგმა დუგლას ოუსლეიმ დაადგინა, რომ ჭრილობები მიყენებულია ბასრი იარაღით – მხოლოდ, გოგონას სიკვდილის შემდეგ, ტვინის ამოღებისა და მისი სახიდან ხორცის გამოცალკევების მიზნით.
ანთროპოლოგებმა თავის ქალის ნარჩენების მიხედვით ცვილით აღადგინეს ჯეინის ბიუსტი...ის მუზეუმში გამოიფინება.
ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენით, რა თქმა უნდა, არავინ აღფრთოვანებულა ამერიკაში... სავარაუდოდ არც ინგლისელები ამაყობენ იმით, რომ ამერიკის კონტინენტზე, ტუპინამბას ინდიელების გვერდით, მათი შორეული წინაპრებიც მისდევდნენ კანიბალიზმის პრაქტიკას. მაგრამ ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად აღიარეს. რატომ? – იმიტომ, რომ ამერიკელებისთვის, ანგლოსაქსებისთვის, ზოგადად  ევროპელებისთვის მამარდაშვილის – ბოლო დროს, ბანალობის რანგში აყვანილი –„ჭეშმარიტება“ სამშობლოს იმიჯზე ბევრად მნიშვნელოვანია. მათ ჰყოფნით გამბედაობა, საკუთარ ისტორიით კი არ იამაყონ, არამედ თვალი გაუსწორონ მას, შეისწავლონ, რაც შეიძლება მეტი სიმართლე აღადგინონ და მერე იქიდან რაიმე სასარგებლო ისწავლონ... სიმართლისთვის თვალის გასწორების გამბედაობა არის სწორედ ის საძირკველი, რაზეც გამუდმებით შენდება ეს ქვეყნები...
ალბათ შეგიმჩნევიათ – ჩვენს მუზეუმებში ჩვენი ერის ისტორიის მაკომპრომეტირებელს ვერაფერს ნახავთ... ჩვენი ისტორია საბჭოთა „პრაკატის“ ფილმებს ჰგავს – ცენზურაგავლილი, ამოჭრილი ეროტიული სცენებით.
ის დედის საშოსავით თბილი და კომფორტულია, იავნანასავით ფსიქოდელიურ-მედიტაციური.
ყოველი ახალი თაობა და, განსაკუთრებით, დღევანდელი – ამ ისტორიის ხიბლში ან მასთან ბრძოლაში ატარებს თავის ყველაზე კრეატიულ წლებს. ებრძვის მას, რაღაც არაადეკვატური, გადაჭარბებული აგრესიით... თავად ვერაფერს ქმნის ღირებულს, გარდა უკვე არსებული, სხვის მიერ შექმნილი ღირებულის უბადრუკი იმიტაციისა, რომელიც არაფერს არ ყვება და, ამდენად, არავის არაფერში სჭირდება... ისტორია თითქოს აღარ იწერება. თითქოს პაუზაზე დააჭირა ვიღაცამ თითი და მოკვდა.
ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი.
 წინა თაობამ არ თუ ვერ შექმნა ასე თუ ისე ღირებული კულტურა, რომელიც სილის გაწვნის, კონტრკულტურის პატივს დაიმსახურებდა. ამიტომ მცირეოდენი ქართველი ნონკონფორმისტები თავისი ინგლისურენოვანი შემოქმედებით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს სხვისი კულტურის ალტერნატივას ქმნიან, სულ სხვა საზოგადოებისთვის, რომელსაც არც კი იცნობენ ხეირიანად – თითქოს სხვის ისტორიას წერენ. ეს საკმაოდ ტრაგიკომიკურად გამოიყურება.
სინამდვილეში მათ არა თუ დასავლელი, თავიანთი თანამემამულეებისთვისაც არაფერი აქვთ სათქმელი. ეს არის მკვდარი მუსიკა. მკვდარი პოეზია, მკვდარი ნერვი...
მათ დააცინი არავინ ჰყავთ, რამდენიმე უსახო ქართველი ესტრადის „ვასკვლავისა“ და ოთხმოცს გადაცილებული მოხუცების გარდა, რომლებსაც სიცოცხლის დარჩენილ დღეებს საბჭოთა წარსულში რაღაც მითოლოგიური პრივილეგიების დაყვედრებით უმწარებენ. ეს ძალიან ადვილი და მოსაბეზრებელია. უფრო საინტერესო და შემოქმედებითი იქნებოდა თავიანთი ტოქსიკომანი მამების თაობის, 90-იანი წლების იდოლებთან ებრძოლათ, მაგრამ ასეთი იდოლებიც მაინცა და მაინც ბევრი არ ჰყავდათ... ყველას სათქმელი ირაკლი ჩარკვიანმა თქვა და მოკვდა. საზოგადოებამ ჩათვალა რომ ეს საკმარისია. მით უმეტეს სხვებს, რომლებიც – როგორც კოტე ყუბანეიშვილმა თქვა –„ყვინთაობას გადაყვნენ“, არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნიათ, სულ რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ისინი ვერ ბედავენ აჩვენონ შუა თითი თავიანთ „ჯიმ მორისონს“ – ირაკლი ჩარკვიანს, როგორც ამას სიდ ვიშასის თაობა აკეთებდა. და აი ჩარკვიანმაც, როდესაც დარწმუნდა, რომ ასეთი არავინ გამოჩნდებოდა, თავად აჩვენა საკუთარ პერსონაჟს შუა თითი და თავადვე მოკლა – ჯერ მეფე, მერე ირაკლი...
იშვიათად თუ უჩნდება ვინმეს კითხვა, თუ რამ აქცია ისინი ერთგვარ კულტურულ მედუზებად – ცვედან ჰერმაფროდიტებად, რომლებსაც ლოკოკინებივით საკუთარი თავის განაყოფიერებაც კი არ ძალუძთ, რის გამოც საკუთარ თავშიც კი ვერ ბადებენ ვერაფერს და უნაყოფოდ კვდებიან... მათი ლიბიდო მინიმანიფესტაციებია, ადრენალინი კი კოლექტიური პროტესტის გამოხატვა ამ მანიფესტაციებზე... მათ უჭირთ მარტო დარჩენა – მარტოობის ტკივილში კარგა ხნის წინ, სხვის მიერ დანგრეული ძველის გადარჩენილ საძირკველზე ახლის შექმნა, რადგან საძირკველის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან.  
 ამიტომ არ იბადება საქართველოში ნამდვილი კულტურა, რომელიც ეპოქას შექმნის, ააშენებს, თავისივე ვიბრაციაში კონტრკულტურას შობს და რამდენიმე წელიწადში დაანგრევს, რომ თავად იქცეს კულტურად, მერე კი ისევ შობოს ახალი, თავისივე ტერმინატორი კონტრკულტურა და ა.შ.
ჩვენ, ამ ციკლის ნაცვლად, ვარსებობთ იმისთვის, რომ ერთმანეთი შევჭამოთ, მერე ერთმანეთი ვშობოთ და ისევ შევჭამოთ... ამით კომფორტული გარემო შევუქმნათ თვითმარქვია დიდ და პატარა მაფიოზებს, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, საკუთარ კლანებს კი – პარტიებს.
ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა, თავისი არსებობის ძალიან ადრეულ ეტაპზევე, რელიგიური და ნაციონალისტური ექსტრემიზმის მძევალი ხდება, რადგან ამის სანაცვლო და საპირწონე იდეოლოგია თავად არ გააჩნია. ის ზუსტად ისევე იყენებს ზემოხსენებულ იდეოლოგიებს თავისი პოლიტიკური ეგზისტენციალური პრობლემების გადასაწყვეტად, როგორც მაფიოზ ნათლიმამებს, შემდეგ კი იძულებული ხდება ხარკი გადაუხადოს.
სწორედ ამიტომ, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერც ერთი მათგანი ვერ იწყებს რეალურ „კულტურას“, ვერც ერთი მათგანი ვერ ხდება რეალურად პროგრესული რეფორმატორი – ძალა, რომელიც ქვეყანას ბევრად უფრო საშიში სიბნელიდან ამოიყვანს, ვიდრე უბრალოდ უშუქობაა. ამ სიბნელიდან ქვეყნის ამოყვანას შეძლებს მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეყოფა გამბედაობა თქვას პრინციპული „არა“ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროებაა – თუნდაც ასჯერ, ათასჯერ თქვას... რამდენჯერაც საჭრო იქნება; რომელიც არ შეუშინდება საკუთარი პოლიტიკური კარიერის ეჭვქვეშ დაყენებას პრინციპების, იდეის სასარგებლოდ, რადგან თუ პოლიტიკოსს ან პოლიტიკოსთა გუნდს არ გააჩნია იდეა, რომლისაც ჯერა, არ აქვს მეთოდი, რომლითაც მას განახორციელებს და სიმამაცე, რომლითაც მას დაიცავს, ის ვერასდროს ვერავის ვერ გადაარჩენს – მით უმეტეს სახელმწიფოს, რომელსაც, თავის მხრივ, უდიდესი როლი აკისრია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
შეცდომაა, საზოგადოების არაპროგრესულობა სახელმწიფოსგან განყენებულად განვიხილოთ. საზოგადოება და სახელმწიფო არასდროს არ იზრდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ისინი სიამის ტყუპებივით ერთმანეთს ზრდიან, ან ღუპავენ. შეცდომაა ყველაფრის ერთზე ან მეორეზე გადაბრალება, რადგან ისინი ორივენი პასუხისმგებლები არიან, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით, სახელმწიფოს, თუ მის სახეს – ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი აქვს. ეს ძალაუფლებასთან ფლირტის საფასურია: გამუდმებით უსიტყვო მზადყოფნა გილიოტინისთვის. მაშინაც კი როდესაც დამნაშავე არ ხარ, გასაჩივრების და სხვაზე გადაბრალების უფლების გარეშე.
სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომას, ნებისმიერ ცუდად დაწერილ კანონს, მის აპლიკაციას, შეუძლია გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს ნებისმიერ საზოგადოებას, თუმცა ის აუცილებლად ბუმერანგივით უბრუნდება უკან სახელმწიფოს... შემდეგ კი კვლავ საზოგადოებას და ა.შ.
სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობის ჰარმონია არის სწორედ კულტურა, რომელიც იბადება იქ, სადაც მთავრდება კანიბალიზმი.

21 აპრილი. 2013  Nice

1 commentaire:

Unknown a dit…

ერთი კითხვა შეიძლება დაგისვათ>