ღალატის ეტიმოლოგია
(ჟურნალი "ლიბერალი"10.09.2012)
მას შემდეგ, რაც ორმოცდაათიანი წლების გარიჟრაჟზე, გორის სადგურის ბუფეტის დამკვრელებმა პირველად შეასრულეს ცნობილი ჰიტი “პატარა გორი დიდია - იქ დაიბადა სტალინი”, საქართველოში, ქვეყნის ცოცხალ უმაღლეს პირზე სიმღერა და, მით უმეტეს, ჰიმნი არავის დაუწერია.
ვიდრე, ერთ მშვენიერ დღეს, საბჭოთა კავშირის ნარჩენებიდან მომავალი ეკო-ტერორისტი და აწყვეტილი "ნონკონფორმისტი" გოგა ხაჩიძე არ გამოძვრა თავისი დოლ-გარმონით და “მიშა მაგარიათი”. ეს უცნაური პოპ-მინისტრი, გასულ წელს, ქართველმა ლიბერტარიანელებმა და მასთან დაახლოვებულმა ბეისბოლის ქუდიანმა “ქულ ინტელიგენციამ”, ნონკონფორმისტად, უფრო მეტიც, პანკ-როკერად აღიარა, ხოლო ჰიმნის მიხედვით გადაღებული პროპაგანდისტული კლიპი - თავისუფალი სულის ამბოხად.
როგორც ჩანს, წარჩინებულმა ჩინოვნიკმა ხაჩიძემ მართლაც დაიჯერა, რომ ანარქისტია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არჩევნების მოახლოვებასთან და ქართული ოცნების "შემაშფოთებელ" წარმატებებთან ერთად, მისი გუნდის სხვა წევრების აროგანტულობის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ რამდენადაც ხელისუფლებაში ნონკონფორმისტი პანკის როლი მხოლოდ ხაჩიძეს აქვს, ამდენად ის, კულტუროლოგიური თვალსაზრისით, ხელისუფლების დოლგარმონის დამკვრელებთან შედარებით, გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. მით უმეტეს, როგორც ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთი” იუწყება, საკანონმდებლო ორგანოში მოსვლისთანავე, დეპუტატობის ანარქისტი კანდიდტისგან, როგორც ჩანს, პანკ კულტურაში ინოვაციური ელემენტების დანერგვას უნდა ველოდეთ: აგვისტოს ომის თემაზე, “მე-9 არხის” ეთერში გასული დოკუმენტალური ფილმის შესახებ საუბრისას ის სინანულით იხსენებს, რომ ნათია მიქიაშვილის ნაირებს "ადრე ცხენის კუდზე აბამდნენ" : "თუ ჩვენი კანონმდებლობა ამას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის და ღალატის კვალიფიკაციას არ აძლევს, მაშინ კანონია დასახვეწი. დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი გამოასწორებს ამ საკითხს. ესენი ჩვეულებრივი, მარტივი მოღალატეები არიან, ადრე ასეთებს ცხენის კუდზე აბამდნენ...”
გრავიურა XV საუკუნე |
დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ნონკონფორმისტი კანდიდატი ახერხებს ერთმანეთთან შეათავსოს პანკ კულტურა და შუა საუკუნეებისა და საბჭოთა ინკვიზიციის მეთოდები. ეკოლოგისტისთვის, ცოტა არ იყოს, ზედმეტი სისასტიკეა, მაგრამ სამაგიეროდ - ინოვაციური.
დაახლოებით სამი დღის შემდეგ, იგივე ექსმინისტრმა, “მაესტროში”, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრში”, პოლიტიკურ კონკურენტებთან დისკუსიისას, ზუსტად ის ბრალდება ამოაძვრინა ჯიბიდან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ბოლშევიკები იყენებენ ხოლმე - “ღალატი”.
ეს პატარა, ცრუ ნონკონფორმისტი, ცხადია, ვერანაირად ვერ გახდებოდა ყურადღების საგანი, საქართველოს ხელისუფლების ეჟოვისეული რიტორიკისა და პრაქტიკის კრებით მორალურ სახეს, ერთგვარ ფენომენს რომ არ წარმოადგენდეს.
გადაჭრით შეიძლება ითქვას: ეს ჩვენი დროის ტრაგედიაა. საბჭოთა აგიტპლაკატიდან საკანცელარიო მაკრატელით გულმოდგინეთ ამოჭრილი უტიფარი პერსონაჟები ბედავენ და სხვებს, არა აქვს მნიშვნელობა, ვის - საქართველოს უკან, წარსულში დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებენ. ეს ადამიანები შორეული, უკვე არარსებული, გახუნებული საბჭოთა წარსულით ცდილობენ გადაფარონ თავისივე შექმნილი ცოცხალი, უახლესი "საბჭოთა" წითელი წარსული, რომელიც სათავეს 2003 წელს იღებს. უტიფრად ცდილობენ მის გათეთრებას, გულმოდგინეთ რეცხავენ, ხეხავენ მუჭში ღრუბელივით მოქცეული იმ ადამიანების ნერვებით - ვინც ზუსტად ვიცით, საიდან მოვდივართ, ვისაც მათ მიერ უნიჭოდ გადახატული სოცრეალისტური ტილო იმ წარსულის უსიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს, სადაც დაბრუნებას სიკვდილი გვირჩევნია. ეს მეჰიმნე "პანკი" და მისი კოლეგა მედოლეები და მეგარმონეები კი უტიფრად გვიცხადებენ, რომ ვინც მათ არ ვუჭერთ მხარს, იქ, წითელ ჯოჯოხეთში გვსურს ქვეყნის დაბრუნება... ჯოჯოხეთში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი, რომლის ყველაზე მთავარი, კონცეფციის რანგში აყვანილი შანტაჟის საშუალება სწორედ ეს იდიოტური სიტყვა - ღალატი გახლდათ. უფრო მეტიც, ეს სიტყვა საბჭოთა კავშირის საფლავივით ცივ ფუნდამეტს უმაღლესი ხარისხის ცემენტივით კრავდა.
ღალატი - ამ ფუნდამეტში დამალული ულვაშა საბჭოთა კოშჩეის სულია. ყველაფერი დანარჩენი - რეპრესიები, გულაგი, დაკეტილი საზღვრები, ჯინსებისა და საღეჭი რეზინის დეფიციტიც კი, მხოლოდ აქსესუარებია, რომელთა "ფასი" კაპიკი იქნებოდა ღალატის გარეშე.
საბჭოთა კავშირმა რღვევა სწორედ "მოღალატეთა" წყალობით დაიწყო. 80-იანი წლების ბოლოს კი მათ მიერ "ღალატის" კონცეფციის სრული დემისტიფიკაცია, გაშარჟება მოხდა. შურისძიებაც კი არ უფიქრია ვინმეს.
და აი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტმა მიაგნო, მოუარა, გაამხნევა, პოსტსაბჭოტა დეპრესიიდან გამოიყვანა, შუშის გუმბათიანი ტაძარიც კი აუგო იგივე უბანში, რომლის სოროებშიც, ერთ დროს, რევოლუციის გარიჟრაჟზე, თხუნელასავით დაძვრებოდა და გაზეთებს ბეჭდავდა მომავალ მოღალატეებთან ერთად.
ძალიან მალე, პრეზიდენტმა ღალატი საქართველოს ხერხემალად, ჩვენი არსებობის ერთადერთ დამადასტურებელ არგუმენტად აქცია. ჩვენ ვცოცხლობთ, როდესაც ვიღაცისკენ თითს ვიშვერთ და სრულიად უფასოდ ბრალს ვდებთ ზუსტად იმ დანაშაულში, რომლის გულისთვის ჩვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ხვრეტდნენ, აწამებდნენ, გულაგში აგზავნიდნენ წლობით! ხელისუფლების პოლიტიკური დისკურსის ამოსავალი წერტილი არის ღალატი, და სწორედ ეს არის საბჭოთა კავშირი, ზუსტად ეს და სხვა არაფერი. მისი კოშჩეის კიდევ ერთხელ გადამალული უკვდავი სული.
საბედნიეროდ, მისი გაშარჟება უკვე დაიწყო და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 80-იან წლებში, თუმცა, როგორც ჩანს, ის მართლაც უკვდავია და შესაძლოა ჩვენი, ქართველების საზიდი ჯვარიც კია, იმის საფასურად, რომ ესეთი მონსტრი მივეცით მსოფლიოს. იქნებ სწორედ მოღალატის ჯვარის თრევაა ჩვენი “სულიერი მისია?”
ამ ჯვარისგან დროდადრო, სულის მოსათქმელად მაინც განთავისუფლება ძალიან ადვილია. ამისათვის მხოლოდ სიტყვა მოღალატის გაშარჟება და მერე დავიწყებაა საჭირო, მეტი არაფერი. მით უმეტეს, ამას ვერავინ შეამჩნევს, რადგან ჩვენს, 21 საუკუნეში, ქვეყნები, სადაც ღალატი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მორალის ორიენტირია, მხოლოდ და მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების მარგინალური ქვეყნებია.
ღალატის კონცეფციის აგიტატორები, რა თქმა უნდა, არავითარი ნონკონფორმისტები არ არიან, არც კონფორმისტები... ისინი უბრალოდ სასაცილო წითელცხვირიანი კლოუნი მენაგვეები არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” ოფისის წინ სამშენებლო ნარჩენებში საგულდაგულოდ დამალული, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური უკვდავების სული, შემთხვევით, ნაგავს გააყოლეს.
პ.ქ.
6 Septembre 2012 Paris
1 commentaire:
ვერაფერს იტყვი. და წერილზე მეტად ჩვენი სანაქებო მინისტრის საზრიანობასა და პატრიოტიზმზე. ეს დიადი ხელოვანები თავიანთ აზროვნებით ნამდვილად უტოლდებიან (თუ არ უსწრებენ კიდეც) ბოლშევიკური პარტიის პატარა აგიტატორებს, რომელთა ცხოვრების მთავარი არსი მხოლოდ ის იყო, ბელადისათვის და პარტიისთვის თავი მოეწონებინათ. ისე კი ნათია მიქიაშვილის ადგილას მაინც ფრთხილად ვიქნებოდი, ძლიერ ემუქრება მას თანამედროვე "ინტელიგენცია", ამას წინათ ხომ იგი თვით ნიკა ქავთარაძის რისხვის ობიექტიც გახდა! :))
Enregistrer un commentaire