ლევანის ამბავზე ისე გამეყინა გული, საერთოდ მეტყველების უნარი დავკარგე რამდენიმე საათით.. „დოსიეს“ ჩაწერიდან როგორც კი გამოვედი და მანქანაში ტელეფონი ჩავრთე, მაშინვე დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა წყნეთის გზაზე. კარგა ხანს ჩუმად ვიჯექი. მერე რომელიღაც „კრიტიკული არხის“ სიუჟეტი გამომიგზავნეს, ჟურნალისტი გოგონა რაღაცას ტიტინებდა , იქ შემთხვევით გამვლელ ჩემს მეგობარს, პაატა ჩხენკელს დასდევდა მიკროფონით, გინდა თუ არა ლევან კაჭრავას ადვოკატი ბრძანდებით და გვითხარით ვინ ესროლაო... მერე ტელეფონით გადაღებული დაცხრილურ მანქანას ანახეს. კამერამ ნელნელა მანქანისკენ მოძრაობა დაიწყო, მაშინვე მივხვდი რის ჩვენებასაც აპირებდნენ და სასწრაფოდ გამოვრთე. არა მარტო იმიტომ, რომ ასეთი კადრების საჯარო ჩვენება ამორალობის უმაღეს გამოვლინებად მიმაჩნია.. მაშინ ამაზე არ მიფიქრია... ლევანს ვინც კარგად იცნობდა დამეთანხმება, რომ „საზოგადოების მოჭარბებული ინტერესის დასაკმაყოფილებლად“ მისი უსულო სხეულის ეს ამაზრზენი საყოველთაო გამოფენა ტელეარხების მიერ, ავტომატით ჩაცხრილვაზე მეტად შეზარავდა, ნახვა რომ შეძლებოდა. მე კი არასდროს არაფერს გავაკეთებ ისეთს მიცვალებულთან მიმართებაში, რაც ვიცი რომ ცოცხალს არ მოეწონებოდა. ან ვის შეიძლება მოეწონოს, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ათასობით ცნობისმოყვარე ნეკროფაგი ვოიორისტი გითვალთვალებს და აზრადაც არ მოსდის, რომ ადამიანს ნებისმიერ მდგომარეობაში გააჩნია ღირსება და თუ შენც ადამიანი გქვია, პატივი უნდა სცე.. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავისი ღირსების დაცვა თვითონ აღარ შეუძლია. მაგრამ ეს რომ გესმოდეს, ჯერ ცოცხლების ღირსების დაფასების უნარი უნდა გაგაჩნდეს.. რაც ქართული მედიის „ავანგარდს“ სრულად ატროფირებული აქვს.
გასვენებამდე ოთხი დღე ლევანის სახლის ეზოში დავბოდიალობდი. ვცდილობდი რამე გამამხნევებელი მომეფიქრებინა და მეთქვა ნინოსთვის , ბავშვებისთვის, ანდროსთვის, მაგრამ ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე, რაც მათ მწუხარებაში ჩარევად, ხელის შეშლად ღირდა. ყველაზე მეტად სამძიმრის სიტყვების პოვნა მიჭირდა ყოველთვის. რისი თქმაც არ უნდა დავაპირო, ისეთი ყალბი მეჩვენება, რომ საკუთარი თავი მძულს ხოლმე და სიტყვები არ ამომდის. მწუხარება ყველაზე ფუნდამეტურად ინტიმური განცდაა. ამ მდგომარეობაში ადამიანი გვერდში დგომას უნდა გრძნობდეს და არა ზედმეტ ენთუზიაზმს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯეროდა ყოველთვის. ამიტომ ჩუმად გავატარე ბოლო ოთხი დღე ეზოში, ჩემი მეგობრის ახლომახლო .. როგორც სხვებმა, ჩემზე ბევრად ძველმა მეგობრებმა...
ჩვენ სულ ათი წლის მეგობრობა გვაკავშირებდა. პარიზში გამაცნო ნინომ. ერთად ვივახშმეთ, მგონი იაპონურ რესტორანში. მერე ნინო მანქანით დაბრუნდა სახლში. ლევანმა, გავისეირნოთო, ხელი გამიყარა მკლავში და მას შემდეგ არც გაუშვია. ასეთი ინტენსიური მეგობრობა ძალიან იშვიათად მქონია ვინმესტან. ... ბევრს დავდიოდით ფეხით და ვსაუბრობდით. ათას რაღაცას ვუყვებოდით ერღმანეთს. სულ მეუბნებოდა დაბრუნდი საქართველოშიო, რატომღაც ჯეროდა, რომ საჭირო კაცი ვიყავი აქ. სიმართლე გითხრად იმდენად აბსურდული მეჩვენებოდა ეს იდეა, სერიოზულად კარგა ხანს არ აღვიქვამდი. ერთხელ ვუთხარი, საქართველოში აღარაფერი არ გამაჩნია, რომც ჩამოვიდე სად ვიცხოვრო მეთქი. რამდენიმე თვეში დამირეკა თბილისიდან. ლამაზი პატარა სახლი ვიყიდე კალასუბანში და ჩათვალე ეგ პრობლემა აღარ გაქვსო... ეს რამდენიმე თვით ადრე მოხდა, ვიდრე 1 არხიდან სამუშაო შემოთავაზებას მვიღებდი... მართლა ფანტასტიკური პატარა სახლი იყო. პატარა ეზოთი და ზღაპრული ხედით მთელ თბილისზე. დღემდე მენატრება და ალბათ ყოველთვის მომენატრება ... მაგრამ ღამის ხმაურმა და უძილობამ დამტანჯა და პანდემიის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მცხეთაში გადმოვედი. ლევანთან სულ მცხვენოდა, ხმაურზე რომ ვწუწუნებდი.. ამხელა გულით შეეცადა რომ ჩამოვსულიყავი და კომფორტულად მეგრძნო თავი... ის სახლი და და ლევანის დაჟინება რომ არა მე თბილისში ჩამომსვლელი ნამდვილად არ ვიყავი.. . არა და ჩამოსვლისთანავე, ჯერ ერთმა „ქრიზმატულმა“ დეპუტატმა გამომაჭენა პარლამენტის ტრიბუნიდან: ბიძინა ივანიშვილმა პარიზიდან „საზ.მაუში“ დესანტი გადმოსხაო, მერე მეორე ერთ ასევე ქარიზმატულ, კრწანისის რაიონის „მოდნიკ“ დეპუტატს განუცხადებია სამეგრელოს რომელიღაც რესტორანში, პარტიულ ღონისძიებაზე, მგონი საპრეზიდენტო კამანიისას, უმადურია, ამხელა პატივი ვეცით, ჩამოვიყვანეთ თანამდებობაზე დავნიშნეთ და ეხლა რეებს წერს ჩვენზეო... ორივეს ზუსტად ის შევუთვალე რასაც იმსახურებდნენ, მაგრამ მე აბა რა უნდა შემეთვალა იმაზე უარესი, რასაც წლების განმავლობაში ისმენენ მათი მისამართით ყოველდღიურად.. ასეთებს ხომ იცით, ელიავას ბაზრობაზე ლამინირებული ლაპლაპა სულები აქვთ...არა თუ სხვის, საკუთარ ღირსებსთანაც კი ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც იმ მანიაკ ჟურნალისტებს, ქუჩა-ქუჩა გვამებზე რომ ნადირობენ...
ლევანს არასდოს უხსენებია თავისი დამსახურება ჩემს „ოდისევსისეულ“ დაბრუნებაში. მადლობის თქმის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, როგორც კი დავიწყებდი, მაშინვე ისე ხისტად ცვლიდა თემას, რომ ვხვდებოდი, არ სიამოვნებდა და გაგრძელებას აზრი არ ქონდა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე... ისე წავიდა, ერთი ხეირიანი მადლობაც ვერ ვუთხარი ყველაფრისთვის, იმ განსაკუთრებულად დელიკატური მეგობრობისთვის, სითბოსთვის და ყურადღებისთვის რაც ამ ათ წელიწადში მივიღე მისგან.. არც ახლა ვაპირებ ამ გამოტოვებული მადლობის საჯაროდ თქმას. არა მარტო იმიტომ რომ პათეტიკურად მეჩვენება - ზემოთაც გითხარით, წასულებთან, ამ შემთხვევაში ლევანთან მიმართებაში არასდროს არ გავაკეტებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლეში უხერხულად აგრძნობინებდა თავს.
ლევანის დაბადების დღეზე არასდროს ვყოფილვარ. ისე მოხდა, რომ ამ დღეს ვერც ერთხელ ვერ გადავიკვეტეთ ვერც თბილისში, ვერც პარიზში.. ტელეფონით ვულოცავდი ხოლმე.
დღეს პირველად მომიწევს მასთან მისვლა. ამის შემდეგ, სულ იქ იქნება. ყოველთვის, როდესაც ამ დღეს თბილისში ვიქნები - შევუვლი...სანამ ვერის სასაფლაოს აღმართის ასავლელად მუხლებში ძალა მეყოფა.
PS/ ეს ჩემი ერთადერთი ფოტოა, ლევანთან ერთად - ჩემს დაბადების დღეზე.. სწორედ იმ კალასუბნის სახლის ეზოშია გადაღებული.. რომელშიც ჩემი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი წელი გავატარე.