გიო ცინცაძეს..
"თბილისს ვეღარ იცნობ!" - A/V
დრო და დრო ჩემს საბჭოთა ახალგაზრდობაში ნანახ ფრანგულ ფილმებს ვუყურებ ხოლმე. განსაკუთრებით პოლიციური ჟანრის , დევნა პარიზის ქუჩებში, ტრადიციულ ბისტრობსა და კაფეებში გადაღებული სცენები. ბელმონდო, დელონი, ბარსელინო...ან შიში ქალაქში... ნანახი გექნებათ. ეხლახანს წავაწყდი რომელიღაც პატარა ტელეარხზე და თვალი ვერ მოვწყვიტე. ესეთ დროს თავს ისე ვგრძნობ. თითქოს მაშინდელ აუხდენელ ოცნებაში მოვხვდი... სამოცდაათიანი წლების პარიზში... და მსიამოვნებს. მას შემდეგ ამ ქალაქში ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ავტომობილებისა და ავტობუსების მოდელების გარდა, ჩაცმისა და ვარცხნილობის მანერით თუ მიხვდებით, რომ ეს ფილმი 77 წელშია გადაღებული და არა დღეს, დანარჩენი იგივეა, იგივე ფასადები, კაფეები, მათი დასახელებებიც კი - იგივე შინდისფერ ტენტებზე, ისეთივე ტერასის მაგიდები, სკამები, ჭიქები, ქუჩის დახელების აღმნიშვნელი აბრები, ლამპიონები, მეტროს ჩასასვლელები, ჟურნალების კიოსკები... იგივე მერხები და სკამები ბულვარებში, პარკებში, როგორც იმპრესიონისტების ნახატებში...
მერე
არქივებს ჩავყევი, რევოლუციური
სამოციანი წლები, გაჯეტების
ორმოცდაათიანი, ოკუპირებული
ორმოციანი, კრიზისის ოცდაათიანები,
აწყვეტილი ოციანები... , კუპოლი,
დემაგო, კლოზე დელილა, პირველი
დიდი ომი- ათიანები, კიდევ
უფრო ადრე ბელ ეპოკ ანუ ლამაზი
დროება... სადამდეც კინო არქივები
მეყო...
ბანალურია,
მაგრამ პარიზი ყოველთვის
პარიზია, მარადიული, როგორც
რომი, ლონდონი, ვენეცია...
ყველაფერი ძალიან დინამიურად
იცვლება, სახე, გამომეტყველება,
თვალები, ხმა... იგივე რჩება;
უნკალური და განუმეორებელი.
ამიტომ უყვარს ეს ქალაქი ყველა
თაობას, ამიტომ იზიდავს
ადამიანებს მეორედ, მესამედ...
ამას
ერთხელ დილის 6 საათზე მივხვდი,
როცა ნოტრ დამის გვერდით. 50
იანი წლების ბოლოს ლეო ფერეს
გახსნილი ერთი ციცქნა კაბარედან
გამოსული მარად ღია კაფე «Le
Depart Saint-Michel -ის ტერასაზე, სხვა
ჩემსავით ნამთვრალევ ტიპებთან
ერთად უშედეგოდ ვცდილობდი
ყავით და კრუასანტით, ალკოჰოლის
უსიამოვნო გემო გამექრი
პირში..... როგორც ჰემინგუეი
ძალიან ბევრი წლების წინ. ,
ზუსტად ისეთივე მაგიდსთან
ისეთივე სკამზე ვიჯექი..ზუსტად
იმ პეიზაჟს ვუყურებდი ისეთივე
პახმელიაზე...
ეს
ქალაქი უბერებელ შეყვარებულს
წაგავს, რამდენი წლის შემდეგაც
არ უნდა დაბრუნდე ყოველთვის
ისეთი დაგხვდება, როგორიც
შეიყვარე,. ყოველთვის შენი
ასკის იქნება, როგორც მაშინ,
როცა პირველად ნახე, და ისეთივე
იქნება მაშინაც, როცა უკანასკნელად
ნახავ. კოსმეტიკით შენიღბული
ერთი ნაოჭიც არ გაუჩნდება
თქვენს სიყვარულს. რადგან
მას თავისი განუმეორებელი
სახე აქვს, და მისი კორექტირების,
ფერუმარილით მის უშნოდ და
უგემოვნებოდ შეთითხნის
უფლება არასდროს არავისთვის
არ მიუცია, თვით ადოლფ ჰიტლერსთვისაც
კი... ამიტომ ეს სახე მუდამ თან
გდევს, მუდამ შენთან არის, ხან
ჰემინგუის დღესასწაულივით,
ხან სელინის ირონიული ტკივილივით,
ხან არტოს შეშლილი ყვირილივით,
ხან კი « წითელი ბუშტივით»...
მე
დავიბადე ამოტრიალებული
ფერადი ქოლგასავით გაშლილ
ქალაქში, რომელიც ხანდახან
თავბრუდამხვევად ტრიალებდა
თავისი სახლებით, ტროლეიბუსებით,
ადამიანებით, პარკებით, ძველი
ბიჭებით, სახინკლეებით, ღიპიანი
მილიციონრებით, ჭორებით,
თავისი ბევშვური ტყუილით და
თავისი ჯიუტი სიმართლით... ამ
ქალაქს ადრე სახე ჰქონდა.
მერე დაკარგა. ეხლა მიშა
კობახიძის შავ თეთრი ქოლგასავით
ხან ვის აედევნება ფარფატით,
ხან ვის... მათ შორის მეც. ძალიან
მეცოდება ისიც და ჩემი თავიც.
თუმცა პარიზი სულ ცდილობს
ამის კომპენსირებას, რაც უფრო
კარგავს თბილისი სახეს, მით
უფრო ცდილობს... ალბათ ვეცოდები, მითანაგრძნობს და... ხანდახან თბილისს ემსგავსება ხოლმე. აქ ბევრი რამ
მაგონებს იმ დაკარგულ სახეს,
რომელსაც მინდა თუ არა, ყოველთვის
თან ვატარებ როგორც ღირსებას.
ხანდახან ქუჩაში
სრულიად მოულოდნელად, ვგრძნობ
რომ რომელიღაც შენობასთან,ხესთან,
ვიღაცის ხმამაღალ სიცილსთან
, ან ფანჯრიდან გამოსულ მუსიკასთან
წამიერი სინქრონიზაცია ხდება
და ვთბები...მყოფნის.
რაც
თავი მახსოვს სულ ამას ამბობენ.
დამშვენდა და გალამაზდა ჩემი
თბილისი!...როგორც ძველ საბჭოთა
კინოქრონიკებში. რომ ისე
შეიცვალა, ვეღრ იცნობ, მართლაც,
რამდენჯერ შეიცვალა თბილისი
ვინ მოთვლის... თუ მე 19 საუკუნის
ფოტოებსა და გრავიურებს
შეხედავთ ტიპიური ჭუჭყიანი
აღმოსავლური ქალაქი იყო,
რომელსაც გრაფმა ვორონცოვმა
ევროპული იერი მისცა. მეოცეს დასაწყისში, უკვე ამბობდნენ,
თბილისს ვეღარ იცნობო... რას
ამბობთ!! გოლოვინიზე კონკა
დადიოდა!!! გასაბჭოების შემდეგ
თბილისი კიდევ შეიცვალა, მისი
აღმოსავლური იერი საბჭოთა
უხამსობამ ჩაანაცვლა, ბევრი
დაინგრა, კიდევ უფრო ბევრი
სიმახინჯე აშენდა, თუმცა ბევრი
ძალიან კარგიც.
გასაბჭოებამდე
თბილისში ნამყოფი უცხოელები,
ვინმეს კიდეც რომ შემოეშვა
წითელ საქართველოში ალბათ
გაუჭირდებოდათ არქიტექტირულად
გაათეისტებული, სოც რეალისტურად
დამშვენებულ და გალამაზებულ
ქალაქის ცნობა... მერე წითელი
კავშირი დაიხურა. ამის
აღსანიშნავად მაშინვე
ნიკოლაძისა და აბაკელიას
ბარელიეფები «აფხიკეს» იმელის
შენობიდან, მერე ერთმანეთს
ზარბაზნები დაუშინეს, და
ქალაქის სოცრეალისტური არქიტექტურა, "პოსტაპოკალიპტური რეალიზმით"შეცვალეს. მე სწორედ
ამ ამბების დაწყებამდე სულ
ცოტა ხნით ადრე გადავბარგდი
სხვაგან, სტაბილური არქიტექტურის
ქალაქში, და ოთხი წლის შემდეგ
დავბრუნდი პირველად რამდენიმე
დღით. მეუბნებოდნენ, რომ
ჩამოხვალ თბილისს ვეღარ
იცნობო., მართლაც გამიჭირდა
აბოლებული, შიმშილისგან და
სიცივისგან დაოსებული ქალაქის
ცნობა. მაგრამ მაინც თავისი
შარმი ქონდა – კარგად დაძველებული
დგახეხუილი, ალაგ ალაგ გახეხილი
ლევისებივით.
ვარდების
რევოლუცის შემდეგ კი საერთოდ
სხვა ქალაქში მგონია რომ
ჩავდივარ, უფრო სწორად სხვა
რაღაც გაუგებარი უშნო ქალაქის
კარგად განათებულ გარეუბანში.
ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო და
უფრო ვერ ვცნობ. ეხლა ამბობენ
მალე იმ ნარჩენებსაც ვეღარ
იცნობ, რაც რამდენიმე თვის
წინ ნახე, მაგალითად გუდიაშვილის
მოედანს და იმელის შენობასო.
ყველაფერს ფხეკენ, ქლიბავენ,
ღებავენ... საბჭოთა სიმბოლიკასაც
, მოდერნსაც, აღმოსავლურ,
მოდერნამდე ქალაქის ნარჩენებსაც...
რამდენიმე უბანი საფოსტო
ბარათების დეკორაციად გადაიქცა,
რომელიც სასურველია ღამე
გადაიღოთ. რადგან ისინი როგორც
მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქი
ღამე უფრო ეფექტურია. თან
კარგი სლაიდ შოუ გამოდის
ნოკტურნი ფოტოებით, ფეისბუკზე
დასადებად. ეტყობა ვიღაცას
ევროპა ესეთი გონია, ტურისტული
ავტობუსის მარშუტის გასწვრივ
აშენებული.
მაგრამ,
კარგი, დავუშვათ , მართლაც
ესეთია... ევროპა თუ არა მისისი
იმიტაცია მაინც. მაგრამ, აბა
მითხარით. , როგორ გინდა ესეთ
უგულოს აუხსნა, რომ ევროპის
იმიტაციაში კი არა ისეთ თბილისში
გინდა დაბრუნება რომელსაც
იცნობ, გიყვარს და არა გამუდმებით
ცვალებად, სილიკონითა და
ბოტექსით დაბერილ, ბებერ
ტრავესტი მეძავივით შეღებილ
, ბრჭყვიალა უშნო ქალაქში.
გინდა დაბრუნდე, როგორც პარიზში,
ლონდონში, ან რომში, რომელიც
საკუთარი გამოკეტილი ოთახივით
ზუსტად ისე დალაგებული
დაგხვდება, როგორიც დატოვე.
როგორ გინდა აუხსნა, რომ
თბილისი თბილისი უნდა იყოს
და არა ფლორენცია ან ისტამბული.
კიდევ უფრო ნაკლებად ამ
ქალაქების ჭუჭყიანი უსახო
გარეუბანი. რომ ბოლოს და ბოლოს
უნდა დამთავრდეს ეს გაუთავებელი
«თბილისს ვეღარ იცნობ», რის
გამოც თბილისმა ვერც ლონდონის
წითელი ტელეფონის ჯიხურები
და ავტობუსები შექმნა, ვერც
პარიზის ლამპიონები, და კაფეს
ტერასები, ან ჟურნალების
კიოსკები... რომ ისეთი სუვენირი
მაინც გამოუშვას, რომელიც დროს
გაუძლებს.
ამ
ქალაქს ყოველ ათ წელიწადში
ახალი სიმბოლოები უჩნდება,
ძველს კი ანადგურებს. აქ თითქმის
ვერასდროს ვერ უბრუნდები
საყვარელ კაფეს ან რესტორანს,
პარკს, სკვერს, კინოს... უბრალოდ
ძველ ადგილს, რომელთანაც რაიმე
რომანტიული ან უბრალოდ მოგონება
გაკავშირებს, , რადგან ისინი
უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ
ვერ ასწრებენ დაძველებას ,
მათ გამუდმებით არემონტებენ,
სახეს უცვლიან, და მერე
ფარშევანგებივით გაფხორილები
ამაყად გეუბნებიან – თბილისს
ვეღარ იცნობ!... ამიტომ გინდა
არ გინდა სენტიმეტალური ხდები,
და თან ატარებ იმ ქალაქს რომელიც
გიყვარდა. ესე უფრო პრაქტიკულია, სადაც გინდა, და როცა
გინდა ამოიღებ, ჯადოსნური
ხალიჩასავით გაშლი, მოარგებ
ნებისმიერ ქალაქს... და იხეტიალებ
მის ქუჩებში რამდენსაც გინდა
უსაქმოდ, მეგობრებთან ან
შეყვარებულთან ერთად, ან
სულაც მარტო. ბოლოს, რომ დაიღლები
ჯერ ლაღიძეში შეივლი, მერე
კინოში , ახალ გამოსულ ფილმზე,
ბელმონდოს მონაწილეობით,
რომელსაც «შიში ქალაქში» ქვია.
ეკრანში შეძვრები და 70 იანი
წლების პარიზში ამოყოფ თავს,
იქიდან კი 2012 წლის პარიზამდე
სულ ერთი გრძელი
და
ორი მოკლე ნაბიჯია მარცხნივ,
მერე
კიდევ ორი
ნაბიჯი მარჯვნივ და ერთიც
ისევ მარცხნივ... მუზეტის
ვალსივით.
პ.ქ.
12 ივნისი
2012
პარიზი
1 commentaire:
პაატა, როგორ მესმის თქვენი! და თბილისელები - თითქოს ეს ქალაქი მათი სარკეა, რომელში ჩახედვაც უფრო და უფრო აღარ უნდებათ... ისეთი განცდა მაქვს, რომ ზოგიერთმა ეს სარკე ჩამოხსნა და ძველი სახლის მიყრუებულ კუთხეში მიაყუდა, გადამალა, რომ უეცრად საკუთარ თავს არ შეეჩეხოს...
Enregistrer un commentaire