Une erreur est survenue dans ce gadget

3 juin 2012

Я памятник себе воздвиг нерукотворный !...

რადიო ცხელი შოკოლადი 31 მაისი 2012

აუდიო 

თუ გნებავთ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ქართული მთავარი ლიტერატურული პრემიის, საბას ფულადი ჯილდო დაახლოვებით ორასჯერ აღემატება ფრანგულ გონკურების აკადემიის პრემიას, რომელიც სულ რაღაც  ათ საცოდავ ევროს შეადგენს.

საბას ფინალური შოუს შედარება გონკურების სადა ცერემონიასთან  კი იგივე იქნებოდა ოსკარების ცერემონია მართლმადიდებლური კინოს ფესტივალის დახურვისათვის რომ შეგვედარებინა.. საბასგან განსხვავებით ფრანგული მთავარი ლიტერატურილი ჯილდოს გადაცემისას ვერ ნახავთ ვერც წითელ ხალიჩას . ვერც გამოპრანჭულ ქალბატონებსა და ბატონებს, მით უმეტეს ფანფარებსა და   ჯაზ ბენდს ....

ტრადიციულად გონკურების ათი აკადემიკოსი უკვე ერთი საუკუნეა რაც რესტორან «დრუანტში» სადილის ბოლოს, დესერტის შემდეგ - ხსნის კონვერტს და ასახელებს გამარჯვებულის ვინაობას. რესტორნის წინ ცხადია უამრავი კამერა და ჟურნალისტია. აკადემიკოსების გვარები გასაიდუმლოებული არ არის. ალბათ იმიტომ რომ ძნელი დასაჯერებელია საღად მოაზროვნე ადამიანმა ძმები გონკურების მიერ მე 19 საუკუნეში დაარსებული ლიტერატურული აკადემიის წევრების პატიოსნებაში ეჭვი შეიტანოს.

იმისათვის რომ ათიდან ერთ ერთი აკადემიკოსი გახდე, საკმარისია ფრანგულენოვანი მწერალი იყო და ცხრა დანარჩენმა ერთხმად დაგიჭიროს მხარი. ტიტულებს მნიშვნელობა არა აქვს. აქ საერთოდ ერთი შეხედვით ყველაფერი ექსტრემალურად უბრალოდ გამოიყურება. სამაგიეროდ რეზულტატია ექსტრავაგანტურად პრესტიჟული. გონკურების პრემიის ბენეფიტი სწორედ მისი პრესტიჟულობაა, რაც წიგნს ბესტსელერად აქცევს, და არა ფულადი კონპენსაცია..

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს გავაკვირვებ, თუ გეტყვით, რომ ამ წუთში თქვენ "ქართული გონკურების", ბოლო "საბას" ერთ ერთ, ესეისტიკის ნომინაციაში გამარჯვებულს უსმენთ – ჩემი გვარი ალბათ ერთი ორი ახლო ნათესავის, მეგობრისა და ჩემზე რატომღაც განაწყენებილი რამდენიმე მწერლის გარდა არავის არაფერს ეუბნება. ჩემთვის ცხადია არავის შემოუთავაზებია, არც დიდი, და არც პატარა ახალი ტირაჟები. ჟურნალისტებიც არ დაინტერესებულან რა დავწერე ისეთი , ასე თვალსა და ხელს შუა რომ ავწაპნე ოთხი ათასი ლარი ჩემს კონკურენტებს. თან ისე, რომ ცერემონიასაც არ დავესწარი -  პრემიის მიღების შესახებ პარიზში შევიტყე,

ჩემს გარდა სხვადასხვა ნომინაციაში კიდევ რვა ავტორმა გაიმარჯვა. არც მათ მიმართ შემინიშნავს განსაკუთრებული დაინტერესება ქართულ მედიაში. საბა თითქოს ერთგვარი მიზანია, რომელიც მიღწევის შემდეგ ყოველგვარ ფასს კარგავს. 
 

რაღაცით ჯეოსტარის მსგავს ტელე კონკურსებს წააგავს... რომელსაც მუსიკის სიყვარულის გამო არავინ არ უყურებს... უბრალოდ უფასო ექშენია, რომელსაც მაშინვე ივიწყებენ, როგორც კი მთავრდება...და საბრალო თვით- შემოქმედ მომღერლებს მარტო ტოვებენ თავიანთ ბრჭყვიალა მოგონებასთან იმ ხმაურიან ალიაქოთში, რომელსაც საქართველოში პირობითად პოლიტიკას ეძახიან და რომელსაც დაწყნარებას, როგორც ჩანს ჯერ არ უნდა ველოდეთ.

აქ მთელი საარსებო სივრცე იმდენად აქვს დაკავებული ამ აურზაურს, რომ ლიტერატურისთვის ადგილი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ჟურნალისტის თავში რჩება. მათგან კვალიფიციურად ალბათ კიდევ უფრო ცოტას შეუძლია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე ისე ისაუბროს, რომ მწერლებმა უკეთესი წიგნები დაწერონ, მკითხველმა კი წიგნის სიყვარული, და მწერლის შრომის დაფასება ისწავლონ,

დღესაც. პოლიტიკურმა კაკაფონიამ მთლიანად გადაფარა წიგნის ბაზრობა სადაც 26 მაისს საბას ნომინაციაში გამარჯვებულები უნდა გამოეცხადებინათ. არავინ იცის, მართლაც გამოაცხადეს თუ არა, ამ ინფორმაციას ადვილად ვერ იპოვით.

საერთოდ საქართველოს ერთი ნაწილი დღეს ძირითადად ოცნებითაა დაკავებული, მეორე კი მეოცნებეთა გინებით. 

ვიღას ახსოვს ეს საბრალო ნომინანტები, ისინი მხოლოდ მაშინ გაახსენდებათ როდესაც ცხოვრებაში პირველად, და იქნებ უკანასკნელადაც რამპებით განათებულ წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ჯაზ ბენდისა და აპლოდისმენტების თანხლებით, რომ აივნიდან ორიოდე სიტყვა წაილუღლუღონ იმის შესახებ თუ როგორი მადლობელები, ბედნიერები და აღელვებულები არიან და ა.შ... და მეორე დღესვე დაივიწყებენ.

მართლაც, ამაზე უკეთესი რა უნდა დაგემართოს მწერალს როდესაც იმ ქვეყანაში, რომელმაც წერა კითხვა გასწავლა ესეთ მნიშვნელოვან შეფასებას მიიღებს შენი ნაშრომი.

ჩემი ახალი წიგნის, «ექსპერიმენტული განცდების» პრეზენტაციაზე, როდესაც ჩემი კუთვნილი რკინის ფრთა გადმომცეს, მეც რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი იმის შესახებ რომ ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ღვინო დავლიეთ, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ შთამომავლობისთვის, და დავიშალეთ...

მეორე დღეს, ნაბახუსევზე ჩემმა ლონდონელმა მეგობარმა ავთომ და მისმა შვილმა სანდრომ კარგად, იუველირის ყურადღებით დაათვალიერეს ჩემი რკინის ფრთა:

- რამე გრამატა არ მოგცეს? - ცოტა აგდებით მკითხა ავთომ . არა მეთქი.
-აბა როგორ მიმტკიცებ რომ ეს ფრთა შენია?

მართლაც, ფრთას ქვევით ოქროსფერი ფირფიტა აქვს მიკრული და ზედ ამოტვიფულია  "თიბისი ბანკი". არც ჩემი ხსენებაა, არც პრემიის ან საერთოდ ლიტერატურის...

წითელ ხალიჩაზეც ხომ ვერ გავიარე... უკვე გითხარით... ერთად ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ გასული წლის ივნისში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, საბანკო ანგარიშის ამონაწერია, სადაც ნათლად ჩანს, რომ თბს ბანკმა პატიოსნად და თავაზიანად გადმომირიცხა ოთხი ათასი ლარი, ზუსტად ისე, როგორც ისეთ ბანკს ეკადრება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის სპონსორია.

მხოლოდ რისთვის გადმომირიცხეს ეს არსად ჩანს... ჩემი ახალი წიგნის ტირაჟზე და ჰონორარზე არაფერს ვიტყვი. დეპრესია მემართება... 

აი ესე დამემართა დაფნის გვირგვინის მარტოობა ... ჩემი საქმე წასულია ჰემინგუეისავით... ჩემი "თინისი ბანკის"  რკინის ფრთა . საკუთარ პატარა პანთეონზე დადგმულ უსახელო მონუმენტს მაგონებს.

და მაინც, როგორ ფიქრობთ, უხერხული ხომ არ იქნება, სპონსორ ბანკსა და საბას ორგანიზატორებს რომ ვთხოვო, მომავალში რაღაცით მაინც მიანიშნონ, ეს რკინის ფრთა ბანკის მოხელეს პრესპაპიე კი არა საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, რომ არის?

თორემ მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მაგონებს ჩემი ერთი კლასელის- თემურას 30 წლის წინ გარდაცვლილი საყვარელი გერმანული ნაგაზის- ლედის მიერ მოგებულ "დოსააფის" უსახელო ოქროს მედლს, რომელიც ალბათ დღემდე პიანონო «მუზას» თავზე კიდია, მის პატარა ბინაში ყოფილ ლენინგრადის ქუჩაზე.

30 მაისი 2012 
PS. ამ აუდიო სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ მითხრეს რომ საბას ფრთა თურმე რკინის კი არა მასიური ვერცხლისაა! აბა საიდან უნდა მცოდნოდა? არავის უთქვამს.. კბილით ხომ არ გავსინჯავდი  მეკობრესავით?

1 commentaire:

Anonyme a dit…

''ჩემი გვარი ალბათ ერთი ორი ახლო ნათესავის, მეგობრისა და ჩემზე რატომღაც განაწყენებილი რამდენიმე მწერლის გარდა არავის არაფერს ეუბნება'' -
ამაში არ დაგეთანხმებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით კითხულობენ თქვენს წიგნებს, სტატიებს, აინტერესებთ თქვენი აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე - ეცნობიან თქვენს პოსტებს ფეისბუქზე, თუ საშუალება მიეცათ, ესწრებიან თქვენთან გამართულ შეხვედრას... ასევე, ყოველთვის ელოდებიან ახალ გამოცემებს და სტატიებს.
ეს იმიტომ, რომ თქვენს მიერ გამოთქმული აზრები ხშირ შემთხვევაში, საუკეთესოდ გადმოსცემს იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და გვაწუხებს.
დიდი მადლობა ამისთვის
პატივისცემით,
სოფო