15 mai 2011

Excision * - სექსი დროგი და სიცარიელე 4






ჩვენი თეატრი ტრაგედის თეატრია.  ჩვენ მას მივეჩვიეთ. განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ.

ამ დღემ ქართული  საზოგადოების განვითარებაში გაცილებით ნეგატიური როლი შეასრულა, ვიდრე ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ ტრაგიკული დილის შემდეგ პროტესტი ისეთივე ექსტრემად იქცა ჩვენს შემეცნებაში , როგორც სექსი - ბავშვობაში გაუპატიურებული  ადამიანისათვის, რომელსაც ძნელად ესმის, რომ სექსი არა მხოლოდ რეპროდუქციისათვის საჭირო ეგზისტენცუიალური მნიშვნელობის აქტი, არამედ ადამიანის ფუნდამეტალური უფლების დიდი ნაწილია, რომელსაც მე სიამოვნების მიღების უფლებას ვუწოდებდი.

ბედნიერების განცდის, მისი მოთხოვნილების გარეშე, აკრძალვებთან შეგუებული ცხოვრება  მხოლოდ სიცოცხლის იმიტაციაა.

9აპრილის შემდეგ ჩვენში გაჩენილი ნებისმიერი პროტესტის მცდელობის  ყოველი გამოვლინება, სწორედ გაუპატიურების მსხვერპლის სექსუალური ცხოვრებასავით ეგზისტენციალურია,რადკალური ცვლილებების, ახალი საქართველოს ჩასახვის, მძიმე ორსულობისა და დაბადების ფანტაზმით  აღტკინებული, ზედმეტად აღგზნებული დაუოკებელი სურვილითა და ლოგიკური შედეგით – ნაადრევი, უგემური ორგაზმით.

 საზოგადოების დიდ ნაწილს, « ა პრიორი » ნეგატიური, შეშინებული განწყობა აქვს პროტესტის მიმართ, და მას ყველანაირად არიდებს თავს.

ჰიპოტეტური შედეგების დრამატიზირებას ახდენს. საწოლის ქვეშ იმალება. წინასწარ გლოვობს საღ სალამათ ახლობლებს… როგორც მაგალითად გასული , 2010 წლის აგვისტოს ბოლოს ბათუმის აბსოლუტურად სურეალისტურ გეპრაიდის დროს. როდესაც, ქართველმა ჰომოსექსუალებმა, ჩემი აზრით, ყველაზე აბსურდული აქცია ჩაატარეს მსოფლიოს გეპრაიდების სისხლიან და მხიარულ ისტორიაში – მათ მოახერხეს სიცხისაგან ჩვეულებრივზე უფრო გაზანტებული საზოგადოების კონცენტრაცია მოეხდინათ ერთი თვის განმავლობაში არ არსებულ მანიფესტაციაზე, თანაც ისე, რომ სახლიდან ფეხიც არ გაუდგამთ. არ გამოჩენილან. ვირტუოზულად, მხოლოდ ფეისბუკის დახმარებით მოახერხეს– საკუთარი "ანალური უმანკობის" დაცვის შიშით აღტკინებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტები ბათუმის ცხელ ქუჩებში გამიყვანა, და მათ « ჰომო–ფობ– პრაიდის» ჩატარება აიძულეს..

აი ტიპიური ტექსტი მაშინდელი ქართული მედიიდან : 

« ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე სექსუალური უმცირესობების – ქართველი გეებისა და ლესბოსელების აღლუმის გამართვა. »25.08. 2010 The Polity News

მხდალმა და თავად ჰომოფობმა სახელმწიფომ ცხადია ჩვეულებისამებრ ყოჩაღად შეასრულა ეკლესიის « უკაზი» – დაგმო არ არსებული გე პრაიდი, და თავის მხრივ შესაბამისი კატეგორიული მოთხოვნები წაუყენა ქართველ გეებსა და ლესბოსელებს … რომლებმაც ასევე თავის მხრივ « ხატზე დაიფიცეს », რომ არც კი უფიქრიათ რაიმე აღლუმის ჩატარება… მართლმადიდებელი მშობლების, დედმამიშვილებისა და კლოუნი ბრაზიანი მღვდლების « ჰომოფობ–პრაიდმაც» მშვიდობიანად, ურთიერთ გაგებასა და ჰარმონიაში ჩაიარა… გარემო ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ქართველებს საერთოდ გვიყვარს – ბევრი ბოლი – ცეცხლის გარეშე…საბოლოოდ ყველა კმაყოფილი და შებოლილი თუ დაბოლილი დარჩა, ეკლესიაც, სახელმწიფოც, ჰომოფობებიც, გეებიც და ლესბოსელებიც, განსაკუთრებით კი მათი უფლებების დამცველები – რომლებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს არაფერი ეშველება და ამიტომ დროზე უნდა « დაახვიონ» აქედან სადმე… ლონდონში, პარიზში, ან ნიუ იორკში…და ვერც გაამტყუნებ, რადგან საქართველო არის ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს არ შესწევს იმის გამბედაობა, რომ ჰომოსექსუალი ჰომოფობისგან დაიცვას, ათეისტი რელიგიური ექსტრემისტის, ან პირიქით, მორწმუნე - აგრესიული ათეისტისაგან... ადამიანს აქვს უფლება იყოს მხდალი, სახელმწიფოს –არა !

იქნებ ამოტომაც, ჩემი დაკვირვებით ხშირად მეჩვენება, რომ – საქართველოში არსებობენ ჰომოსექსუალთა უფლებების უხეში დამმრღვევები, ამავე უფლებების თავგამოდებული მებრძოლი დამცველები… თავად ჰომოსექსუალები კი არა. რადგან ისინი სოციალურად არსად ჩანან, თუ არ ჩავთვლით მკვდარ სერგო ფარაჯანოვსა და ერთ ტრავესტი ბიჭს, რომელმაც ტელე შოუ « გეოსტარში» გამოსვლა გაბედა, და One Man Show, თავისი საკუთარი გეი პრაიდი ჩაატარა – სრულიად მარტომ და რომელიც, როგორც მოსალოდნელ იყო ინტელექტუალურმა ელიტამ  გოიმ გეთ შერაცხა. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ « მეჩვენება», ისინი საქართველოში საავარაუდოდ იმდენივე არიან რამდენიც დანარჩენ მსოფლიოში.

თუმცა აქ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებსა აქვთ გაკეთებული ეგრეთწოდებული « ქამინგ აუთ» , ანუ «აღიარება» თუ « გაცხადება» საკუთარი ჰომოსექსუალობის. სამაგიეროდ "ინტელექტუალური ანდერგრაუნდი" ფაქტიურად ამ თემით გამუდმებული ტესტირებისა და შანტაჟის რეჟიმში ცხოვრობს – დაახლოვებით ისე, როგორც 90 იანი წლების დასაწყისის ევროპაში, როდესაც « კორექტულობისათვის », ერთი–ორი გეი მეგობარი აუცილებლად უნდა გყოლოდა. ისინი გარკვეულწილად თითქოს ჩვენებური ქურდების როლს ასრულებდნენ – სოციალური მორალური « რეკეტისაგან» , ჩასაფრებული ენთუზიასტი უფლებადამცველებისაგან გიცავდნენ, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ ჰომოფობიაში დაედანაშაულებინ და მერე მკაცრად თითი დაექნიათ. ამასთან გაიძულებდნენ გაცილებით მეტი გეფიქრა სექსუალურობაზე ვიდრე ეს თემა – სექსი, შესაძლოა საერთოდ იმსახურებს.
Moscow Pride 2007

მაგრამ ყოველივე ამას თავისი აბსოლუტურად ლოგიკური გამართლება ჰქონდა: ისინი იბრძოდნენ საკუთარი და თავიანთი მეგობრების უფლებებისათვის, და ჩვენ მათ გვერდში ვედექით, ისევე როგორც დღეს იბრძვიან რუსი ჰომოსექსუალები , კაცისმკვლელი სკინჰედებითა და მათზე უარესი ჰომოფობი ომონელებით გადავსებულ მოსკოვში. აკრძალვის მიუხედავად მაინც ჯიუტად აწყობენ წელიწადში ერთხელ გეპრაიდს.
საქართველოს ზუსტად ისეთი ჰომოსექსუალები ჰყავს, როგორიც მღვდლები –  პოლიტიკოსები, ან ოპოზიციონერები, მომრჩევლები…ანუ ისეთი როგორსაც ის იმსახურებს – გამორჩეულად მხდალი და არაბრძოლისუნარიანი. მათზე დაკვირვებით ზუსტად ისევე შეიძლება ქართულ ფუჭად მოწუწუნე სულზე მსჯელობა, როგორც სამსახურიდან დათხოვნილი საბრალო პროფესორების, მასწავლებლების ან ახლად აშენებულ ეკლესიებში მომსახურე მღვდლების მიხედვით… ეს მხოლოდ ქართული საზოგადოების ერთი არაფრით გამორჩეული მხდალი ნაწილია, რომელიც საკუთარი ელემნტარული უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას ვერ ბედავს და თვლის რომ მისი გასაკეთებელი ჭუჭყიანი და რისკთან დაკავშირებული საქმე სხვამ უნდა გააკეთოს … პრობლემა იმაშია, რომ ის სხვაც ზუსტად ასე ფიქრობს, საბოლოოდ კი საქმეს არავინ აკეთებს, ნაგავს არავინ ხვეტს და საქართველო ჭუჭყში იხრჩობა…

განსაკუთრებით სევდისმომგვრელია ამ თემაზე ნებისმიერი საუბრისას, ჰომოსექსუალთა მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით კლასიფიკაცია. გაუგებარია, რატომ ფიქრობენ ქართველი ჰომოფობები, თითქოს მთელს მსოფლიოში გეების უფლებების მხარდამჭერნი აუცილებლად მხოლოდ მემარცხენეები არიან?

პრინციპში, მემარცხენეთა მნიშვნელოვან ნაწილს მუშათა კლასი შეადგენს (ყოველ შემთხვევაში მემარჯვენე მუშა მე მგონი ჯერ არ მინახავს) - ყველაზე თავგამოდებული ჰომოფობებს კი სწორედ "მუშათა და გლეხთა" კლასში წააწყდებით, ყოველ შემთხვევასი გაცილებით მეტს, ვიდრე მემარჯვენე ბურჟუაზიაში.

მეორეს მხრივ, ეგრეთწოდებულ « განსხვავებულ ორიენტაციის» მქონეთა უფლებებზე საუბარი ჰეტერო სექსუალებთან, რომლებსაც თავად არ გააჩნიათ ადამიანის ერთ ერთი ყველაზე ფუნდამეტალური – სიამოვნების მიღების უფლება – ცოტა არ იყოს ცინიკური მეჩვენება… –ადამიანს რომელსაც სიამოვნების განცდა ატროფირებული , ან შეზღუდული აქვს სხვადასხვა მიზეზის გამო ძნელია პროგრესისტობა მოსთხოვო.

ადამიანის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია სიამოვნების განცდასთან არის დაკავშირებული – ნებისმიერი ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება : შიმშილის წყურვილის, მომნელებელი სისტემების… და რაც მთავარია რეპროდუქციის : ორგაზმი ისეთივე ერთგვარი წამიერი ჯილდოა ადამიანისათვის, როგორც შაქრის ნატეხი ცირკის ძაღლისათვის ილეთის შესრულების შემდეგ… სხვანაირად აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დაიღლიდნენ ქალი და მამაკაცი თავს ერთმანეთთან ოფლიანი ჯაჯგურით, იმისათვის, რომ მერე ქალს 9 თვე ეტანჯა, მშობიარობის ტკივილებისათვის გაეძლო, ბოლოს კი მჩხავანა ჩვილის აღზრდაზე ჯოჯოხეთური შრომა და ნერვები დაეხარჯა მამაკაცთან ერთად… თვით შვილის სიყვარულიც ხომ უდიდეს სიამოვნების განცდასტან არის დაკავშირებული საერთოდ ყველა ტიპის სიყვარული?…

ღმერთი ნამდვილად სულელი იქნებოდა, ადამიანი სიამოვნების განცდის გარეშე რომ გაეჩინა. სიამოვნება ადანიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სტიმულატორი, თუ გნებავთ მეტაფეტამინია. სიყვარულის ტანჯვა სწორედ სიყვარულითვე მიღებული სიამოვნების უკმარისობა, ანუ ტოკქსიკომანთა ენაზე რომ ვთქვათ « ლომკაა« .

ევას ვაშლი მხოლოდ სცენარის ეპიზოდი იყო და არა დამოუკიდებელი ანარქისტული ინციატივა… 

და თუ მე ვცდები, მაშინ კაცობრიობა უზარმაზარ ვალში ყოფილა ქალების მიმართ სწორედ ამ პირველი « ვაშლების რევოლუციის» გამო, რომელმაც სიყვარულის, სიცოცხლის განცდა გვაჩუქა. თუმცა უნდა ვაღიაროდ – სიძულვილის ფასად.

სექსი სწორედ სიამოვნების, სიყვარულის, სიცოცხლის ფუნდამეტალური უფლებაა როგორც თეოლოგიური ისე სოციალური გაგებით. ვერავინ გაიძულებთ უარის თქმას თქვენს ამ უფლებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი სექსუალური მადა ან ლტოლვა განსხვავებულია სხვისგან. დღემდე ეს ვერავინ შეძლო. ვერც ერთმა რელიგიამ, ინკვიზიციამ თუ რეჟიმმა. რადგან სექსი სიცოცხლეა, სიცოცხლეს კი რეჟიმები და იდეოლოგიები ვერ ამარცხებენ. თუმცა დროდადრო აუგემურებენ … ცდილობენ ციხის უგემურ ბალანდას დაამსგავსონ, რომელსაც განურჩევლად ყველა პატიმარს აჭმევენ ისე, რომ არც ეკითხებიან მოსწონს თუ არა?

სამწუხაროდ საქართველოში ცხოვრება სწორედ ციხის ბალანდის უგემურად ღეჭვის პროცესს წააგავს – ანუ სექსს – სიამოვნების, და მით უმეტეს ორგაზმის გარეშე.

ქვეყანა ზოგადად, თითქოს ნაკლებად მგრძნობიარე გახდა კლიტორის – ამოკვეთილი (Excision) აფრიკელი ქალივით.

« ამოკვეთა« (Excision) არის ბარბაროსული აქტი, დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელიც დღემდე ხორციელდება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკაში, ეკვადორის ფართო ზოლში, სომალიდან და წითელი ზღვიდან სენეგალის ატკანტიკის სანაპირომდე, აგრეთვე ინდონეზიასა და მალაზიაში.

მსოფლიოში ყოველდღიურად 0 დან 15 წლამდე, ყველაზე ხშირად კი 7 წლის – 6000 გოგონა ხდება « ამოკვეთის» მსხვერპლი .

გენიტალური დასახიჩრების « იდეა« სწორედ ქალისათვის სიამოვნების შეგრძნების სრული და საბოლოო ამპუტაციაა, მისი ერთგვარ რეპროდუქციის უგრძნობ მანქანად ტრანსფორმირება.

პროცესი იმდენად ბარბაროსულია, რომ მსგავსი « ექსპერიმენტის« წარმოდგენას, ალბათ მხოლოდ გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების კრეატორების, კამპუჩიელი წითელი ქმერების ყასაბების ან ჩეკას მწვალებლების ფანტაზია თუ გასწვდებოდა...


როდესაც ამ თემაზე ფიქრობ, ხვდები – რასებს, რელიგიებსა და კულტურებს შორის განსხვავება ადამიანის სიბრიყვეზე და სისასტიკეზე არანაირად არ აისახება – ჩვენ ისეთივე დაუნდობელები ვართ ისლამისტურ « ველურ« აფრიკაში, როგორც « ცივილიზებურ« ქრისტიანულ ევროპაში.

« ამოკვეთის« ოპერაციას სოფლის ბებიაქალი ატარებს– ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე. რაიმე ბასრი საგნით, გოგონას ჯერ მცირე ვაგინალურ ტუჩებს აჭრის , შემდეგ იგივე « ინსტრუმენტით« კლიტორისის ორ მხარეს ხორცს ჩაჭრის და კლიტორისს ამოგლეჯს.

გენიტალური წამება – მუტილაცია ამით არ მთავრდება. ბებიაქალი კერავს საშოს დიდი ტუჩების ერთ მესამედს, ტოვებს მხოლოდ ასანთის ღერის სიგანის პატარა არხს შარდისა და სისხლის სადენად, რომელშიც ნებისმიერი პენეტრაცია გამორიცხულია. « ოპერაციის« შემდეგ ჭრილობაზე ნაცარს აყრიან მოსაშუშებლად…

ნაკერებს მხოლოდ წლების შემდეგ ქორწილის წინა ღამეს ხსნიან, რომ სასიძოს ხელუხლებილი, ას პროცენტიანი « უხმარი მანქანა« ჩააბარონ, ზუსტად ისეთი, როგორიც რომელიღაც მარკის ავტომობილის ქართულ რეკლამაშია…

დღეს მსოფლიოში სექსუალურად დამახინჯებული 110 მილიონი ქალი ცხოვრობს : სომალელ ქალთა ფაქტიურად 99%, ჯიბუტელთა 94%, სამხრეთ ეგვიპტელთა, ეთიოპილთა უმრავლესობა… მართალია ყურანში არაფერია ნათქვამი ამ ბარბაროსულ აქტზე., მაგრამ როგორც ცნობილია, ერთად ერთი რაშიც ადამიანები ღმერთს აღემატებიან სისასტიკესა და სიბრიყვეში გამოჩენილი დიდი ენთუზიაზმი და ინოვაციის უნარია.


საქართველოში, როგორც შედარებით ცივილიზებურ ქვეყანაში, « გენიტალური ქირურგიისა« და საქორწინო გარანტიების უფრო მსუბუქი და « კოკეტური» ფორმა არსებობს – ქორწინების წინ აქაც კერავენ, მხოლოდ საქალწულე აპკს…

დღეს 21 საუკუნის მეორე ათწლეულის დასაწყისში – გამოკითხულ თბილისელ3000 სტუდენტთა 87% თვლის რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისაგან თავი უნდა შეიკავონ. ხოლო ბიჭებმა არა. რომ მამაკაცისათვის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება მისაღებია, ქალისათვის კი არა…

მართლაც საოცარია ქართველი ქალის ფსიქოლოგია, მისი აზრით –იესოს ათი მცნებიდან ერთერთი – არ იმრუშო, მამაკაცებს ნაკლებად ეხებათ. ამ უკანასკნელთ კი, ცხადია, ქრისტიანობის ამ ცნობილი დოქტრინის ამდაგვარი თეოლოგიური ახსნის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ… მამაკაცი მათი აზრით მხოლოდ მაშინ მრუშობს თუ ის ჰომოსექსუალია…

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საქართველოში დღესაც არის საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც ასე არც ფიქრობს და არც ცხოვრობს. ჩვენი ქვეყანა საერთოდ ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური მენტალობის მრავალფეროვნებით, თუმცა არა ცივილურობის სასარგებლოდ.

ქართული სულის თავისუფლებას ხან ტრადიციები უშლიდა ხელს, ხან ეპოქა, ხან წითელი პროპაგანდა, ხან შავი, ხან ვარდისფერი იდეოლოგია, ხან ეკლესია… როდესაც ღამის თბილისის რამოდენიმე კლუბში შეხვალთ, , მოგეჩვენებათ, რომ აქ, ამ ქალაქში მაინც, ადამიანებს ასე თუ ისე ესმით სიამოვნების განცდის ონტოლოგიური მნიშვნელობა. თუმცა საკმარისია დიდი და მძიმე მარხვის დღეებში ჩაუაროთი იგივე, მოწიწებით დადუმებულ და დაცარიელებულ კლუბებს,რომ მიხვდებით – საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მენტალური "კლიტორისი" აქვს ამოგლეჯილი, და აქ ცხოვრება, უმრავლესობისათვის, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ აქტი, პროცესია, სიამოვნების გარეშე…

ხოლო, თუ "პოტიომკინის" უბადრუკი უბნებიდან ცოტათი გვერდით გადაგიცდათ ფეხი , დარწმუნდებით, რომ ასეთ უბნებში ცხოვრება პროცესიც კი აღარ არის, ჩაწვდებით ამ ქვეყნის არაეროტიულობის მიზეზს, მიხვდებით რომ საქართველოს დაკარგული კლიტორისი არა რუსების მიერ ამოგლეჯილი ქვეყნის ეროგენული ზონა – აფხაზეთია, არამედ სიცოცხლის ერთ –ერთი მთავარი ნერვი, რომელიც არავის, თვით ღვთაებრივ კონტროლსაც არ ექვემდებარება,

ეს თავისუფლების, ამბოხის, ანარქიის ნერვია და ის აუცილებელია ევას გადამწიფებული ვაშლის მოსაწყვეტად, რომელიც კარგა ხანია ლპება ჩვენს სიცოცხლის ხეზე – ახალ ნაყოფს გაზრდის საშუალებას არ აძლევს.

ყველა თაობას კი თავისი ვაშლი აქვს მოსაწყვეტი– რომ მის ადგილზე ახალი გაიზარდოს. და ეს სამყაროსავით ძველი ლოგიკა დამყაყებულ დოგმად არ აქციოს, რომ ღმერთი ცოცხლების ღმერთად დარჩეს და არ მოკვდეს, რადგან ღმერთის უკვდავების შანსი ჩვენ, ადამიანები ვართ, და მას ეს კარგად ესმის.
...
განმარტებები:
*Excision – ამოკვეთა, ამოგლეჯა.


PK
6  Mai2011 Paris

Aucun commentaire: