9 janvier 2011



ექსპერიმენტული განცდები - 4

გაგრძელება                         
                                                                                              იხილეთ დასაწყისი  12, 3
მარცხენაფობია



რას ნიშნავს იყო მემარცხენე დღევანდელ საქართველოში? დაახლოებით იგივეს, რასაც ნიშნავდა 80-იანი წლების თბილისში ნათხოვარ “პერფექტო” ქურთუკში გამოწყობილი მორცხვი თბილისელი «პანკი» - ანუ სტილს. ტრადიციულად ზედაპირულს და კარგა ხნის წინ აქტუალობადაკარგულს - ცოტა ალმადოვარი, ცოტა პაზოლინი, ბევრი სიგარეტი, ალკოჰოლი, აგრესიული ათეიზმი, სალონური კონცენტრაცია სექსზე და სოციალური პრობლემების არტისტული უგულვებელყოფა.


 თუმცა, სოციალურ პრობლემებზე ფოკუსირებული მემარცხენეებიც მოიპოვებიან, რომლებიც ხანდახან მართლაც ჰგვანან ნამდვილ მემარცხენეებს - ლეიბორისტები. მათ ნებისმიერი სტილი აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ, განსაკუთრებით ვერ იტანენ პაზოლინის და ალმადოვარს, უპირობოდ აღიარებენ ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ჰომოსექსუალების გაგონებაზე ეშვები ეზრდებათ. მოკლედ სოციალურად ულტრამემარცხენე, ფილოსოფიურად კი პირწავარდნილი ულტრამემარჯვენეები არიან, მხოლოდ ამას ვერ აცნობიერებენ, ამიტომ როცა მოესურვებათ, ესენიც “ლიბერტარიანულად” დასეირნობენ ხოლმე მარჯვენა და მარცხენა ექსტრემებს შორის.




ექსპერიმენტებით გატანჯულ ქართულ საზოგადოებას, როგორც ჩანს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რომ ბუნებაში მემარცხენეთა და მემარჯვენეთა მთელი გამა არსებობს, რომელიც ცენტრიდან იწყება და ქართული ლიბერალიზმივით უკიდურესი ექსტრემიზმით მთავრდება.
ჩვენში მემარცხენეთა დიაბოლოზაცია-რადიკალიზაცია არავისთვის არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, თავად სტილიზირებული «მემარცხენეებისთვისაც» კი. ჩვენთვის ექსტრემიზმი თითქოს ჩვეულებრივი, ბუნებრივი თვისება გახდა, თანაც ნებისმიერი ტიპის - რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური და სექსუალურიც კი …
თუმცა, საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული მაინც ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმია - მათ შორის, მმართველ ნაციონალურ მოძრაობაშიც. თვით სახელიც კი - “ნაციონალური” - ულტრამარჯვენა “ამაღლებულ“ გრძნობებს, ცხვირის ნესტოების დაბერვას, გახშირებულ სუნთქვას და დიდი ანთებული გულის პატრიოტულ არითმიას იწვევს! ამის ნათელი დასტურია ამ მოძრაობის მომხრეთა თავდაუზოგავი, პენტაგონის ბომბებივით წერტილოვანი ქსენოფობიური დარტყმები რუსების მიმართ, თუმცა, ისინი ასევე პენტაგონის ბომბებივით - “წერტილოვან” მიზანს ხშირად ცდებიან და ჩვენი რუსი თანამოქალაქეების, მეუღლეების, შვილების, ოჯახის წევრების და საერთოდ ჩვეულებრივი ადამიანების ნერვიულ სისტემას უმოწყალოდ და რეგულარულად ანადგურებენ ბრმა კასეტური ბომბებივით.

ფაქტიურად ქართული პოლიტიკის სრული სპექტრი სწორედ სასწორის მარჯვენა თასშია ჩატენილი, მათი პოლიტიკური ბრძოლა კი სხვა არაფერია თუ არა მეზობლისათვის ცოტა მეტი სასიცოცხლო სივრცის აწაპნის მცდელობა.

საქართველოში რომ საყოველთაო პოლიტიკური და კულტურული წყვდიადია, ამაზე დღეს არავინ კამათობს, როგორც პოეტი ამბობს - «აქ რომ სიბნელეა, ეს ხომ ნათელია» (კოტე ყუბანეიშვილი).
ძნელი დასაჯერებელი ის არის, ექსტრემალურ-ლიბერალური იდეოლოგიური “ანარქიის” ავტორებს არ ესმოდეთ, რომ მემარცხენე ფლანგი არავითარ შემთხვევაში არ იდენტიფიცირდება მხოლოდ ულტრამემარცხენე ექსტრემიზმთან, კომუნისტებთან. ისევე, როგორც მემარჯვენე ფლანგი - მხოლოდ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებთან, ნეოფაშისტებთან.

შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ დასავლეთში ის ფლანგები, რომელთა შორისაც ძირითადი პოლიტიკური თამაში წარმოებს, მეტიც, რომლებიც საერთოდ პოლიტიკურ სათამაშო სივრცეს ქმნიან, ძირითადად ცენტრთან ახლოს მდგომი მემარჯვენე და მემარცხენე ძალებია, რომელთა შორის ფუნდამეტალური განსხვავება - ზღვარი ფაქტიურად უკვე დიდი ხანია მორღვეულია.

Photo: King Kong

ამ თემაზე ლაპარაკიც კი უხერხულია. ეს ნებისმიერმა ასე თუ ისე განვითარებულმა 16-17 წლის მოზარდმაც (ჩვენებურად თინეიჯერმა) იცის ევროპაში. თუმცა, როდესაც პოლიტიკუ
რი ექსპერტების მიერ მემარცხენეთა დიაბოლიზაციისათვის დაწერილ პრიმიტიულ პუბლიკაციებსა და მათზე გაკეთებულ კომენტარებს ვკითხულობთ, ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქართველო ოკეანეში დაკარგული პოლიტიკურ “ჯურასიკ პარკად” გადაკეთებული პრეისტორიული კუნძული იყოს, მოსახლეობის შესაბამისი პოლიტიკური განვითარების დონით. პრეზიდენტი სააკაშვილი კი ნიუ იორკიდან შინ დაბრუნებული, ბროდვეის სკოლაგამოვლილი გაწრთვნილი კინგ კონგი.

რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მეცნიერებებში სპეციალიზირებულ ადგილობრივ ინტელექტუალებს ყველაფერი მშვენივრად ესმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო «ჯურასიკ პარკიც» ვერ გახდებოდა. მაგრამ მათი ცოდნა რეალურად არაფერში არ გამოიხატება.

წლების მანძილზე იმ ადამიანების რიცხვი ვისაც ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა აქვს, არ იცვლება. ისინი მარადიულ ექსპერტებად გვევლინებიან და ზუსტად იმას ქადაგებენ, რაც მოსახლეობის სიბნელეში ყოფნის გახანგრძლივებისთვის არის საჭირო. ეს საზოგადოებაში მათი უნიკალურობისა და მნიშვნელობის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მე ამას ინტელექტუალურ საბოტაჟს დავარქმევდი.

ასეთ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტის გულწრფელობაში, სულ ცოტა, არ დაეჭვდე მაინც, როდესაც ის ევროპარლამენტის დარბაზში თავისი ხალხის მენტალურ რევოლუციასთან დაკავშირებით ანგარიშს აბარებს ევროპელ მემარცხენეებს - მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ მისი მენტალურად “რევოლუცირებული” ქართველი ხალხი ამავე თავაზიან პუბლიკას გონებაშეზღუდულ კრიმინალების ბრბოდ მიიჩნევს, სწორედ მათი მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების გამო.
დღეს, სსრკ -ს დაშლიდან თითქმის ოცი წლისა და «მენტალური რევოლუციის» შვიდი წლის თავზე, აქ ადამიანებს ზუსტად ისე ესმით სიტყვა სოციალიზმი . როგორც გამსახურდიას მმართველობის დროს - საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში. თითქოს ეს დრო არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის პოლიტიკური ანბანური ცოდნა მაინც მიეწოდებინა ვინმეს... რა საჭიროა სახინკლეებივით მომრავლებული უნივერსიტეტები, თუ იქ ელემენტარულ პოლიტიკურ განათლებასაც არ მისცემენ სტუდენტებს და ისევე მოატყუებენ, როგორც საბჭოთა წითელ უნივერსტეტებში?
Photo:კომუნიზმი საფრანგეთის მტერი  -  საფრანგეთის სახალხო პარტიის (ფაშისტების) პლაკატი ოკუპაციის წლებში.1936 - 1945


ამის ნათელი დასტური - ბოლო დროს მომრავლებული აბსოლუტურად უსარგებლო მედიადებატებია, განსაკუთრებით, ნაციონალურ ტელეარხებზე, რომელთა თემაც საბჭოთა სიმბოლიკასთან, წითელ ფანტომებთან ბრძოლაა. დებატების ხარისხი იმდენად გულუბრყვილო და დაბალია, რომ მათი ყურებისას, გგონია, რომ უფროსკლასელი მოსწავლეების ყაყანს უსმენ, რომლებსაც უმწეო მასწავლებელი ვერაფერს უხერხებს.

ჩვენ, “ჯურასიკ პარკში” შემთხვევით მოხვედრილ ექსპედიციის “ცივილიზებულ” წევრებსა და განათლებულ ადგილობრივ “ინტელიგენციას”, ცხადია, ვარდისფერი იდეოლოგებისა არ იყოს, ყველაფერი კარგად გვესმის, ირონიულად ვიღიმებით ასეთი დებატების ყურებისას და ჩვენც, ჩვენის მხრივ, მოსახლეობის პოლიტიკური სიბნელეში ყოფნით ყველანაირად ვცდილობთ განვიხანგრძლივოთ ჩვენი ინტელექტუალური უნიკალურობა, არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის რომ ადამიანებს ელემენტარული ცოდნა მაინც მივცეთ, ჩვენს “სიმაღლემდე“ ამოვიყვანოთ, რომ ქვეყანაში ისეთი ელემენტარული პოლიტიკური ფონი შევქმნათ, სადაც იდეათა დებატი ასე თუ ისე შესაძლებელი გახდება.
ჩვენ მხოლოდ ირონიულ რეპლიკებს ვისვრით იმის ნაცვლად, რომ ვასწავლოთ მათ, ვინც არ იცის - ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მწყურვალეს წყალს არ ვასმევთ, მშიერს პურის ნატეხს არ ვაძლევთ, უცოდინარს კი ცოდნას… ეს ძალიან საკვირველი თვისებაა ქართველების - ცოდნის არ გაზიარება, მისი ქედმაღლობის იარაღად გამოყენება, ცოდნით დათრგუნვა…
ქვეყნის პოლიტიკური სიბნელე კი “ექსტრემისტ ლიბერტარიანელებს” ბევრად უფრო უადვილებს თავიანთ სექტანტურ “ჩელენჯს“.

მათ პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოებაში ზედაპირზე ტივტივის არანაირი შანსი არ ექნებოდათ. ამიტომ ცხადია ერთგულად იცავენცნობილ  “საზოგადოების დანაწევრების” შესახებ  პერიფრაზირებულ პრინციპს : “შეკრიბე ერთად, ჩააბნელე და იბატონე!”
უნდა ითქვას, ვისაც გამოუცდია, საკმაოდ საკმაოდ სასიამოვნო, იაფი გრძნობაა იყო “პატარა თეთრი ადამიანი” სიმპათიურ, კეთილ, სტუმართმოყვარე, არც თუ ისე განვითარებულ და განათლებულ, არც თუ ისე ველურ ქვეყანაში. ცდუნება დიდია და მისი დაკმაყოფილება უცხოეთიდან მოწვეული “ლაბორანტებისათვის” აქ არამცთუ იაფი, საერთოდ უფასოა. მართალია, ეს თავად მათ აქცევს უფასოდ… (როგორც ანტონინ არტო ეტყოდა ზუსტად ასეთებს - Vous êtes bien gratuit jeun homme…თქვენ უფასო ხართ ახალგაზრდავ! ) მაგრამ ვინ არ იცის, საქართველოში არტოები არ არიან…ვინ გაბედავს ლაბორანტების რეალურ ფასზე ლაპარაკს?

ინტელექტუალებისაგან გარიყული და დამცირებული ქართული საზოგადოება, როგორც ყოველთვის, ისევ თვითგანათლების იმედად თუ დარჩება, და ასეც იქცევა: ვინმე საიდანმე რაიმე ამბავს ჩამოიტანს, ვიღაც რომელიღაც საელჩოს თანამშრომელს დაუმეგობრდება, ან ცოლად გაყვება, ვიღაც ამერიკიდან,ჩამოვა. ვიღაც საფრანგეთიდან, ან გერმანიიდან…თავისი პატარა პოლიტიკური ბარგი-ბარხანით… და ასე, “კოწიწდება” სამოქალაქო საზოგადოება… რომელიც თავისი განვითარების შესაბამისი ხარისხის პოლიტიკურ აზრს, რეაქციას უპირისპირებს ხელისუფლებას. აქედან რა გამოდის, ეს ყველამ კარგად ვიცით. მხოლოდ ვერ ვხვდებით, რატომ გამოდის ასე (როგორც განსვენებული რუსი “შეთავსებით დიპლომატი” ჩერნომიდინი ამბობდა: გვინდოდა, რაც შეიძლება კარგად გაგვეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის... Хотелось как лучше, а получилось как всегда)

საზოგადოებისა და ოპონენტების ასეთი დაბალი პოლიტიკური კულტურა ნამდვილი ბედნიერებაა ისეთი ოპორტუნისტი ხელისუფლებისათვის როგორიც საქართველოს ჰყავს. ის ოპოზიციას თვალისჩინივით “უფრთხილდება“, აკონტროლებს, მანიპულირებს მისით… ყველანაირად უშლის ხელს მის ინტელექტუალურ ზრდას, ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის გაგონებისთანავე ოპონენტს იძულებულს ხდის, თავი იმართლოს, რომ სულაც არ არის ევროპასთან ინტეგრაციის, ინგლისური ენის შესწავლის და საერთოდ სიბნელიდან გამოსვლის წინააღმდეგი, რომ “საკნებთან “ და მისი წამოჭიმვის ინციატორებთან არაფერი აკავშირებს (განსხვავებით ხელისუფლების უმაღლესი იერარქისაგან). თავის მართლების ასეთ ინტენსიურ რეჟიმში არავის ახსენდება, თქვას, რომ საერთოდ განათლებული ადამიანისათვის საშინლად დამამცირებელია გამუდმებით მტკიცება პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე ყოფილი ექსტრემ-მემარჯვენისათვის, რომ “ბნელი ძალების” წარმომადგენელი არა ხარ, განსაკუთრებით, როდესაც ამაში ბრალს გაპარსული ყოფილი წვეროსანი ისეთი ულტრამემარჯვენე გდებს, რომელიც სულ ახლახანს პუშკინის ბიუსტის წინააღმდეგ იბრძოდა და ამ ბრძოლამ მის კარიერაში გადამწყვეტი პოზიტიური როლი შეასრულა - დღეს ის ვიშნუს “გახამებულ” სასუფეველშია.

ტელედებატებიდან ხშირად თვალნათლივ ჩანს, რომ ხელისუფლების გუგულებისათვის უბრალო ცივილური ჭეშმარიტებები მართლაც ინოვაციური და სულ ახლახანს აღმოჩენილია. ისინი ხშირად იმ ბავშვივით აღგზნებულნი არიან, რომელმაც სულ ახლახანს აღმოაჩინა, რომ ზამთარში თოვლი მოდის და თოვლი თეთრი, ცივი და სველია. ხანდახან ისეთ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი მხოლოდ საკუთარ ბნელ წარსულს ეკამათებიან და თავის თავს უხსნიან, არწმუნებენ, რომ ჭამა დანა-ჩანგლით ჯობია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ასეა მიღებული… მჯერა, ასე თუ გააგრძელეს, მალე იმასაც აღმოაჩენენ, რომ უფრო ჰიგიენურცაა… მხოლოდ აუტანელი ის არის, როცა ეს გაქონილნისკარტიანი და ბრჭყალებიანი არსებები დარწმუნებულები არიან, რომ ამის შესახებ შენ არაფერი იცი, და აგრესიულად გიხსნიან ევროპული ცივილიზაციის ამ “სიკეთეს!..”
უნდა ითქვას, რომ მათი ექსკოლეგა ოპონენტების უმეტესობაც სწორედ განვითარების ამ აღმოჩენების ეტაპზე იმყოფება. ამიტომ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის ენერგიის უდიდესი ნაწილი სწორედ დანა-ჩანგლის ხმარების “უპირატესობის” მტკიცებას ხმარდება. ისიც კი, ვინც ეს დიდი ხანია კარგად იცის, იძულებულია ამტკიცოს, რომ ჩანგალი სწორედ მარცხენა ხელში უნდა გეჭიროს და არა მარჯვენაში, ხოლო დანა მარჯვენაში და, არავითარ შემთხვევაში, მარცხენაში…

ასეთი პოლიტიკური ზოგადი კულტურიდან გამოსული ოპოზიცია, დემოკრატიული გზით ვერასოდეს ვერ დაამარცხებს ადამიანი-გუგულების ხელისუფლებას.

ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლას კი საქართველოს კანონმდებლობა ისევე კრძალავს, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისა... “ცოტათი” უფრო მეტადაც კი. ამასთან სჯის კიდევ უფრო მკაცრად. თუმცა კანონის გადაჭარბებული, თითქმის რეპრესიების რანგში აყვანილი აპლიკაცია, მხოლოდ დეტალია, რომელზეც დასავლეთის რეაქციის ლიმიტი ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის “ექსპერიენსის” დროს შეისწავლა «ხუთიანზე», როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ბრუტალური აგრესიისაგან მოსახლეობის “დასაცავად” საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ამით, ფაქტიურად, ერთთვიანი ბლიცდიქტატურა დაამყარა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად - რომელიც ზუსტად იმ დროს შეწყვიტა, როდესაც დასავლეთმა უხერხულად მოიქექა კეფა და აგრძნობინა, რომ მეტს თვალს ვეღარ დახუჭავდა - თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ «გულუბრყვილო» ოპოზიციონერები პირწმინდად გაეცურებინა. აქ მიშა ოფიციალურად «მაგარი» გახდა.

მან მართლა პირწმინდად მოიგო ეს არჩევნები - აგრეთვე ზუსტად გამოთვალა დასავლეთის მოთმინების ლიმიტი.
გაყალბება და საარჩევნო კამპანიის უზურპაცია ქართული არჩევნების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მოგებაც და წაგებაც მისი გათვალისწინებით ხდება თვით დამკვირვებლებისთვისაც კი. ამის არცოდნა ისევ დამარცხებულთა პრობლემაა.
ამ არჩევნების ერთადერთი გამოსავალი მისი ბოიკოტირება იყო, რისთვისაც ხელისუფლებაში მოსვლას დახარბებულ აროგანტულ ოპოზიციას სწორედ პოლიტიკური მეთოდურობა, იდეა არ ეყო. ასეთივე, უიდეო და მათზე კიდევ უფრო მეტად აროგანტული, ძალაუფლებას ჩაჭიდებული ხელისუფლება კი უკვე ისედაც იყო ქვეყნის სათავეში… ჩანაცვლების ლოგიკა არ არსებობდა. ამიტომაც ყველაფერი ისევ ისე დარჩა… ჯანმრთელად და ბედნიერად… საახალწლო სადღეგრძელოსავით.

თითქმის არც ერთ ქართულ ოპოზიციურ პარტიას, მმართველის ჩათვლით, არ გააჩნია იდეოლოგია, რომლის ფილოსოფიური ერთგულება მისი წევრებს მოღვაწეობას ბანალური პარტიული “პატრიოტებისგან“ პოლიტიკურ მოღვაწეებად გადააქცევდა.
თითქმის ყველა მოძრაობის ძირითადი და ერთად ერთი იდეა-სტიმულატორი პრიმიტიული ექსტრემალური “პატრიოტზმია“. ამიტომ თითქმის აზრი არა აქვს, ვეძებოთ “პოლიტიკა” იქ, სადაც ის უბრალოდ არ არსებობს… პოლიტიკური დებატი და ბრძოლა მით უმეტეს.
ასეთ ქვეყანაში მხოლოდ გადატრიალებაა შესაძლებელი. რისი მოწმენიც აგერ უკვე ოცი წელია, დრო და დრო, რეგულარულად ვხდებით - ცეცხლის გარშემო ჩაცუცქულნი, დამშეული თვალებით ნერწყვმომდგარნი შევსცქერით, თუ როგორ ტრიალებს ნელ ცეცხლზე სუკის ნაჭერივით შამფურზეწამოცმული ჩვენი მარად უმი სამშობლო - საქართველო.

დღევანდელი “ექსტრემალური ლიბერალიზმი” მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც საქართველოში რეალური ევროპული ტიპის პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების შიში აქვს. ხელისუფლების ხელში არსებულ ყოველგვარი კანონიერი თუ უკანონო უზარმაზარი რესურსის მიუხედავად, ესეთი ძალა პირწმინდად დაამარცხებს მას და საქართველოში თვისობრივად ახალ ეპოქას დაიწყებს.

ჩემი აზრით ეს სწორედ დღევანდელი თანამედროვე ევროპული ტიპის მემარცხენე ცენტრისტებს ძალუძთ - რომლებიც საქართველოში ჯერ ფაქტიურად არ არსებობენ.
მე მხედველობაში მაქვს ევროპული, სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, და არა სტილზე, პაზოლინისა თუ ალმადოვარის კინოზე ან გეიპარადების ორგანიზებაზე, კიდევ უფრო ნაკლებად - ბოლშევიზმზე და ჩრდილოეთ კორეაზე.

უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, ჯანმრთელობა, განათლება... ამ ყველაზე აქტუალური პოლიტიკურ-სოციალური “პაკეტით” ამომრჩევლის მანიპულირება ტრადიციულად ყველაზე კარგად სწორედ მემარცხენეებს გამოსდით, განსაკუთრებით ისეთ სოციალურ უდაბნოში რომელშიც ჩვენი სამშობლო მდებარეობს. ისინი ნამდვილ უსისხლო რევოლუციის მასტერკლასს ჩაუტარებდნენ პირდაღებულ ქართველ აღგზნებულ-პოლიტიკოსებს.

თავად განსაჯეთ - თუ თავად პრეზიდენტის განცხადებით მის დედაქალაქში მართლაც ყოველი მესამე ადამიანი უმუშევარია!.. ადვილი წარმოსადგენია უმუშევრობის ხარისხი პროვინციაში, სოფელში - ეს აბსოლუტურად კატასტროფული ციფრია. მსოფლიოში “ყველაზე მაგარი ბიზნესგარემოს” მქონე ყველაზე წარმატებული ქვეყნისათვის კი უბრალოდ დაუჯერებელი.
წარმოუდგენელია ამ ციფრებს ხელისუფლების ოპონენტი ძალა ასე უნიათოდ იყენებდეს. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ “ისეთ საჩუქარსაც” ვერ იყენებენ, როგორიც საქართველოს შრომის “ კანონად” წოდებული ცინიზმია.

მაგალითად ამ კანონში ორსული ქალის, ან ავადმოფის უფლებები აბსოლუტურად სკანდალურია, სამაგიეროდ დამსაქმებელს ფაქტიურად ფეოდალის უფლებები გააჩნია და ამით ლიბერტარიანული “ბიზნესგარემო“ ერთობ მიმზიდველად გამოიყურება უცხოელი ინვესტორებისათვის, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში იძულებულნი არიან მინიმალური პატივი მაინც სცენ თავიანთი მუშა-მოსამსახურეების ღირსებას, უფლებებს. საქართველოში კი ასობით ადამიანს სწორედ უსარგებლო ნივთებივით, ნებისმიერ მომენტში უპრობლემოდ, კანონიერად გადაყრი ქუჩაში ისე, რომ წინა დღითაც არ გააფრთხილებ... და დანარჩენები ხმას არ ამოიღებენ. რადგან სოლიდარობა მათთვის მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლისთან გამართულ მიტინგთან ასოცირედება და არა საკუთარი უფლებების დაცვასთან...

პოლიტიკურმა ლიდერებმა და “ინტელიგენციამ” მათ ასე ასწავლეს.
ეს კი ორმაგად მომგებიანია ხელისუფლებისათვის - პირველ რიგში ამით უცხოელი და ადგილობრივი საქმოსნების გულს, ჯიბეს და ხმას იგებს. ცხადია, გარემო, სადაც დამსაქმებელს მონათმფლობლის უფლებები აქვს, იდეალურია ნებისმიერი საქმოსნისათვის (ანუ ჩვენებურად ბიზნესმენისათვის), გარდა ამისა - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა საერთაშორისო საზოგადოებისათვის არალეგიტიმური იარაღია, შრომის უფლებების მოთხოვნა კი აბსოლუტურად ლეგიტიმური და ძალიან ეფექტური, ამდენად რეალურად საშიში.

გაფიცვებით დესტაბილიზირებული ქვეყანას და ქალაქის ქუჩებში გაფიცულთა მანიფესტაცია შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე საკნების უშნო სიურეალისტური ქალაქი პარლამენტის წინ, თავისი გულუბრყვილო მოთხოვნებით ხელისუფლების გადადგომის შესახებ. ამ საკნების «ქალაქის» არქიტექტორები ამით მხოლოდ საკუთარი ბრძოლოს დისკრედიტაციას, ავტოდესტრუქციას ეწეოდნენ ორი თვის მანძილზე და მიაღწიეს კიდეც შედეგს - დღეს ისინი პოლიტიკურად აღარ არსებობენ.

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანები დააჯერა, რომ დღევანდელი ექსტრემლური ლიბერალიზმის პირობებში, საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლამ საერთოდ ყველანაირი აზრი დაკარგა, რომ უფლება სოციალურ ღირსებაზე, სინგაპურსა და ამერიკას შორის მოლასლასე ცოცხალმკვდარ საქართველოში ფაქტიურად აღარ არსებობს…
უნდა ვაღიაროთ, ეს ქართველი “ლიბერტარიანული იდეის” ტრიუმფია!... და საქართველომ ის დაიმსახურა.


ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ამდენ მიზეზს იძლევა სოციალური ბუნტისათვის, მსგავსი დაბალი პოლიტიკური კულტურის კონტექსტი ნამდვილი საკუთარი მოედანი გახდებოდა ნებისმიერი ევროპული ცენტრისტული მემარცხენე პარტიისათვის - ის ძალიან ადვილად გაუკეთებდა კონცენტრაციას მოსახლეობის გაფანტულ და დეპრესირებულ რისხვას და მას ხელისუფლების ექსტერმნაციისაკენ მიმართავდა.

ასეთ ძალას ვერანაირი, ვითომდა დემოკრატიული კანონმდებლობით შენიღბული “მორცხვი“ რეპრესიები ვერ გაუმკლავდება - ქვეყანა იძულებული გახდება ან მართლაც დემოკრატიული გახდეს, ან დაამთავროს ფლირტი დასავლეთთან და ბელორუსივით გულახდილი დიქტატურა გამოაცხადოს. ბრძოლის მეთოდები ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორისაც სიკვდილივით ეშინიათ დასავლეთში - ძირითადი ქვეყნის ეკონომიკისათვის საციცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და ტრანსპორტის გაფიცვა.


საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ეკონომიური და განსაკუთრებით პოლიტიკური რეზერვი არ გააჩნია გაფიცვებთან ბრძოლისათვის - მისი ერთადერთი იარაღი რეპრესიებია და ის იძულებული გახდება საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ეს იარაღი გამოიყენოს. რაც მის საერთაშორისო ავტორიტეტს საბოლოოდ დაასამარებს - მიზანდასახული გაფიცვა მიტინგი არ არის და მას ვერ მისცემ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის ცრუ სტატუსს, ისე, როგორც ეს ხელისუფლებამ 2007 წლის ნოემბერში მოახერხა.

ის იძულებული გახდება უმნიშვნელოვანეს დათმობებზე წავიდეს და ან ქვეყნის რეალურ დემოკრატიზაცია დაიწყოს, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯიუტი რეპრესიები, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში აუცილებლად დამოუკიდებლობის ბოლო ფურცელი გახდება - შეუნიღბავი ავტორიტარული რეჟიმის დასამხობად ყოფილი უფროსი ბრაზიანი “ძმა” აუცილებლად დაუყონებლივ შემოქანდება. მის შესაჩერებლად სარკოზი თავის მშვენიერ “პენელოპას” აღარ ანერვიულებს - აღარ ჩამოვა - “შეშფოთებას“ ელისეს სასახლიდან გამოსთქვამს. ევროპარლამენტიც რამე სასარგებლოს მოუწოდებს რუსეთს, ვიეტნამის ლომი მაკკეინი კიდევ ერთხელ დაიხურავს თავის საკარნავალო სვანურ ქუდს და “ჩვენ ყველანი’’ ისევ ქართველები გავხდებით ორი - სამი დღით...

პარიზელი “ჩე გევარა” - რაფაელიც ჩემოდანს ჩაალაგებს. ვალმოხდილი დაუბრუნდება სენის “ზერნისტი” მარცხენა სანაპიროს და მამამისის მეგობარ პარიზელ  "მემარცხენე ხიზილალებს" ჩაეხუტება ნუგეშის საპოვნელად.

რუსთაველზე შეკრებლი საზოგადოება “სარკო სარკოს” ნაცვლად “ვოვა ვოვას” ძახილით შეეგებება ახალ “მხსნელს“, წვიმის მუსიკოსები თოვლის მუსიკოსებად გადაიქცევიან, ვიღაც აბანოთუბანში კინტაურს იცეკვებს, ვიღაც კალინკას, ვიღაც «პო აეროდრომუს” გაიხსენებს და წაუღიღინებს ... იმედი მაქვს ეჭვი არავის ეპარება, რომ ზუსტად ასე მოხდება!

ეჭვი არც ხელისუფლებას ეპარება, მან მშვენივრად იცის, რომ ცენტრისტული მემარცხენე მოძრაობა მისი მესაფლავა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მმართველი ძალა საკუთარი სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებას შეეცდება, ყველანი ერთად თავის და უნებურად ქვეყნის მესაფლავეები გახდებიან. თუ დღეს სრულიად თავისუფალი მარცხენა ნიშა ცენტრისტმა მემარცხენეებმა არ დაიკავეს, მას აუცილებლად დაიკავებენ ულტრამემარცხენეები, მხოლოდ ნამდვილი, და არა დღევანდელი სტილიზირებული ბიჭები და გოგოები. ისინი დღეს უკვე არსებულ ძლიერ ულტრამემარჯვენე ეპიდემიის პირობებში, საქართველოში ერთობ “მხიარული“ ცხოვრების პერსპექტივას შექმნიან - ყოველ შემთხვევაში მოლოტოვის კოქტეილები არ მოგვაკლდება. დიდი ალბათობით საქართველო მართლა სსრკ-ში დაბრუნდება - დასამარდება. და ეს ყველაფერი დაბრალდება “სინგაპურიზაციის” იდეის “ევროპიზაციის” მცდელობას - ანუ საქართველოში ისედაც უკვე დისკრედიტირებულ ევროპას და იმ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპულ იდეას რეალურად უჭერს მხარს და არა მხოლოდ უიკენდებზე, ელჩების მიერ გამართულ მიღებებზე.

დღეს ძნელად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება მზად იყოს თავისი ძალაუფლების გაწირვის ხარჯზე, ქვეყანას რღვევის საშიშროება ააცილოს თავიდან და ლიბერტარიანობით შენიღბული ავტოკრატიული რეჟიმის ნაცვლად ნამდვილი მარტივი ყოველდღიური ევროპული დემოკრატია დაუშვას. უფრო მოსალოდნელია, რომ მემარცხენეთა თავისუფალი ნიშის დაკავებას თავად შეეცადება. გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს - ულტრამემარჯვენეების ნიშის დაკავებამ ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა ნაწილის გული და ხმა უკვე შესძინა.

თუმცა, ხელისუფლების მიერ ცენრისტული მარცხენა მოძრაობის იმიტაციის შექმნის მცდელობაც, სავარაუდოდ ულტრამემარცხენე მოძრაობას წარმოქმნის, თავისი უკვე აღწერილი «მხიარული« ცხელი პერსპექტივით.

ერთად ერთი გამოსავალი ზომიერი, არაისტერიული და გაწონასწორებული პოლიტიკური გარემოს შექმნაა, სადაც მხარეები თავისთავად, მაკონტროლებელი ხელის ჩარევის გარეშე დააბალანსებენ ერთმანეთს.

ამისათვის საკმარისი იქნებოდა, საკუთარ სიჯიუტეში თავგზააბნეული ვიშნუ მიმხვდარიყო, რომ პირველ რიგში მისთვის არის უკეთესი ათასი გაუკონტროლებელი ხელის ნაცვლად ერთი მარჯვენა და ერთი მარცხენა ღონიერი ხელი ჰქონდეს და თანაც არა მას - პირადად, არამედ ქვეყანას. თორემ ზუსტად ისე დაამთავრებს როგორც ჩინური ძენის  გმირმა ორმოცფეხამ დაამთავრა: რომელიც უდარდელად და ბედნიერად ცხოვრობდა მანამ, სანამ საკუთარი გადაადგილების ლოგიკაზე არ დაფიქრდა: რას აკეთებს მისი მეთექვსმეტე ფეხი, როცა ოცდამეორე მიწაზეა, ოცდამეჩვიდმეტე კი ჰაერში? - კითხვის დასმისთანავე ორმოცფეხამ ნაბიჯი ვეღარ გადადგა და დაეცა… ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი “ეროვნული აზრის გიგანტი" ორმოცფეხაც” გახდება იძულებული ასეთი კითხვები დასვას და აუცილებლად დაენარცხება ძირს, მხოლოდ სამწუხაროდ ქვეყანას ქვეშ მოიყოლებს..

სამწუხაროდ, საქართველოს ვარდისფერ წინამძღოლს რატომღაც ურჩევნია ქვეყანა გამუდმებული შანტაჟის რეჟიმში ამყოფოს, ფაქტიურად მოკლას პოლიტიკური ცხოვრება, და თან ამ ფონზე მართლაც ბროდვეის გადაცმული კინგ კონგივით იწუწუნოს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგის არ არსებობის პირობებში ცხოვრება მოსაწყენია.

იდეოლოგიურ გაუგებრობაში მყოფი საქართველოს ხელისუფლებისათვის, მეთოდური და ჩამოყალიბებული ევროპული ცენტრისტული მემარცხენე ძალა ყველაზე საშიში მტერია - ამიტომაც ის თავის “ექსტრემისტულ ლიბერალიზმს“ უპირისპირებს მემარცხენე იდეის ნებისმიერ ჩანასახს და ამას ლიბერტარიანიზმს უწოდებს - ასე მოსწონს!

მისი ძირითადი კონცეფცია სწორედ “ჯურასიკ პარკის” ფილოსოფიაა - ძლიერი იბრძვის, იმარჯვებს და ჭამს... სუსტს, დამარცხებულს ჭამის უფლება არა აქვს, ძლიერი სუსტს არაფერს უყოფს, რადგან სუსტს ეს მავნე ჩვევაში გადადის, პარაზიტი ხდება... ყოველივე ამას კი ფოტოაპარატებიანი ევროპელი და ამერიკელი ტურისტები აკვირდებიან დიდი ინტერესით… ღმერთო ჩემო! რა ტრაგიკული დეფიციტია ჰუმანურობის!…

ძლიერი, ჯანმრთელი! გამარჯვებული! ახალგაზრდა, ჯანღონით, ნათელი იდეებით სავსე!... გულისრევამდე უსიამოვნო ასოციაციებს აღძრავს ნაცისტების ან ბოლშევიკების იდიოტურ იდეოლოგიურ “ლაბორატორიებთან”...

არა და “მენტალური რევოლუციის” პირველმა ენძელებმა უკვე წამოყვეს თავიანთი წვრილი თავები - ისინი ძირითადად პერესტოიკიულ - პლურალისტული “პრავდას “ ტიპის ჟურნალის - “ტაბულას” ბაღნარში ხარობენ - მზეჭაბუკებისა და პავლიკა მოროზოვების ეს უცნაური ჰიბრიდები, რომლებიც უპოვართ, ჟურნალის ფურცლებიდან უნისკარტებენ და კუბრიკის პერსონაჟებივით კომბლებს უბრახუნებენ ... თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, გამბედაობა რომ ყოფნიდეთ, იგივეს რეალურადაც არ გააკეთებდნენ… დამარცხებული, გატეხილი ადამიანისადმი მათი ჰუმანურობის, თანაგრძნობის ხარისხი პირდაპირ კავშირშია მათ ჯიბესთან. ამ ჯიბეში ხელის ჩაყოფის იდეასაც კი წყობიდან გამოყავს ისინი. მათი სანუკვარი ოცნებაა გატეხილები ფიზიკურად მოსპონ როგორც "კლასი"…

მათთვის ცივილურობა კონტროლთან ასოცირდება - ავტობუსის უბილეთო მგზავრების, ბუკინისტების, ქუჩის “უნიჭო” მუსიკოსების, უმუშევრების, “აფერისტი ლტოლვილების, “არც თუ ისე” ინვალიდების… მოკლედ ყველა იმ საბრალოსი, რომლებსაც სახელმწიფო ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელ გროშებს ხან მიუგდებს , ხან ისევ უკან წაართმევს ხოლმე... როგორც ღირსებას, რომელიც საქართველოში დღეს არაფერი არ ღირს - ის სრულიად უფასოა. დემოკრატია კი სხვა არაფერია თუ არა ღირსების დაცვა.

ღირსება გაცილებით მაღლა დგას ვიდრე კანონი. კანონი სწორედ ღირსების დაცვას ემსახურება და არა პირიქით, როგორც ეს ვარდისფერი “მენტალური რევოლუციური” სასუქით ბოლო ექვსი წლის მანძილზე გამოყვანილ “ენძელებს“ დააჯერეს. მათი რელიგია სწორედ ის thought control, ის ყრუ კედელია რომელზედაც გადაძრომის, მოგვიანებით კი მისი აფეთქების ობსესია ჩემი თაობის ყველაზე ძლიერი სტიმულატორი - ინფეტამინი იყო (We don't need no education / We dont need no thought control - The wall- Pink Floyd 1979)
Roger Waters. Berlin   

ამავე ლიბერტარიანული სპეციფიკური იდეოლოგიით ეკონომიკა ღირსებაზე მაღლა დგას, ამიტომ მათთვის დემოკრატია რაღაც ბრჭყვიალა დანამატია დიდ კრემიან და ძალიან კალორიულ ტორტზე. მათი აზრით მთავარია პირამიდა ააშენო, მონათმფლობელური სისტემის დემოკრატიულით შეცვლაზე კი შემდეგ იზრუნებ, როცა ამისათვის მოიცლი.

აქ ინოვაციური პრინციპში არაფერია. ზუსტად ასე ფიქრობდნენ ფაშისტურ იტალიაში, როდესაც დუჩე პირველ ავტობანებს აშენებდა, ან ახალგაზრდა საბჭოთა კავშირში, როდესაც ხორციელდებოდა ქვეყნის ელექტროფიკაცია, გაყავდათ გზები, ხუთწლედებს ოთხ წელიწადში ასრულებდნენ, კოსმოსს იპყრობდნენ... “აზრს აკონტროლებდნენ”, ამ კონტროლის დასაცავად “კედელს” აკოწიწებდნენ. თან მსოფლიოში გაუგონარი მასშტაბის სახალხო პერფომანსებს დგამდნენ ახლად აშენებული ქალაქების მთავარ მოედნებზე...

ქვეყნის ელექტრო, თუ გაზიფიკაციისათვის, ასფალტის დასაგებად, ახალი რაიონული ცენტრების ასაშენებლად დემოკრატია სულაც არ არის საჭირო. ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ტირანიის ქვეყნებიდან, ასევე საუდის არაბეთის სიურეალისტური ფეოდალური ფუტურიზმიდან.

საქართველოში განხორციელებული ნებისმიერი რეფორმის გამეორება თავისუფლად შეიძლება არადემოკრატიულ გარემოში. თუნდაც საყოფაცხოვრებო კორუფციაზე ასეთი დიდი გამარჯვების. ცივილიზებული მსოფლიო ძირითადად ტირანების მიერ არის აშენებული.

ჩვენს დროში მთავარი გზაა, რომლითაც ამ აღმშენებლობისაკენ მიდიხარ. ეს გზა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს - აშენებული გზები და “რაიონული ცენტრები” ყველაზე დიდ ხანს სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში ძლებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი გზით გვინდა სიარული - 1923 წელს დუჩეს მიერ აშენებული მსოფლიოში პირველი ავტობანით, თუ სხვა, დასავლური დემოკრატიების მიერ გაცილებით გვიან 60-იან წლებში აშენებულით?

საქართველო დღეს მხოლოდ სამი პუნქტით უსწრებს რუსეთს დემოკრატიის ინდექსით.. ჟურნალ “ეკონომისტის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნების სიაში იმყოფება რუსეთთან ერთად (საქართველო 103-ე ადგილი, რუსეთი 107-ე, სომხეთი 109-ე, ერაყი 111-ე და ა.შ..) ეს კვლევა მშვენიერი დასტურია იმისა, რომ დემოკრატიას, ასფალტის დაგებასთან და ქვეყნის მთავარ მოედნებზე გამართულ კარნავალებთან არავითარი საერთო არა აქვს.

საქართველო ამ მხრივ ძალიან საშიშ ზონაში იმყოფება, მისი ერთად ერთი ხსნა რეალურ დემოკრატიაშია და ამის შესახებ ის არაერთხელ გააფრთხილეს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არა მხოლოდ ზღუდავს დემოკრატიას, მის ფაქტიურ დისკრედიტაციასაც ეწევა.

საქართველოს მოსახლეობა დღეს ბევრად ნაკლებად პროდასავლურია ვიდრე რამოდენიმე წლის წინ. სიტყვა დემოკრატია დღეს უფრო ხშირად იწვევს ზუსტად ისეთ ირონიულ, ურწმუნო ღიმილს ადამიანებში, როგორც რუსეთში იწვევდა პუტინის მმართველობის პირველ წლებში, როდესაც ადამიანებმა მძიმე, რკინის ხელის მოტანილი სიკეთე იგემეს მშიერი 90-იანი წლების შემდეგ.

დღეს რუსეთში ამ სიტყვის გაგონებაზე უკვე გულიანად ხარხარებენ... იქ დემოკრატის ჩანასახები დიდი ხანია მოკვდა. საქართველოში ჯერ კიდევ ბჟუტავს. და თუ არ გადარჩა, ვერც საქართველო გადარჩება - დემოკრატიასთან ერთად დასამარდება, რუსეთისაგან განსხვავებით, რომელსაც ჯერ-ჯერობით ნებისმიერი რეჟიმის ატანა ძალუძს სხვადასხვა მიზეზების გამო.

პრინციპში დემოკრატიაზე უარს თავისი ნებით არც ერთი რეჟიმი არ ამბობს... უბრალოდ ასე გამოდის ხოლმე. საქართველოს ხელისუფლებას უკვე 2004 წელს ეტყობოდა, რომ თუ თავისი აბსოლუტურად სულელური “პოსტრევოლუციური” ეიფორიდან სასწრაფოდ ვერ მოახერხებდა გამოსვლას, თავისივე სურვილის საწინააღმდეგოდ მოუწევდა დემოკრატიის გზიდან დასაწყისშივე გადახვევა.

ასეც მოხდა. დღეს საქართველო ჰიბრიდი ადამიანი-გუგულებით მართული ჰიბრიდული დემოკრატიაა და თუ დროზე არ მოეგო გონს, ავტორიტარიზმში შესვლის დიდი საშიშროების წინაშე დგას. ეს საქართველოს საბოლოოდ დაასამარებს.

არჩევანის გასაკეთებლად სულ უფრო და უფო ცოტა დრო რჩება.

სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა შეიქმნას პოლიტიკურად გაწონასწორებული ატმოსფერო. რასაც ცხადია, ხელისუფლებისათვის უსიამოვნო ცვლილებები მოჰყვება. მაგრამ ეს სწორედ ის ფასია, რაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადაიხადოს, თუ ის ხანდახან მაინც ფიქრობს ქვეყნის გადარჩენაზე და განვითარებაზე.

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი ქვეყანაში დემოკრატიის მარცხის გამო და თავად ეს შესანიშნავად იცის - უბრალო ენით რომ ვთქვათ: მათ დემოკრატია ვერ “გაქაჩეს”. სწორედ ამიტომ ურჩევნიათ მათთან დაპირისპირებული ძალები კიდევ უფრო ნაკლებად დემოკრატიული ოპოზიციური დაჯგუფები იყვნენ, ვიდრე რეალური უვროპული ტიპის ცენტრისტული ძალები, რომელთა ჩამოყალიბება, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი აზრით რეალურ მემარცხენე ძალების ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლება და მისი ჰიბრიდი გუგულები სწორედ ამას ებრძვიან ასე გააფთრებით.

მოსალოდნელი “მემარცხენე “ ბუნტის პრევენციისათვის, ერთი ერთი ყველაზე კომიკური, თუმცა საკმაოდ ეფექტური იდეა საბჭოთა სიმბოლოების ნარჩენებთან აქტიური ფართო მასშტაბიანი ბრძოლა გახდა, თანაც ისეთი შემართებით, როგორიც სსრკ-ს ნგრევის შემდეგ არ გვინახავს.

იმ რთულ და ბნელ ეპოქაში, ნაციონალისტურ-მართლმადიდებლური მარწუხებით გატანჯული სექსუალურად გადამწიფებული ენერგიული აქტივისტების ერთად-ერთი გასართობი სწორედ ამ სიმბოლოებისათვის ცხვირისა და ყურების ჩაქუჩებით მომტვრევა, აგრეთვე საღებავის ქილების “მიზანში“ ტყორცნა იყო.

განსაკუთრებული პოპულარობით ორჯონიკიძისა და მაიაკოვსკის ძეგლები სარგებლობდნენ. პირველი - ყველასათვის გასაგები, მეორე კი კიდევ უფრო გასაგები მიზეზის გამო - საქართველოში პოეტებს ყოველთვის ეშაფოტზე მიმავალთა ავანგარდში აყენებდნენ (თუმცა დღევანდელმა პოეტებმა ჭკუა ისწავლეს, ასე ვთქვათ - ცხოვრების პოლიტიკურ და საშიშ ამაოებას, გალაკტიონის “ქარიშხალში მდგარ სისხლიან ანგელოსებს“ წინდახედულად გაერიდნენ და როგორც თვითონ განმარტავენ
“პოლიტიკაში არ ე-რე-ვი-ან!”

საბჭოთა ფანტომებთან მებრძოლი დონ კიხოტად მოდიფიცირებული ერთ-ერთი გამოჩენილი “იუდა” ოპოზიციონერი დაუღალავად იღწვის, რომ სოფლის კლუბების წინ მდგარი ერთმეტრიანი ბეტონის პიონერების განადგურება, კონცეპტუალურ პერფომანსად გაასაღოს - რათა შეახსენოს უმუშევრობითა და სოციალური უსინდისობებით გატანჯულ მოსახლეობას, რომ საბჭოთა მემარცხენეები ანუ სოციალისტები ბევრად უფრო პირსისხლიანები იყვნენ ვიდრე თვით გაზის კამერების “ნოვატორული” იდეის ავტორი “მემარჯვენე” ნაცისტები, რომ ისინი დღეს კიდევ უფრო მეტნი არიან ვიდრე საბჭოთა ეპოქაში!

“პლასტილინის“ დეპუტატმა ან არ იცის, რომ საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც დღევანდელ საქართველოში, მემარცხენეები და მემარჯვენეები არ არსებობდნენ, ან თავს ისულელებს… მაგრამ ამაზე ალბათ არც ღირს ლაპარაკი - შორს წაგვიყვანს. ბოლოსდაბოლოს ამ კაცს სრულიად ჰეროიკულ-პარანოიკული მისია აკისრია: მართლა პერვიტინ გადაყლაპულივით ფხიზლად დარაჯობს დღე და ღამე მძინარე ლიბერტარიანულ თბილისს, რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრში დაბანაკებული რუსი “სოციალისტები”, ქართველ მემარცხენეთა მეხუთე კოლონის პირველივე ნიშანზე არ შემოიჭრან, ამიტომ ის ერადერთია ვისაც ექსტრემისტი ლიბერალები და მათი ადამიანი გუგულები ამ აუტენლად დამამცირებელი “ოპოს“ ნაცვლად, სრული პატივით - ოპოზიციონერად მოიხსენებენ - რადგან კარგად იციან - მთელი მსოფლიოს წუწკ და გაიძვერა სოციალისტებს ერთი სული აქვთ, რომ მათი ერთადერთი და განუმეორებელი წინამძღოლი დაამხონ და ჩვენი “ულტრამემარჯვენე “ წინაპრების სისხლით მორწყული მიწა დიდ მემარცხენე გულაგად გადააქციონ, ამიტომ გალიბერტარიანებული ალპინისტის სასარგებლო სიფხიზლეს დიდად აფასებენ და ხელსაც უწყობენ.

მონდომება იმდენად დიდია, რომ ისინი ხშირად რუსი ხალხის მიმართ თავიანთ ბუნებრივ ქსენოფობიურ-რასისტულ პულსაციებზეც კი მაღლდებიან და გვიმტკიცებენ, რომ რუსი ერი სწორედ იმიტომ არის ასეთი ველური და დაუნდობელი თავის იმპერიული ზრახვებში, რომ იგი მემარცხენე სოციალისტი ხელისუფლებით იმართება იმ უხსოვარი დროიდან ქართველები რომ ბიბლიას თარგმნიდნენ, ხოლო თვითონ კი ხეებზე ისხდნენ...

სინამდვილეში, რუსეთი ზუსტად ისეთივე “ლიბერტარიანული“ იდეოლოგიით იმართება როგორითაც საქართველო - მხოლოდ ჯერ ტერმინოლოგიაში ვერ გაერკვა, ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ ამ პოლიტიკურ სისტემას იქაური “გაუნათლებელი ადამიანები“ უბრალოდ ველურ, დაუნდობელ კაპიტალიზმს ეძახიან, რომლის მმართველობის დროსაც, ადამიანი აუცილებლად რენტაბელური უნდა იყოს. მისმა თვითღირებულებამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს მის მიერვე გამომუშავებული პროდუქციის ღირებულებას - ანუ ქართველი ბიზნესმენის ენით რომ ვთქვათ, რამე მაინც უნდა “დაწეროს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი გატეხილი ადამიანი, თორთლაძის, სააკაშვილისა და “მთელი რიგი” ამხანაგების საყვარელ ძირძველ კომკავშირულ გამოთქმას თუ ვიხმართ - “ისტორიის სანაგვეზე“ უნდა მოვისროლოთ… ...როგორც ცნობილია, ადამიანი ადამიანისათვის მგელია!…

…ეჰ, ჩემო კარგო და საბრალო ღმერთო! ამათ შენც კი ვერც დასჯი… რადგან მათთვის არ არსებობ !

კრიტიკის მიუხედავად, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ - ექსტრემისტ ლიბერალთა მეთოდი ამართლებს საშუალებას - ისინი, მემარცხენეთა დისკრედიტირებისათვის, ადამიანების თავში წარმატებით აცოცხლებენ დავიწყებულ ფანტომებს, გამუდმებით უჩიჩინებენ, რომ საბჭოთა კავშირი სოციალისტი მენარცხენე კანიბალების ქვეყანა იყო, მერე კი ამ ფანტომებს თვითონვე კლავენ,

მათგან კარგად დამუშავებულ ადამიანს აღარ უკვირს, როდესაც ჩვეულებრივ ევროპული ტიპის პოლიტიკოსსა თუ ჩვეულებრივ რიგით მემარცხენე ამომრჩეველს, სსრკ-ს ნოსტალგიით შეპყრობილს კრემლისგან მართულ მოღალატეს უწოდებენ, სილას აწნავენ, აფურთხებენ, ქოლავენ... ცხადია, აღარც იმაზე ფიქრობს, რომ სოციალისტები ბევრ ისეთი ქვეყანას მართავენ, რომლის ცხოვრების დონეს მთელი მსოფლიო შენატრის... რომ ბრაზილიური სასწაული, რომელზეც ფიგაროს ზემოთ ხსენებულ სტატიაში, ლაბორანტი გლუკსმანიც წერდა, სწორედ მემარცხენე, ტროცკისტმა ლულამ მოახდინა - 8 წელიწადში უღარიბესი მშიერი და კრიმინალური ბრაზილია მსოფლიოს მე-8 ეკონომიკად აქცია. აქ ერთი თვის წინ ისევ მემარცხენე პრეზიდენტი ქალი - დილმა რუსელფი მოვიდა ქვეყნის სათავეში. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეულ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გასულ ოქტომბრის ბოლოს მემარცხენეთა ტრიუმფით დასრულდა, ქართულმა მედიამ ისეთი ერთსულოვანი გულმოდგინებით აუარა გვერდი, როგორითაც მხოლოდ გეების ქორწინებას აუვლიდა.

თუ ბრაზილია არა, შეიძლებოდა ულტრა მემარცხენე ჩინეთის კიდევ უფრო დიდი ეკონომიური საოცრება მაინც გამხდარიყო ანალიზის საგანი ... ამ ქვეყნის ფენომენის გარშემო ხომ დღეს მთელი მსოფლიო თავს იტეხს… ყველანაირი ლოგიკით - კომუნისტურ ტირანიაზე დაფუძნებული ქვეყანა უნდა გამქრალიყო, ისევე, როგორც სსრკ, ან უკეთეს შემთხვევაში კუბასა და ჩრდილო კორეასავით იზოლირებილი გამხდარიყო... რეალურად კი ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ეკონომიურ ლიდერად გადაიქცა... ეს საინტერესო ფენომენი საქართველოში ისევე არ აინტერესებთ ექსპერტებსა და მედიას, როგორც ბრაზილიის ფენომენი - რაც პრინციპში გასაგებია : ხომ შეიძლება ვინმეს ზედმეტი კითხვები გაუჩნდეს, განსაკუთრებით მსოფლიოში ყველაზე დიდ რეფორმატორობასთან დაკავშირებით.

მაგალითად იკითხოს, როგორ ხდება, რომ მემარცხენე ხელისუფლებით მართულ ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად  შვეციაში - ბავშვებს სულაც არ უკეთიათ წითელი ყელსახვევები, მათი მშობლებიც სულაც არ იმყოფებიან “ადგილობრივ საკონცენტრაციო ბანაკებში“... ადამიანები ადამიანურად ბედნიერები ან უბედურები არიან... ხომ შეიძლება ვინმე “პროვოკატორი” იმითაც დაინტერესდეს, თუ რა საერთო აქვს ჩრდილო კორეულ მემარცხენეობას შვედურთან, ან ბრაზილიურთან, ან თუნდაც კრიზისით გატანჯულ ფრანგულთან?

Kampuchia_1975

რა თქმა უნდა შეიძლება, ამიტომ ყოველი შემთხვევისათვის. სწორედ პრევენციის მიზნით ადამიანი გუგულები ჯიუტად ქაქანებენ გერმანელ ულტრა მემარცხენე ტერორისტ ულრიკე მეინჰოფზე და  კამპუჩიელ პოლ პოტზე, მათთვის ლავრენტი ბერია და მისი თანამედროვე ფრანგი სოციალისტი პრეზიდენტი ლეონ ბლუმი რომელიც მემარჯვენე ნაცისტებთან პაქტის დამდებმა მემარჯვენე პეტენმა შეცვალა, ერთი და იგივეა, ისევე, როგორც ბრეჟნევი და ამერიკელი მემარჯვენეების ან ულტრა მემარჯვენეების მიერ მოკლული მარტინ ლუთერ კინგი. რა თქმა უნდა, მემარცხენე ღვთაება ანდროპოვი და სოციალისტი ფრანსუა მიტერანიც გაჭრილი ვაშლებივით “ჰგავდნენ“ ერთმანეთს... თუ ესპანეთის მემარცხენე პრეზიდენტი ხოზე ლუის ზაპატერო და კუბელი ასევე მემარცხენე ფიდელ კასტრო ერთი პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან, მაშინ ზუსტად ასევე საერთო იდეოლოგია ჰქონიათ საქართველოს ხანდახან მემარჯვენე, ისე კი ლიბერტარიანელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და არგენტინელ მემარჯვენე დიქტატორ ვიდელას, რომელიც სულ ახლახანს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის 85 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან, სხვათაშორის, სასამართლოზე თავისი ბარბაროსული წარსულის გასამართლებლად ქართველი ლიბერტარიანელებისათვის და მთასვლელებისათვის ასე ახლობელი არგუმენტი მოიყვანა - თურმე ნუ იტყვით, მასიური დახვრეტებს იმიტომ ახორციელებდა, რომ სოციალიზმს ებრძოდა არგენტინაში!!


Photo:სოციალიზმი ბოლშევიზმის წინააღმდეგ, თავისუფალი ევროპისათვის

ხშირად მიჩნდება სურვილი ვკითხო ქართველ აგიტაცია-პროპაგანდის სფეროში მოღვაწე “პოლიტ-- ინტელექტუალებს” რომლებიც გამუდმებულ კონტაქტში იმყოფებიან თავის ევროპელ კოლეგებთან - თუ გაუბედავს რომელიმე მათგანს ევროპული მემარცხენე პოლიტიკის ისტორიის მსგავსი ვულგარიზაცია მათთან საუბრისას? იმედი მაქვს რომ არა... რადგან თავად იციან, რომ ეს, არც მეტი და არც ნაკლები, უბრალოდ სიბრიყვე იქნებოდა… ხომ შეიძლება გაბრაზდნენ და გრანტები დაუბლოკონ, ჩათვალონ, რომ უვიცებს და მატყუარებს უნივერსიტეტებში არაფერი ესაქმებათ… ამიტომაც, ქართველი მემარცხენებზე მონადირენი ევროპელ მემარცხენეებს ისევე ემლიქვნელებიან, როგორც - საკუთარ ლიბერტარიანელ ვიშნუს. (ბოლოს და ბოლოს … ყველას ოჯახი გვყავს სარჩენი!.. მემარცხენეებსაც და მემარჯვენეებსაც… მთავარია საჭირო მომენტში ბრიყვულ-მლიქვნელურად გაღიმება ისწავლო).

ისინი პირდაპირი პასუხისმგებლები არიან საქართველოში პოლიტიკური კულტურის არ არსებობაზე. უსინდისოდ ატყუებენ ქართველ ამომრჩევლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ოვაციებს უმართავენ ადამიანი-გუგულების შეთითხნილ აბსოლუტურად იდიოტურ საბრალო “მარცხენა-ფობიურ“ პუბლიკაციებს, რომელთა მოწონება, ან, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, გამამხნევებელი დუმილიც კი - განათლებული ადამიანისათვის სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ინტელექტუალური ღირსების სულმოკლე ღალატი.

საქართველოში მემარცხენე იდეების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ "მემარჯვენეების" მხრიდან კომუნისტების მიმართ რაღაც მაკარტისტული სიძულვილით პროვოცირებული ბრძოლა. რადგან ასევე გააფთრებით მიმდინარეობს ბრძოლა ცენტრისტული მემარჯვენე იდეათა ჩანასახებთან.

ცენტრისტული მემარცხენე ძალის არ არსებობა მისი საპირწონე რეალური ცენტრისტული მემარჯვენე ძალის ფაქტიური არარსებობის მიზეზია. რადგან ქართველი მემარჯვენეები საერთო ქაოსის ფონზე იძულებულნი არიან იმ წესებით ითამაშონ რასაც ეს ქაოსი ითხოვს - (ჩათრევისა ჩაყოლა ჯობია!) ამიტომ მათი უმრავლესობაც ფაქტიურად ულტრამემარჯვენედ ჩამოყალიბდა. მათი მამოძრავებელი ათასჯერ შეკეთებული ძრავა ძირითადად პატრიოტიზმის, ეპიკური წარსულისა და რელიგიის ნარევით გაკეთებულ საწვავზე მუშაობს.

ცენტრისტული მარჯვენა ფლანგი ისეთივე საშიშია მოქმედი “ლებერტარიანელებისათვის“, როგორიც ცენტრისტული მარცხენა… სწორედ ამ ორი ფრთის ჯანსაღ პოლიტიკური კონკურენციაში გამარჯვებული ჩაანაცვლებს ნაციონალთა უიდეო კლანის მიერ უზურპირებულ ხელისუფლებას. ან თავად მათ გამოიყვანს ორი-სამი მბჟუტავი ნათურით ოდნავ განათებული გამოქვაბულიდან და აიძულებს პოლიტიკური მასკარადების ნაცვლად მართლა საქმის კეთება ისწავლოს. რა თქმა უნდა, თუ მანამდე ხელისუფლების მიმართ ბიოლოგიური სიძულვილით განმსჭვალული ქართული “თალიბები” არ მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, რომლებიც საზოგადოებაში კატასტროფულად “მდგრადი” და “განვითარებადი” დიდი პოპულარობით სარგებლობენ - სწორედ მმართველი ნაციონალური მოძრაობის ულტრამემარჯვენე კეკლუცობისა და წვრილვაჭრული უპრინციპობის გამო…

ულტრამემარჯვენეები ერთ უშნო დღეს მართლაც მოვლენ ხელისუფლებაში, თუ საქართველომ პოლიტიკური ტერმინოლოგიებით მატრაკვეცობას თავი არ დაანება და არ ჩამოყალიბდა ინტელექტუალურად შიდაკონკურენტუნარიან საზოგადოებად. სახეშეცვლილი ყოფილი აგრესიული ნაციონალისტებით ისედაც სავსეა  მმართველი გუნდი. უფრო ორთოდოქსები ჯერ-ჯერობით ქუჩაში არიან, მაგრამ მათ შორის განსხვავება მხოლოდ თავიანთი ტლანქი იდეების შენიღბვის ხელოვნების ფლობის ხარისხშია.

ასეა თუ ისე, დღეს “მოდიფიცირებულ მენტალიტეტიანი” საქართველო ბევრად უფრო ულტრამემარჯვენეა, ვიდრე 20 წლის წინ ეროვნული მოძრაობის გულუბრყვილო რენესანსის ეპოქაში.

თვით მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი - საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ყოველთვის ხელს უწყობდა საქართველოში ულტრამემარჯვენეთა გაძლიერებას. ყოველთვის იძულებული იყო მათი თამაში ეთამაშა.

მარტო გასულ 29 დეკემბერს პატრიარქის მიმართ წარმოთქმული ბრეჟნევის ეპოქის შესაფერისი მლიქვნელური ქება-დიდება რად ღირს, რომლითაც ის თავის ყველაზე ორთოდოქს მოქალაქეთა ნაწილს კიდევ ერთხელ წაეკეკლუცა, გაამხნევა, წააქეზა. ზუსტად ისე როგორც ვლადიმერ პუტინმა რამოდენიმე დღით ადრე, მოსკოვის ქუჩებში გამართული ბარბაროსობის ორგანიზატორები… ამ ორ ანტაგონისტ პერსონაჟს, ფაქტიურად ერთი და იგივე პრობლემა აქვს - ძალაუფლების დაკარგვის საშიშროება უახლოეს ორ წელიწადში. ისინი ორივენი თავიანთი მოსახლეობის ყველაზე აგრესიული და არასიმპატიური ნაწილის განწყობის მოპოვების გზით ფაქტიურად ნეოფაშიზმის განმტკიცებას უწყობენ ხელს თავთავიანთ ქვეყნებში.

ორივე დაპირისპირებულ სახელმწიფოში ნებისმიერი გულახდილი კვლევა რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად ანახებდა, რომ დასავლური პოლიტიკური კლასიფიკაციით რუსებიც და ქართველებიც, თავიანთ უმრავლესობაში, ულტრამემარჯვენეები არიან. ამიტომ ცხადია, პირველ რიგში ოპორტუნისტი პოლიტიკოსები იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ, რომლებიც რეალურად წყვეტს არჩევნების ბედს, და არა იმ “პოტიომკინის” პროევროპული 3-4%პროცენტისა, რომელიც მხოლოდ უცხოური დელეგაციების საპატივსაცემოდ გამართული ბანკეტის დეკორში კარგად ჩასმულ გაწვრთნილ Pompom girls ჯგუფს წარმოადგენს.

დღეს რელიგიური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური ექსტრემიზმი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს საქართველოს იმ ისტორიის მანძილზე, რომლსაც  რეალურად ვიცნობთ. საქართველოში, ნაციონალიზმის ახალი ტალღა ბევრად უფრო შესამჩნევია, ვიდრე დემოკრატიისა - ეს დღესავით ნათელია თვით ყველაზე ოპტიმისტებისთვისაც კი.

პარადოქსია, ასე არ არის? განსაკუთრებით "მენტალური რევოლუციის" ფონზე…

ნებისმიერი საღად მოაზროვნე საზოგადოება ძალიან შეშფოთდებოდა ულტრამემარჯვენეთა აღზევებით - ჩვენ კი მხოლოდ ახალი ბრიყვული ქედმაღლობის საფუძვლად ვაქციეთ ეს შეშფოთების საგანი და საქართველო ბნელებად და ცივილიზებურებად დავყავით. ვერაფერს იტყვი - ყოყლოჩინობით სიამოვნების მიღება ნებისმიერ სიტუაციაში გვეხერხება, თვით ყველაზე აყროლებულ ხვრელშიც კი.

ნაციონალიზმისა და მასთან დაკავშირებული ექსტრემიზმის აღორძინება ყოველთვის ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული. ამის მაგალითად დღევანდელი სტაბილურ და განვითარებულ დემოკრატად წოდებული რამდენიმე ევროპული ქვეყანა შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ნაციონალისტური პოლიტიკური ძალები შესამჩნებვად გაძლიერდნენ.

განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ ქვეყნებს დემოკრატიის დიდი ტრადიცია გააჩნიათ და ნაციონალიზმს იქ გამარჯვების ბევრად ნაკლები შანსი აქვს ვიდრე საქართველოში, რუსეთში, ან ჩინეთში.

რა თქმა უნდა რუსული აგრესიული ნაციონალიზმი შეუდარებლად ფართო მასშტაბებისაა, როგორც საერთოდ ყველაფერი რუსული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ საქართველოს რაღაც კრედიტი გააჩნია, რომლის საფუძველზეც შეუძლია წყნარად გააგრძელოს ამ მიმართულებით დეგრადირება. ცნობა იმის შესახებ, რომ ვიღაცას შენზე მეტად სტკივა კბილი, სულაც არ ნიშნავს რომ შენი ტკივილი ამით უფრო ადვილად ასატანი გახდება .

ომამდე, როდესაც საქართველო ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა უცხოელებისათვის, სულ რამოდენიმე ასეული ჩინელის გამოჩენამ ისე შეაშფოთა ქართული საზოგადოება, რომ კიდევ ცოტაც, და ქართულ სკინჰედურ მოძრაობას ჩაეყრებოდა საფუძველი.

დღევანდელი ჩინელები და საერთოდ ემიგრანტები, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიური განვითარების დონის ინდიკატორები არიან. მშიერ ქვეყანაში ბედის საძებრად არავინ მიდის. ფაქტი, რომ საქართველოში დღეს ჩინელების რიცხვმა მოიკლო, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მათთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. თუმცა ერთი პოზიტიური მომენტი მაინც აქვს ამ ამბავს - საქართველო თავგასიებულ სკინჰედთა ეროვნულ მოძრაობას ამჯერად გადაურჩა.

თბილისში რომ პროპორციულად იგივე რაოდენობის შუა აზიელი ან ჩრდილოკავკასიელი ცხოვრობდეს და მათი გზები ისევე იკვეთებოდეს თბილისელებთან როგორ მოსკოვში, ვერავინ დადგებოდა გარანტად, რომ “მანეჟის მოედნის ბარბაროსობა” საქართველოს დედაქალაქშიც არ განმეორდებაოდა. ჩვენი ერთადერთი არგუმენტი, აგრესიული ნაციონალიზმის საშიშროების წინააღმდეგ - თბილისში გვერდიგვერდ მდგარი სინაგოგა, მეჩეთი და სიონია. აგრეთვე მითიური “ტოლერანტობა“.

მე არ მგონია, რომ საქართველო განსაკუთრებით “ტოლერანტული“ ქვეყანა იყოს. მას უბრალოდ ”პოგრომებისათვის” არასოდეს ეცალა, რადგან თავად მას უწყობდნენ გამუდმებით პოგრომს საკუთარ სახლში... ქედმაღლული დამოკიდებულება და ვერბალური ქსენოფობია კი საქართველოში ყოველთვის არსებობდა - ებრაელების , სომხების, აზერბეიჯანლების, რუსების მიმართ და ის დღეს კიდევ უფრო დიდია. მიზეზი კლასიკური იყო, ისევე როგორც რუსეთში - უმადური სტუმარი, მეხუთე კოლონა და სხვა. უფრო მეტიც ჩვენ საკუთარ ქართველ ლტოლვილებს ვერ ვიტანთ საკუთარ დედაქალაქში, მათ საერთო კულტურულ, ესთეტიკურ ფონის შელახვაში ვადანაშაულებთ, ხმას არ ვიღებთ ამ საბრალო ადამიანების ფაქტიურად დეპორტაციისას თბილისიდან, გულის სიღრმეში გვიხარია კიდეც - იმედი გვაქვს, პროვინციებში მათი რეზერვაციების შექმნით,  ქალაქი უფრო “რედისონიზირებული” გახდება...

 ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ თბილისის “დინამოს” “გულშემატკივრები” აფრიკელ და აზიელ არალეგალ ემიგრანტებს აიტანენ უფრო მეტი ტოლერანტობით ვიდრე მოსკოვის “სპარტაკის” ტვინგაყინული ფანები?

ჩვენს ლტოლვილებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის არანაირი განსხვავება არ არის - მათ ერთნაირად დევნიან საკუთარი ქვეყნის დედაქალაქებიდან - მოსკოვიდან და თბილისიდან.... მხოლოდ ჩვენები ეთნიკურადაც ქართველები არიან მოსკოველი ჩეჩნებისგან განსხვავებით…

თუ საქართველო ოდესმე ეკონომიურად მიმზიდველი ქვეყანა გახდება, ის აუცილებლად მაგნიტივით მოიზიდავს უპოვართ მთელი მსოფლიოდან. ეჭვი მეპარება საქართველო ბევრად უკეთ მოექცეს ასეთ უცხოელებს, ვიდრე დღეს რუსეთი ექცევა.

ჩვენ არავითარი საფუძველი და მით უმეტეს უფლება არა გვაქვს, რომ სხვაზე მეტი სიმშვიდით ვუყუროთ აგრესიული ნაციონალიზმის ნაკლებად გულუბრყვილო, და ბევრად უფრო საშიშ მეორე ტალღის აგორებას საქართველოში.

ის პოლიტიკური იდეოლოგიური გაუგებრობა, რომელშიც დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი იმყოფება, ყველაზე ნოყიერი ნიადაგია ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურების და ამის მოწმენი ყოველდღე ვხდებით. მასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება ნამდვილი და არა ყალბი დემოკრატიული გარემოა.

მაგალითად შეგვიძლია საფრანგეთის 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევებიც მოვიყვანოთ -

მაშინ ფრანგი სოციალისტების მიერ ბოლო წლებში დაშვებული უამრავი შეცდომისა და მათი ლიდერის, ლიონელ ჟოსპენის უნიათობის “წყალობით” მეორე ტურში ჟაკ შირაკთან ერთად სრულიად მოულოდნელად ულტრა მემარჯვენე ჟან მარი ლეპენი გავიდა თითქმის 17% - ით.

ეს მეხის გავარდნა იყო მოწმენდილ ცაზე. ნამდვილი ტრაგედია საფრანგეთისათვის. არა იმიტომ, რომ ლეპენს რაიმე რეალური შანსი ჰქონდა მეორე ტურში გამარჯვების. ტრაგედია თავად პრეცედენტი იყო და არა ჰიპოთეტური პერსპექტივა - ოკუპაციისდროინდელი ვიშის მთავრობის შემდეგ ულტრა მემარჯვენები პირველად აღმოჩნდნენ უმაღლეს პოლიტიკურ მწვერვალთან ასე ახლოს.

ფაქტიურად არ დარჩენილა საფრანგეთში ამომრჩეველი, რომელსაც მეორე წრეში ხმა მემარჯვენე შირაკისათვის არ მიეცა (გარდა, რა თქმა უნდა, თავად ულტრამემარჯვენეებისა).

იდეური, ლამის “გენეტიკურად” მემარცხენეები აცრემლებულები აგდებდნენ საარჩევნო ურნებში ბიულეტენს მემარჯვენე ჟაკ შირაკის სასარგებლოდ.

ორი კვირის წინ ისინი რაზედაც გნებავთ დადებდნენ ნიძლავს, რომ უმალ ხელის მოიჭრიდნენ, ვიდრე ამ “ოპორტუნისტ” და “კორუმპირებულ შირაკის მისცემდნენ ხმას ... და მაინც, საფრანგეთის ისტორიაში პირველად პრეზიდენტობის კანდიდატმა, როგორც პრესა წერდა, საბჭოთა სტილში, 83%-ით მოიგო არჩევნები ულტრამემარჯვენეთა წინააღმდეგ ფრანგების ბუნებრივი სოლიდარობის წყალობით.

მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებსაც შირაკის მიმართ თითქმის არაჯანსაღი სიძულვილი ჰქონდათ… დაახლოებით ისეთი, როგორიც ქართულ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

განსხვავება მხოლოდ საზოგადოების პოლიტიკურ აზროვნების ხარისხშია - ქართველები ლუციფერს (ლეპენს) მისცემენ ხმას სააკაშვილის საწინააღმდეგოდ. ფრანგები კი საძულველ “შირაკს” - ლუციფერის საწინააღმდეგოდ… .

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი “ლუციფერი” ჟან მარი ლეპენი თავისი “ფრთხილი” ნაციონალიზმით, ლამის თავგადაკლული კოსმოპოლიტად შეიძლება მოგვეჩვენოს ქართველ ყველა ფლანგის პოლიტიკოსებთან შედარებით, რომელებიც ძალაუფლებაში მოსვლის, ან მისი დაკარგვის შიშის გამო, ნებისმიერ საშიშ თამაშს თამაშობენ, მათ შორის ულტრამარჯვენაც. სწორედ ამ უპრინციპობის შედეგია, რომ დღეს, ახალგაზრდა, ვითომ და პროდასავლური ხელისუფლების პირობებში საქართველო ბევრად უფრო ორთოდოქსალური ქვეყანა გახდა, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

მტკივნეული რევოლუციური რეფორმების ქირურგებისათვის სწორედ თავისივე ხელისშეწყობით წარმოქმნილი პრიმიტიული ორთოდოქსალური გარემო აღმოჩნდა ყველაზე კომფორტაბელური თავის გამოსაჩენი სივრცე, რომელსაც თავისუფალ დროს დასავლელი “პარტნიორები” აკვირდებიან ხოლმე. მათ კი ტრადიციულად, არაფერი ისე არ უხარიათ, როგორც ჩვენნაირ «ჰიბრიდულ» ქვეყნებში სიბნელის განათების მცდელობა, არავის ისე არ აფასებენ, არავის ისეთი მშობლიური სიყვარულით არ იხუტებენ გულში, როგორც «გამნათებლებს», თუმცა ხანდახან ბოლოს სახრჩობელაზეც კიდებენ ხოლმე სადამივით… საერთოდ “განმანათლებლობა” ძალიან მომგებიანი მაგრამ რისკიანი ბიზნესია, განსაკუთრებით ისეთ მესამე ქვეყნებში როგორიც საქართველოა. ბიზნესს კი მოგეხსენებათ თავისი მერკანტილური კანონები აქვს.

იქ სადაც სიბნელეა არ არის, თავად უნდა შექმნა, რადგან ის აუცილებელია განათებულ ობიექტზე კონცენტრაციისათვის - მაგალითად კინოში, თეატრში, ან ნებისმიერი ილუმინაციისას… ბნელ სივრცეში ერთი ნათურით განათებული ობიექტი გაცილებით ძლიერ ეფექტს იძლევა, ვიდრე მთლიანად გაჩახჩახებული სივრცე.

ნაციონალებმა ერთი პროჟექტორის ეფექტის პოლიტიკაში გადატანა შეძლეს.
...ჩააბნელე და იბატონე!!! -  სწორედ ეს არის ის “ინოვაციური ფორმულა“, რომელიც 30-მა ლაბორანტმა შექმნა და მერე წარმატებით დანერგა საქართველოში.  რომლის შესახებ რაფაელ გლუკსმანი არაფერს ამბობს თავის სტატიაში, შეიძლება იმიტომაც, რომ გულუბრყვილოდ სჯერა, თითქოს საქართველო სააკაშვილამდე ცალთვალა კაციჭამია ციკლოპების ქვეყანა იყო. თანაც ძალიან დაკავებულია და ვერაფრით მოიცალა გარკვეულიყო, რომ ჩვენს სამშობლოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ ვარდების რევოლუციამდე, დამწერლობაც კი არსებობდა - თვით პრეისტორიულ 70- 80-იან წლებშიც კი, როდესაც ადამიანებს წითელი კანი, ვარსკვლავის ფორმის თვალები, ნამგალივით ფეხები და ჩაქუჩებივით ხელები ჰქონდათ…

დღეს საქართველოში ნებისმიერი დებატი ადამიან-გუგულებს ყველაზე “ბნელ” ხარისხში დაჰყავთ, იქნება ეს განათლების რეფორმა, ინგლისურის სწავლება, კულტურის პოლიტიკა, თუ რელიგიურობა - ერთადერთი სრულიად სულელური არგუმენტით, რომ საქართველოში ვიღაც ბნელი ძალები ეწინააღმდეგებიან დასავლეთთან ინტეგრაციას და სურთ სსრკ-ს აღდგენა.

ამ ბნელ, ლამის “გამოქვაბულის ადამიანებს” 24-საათიან რეჟიმში ეკამათებიან. მაშინაც კი, როდესაც ისინი ახლო-მახლო არ არიან, თავად ქმნიან ხოლმე მათ. სადღაც პოულობენ, მოუვლიან, დაბანენ, ჩააცმევენ, რამდენიმე უცხო სიტყვას ასწავლიან - მერე ტელევიზორში გამოიყვანენ და საქვეყნოდ სამაგალითოდ აწამებენ, დაკორტნიან, პირდაპირ ეთერში სულს ამოხდიან.

ასეთი თვითგვემის მოყვარული ”ჩამბნელებლების” პოვნა საქართველოში ძალიან ადვილია - ტელევიზიის ეკრანზე გამოჩენა აქ ისევე, როგორც ყველგან, რაღაც სოციალური საფეხურზე ასვლის მაჩვენებლად ითვლება. ამიტომ ამ უსახო საბრალოების მთელი არმია მოთმინებით ელოდება თავის რიგს ტელე ეშაფოტზე.

Photo: The Wall - Alan Parker .1982

ადამიანი-გუგულები ამ რიგს მკაცრად აკონტროლებენ. ყველაზე უწესოებს წინ უშვებენ, ურიგოდ შეჰყავთ სტუდია-ეშაფოტზე. ყველაფერს აკეთებენ მათი უგუნურების სასწრაფოდ წარმოსაჩენათ, რომ ზოგადი სიბნელის ფონზე საკუთარი ოდნავ განათებული უბადრუკი კონტურები შარავანდედად გამოჩნდეს. ამ ”ჩამბნელებლების” ფუნქციაა, განუმზადონ გზა ”უფალს”, ქვები დაყარონ მის ბილიკებზე, ორმოები ამოთხარონ.. რომ მერე მისი ესკორტის წინ ჯამბაზებივით მოხტუნავე   მკლავებ დაკაპიწებულმა გუგულებმა  ეს ბილიკები მოასწორონ,  ორმოები ამოავსონ, წითელი ხალიჩები დააგონ .…

”ჩამაბნელებლები” ყველაზე სასარგებლონი მაინც იმით არიან, რომ მათი ერთობლიობა, ერთგვარი კარანტინის როლს ასრულებს - გუგულები ნებისმიერ ლოგიკური და აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვის ავტორს როგორც წესი ამ ბნელ სიაში მოისვრიან ხლომე, როგორც სოციალისტებს, კრემლის აგენტებს, მოღალატეებს… მოკლედ მემარცხენეებს.

ადამიანი - გუგულები განსაკუთრებული აგრესიით სწორედ ამ უკანასკნელების მიმართ არიან განმსჭვალულნი, გამუდმებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მემარცხენეები კიდევ უფრო ბნელები არიან, ვიდრე ვიდრე უცხო ცივილიზაციის და ჭექა-ქუხილის შიშით შეპყრობილი საბრალო ორთოდოქსები. რადგან, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, დღეს ლიბერტარიან “ლაბორანტთა” ყველაზე უარესი კოშმარი, თავისუფალი პროფკავშირები, სინდიკატები, მანიფესტაციები (და არა მიტინგები), გაფიცვები და სხვა ორგანიზებული სოციალური მოძრაობებია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანის ფუნდამეტალური უფლებაა და ეს ყველაფერი მათთვის მემარცხენე მოძრაობასთან ასოცირდება.

ამიტომ ამ კოშმარით გატანჯულ ლაბორანტთა მიერ დაქოქილი დეზინფორმატორი ადამიანი გუგულები - ევროპული სოციალიზმის საბჭოთა ტოტალიტარიზმით შეფუთვა-გასაღებას, მემარცხენეების საბჭოთა წარსულთან ასოცირებას ცდილობენ და გამოსდით კიდეც. საკუთარი უფლებების მანიფესტაციის ელემენტარული გამოვლინება საქართველოში “სამაგალითოდ“ ისჯება! თვით განათლების სისტემაშიც კი, მოსწავლეთა მანიფესტაციის გამო, მინისტრი სკოლის დირექტორების გადახსნილი ვენებიდან “სისხლს სწოვს“, ხოლო პრეზიდენტი პროტესტანტ ახალგაზრდებს მისთვის ჩვეული ეპოქას აცდენილი ვულგარულობით ლანძღავს... ასევე საჯაროდ, სამაგალითოდ, რომ სხვას იგივეს გამეორების ბრიყვული სურვილი არ გაუჩნდეს, არ ჩათვალოს, რომ საერთოდ პროტესტის გამოხატვით რაიმეს შეცვლა შესაძლებელია, რომ ვინმე შეიძლება დაუძვრეს ვიშნუსა და ლაბორანტთა thought control-ს (აზრის კონტროლს). ჯერჯერობით ისინი მშვენივრად ახერხებენ ამას.

დეპრესირებულ საქართველოში ბოლო დროს, სიტყვა პროტესტი განსაკუთრებულად ირონიულად, ხოლო ნონკონფორმიზმი, საერთოდ ცინიკურად ჟღერს, ამიტომ ისინი სულ უფროდაუფრო იშვიათად გვესმის. “აქ ყველა გასვრილია”, ისევე, როგორც შევარდნაძის კორუმპირებულ ეპოქაში… მხოლოდ დღევანდელი სულიერი კორუფცია ბევრად უფრო შემზარავია, ვიდრე ”სამმანეთიანი” გროტესკული მილიციონერებისა…

”პროტესტის” გაუფასურებას, მის სიკვდილს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თანაბარ წილად შეუწყო ხელი. მმართველმა გუნდმა კი საერთოდ საფლავი გაუთხარა და ეხლა მიწის მიყრის პროცესშია. პროტესტი ლოგიკასთან და განსაკუთრებით იმედთან აღარ ასოცირდება. ის ყველანაირი აზრს კარგავს თითქოს. ეს ბევრად უფრო უფრო დიდი კატასტროფაა, ვიდრე - ყოველი მესამე უმუშევარი თბილისელი - რადგან სამუშაოს ბოლოსდ ბოლოს იპოვი, დაკარგულ სულს კი ვერასოდეს.

ხანდახან ვფიქრობ, ქვეყნის კარიბჭესთან, თბილისის ახალ სუფთა და ლამაზ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის ჯიხურებზე ცნობილ სიტყვები ხომ არ წავაწერო: “თქვენ აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!” (დანტე, ჯოჯოხეთი)…რა თქმა უნდა, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე.. მხოლოდ და მხოლოდ როგორც არტისტული პერფომანსი... ისიც იმიტომ, რომ ამ თანამედროვე აეროპორტის “რეალური ავტორებისათვის“ ნებისმიერ კონსტრუქციაში გეომეტრიის, ლოგიკის აუცილებლობა შემეხსენებინა… მაგრამ მაშინვე ბუშის ავენიუს აბრის “დეგრადირებისათვის” ატეხილი აურზაური მახსენდება - ამ ქვეყანაში პოეტური პერფომანსები მკაცრად კონტროლდება და სამაგალითოდ ისჯება…

ქართული საზოგადოება დღითიდღე უფრო მორჩილი, უპრეტენზიო და ადვილად სამართავი, თუ გნებავთ უფრო “საბჭოთა” ხდება. ამ ეტაპზე მმართველმა ძალამ აშკარად, სრული უპირატესობით გაიმარჯვა, მხოლოდ ამ გამარჯვებაში ოპონენტებმა თავად შეუწყეს მას ხელი თავიანთი არაკომპეტენტურობით, უპრინციპობით, უიდეობით, კორუმპირებულობით.

მაგრამ აბსოლუტური უძრაობის შექმნა, აზრის აბსოლუტური კონტროლი თვით საბჭოთა მონსტრებმაც ვერ შეძლეს! აზრი წყალივითაა, მთავარია იყოს, გასასვლელს ყოველთვის იპოვის თავისით.

ადრე თუ გვიან, საქართველოში გამოჩნდება ნამდვილი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც გადამწყვეტი კომპონენტის როლს შეასრულებს დაბალანსებული პოლიტიკური ატმოსფეროს შესაქმნელად, ის ყველა პარტიას მიუჩენს საკუთარ  ადგილს,  რეალური ღირსებების მიხედვით და ამ დღიდან დაიწყება საქართველოში რეალური დემოკრატის შენება.

ჩემი აზრით ეს იქნება ევროპული ტიპის მემარცხენე ძალა .

სულაც არ არის აუცილებელი რომ სწორედ ისინი მოექცნენ სახელისუფლებო იერარქიას სათავეში - აქ არ არის ლაპარაკი მარცხენა მესსიანიზმზე - მე მხოლოდ აუცილებელი ცივილური პოლიტიკური ეკილიბრის აუცილებლობაზე ვსაუბრობ, რომლის გარეშე საქართველო ჯერ კიდევ ბიბლიურ ქაოსში იმყოფება, სადაც პირველი სიტყვა ჯერ არავის უთქვამს.. სადაც პოლიტიკური ფილოსოფია მხოლოდ ტერმინია და სხვა არაფერი. წონასწორობა ის აუცილებელი პირობაა, რომლის გათვალისწინებითაც ნებისმიერ ასეთ ფილოსოფიას აზრი ეძლევა, მემარჯვენე ლიბერალიზმი იქნება ეს, თუ მემარცხენე… , რა თქმა უნდა თუნდაც  ლიბერტარიანიზმი… რატომაც არა.

დღეს კი, ეს პოლიტიკური კონცეფციები, სამწუხაროდ სხვა არაფერია, თუ არა ჰამლეტის “ სიტყვები, სიტყვები, სიტყვები”…

სხვანაირად რეალური დემოკრატიული პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელზეც სახელმწიფო შენდება, შეუძლებელია - შავის არსებობა თეთრის გარეშე აზრს კარგავს. ნებისმიერი უნიკოლორი, მათ შორის ვარდისფერიც - ბოლოს ავტორიტარული რეჟიმის ფერი ხდება, მითუმეტეს, პრინციპში ვარდისფერი, ისედაც გახუნებული წითელი, იმ მოედანის ფერია, რომელზეც უკვე ამდენი წელია უმიზნოდ მარშირებს საბრალო ქანცგაწყვეტილი ქართველი ხალხი...

ჩვენ დღეს არა გონებით, არამედ რაღაც “ექსპერიმენტალური” განცდებით ვცხოვრობთ და მძაფრი გრძნობების ძიებაში ერთმანეთს ვახრჩობთ.


Photo:გრძნობების იმპერია - ნაგისა ოშიმა 1976

დღეს არსებული “მაკარტისტული” ანტიმემარცხენე ექსტრემიზმი თითქოს მიზანდასახული ინტელექტუალური საბოტაჟია - და ის აზროვნების, იდეის, არჩევანის საშუალებას უსპობს საქართველოს მოქალაქეებს. უიდეო საქართველო კიდევ დიდ ხანს იბოდიალებს უვექტოროდ თავის «საქსენჰაუზენში».

საქართველოს იდეოლოგიური ინფეტამინი, სტიმულატორი სჭირდება.. რომელიც მას ერთ დღეს საკუთარ ლიმიტზე გადაბიჯების საშუალებას მისცემს... რომლის იქითაც სახელმწიფოა.


პ.ქ.

P.S. რაღაც ისე მოხდა, რომ საქართველოში ყველამ, ვინც თავი შეიწუხა და ჩემზე ორიოდ წუთი იფიქრა, თავად, საკუთარი ინციატივით გამიკეთა კლასიფიკაცია - და მემარცხენედ გამომაცხადა, ისე, რომ არც გადაუმოწმებია. ჩემთვის არასოდეს არავის უკითხავს ჩემი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ. არც მე მილაპარაკია ხმამაღლა ამ თემაზე.

სხვის ცუდად შეკერილ “შინელში” გახვეული თავიდან ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, ბოლს შევეგუე, რადგან მივხვდი, რომ:

მე მართლაც არ შემიძლია საქართველოში არ ვიყო მემარცხენე, ისევე, როგორც კუბაში მემარჯვენე, საფრანგეთში კი პრაგმატული ძუნწი ამომრჩეველი, რომელიც საკუთარ ხმას იმაზე ბევრად დიდ ფასს ადებს, ვიდრე რეალურად ღირს, იმისთვის, რომ ის გარანტირებულ საკუთრებად არ ჩათვალოს მემარცხენე ან მემარჯვენე ლიბერალმა, ხოლო ექსტრემისტმა მემარცხენეებმა, მემარჯვენეებმა და ლიბერტარიანელებმა - არც კი იოცნებონ.
იხილეთ დასაწყისი  12, 3
გაგრძელება იქნება
პ.ქ.                                                                                    
28 decembre 2010

8 commentaires:

Anonyme a dit…

igive mdgomareobashi var citirebas ver vaxden, radgan yvelaferi momcons da vetanxmebi, bevric saintereso axali ram gavige.

Lasha-George a dit…

ვისამოვნე...
თან ძალიან. :-)
კარგი პარალელებია...

გული წყდება რომ საფანგეთში ხარ...
წიტელ ზონაშიც ძლაიან აკრგი იყავი... :-)))

ერთი სიტყვით რექციონერული სული ცოცოხალია, თან მემარცხენეც... :-)))

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

დიდი მადლობა ყველას

Anonyme a dit…

erTi forumi mainc rom iyos sadac sheizleba ganatlebul xalxs shexvde kargia. iqneb amaze ifiqrot torem zalian bnela.

Anonyme a dit…

ise qsenofobiuri kvela eria met naklebad me mgoni. mezoblebze kvela sizulvilit laparakobs rasac davakvirdi evropashic ki.

shako a dit…

kargi iqneba aseti xalxi rogoric paataa saqartveloshi ar arian.

shako a dit…

kargi iqneboda aseti xalxi rogoric paataa saqartvelopshi kofiliko da ara sazgvars garet
zalian mixaria ro nateli azri jer kidev moipoveba

shako a dit…

kargi iqneboda aseti xalxi rogoric paataa saqartvelopshi kofiliko da ara sazgvars garet
zalian mixaria ro nateli azri jer kidev moipoveba