28 février 2011

ანი ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს             
( ჟურნალ "ცხელ შოკოლადი" დეკემბერი 2010)


La place des Vosges

ნატიფ სამკაულში – პარიზში ჩასმული  ბრილიანტი - ვოჟის მოედანი.
პარკში, გრძელ მერხზე ხანში შეშესული ქალი ზის,  მოციმციმე თვალებით უყურებს იქვე, მის წინ, შტატივზე დამაგრებულ კამერასთან მოფუსფუსე ოპერატორს. საყელოზე პატარა მიკროფონი აქვს მიმაგრებული. ეწევა. “ჟიტანს”.
გამვლელები ღიმილით უყურებენ.
ყველა იცნობს. განსაკუთრებით ამ  მოედენზე. აქ მან ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე გაცრუებული იმედების წლები გაატარა.
 მოთმინებით ელოდება ჩაწერის დაწყებას.. ღიმილით ათვალიერებს ხალხს...
 როგორც იქნა ოპერატორმა კამერისა და ხმის რეგულირება დაამთავრა, რეჟსორს -ნიკოლას თითქმის ჩურჩულით “გასძახა” ბანალური   - ოკ!  ის კი არც განძრეულა. დიდი ბლოკნოტი და კალამი რატომღაც ჯიბეში ჩაიდო. ჩუმად ანიშნა ოპერატორს კამერა ჩაერთო.

ქალი უცნაურად იქცეოდა, ჯერ აქეთ იქით დაიწყო ცქერა, სახეზე ოდნევ  შიშნარევი ღიმილით,  თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა... მერე წამოდგა და და ვიღაც ტურისტებს გამოელაპარაკა...

- მივხვდი, რომ წავიდა.  აი ასე... უცებ, ორ წუთში.  ვეღარც კამერას ხედავდა, ვერც მე, ვერც ჯულიეტს...ჯერ იღიმებოდა დაბნეული. ადამიანებს აკვირდებოდა. მერე ცოტა შეშფოთება დაეტყო. წამოდგა.პირველივე გამვლელი შუახნის ამერიკელი ტურისტი წყვილი გააჩერა და უთხრა - “ბოდიში. ვიცი რომ სულელურად ჟღერს, მაგრამ მგონი დავიკარგე. ხომ ვერ დამეხმარებით, ხომ არ იცით სად ვარ, რა ქვია ამ ადგილს?..მეღდ!..” - ბოლოს მაინც დააყოლა.
ამერიკელმა ტურისტებმა ვერაფერი ვერ გაიგეს, ვერც კი იცნეს. ინგლისურად მოუბოდიშეს და გზა გააგრძელეს...
არა მარტო მოედნის სახელი და საკუთარი მისამართი, ისიც კი დაავიწყდა, თავად ვინ იყო... ფილმის გაგრძელება ამორალური იქნებოდა. ოპერატორს ვანიშნე კამერა საბოლოოდ გამოერთო..  ერთწლიანი გადაღებები ამ დღეს დამთავრდა. ეს მისი ბოლო კადრია.”

ეს ქალი კინოს  დიდი ქალბატონი ანი ჟირარდო იყო. ხოლო რეჟისორი ნიკოლა ბოლიო, რომელმაც 2008 წელს ბოლო დიკუმენტალური ფილმი  (Ainsi va la vie) გადაიღო ანის შესახებ.

ნიკოლა ბოლიომ ეს ამბავი 2010 წლის მარტში. ვოჟზე. სასტუმრო “დედოფლის პავილიონის” ჰოლში მომიყვა.
ჩვენც ფილმს ვიღებდით, არქივების საშუალებით, მისი მეგობრების,  შვილის - ჯულიეტ სალვადორისა და შვილიშვილის მონაწილეობით. მხოლოდ ანის გარეშე.

 ის დღეს  ალცეიმერის უმძიმესი ფორმით დაავადებული  სპეციალურ თავშესაფარში ცხოვრობს, და სულ აღარ ახსოვს, არ იცის, რომ იშვიათად ყოფილა კინოს ისტორიაში მისი მსგავსი მსახიობი ქალი, რომელიც ასე ერთნაირად უყვარდათ კონსიერჟებს და პრინცესებს, რუს ხელებდაკოჟრილ “კოლმეურნე” ქალებსა და არაბი შეიხების ბურკაში “შეხვეულ” მზეთუნახავებს -  არ იცის, რომ 60 იან წლებში კინოვარსკვლავი ქალების ფეერიული  მითოლოგიის დემისტიფიკაცია სწორედ მან მოახდინა ევროპაში, სილამაზე  “მიწიერი” გახადა -  ჩვეულებრივი ქალი, ისეთი, როგორსაც ყოველდღე ვხედავთ, გვიყვარს, ან გვძულს, როგორებიც სინამდვილეში ვართ -   მონროსა და  ბარდოს სიმაღლეზე აიყვანა.  ადრე, როცა ჯერ კიდევ ახსოვდა ეს ყველაფერი,  ძალიან ამაყობდა ამით, თუმცა დიდი  ხალასი იუმორით და თვითირონიით.
 დღეს აღარ ახსოვს. ისიც კი აღარ ახსოვს  ვინ არის ანი ჟირარდო.
  
2000 წლის გაზაფხულზე სააგენტო არტ მედიაში შევხვდი უკანასკნელად. რაღაც ჩავწერეთ.  მერე იქვე ავენიუ რაპზე, პირველივე კაფეში შევედით. საღამოს 7 თუ 8 საათი იყო.

 ყველა იცნობდა.  ყველა სახელით მიმართავდა - ანი!.. ბარმენიც, ოფიციანტიც. კლიენტებიც.
-სალიუ ანი! რა კარგია რომ შემოხვედი!  რას დალევთ ანი!..

ძალიან სასიამოვნოიყო ყოველთვის  მასთან ერთად კაფეში ყოფნა. შენც, თითქოს სულ პატარა რაღაც ღირებულება გემატებოდა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს სნობიზმთან.

 წვიმდა. იმ დღეს პირველათ ვნახეთ იქვე, ორი ქუჩის იქით  ეიფელზე მოციმციმე პატარა თეთრი ვარსკვლავები. კაფეს ვიტრინიდან ჩანდა.

მეორე დღეს პაკო რაბანთან გვქონდა ჩაწერა მისივე ცნობილ  სახელოსნოში შერშ - მიდის ქუჩაზე. მოკითხვა ხომ არ გადავცეთო?- რატომღაც  კითხა ჩემმა კოლეგამ კაფეში.

- არა! მხოლედ ეს არა! ამ ტიპის ატანა არ შემიძლია!
არც მიკითხავს მიზეზი, ვიცოდი ისედაც მოყვებოდა. საერთოდ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, ერთი ისტორიიდან მეორეში, მერე კიდევ სხვაში  რაღაც ბუნებრივად სეირნობდა, თვითონ ვერც კი გრძნობდა და დიდ სიამოვნებას იღებდა ამისგან, ლაპარაკისას ყოველთვის ისე ამოძრავებდა ორივე ხელს, თითებს,  თითქოს ოცდაათიანი წლების ტრადიციულ პარიზულ “მუზეტს” უკრავდა აკორდეონზე - ერთ მელოდიას მეორეთი, მესამეთი ცვლიდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა, თვალები ისე უბრწყინავდა, როგორც არავის.

- "მაშინ ყველას პაკო რაბანი ეკერა პირზე -“უკრავდა” ანი - ყველას! თავისი ალუმინის კაბებისა და პირველი დეფილე - სპექტაკლების გამო. 67 თუ 68 ში კატრინ დენევთან ერთად წავედი მასთან სახელოსნოში.
მე განსაკუთრებულად ლამაზი არასოდეს  ვყოფილვარ, მით უმეტეს ,  კატრინთან შედარებით, მაგრამ მაინც ... ხომ ხვდები... თავი ცოტათი მეც მომწონდა, თან უკვე ცნობილი მსახიობი ვიყავი ვისკონტის წყალობით ... მოკლედ ამ თქვენმა პაკომ ზედ არ შემომხედა. კატრინზე რა თქმა უნდა შეიშალა, ხან ერთი კაბა ჩააცვა, ხან მეორე, ხან ქვედატანი, ხან შარვალი... მართლა ძალიან უხდებოდა. მე კი ვიდექი დენევის საცოდავი მოახლესავით. მხოლოდ ერთხელ შევბედე პაკოს, იქნებ ეს კაბა ჩავიცვა მეთქი. ისეთი თვალებით შემომხედა რომ ტირილი მომინდა - ეს თქვენი სტილი არ არისო, ცივად მომიგდო და მაშინვე დამივიწყა, ისევ კატრინზე გადაერთო! ... ნუ ვილაპარაკებთ პაკოზე... რა მოკითხვა, surtout pas!.."
თან მომხიბლავად იცინოდა. ძალიან იშვიათად შემხვედრია ადამიანები, რომელთაგან ეს ყბადაღებული აურა  ნამდვილად მოდის. ანისგან   უჩვეულოდ ინტენსიურად  მოდიოდა - შეიძლება ითქვას, თითქმის  ფიზიკურად გრძნობდი...

მისი მოსმენა გაუთავებლად შემეძლო.
ორი  წლით ადრე რუსული არხ ნტვ სთვის ჩაწერილ ინტერვიუში მოგვიყვა - 1974 წელს მოსკოვში როგორ წაიყვანა მარინა ვლადიმ “არალეგალურად” თავის უცნაურ  ამხანაგებთან, რაღაც უცნაურ ბინაში, სადაც მთელი ღამე  სამზარეულოში გაატარა.

- "ყველა არაყს და ჩაის სვამდა და იმ ბიჭს უსმენდა...  რა ერქვა? არ მახსოვს ისიც მაგარი მთვრალი იყო, საერთოდ სულ მთვრალი იყო, ვერაფრით ვერ გავიგე რა მოწონდა მარინას ამ ალკოჰოლიკში, თქვენ ალბათ იცით ვიზე ვლაპარაკობ”... აქ ანის ხელებმა “აკორდეონიდან” “გიტარაზე” გადაინაცვლეს - ცხადია, ვლადიმირ ვისოცკიზე ლაპარაკობდა.

რუსებმა ეს ეპიზოდი არ შეიტანეს რეპორტაჟში -სამწუხაროა. ძალიან სასაცილოდ ყვებოდა, როგორ აღმოჩნდა შუა “ზასტოის” დროს ორი ფრანგი კინოვარსკვლავი სადღაც მოსკოვის “კომუნალკის” მთვრალ სამზარეულოში... რუსულ ტელევიზიას საკუთარ “წმინდანებთან” დაკავშირებით იუმორი არასოდეს ყოფნიდა.

70 - იანი წლების ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფრანგი კინომსახიობი 80 იანებიდან მოყოლებული, სერიოზული  ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.  მას ძალიან იშვიათად  იღებდნენ... მხოლოდ ძალიან უყვარდათ.
ყველა, ვისაც ანისთან შეხვედრის საშუალება მისცემია, აუცილებლად  იგრძნობდა მის მიმართ ადამიანების ნამდვილ სიყვარულს, ნამდვილ სითბოს. ანისნაირი ქალისათვის ეს ფულზე ბევრად მეტი ღირს. მხოლოდ მართლა, იმ ტკბილი ბანალობის გარეშე, რომელსაც ანი არ იმსახურებს. მით უმეტეს დღეს, როცა ისიც კი არ იცის თუ რატომ უყვართ ასე ძალიან კლინიკის მომვლელ ქალებს, რომ ის სახალხო არტისტზე მეტი - სახალხო ქალია, და არა მარტო საფრანგეთში. არ იცის, რომ მან ქალები კინო ეკრანში, როგორც სარკეში ჩაახედა და ყოველ მათგანს, სწორედ იმ წლებში,  როდესაც ისინი ჯერ მხოლოდ იწყებდნენ საკუთარი თავში ინდივიდის  ძებნას, საკუთარი პიროვნების  უნიკალურობის განცდა აჩუქა,

დღესაც, ულამაზეს “პლას დე ვოჟზე” ,  მას არავინ მოიხსენიებს წარსულ დროში . ნებისმიერი კაფეს პატრონისათვის, ჯერ კიდევ შემორჩენილი ორი სამი ძველი ოფიციანტისათვის, აგრეთვე კოპწია, ეშმაკი მოხუცებისათვის, რომლებიც პირში სასტვენგაჩრილ უნიფორმიანი მრისხანე  პარკის დარაჯისაგან მალულად, მტრედებს ხორბალს უყრიან -  ანი ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს... დარაჯისთვისაც კი - თვითონ მითხრა ამ გაზაფხულზე.
P.K.
12 Decembre 2010
Paris
P.S. დღეს, ამ სტატიის გამოქვეყნებიდან ორ თვეში 2011 წლის  28 თებერვალს ანი გარდაიცვალა. 
დღეიდან ანი სამუდამოდ იცხოვრებს ჩემს საყვარელ ვოჟის მოედანზე... 


– ეს ფოტო კაფეში ავენიუ რაპზეა გადაღებული. სწორედ იმ ბოლო შეხვედრისას , , რომელის შესახებაც  სტატიაში ვწერდი.


4 commentaires:

ნენე გიორგაძე a dit…

პაატა, ასეთი "სენტიმენტალური" არც ერთ პუბლიკაციაში (რაც აქამდე წამიკითხავს ) არ ყოფილხარ :)

ანი ჟირარდო - რაღაც სხვა შარმი, სხვა ნერვი. თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ბუნებრივი და უშუალო - კინოშიც და ალბათ ცხოვრებაშიც (ინტერვიუებზე - ნამდვილად).

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

ნენე, საერთოდ ბუნებით ძალიან სენტიმეტალური ვარ. უბრალოდ ისეთ თემებზე ვწერ ხშირად რომ ალბათ პირიქით ჩანს.

ნენე გიორგაძე a dit…

:)
პაატა, არაჩვეულებრივი იყო შენი "ექსპერიმენტალური განცდების იმპერია", კალმასობა.ქომ-ზე წავიკითხე. მაინც ვერ მივხვდი, რატომ ქონდა ასე ცოტა კომენტარი.

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

ჩემს წერილებზე არასოდეს არ არის ხოლმე ბევრი კომენტარები. ამას მიჩვეული ვარ. პრინციპში ძირითადად ან კარგს წერენ არ არაფერს, რაც სავსებით მაწყობს:) უფრო ხშირად კი პირადად მწერენ ხოლმე. ვიცი რომ ბევრი კითხულობს, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ექსპერიმენტალური განცდების იმპერიას ალბათ მალე დავამთავრებ. ბლოგზე და კალმასობაზე არასული სახით არის. და ვაპირებ წიგნად გამოვცე.