Une erreur est survenue dans ce gadget

18 décembre 2010

ექსპერიმენტული განცდები  1



















ფოტო: მეტაფეტამინის სტრუქტურა



გასულ 11 ოქტომბერს ფრანგულმა ყოველდღიურმა “ფიგარომ” “ მოსაზრებებისა და დებატების” რუბრიკაში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, რაფაელ გლუკსმანისა და ფელიქს მარკოს ტექსტი გამოაქვეყნა “ ატლანტიზმი “ახალი მსოფლიოს” გამოწვევების წინაშე”, სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ სულ რაღაც შვიდი წლის წინ გაკოტრებული საქართველო, დღეს პლანეტის ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიური რეფორმების ლაბორატორიაა. აქვე დასძენს, რომ ამ “ლაბორატორიას” დაახლოებით 30-მდე 40-50 წლის ასაკის ატლანტისტური პრინციპების ერთგული ენთუზიასტი ახალგაზრდა მართავს.


ელოი, ელოი!..

საქართველო ლაბორატორიაა, სადაც 30 ლაბორანტი ექსპერიმენტებს ატარებს... უნდა ითქვას, ამაზე ზუსტად ძნელია აღწერო დღევანდელი საქართველოს რეალობა.

თავად ამ ლაბორატორიის უფროსს - პრეზიდენტ სააკაშვილს არა ერთხელ უხსენებია ეს სიტყვა თავის ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა, ლაბორანტთა რიცხვი არასოდეს დაუზუსტებია. ასე რომ სტატია ციფრების მხრივაც საყურადღებო აღმოჩნდა, ერთი მცირე უზუსტობით - “ენთუზიასტთა” ასაკი აშკარად გადაჭარბებულია.

პრეზიდენტის ფრანგ რეფერანტ-ლაბორანტს არაფერი უთქვამს მათ შესახებ - ვისზეც ექსპერიმენტები ტარდება - მოსახლეობაზე. ეს არც არის გასაკვირი - ლაბორანტებისათვის მთავარი შედეგია და არა კურდღელი. ან რა უნდა ეთქვა, როდის იყო, ლაბორანტები ყურცქვიტა კურდღლებსა და საყვარელ ფუმფულა თაგუნებს ეკითხებოდნენ, თუ რა ერჩივნათ - კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის თავგანწირვა, თუ ჩვეულებრივ, მათთვის ბუნებრივ გარემოში, სოროში ცხოვრება. ისეთში როგორიც ხსენებულ სტატიაში საქართველოსთან ერთად ნახსენები ბრაზილიელები ცხოვრობენ... ჩვეულებრივ ბანალურ ქვეყანაში და არა ლაბორატორიაში.
სულ ახლახანს, 5-6 წლის წინ გამოჩეკილი ბრაზილიელი საშუალო კლასი ქართველებისაგან განსხვავებით სულაც არ არის მოწოდებული დიადი მიზნებისათვის გაწიროს თავი. ეს “უამბიციო” ადამიანები სავსებით თანახმანი არიან, იცხოვრონ - ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ქვეყანაში, რომელიც მემარცხენე მთავრობამ, ტროცკისტი ლულა დე სილვას ხელმძღვანელობით დაახლოებით იგივე დროში, რომელშიც ქართული ვარდისფერი ექსპერიმენტი გრძელდება, ქვეყანა სიღატაკიდან ამოიყვანა და მსოფლიოს მერვე ეკონომიკად აქცია.

თუკი ქართველები ძალდატანების გარეშე მართლაც თანახმანი არიან იყვნენ პლანეტაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიური ექსპერიმენტალური ქვეყნის ლაბორატორიის თავგანწირული კურდღლები და გმირი თაგუნები, თუკი მათ შეგნებულად სურთ, რომ “ფიგაროს” მკითხველმა და დანარჩენმა კაცობრიობამ დიდი და სასარგებლო აღმოჩენები მოიმკას მათზე განხორციელებული ექსპერიმენტების წყალობით... უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც უნიკალურ მოვლენასთან გვქონია საქმე - მსგავსი ინციატივა კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არც ერთ ხალხს არ გასჩენია, თუ წარუმატებელ საბჭოთა ექსპერიმენტს არ ჩავთვლით, რომელმაც “მსოფლიო რევოლუცია” მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც დროებით, ძალდატანებითა და საშინელი რეპრესიების წყალობით მოახდინა. ჩვენში კი კვლევა-ძიება ნებაყოფლობით ხდება: კურდღლები და თაგუნები საკუთარი ინციატივით მონაწილეობენ ყოვლად წარმოუდგენელ ფუტურისტულ ექსპერიმენტებში.

როგორც ჩანს, ქართველები მართლაც მისიონერი ერი ვართ - როგორც ეს გულწრფელად ჯეროდა განსვენებულ ექსპრეზიდენტ გამსახურდიას. კაცობრიობისათვის ამ სასარგებლო თავგანწირვის პარალელურად, ჩვენი ეს მისია, თავის მხრივ, სულ ცოტა იმას მაინც იმსახურებს, რომ დიდი მეცნიერული კვლევის საგნად იქცეს.

გამოკვლეული უნდა იქნას ერის მესიანიზმის მოტივაციაც, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ბუნდოვანია - ერთი შეხედვით, ქართველებისათვის ექსპერიმენტის ამოცანას, მიზანს თითქოს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თითქოს, მათთვის მთავარია ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა, ფუსფუსი, გაურკვეველი მიმართულებით სვლის ილუზიის შექმნა, მიმართულებით, რომელიც ბოლოსდაბოლოს სადღაც მაინც მიგიყვანს, აბა ისე როგორ იქნება...მაგრამ არავინ იცის სად... იქნებ სხვის გოლგოთაზე მაინც?... შეიძლება! - ჯერ ჯერობით არავინ იცის.

ძალიან საინტერესოა აგრეთვე თუ რა არის დამქანცველ ექსპერიმენტებში მონაწილეობისათვის საჭირო ენერგიის წყარო, ერთგვარი მკვებავი სტიმულატორი, ადრენალინი, რომელიც მას ამ უცნაური “უმიზნობისაკენ” სწრაფვაში ეხმარება. რა არის მათი ენერგეტიკული ლიმიტი?
ამ ქვეყნად ხომ ყველაფერს საზღვარი აქვს, რომლის გადალახვა აუცილებლად უნდა მოასწრო სიკვდილამდე, თუ გინდა რომ ორბიტაზე მოხვდე და სამყაროს მშვენიერების მარადიულ თანამგზავრად გადაიქცე.



Photo : Eloi, Eloi, lama Sabachthani? by Ann Kim 1998

ბოლო სამი სიტყვა, რომელიც იესომ ჯვარზე წარმოთქვა იყო : “ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი! რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე!მარკოზი 15-34 

ჩემი აზრით, ეს სიტყვები - ეჭვის, ამ მტანჯველი გრძნობის ადამიანურობის სიმბოლოა - სახარების ერთი ყველაზე დიდი მისტერია, იესოს ამქვეყნიური რწმენის ლიმიტი. იქით - უკვე სიკვდილი, აღდგომა და სრულიად სხვა, ღვთაებრივი კონტექსტია, რომელსაც ლიმიტი აღარ გააჩნია - სადაც რწმენა აღარ არსებობს, იქ თავად ხდები კითხვაც, და პასუხიც. აქ კი, ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ჯვარზე გაკრულს, მას თავად შეეპარა ეჭვი მამაში და მაშინვე მოკვდა, რომ მასშივე გაცოცხლებულიყო. ეჭვიანი მისიონერი, ცრუ მისიონერია, არ შეიძლება, ძეს ღვთისას საკუთარ შემოქმედში ეპარებოდეს ეჭვი. ამ ოთხი სიტყვის გამეორების საშუალება მას მეორედ არ მიეცა...


რა არის ქართველი ერის ადრენალინი, რომელსაც ის საკუთარი ლიმიტისაკენ მიჰყავს, საზღვრისკენ, რომლის გადალახვის გარეშე “სახელმწიფოებრივ სასუფეველში” აღდგომა წარმოუდგენელია?
რა არის ის სამი სიტყვა, რომელიც მას “ზეციურ საქართველოდ” თუ არა, აქვე, “ფიგაროს” მკითხველებითა და ბრაზილიელი საშუალო კლასით დასახლებულ ჩვენს ცოდვილ პლანეტაზე მაინც აქცევს ნორმალურ, “მიწიერ” სახელმწიფოდ? - ეს სწორედ ის თემებია, რომელთა კვლევა ბევრად უფრო წაადგებოდა საქართველოს, ვიდრე სხვენში შემთხვევით ნაპოვნი ძველი ნაჯახივით ბლაგვი რეფორმები, რომლებიც პრეზიდენტსა და მის მრჩეველს რევოლუციური გილიოტინა ჰგონიათ, რომლითაც ოცი წლის წინ დამარხულ და დღეს საფლავებიდან ამოთხრილ “გადმონაშთებისა” და “ნეგატიური მოვლენების” უკვე გახრწნილ გვამებს სახალხოდ თავს კვეთენ. მერე ღამ-ღამობით თვითონვე აკოწიწებენ, რომ დილით, კიდევ ერთხელ, დოლების გამაყრუებელი ბრახუნისა და პუბლიკის მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით, უკვე მერამდენედ მოჰკვეთონ თავები ამ ათასჯერ თავმიკერებულ საბრალო გვამებს. ეს ქართული ყოველდღიური პაწაწინა “რევოლუციების” იმიტაციებია, რომელიც ერთადერთ პრიმიტიულ მიზანს ემსახურება - პუბლიკამ მთავარი დიდი ვარდისფერი იმიტაცია არ უნდა დაივიწყოს...თანაც, ამ მასკარადის ლიდერ კლოუნებს ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ.


Video : სამუელ ბეკეტი. კვადრატი.

საქართველოს ჯერ არ უთქვამს თავისი “ელოი , ელოი...”.
ჯერ ჯვარზეც კი არ გაკრულა, ის მხოლოდ გზის დასაწყისშია, ერთ დიდ მტვრიან მოედანზე, საიდანაც უამრავი გზა გადის ათასი მიმართულებით, მათ შორის ერთი - გოლგოთისკენ, მხოლოდ ეს გზა უნდა იპოვნო. რაც სულაც არ არის ძნელი. მხოლოდ გაბედულება, კოლუმბის შინაგანი სიმამაცე სჭირდება... ჩვენ კი ვერ გადაგვიწყვეტია, რომელს გზას დავადგეთ და ამიტომ გზათა გასაყარ მტვრიან მოედანზე ქაოსურად დავბოდიალობთ - მუხლმოუდრეკლად, დარში თუ ავდარში, დღე და ღამე, წლების, საუკუნეების მანძილზე. .. დაღლილი, დასისხლიანებული წყლულებით სავსე ფეხებით...

ამ გზის გასაყარზე ბევრ ერს უტრიალია. ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა გასვლა და დაადგა გოლგოთას გზას. ზოგიც არასწორად არჩეულ ბილიკს გაჰყვა და სადღაც დაიკარგა, გაქრა... ქართველები კი არსადაც არ მიდიან - არც გოლგოთისკენ და არც “მოუსავლეთში”.

არავინ იცის, სად პოულობენ ენერგიას. არც ის, თუ როდემდე აპირებენ ასე ერთ განათებულ სიბრტყეზე ფუფუსს მიკროსკოპში დანახული მიკრობებივით... ეს ჩვენი უნიკალურობა, გოლგოთას მიმართულების ძებნა, ქართული მარადიული ექსპერიმენტი - რომლისგანაც ჯერ-ჯერობით არაფერი გამოდის, რადგან ნებისმიერი ექსპერიმენტის განხორციელების მთავარი პირობა მეთოდურობაა, რომელიც არც ხალხს გააჩნია და არც მათ ტრადიციულად ბრმა ლიდერებს, რომლებიც დროდადრო ჩაპაევივით ხმალგაწვდილნი ჩაუდგებიან ხოლმე სათავეში, ცდილობენ მოძრაობას ცოტა უფრო ორგანიზებული სახე, ათვლის წერტილი მაინც მისცენ, მაგრამ ძალიან მალე იღლებიან, სულ მოკლე დროში თავად გაცვეთილნი ძლივს მიათრევენ ხოლმე ფეხებს, სანამ ერთ დღეს თავად ქანცგაწყვეტილებს ბრბო არ წამოეწევა და არ გადაქელავს.

ასეთ დროს ქაოსი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. ადამიანები შედარებით სწრაფად, აგრესიულად დალასლასებენ, ერთმანეთს აბიჯებენ, მხარს კრავენ... სანამ ახალი ხმალგაშვერილი წინამძღოლი არ გამოუჩნდებათ და ისევ არ დალაგდებიან დროებით - თვითონ ამას რევოლუციას ეძახიან.
საქართველო მართლაც ფსიქოდრამატული რევოლუციების ქვეყანაა, ფოლკლორული მუსიკალური კომედიისა და რატომღაც ნიუორლეანული ჯასპერის ელემენტებით...

დღეს, ქართველები, როგორც ჩანს, შეეგუენ იმ აზრს, რომ გზის გასაყარზე მარადიულად მოხეტიალე ერად უნდა დარჩნენ. ამიტომ განსაკუთრებით ენერგიულმა ახალმა “ჩაპაევმა” გადაწყვიტა, ეს უაზრო ხეტიალი ცოტათი სასარგებლო მაინც გაეხადა სხვა გოლგოთაგავლილი ქვეყნებისათვის, თავად კი აქედან მცირე სარგებელი მაინც მიეღო. მოხეტიალეთა არენა მსუბუქად დაგავა, მიალაგ-მოალაგა, როგორც იტყვიან, კოსმეტიკური ევრორემონტი გააკეთა, კედლებზე ალბერტ აინშტეინისა და პლეიბოიდან ამოხეული ტიტველი ქალების ფურცლები მიაკრა ინდუსტრიული წებოთი, მოედანს ლაბორატორია დაარქვა და ხელმისაწვდომი გახადა “ზეციური” მსოფლიოდან ჩამოსული ათასგვარი დამწყები ოპორტუნისტისათვის.

ასე გადაიქცა ქართველი ერის არამეთოდური, მაგრამ ჯიუტი ფუსფუსი ზეციური “გამოწვევებისაკენ” მსოფლიო პროგრესისათვის სასარგებლო ლაბორატორიულ ექსპერიმენტად.

საქსენჰაუზენი

...1944 წელს ვერმახტის საზღვაო ფლოტის სარდლობა ბერლინთან ახლოს მყოფ სპეციალური დისციპლინარული კომანდოთი დაკომპლექტებულ საკონცენტრაციო ბანაკით - საქსენჰაუზენით დაინტერესდა და მის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. საიდუმლო გრიფით, რა თქმა უნდა.



Photo: საქსენჰაუზენი 1944


ჩვეულებრივ, როდესაც სამხედრო ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, რატომღაც ყოველთვის ატომური ბომბები, ტანკები, თვითმფრინავები, გემები წარმოგვიდგება ხოლმე. არადა ომი ბევრად უფრო მარტივი და “მსუბუქი” ტრაგედიაა - შეიძლება საბრალო ჯარისკაცის ჩექმაში ერთი უშნოდ გამოყოფილი ლურსმანი ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდეს მის წინდის სუნით აყროლებულ მარტოობაში, ვიდრე მთელი აღმოსავლეთ ფრონტის მთვრალი წითელი პარტიზანები ერთად აღებულნი (შეგახსენებთ მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ).
ასეთ პატარალურსმნიანი ჩექმით ვერსად ვერ გაიქცევი - არადა, გაქცევა ომში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფეხბურთში წინ და უკან სირბილი.
ფეხსაცმელების ინდუსტრია ნებისმიერი არმიისათვის ყოველთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორი იყო და დღესაც ასეთად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასე თუ ისე ნორმალურად ეკიპირებული არმიის “გარდერობში“ ლურსმნებიანი ჩექმის ნაცვლად “გორტექსის” ბათინკებია.

საქსენჰაუზენის ბანაკში სწორედ ფეხსაცმელების ინდუსტრიისათვის - ტარდებოდა ტესტირებები ფეხსაცმლის ხარისხზე, გამძლეობაზე, მის კომფორტაბელურობაზე, ტყავის ელასტიურობაზე.

ბანაკი თავდაუზოგავად “იღვწოდა” კოჟრებით გატანჯული ვერმახტის ჯარისკაცების კომფორტისათვის.. ნაცისტური კონცლაგერების კონტექსტისთვისაც კი საქსენჰაუზენი განსაკუთრებულად მძიმე პირობებით გამოირჩეოდა. აქ მხოლოდ იმ ტყვეებს ათავსებდნენ, ვისი დასჯაც განსაკუთრებული სისასტიკით სურდათ. უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, საქსენჰაუზენი ექსტერმინაციის ბანაკი იყო. “გენიალურობადე” მარტივი და რეპეტიტიული ცხოვრების ყოველდღიური განრიგით:

ყოველ დილას ტყვეებს აძლევდნენ თითო წყვილ ფხესაცმლის და ქვიშით სავსე თორმეტკილოგრამიან ტომარას ზურგზე მოსაკიდებლად. ნებისმიერი ამინდისა და დროის მიუხედავად, მათ ევალებოდათ დღეში 40 კილომეტრის გავლა ბანაკის უსწორმასწორო ქვით მოკირწყლულ ეზოში. ამასთან ფეხსაცმლის ზომას არავინ დაგიდევდათ - ის შესაძლოა, ყოფილიყო ძალიან დიდი ან პატარა... იმის მიხედვით, ვის რა შეხვდებოდა! ეს არავის აღელვებდა, ტყვეების გარდა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო პრეტენზიები არც მათ გააჩნდათ.

Photo: გერმანელი ჯარისკაცის ბათინკები მეორე მეორე მსოფლიო ომის დროს

სიკვდილიანობა ფეხსაცმლის კომანდოში ძალიან მაღალი იყო. ამ ბანაკში მხოლოდ იმ ტყვეებს ათავსებდნენ, ვისი დასჯაც განსაკუთრებული სისასტიკით სურდა სს-ს.

1944 წელს საზღვაო ფლოტმა ჰერმან გერინგს საქსენჰაუზენში
ტესტების სერიის ჩატარების ნებართვა სთხოვა , თუმცა არა ფეხსაცმლზე - არამედ ადამიანის გამძლეობაზე!

გერმანულ საზღვაო ფლოტს შეიარაღებაში ჰქონდა ეგრეთწოდებული “ჯიბის წყალქვეშა ნავი”- ტორპედოები. მათ “მოტორიან კუბოებსაც” ეძახდნენ. ყოველ ასეთ ”კუბოს” ორი პილოტი მართავდა, რომელთა მისია, ფაქტობრივად, იაპონელი კამიკაძეების მისიის იდენტური იყო. თუმცა, ნავის კონცეფცია არ ითვალისწინებდა პილოტის შეჯახებას მოწინააღმდეგის გემის კორპუსთან - პილოტს მხოლოდ მაქსიმალურად ახლო მანძილიდან უნდა მიემართა ტორპედო მტრის ხომალდისაკენ, მაგრამ პირველივე 40 მისიიდან ვერც ერთი პილოტი ვერ დაბრუნდა ცოცხალი - მათი კაბინა შიგნიდან არც კი იხსნებოდა და უმეტესი მათგანი კვამლისგან ასფიქსირებული კვდებოდა. ამიტომ უწოდებდნენ მათ მოტორიან კუბოებს. ხოლო პილოტებს - თვითმკვლელებს.
სწორედ მათთვის სჭირდებოდა ფლოტს რაიმე ძლიერი ქიმიური პრეპარატი, სტიმულატორი, რომელსაც საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა საბრალო წყალქვეშა პილოტებისათვის და საერთოდ - წყალქვეშა ფლოტისათვის.


Photo: ვერმახტის მინი წყალქვეშა ნავი.

როგორც ცნობილია, ამ კონტიგენტს ხშირად რამოდენიმე მომქანცველი, ფაქტობრივად უძილო კვირის გატარება უწევს წყალქვეშ. მათი რაოდენობა ლიმიტირებულია, ხოლო დასვენებული მეზღვაურებით ჩანაცვლება შეუძლებელი. წყალქვეშა მეზღვაურებსა და ოფიცრების მისია ყოველთვის, მითუმეტეს ბრძოლის დროს, გაცილებით დამქანცველია, ვიდრე - კლასიკური ფლოტის.
სწორედ ამიტომ საზღვაო ფლოტი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყენებდა ვერმახტის სიცოცხლის “ელექსირს” - მეტაფეტამინ “პერვიტინს”, რომელიც გამოიყენებოდა როგორც დაღლილობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური და ერთადერთი საშუალება - მთავარი სტიმულატორი. დაღლილობასთან ბრძოლა და მებრძოლი სულის შენარჩუნება კი, ფეხსაცმელებისა არ იყოს, ისეთივე მნიშვნელოვანია ნებისმიერი არმიისათვის, როგორც ყველა შემზარავი ”გაჯეტი”, რომელიც ადამიანმა მეორე ადამიანის მოსაკლავად შექმნა - წაწვეტებული რიყის ქვიდან დაწყებული, წყალბადის ბომბით დამთავრებული.

გერინგის თავაზიანი თანხმობისთანავე ფლოტის, კერძოდ კი “ჯიბის წყალქვეშა ნავების” ექიმმა ჰანს იოაჰომ რიარდმა სს-ის დახმარებით საქსენჰაუზენის ტყვეთაგან, პრიორიტეტულად ახალგაზრდებისაგან,
ჯგუფი შექმნა - რომელთა ფიზიკური მონაცემები, ხანგრძლივი შიმშილობის მიუხედავად, ასე თუ ისე შეესაბამებოდა წყალქვეშა ხომალდების მეზღვაურთა ფიზიკურ მონაცემებს.

პირველივე დილას, ჩვეული მარშირების დაწყების წინ, სს-ის ოფიცერმა ახალი კომანდოს წევრებს სათითაოდ ჩაუდო პირში თითო აბი “პერვიტინი”. შუადღეზე, როდესაც სხვები სადილისთვის ჩვეულ შესვენებაზე წაიყვანეს, ამ პატარა ჯგუფს ნაბიჯი არც კი შეუნელებია.
საღამომდე ასე მარშირებდნენ. გვიან საღამოს, ცალკე გამოყოფილ ბარაკში შეიყვანეს. არათუ - სასმელი და საჭმელი, დაჯდომის უფლებაც არ მისცეს, მხოლოდ მოშარდვის ნება დართეს. რამოდენიმე წუთში ისევ გაიყვანეს.

დილამდე დადიოდნენ ქვიშით სავსე ტომრებით. დროდადრო, ოფიცერი პირში კვლავ “პერვიტინის” აბს უდებდათ.
მეორე დღეს იგივე განმეორდა, მხოლოდ მთელი დღის სიარულის შემდეგ საღამოს სამედიცინო პუნქტში გამოკვლევაზე წაიყვანეს...
ცოცხალი ადამიანებისაგან შექმნილი ეს ექსპერიმენტალური ჯგუფი ოთხი დღე და სამი ღამე შეუჩერებლად დალასლასებდა ასე, თუ არ ჩავთვლით ყოველ საღამოს ნახევარსაათიან იძულებით პაუზებს სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
ამ წამების არც ერთ ეტაპზე, ცხადია, ტყვეებისათვის არავის არანაირი ახსნა- განმარტება არ მიუცია. არც მათ უკითხავთ რამე...

ტესტის მიზანი სტიმულატორის მინიმალური დოზის მიღებით მაქსიმალური ეფექტის მიღწევა იყო. ფლოტს აინტერესებდა სხვადასხვა ცნობილი მეტაფეტამინისგან საუკეთესოს არჩევა. ასევე, მეორადი უარყოფითი შედეგების კვლევა ექსტრემალური ფიზიკური და მორალური დატვირთვის დროს ძლიერი სტიმულატორის მიღებისას. ეს ტესტირება ორი ახალი ნარევის პერვიტინისა და კოფეინის, აგრეთვე პერვიტინისა და კოკაინის გამოცდა იყო.
მსგავსი ექსპერიმენტი რამოდენიმე სხვა ბანაკშიც ჩატარდა. საბოლოოდ ფლოტმა დაასკვნა, რომ “პერვიტინი” სუფთა სახით ყველაზე ეფექტური სტიმულატორია ყველა სხვა ცნობილ ინფეტამინთა შორის.



Photo: სუვოროვის შვილიშვილები და ჩაპაევის შვილები

ქართული “პერვიტინი”, იდეოლოგური სტიმულატორი არ არსებობს, ან იმდენად სუსტია, რომ ადამიანებს გზის გასაყარ მოედნიდან გასავლელად საკმარის ენერგიას ვერ აძლევს. მისი მასტიმულირებელი ეფექტი მხოლოდ ერთმანეთის ზურგს უკან ჩანჩალს და კოჟრებზე დაბიჯებას ყოფნის.


ბალადა პოლიტიკურ ინფეტამინზე


დღემდე არსებული ქართველი წინამძღოლების მიერ ”ეროვნული ინფეტამინის” პოვნისათვის ჩატარებული ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, რადგან, რატომღაც, საქართველოში წინამძღოლებად ყოველთვის სხვადასხვა ტიპის ბრმა შიზოფრენიკებს ირჩევდნენ. რომლებსაც, როგორც წესი, ასევე სხვადასხვა ტიპის შესაბამისი კორუმპირებული გარემოცვა მოჰყვება ხოლმე. ისინი ვერმახტის ოფიცრებივით, მოედნის ცენტრში დგანან და მოხეტიალეებს თავში უდებენ აზრს, რომ ერის “სტიმულატორი” სხვა არაფერია, თუ არა თავად წინამძღოლი.

საბრალონი და ქანცგაწყვეტილნი ამას ადვილად იჯერებენ, თუმცა, ადრე თუ გვიან, ასევე ადვილად, ამ წინამძღოლს მართლაც პერვიტინის უხარისხო აბივით ყლაპავენ და ისევ დალასლასებენ საუკუნეების განმავლობაში კარგად გატკეპნილ მტვრიან არენაზე.

გოლგოთისკენ გადახვევას ვერც ერთი ახალი წინამძღოლი ვერ ბედავს, რადგან ყოველი მათგანი წინამორბედივით ლაჩარი და უღირსებო კლოუნია. მის ინტერესი სულაც არ არის ეკლიანი გვირგვინით თავზე - მძიმე ჯვრის თრევა ისეთივე მტვრიან გატკეპნილ გზაზე, როგორზეც უკვე იმყოფება.

დროდადრო მოხეტიალეებს თვითონაც ჩაუდებს ხოლმე პირში აბს, მაგრამ ეს პერვიტინი არ არის - ეს მხოლოდ ცარცისგან გაკეთებული პოლიტიკური მეტაფეტამინის იმიტაციაა. ეს საბრალოთა ზუსტად იმ ხარისხის ფსიქოტროპულ აღგზნებას იწვევს, რომელიც ამ ფსიქოდელიური ფუსფუსის შესანარჩუნებლად, ამ უბადრუკ ქაოსში სოციალური სიცოცხლის ილუზიის შესანარჩუნებლად არის საჭირო.

ისტორიის სასიკვდილო განაჩენს მხოლოდ ის ერები გადაურჩნენ, ვინც თავად ამ ისტორიის გაყალბება ისწავლა. ეს მათ მოგვიანებით სახელმწიფოების შექმნაში დაეხმარა. ისტორიის გაყალბებას სხვანაირად იდეოლოგია ჰქვია. იდეოლოგიას კი სიმბოლურად შეიძლება “ხალხთა მეტაფეტამინიც“ დავარქვათ.

საქართველო ერთ-ერთი ასეთი მატყუარა ქვეყანაა. მხოლოდ არამეთოდურობის გამო, საკუთარი პატარ - პატარა ინფანტილური ტყუილების იდეოლოგიად შეკვრა და ჩამოყალიბება ჯერ ვერ მოახერხა. ამიტომ ის ჯერ კიდევ გაყალბების პროცესში, თავად “ისტორიაში“ცხოვრობს. საქართველოში ბართოლომეს შემზარავი დილა ჯერ არ გათენებულა, ქართველებს არც ებრაელები დაუწვავთ, არც წითელი რევოლუციით გაუცამტვერებიათ ნახევარი მსოფლიო... საქართველო ცოტა მოშტერო, კეთილი გმირებით და დაბნეული წმინდანებით დასახლებული მზის და ვარდების მხარე იყო ყოველთვის, რომელსაც გამუდმებით ატყუებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. განსაკუთრებით - ბოლო ორასი წლის მანძილზე. ისინიც გმირულად და დრამატულად ტყუვდებოდნენ; ეს სევდიანი “ტრადიცია“ ქართული დიპლომატიას მთავარ “გადამალულ კარტად” შემორჩა დღემდე - ყველაზე კრიტიკულ მომენტში გაკვირვებული და პირდაღებული, 15 წლის შეცდენილი გოგონასავით აცრემლებული მთავრობა და გულმოკლული საზოგადოება - მარად ტრაგიკული რიგოლეტო... ეს ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის იდენტობაა.

მაგალითად, ბოლო წლების თავდადებული შრომისა და ფიქრის შედეგად ქართულმა წარმატებულმა დიპლომატიამ, როგორც იქნა, ეჭვი აიღო, რომ ზამთარში თოვლი მოდის, ზაფხულში კი ცხელა და ბალი მწიფდება, აგრეთვე მიხვდა, რომ დასავლეთი რუსეთს დღესაც ისევე “უგორებს”, როგორც 20-იანი წლების დასაწყისში - წითელი ”ნათელი წარსულის” გარიჟრაჟზე, და კმაყოფილებით “დააფიქსირა”, რომ “ბებერმა კახპა ევროპამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ “რუსების სიტყვა იმ ქაღალდადაც არ ღირს”, რომელზეც ერთ დროს “გიორგიევსკი ტყუილი” დაიწერა...როდესაც დიდი დიპლომატი ერეკლე რუსებმა 15 წლის ბიჭივით გააცურეს, რის შემდეგაც მისი კორუმპირებული და ყეყეჩი არისტოკრატია მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ზუსტად ისევე უკმევდა თავის მომტყუებელს გუნდუკს, როგორც დღევანდელი ვარდისფერი ბურჟუაზია, ასე ვთქვათ, “ნოვი სვეტები” ამერიკელ “პარტნიორებს” უკმევენ… მოკლედ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ”რუსეთი რომ არ ყოფილიყო, ქართველები თვითონ მოიგონებდნენ მას!”

... ასეთ მოკლეფეხებიან ეპიკურ ტყუილებს, ცხადია, ჯერ კიდევ ბევრი უკლია იქამდე, რომ ისტორიად იქცეს და ბიბლიოთეკის მტვრიან თაროზე დაიდოს ბინა. ამიტომ ქართველები ჯერ კიდევ გაფუჭებული დროის მანქანით დავხრიგინებთ სხვადასხვა ეპოქებში. ჩვენ ჯერ პროცესში ვართ - ინკვიზიის, ბართოლომეს ღამის, დიდი ოქტომბერის,ოსვენცემის... საკუთარი არსებობის გამოგონებისა და ძერწვის პროცესში, ამიტომ ჩვენთვის ისტორია, წარსული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აწმყო, რომელსაც ვერ ვგრძნობთ და მომავალი, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი პატარა დეტალია სადღეგრძელოების რეპერტუარიდან.

ამიტომაც ძნელია, ჩვენს წინამძღოლებს პრეზიდენტი, ან ქვეყნის მმართველის ფუნქციის განმსაზღვრელი რაიმე სხვა თანამედროვე ადმინისტრაცული ტერმინი უწოდო. ისინი ხომ ხან დავით აღმაშენებლის რეინკარნაციად გრძნობენ თავს, ხან გიორგი მესამის, ხან კი, ყველაზე “გულუბრყვილო” პოლიტიკოსის, ერეკლე მეორის.

ვერც ერთმა ქართველმა წინამძღოლმა ვერ შეძლო ნამდვილი ჩამოყალიბებული იდეოლოგიის, პოლიტიკური სტიმულატორის შექმნა, რომელიც ასე აუცილებელია გოლგოთის გზის გასავლელად, ლიმიტის მისაღწევად, მის გადასალახვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ თავადაც რაღაც უგემურად დაბოდიალობენ წინამორბედების მიერ კარგად გატკეპნილ გზაზე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ წინამძღოლებს გეომეტრიული ილუზია ექმნებათ, ეჩვენებათ, რომ მათი უვექტორო დაკლაკნილი ტრაექტორია უსასრულობაში მიმავალი წრფეა და მათი ნაბიჯი უფრო თვითდაჯერებული, ფართო და ამაყი ხდება.
გზადაგზა, როგორც კი დროს იხელთებენ, “წრფის” გასწვრივ ჩამწკრივებულ იდეოლოგიებს სხვისი პალტოებივით მოიხურავენ ხოლმე - ხან ერთს, ხან მეორეს. სანამ ვესტიერი ან თავად “პალტოს” პატრონი არ წამოეწევა, არ წაუთაქებს თავში და არ “გახდის” თავის კუთვნილ “იდეოლოგიას”.

თვით ქართველი ექსბოლშევიკი წინამძღოლებიც კი სხვისი “შინელით” ცხოვრობენ დღემდე. მაგალითად ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც “ღმერთის დევნას” სავლესავით მოწიფულ ასაკში დაანება თავი და გიორგიდ ტრავესტირებულს “მოციქულობამდე” სულ ცოტა დააკლდა... ან თუნდაც 9 აპრილის ერთ-ერთ “მსხვერპლი” - წამებული წმინდა ჯუმბერი...

ერთადერთი, ასე თუ ისე პატიოსანი, ქართველი წინამძღოლი რომელიც სხვის შინელებს არ იპარავდა, თითქოს ზვიად გამსახურდია იყო - პატიოსანი ულტრამემარჯვენე გახლდათ და არც მალავდა... თუმცა, ვეჭვობ, ამის შესახებ ჩამოყალიბებული წარმოდგენა ჰქონდათ მას და მის ტემპარამენტიან მოციქულებს. სწორედ ამიტომ წარსული დროით დღეს მაინც მოარგეს საიდანღაც მოთრეული დემოკრატის დაძენძილი მტვრიანი “სუდარა”.

ყველაზე გაქნილი პოლიტ-ბაცაცა მაინც უკანასკნელი წინამძღოლი აღმოჩნდა. ისე ვირტუოზულად ეხერხება ერთდროულად რამოდენიმე შინელის აწაპვნა, რომ ვესტიერები რეაგირებასაც ვერც ასწრებენ, თანაც არც თავში წათაქება შველის - ამბობენ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერიმენტალურ სამჭედლოში გამოწრთობილი ისეთი “მაგარი თავი” აქვს, “მაგნუმის” მძიმე ფოტოალბომიც რომ ურტყა თავში, მაინც ვერაფერს იგრძნობსო. ამიტომ მუდმივად გაღიმებული, კურდღელივით არხეინად მიცუნცულებს უკვდავებისაკენ მიმავალ თავის“წრფეზე”. სულაც არ ადარდებს, რომ საკუთარი იდეოლოგიური შინელის პოვნა მისთვის და მისი 30 ლაბორანტისათვის ყველაზე რთული ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომელიც ჯერაც გაურკვეველ სტადიაშია. ეს უდარდელობა სწორედ ქართველი წინამძღოლების დამახასიათებელი უნიკალური ფენომენია.


Photo: ბენიტო მუსოლინი ტრაქტორის საჭესთან

მმართველი “მოძრავი” პარტიის იდეოლოგია დაახლოებით იმავე სტადიაშია, რომელშიც 1983 წელს შიდსი იმყოფებოდა, როდესაც პარიზის ჰოსპიტალ პასტორში ამ დაავადების ვირუსი აღმოაჩინეს და სახელი ადაარქვეს.
ეს დიდი მიღწევა იყო.
თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, ამ აღმოჩენის მიუხედავად, ვირუსმა
კიდევ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დღიდან მოყოლებული, სიკვდილს უკვე თავისი სახელი ერქვა - შიდსი!… საბრალო ინფიცირებულებმა ის მაინც იცოდნენ, რისგან კვდებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ჯანმრთელობა, ქვეყნის სრული იდეოლოგიური ანტისანიტარიის პირობებში, ფაქტიური პანდემიის ზღვარს კარგა ხნის გადაცილებული იყო, როცა, ერთ მშვენიერ დღეს, რუსული ოკუპაციის “პახმელიაზე”, ვიღაცამ ქართულ შეშლილ პოლიტიკურ ვირუსს შესაბამისი სახელი , ჯერ - ლიბერალიზმი, მოგვიანებით კი ლიბერტარიანიზმი დაარქვა.

აქამდე ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვრად ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა ითვლებოდა. რევოლუციურ საქართველოს 2004-ში, სულ რაღაც 4 წელიწადში, ევროპის კარების შეღება ჰქონდა დაგეგმილი - რეზოლუცია დადებული და ბეჭედ დასმული.

თუმცა, “სხვადასხვა მიზეზების”, განსაკუთრებით კი 2007 წლის ნოემბრის “თეთრი ბენდანების” წარუმატებელი რევოლუციის მცდელობიდან მოყოლებული, “დემოკრატიული” ღირებულებები “ლიბერალურმა” ჩაანაცვლა. ხოლო მოგვიანებით, როდესაც ეს უკანასკნელიც არასაკმარისი გახდა პრერიებში მონავარდე თავისუფლებისმოყვარე მუსტენგებივით ფაფარაშლილი ქართველი პოლიტიკოსებისათვის - ლიბერალიზმი შეიცვალა ლიბერტარიანიზმით... თანაც ისეთი პროგრესირებადით, რომ დღეს მმართველი გუნდი მთლიანად “აწყვეტილი”, დასაბმელი “ლიბერტარიანელებისაგან” შედგება... სიტყვა დემოკრატია საქართველოში ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც უცნაური გამოთქმები - ხუთწლედი ოთხ წელიწადში, შრომის დამკვრელი… და მრავალი სხვა.

არავინ იცის, ვინ მიხვდა პირველად, რომ მმართველი პარტიისათვის ტერმინები “ლიბერალიზმი”, შემდეგ კი ლიბერტარიანიზმი ნამდვილი ხსნა, საფეთქელზე ლულამიბჯენილი სასოწარკვეთილი მოთამაშის ჯეკპოტი იყო.

ნაციონალურ მოძრაობას თავისი არსებობის ხუთი თუ ექვსი წლის მანძილზე იდეოლოგიის ჩამოსაყალიბებლად არც საკმარისი გონება აღმოაჩნდა და არც გაბედულება - ყველა დანარჩენი ქართული პარტიის მსგავსად, ხან მემარცხენე პოლიტიკას ქადაგებდა, ხან - მემარჯვენეს, თანაც ექსტრემალური ამპლიდუტით - ყველაფერს, რაც მაოისტური ულტრა მემარცხენეობიდან ჟან მარი ლეპენის ულტრა მემარჯვენეობამდეა. ისინი ხან კამპუჩიელი “წითელი კხმერებივით” დასდევდნენ “კონტრრევოლუციონერებს” ჩაქუჩებითა და ნამგლებით, ხანაც რუსი ნეოფაშისტი სკინჰედებივით, რკინის ჯოხებით შეიარაღებულნი, უსწორდებოდნენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს.
მეგამარკეტში პირველად მოხვედრილი საბჭოთა ტურისტებივით დაბოდიალობდნენ იდეოლოგიებით გადავსებულ დახლებს შორის სავსე გორგოლაჭებიანი ურიკით, რომელსაც გზადაგზა სიხარბისაგან მაინც ამატებდნენ ჭრელ ეტიკეტიან უგემურ იდეოლოგიურ კონსერვის ქილებსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა გაყინულ უგემურ ნაწარმს.

უნდა ითქვას, რომ, თავისი არსებობის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, ნაციონალური მოძრაობა, ყველაზე მეტად, მაინც ულტრამარჯვენა იდეოლოგიის მიმდევრის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, ულტრამემარჯვენეობას კონცეპტუალური გაბედულება სჭირდება - განსაკუთრებით, როდესაც დასავლეთზე ხარ დამოკიდებული, ასეთი რამ კი, როგორც ცნობილია ამ მოძრაობას არასოდეს გააჩნდა. ეს მხოლოდ პოლიტიკურად მხდალ ოპორტუნისტთა მოძრაობას წარმოადგენს, რომელიც დღემდე ნებისმიერ ცუდად დადებულ ბრჭყვიალა ნივთს ჯიბეში მიაქანებს.

საქართველოს ბოლო წინამძღოლში ერთდროულად თითქოს ყველა მეტნაკლებად ცნობილი წინამძღოლის რეინკარნაცია მოხდა - ზემოთ ხსენებული ცოცხალი მონუმენტების, ტრავესტი-ბოლშევიკებისაც კი. გარდა ამისა, მასში სხვადასხვა უცხო ქვეყნის ბევრი წინამძღოლის “ნასხლეტების” პოვნაც შეიძლება - მაგალითად ლუი XIV-ის, მისი მიდრეკილებით აბსოლუტიზმისაკენ, აგრეთვე იულიუს კეისრის, მაჰათმა, ინდირა და სხვა განდების, ულტრამემარცხენეთა მთელი პლეადის - მაო ძედუნის, კიმ ილ სანის, ბროზ ტიტოს, პოლ პოტის... უკლებლივ ყველა ულტრამემარჯვენის, გზების მშენებლობითა და იტალიის ტრაქტორიზაციით “გატაცებული” ბენიტო მუსოლინისგან მოყოლებული ჩვენი ნაციონალური ზვიადით დამთავრებული... თვით იმ ხელმწიფეს ინკარნაციაც კი, რომელიც საკუთარი შვილების სიბრიყვით სასოწარკვეთილი, სიკვდილის წინ უიმედოდ ცდილობდა მათთვის აეხსნა, რომ ცხრა ისრის ერთდროულად გადამტვრევა უფრო ძნელია, ვიდრე - ერთის და რომ ძალა, პრინციპში - ერთობაშია... მას ვიშნუსავით უთვალავი სახე, თვალი, და განსაკუთრებით ბევრი და გრძელი ხელები აქვს…

სწორედ ამიტომ “აბსოლუტური” მზე-წინამძღოლი ყველასათვის “მისაღები” აღმოჩნდა. ვის არ ნახავთ მის გარემოცვაში - ყოფილ კომკავშირელებს, თანამედროვე სამყაროში ბოლოსდაბოლოს ინტეგრირებულ წვერგაპარსულ და “ჰერმესის მანდილიან” გამსახურდიას სექსი პოლიტელიტას. აქ არიან ჯაბა იოსელიანის კულტურასთან ნაზიარები კოვბოებიც... ძირითადად კი მაინც შევარდნაძის ქამელეონი ავატარები სჭარბობენ, ზუსტად ისეთები, როგორიც თავად ქართველი ვიშნუ გახლდათ თავისი ბრწყინვალე კარიერის გარიჟრაჟზე, სანამ არ მიხვდა შეცდომას და საკუთარი “მამა” - სასწრაფოდ არ გადაყლაპა ”პერვიტინის” მოზრდილი აბივით, თუმცა, გამოუცდელობისაგან, როგორც ჩანს, ოვერდოზა მოუვიდა. ამიტომ დღემდე ძალიან აღგზნებული დარბის წინამორბედთა მიერ კარგად გატკეპნილ მოედანზე თავზე წამოცმული ოქროს ვარდების კოხტა გვირგვინით - სანამ მისი ხალხი ლასლასით ერთ ციკლს ამთავრებს, ის უკვე მეხუთეზე მიცუნცულებს სიმღერ-სიმღერით, ყოჩაღად და ხალისიანად.

“ჰერმესის მანდილიანი” და გაპარსულ დაპუდრული გარემოცვაც ენა გადმოგდებული მისდევს მის ფეხის ხმას, მლიქვნელ-მლიქვნელობით და ქოშინ-ქოშინით.. ხან წინ გაუსწრებენ, ხანაც ფეხებში ებლანდებიან... ერთთავად ფუსფუსებენ - სულ კარგ ხასიათზე არიან, თუმცა, ხანდახან ჩამოსხდებიან ხოლმე შესასვენებლად და ქაქანებენ, ქაქანებენ, ქაქანებენ.... გეგმებს აწყობენ, აწყობენ, აწყობენ... რითი ასიამოვნონ კიდევ უფრო მეტად წინამძღოლს, როგორ გაახარონ ახალი წარმატებებით... მერე ყოჩაღად წამოხტებიან, წამოეწევიან და ისევ ფეხებში ებლანდებიან ჟივილ-ხივილით... ძალიან მოსაწყენი და უშნო ხალხია. იდეოლოგიებზე მათაც ობსესია სჭირთ. ისინი ყველაზე მეტად ჰგვანან დიდ სუპერმერკეტში პირველად მოხვედრილ საბჭოთა ტურისტებს.

ამ ბოლო დროს ქართული პოლიტიკური ბაზარი ასე თუ ისე თითქოს შეივსო იდეოლოგიური ნაყარ-ნუყარით. თითქოს ყველა პოლიტიკური ტერმინი და მისი ყველა პოლიტკორექტული კომბინაცია დაკავებულია. პატიოსანმა ბიზნესმენმა კაცმა ფულის ჩადება რომ მოინდომოს რაიმე ახალ პარტიის შესაქმნელად, კომუნისტურისა და სოციალისტურის გარდა სახელს ვეღარ იპოვის, თუ ვინმე “გადამყიდველისაგან” არ იყიდა ლილოს ბაზრობაზე, თორემ ცენტრში, პარლამენტის შენობის შიგნით და გარეთ მოფუსფუსე ‘’ბარიგებთან” ცეცხლის ფასი უკიდია ნორმალურ პოლიტიკურ ტერმინებს.

პარტიები საქართველოში სინამდვილეში სწორედაც რომ მხოლოდ ტერმინები არიან, გაცვეთილი, არაფრისმთქმელი სიტყვები, რომელთა უკან შინაარსის, ლოგიკის ერთ მარცვალსაც ვერ იპოვით. ისევე, როგორც ერთ დროს, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ანტიკური ან შექსპირის პიესებიდან აღებულ სახელების დარქმევის უცნაურ მოდაში - ოტელო, ოლიმპიადა, აფროდიტა, ჰამლეტი და სხვ...

საქართველო ნამდვილი პოლიტიკური ბაბილონია, სულ ახალთახალი, მშენებარე, გამჭვირვალე ”კოშკებით”, მისი მოსახლეობა კი სასჯელის მოხდის მარადიულ პროცესშია - აქ ერთმანეთის ძალიან დიდი ხანია, აღარავის ესმის. პოლიტიკურ ტერმინოლოგიას თავისი ფუნქცია აქ არასოდეს ჰქონია და არც დღეს გააჩნია.
აქ მთავარია, ვიღაცას დაასწრო და თქვა რომ დემოკრატი, ლიბერალი, ლიბერტარიანელი, ლეიბორისტი სწორედ შენ ხარ ! შენ და სხვა არავინ!.. ყველა სიამოვნებით დაგიჯერებს. ხელში აგიტაცებენ, აგაბურთავებენ, ვაშას, დროშებსა და ჰიმნებს არ მოგაკლებენ… შენც, დაიჯერებ საკუთარ უნიკალურობას და სიამოვნებისაგან კრუსუნს დაიწყებ… საღამოს კი, დაღლილი მიხვდები, რომ ხალხი უბრალოდ გიჟად გთვლის, რადგან თვითონაც შენნაირები არიან… ნაპოლეონები, ცეზარები, კლეოპატრები… ზუსტად ისე, როგორც დიდი რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკებში”, სადაც დედამიწიდან ჩასულ მეორე ექსპედიცის წევრებს მარსელები ფსიქიატრიულში მოათავსებენ. იქ ასტრონავტები მალე აღმოაჩენენ, რომ მათი ნახვით აღფრთოვანებული ბრბო, სინამდვილეში ფსიქიურად დაავადებული მარსელები არიან და მათ გმირებად კი არა, ხომალდის კაპიტნის ფსიქიურად დაავადებული გონების მიერ მატერიალიზირებულ სამგანზომილებიან ტელეპატიურ ილუზიად მიიჩნევენ… ეკიპაჟს ხალისი სწრაფად უქრება და მათი ერთადერთი საზრუნავი აქედან თავის დაღწევა ხდება… ისტორია ტრაგიკულად მთავრდება.
ქართველი პოლიტიკოსები ძალიან წააგავანან ამ მეორე ექსპედიციას “მარსის ქრონიკებიდან”.

ქართულ პოლიტიკურ რუქა იდეოლოგიების აღრევის წყალობით, ისევე აბსურდულად გამოიყურება, როგორადაც მსოფლიო გეოგრაფიული რუქა გადაიქცეოდა, კონტინენტებისათვის ადგილები რომ შეგვეცვალა, ქვეყნებისათვის კონტინენტები, კუნძულებისათვის ოკეანეები და ზღვები, პოლუსები კი სადღაც ცენტრალურ ევროპაში გადმოგვეტანა, ერთმანეთის გვერდით - უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო... მოსახერხებელი რისთვის არავინ იცის... მაგრამ მაინც. ისე, ყოველი შემთხვევისათვის... რა იცი, რა ხდება.

თვით ლეიბორისტებიც კი, რომლებიც ძირითადად აშკარად ულტრა მემარცხენეების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თავისდაუნებურად, დროდადრო, უცებ გადაქანდებიან ხოლმე საპირისპირო, მარჯვენა უკიდურესობაში, მერე მაშინვე უკან “გადმოქანდებიან”... ისევე, როგორც მმართველი “ნაციონალები”. რომლებიც ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხან ულტრამემარცხენე მაოისტებივით ქადაგებენ, ხან - ვუდსტოკის მონაწილე ჰიპებივით, ხან - ულტრამემარჯვენე “ზვიადისტებივით”, ხანაც - უპარტიო მხედრიონელი ანარქისტებივით ( ამ უკანასკნელებს ანარქისტობისათვის ზედმეტად ბრიყვული სახელი ჰქონდათ - ”მხედრიონი”… რაც ჩემში რეიბანიანი და კალაშნიკოვიანი ბაშიაჩუკების ასოციაციას იწვევს, რომლებიც ცხენებით მოდიან და მოიმღერიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ძაღლები წკმუტუნებენ, პატარა ბიჭები ხელს უქნევენ, გოგოები კისკისებენ და იპრანჭებიან, მზე ანათებს...ესენი კი მოდიან, მოდიან, მოდიან...თან რამდენნი!...) .



18 დეკემბერი 2010


გაგრძელება 

4 commentaires:

Nino P. a dit…

დაველოდები გაგრძელებას...
მე არ მეცალა, თუ... რატომღაც დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.
რა თქმა უნდა მომეწონა რაღაცეები, როგორც:
"ეს მხოლოდ პოლიტიკურად მხდალ ოპორტუნისტთა მოძრაობას წარმოადგენს, რომელიც დღემდე ნებისმიერ ცუდად დადებულ ბრჭყვიალა ნივთს ჯიბეში მიაქანებს."

და სხვა და სხვა (მამა რომ გადაყლაპა და ვეღარ მოინელა!)
ბარემ გეოგრაფიასაც რომ ცვლი! ფანტასტურია!

Anonyme a dit…

სახარებისეული ციტირება დამახინჯებულია! მეორეც, მარკოზი 34 ბუნებაში არ არსებობს. ეს შეიძლება ნაკლებად საინტერესო შენიშვნაა, მაგრამ როცა ავტორს სურს სახარებისეულ პარადიგმაზე დაყრდნობით განავითაროს მსჯელობა ცოტა მეტი სიზუსტით მართებს ციტირება რათა მკითხველს არ გაუჩინოს ეჭვი რომ მას სახარებიდან ციტატა ჭირდება იმისათვის, რომ მკითხველი მოხიბლოს და რეალურად კი ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

Paata KOURDADZE a dit…

ამ წუთს წინ მიდევს "ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ფსალმუნი. მესამე გამოცემა, 1990 წელი"
მართალი ბრძანდებით, საბაქთალი-ს ნაცვლად უნდა ეწეროს საბაქთანი. ასევე 34 ის ნაცვლად 15 - 34. ეს ერთად ერთი სახარებაა, რაც მაქვს თანამედროვე ქართულით. ასევე წინ მიდევს სახარება ფრანგულად, სადაც იგივე წერია თუ არ ჩავთვლით ნაბეჭდ შეცდომას ერთ ასოში Mc 15,34. Et à la neuvième heure, Jésus poussa un grand cri, en disant: Eloï, Eloï, lamma sabacthani? Ce qui signifie: Mon Dieu, Mon Dieu, pourquoi M'avez-Vous abandonné?
სიტყვა დამახინჯება,მექსნიკური შეცდომის აღასნიშნავად, ცოტა გადაჭარბებული მგონია, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, თქვენი ნებაა, რასაც დაარქმევთ. დიდად დამეხმარებით თუ სხვა მექანიკურ შეცდომებზეც მიმითითებთ.

ასევე მართალი ბრძანდებით, მკითხველის მოხიბვლა, ჩვენ დროში სახარებიდან ციტირებით ცოტა არ იყოს მიამიტობა იქნებოდა , " ელოი ელოი", 30 წელიწადზე მეტია თავში მაქვს გაჩხერილი, მას შემდეგ რაც სამიზდატით დაბეჭდილი სახარება 30 მანეთად ვიყიდე ერთი მორჩილისაგან პლეხანოვზე... საერთოდ თუ ჩემს წერილებს კითხულობთ, შეამჩნევდით, რომ მაქსიმალურად ვცდილობ ციტირებები არ გამოვიყენო, თუ იძულებული არ ვარ, ეს სწორედ ასეთი სემთხვევა იყო, როცა დამჭირდა.
გმადლობთ.
პატივისცემით პაატა

Anonyme a dit…

ბატონო ჩემო, მარკოზი 34 (ისე როგორც ტექსტში ამას თქვენ მიუთითებთ) ნიშნავს მარკოზის 34-ე თავს, რაც ”ბუნებაში” არ არსებობს!!! და მარკოზის 15:34 ნიშნავს მარკოზის სახარების მე15 თავის 34-ე მუხლს და ეს სწორია!