21 novembre 2010

მითხარი რომელ გადაცემას უყურებ, და მე გეტყვი ვინა ხარ შენ!




La Télévision des Géorgiens. ARTE-2006  -26'

2005 წელს ფრანგულ - გერმანულმა ტელე არხმა "არტემ" ახალი ტელე ჟურნალის წარმოება დაიწყო სახელწოდებით - "მსოფლიოს ყველა ტელევიზია" რომელსაც ასეთი გონებამახვილური დევიზი ჰქონდა: "მითხარი რა გადაცემას უყურებ, და მე გეტყვი ვინა ხარ შენ!"
პროექტი დღემდე გრძელდება და მის ფარგლებში 130 ზე მეტი 26 წუთის ფორმატის დოკუმენტალური ფილმი შეიქმნა იმდენსავე ქვეყანაში. ამ ტელე პროექტის წარმატების გასაღები მის უბრალო კონცეფციაშია: ეს არის - ამა თუ იმ ქვეყნის ერთგვარი ტელე - რევიუ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს, არა რეჟისორისა და პროდუსერის, არამედ, ადგილობრივი ტელემაყურებლის თვალით გაეცნოს მოცემულ ქვეყანას.

- წარმოიდგინეთ, რომ ერთი კვირით მონღოლურ იურტაში აღმოჩნდით, სადაც მხოლოდ ტელევიზორია თავისი პულტით, საქმე არაფერი გაქვთ, დღე და ღამე ეკრანის წინ ატარებთ მთელს თქვენს დროს და გამუდმებით ცვლით არხებს. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ჯადოსნობის წყალობით, აქამდე თქვენთვის სრულიად უცხო ადგილობრივი ენაც გესმით - უყურებთ და უსმენთ ყველაფერს : გასართობი პროგრამებიდან დაწყებულს, მონღოლური პოლიტიკური თოქ შოუებით დამთავრებულს.

წარმოიდგინეთ იგივე შესაძლებლობა პაკისტანში, ისრაელში, ბრაზილიაში ... საქართველოში.

2006 წლის შემოდგომაზე ერთი ასეთი ფილმი - ქართულ ტელევიზიების შესახებაც შეიქმნა. ამ ფილმის ერთ ერთი თანაავტორი მე გახლდით.

ტელეჟურნალი "მსოფლიოს ყველა ტელევიზია" არ ცდილობს დაადგინოს გადაცემების ხარისხი, არც ტელეკომპანიების პოლიტიკურ სიმპათიები. პროექტი არ არის საავტორო დოკუმენტალური - მთელი მოპოვებული მასალა მონტაჟისას პროდუქციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოში, სქემაში ექცევა, რომლის მიხედვითაც კადრები , სიუჟეტები ელვისებური სისწრაფით იცვლებიან, შეუძლებელია, რომელიმე სეგმენტში ღრმად შესვლა - ამის დრო უბრალოდ არ არის. ამიტომაც საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში ჩვენს ძირითად ამოცანას ყველა თემის თანაბრად გაშუქება წარმოადგენდა - პოლიტიკა, რეალითი შოუ, სატელევიზიო ფილმები, ახალი ამბები... ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივი პროდუქციების ტელე - კოლაჟის საშუალებით მოგვეთხრო ევროპელი მაყურებლისათვის ქართველების შესახებ; მხოლოდ ამ კონკრეტული ვიწრო მიმართულებით ვაწარმოებდით ვიდეო "ძიებას".

მაშინდელი ქართული ტელე სივრცის არც თუ ისე მრავალფეროვანი, მაგრამ მაინც - თავისებური კრეატიულობა სავსებით იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მათი საშუალებით მცირე რამ მოგვეთხრო, ზედაპირული წარმოდგენა მაინც შეგვექმნა ქართველების შესახებდღეს სამწუხაროდ, ამ კრეატიულობის კვალიც აღარ დარჩა.

მაგალითად ფილმის მონტაჟისას, "მაესტროს" რეალითი შოუმ - "ამტანი", და თავად ამ არხმა ძალიან სიმპათიური შთაბეჭდილება მოახდინა რამოდენიმე ცნობილ ფრანგ პროდუსერზე - პირველ რიგში სწორედ თავისი კრეატიულობის გამო: შოუ არ იყო დასავლეთში ნაყიდი, ის თავად არხმა შექმნა, რაც ძალიან იშვიათია. როგორც აგვიხსნეს, ეს არ იყო მაესტროს მიერ შექმნილი ერთად ერთი რეალითი შოუ - არხს ელემენტარულად სახსრები არ გააჩნდა ძვირი დასავლური პროექტების შესაძენად - შესაძლოა ესეც იყო ერთ ერთი მიზეზი იმისა, რომ ცდილობდა საკუთარი კრეატიულობის ხარჯზე "იოლად" გასულიყო.

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს " მაესტროსაგან " სახელის მეტი აღარაფერი დარჩა - მას გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო თავისი "როკ როლ კრეატიულობით" ვიდრე დღეს მოაქვს, უფრო რადიოსათვის შაფერისი ფორმატის პოლიტიკური დებატებით.

ფილმის "წითელი ხაზი " - ნოდარ ლადარია, ინტერვიუში ამბობდა, რომ რადიო უცნობისა და ტელე არხ იმედის "ჭიჭიკო და ბიჭიკო" მეტად მნიშვნელოვანი, თუ არა რევოლუციური გადაცემა იყო ქართულ ტელე - სივრცეში- განსაკუთრებით სოციალურ კონტექსტში. … ამ გადაცემის სატელევიზიო ვერსიის ადგილი დღეს ცარიელია - ის ვერაფერმა ჩაანაცვლა. ისევე როგორც იგივე არხის "დროება" , ან თუნდაც ინგა გრიგოლიას საოცრად რეიტინგული სრული პოლიტიკური სურეალიზმივერც რუსთავი 2 ის "კომედი შოუს" - მაშინდელი ხარისხი ჩაანაცვლა ახალმამაშინ კი, 2006 წლის შემოდგომაზე ყველა ამ გადაცემამ ერთობლიობაში, ჩვენს ფილმს საშუალება მისცა გასაგები და თხრობითი ყოფილიყო ფრანგი და გერმანელი ტელემაყურებლისათვის.

რას გამოვიდოდა ამ პროექტიდან დღეს?

თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი სწორედ ის მაგიაა, რომელიც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი, მათ შორის ქართულ ტელევიზიისათვის თვალყურის დევნების სრულ საშუალებას იძლევა - მით უმეტეს, მათთვის ვისაც ქართული ენა გუგლის მთარგმნელის გარეშეც მშვენივრად ესმის. ანუ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ მეჩვენება -  რომ შემოეთავაზებინათ - იგივე ფილმის გადაღება დღეს ბევრად უფრო რთული იქნებოდა, რადგან ქართულ ტელევიზიასა და რეალობას შორის კიდევ უფრო დიდი განსხვავებაა ვიდრე მაშინ იყო. სავარაუდოდ პაკისტანის ტელევიზიაც კი უფრო გასაგებს გახდიდა ჩემთვის პაკისტანელ ხალხს, ვიდრე მშობლიური ქართული - ქართველებს.

პრინციპში, რბილად რომ ვთქვათ, კრეატიულობით დიდად არც პაკისტანის ტვ გამოირჩევა, მაგრამ ის ზუსტად, სარკესავით ასახავს ადგილობრივი საზოგადოების სახეს, მის მოთხოვნებს - ამიტომ მისი გამოყენება ჩვენი კონცეფციისათვის რთული არც ადრე იყო, როდესაც ფილმს ამ ქვეყანაში ვიღებდით იგივე სერიისათვის, და არც დღეს - ხუთი წლის შემდეგ იქნებოდა .

ქართული ტელევიზიის კრეატიულობა ფაქტიურად კომას მდგომარეობაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მას არ ძალუძს შეგიქმნათ წარმოდგენა თავის მაყურებელზე. როგორც XIX საუკუნის მწერალი იტყოდა- "ტელე - მოგზაურის" დაკვირვებული, ძალიან დაკვირვებული, თუ გნებავთ გადმოკარკლული თვალიც კი ვერაფრით მიხვდები რას აირეკლავს ქართული ტელე - სივრცე - დღეს 2010 წლის შემოდგომაზე.

საქართველო სრულ ტელე - ენიგმას წარმოადგენს. რა თქმა უნდა ის გარკვეულ შთაბეჭდილებებს მაინც ქმნის ქვეყნის, მისი მოქალაქეების შესახებ, მხოლოდ ძალიან უცნაურს , უფრო სწორად ისეთს, რომლის დაჯერება, თუ დაბადებით ბოროტი არა ხარ წესით არ უნდა მოგინდეს, მითუმეტეს საქართველოში გაზრდილ და მის გულშემატკივარ ადამიანს...

აი მაგალითი რამოდენიმე შთაბეჭდილებისა, რომელიც ქართული პროგრამების ყურებისას უცხო ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება:

1. პირველი შთაბეჭდილება: რომელიც სტალინის სამშობლოს ტელე - სივრცეში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს აუცილებლად შეექმნება - ამ ქვეყანაში არის პიროვნების აბსოლუტური კულტი!

სამწუხაროდ, თავიდანვე უნდა აღინისნოს, რომ ''არტეს'' მაყურებლის, გაცილებით მეტი დოკუმენტალური და ანალიტიკური მასალა აქვს ნანახი სტალინიზმის შესახებ, ვიდრე ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს. მით უმეტეს ჩვენს ამნეზით შებყრობილ ყოფილ " მზიან რესპუბლიკაში".

ასეთი კატეგორიის ევროპელ მაყურებელი აბსოლუტურად დარწმუნებულია - შეუძლებელია დემოკრატიულ ქვეყანაში ამ დოზით ჩანდეს ეკრანზე ერთი და იგივე სახე - ქვეყნის პირველი პირი, ისმოდეს სიმღერები მის შესახებ, ეწყობოდეს მოულოდნელი პირდაპირი ჩათვრები მისი სამუშაო ოთახიდან, იმპროვიზირებული სამთავრობო სხდომებიდან, რომლებიც იმართება პლაჟებზე, სახლის სახურავზე, ტყეებში, და მინდვრებში, პლაჟებზე, ერთადერთი ტურისტული და ზღვისპირა ქალაქის ცენტრალურ გადაკეტილ მოედანზე ( გახურებული სეზონისას). სხვანაირად წარმოუდგენელია ასეთი რაოდენობითა და ხანგრძლივობით უჩვენებდნენ რეპორტაჟებს ქვეყნის პირველი პირის შესახებ: ცარიელი სათხილამურო ტრასებიდან, თვითმფრინავის კაბინიდან, რომელსაც თვითონ მართავს, ტრაქტორის, ავტობუსის, სატვირთო მანქანის, ფორმულა 1 ის მოკლედ ნებისმიერი ნორმალური ბიჭის საოცნებო მოტორიზებული მოძრავი საშუალების მართვის დაუვიწყარი "ისტორიულ" მოვლენათა ადგილებიდან

ასეთი მაყურებელი ვერაფრით მიხვდება, როგორ შეიძლება სახალხო, ადგილობრივი და ლამის ყოველი სოფლის დღესასწაულის მთავარი გმირი ყოველთვის ის იყოს... დიახ! სწორედ ის! - რომელსაც გამუდმებით უმღერიან არც ისე კაშკაშა უცხოელი " ვარსკვლავები. " უმართავენ ფეიერვერკებს, მის გარშემო ისე ცეკვავენ თითქოს წელიწადის ყველა დროის რაღაც უნივერსალური დასაქოქი თოვლის ბაბუა იყოს, მასთან ერთად პატარებს სამახსოვრო ფოტოებს უღებენ, ხელებს უკოცნიანის ყველგან არის, ყველა კონტინენტზე, მას ლამაზი ქალები " აღმერთებენ ", მტრებს მისი სიკვდილივით " ეშინიათ ", ის ყველა ენაზე უაქცენტოდ ლაპარაკობს, ყველაზე მომხიბლავი მეუღლე ყავს, ყველაზე მაგარი და ყოველთვის სულ ახალი ჯინსები, ქურთუკები და პერანგები აცვია, აგრეთვე ელტონ ჯონივით,აქვს ექსტრავაგანტური მზის სათვალეების ულევი კოლექცია

ამ ფენომენის საბჭოთა წარსულში ძებნა არასწორი იქნებოდა - სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, კომუნისტური პარტიის ყრილობების, - ამ საბჭოთა მლიქვნელთა ერთგვარი "ოლიმპიადის" ორკვირეულების გარდა, რომელიც ჩვენს წითელ ექს სამშობლოში ხუთ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ლეონიდ ბრეჟნევი ასეთი დოზით არავის უნახავს ტელეეკრანზე. მით უმეტეს შორტებში: მისი მხოლოდ ერთი ფოტო არსებობს ცურვისას და ისიც მხოლოდ 90 იან წლებში გამოქვეყნდა.
ეს ფიდელ კასტროს, ჰუგო ჩავესის ეგზიბისიონისტულ პულსაციებს, ან მაო ძედუნის გრანდიოზულ პოლიტიკურ "პერფომანსებს" უფრო გაახსენებს დაინტერესებულ დასავლელ ტელე - მოყვარულს.
ან იქნებ სულაც ჩვენს მიერ მეხსიერებიდან საგულდაგულოდ წაშლილი მიხეილ ჭიაურელის " ფიციც " ამოუტივტივდეს გონებაში. როგორც აღვნიშნე, ევროპელ ტელემაყურებელთა მნიშვნელოვან ნაწილს ბევრად უფრო მეტი ცოდნა და საშუალება აქვს იმისათვის, რომ ქართულმა ტელე- რეალობამ ქართულივე წარსული გაახსენოს, ვიდრე " სიმბოლოებ ჩამოფხეკილ " ქართველ ტელემაყურებელს. რომელსაც გონია, რომ თუ თავად თუჯის " სტალინს " აღარ დაინახავს გორის ცენტრში მსოფლიოს დაავიწყდება, რომ ეს კაცი სწორედ ქართველი იყო და რაც მთავარია სტალინის ცოცხალ კარიკატურების არსებობას ვეღარავინ შეამჩნევს…

ამ ევროპელ ცნობისმოყვარეს, ალბათ გულწრფელად შეებრალება თავისუფალ " ტელევიზიას მოწყურებული ქართველი მაყურებელი, ვერაფრით რომ ვერ განთავისუფლდა ისეთი ბრიყვული რეჟიმებისაგან, რომლებიც იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს საუკუნეში ყოველდღე ერთი და იგივე სახის ყურება და ხმის გაგონება ადამიანებში დიქტატურის და კულტის შეგრძნებას ამძაფრებს, რაც კარგად არასდროს, არასდროს არ მთავრდება.

მე-2 შესაძლო შთაბეჭდილება: - ქართველები სრული იდიოტები არიან!
საქართველოს ტელევიზია, ისევე როგორც ყველგან სხვა ქვეყნისა, სრულად ასახავს საზოგადოების გემოვნებას, მოთხოვნილებას, სახეს, რომელიც თუ ჩვენი ფილმის უკვე ხსენებული დევიზიდან გამოვალთ, სრულიად იდიოტურია.(" მითხარი რა პროგრამას უყურებ და მე გეტყვი ვინახარ შენ".)
უცხოელ ტელემოყვარულს სრული უფლება აქვს იფიქროს, რომ "ნანუკას შოუ" და "პროფილი", არის ზუსტად ის, რასაც ამ ხალხის კულტურა იმსახურებს: არც მეტი, და არც ნაკლები… რომ ზემოთ ხსენებული პიროვნების კულტიც - სულაც არ არის გამოწვეული უმაღლესი ხელისუფალის პოლიტიკური პერვერსიით. მით უმეტეს, ქუჩაში არც სვასტიკიანი და არც წითელ ვარსკვლავიანი ოფიცრები არ დადიან ენაგადმოგდებული ნაგაზებით. პირიქით, პოლიციელები, თუ სადმე გადააწყდით, ხანდახან იღიმებიან კიდეც და თუ დაგჭირდათ თან გადაგყვებიან, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, და განსაკუთრებით მაშინ, თუ პრეზიდენტი სადმე სამოგზაუროდ არის წასული და მისი კორტეჟის მოულოდნელი გადაადგილების გამუდმებული ორგანიზებისგან თავისუფალნი არიან.

ამიტომ სრულიად ნორმალური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ხელისუფლება უბრალოდ იძულებულია დათმობაზე წავიდეს, - და დააკმაყოფილოს ეს ყოვლად იდიოტური სურვილი, მოთხოვნილება - რომ , ადამიანებმა ყოველდღე საათობით უყურონ რეალითი "პრეზიდენტ - შოუს", ნანუკასა და მაიკოს გულახდილ საუბრებს შორის !

სავსებით ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა - ქართული ტელევიზია მხოლოდ იმიტომ არის ასეთი უსახო, რომ ამ ქვეყანაში თავად ადამიანები არიან უსახონი. ქართველებს უყვართ მოსმენა როდესაც ქვეყნის პირველი პირი ისე მიმართავს როგორც დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობების ზრდასრული ადამიანების მასას, ხოლო უცხოელ "მეგობრებსა და პარტნიორებთან" ასე თუ ისე ადეკვატურად საუბრობს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს მაინც.
ასევე, უცხო ადამიანმა შეიძლება იფიქროს. რომ რამოდენიმე სეზონის განმავლობაში ზემოთ აღნიშნული ქალბატონების ისეთი პრიმიტიული შოუების ხშირი და ასეთი მასობრივი ყურების მოთხოვნილება მხოლოდ უნარ შეზღუდულ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს... აქვე საჭიროა ხაზი გაესვას. რომ ეს ქვეყანა სულაც არ ტოვებს ჰუმანიზმის მექის შთაბეჭდილებას - ძნელი დასაჯერებელია, რომ აქ გონება დაქვეითებული ადამიანებისათვის სპეციალური ტოკ შოუ კეთდებოდეს.

მე-3 შესაძლო შთაბეჭდილება, ასევე სავსებით ლოგიკური და დასაშვები :
ხელისუფლება არავისაც არ აკონტროლებს, ტელე არხები სრულიად თავისუფლები არიან , ქართველი ერიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი - არ შეიძლება მხოლოდ იდიოტებისაგან შედგებოდეს. იდიოტები მხოლოდ ტელევიზიის მენეჯერები, პროდუსერები და ჟურნალისტები არიან…
ეს უკანასკნელი შთაბეჭდილება თითქოს ყველაზე უმტკივნეულო და მისაღებია ქართული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა მათი უფლებაა იფიქრონ როგორც სურთ - პიროვნების კულტის პირობებში ცხოვრობენ, თავად არიან იდიოტები, თუ ტელევიზიაში ჰყავთ დასაქმებული უპრეცედენტოდ უნიკალური უცოდინარები და ბრიყვები.
აი ძირითადი შთაბეჭდილებები რაც შეიძლება ქართული პროგრამების ყურებისას უცხო ადამიანს შეექმნას.
პრინციპში, ნებისმიერი ლოგიკით, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი რეალობას შეესაბამებოდნენ… როგორც უკვე აღვნიშნე, შეუძლებელია ქართველი ერი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, მხოლოდ იდიოტებისაგან შედგებოდეს… ასევე შეუძლებელია ყველა ჟურნალისტი და პროდუსერი რაღაც განსაკუთრებულად უნიჭო იყოს! … თითქოს პრეზიდენტის თეთრი მარმარილოს ქანდაკებებისც არ ჩანს ჯერჯერობით რაიონულ ცენტრებში…ჯერჯერობით მაინც.. ძალიან უცნაურია… არა და "ტელე - შთაბეჭდილებები" ზუსტად ასეთია როგორიც ჩამოვთვალე.
ქართული ტელევიზია არ წარმოადგენს ქვეყნის არც ექოს, არც ანარეკლს. საერთოდ საკითხავია, არის კი ის ტელევიზია თავისი კლასიკური გაგებით? იქნებ ეს რაღაც ახალი აუდიო - ვიზუალური ჟანრია, რომელიც სწორედ აქ ჩვენთან, ზეზვასა და მზიას უძველესი კულტურის მიწაზე იშვა...


ვიდეო No News. შალვა ხახანაშვილი 2006

"მაგიური" ფორმულა "მითხარი რა გადაცემას უყურებ და მე გეტყვი ვინა ხარ შენ" საქართველოს კონტექსტში დღეს თითქმის გამოუსადეგარია.
ქართული ტელევიზია უკეთეს შემთხვევაში ქვეყნის მხოლოდ გამრუდებულ სარკეს წარმოადგენს. ასე იყო გასულ სატელევიზიო სეზონში, და როგორც ჩანს ასე იქნება წელსაც -ახალი სეზონის სატელევიზიო პროგრამაში პრინციპული ცვლილებები არც ერთ არხზე არ შეიმჩნევა. ქართული ტელევიზია ისევ საბჭოთა "უძრაობის" ნირვანაშია. არხების რეიტინგი ისევ ორ - სამ რეიტინგულ გადაცემაზეა დამოკიდებული, რომელიც რეალობაზე თუ არა, ზოგადად ქვეყნის გემოვნებაზე ნამდვილად გვიქმნიან აზრს.

ასეთი გადაცემა, პირველ რიგში რა თქმა უნდა პროფილია, რომელის საშემოდგომო დებიუტმა, ქართველო პოპ ვარსკვლავების მონაწილეობით სრული ანშლაგით ჩაიარა.

უნდა ითქვას, რომ რეზონანსი, რომელიც ამ შოუს ყოველ ეთერში გასვლას მოჰყვება ხოლმე, შესაძლოა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდეს, ვიდრე თავად შოუ. ნამდვილი სუ - სურეალიზმია, რომ ასეთი ტიპის გადაცემა ყველაზე სკანდალური იყოს ქვეყანაში, თვით ინტელექტუალურ ელიტაშიც კი.

მსგავსი საეჭვო ხარისხის გასართობ პროგრამებზე, რომლითაც სავსეა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტელე - ეთერი, სერიოზული ტელე კრიტიკა დროს არსად კარგავს. აკრიტიკებენ მხოლოდ გადაცემებს, რომელიც საერთოდ კრიტიკას იმსახურებს... მაგრამ არის კი საქართველოში ასეთი გადაცემები? ერთი, ან ორი შეისაძლოაა იყოს, შესაძლოა ცოტა მეტიც...მაგრამ ისინი სწორედ კრიტიკის არ არსებობის გამო არ ვითარდებიან, არც მრავლდებიან, ამიტომ საქართველო რჩება "პროფილისა" და "ნანუკას შოუს" ამარა. რომელთა კრიტიკა სკოლის თავისუფალი თემასავით ადვილი დასაწერია - არანაირ განსაკუთრებულ ცოდნას და სიღრმეებში წვდომის უნარს არ მოითხოვს. ხოლო ქართული ტელე არხების მეტნაკლებად სერიოზული ფორმატის მქონე გადაცემების ხარისხის შესახებ კი ვერსად ვერაფერს წაიკითხავთ, და ამიტომ მათი რეიტინგი სესაბამისად დაბალია - კრიტიკა, თუნდაც უარყოფითი გადაცემის თავისებური "პრომოა", და მის რეიტინგს შესამჩნევად ზრდის.

ცხადია, აქ საუბარი სამ დიდ არხზეა, რადგან დედაქალაქის პატარა არხების შესახებ - საერთოდ ძნელია რაიმე კრიტიკული აზრი გამოთქმა, მათი გადაცემები უფრო რადიოს ფორმატია ვიდრე ტლევიზიის. ამ არხების შემოქმედება ფაქტიურად ნულის ტოლია. რაც ძალიან დასანანია - ასეა თუ ისე, მათ გააჩნიათ მინიმალური ტექნიკური ბაზა, რომელიც კრეატიული ადამიანისათვის ნამდვილი საგანძურია. მართალია ისინი ძალიამ მცირე ჰერცულ ზონებს ფარავენ, მაგრამ მათ ციფრულ ხარისხს მთელს მსოფლიოში უყურებენ ინტერნეტით.
ტელევიზია არ არის მხოლოდ პოლიტიკური დებატები და კლიპები- რასაც პატარა არხები გვთავაზობენ. რა თქმა უნდა უსახსრობით ბევრი რამის ახსნა შეიძლება. მაგრამ აქ ლაპარაკია იმ სახსრებზე, რომლის მთელ 100 პროცენტი პოლიტიკაზე იხარჯება. შედეგი კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იგივე ბიუჯეტით თუნდაც თოკ შოუთა თემების დიაპაზონი ცოტა რომ გაეფართოვებინათ, პოლიტიკური მოჯადოებული წრიდან გამოსულიყვნენ.

უნდა ითქვას, რომ გრძელი და მოსაწყენი ტელე საუბრებით ძვირფასი საეთერო დროის გულუხვი ფლანგვა ყველა ქართული არხის ავადმყოფობაა.

სწორედ ეს ტელე - მელანქოლიაა მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ყვითელი მასკარადების წარმატების საწინდარი - ამ გადაცემებს უყურებს იმ კატეგორიის მაყურებელიც კი, რომლის ექვივალენტს დასავლეთში არასოდეს მოუვა აზრადაც თავისი დრო არც თუ ისე ცნობილი, და არც თუ ისე საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალების გაცნობას დაუთმოს და მერე, მათ შესახებ საათობით ისაუბროს თავისივე თანამოაზრეებთან, ინერვიულოს, უფრო მეტიც კრიტიკული წერილები წეროს - მათთვის, ვინც ისედაც იცის, რომ ეს გადაცემები ძალიან მარტივად რომ ვთქვათ არ ვარგა.

ქართველი "სერიოზული" მაყურებელი მართლა გულწრფელად განიცდის "პროფილისა" და "ნანუკას შოუ" "პროვინციალურობას, მის დაბალ დონეს. განიცდის არა იმას, რომ საქართველოში საინტერესო კონცეფციის მქონე გადაცემებს ვერ აკეთებენ კარგად, არამედ იმას, რომ მდარე, თუ გნებავთ "გოიმურ" გადაცემებს ვერ აკეთებენ ისე "კარგად", როგორც დასავლეთში.

ეს ძალიან ცუდია. ეს მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს , რომ ქართველი მაყურებლის ხარისხი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. არ არსებობს მაყურებლის სოციალური და ინტელექტუალური "ტელე იერარქია", ყველა ყველაფერს უყურებს, ან უკეთეს შემთხვევაში პროტესტის ნიშნად საერთოდ არ რთავს ტელევიზორს.
მოკლედ სრული "ტელე დემოკრატიაა".

ქართული ტელე კრიტიკამ თავისი ობიექტივის მიმართულება უნდა შეეცვალოს და გაშალოს. უფრო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და შეეცადოს იპოვოს პასუხი სულ რამოდენიმე ლოგიკურ კითხვაზე , მაგალითად რატომ აქვს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს უფრო დიდი რეიტინგი, ვიდრე გოგი გვახარიას "წითელ ზონას", რა არჩევანი აქვს ქართველ მაყურებელს ამ ორ გადაცემას შორის ? ან სხვა, ასევე მნიშვნელოვანია კითხვა - სად და როგორ ყალიბდებიან ქართველი პროდუსერები? ვინ არიან ისინი? საიდან მოდიან, როგორ შოულობენ სამსახურს? სწორედ მათ მიერ მომზადებული გადაცემების წყალობით ტოვებს საქართველო ზემოთ ხსენებულ სამარცხვინო შთაბეჭდილებას "უცხო" მაყურებელზე.

პროდუსერების პროფესიული დონეზე მსჯელობა წესით ტელეკომპანიის მფლობელებისათვის ყველაზე აქტუალური თემა უნდა იყოს... მხოლოდ მფლობელებზე საუბარი ისევ პოლიტიკასთან მიგვიყვანს - არავინ იცის ვინ არიან ისინი, რას წარმოადგენს ეს ქართული "ტელე-მასონური-ლოჟა", რაზე მსჯელობენ როდესაც იკრიბებიან, ან რა რიტუალებს ატარებენ...

ქართული ტელევიზია 100 პროცენტით პოლიტიზირებულია... და სწორედ ეს არის მისი უხარისხობის მთავარი მიზეზი.
საქართველოში არ არსებობს არც ერთი არა ანგაჟირებული არხი. ყოველი მათგანი უზურპირებულია ხელისუფლების ან მისი ოპოზიციის მიერ. ამიტომ შეუძლებელია ისინი რეალურად დამოუკიდებელნი, და აქედან გამომდინარე კრეატიულნი და საინტერესონი იყვნენ, სარკესავით ირეკლავდნენ ქვეყნის რეალობას - რომლის აღწერა, უკვე რამოდენიმე წელია, ტელე არხებმა ძალიან მსუბუქი ბარგივით აკიდეს - არც თუ ისე გამორჩეული ინტელექტუალური მონაცემების 20 - 30 ადამიანს, რომლებსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში აუცილებლად წააწყდებით რომელიმე არხზე, რომელიმე პოლიტიკურ თოქ შოუში.

ისინი თავდაუზოგავად ცდილობენ, იჭინთებიან, იტანჯებიან, ერთმანეთს ჩქმეტენ, კბენენ, მოსახლეობის ნერვებს უკაწრავენ.. მაგრამ მათ ნაჩვენებსა და მონათხრობს რეალობასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო. რადგან ისინი სწორედ პოლიტიკით არიან შებორკილნი, პოლიტიკური ენა კი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს უნივერსალურ ენას რეალობის ასახსნელად. ის საკმაოზე მეტად ლიმიტირებული და მოუხეშავია. ტელე არხები კი ჯიუტად ცდილობენ ამ ქვაზე ამოკვეთილი ბარელიეფებითა და ჯოხივით მოუქნელი ენით, მაინცა და მაინც პოლიტიკური "საქმის გარჩევებით" აუხილონ თვალები ისედაც წლების მანძილზე უძილობისაგან თვალებდაჭყეტილ ქართველ უპრეტენზიო ტელემაყურებელს... სინამდვილეში კი მდარე იმიტაციის რეალობად გასაღებას, თითქოს უხარისხო საქონლის სასწრაფოდ თავიდან მოშორებას ცდილობენ ფასდაკლებით... თითქმის უფასოდაც კი, რადგან თუ მაყურებლის წამებას რაღაც ახსნა მაინც შეიძლება მოვუძებნოთ, ხშირად თითქმის შეუძლებელია მიხვდე გახშირებული ტელე "თვით გვემის" მოტივაციას, რომელსაც ყველა არხი და შესაბამისად მათი ყველა პოლიტიკური მხარდამჭერი მიმართავს.

ქართული ტვ-ის მოქმედების დიაპაზონი ტექნოლოგიურ პროგრესი პარალელურად ფანტასტიური სისწრაფით ფართოვდება, ამიტომ დღეს ქართული რეალობის ამ იაფი იმიტაციით "ტკბობა" , მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გახდა შესაძლებელი. ზემოთ ხსენებული სამი შთაბეჭდილების მისაღებად აღარავითარი ჯადოსნობა აღარ არის საჭირო... პრინციპში არც ტელევიზორთან მიმჯდარი არავითარი უცხოელი - საქართველოს ტელეარხებს ქვეყნის გარეთ არანაკლები რაოდენობის მაყურებელი ჰყავს ვიდრე ქვეყნის შიგნით, რომლის "ხარისხობრივი მაჩვენებელიც" არ უნდა იყოს შემთხვევით არჩეულ უცხოელზე ბევრად დაბალი, თუ არა მეტი, მისი გამოცდილების წყალობით.

სამწუხაროა, რომ ტელემაყურებელთა ამ ნაწილის მნიშვნელობას ჩემი აზრით ადეკვატურად ვერც ერთი ქართული არხი ვერ აფასებს და მას, თითქოს რაღაც ცრემლმორეულ ნოსტალგიურ - ემიგრანტულ ინერტულ კატეგორიში ათავსებს, რომელსაც ქართული ეკლესიების პოლიფონიური სლაიდ - შოუების ყურების მეტი არაფერი აინტერესებს ქვეყანაზე.

რა თქმა უნდა მათი ნებაა - ასე იფიქრონ. მე ვიტყოდი უფრო - მათი პრობლემაა... მაგრამ მაინც ვურჩევდი - ალბათ არც ისე უსარგებლო იქნებოდა ქართული ტელევიზიის მწარმოებლებს, ხანდახან საკუთარი ეკრანებისათვის რომელიმე დასავლურ ქვეყანაში ტელევიზორთან მჯდარი ცნობისმოყვარე უცხოელის თვალით თუ არა, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული იმ ათი ატასობით თანამემამულეების თვალით მაინც შეეხედათ, რომლებსაც საქართველოს ტელევიზია სამშობლოსთან გაუცხოების მტანჯველ გრძნობას კიდევ უფრო უმძაფრებს თავისი დროსა და საკუთარ რეალობას აცდენილი ისეთი აბსურდული მაუწყებლობით , რომელიც ხშირად უცხო პლანეტიდან მიღებული პირველი სიგნალებივით გაუგებარი და ამაღელვებელია.

პ.ქ.

20 ოქტომბერი, 2010
პარიზი

3 commentaires:

Anonyme a dit…

საინტერესო იდეაა "მითხარი რომელ გადაცემას უყურებ, და მე გეტყვი ვინა ხარ შენ!".კიდევ უფრო საინტერესოა ჩვენი ტელევიზიების ანატომია თქვენს სტატიაში.
ნუთუ მხოლოდ ეს ვართ ქართული საზოგადოება(პუბლიკა,
აუდიტორია, ბრბო )
ნანუკების თუ ანუკების შოუს თვალმიშტერებულ-გამოშტერებულები? მარტო ეს ვართ?ამის მეტი სხვა როლი,სახე,მნიშვნელობა ,აზრი არ გვაქვს?რა დაგვრჩენია?რა გავაკეთოთ?რა შევცვალოთ?ნანუკა და მაია იქნებ ჩვენ ვართ და ჩვენი ბრალია?მე საზოგადოება უნდა ვკარნახობდე.მე, საზოგადოებამ დავათვალიერე,რამდენჯერმე ვიყიდე იაფფფასიანი უვარგისი საქონელი ჩინურ მაღაზიაში და მერე არ შევედი.იმანაც ფეხი ვერ მოიკიდა.მე,საზოგადოებამ ვუყურე რამდენჯერმე ნანუკას და ტაში დავუკარი,განვიხილე მეორე დღეს თანამშრომლებთან.იმანაც ფეხი მოიკიდა.დაწყევლილი წრეა

Anonyme a dit…

ერთ შესწორებას შევიტან - მაესტროს რეალითის მძლეთამძლე კი არა, ამტანი ერქვა.

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

დიდი მადლობა, მართალია ეხლა გამახსენდა, არ ვიცი რატომ გადავაკეთე მძლეთამძლედ.