უნიფორმირებული კულტურა.
ომის შემდეგ ახალი ქართული კულტურული პოლიტიკა ოფიციალურად ჩამოყალიბდა - ის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგი გახდა, ფაქტიურად სამხედრო სტატუსი მიიღო. რეფორმამ ამ სფეროში მოღვაწენი - კულტურის გენერლებად, კაპიტნებად, ათისთავებად, გენერლობაზე მეოცნებე კორუმპირებულ ჯარისკაცებად და გასვლით კულტურულ ღონისძიებებზე “საველე სამწვადეებში“ დასაქმებულ მზარეულებად გადააქცია.
საქართველოში კულტურა 100% ით პოლიტიზირებულია. ის საგანგებო სამხედრ მდგომარეობის რეჟიმში ფუნქციონირებს, და მას ერთად ერთი პრიორიტეტი გააჩნია - სამშობლო და მისი მესაჭე.
არასოდეს საქართველოში საბჭოთა პერესტროიკის გარიჟრაჟის შემდეგ კულტურა არ ყოფილა ისეთი კონიუნქტურული, როგორიც დღეს არის- შეიძლება ითქვას, უფრო "ღრმადაც" ონიუნქტურულიც კი, ვიდრე სსრკს დროს. რადგან კომუნისტური პარტიისა და კრემლის სადიდებლად შექმნილი ულტრა მემარცხენე კულტურა ეროვნულად არასოდეს აღიქმებოდა საქართველოში. დღევანდელი ეროვნულ - პატროტულ კულტურა, რომელსაც აშკარად მკვეთრად გამოხატული ულტრა - მემარჯვენე სუნი ასდის, ბევრად უფრო მშობლიურია საშუალო ქართველისათვის, ვიდრე სიმღერები ყოჩაღ პიონერებზე და გამრჯე კოლმეურნეებზე.
კულტურა, საქართველოში ტრადიციულად პირველ რიგში, თითქოს დღესაც ხელოვნებასთან ასოცირდება . სინამდვილეში, სამხედრო-კულტურული კონცეფციის ავტორების პრიორიტეტები მაინც ბურუსითაა მოცული- ძნელი მისახვედრია, ეს დისკო ფეერვერკებია, დაბალი ხარისხის პროპაგანდისტული კინო, თუ ევროპელი კულტურის ჟიგოლოების უბადრუკი პროექტების იმპორტი. თუმცა, არავინ დაობს იმაზე, რომ - გლობალურად, კულტურა არის ზუსტად ის, რაც მესაჭეს გონია. ამიტომ ძირითად მიმართულება პრინციპში განსაზღვრულია - წინ ბრჭყვიალა მომავლისაკენ!
ის სტრატეგიული კულტურა, რომელიც ქვეყნის სამსახურშია - უხვად ფინანსდება. მაგრამ ფასეულს ვერაფერს ქმნის. ხელოვნების წარმოება ფაქტიურად არ ხდება, ამიტომ ეს ბიუჯეტი ძირითადად ხმარდება იმპორტ-ექსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ფაქტიურად არაფერია მტვრიანი კინოფილმების, ფიროსმანისა და პოლიფონიის გარდა. ასეთი კულტურის პოლიტიკა შეუძლებელია პროდუქტიული იყოს. ხელოვნება, რომელიც რაიმეს, თუნდაც ყველაზე დიად მიზანს ემსახურება კარგავს თავისუფლებას. ასეთი ხელოვნება რომ მაღალ ხარისხში აიყვანო და ნაციონალურ კულტურად აქციო, ამისათვის დიგა ვერტოვი, მაიაკოვსკი ან კალატოზოვი უნდა იყო. სამწუხაროდ ასეთი საქართველოში მსგავთან მიახლოებულიც არავინაა. პერსპექტივაც აბსოლუტურად უიმედოდ გამოიყურება.
ხელოვანს, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ოდნავ მაინც მიიქცევს, უკვე ემბრიონალურ მდგომარეობაში ხდიან კორუმპირებულს და ის კულტურის “ვიკიდიში“ ხდება. კორუფცია მას ზუსტად იმ დოზით ასაზრდოებს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ შიმშილით სული არ გაძვრეს: მას საშუალება ეძლევა მცირე ჰონორარის საფასურად აბსოლუტურად სტანდარტული უინტერესო სტატიები აქვეყნოს კონიუნქტურულ პრესაში, იმუშაოს “დიდი სამეულიდან“ ერთ რომელიმე ტვ არხზე, ან პატრიოტულ კულტურულ ღონისძიებებში ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა.
ეს "ჰონორარები" დაახლოებით იგივეა, რაც დასავლეთში უმუშევრობის შემწეობა. მაგალითად ფრანგული “რმი", რომელიც ფრანგ ახალგაზრდა არტისტებს, მწერლებს, მუსიკოსებს სულის მოთქმის საშუალებას აძლევს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ან უპროფესიო ადამიანს.
ეს მიზერული თანხა მისთვის ერთგვარი გარანტია, რაღაც შანსია, რომ მანამდე მაინც დარჩეს ერთგული თავისი არტისტული საქმიანობის, არჩევნის, სანამ საბოლოოდ გაარკვევს უღირს თუ არა საერთოდ არტისტის კარიერა იმათ, რომ მსხვერპი გაიღოს. საქართველოში არა თუ არტისტებს, შემწეობის მიღება უპოვარ მოხუცებს უჭირთ.
ამიტომ "რა ქნას" 20 წლის ღატაკმა პოეტმა? - ის ქმნის ას ლარიან ხელოვნებას, ანუ «პოეზიას“, რომელსაც ზუსტი ფასი აქვს - შტრიხკოდით. აქ არტისტი კვდება. მას გორგალაჭებიან რკინის საწოლზე აწვენენ. ფეხის ცერზე კანაფით პატარა კარტონს შეაბავენ მისი ანკეტური მონაცემებით, და აგორავებენ თბილისსა და ბათუმს შორის სამარშუტო გვამივით.
გულისმომკვლელი თვალყურის სადევნებელია, თუ როგორ ტრანსფორმირდებიან საქართველოში «პოეტები ლექსის ჩარჩებათ «(ტიციან ტაბიძე), ექს-ავანგარდისტი მხატვრები კურატორებათ, როკერები წვრილ ფუნქციონერებათ.
ითვლება, რომ ეროვნული კულტურა პირველ რიგში, არქიტექტურასა და დეკორაციაში აისახება. თბილისსა და ბათუმში კონცენტრირებული თანამედროვე ქართული “ჩარჩული“არქიტექტურის ნიმუშებში მართლაც სარკესავით ირეკლება თანამედროე ქართული კულტურული ტრაგედია. თუმცა ის არქიტექტურის გარდა, თითქმს ნებისმიერ კლტურულ მანიფესტაციაში შეგვიძლია დავინახოთ.
მაგალითად სექტემბრის ბოლოს ლონდონში დაგეგმილი ქართული კინოს რეტროსპექტივის პროგრამაში - მასში ძირითადად როგორც ყოველთვის საბჭოთა ეპოქის კინოა წარმოდგენილი. სრულიად მარტივი მიზეზის გამო - სხვა ქართული კინო უბრალოდ არ არსებობს - ბოლო ოც წელიწადში ბევრი არაფერი შექმნილა: კალატოზოვი, აბულაძე, კობახიძე. გიორგი შენგელაია. ერთად ერთი თანამედროვე ფირი «გაღმა ნაპირი«(გიორგი ოვაშვილი) , რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტი, და რა თქმა უნდა იოსელიანის ფრანგული კინო, რომელსაც ისევ ქართულს ვეძახით და ამით საერთაშორისო ფორუმებზე იოლად გამოვდივართ.
თუმცა, თანამედროვე კინოს ჩამონათვალში მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ქართულ რეალობას - ეს არის ნინო კირთაძის «ცოტა რამ საქართველოს შესახებ« სადაც საქართველოს შესახებ მართლაც ძალიან ცოტა რამ არის მოთხრობილი, სამაგიეროდ მასში ისევე, როგორც დღევანდელ ქართულ რეალობაში, თითქმის მთელი სასიცოცხლო სივრცე პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ მთავარსარდალს უჭირავს.ქართველი მაყურებლისათვის ამ თვალსაზრისით ფილმს შესაძლოა გარკვეული წლების შემდეგ ერთგვარი დოკუმანტალური ფასეულობა მართლაც დაედოს. თუმცა სამწუხაროდ, უცხოელი მაყურებლისათვის ის დღესაც ძალიან თხრობითია.
ქართული კულტურის ყაზარმულ - დისკო რეჟიმში ფუნქციონირება საქართველოსათვის დამღუპველი შედეგებით დამთავრდება - რადგან კულტურა სწორედ იმ შარმს აყალბებს, რისი წყალობითაც საქართველომ გასულ საუკუნეში მიუხედავად წითელი ოკუპაციისა, რაღაც საერთაშორისო სახე შეიძინა. . მაგრამ ის შარმი ნელ ნელა წარსულს ბარდება , მისი ჩანაცვლება ფაქტიურად არაფრით არ ხდება - როდემდე შეიძლება ერთიდა იგივე კინო რეტროსპექტივის ჩვენება? სპექტაკლი რა დიდებულიც არ უნდა იყოს, უნდა გამოიცვალოს, თორემ ერთ მშვენიერიერ დღეს დასს ცარიელ დარბაზში მოუწევს თამაში და თეატრი დაიშლება.
საქართველოს კულტურის სტრატეგია სჭირდება და არა სტრატეგიული კულტურა.
კულტურის სტრატეგია კი ძალიან მარტივი განსასაზღვრია - ქვეყანამ ელემენტარული საარსებო სივრცე უნდა შეუქმნას ხელოვნებას, და მას შემოქმედებითი დამოუკიდებლობა მისცეს. ქვეყანაში სადაც არ არსებობს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი შეუძლებელია თანამედროვე ხელოვნება განვითარდეს, რადგან ესეთი ხელოვნება მხოლოდ იმ ქვეყნებში ვითარდება, სადაც სახელმწიფო უანგაროდ ეხმარება ხელოვნებას, არ იღებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ თუ ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, როგორც ამას საქართველოს კამუფლაჟიანი უნიფორმირებული კულტურის პოლიტიკის მომხრენი ითხოვენ.
მათი რკინის არგუმენტი კულტურის დაფინანსების წინააღმედგ ? - "რატომ უნდა გადავუხადო ჩემი ჯიბიდან ვიღაც უნიჭო მხატვარს, ან პოეტს"? ძნელი წარმოსადგენია რომ 21 საუკუნის «ევროპა მოვლილ« ინტელექტუალს" არ ესმოდეს, რომ მისი ჯიბიდან ამოღებული გროშები უკვე აღიარებულ «პიკასოს« არაფერშიჭირდება.
მაგრამ თუ მას ჯიბეში ხელის ჩაყოფა უჭირს - ასობით თუნდაც «უნიჭო«(ვინ ადგენს?) არტისტის დასახმარებლად, მის ქვეყანას პიკასო არასოდეს არ ეყოლება . საქართველო თავის შარმს საბოლოოდ დაკარგავს, კარგად მოასფალტებულ დისნეილენდად გადაიქცევა… და მოკვდება.
Paata KOURDADZE
20. 09.2010 Paris
1 commentaire:
ჯერ წავიკითხე თქვენი"ჯვარცმა",მერე "სიბრძნე სიბრიყვისა",მერე "წითელ ზონაში"მოგისმინეთ(ახლახან),ასევე-"მედიტაცია სიძულვილზე",დაბოღმილზე:)არამარტო აზროვნების მიმდინარეობა მხიბლავს,ინფორმაციულად საინტერესო მასალაა.ასეთი მაღალი განსწავლულობის პირობაზე კარგია,რომ არ უფრთხით ემოციებს(როგორც წესი ინტელექტუალებს ტექსტებში მოზომილი ფსევდო მეცნიერულობა და ობიექტურობა ტანჯავს:) რაც შეეხება სტატიას ქართული კულტურის უნიფიცირებაზე - გააზრებული მორჩილებით გეთანხმებით:)
Enregistrer un commentaire