30 septembre 2010


სიბრძნე სიბრიყვისა

'' სპექტაკლის საფუძველში ჩადებული სისასტიკის ელემენტის გარეშე - თეატრი შეუძლებელია.
დეგენერაციის იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. კანის ფორებიდან უნდა შემოვუშვათ ჩვენს სულებში მეტაფიზიკა .''
"სისასტიკის თეატრი" . ანტონინ არტო




1.
გასული საუკუნის კაცობრიობის მიღწევებიდან, ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება წერა კითხვის გავრცელების დემოკრატიზაცია ჩაითვალოს, აგრეთვე პოპ კულტურის შექმნა.

უამრავი დრო, ენერგია და სახსრები დაიხარჯა იმისათვის, რომ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც ჩვეულებისამებრ "უბრალო" ხალხს უწოდებენ, წერა კითხვა შეესწავლა და საკვირაო წირვის შემდეგ ბაზრის ჯამბაზების წარმოდგენებისაგან ნამდვილი სოციალურ-კულტურული ფენომენი - პოპ კულტურა შეექმნა. რომელსაც მაშინვე ჯერ პატარა, მერე კი დიდი პოპ ვარსკვლავები მოჰყვნენ.

პოპ კულტურამ თავის მხრივ ახალი ტიპის - პოპ მომხმარებელი აღზარდა. რომლებიც 90 იანი წლებიდან მსოფლიოს მართვის სადავეებში, პოლიტიკაში გამოჩნდნენ. ისეთი ადამიანები მოგვევლინნენ პრეზიდენტებად, რომლებსაც ახალგაზრდობაში მთლად ლსდ - ისა და "ველვეტ ანდერგრაუნდის" თუ არა მსუბუქი პლანისა და "ბითლზების" გემო მაინც ჰქონდათ გასინჯული . ეს თვისობრივად ახალი მოვლენა იყო: როკე ნ როლ - გენერაცია პოლიტიკაში - უსახური არა ეროტიული არივისტი, რომელმაც პოპ კულტურა პოლიტიკურ მეთოდად აქცია, და მის გამოყენებას შეუდგა - თავად შეეცადა გამხდარიყო , მიკ ჯაგერიც და ჯონ ლენონიც... და გახდა კიდეც - ყველაზე დიდი ვარსკვლავი!

90- იან წლებში წარმოქმნილი პოლიტ-პოპ კულტურა კოსმიური სისწრაფით "განვითარდა" - დღეს თვით რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინიც კი , რომელსაც ნებისმიერ სხვა ეპოქაში ძალიან მარტივად ტირანსა და დიქტატორს დაარქმევდნენ - სწორედ პოპ ვარსკვლავის სტატუსით აღიქმება როგორც თავის ქვეყანაში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ არიან კარგი და ცუდი პოპ ვარსკვლავები. პუტინი ცუდების კატეგორიას მიეკუთვნება: ასეთებს, დასცინიან, როგორც ABBA - ს, მაგრამ მათი რეიტინგი მაინც უსწრებს როლინგებისას.

2000 იან წლებში პოლიტიკური პოპი ნამდვილ პოლიტ შოუბიზნესში გადაიზარდა. გარდა მეგა ვარსკვლავებისა. გაჩნდნენ უამრავი მომცრო, პატარა და სულ ერთი ციცქნა ლოკალური ვარსკვლავები, უფრო სწორედ მეტეორები, რომელიც ისე სწრაფად ჩაგიქროლებენ გვერდით რომ წესიერად ვერც კი ასწრებ მის აღქმას. ასეთები განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში მომრავლდნენ, როგორიც ჩვენი ბრჭყვიალა დისკო სამშობლოა.

პოპ კულტურამ და წერა კითხვის ფართოდ გავრცელებამ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ფსიქიკა - მგელს აღარავინ უკითხავს თავზე სახარებას, რადგან მან რამოდენიმეჯერ უკვე ყურადღებით მოისმინა, მერე თავად ისწავლა კითხვა, მასწავლებელი გადასანსლა, სახარება იღლიაში ამოიჩარა და ისევ ტყეს დაუბრუნდა. სადაც ასევე იღლიაში სახარება ამოჩრილი სხვა მგლები, დათუნიები, მელაკუდები, ჩიტები და ჩიორები დახვდნენ. ბუს სათვალიანი ელეგანტური სტილი სისწრაფით გავრცელდა და სულ რამოდენიმე ათეულ წელიწადში ტყემ ცივილიზებული სახე მიიღო: მისი ბინადარნი უხეშ გრძნობებიანი უბრალო ბრბოდან წერა კითხვის მცოდნე სტატისტიკურ მასად გადაიქცნენ, ისწავლეს გრძნობების გადარჩევა, გადახარისხება, მათი განუწყვეტელი გამომზეურებისაგან თავის შეკავება - სიფრთხილე, ემოციების კონტროლი.ი.

Wolf boy- Painting on vellum, XVI century

ამასთან, იღლიაში სახარება ამოჩრილმა მგელმა თავის დაჭერაც ისწავლა, თითქოს მასში მართლაც შეიცვალა არსებითად ყველაფერი - თითქოს საკვებად სისხლიანი ხორცის ნაცვლად "სახარებაში" ამოკითხული სიტყვებით და სასვენი ნიშნებით იკვებებოდეს. ყოველივე ამას ცივილურობა დაარქვა. და გადაწყვიტა, რომ საკუთარი უხეში თუ ნაზი გრძნობის გაუკონტროლებელი და ხშირი ჩვენება იმ მოსაწყენ ეპოქაში აბრუნებს, რომელშიც არც პოპ კულტურა ჯერ კიდევ არ არსებობდა, თავად მას, კი- ჯერ კიდევ "უბრალოს", გულუბრყვილოდ გულახდილსა და გულღიას თავზე დაუმთავრებელ სახარებას უკითხავდნენ... და მან ფრთხილად შეაბიჯა 21 საუკუნეში .

გასული ასწლეულის მესამე დიდი მონაპოვარი უხეში გრძნობების დამალვაა.
უნდა ითქვას რომ წერა კითხვის მცოდნე სტატისტიკური მასის დიდ ნაწილში, დროდა დრო ფუნდამეტალური სისხლისმსმელი ინსტინქტები მაინც იღვიძებს. თანამოძმეებთან და "თანამოდაებთან" ერთად თავისი სოფლისა თუ ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართული ეშაფოტის გარშემო ისევ უნდებათ დროდადრო ჯოგად შეკრება - ჯალათის მიერ ოსტატურად მოქნეულ ნაჯახის სისინს აკომპანიმენტად - სისხლს მოწყურებული ყმუილი რომ შეაშველონ შეაშველონ. მერე სახლში დაბრუნდნენ, CNN და Euro News შეხედონ, დარწმუნდნენ, რომ მსოფლიოში სხვაგანაც არიან მათსავით სისხლის მოყვარული უბრალო კეთილი გულის ადამიანები, რომელებსაც ასევე გააჩნიათ სახლში წვრილი ბურჟუას სტატუსის დამადასტურებელი აუცილებელი სრული "ინტელექტუალური პაკეტი" - მოცარტის მე - 40 სიმფონია, "პავაროტი და ფრენდები", აგრეთვე ანდრე რიუს ვალსები , სეილებზე 10 ევროდ ნაყიდი ნაზი იმპრესიონისტების რეპროდუქციების დიდი ალბომი, კედელზე ვერჰოლოს მონრო... კარგი მანერები, ნატიფი მოვლილი თითები, ნაზი კანი... ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ იღლიაში ამოჩრილი სახარებაა. "ინტელექტის" ეს აუცილებელი პაკეტი სულაც არ წარმოადგენს ცივილურობის დამადასტურებელ არგუმენტს. რადგან ცივილურობა - უფრო გრძნობების მოთოკვის ხელოვნებაა, რომელიც ზოგ ქვეყანაში განსაკუთრებით დასავლეთში ფართოდ არის გავრცელებული, ზოგში კი, განსაკუთრებით აღმოსავლეთსი (მაგალითად რუსეთსა და საქართველოში) -არა.

მაგალითად - როდესაც ლონდონის მეტროში სამსახურში მიმავალ საშუალო თეთრკანიან ინგლისელს, სხვა საშუალო შავკანიანი ინგლისელი კოჟრიან ფეხზე შემთხვევით დააბიჯებს, ვერავინ დადგება გარანტად, რომ თეთრკანიანი სიმწრისაგან გულში, ასე ვთქვათ - ცუდს არაფერს გაივლებს ამ "გორილების ბინძურ რასაზე". მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამას ხმამაღლა არ იტყვის, პირიქით სიმწრის ოფლს მწარე ღიმილით მოიწმენდს და აქეთ მოუხდის ბოდიშს ფეხის უადგილო ადგილზე დადებისათვის.

საქართველოში კი ჯერ კიდევ არა მარტო ვფენთ ჭუჭყიანი საცვლების, აპლოდისმენტებს ველოდებით, და ხშირად ვიღებთ კიდეც. ხოლო თუ ვინმემ შენიშვნა მოგვცა, ჭუჭყიანი საცვლებისა და გულახდილი სიბრიყვის ნამდვილ ბეენალს ვაწყობთ.

მაგალითად - როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არა მარტო თავისი სტატუსის, არამედ კულტურული ადამიანისათვის აბსოლტურად შეუფერებელ ფრაზას ამბობს ველური ზანგების შესახებ ( ჩვენ რა ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?) მისი პრეს სამსახური მეორე დღესვე კიდევ უფრო მეტი უბრალოებით აცხადებს , რომ ეს არ ყოფილა ნათქვამი რასისტულ კონტექსტში, რომ ეს ფრაზა ქართული "ფოლკლორიდან" არის. და პრეზიდენტსაც აქვს მისი გამოყენების უფლება... შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა შეიძლება გამოიყენოს ის უამრავი ხალხური იდიოტური გამოთქმა რომლითაც ასე კარგად ვართ ეკიპირებულნი ლაზღანდარობის მოყვარული ქართველები? მაგალითად ერთ დღეს ოპოზიციაში გადასულ თანაგუნდელებს რომ პედერასტი მოღალატეები უწოდოს, ეს რა თქმა უნდა ჰომოსექსუალებს არ უნდა ეწყინოთ, რადგან სულაც არ იქნება ჰომოფობიურ კონტექსტში ნახმარი. ის, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტივით უნდა საუბრობდეს და არ უნდა "ბლატაობდეს" როგორც ჩანს მისი პრეს სამსახურისათვის სრულიად უცნობია - რადგან, პრინციპში... პრეზიდენტიც ხომ ადამიანია... ადამიანები კი განსაკუთრებით ასეთი უბრალო მაგრამ წერა კითხვის მცოდნენი, ხშირად იგინებიან, ხმარობენ ათასგვარ არა ნორმატიულ გამოთქმებს, როგორიც არის პედერასტი, ჩათლახი, ბოზი, ველური ზანგი და ა.შ...

პრეს სამსახურის მიერ გაცხადებულმა ოფიციალურმა ვექტორმა 2010 წლის საქართველოს სისულელეების საზაფხულო პოპ - ფესტივალს გენერალური მიმართულება მისცა. თანაც ისეთი ელეგანტური თავის ქიცინით, რომ თავად დავეჭვდი იქნებ მართლაც არ არის ეს გამონათქვამი შეურაცხმყოფელი "ველური ზანგებისათვის" ? და პირველად ჩემს სიცოცხლეში საკუთარი გამოკითხვა ჩავატარე (პარიზში) - ოჯახში, კაფეში, მეტროში, გარაჟშიც კი - როცა მანქანა დავამტვრიე . დაახლოვებით 30 მდე სხვადასხვა ასაკის , ფერის, სოციალური თუ ფსიქიკური მდგომარეობის ადამიანს ერთი და იგივე კითხვა დავუსვი - "Pourquoi on fait ça ? On est quoi, des noirs ? Pourquoi nous nous comportons comme des sauvages ?"(რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ რა შავები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?) თანაც , ობიექტურობისათვის ფრანგულად სიტყვა ზანგის (Nègre) ყველაზე რბილი თარგმანი ვიხმარე "noir", შავი. გარდა ამისა არავისთვის მითქვამს, რომ ეს ფრაზა საქართველოს ან საერთოდ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის. უბრალოდ ვეკითხებოდი იყო თუ არა ეს ფრაზა რასისტული.

პასუხები გაჭრილი ვაშლივით წააგავდა ერთმანეთს - ყველამ აღნიშნა, რომ ძნელია უფრო რასისტული ფრაზა მოიფიქრო. მხოლოდ ერთმა მითხრა: რა კარგი ნათქვამიაო... ჩემს სპორტულ კლუბში ერთი ძალიან გამხდარი ტატუირებული თავგადაპარსული ბიჭია - თავს იკლავს სიმძიმეების წევით ... ეტყობა ერთი სული აქვს „სირისტიანი“ დებილისგან რაც შეიძლება მალე გარდაიქმნას დაკუნთულ დებილ სკინ ჰედად.

ამ "გამოკითხვამ", კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ფრანგებსა და დანარჩენ ევროპას ერთი და იგივე, ხოლო ქართველებს სრულიად განსხვავებული კრიტერიუმები გააჩნიათ რასიზმთან დაკავშირებით. ასეთ ფონზე, პრეზიდენტის პრეს სამსახური უბრალოდ შეცდომაშია შესული, თუ მართლა ფიქრობს, თითქოს მათი ხელისუფლების ღირებულებები ევროპულთან არის სინქრონიზებული.
პრეზიდენტის ეს გამოთქმა კატეგორიულად რასისტული იყო.

ამ თემაზე ლაპარაკი სასაცილოც აღარ არის. არც სატირელი. ხოლო ვისაც მაინცა და მაინც ამ თემაზე სიცილი სურს ევროპაში სტუმრობისას ნებისმიერ კონტექსტში შეუძლია იხმაროს ეს ორი სიტყვა - ზანგი და ველური... მერე, ამტკიცოს რომ რასისტი არ არის და თან იტიროს რამდენიც უნდა - ამის საშუალება ნამდვილად ექნება. მთავარი აქ ისიც კი არ არის მართლა რასისტია თუ არა პრეზიდენტი. არც ის, რომ იგი ძალიან უბრალო ადამიანია და საკუთარი გრძნობების გაკონტროლება ჯერ ვერ ისწავლა. ასეთი რამ ყველგან ხდება. მაგალითად ბერლუსკონი - ისიც ძალიან უბრალო სულის კაცია . მაგრამ არავის მოუხსნია სამსახურიდან იმის გამო, რომ ბარაკ ობამას "ზაგარი შეშურდა". თუმცა არც უმბერტო ეკო გამოსულა თავისი კლოუნი პრეზიდენტის თავგადაკლულ დამცველად , ისე, როგორც მისი ქართველი "ექვივალენტი"... სამაგიეროდ , ამ ინციდენტმა მისი ზნეობრივი და გონებრივი მონაცემების ისედაც მძიმე რეპუტაცია კიდევ უფრო ქვევით დასცა - აგრეთვე ძალიან შეაწუხა საკუთარი ქვეყნის დიდი ნაწილი. ადვილი წარმოსადგენია იტალიელ ბებერ კაზანოვას ობამას კანის ფერი "ველური სექსი ფერით" რომ დაეხასიათებინა რა მოხდებოდა.. საერთოდ კი, კი უნდა ითქვას - ბოლოს და ბოლოს, იტალია იმის და მიუხედავად, თუ სილვიო რა სისულელეს იტყვის, უკვე ნატოს წევრია; ამასთან არავისთვის არ წარმოადგენს საჭიროებას გაარკვიოს, ეს ქვეყანა - ევროპაა, აზია თუ ნავთობისა და გაზის მილების გასწვრივ აშენებული რაღაც გაუგებარი მთაგორიანი დასახლება, როგორიც საქართველო ევროპელთა დიდ ნაწილს წარმოუდგენია.

საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტი ზუსტად სილვიო ბერლუსკონის მეთოდით შეეცადა თავის დაძვრენას თავიანთი პოპ ვარსკვლავის აროგანტულობიდან - და ზუსტად სილვიოსავით იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა - არავინ ფიქრობს რომ ბერლუსკონი რასისტია, მაგრამ მის გონებრივ შესაძლებლობებსა და გამბედაობას, მის კლასს, რასაც ქართულად თუ გნებავთ პოლიტიკური ვაჟკაცობაც კი შეიძლება ვუწოდოთ, კიდევ ერთხელ, თუ არა საბოლოოდ გადაესვა ხაზი. პრეზიდენტის რეპუტაცია ქვეყანას ეკუთნის და არა ინდივიდს, რომელსაც ეს თანამდებობა უკავია.

ჩვენ კი გამუდმებით თავს ვიძვრენთ ჩვენს მიერ განხორციელებული ვერბალური აგრესიაზე პასუხისმგებლობისაგან ინფანტილური ცრემლის მლაშე გემოიანი ასეთი ფრაზით :
-პრეზიდენტი რასისტი არ არის!
.. ღმერთო ჩემო? რა თქმა უნდა არ არის . ის რომ რასისტი იყოს მსოფლიოს დიდ ნაწილში, უკვე სამართლის თუ არა, საერთაშორისო სიძულვილის ისეთი ობიექტი მაინც გახდებოდა , როგორიც აღვირახსნილი ანტისემიტი აჰმადინეჯადია. სამაგიეროდ მისი გამონათქვამია რასისტული და ეს საკმარისია იმისათვის რომ შეცდომა - ბოდიშის მოხდით თუ არა, ცოტა უფრო გონებამახვილური ახსნა განმარტებით მაინც გამოსწორებულიყო, ვიდრე ეს პრეზიდენტის კაბინეტმა გააკეთა, და არ შეექმნა საქართველოში ქსენოფობიის ბანალიზაციის კიდევ ერთი პრეცედენტია.
როგორც ცნობილია პოპის მეგა ვარსკვლავის წამოროშილ სისულელეს გაცილებით მასშტაბური ნეგატიური რეზონანსი მოჰყვება, ვიდრე იდეოლოგების მიერ დაწერილ კონსპექტივით მოსაწყენ სტატიებს, რომლებსაც მაინც არავინ კითხულობს. საქართველოს პრეზიდენტი კი თავისი მასშტაბურობით, რეიტინგით - თვით პოპის აღიარებულ მეფეს, განსვენებულ მაიკლ ჯექსონსაც კი უსწრებს. ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს- საბრალო ჯექსონმა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეძლო ტელე არხების ეთერის მონოპოლიზაცია, ისიც სულ რაღაც ათიოდე დღით, ჩვენი პრეზიდენტი კი უკვე მეექვსე წელია ლაივ რეჟიმში ცხოვრობს და საშუალო ქართველი, წერა კითხვის მცოდნეც და უცოდინარიც, მას გაცილებით უფრო დიდი დოზით ხედავს ვიდრე საკუთარ მეუღლეს.

2
ქართველები პლაგიატი ერი ვართ - ამ თვისებამ ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად ბევრჯერ განადგურებას გადაგვარჩინა . თუმცა ჩვენთვის დამახასიათებელი გადაჭარბებული პლაგიატი ხშირად ნარკოტიკის ოვერდოზასავით მოქმედებს და ნელ ნელა ბებერი ტოქსიკომანივით გვანადგურებს. პრეზიდენტი როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი პოპ ვარსკვლავია საქართველოში - მას აურაცხელი ფანი ჰყავს, განსაკუთრებით "გრუპი" ქალები, რომლებიც ისე არიან ჩასაფრებულნი ტელევიზორებთან მისი ყოველი ჟესტის, ყოველი სიტყვის დასაჭერად, როგორც განსვენებული პრინცესა დიანას ფანები სასტუმრო "რიცის" წინ. რა თქმა უნდა ამ "ჩასაფრების" მთავარი აზრი ის არის, რომ ეს ჟესტები პირველებმა მოსდონ სხვა ფანებსა და გრუპი ქალებს, იმათ თავიანთ ქმრებს, შვილებს საყვარლებს... ეს კლასიკაა პოპ ვარსკვლავის ცხოვრებიდან .

განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ დასავლელი პოპ ვარსკვლავებს თუ თავად არ ყოფნით ჭკუა რომ საკუთარი ბრიყვული ცნობიერების ნაკადი გააკონტროლონ, ამისათვის უამრავი მრჩეველი ყავთ - ბავშვმაც კი იცის, რომ წამოროშილი სისულელეების რაოდენობა პირდაპირ პროპორციულია რეიტინგისა, რაც პოპ ვარსკვლავისათვის არც მეტი არც ნაკლები ჟანგბადია. საქართველოს პრეზიდენტის კატასტროფულად არაკომპეტენტური მრჩევლები კი ჩემი აზრით არა თუ ასეთი "რანგის" პოპ ვარსკვლავის - განმუხურის ბანაკის ახალგაზრდა პატრიოტთა ანიმატორის მრჩევლადაც ვერ გამოდგებიან. ასე რომ, პრეზიდენტის ყოველი აროგანტული გამოსვლა პირდაპირი მნიშვნელობით ჯაჭვური რეაქციასავით რბილ. მაგრამ ყოვლისმომცველ ვიბრაციას იწვევს იღლიაში სახარება ამოჩრილ ქართველ ტყის ბინადარ პლაგიატთა რიგებში - ამ მოვლენაზე დაკვირვების ყველაზე მარტივი საშუალება სოციალური ქსელი ფეისბუკია.

საქართველოს ყველაზე მთავარი პრეს სამსახურისა და სამი ყველაზე დიდი ტელე არხის მიერ ქსენოფობიური გამოთქმის ლეგალიზაციამ, ალბათ სულ რაღაც ერთი მილიმეტრით კიდევ გაზარდა ბზარი ჩვენს ეროვნულ ბოღმის დაგუბებულ კაშხალზე. არა მგონია, ეს ნაპრალი ოდესმე ისე გაიხსნას რომ იქიდან გადმოხეთქილმა გაუკონტროლებელმა აგრესიულმა გრძნობებმა გასული საუკუნის გერმანიასავით წალეკოს საქართველო - ჩვენ, უფრო მოლაზღანდარე და პლაგიატი ერი ვართ, ვიდრე რასისტი - იდეოლოგიის ჩამოყალიბებას ვერ ვასწრებთ - გვბეზრდება ერთი და იგივე იდეაზე დიდი ხნით შეჩერება და მადლობა ღმერთს ამისათვის! მაგრამ სამწუხაროდ განვითარებასაც ვერ ვახერხებთ, რადგან ჩვენს შეცდომებზე, თუნდაც ვერბალურზე, პასუხისმგებლობას ჭირვეული ჯიუტი ბავშვებივით გავურბივართ - ჩვენი პერმანენტული პრანჭვა ყოველთვის დეპრესირებული თვითგვემით მთავრდება. ამასთან, პრანჭვა-გვემის ამ ციკლიდან გამოსვლა ჩვენ თავად არ გვსურს - ეს პრეზიდენტის ლექსიკისათვის შეუფერებელი აბსოლუტურად ბრიყვული რამდენიმე სიტყვა, გაცილებით ნაკლებად ყურადსაღებია, ვიდრე მისი არსის ბანალიზაცია. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლების რეალურ სარკეს უნდა წარმოადგენდეს - ანუ მას ყოველდღიურ დეფექტებს აჩვენებდეს - პირიქით, რაღაც ჯადოსნური სარკეს ფუნქციას, სადაც ადამიანი იმას ხედავს რაც სურს, და არა იმ რეალურ დეფექტებს რომლის კორექტირება ყოველდღიური დილის ტუალეტის ნაწილია ნორმალური ადამიანისათვის.

მე მხედველობაში ქართული ინტელექტუალური და განსაკუთრებით არტ საზოგადოება მყავს - რომელიც გაცილებით ნაკლებად იყენებს ხელოვნების ენას ვიდრე საბჭოთა ტირანიის დროს იყენებდნენ. არასოდეს ქართული სახელოვნებო საზოგადოება ასეთი კონიუნქტურული და მორჩილი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით გაოპოზიციონერებულ არტისტებს, რომელთა ენას იმდენივე აქვს საერთო ხელოვნებასთან რამდენიც ხელისუფლების უნიჭო "გარემოების ბენდის საყვირებს". თუ ეს ადამიანები იმ ხერხებით არ აუხელენ ქვეყნის დაბრმავებულ ხელმძღვანელობას და საზოგადოებას თვალს, რომელიც მათი ძირითადი იარაღია, და ფუნქციონერების საკანცელარიო ლექსიკით შეებრძოლებიან უსამართლობას, ცხადია ყოველთვის დამარცხდებიან. პირველ რიგში კი საზოგადოება დამარცხდება - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, არტისტებიც, მეძავებიც და თუ გნებავთ ციხეში გამომწყვრეული ქურდები და ავაზაკებიც.

საქართველო თვალსა და ხელს შუა ბოროტდება.

ამის ჩვენება, მოთხრობა- რაიმე არტისტული ნიმუშით შეუძლებელია, რადგან საქართველოში რეალობასთან სინქრონიზირებული ასეთი არაფერი არ არსებობს - შორის პირველ რიგში თანამედროვე ხელოვნება, ფაქტიურად სრულიად გამოუსადეგარია, რადგან ის ან მდარე პროპაგანდით აყალბებს რეალობას, ან მის ზუსტ კალკირებას აკეთებს - ქართული ხელოვნება აღარ არის კრისტალი, რომელშიც სხივი სპექტრად იშლება. ის მხოლოდ გამჭვირვალე შუშის ნატეხია.

3.
იშვიათად თუ უჩვენებია ვინმეს ადამიანების გაბოროტების პროცესი ისე კარგად, როგორც ამერიკელ რეჟისორ ბობ ფოსს- თავისი "კაბარეს" ცნობილ სცენაში, სადაც გერმანული სოფლის პასტორალური სინაზე, სულ რაღაც ორ წუთში ჯოჯოხეთურ, სვასტიკიან შემაძრწუნებელ უხეშობაში გადადის (სცენა - "Tomorrow Belongs to Me" - Cabaret. Bob Fosse. 1972).


კარგ მანერებიანი, ნაზ ხელებიანი და გრძნობებიანი ქართული ფეის- ბუკის ჩემი "ფრენდების" ძალიან დიდი ნაწილი , ფაქტიურად ამ ეპიზოდის სრულ იმიტაციას ახდენს ყოველ დღე - დილას ნაზი წკრიალა ხმით იწყებს სიმღერას, ღამე კი მარშების ღრიალით ჩახლეჩილი ხმით, დაღლილი, გაბოროტებული იძინებს ხველებ ხველებით... თავისი უხეში გრძნობები ჭუჭყიანი საცვლებივითა აქვს მიყრილ მოყრილი ამ ეგზიბიციონისტთა საოცარ ვირტუალურ სამოთხეში.

ბოროტებისა და გესლის გულუხვი ნთხევა იწყება განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსეთს შეეხება, ამ დრო გამუდმებით იგრძნობა საკუთარი უხეში გრძნობების გამოფენის ჯერ კიდევ შემორჩენილი პულსაციის სიმძლავრე და ერთსულოვნება - ნებისმიერი პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად - ვირტუალური ეშაფოტებისაც და გილიოტინების ელვის სისწრაფით აღმართვის ხელოვნების წარჩინებული ცოდნა.

მორალური თვალსაზრისით რუსების ლანძღვა ერთად ერთია, რაც არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება - კონკორდატი იმის შესახებ, რომ რუსოფობია არ არის ქსენოფობია, საიმედოდ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმულია, ფაქტიურად ყველა ანტაგონისტი მხარის მიერ - იქ კი როგორც ჩანს, წერია, რომ კანის ფერის მიხედვით სიძულვილი არ არის მართებული, არც სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, სამაგიეროდ მტრის სიძულვილი ნებადართულია, ამიტომ პრინციპში ამ თავისუფალი ნიშის გამოყენება თავისუფლად შეიძლება უფასო პარკინგივით ნებისმიერი "ფობიის" დროებით დასაყენებლად, "მორალური პოლიციის" გამჭრიახი თვალის ასახვევად. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტული, როდესაც ისეთი უკიდეგანო გეოგრაფიისა და უგუნურების მასშტაბების მტერი გყავს, როგორიც ჩვენი ყოფილი ბოროტი დედინაცვალი რუსეთია. თავად განსაჯეთ, რამდენად პრაქტიკულია - თავისუფლად შეგიძლიათ რომელიმე მტერს, ჩხუბისას "რუსეთუმე პედერასტი" დაუძახოთ - იქნებ თავად ზოგიერთი გეიც კი შემოგიერთდეთ, "რუსოფილი სომხებიც" ძალიან გემრიელია ... რა პრობლემაა, გადაიღეთ... ინებეთ, რამდენიც გნებავთ!... როგორც ქართველი თამადები იტყვიან ხოლმე :
ჩვენს ხვალინდელ დღეს გაუმარჯოს! - ანუ "Tomorrow Belongs to Me!"

პრეზიდენტის საბაჟო-ქსენოფობიური ლაზღანდარობა კი ქართულ ეროვნულ კაბარეში მოგრიალე კახპების, ბიზნესმენების, არტისტების, მედიდური დედოფალი ტრავესტების , ჩემნაირი ფრენჩ - კანკანის მოყვარული მოცეკვავეების, სტრიპტიზიორი ქალების, ოქროს სტრინგიანი ბიჭუნების, იღლიაში სახარება ამოჩრილი ყველა-თარგის სექსუალური ორიენტაციის მგლების, მელაკუდების, ჩიტებისა და ჩიორებისათვის ხან დამატებითი ამგზნები საშუალებაა, უფასო ვიაგრასავით... ხან კი ჩვენს სწრაფად ცვალებად, ვულგარულად მარტივ ცხელ "მგრძნობიარობაზე" დაყოლებული ცივი იაფფასიანი შამპანურის ერთი ყლუპი...

აი, მაგალითისათვის ერთი ასეთი მაცოცხლებელი გამაგრილებელი ყლუპი - ქართველი ადგილობრივი მნიშვნელობის ტვ- ვარსკვლავის, დავით პაიჭაძის მიერ ქსენოფობიით შეჭირხლულ ჭიქაში ჩაყრილ ყინულის კუბებივით ცივ სიტყვებზე დაყენებული ცინიზმის კოკტეილიდან.(ეს კომენტარები, რომლებიც პროევროპულ ორიენტაციას ამოფარებულ "ცნობად სახეებს"და მათთან დაახლოვებულ პატარა  ენთუზიასტებს ეკუთვნით,  კოპირებულია ფეის ბუკიდან. სახელები რეალურია. მხოლოდ გვარებია "მსუბუქად" მოდიფიცირებული, გარდა პირველი ჩამწოდებელის გვარისა)

2010 წლის აგვისტო. მოსკოვში ტორფი  იწვის. ადამიანი - მტრები ბოლში იხრჩობიან ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით...ქალები, ბავშვები, მოხუცები... უბრალოდ ადამიანები.
ქართული ფეისბუქი ხარობს : 

დავით პაიჭაძე - რუსი ერი განაგრძობს წრთობასა და ფორმირებას. დღეს ის შებოლილ ერად ყალიბდება!

საველე მზარეული გოგა - დაკაპჩონებული ერი ჯობია...
მთვრალი ჭირვეული ქალი" ლიკა‎-აფიციანტ, ერთი ბალტიკა და ერთი კაპჩონი რუსი თუ შეიძლება!

მელურსმნე გიორგი- შებოლილი ღორი... ჰმ, არ გამისინჯავს, მაგრამ ალბათ კაი რამე იქნება...

ათისთავი მაია - იწვის,იწვის დედა-რუსეთი!.. სკაწერწიუ დოროჟკა!

ტრაგიკული ხმა ავანსცენიდან- ჩემო მანანა, ის ვინც დაწვას იმსახურებს კრემლში ზის. იმ ხალხის შვილები კი რომელზედაც ამბობენ რა დააშავაო არიან ჯარში, სწორედ მათ დაწვეს ჩვენი ტყეები და ხოცავენ ჩვენ შვილებს უკვე საუკუნეების მანძილზე. ასე, რომ მანდ ( რუსეთში) ყველა დამნაშავეა, მე თუ მკითხავთ და ყველა იმსახურებს იმას რაც თავს დაატყდათ და დიდი იმედი მაქვს ეს "ენტერტეინმენტი" კიდევ კარგა ხანს გასტანს)))). მიუხედავად ამისა პატივს ვცემ თქვენ აზრს))))))

მთვრალი ჭირვეული ქალი ლიკა‎-აფიციანტ, ერთი ბალტიკა და ერთი კაპჩონი რუსი თუ შეიძლება.
ისმის ნაზი სიმღერა- : მოდი ღამე , მოფერება მინდა... მოდი უშენოდ მარტო ვარ...

თეთრ მინი ლატექსში ჩაცმული ლამაზმანი მედ და ნინო- ხალხო ! ლიზა ბაგრატიონის მომღერლობა არ გაიშვა ხელიდან, მაგის კნავილი!... ზოგს რა ბედი აქვს რააა - თანაც აზრს რომ ეკითხებიან... ჯერ გარეგნობით ხომ ვერ გაიგებ რა არის - წაშლილია... არა ეშხი, არა ხიბლი, ძალით შთითხნილი ქალი, ხმა მაგას არა აქვს, გარეგნობა მაგას არ უვარგა!!! ჩვენი ბრალია ჩვენიიი !!!- ეგეთები როგორც კი გამოჩნდებიან -უნდა აფურთხო, მეორედ სცენაზე გამოსვლა რომ ვეღარ გაბედონ!!! საკანში იაროს ბატონო, მაგის ადგილი იქაა!!!

მელურსმნე რეზო - ана вафше на половину армянка.. и именно за армянской крови ана такая блядина.
ოქროსფრად შეღებილი ბათუმელი მთვრალი ტიტველი ფლეიტისტი ბიჭების ქორო - რერო! პოდმოსკოვია გადამწვარა რერო! მთელი რუსეთიანადო რერო.. ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო და ა.შ..
მთვრალი ჭირვეული ქალი ლიკა‎-აფიციანტ, არ გესმის? ერთი ბალტიკა და ერთი კაპჩონი რუსი მეთქი!


საქართველო დღითიდღე, თვალსა და ხელს შუა ბოროტდება, სულ უფრო ჯიუტდება თავის აგრესიულ, მოუქნელ სიბრიყვეში. ყოველ დღე უფრო წყურია შურისძიება არა მარტო ოფიციალურ მტერზე, არამედ სხვის წარსულზე, მშობელზე, წინაპარზე, და დარწმუნებულია, რომ ეს წარსული მისი არ არის. ვირთხებივით მრავლდებიან პავლიკა მოროზოვები. რომლებსაც ჯერათ, რომ ჩემმა თაობამ თავისი "დანაშაულებრივი" წითელი წარსული Delete ღილაკზე ერთი თითის დარტყმით უნდა წაშალოს, და მითი უბადრუკი აწმყოთი უნდა იცხოვროს...

ასეთებს დარწმუნებულნი არიან, რომ კომკავშირული ცხვრის ფარიდან 1991 წელს გამოპარული მათი მშობლები მართლა დისიდენტები იყვნენ 80 იან წლებში, როგორადაც ბევრი ასაღებს დღეს თავს. თუმცა პავლიკებმა ისიც იციან, რომ , ვინც მათი მშობლების საბჭოთა წარსულის რეალური თვითმხილველი და ანალიზის გამკეთებელია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიცილონ თავიდან, რომ ისტორიის გადაწერაში ხელი არ შეეშალონ. თორემ მათი გადამკიდე საბრალო სააკაშვილს ერთი უცოდველი ტყუილიც ვეღარ უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ იჯდა 5 დღე ციხეში ვიღაც გოიმი მომღერლის მოსმენისათვის, და კაცი აღარ იქნება მთქმელი, რომ ეს მტკნარი სიცრუეა: საბჭოთა კავშირში არავის სვამდნენ ციხეში კრის დე ბურგის მსგავსი საშინელების მოსმენისათვისაც კი - ... თუმცა, მე რომ მკითხოთ - მაშინ, კარგი მუსიკით ასე მდიდარ წლებში, რომ კაცი კრის დებურგს მოუსმენდა ახია კი იქნებოდა "გემოვნების გამოსასწორებელ იზოლატორში" ჩაესვათ და ხუთი დღე ბოლომდე აწეული Sex Pistols მოსმენა მიესაჯათ - მერწმუნეთ საქართველო დღეს ცოტათი უკეთესი ქვეყანა იქნებოდა.

ჩვენი სასჯელი - ცვალებადი მგრძნობიარობა..

"საქართველოს ორეული" ხან მხიარული კაბარეა , ხან კი "სისასტიკის თეატრი" - ანტონენ არტოს რატომღაც კავკასიაში განხორციელებული თეატრალური "უტოპია".

რა თქმა უნდა -აქ ვერავინ შემოგედავებათ: მტერი გაზის კამერაში უნდა გაგუდო ! რა არის ამაზე ლოგიკური? თავისით თუ დაიხრჩობა -მით უკეთესი... თუ ღმერთი დაახრჩობს, როგორც ეს ქართველ ზეზვებსა და მზიებს გულწრფელად ჯერათ , ნამდვილი მადლი იქნება... საერთო ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ღირებულებების შესახებ ვაჟა ფშაველას უკვე დაწერილი აქვს ჩვენს მაგივრად... ესეც იღლიაში გვაქვს ამოჩრილი ..

ეს არ არის რასიზმი; არც ქსენოფობია, არც ჰომოფობია... სრული სიმართლეა - ეს ალკაიდას, ჩეჩენი ვაჰაბიტების, ჰამასის, საერთოდ ტერორისტების პრიმიტიული მგრძნობიარე ცრემლიანი ლოგიკა, მათი თეატრია, სწორედ იმ სისასტიკის მარცვლით, რომელზეც არტომ თავისი თეატრი ააგო : რითი არიან თქვენი ბავშვები ჩვენს მოკლულ შვილებზე უკეთესნი?...
არ ვიცი რა სიტყვა იხმარება ასეთ შემთხვევაში - როდესაც შენი მტრის ბავშვების შებრალების უნარს კარგავ..

.... დედაბუდიანად ამოჟლეტა... ''მშვენიერი"' გამოთქმაც კი გვაქვს ქართველებს - დედა , ბუდე, ბუდეში ბარტყები... რა შავი სინაზეა, რა ბიბლიური სისასტიკე. სანტიმეტალური ცინიზმი, ცრემლმორეული ბარბაროსობა, გრძნობების პათოლოგიური ფანტასმაგორია... მხოლოდ ამაზე ავღანსტანის ხრიოკ მთებში გათხრილ ორმოებში ჩამალული წერა კითხვის უცოდინარი მუქთა ოპიუმის წევით ჭკუიდან გადასული თალიბი, ან უნიტაზებ მოკიდებული ფაფახიანი გაღმა კავკასიელი კი არ ოცნებობს... არამედ ჩვენი, წერა კითხვის მცოდნე და საზღვარგარეთ სტაჟ გამოვლილი "მაშასადამე ევროპელი" ქართული საზოგადოების ნაღები , რომელსაც მუხლებზე ბაზუკას ნაცვლად ნოუთბუკი უდევს და ანდრე რიუს კრემიანი ავსტრიული ვალსების ფონზე დღით დღე თვალსა და ხელს შუა ისე ბოროტდება, რომ ისტორიაში ცნობილი და უცნობი ყველა სისასტიკე - ტროა, ბართლომეს ღამე, ოსვენცემი, ბესლანი, გაგრა - მასში ჯოჯოხეთის წვეტიან, ბასრ სტალაქტიტებად კრისტალდება - და ფაქტიურად სქესის, ასაკის , განათლების და ნებისმიერი სხვა პრეზიდენტისეული "კონტექსტს" მიუხედავად აღარაფრით განსხვავდება იმ ჩეჩენი მხიარული კაციჭამიასაგან, რომელიც სამწუხაროდ ცნობილ კანიბალურ ვიდეო - კლიპში რუს "დამპყრობელს" სულ სიცილ კისკისით აჭრის თავს ხანჯლით ...

მე მართლა არ ვიცი რატომ ითვლება ქართველ ინტელექტუალთა დიდ ნაწილს შორის რუსოფობია ნაკლებ ბოროტებად, ვიდრე მაგალითად ჰომოფობია. იმიტომ, რომ გეები ტანკებით არ შემოსულან საქართველოში?
ინტელექტუალი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ნებისმიერი სახის ფობიაზე ამაღლებას, მხოლოდ წერა კითხვის მცოდნე იღლიაში სახარება ამოჩრილი მგელია. სხვა არავინ... პედიკურიანი მოვლილი ბრჭყალებით.

ასეთებს რატომღაც განსაკუთრებით ფარად მერაბ მამარდაშვილის ტექსტების გამოყენება უყვართ. როგორც მისი გარდაცვალების 20 წლისთავზე "აღმოჩნდა" - ისიც ფარული რუსოფობი "ყოფილა"...მარქსიც, ენგელსიც, ჩერჩილიც...მარკიზ დე კუსტინი როგორც ჩანს ჯერ სათანადოდ არ შეუსწავლიათ, თორემ მამარდაშვილი და მარქსი აღარავის გაახსენდებოდა.

...საბრალო მამარდაშვილი... სწორედ ამ პირში სიგარაგაჩრილმა ცირკის გაწრთვნილმა სმოკინგიანმა შიმპანზეებმა ამოხადეს სული უმარტივესი ფრაზის გამო. ფრაზის, რომელიც დღეს ასე უსინდისოდ ამოუტრიალეს და ლამის თავად გადააქციეს "ნაციონალისტად" - მამარდაშვილის ჭეშმარიტებას თითებზე აწეული "ჯუჯებივით" წაეპოტინენ, ჯერ ფრთხილად ჩამოქაჩეს დაბლა, მერე ცოტა უფრო, კიდეები ჩამოძენძეს, ჩამოახიეს, "სამშობლოზე" დაბლა ჩამოაჩოჩეს, ბოლოს ჩამოგლიჯეს და დაფლეთილი საკუთარი სიბრიყვის დროშად ტრანსფორმირებული - "ბორტებ ჩამოხსნილ გრუზავიკის" ცხვირზე დაამაგრეს, რომლითაც 1991 წელის ნოემბერში სულ რამოდენიმე ახლობელმა დიდი ფილოსოფოსის კუბო საბურთალოს სასაფლაოზე წაახრიგინა...

დღეს ამ "წმინდა ტროფეის" თინა კანდელაკიც კი აფრიალებს მოსკოვიდან "ნინა გრიბაედოვას მამაზე, ილია ჭავჭავაძეზე საუბრისას"... ღმერთო ჩემო!... ჭეშმარიტება არა მარტო სამშობლოზე, არამედ დაკარგულ სამშობლოზე, წაგებულ ომზე, სიძულვილზე, უფრო მეტიც, სიყვარულზე მაღლა დგას, რადგან ის აბსოლუტურია და მას სხვანაირად ღმერთს ეძახიან - იღლიაში სახარება ამოჩრილი მგლებისათვის ადვილად გასაგები რომ იყოს...

4
რუსოფობია რომლის ლეგალიზება უკვე მეორე წელია დიდი ენთუზიაზმით მიმდინარეობს საქართველოში, მხოლოდ ერთ ერთია ფობიათა იმ ფართო არჩევანიდან, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით იაფფასიანი რესტორნის გაქონილი მენიუსავით. მასში ნაირ ნაირი ფობიების დიდი არჩევანი და გემრიელი სპეციალური ნაციონალური დესერტია - უბრალო და გულღია სიბრძნე : მოყვარეს პირში უძახე, მტერს ზურგს უკანო.
ჩვენთან უკვე მოყვარესაც და მტერსაც პირში მეგაფონებით ჩაჰყვირიან , ლანძღავენ, აგინებენ, არაადამიანურად ამცირებენ.
საშუალო ქართველი სულ ცოტა რამოდენიმე ფობიით არის ერთდროულად შეპყრობილი, ამიტომ მის მდგომარეობას სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მულტიფობია. საინტერსოა, რომ ეს "მულტოფობია'' სოციალური სტატუსის ზრდასთან ერთად იმატებს და განსაკუთრებით ინტელექტუალურ და არტისტულ წრეებშია შესამჩნევი. სწორედ მათ შორის ვხვდებით ყველაზე ხშირად ახლახანს წერა კითხვა ნასწავლ მგლებს.

ქართული თანამედროვე ფობიების კიდევ ერთი უნიკალურობა იმაშია, რომ მადლობა ღმერთს ის მხოლოდ ამ "მოყვარეს პირში მეგაფონით ყვირილში" გამოიხატება, ჯერ ჯერობით მოქმედებაზე გადასვლას ვერავინ ბედავს, როგორც ეს ჩვეულებრივ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა ეპოქაში... ამიტომ საშუალო ქართველი მულტიფობის საყვარელი ფრაზაა - ეგდონ თავისთვის, ცხვირს ნუ ყოფენ გარეთ, "პოგრომს" ხომ არ ვუწყობთ...

საქართველოში გამეფებული საყოველთაო მორალური აგრესია კი, აგრესიად არ ითვლება, კანონმდებლობითაც კი. ეს სავსებით ლოგიკურია ქვეყნისათვის, სადაც მამაკაცთა 80 პროცენტი უნიკალური ოიდიპოს კომპლექსით არის შეპყრობილი და დღეში ორმოცდაათ - ჯერ მაინც საკუთარ დედას"ტყნავს". როგორ გინდათ ასეთებს ან მათ ვერბალური ინსენტის მსხვერპლ დედებს აუხსნათ, რომ ჰომოსექსუალის, რუსის, ებრაელის, ათეისტის, ან მართლმადიდებლის ლანძღვა - გინება სწორედ რომ "პოგრომია", მხოლოდ სულიერი. როგორ გინდათ განუმარტოთ, რომ სულიერი ხორციელზე მტკივნეულია, რადგან ადამიანი სწორედ სულიერს და არა ხორციელი ტკივილის გამო შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს, ინფარქტმა დაარტყას ან სულაც თავი მოიკლას. რომ სულიერი მგრძნობიარობა ცივილურობასთან არის პირდაპირ კავშირში. ხორციელი კი ლინჩთან, ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ეშაფოტის ცქერისადმი ლტოლვასთან ...

ქართველი წერა კითხვის მცოდნე მგლებისათვის ფეის ბუკი სწორედ ასეთ ვირტუალურ მოედანს წარმოადგენს - ინკვიზიციის დეკორაციული კოცონის გარშემო გამართული სისასტიკის წარმოადგენს, ცირკს, თეატრს - რომელშიც თავად აქტიურად მონაწილეობს - იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე შეამჩნევს.
გამოპრანჭული საათობით დგას გულში სათუთად ჩახუტებული ჭუჭყიან ჩვრებში გახვეული საკუთარ უდღეური ჩხავანა აზრებით, რომლებსაც დრო და დრო ამ საერთო კოცონში მოისვრის ხოლმე, რომ ის არ განელდეს... და მაშინვე სისასტიკის ახალ გავარვარებულ კვერცხებს დებს, რომ იქიდან სასწრაფოდ კბილებდაკრეჭილი ბოროტი წიწილები გამოჩეკოს, კვერცხის დადებისას ზოგიერთის გულის მომკვლელი კრიახი მართლაც აღწევს კოცონის გარშემო ჩამწკრივებულ წვეტიან ჩაჩ ჩამოფხტულ ინტელო - ინკვიზიტორებამდე, ისინი ყველაზე მონდომებულებს კომპენსაციის სახით კოცონთან ცოტა ახლოდ მისვლის საშუალებას აძლევენ გასათბობად... აგრეთვე ძველ ჭუჭყიან ჩაჩს მიუგდებენ ხოლმე, რომელსაც მხოლოდ ორი ხვრელი აქვს - ყურების გამოსაყოფად, თვალებისათვის ხვრელები კი საკუთარ ჩაჩზეც არ აქვთ.

ქართულ ფეის ბუკს მე უფრო "ჰელს ბუკს" დავარქმევდი. სადაც ადამიანთა დიდი ნაწილი მხოლოდ იმისთვის შემოდის, რომ მეორე ნაწილი დაძიძგნოს, თვალები შანთით ამოუწვას, ენა ამოგლიჯოს, ჯალათის ნაჯახის ქვეშ ხელის კვრით დააწვინოს, გილიოტინაში მოტყუებით თავი შეაყოფინოს... შეუძლებელია წარმოიდგინო სხვა, სოციალურად, ინტელექტუალურად, პოლიტიკურად თუ როგორც გნებავთ უფრო შერეული " ორგია", უფრო მეტი "ბაბილონი" ამ მსოფლიო ქსელისა ვიდრე ქართულია. ეს ნამდვილი სოციალური ფენომენია, რომელიც გაცდებოდა ქართული ცნობიერების კვლევის სფეროს ასეთი რამ რომ არსებობდეს.

ქართული ფეის ბუკი უმეთვალყურეო ცარიელი ლაბორატორიაა, სადაც მოხალისე თეთრი თაგუნები, ვირთხები და კურდღლები თავისი ნებით შედიად, ცდებს სურვილით ატარებენ ერთმანეთზე და საკუთარ თავზე , მხოლოდ არავინ იცის ვისთვის ან რისთვის, დარბიან ლაბირინთებში, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ეჯახებიან, განიცდიან, ტირიან, ბრაზდებიან, ბოლოს კვდებიან და მათ შეუმჩნევლად ასაფლავებენ - "დაბლოკილთა სასაფლაოზე"- ქვემეხების, დიდების, დახრილი დროშების, შავებში ჩაცმული ქვრივისა და აცრემლებული ბავშვების გარეშე.

ფეის ბუკი ჯადოსნური სარკეა ქართული ინტელექტუალური სოციალური ყოფის - უფრო მეტად ვიდრე აუდიო-ვიზუალური, თუ წერითი მედია. რომელიც ისევე, როგორც რეალური საქართველო მონათეისტურია, ერთად ერთ პოპ ღმერთს სცემს თაყვანს, და ეს ღმერთივე სძულს - ერთი ნაწილისათვის მისი ყოველდღიური "გამოცხადება" საღამოს 9 დან 10 საათამდე იესოს თუ არა მისი მოციქულების გამოცხადების ტოლფასია, მეორეს ნაწილისათვის კი , პირიქით, ლუციფერის ჭრელ თვალებში ჩახედვა.

5.

წერა კითხვის მცოდნეთა "პროგრესულ" ნაწილს ამ სისასტიკის "კაბარეს" ინტელექტუალური უზრუნველყოფის, ფეიერვერკის წინ ერთგვარი პირველი ნაპერწკლის მიცემის ფუნქცია აკისრია . ეს ნაპერწკალი - ფრაზები თავისი შენიღბული ბარბაროსული არსით თითქმის შეუძლებელია აღმოაჩინოთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, როდესაც თავიანთ "ტელე გალიებში" სმოკინგში გამოპრანჭულნი სიგარას "უფუილებენ" ცნობისმოყვარე პუბლიკას ცხვირში. კიდევ უფრო ძნელია ასეთი ფრაზების შეუიარაღებელი თვალით პოვნა მათივე უსიცოცხლო "ნაშრომების" კითხვისას. თუ რა თქმა უნდა, საერთოდ ნერვები გეყოთ და წაიკითხეთ... სამაგიეროდ ფეის ბუკი, ნამდვილი ნაგვის კარიერია, ნამდვილი ლიბერტინული ორგიის ბორდელი, სადაც ყველანაირი ბინძური ფანტაზმი შეიძლება განახორციელო ...
ყოველთვის მიკვირდა, თუ როგორ ახერხებენ, ეს ადამიანები ამდენი სერიოზული წიგნის წაკითხვის შემდეგ, ტყის ბუნებრივი ინსტინქტების შენარჩუნებას, როგორ რჩებიან ასეთი სასტიკები, ბოროტები და ამავე დროს გოშიებივით ლაქუცები ... ამდენი წიგნის.. სადაც ამდენი კეთილი რამ წერია!.. ძნელი წარსადგენია რას იზამდნენ ეს წიგნებიც რომ არ ჰქონდეთ წაკითხული, ალბათ ნამდვილ სათვალეებიან და ერთი კვირის წვერიან ურჩხულებად გადაიქცეოდნენ.

როგორც კოტე ყუბანეიშვილი იტყოდა - რამდენი ილაპარაკა /რამდენი ჭამა/ /რამდენი იტირა /რამდენი იკამათა /რამდენი მოწია /რამდენი იკითხა /რამდენი იშრომა /რამდენი იოცნება /რამდენი იშოვა /რამდენი ივარჯიშა /რამდენი იძინა/რამდენი წერა /რამდენი ითამაშა /რამდენი დახარჯა /რამდენი მოიტყუა /რამდენი იცინა /რამდენი იავადმყოფა/რამდენი იწვალა /რამდენი ილოცა /რამდენი მოინანია /რამდენი სანთელი დაანთო /და მაინც რა ყლეა!

ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჯობდა, ამდენი მძიმე სიბრძნით თავიანთი მსუბუქი თავები არ დაემძიმებინათ და წერაკითხვის უცოდინარ მგლებად დარჩენილიყვნენ? - მშვენიერ ლამაზ ცხოველებად. იქნებ სწორედ წიგნებმა შემატა მათ პრიმიტიულ მგლურ ლტოლვილებს მხოლოდ ცბიერება და მეტი არაფერი? ფაქტია, რომ ამდენი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ვერ მიხვდნენ, მარტივ "სოციალურ ჭეშმარიტებას" რომელიც სულაც არ არის ძალიან რთული და სულ რამოდენიმე სიტყვით შეძლება ჩამოყალიბდეს - სიძულვილი ძალიან არა პრაქტიკული გრძნობაა... და მორჩა. მეტი არაფერი. მისი სათავე ამპარტავნებაშია, რომელზეც იესოც კი ამდენს გველაპარაკება მოციქულების პირით. ამპარტავნების "სოციოლოგიურ - მეცნიერული" თანამედროვე ტერმინი კი ქსენოფობიაა- ყოველივე უცხოს შიშიდან გამომდინარე ათასნაირი პატარ პატარა სიძულვილები -ჰომოსექსუალების, სხვა რასის, უცხო კონფესიის ადამიანების, ათეისტების, განსხვავებული აზრის... ნებისმიერ მათგანს ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, "მოხალისეს" ისევ იგივე მიტოვებული " ლაბორატორიის". სიძულვილის ბორბალში აბრუნებს რომელშიც ის მაშინვე გამძვინვარებული ვირთხასავით იწყებს სირბილს.

ყველაფერი მართლაც ძალიან მარტივია - არასოდეს არ უნდა შეიძულო მტერი იმაზე მეტად, ვიდრე მას სძულხარ, რადგან სიძულვილი აბრმავებს, ამუნჯებს, აყრუებს. ხოლო ყრუმუნჯისა და ბრმის დამარცხება ბევრად უფრო ადვილია.

თუ მაინც ცირკში გიწევს ცხოვრება, ჯობს გაბითურებული, მაგრამ თავნება მასხარა იყო , ვიდრე მათრახის ცემით გამძვინვარებული ხახადაფჩენილი, მაგრამ მორჩილი ლომი, რომელსაც თავისი უბადრუკი მრისხანება მხოლოდ ცირკში მისული პატარების დასაშინებლად ყოფნის.

მასხარა ბრიყვია? შეიძლება, მაგრამ ლომი ბევრად ურო ბრიყვია, თანაც გამუდმებით ნაცემი და საცოდავი. მე ჯამბაზის სიბრიყვე მირჩევნია. ბავშვებს რომ არ ეშინოდეთ, რომ უხაროდეთ ჩემი დანახვა, რადგან ზუსტად ვიცი - მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვმარცხდებოდი მხოლოდ მაშინ, როდესაც სიძულვილში ვაჭარბებდი .

(მაგალითისათვის - ჩემი აზრით დღეს ქართველებს რუსები ბევრად უფრო მეტად გვძულს ვიდრე მათ ჩვენ. ამას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის სამართლიანი. მაგრამ ფაქტია რომ დამარცხებულები ჯერ ჯერობით ჩვენ ვართ. და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს ჩვენს ტრაგიკულ ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად... ჩვენ ვცხოვრობთ ჰიპოთეტურ საზღვრებში მოქცეულ რეალურ სიძულვილში)

თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სიბრიყვე იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს სიძულვილი ადამიანის ისეთივე ფუნდამეტალური გრძნობა არ იყოს, როგორც სიყვარული. გადაჭარბებული სიყვარული ასევე აბრმავებს და აყრუებს ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამაზე ამაზე მსჯელობა კარგა ხანია ძალიან ბანალური და მოსაწყენი გახდა, და თითქოს ყველამ მშვენივრად ვიცით, მაინც

ძალიან ძნელია ყოველდღე ისე აკონტროლო საკუთარი გრძნობები, რომ არაფერს გადააჭარბო, წონასწორობა არ დაარღვიო. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი, და ამის მეთოდები არსებობს.

ამას გრძნობების კონტროლის, ან ეკილიბრის დაცვის ცოდნას, ხან კულტურას უწოდებენ, დასავლეთში ცივილურობას... მე სიბრიყვის სიბრძნეს დავარქმევდი - თოკზე მოსიარულე აკრობატის ეკილიბრს, ჩამოვარდნის შიშს, სიფრთხილეს - საკუთარი სურვილით თოკზე სეირნობა არასოდეს არ მეჩვენებოდა ჭკვიანურ იდეათ, თუმცა ვთვლიდი, რომ თუ მაინც გაბრიყვდი და გადაწყვიტე , ყველანაირად უნდა შეეცადო რომ არ ჩამოვარდე.

როგორც ჩანს ქართველ იღლიაში სახარება ამოჩრილ მგელს ჯერ ადრეა მოსთხოვო საკუთარი სიბრიყვის კონტროლი, გამუდმებულ გაწონასწორებულ მდგომარეობაში, ჯამბაზის ნირვანაში ყოფნა. ამიტომ ის თითქოს განწირულია იცხოვროს უსინათლოდ და უსმენოდ, და რაც მთავარია არ იყოს ევროპელივით "ფლიდი და იპოკრიტი", რაც ქართველ ფუნდამეტალისტებსა და პროგრესისტებს ერთნაირად ძულთ.

ამ ყბადაღებული იპოკრიზმს კი დასავლური საზოგადოება იმ აბსოლუტურად უაზრო განცდებისაგან ჰყავს განთავისუფლებული, რომლის გამოც ჩვენში ადამიანები ერთმანეთს ნამდვილი და ვერბალური ნაჯახებით დასდევენ დასასახიჩრებლად, მოსაკლავად. ამას ალალობას, ჯიგრობას და ათასგვარ მართლაც იპოკრიტულ ტრადიციულ ტერმინს უწოდებენ... ჩემი აზრით ყველა ამ სიტყვას ერთადერთი სინონიმი აქვს - სიბრიყვე და სხვა არაფერი. უსარგებლო სიბრიყვე რომელიც შეცდომებზე სწავლასაც კი არ ემსახურება. ქართველებს არა სასარგებლო სიბრიყვე უმაღლეს კატეგორიამდე გვაქვს აყვანილი. ამ კატეგორიის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იღვწიან მთელი ერი - პირველ რიგში კი სოციალური და ინტელექტუალური და პოლიტიკური პოპ ელიტა.

ჩვენი პოლიტიკური ელვის პრესლი - პრეზიდენტი რასისტი არ არის. საერთოდ ქართველები რასისტები არა ვართ, რასიზმი პრიმიტიული, მაგრამ მაინც იდეოლოგიაა. იდეოლოგიის ჩამოსაყალიბებლად ჩვენ სად გვცალია. იდეოლოგია სერიოზულად უნდა გაითავისო. ამის დრო და ნერვები კი ვისა აქვს. ჩვენ მოლაზღანდარე ერი ვართ. ამიტომ ჩვენი პრეზიდენტიც მხოლოდ და მხოლოდ უბოროტოდ ლაზღანდარობს, ისევე, როგორც ჩვენი მხიარული მოსახლეობის უმეტესობა... ჩვენ ზანგები ვართ? ჩვენ ველურები ვართ? " შებოლოლი რუსები", "პივა ბალტიკით" ... მერე კი აბსოლუტურად სურეალისტული მტრების, ფაშისტების და ანტიფაშისტების სიების ფრიალი... რომელსაც საფუძველი ექს პოპ ვარსკვლავმა უცნობმა ჩაუყარა გასულ წელს თავის ტელე-საკანში. დაუნდობელმა შოუბიზნესის მოკლე მახსოვრობამ, დავიწყებას მისცა ის ფაქტი, რომ სწორედ მან დაუდო დასაბამი მოღალატეთა სიების შედგენის პათოლოგიურად ბრიყვულ ტრადიციას. თუმცა მაშინ ერთი ამბავი ატყდა ამის გამო, უცნობის ეს აგრესიული ლაზღანდარობა საკუთარმა ძმამაც კი გაკიცხა პირდაპირ ეთერში..

დღეს ფეის ბუკს შესეულ ხელისუფლების ფან კლუბს ერის მოღალატეთა ბევრად უფრო სერიოზული, გრძელი სიები აქვს შედგენილი, ისეთი შთამბეჭდავი დასახელებებით, როგორიც არის მაგალითად "ქართველი კოლაბორაციონისტები."
ვის არ შეხვდებით აქ - ჯანსუღ ჩარკვიანს, ნინო ბრჯანაძეს, რეზო ჩხეიძეს, თავად უცნობს, გოგა ხაინდრავას... სულ ახლახანს კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული "ოქროს სია" გაჩნდა. რომელიც ექსტრემისტ გულიაშვილს უთანაგრძნობს, პარალელურად მაშინვე დაიბადა იდეა შეიქმნას სია, რომელიც ამ "ოქროს სიას" საჯაროს გახდის, გადათარგმნის ინგლისურად, გამოაქვეყნებს ჟურნალ "ტაბულას" ქართულ და ინგლისურ ვერსიებში, გაუგზავნის საელჩოებს... მოკლედ მსოფლიოს ამცნობს იმ ფაშისტების სახელებს ვინც ფაშისტ გულიაშვილს უთანაგრძნობენ..ახალი აპოკალიფსის "მხეცის" ციფრიც კი დასახელდა 182 !. ამ სიას ადგენენ ადამიანები, რომლებსაც ფაქტიურად ქართული საზოგადოებრივი აზრის ვექტორს მართვის ძალაუფლება გააჩნიათ. ეს სწორედ უსარგებლო სიბრიყვის შესანიშნავი ნიმუშია. სიბრიყვის, რომელსაც გასულ წელს უცნობმა ჩაუყარა საძირკველი და რომლიდანაც მისმა ანტაგონისტმა მხარემ, ერთად ერთი დასკვნა რაც გამოიტანა, არის ის რომ იდეით აღფრთოვანებული თავად მის პლაგიატად გადაიქცა.

ფეის ბუკში არის კიდევ მეორე, კიდევ უფრო დიდი ჯგუფი - "საქართველო ნინო ბურჯანაძის გარეშე" ... აქ გაწევრიანება ყოველი "პატიოსანი" ქართველი ფეის ბუკელის მორალური ვალია. თითქოს წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც სხვა, ჯურღმულში ჩამალულ დაგრაგნილ სიაში მოხვდები, რომლის ბეჭედიც იმავე ჯურღმულში მთვლემარე სველ და ქერცლიან ქართულ უშიშროების ცერბერს უპყრია - ამბობენ მას ყოველთვის ერთი თვალით სძინავს , მეორეთი კი ყოველი ჩვენთაგანის სულში და გონებაში დაძვრება... (ამ სტრიქონების წაკითხვისას რეკომენდირებულია ხუთჯერ პირჯვარის გადასახვა ).

ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ სიძულვილის კომუნებში გაერთიანებული პერსონაჟები იღლიაში სახარება ამოჩრილი მგლები კი არა, უფრო გაცხარებული ცხვრები არიან. ზუსტად ისეთი ცხვრები, მთელი ცხოვრება ცხვრები რომ იყვნენ, იყვნენ, იყვნენ, კიდევ იყვნენ, კიდევ, კიდევ... და ბოლოს რომ გაცხარდნენ. თავიდან ჯერ ალგეთელი ლეკვები მეგონნენ, სულ ვფიქრობდი ესენი რა გასაზრდელები იყვნენ მეთქი... ბოლოს მივხვდი რომ მხოლოდ მგლის ტყავში გახვეული გაცხარებული ცხვრები არიან, რადგან მგელს ამდენი სისასტიკე ნამდვილად არა აქვს. გაცხარებული, ანუ გამგელებული ცხვარი კი როგორც დიდი აღმოსავლელი ასტროლოგისა და ანტროპოლოგის ჰასან იბნ ჯრინის შრომებიდან არის ცნობილი, ყველაზე საშიში და ცბიერი ცხოველია დედამიწაზე, რადგან ჟრუანტელის მომგვრელ ბასრ, ნემსებივით წვრილ კბილებთან და კლანჭებთან ერთად მისი ყველაზე შემზარავი იარაღი სწორედ საკუთარი შეცდომებით, პატარ პატარა სიბრიყვეებით ტკბობის დიდი გრანდიოზული სიბრიყვეა, რომელიც მას გამუდმებით აგრესულ და გარშემო მყოფთათვის სასიკვდილოდ საშიშ მდგომარეობაში ამყოფებს.

ეს მონსტრი-ცხვარი სწორედ ისეთი წვრილმანი სიბრიყვეებით იკვებება, რომლის სიაც საქართველოში ბათუმის ბულვარივით გრძელი, მდგრადი და მზარდია - როგორც გვპირდებიან სულ მალე ევროპაში ყველაზე გრძელი გახდება.

ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იყვნენ ამ პატარ პატარა სისულელეების გამომცხობი მზარეულები მონსტრისათვის... ბოლოს და ბოლოს მგონი მივაგენი - მათ, ვისაც 8 აგვისტოს საქართველოს ოკუპაციის დღეს განმუხურის პლაჟზე გამართული დისკოთეკის, ფეიერვერკითა და Earth, Wind & Fire - ბრჭყვიალა Let's Groove დისკო ჰანგებით აფხაზებისათვის გამარჯვების მოლოცვის იდეა ეკუთვნით, თვით ისეთი უმნიშვნელო იდიოტობის ავტორებსაც კი, რომლებმაც ისედაც მწვანე პალმების მწვანე ფერის ნათურით, ვარდების ვარდისფერი, ხოლო იების იისფერი ნათურებით განათება მოიფიქრეს... ისინი ყველანი აქ არიან,ფეისბუკზე, ჩემთან ახლოს, "ჩემი ლურჯა ცხენები"... "ყველანი აქ არიან!"

შედარებით მოზრდილი სიბრიყვის მაგალითი უცხოელების აზრის აბსოლუტური გაფეტიშებაა:
- ობამას ვინმემ ენა არ მიურბენინოს მიშას რასისტულ გამონათქვამზე!,
- ნელსონ მანდელას, ან კიდევ უარესი ნაომი კამბელს არაფერი ეწყინოს!...
ხოლო ვიღაც "მარგინალ" ქართველს თუ მოეჩვენა რომ ეს ყბადაღებული გამოთქმა რასისტულია, თუ რაღაც ეხამუშა, მისი მორალური. ზნეობრივი კრიტერიუმი თუ შეუთავსებლობაში მოვიდა პრეზიდენტის კაბინეტის სულელურ თავის მართლებასთან, ასეთს დაუყოვნებლივ უნდა შევახსენოთ რომ ის სულ რაღაც ქართველია და სხვა არაფერი, თუმცა ყოველი შემთხვევისათვის უნდა გადამოწმდეს მისი შესაძლო კავშირები მტერთან, რომელიც რა თქმა უნდა ყოველი მწვანედ განათებული მწვანე პალმის უკან არის ჩასაფრებული...

ნებისმიერ შემთხვევაში ის აუცილებლად პროვოკატორი და ინტრიგანია, თანაც მემარცხენე. თავად განსაჯეთ - სად გაგონილა ქართველს განზოგადებული მორალური კრიტერიუმები, მით უმეტეს სოლიდარობის გრძნობა გააჩნდეს უცხოების მიმართ და თანაც მათი ერთგული იყოს. ჩვენ ხომ როგორც წესი, საკუთარი გაჭირება "გვყოფნის" და მაგალითად, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო შიშისაგან კანკალებდა ირანელი საბრალო ქალის ჩაქოლვის მოლოდინში, საქართველოში მხოლოდ 20 ადამიანს აღმოაჩნდა მოთხოვნილება, და ღირსება ირანის საელჩოსთან მისვლისა. დღეს ისე, როგორც არასოდეს აქტუალური და ურყევია, ჩვენი მარადიული მხართეძოზე წამოწოლილი ჭირისუფლის არგუმენტი : ... ეჰ!... ჩემი მისვლა რომ რამეს შველოდეს...

თუმცა აქაც გარემოებას გააჩნია: ჩვენი ახალი მეგობრისათვის, ჩეჩნების უფლებების დამცველი მშვენიერი ჯეინ ბირკინისათვის, რუსებს , რომ რამე ეკადრებინათ იღლიაში სახარება ამოჩრილი მგლები მაშინვე გამოაჩენდნენ თავიანთ ბასრ და წვეტიან ცივილურობას - გამართავდნენ დისკო მანიფესტაციებს, ფეიერვერკებს, ცოცხალ ჯაჭვებს. ააგიზგიზებდნენ კოცონებს გორის ციხეზე, დროშებით აცოცდებოდნენ მწვანე ნათურებით განათებულ მწვანე პალმებზე , სერჟ გინზბურგის გადიდებულ მონგრეული მთვრალი სიფათის წინ ათასობით სანთელს დაანთებდნენ და მისი სულის მოსახსენებლად შებრაწულ მწვადებით, ღამენათევი და ნამთვრალევნი ალიონზე თბილისელი ხაჩატურიანის უკვდავ "ცეკვას შამფურებით" შეასრულებდნენ ... ამ დღეს ჩვენ ყველანი ჯეინები გავხდებოდით!...



აგვისტო 1944 წელი. გადაპარსული ქალები. ვიდეო

პარალელურად საქმიანი და მცოდნე ადამიანები სიების გამალებულ ჩხაპნას ერთი წუთითაც არ შევწყვეტდით, მოღალატეების და მკვლელების , გეების, მართლმადიდებელი ფუნდამეტალისტების, ლესბოსბოსელების, კომუნისტების, ქერების, 1მ 80 სმ სიმაღლის შავგვრემანი მამაკაცების, ქალიშვილებისა და იმპოტენტების სიებს დავუგზავნიდით საელჩოებს. სიაში მოხვედრილებს კი უკლებლივ ყველას თავს გადავპარსავდით და რუსთაველზე ჩამოვატარებთ სწორედ იმ "ბორტებიანი გრუზავიკით" რომლითაც საბრალო მამარდაშვილი წაახრიგინეს საბურთალოს სასაფლაოზე 1990 წელს... სწორედ ისე, როგორც ნაცისტებთან რაიმე ურთიერთობის მქონე ქალები ჩამოატარეს შანსელიზეზე, განთავისუფლებულ პარიზში 1945 წლის აგვისტოში, .

საქართველოს ისტორიაში დგება "ჟამი პარიკმახერებისა" და ამჯერად ის იქიდან, ძალიან დიდხანს, დიდხანს ვეღარ გამოვა.

აგვისტო 1944 წელი. გადაპარსული ქალები. ვიდეო

Love Love Love!!! ჰარი კრიშნა!.ჰარი... რა თქმა, უნდა კომიკურად ჟღერს. გრძელთმიანი და შიშველი 60 იანები დიდი ხნის წინ დამთავრდა. შეუძლებელია მოითხოვო რუსების, პუტინის, ნინო ბურჯანაძის ან სააკაშვილის სიყვარული, საერთოდ სიყვარული ფუნდამეტური გრძნობაა და პარანოიკი თუ არა მსუბუქად დებილი მაინც უნდა იყო პრეზიდენტი ან მისი ოპზიციონერი კანდიდატი რომ გიყვარდეს, თუნდაც ის ბენჟამინ ფრანკლინი ან მაჰათმა განდი იყოს.
პრინციპში, არც პატივისცემის მოთხოვნა იქნებოდა გონივრული - რადგან ეს უკვე პიროვნების ფუნდამეტური უფლებაა, და არავისა აქვს უფლება დაგავალდებულოს ვინმეს პატივისცემა ან უპატივცემლობა (კორექტულობის ფარგლებში)... მე მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემისაკენ მოვუწოდებდი ჩემს გაბოროტების გზაზე დამდგარ მეგობრებს, ნათესავებს, თანამემამულეებს, ჩემს მტრებს, რომლებიც არ მყავს, და საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა... და არა იმიტომ რომ არ შემდგარი ფეხშიშველი დაბოლილი ბებერი ჰიპი ვარ, არამედ ერთი სრულიად პრაგმატული ცივილური მიზეზის გამო : - სიძულვილით სიძულვილის დამარცხება შეუძლებელია.

P.S. მინდა წინასწარ ვუპასუხო სრულიად ლოგიკურ კითხვას, რომელიც შესაძლოა მკითხველს გაუჩნდეს ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ; რა მიშლის ხელს დავხურო ჩემი პროფილი ფეისბუკზე?
მართლაც, დიდი ხანია წავიდოდი ფეისბუკიდან, მხოლოდ ჩემთვის ეს ცოტათი ემიგრაციაში მეორედ წასვლას წააგავს. დაახლოვებით იგივეა - როცა ბავშვობაში დაკარგულ დათუნიას იპოვი, აცრემლებული ლოგინში ჩაიწვენ, გულში ჩაიხუტებ, პირველ ხანებში არ მიაქცევ ყურადღებას მის შმორის უსიამოვნო სუნს, რომელიც ყოველ ღამე სულ უფრო მოიმატებს, სულ უფრო აუტანელი გახდება. ბოლოს მიხვდები, რომ დრო წარსულს უფრო მეტად აყროლებს... რომ აყროლებულ წარსულთან ცხოვრება შენი სასჯელია, მასთან ერთად სიკვდილი კი აღდგომა. და ერთ დღეს, უფრო კი ჩემი აზრით ნაშუადღევს, ასე ჩაძაღლდები საკუთარი აყროლებული დათუნიათი ხელში, "იკეას'' გაცრეცილ შავი ტყავის ძველ დივანზე

პაატა ქურდაძე 8 სექტემბერი 2010

P'.S' გთავაზობთ მასობრივი სცენის , ქართული "სამ თეთრიანი და ნახევაუჯრედიანი სისასტიკის კაბარეს" წარმოდგენის ლიბრეტოდან. პერსონაჟები და მათი ფრაზები რეალურია, გარდა ლიბრეტოდანს ავტორის მიერ (პ.ქ) თი აღნიშნული დამატებული ზოგიერთი პერსონაჟისა:

სცენა წარმოადგენს პენოპლასტის კომპიუტერის კლავიატურას, რომლის ყოველი კლავიში დამოუკიდებლად სხვადასხვა ფერად ნათდება. ავანსცენა დიდი დეკორაციული მონიტორია, საიდანაც წითელ ხალიჩიანი კიბე ეშვება კლავიატურაზე. მაუსი ცოცხალი პერსონაჟია, ის თავად დარბის ისრით მსახიობებს შორის და ასრულებს კონფერანსიესა და იმავდროულად ფრენჩ კანკანის მოცეკვავის როლს.

სცენის ცენტრში სახრჩობელაზე კიდია ნინო ბურჯანაძე, ის კითხულობს "ასავალ დასავალს". გარშემო მოქალაქეები შეკრებილან, კლავიშიდან კლავიშზე დახტიან, იღლიაში ყველას ოქროს ფერი სახარება აქვს ამოჩრილი. რომელსაც ხანდახან ერთმანეთს დრუზავენ ხოლმე. სახარება ოქროსია და შუაში დიდი და პატარა მოციმციმე ფერადი ნათურებიანი ჯვრით არის მორთული. ჯვარცმის ყოველ კვადრატში ასევე პატარა მოციმციმე ჯვარცმებია. ყველაფერი ერთად ოქროსფერ საქართველოს მოციმციმე დროშის იმიტაციაა. ერთმანეთს სიმღერით ესაუბრებიან. მუსიკალური აკომპანიმენტი კლავიშებზე დარტყმის ხმაა - ყოველ ჯერზე, როდესაც პერსონაჟი თავის ტექსტს მღერის დანარჩენები კლავიატურის ტაქტზე ცეკვავენ, ტაკიმასხარაობენ. დეკორატიულ მონიტორზე კი იბეჭდება წარმოთქმული ტექსტი ყრუმუნჯთათვის, რომლებითაც სავსეა დარბაზი.

მთავარანგელოზის მეგობარი ლადო - მე თამამად ვაცხადებ, რომ ვარ მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტი და არა რაციონალისტი მართლმადიდებელი...

ფეხბურთის მწვრთნელი როსტომი - დღეს ჩვენი უუუდიდესი წინაპრის, ჩვენი უსაყვარლესი, ბუნჩულა ი ლ ი ა ს მფარველი ანგელოზის დღეა! მუდამ ჰფარავდეს საქართველოს მისი "თანამდევი უკვდავი სული"!

ყოფილი ტროლეიბუსის მძღოლი გიორგი - სანამ კომუნისტებთან ნაწოლი თაობა არ წავა, არაფერი არ გვეშველება (პირობითად ვთქვათ - 40 წელი უდაბნოში:))

პირველი ტრავესტი პატრიოტი გიო (ნინო ბურჯანაზეს)- შე კიკიმორა ქალო, შენ რასაც მოგვარებას ეძახი, სხვა სიტყვებით ბოზობაა! მთელი 20 წუთი ზალიკომ ვერ გათქმევინა რუსი ოკუპანტიაო, 9 მაისს ოკუპანტის აღლუმს ესწრებოდი (იმიტომ რომ ეგღა დაგრჩა იმედად, ეგება ოკუპანტმა დაგსვას ტახტზე) და 8 აგვისტოს უნამუსოდ დაღუპული ბიჭების საფლავზე არტისტობდი! ფუიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

მეორე ტრავესტი ტყუპისცალი პატრიოტი გიო - ნატვრის ხეში როა ისე უნდა დასვა ვირზე და მოატარო მთელი საქართველო და ჩაქოლო!!! ის რუსიც იმიტომ გვიბედავს ამდენს იცის ამისთანა ნაძირალები რო მოიპოვება აქ "ვედრა ლარად". მანამდე არაფერი გვეშველება სანამ მოღალატეს მოღალატეს არ ვუწოდებთ, არ გავრიყავთ და ქუჩაში არ ვაფურთხებთ სახეში!!! ამის პრეცედენტი თუ არ შეიქმნა ამისთანა ნაგვები ყოველთვის მტრის იმედად იქნებიან აქ!!! ერთი ნორმალური არ გამოჩნდა მუხათგვერდის სასაფლაოზე იმ დროს როცა ეს კახპა დედაკაცი ავიდა რომ შეეფურთხებინა სახეში!!!

მესამე ტრავესტი ტყუპისცალი პატრიოტი გიო - მე, პირადათ, ყველაზე ძალიან მაღიზიანებს – როგორ გაბედა დაღუპული ვაშკაცების საფლავზე მისვლა! სულ გინებით უნდა გაეგდოთ იქედან!

მეოთხე ტრავესტი ტყუპისცალი პატრიოტი გიო - ბურჯანაძე უნდა ცხენის კუდზე გამოაბა და ათრიო, როგორც მოღალატე!!! ღალატი მეტი რა არის? კახპა ეგ!!!

ბრიჯიტ ბარდოს პორტრეტი - ბუღჟანადზე დჟანდაბას! მაგღამ ცხენს რაღას ერჩით,ხალხო! ცოდვა არ არის? კუდი არ ეტკინება?...ღმერთი, ღმერთი არა გწამთ?.. (პ.ქ.)

ფრენჩ კანკანის სოლისტი, კონფერანსიე და მაუსი პაატა - როგორც ხედავთ - წერა კითხვის მცოდნე ქართველ ეშაფოტის პუბლიკას რაღაც პათოლოგიური მიდრეკილება აქვს სადიზმისაკენ და სახეში ფურთხებისაკენ. სწორედ ასეთების გამო მოიგონა ჟოზეფ ინიას გილიოტინმა თავის მოკვეთის იმ ეპოქისათვის სრულყოფილი მანქანა - ცოტათი მაინც რომ დაეცვა სიკვდილმისჯილები ასეთია დაუნდობელი სადისტებისგან,, რადგანაც საფრანგეთში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და ეს მანქანები ტყუილად იჟანგება ღია ცის ქვეშ , იქნებ ვთხოვოთ მეგობარ სარკოს, ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოგვიგზავნოს... გვათხოვოს მაინც ერთი ორი წლით. ქართველო მკვლელებო ! მოგიწოდებთ იყოთ გულმოწყალენი! ნუ აწამებთ და არც თქვენ გაწამდებით, როცა თქვენი გილიოტინის ზარი შემოჰკრავს! (პ.ქ.)

სანამ კონფერანსიე მაუსი პაატა მაყურებელს მიმართავს, შემოჰყავთ ვარდისფერი ბაფთებით მორთული ცოცხალი ვირი, ნინოს სახრჩობელადან ჩამოხსნიან და ვირზე უკუღმა შესვამენ. ყველა იწყებს აქეთ იქით, ფაქტიურად ერთმანეთის ფურთხებას. ნინო ასავალ დასავალს იღლიაში ამოიჩრის, ჰერმესის ჩანთიდან ამოიღებს ' ჟურნალ ტაბულას" და ყურადღებით იწყებს მის ფურცვლას. კითხულობს იმ ნომერს რომელსაც ყდაზე ანდრე გლუქსმანი გამოსახული.

მთავარანგელოზის მეგობარი ლადო - ვაჟა ფშაველა- ჩივილი ხმლისა : დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში. სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში!

მათეუს მაროზოვი - აბა, აბა... იწამეთ ღმერთი ამხანაგებო! მით უმეტეს ის არ არსებობს! ჰარი კრიშნა და რამე.. კაშკაში... (პ.ქ.)

პროქსენეტი დიმიტრი - და ამ არაკაცების გვერძე მდგომი და დამცველი მიკითხავს მე მორალს? და ეს არაკაცები მასწავლიან მე რა არის ღმერთი ანუ სიყვარული?

მელურსმნე ტუკო გიორგი ხაინდრავას რატომ არ ახსენებთ, ეგ რა, ნოღაიდელზე ნაკლებია? მორაგბეების გამარჯვებაზეც რომ ბოღმა გადმოანთხია,
გიორგი ბრწყინვალეს ძელისდება ხომ არავის გაუუქმებია? ჰოდა ძელზე გასმა და მაგის ჯანი...

მათეუს მაროზოვი - აბა, აბა... პირდაპი ძელზე უნდა შევასკუპოთ ეს ხაინდრავა... ირაკლიც, ამერიკელი პრავაკატორი... გაუმარჯოს წმინდა გიორგის ! ყველანი ძელებზე! (პ,ქ,) მათეუსი ძელის მოსატანად გადის მარცხნივ.

შემოდის პაციფისტი ირაკლი მეგაფონით და აბრით რომელსაც ერთ მხარეს დოქტორი ფრანკენშტეინი ახატია, ხოლო მეორეზე ჯორჯ ბუში.

მგლის ტყავში გახვეული ცხვარი გიო - ეს კომპიუტერის ლომი ნახე რა!
ბიჭო არ დაივიწყო! ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ. ხოდა შენი ადგილი იცოდე პეტუხ! ჩვენს სასტავში შენნაირი ბოზი ქათმების ადგილი არაა.

მზესუმზირას გამყიდველი დეიდა მგდალენა - პეტუხი არა... ეგ მარტიშკაა... უვიცი უნამუსო ყვირალა მარტიშკა.

პატარა კეთილი კოვბოი გიო - მაგდალენა დეიდა, ეგეთები ჭკუას ვერ სწავლობენ.. დოზა უნდა მიიღონ, თორემ არ შეუძლიათ.. ჩვენი გინება მაგისთვის ლოცვაა. პეტუხებს მარტიშკებს და ა.შ. რაღაც ადგილი მაინც აქვთ ცხოვრებაში,

ატარა კოვბოის პატარა სათამაშო ცხენი -პატიოსანი ქათმები მომენატრნენ ამ გარყვნილ საქათმესავით ქვეყანაში!...მაგდალენა დეიდა! მაგდალენა დეიდა! საიდან იცით ირაკლი პეტუხი რომ არ არის? ჰე ,ჰე. ჰე! შეამოწმეთ?... ჰე, ჰე, ჰე... (პ.ქ.)

პაციფისტი ირაკლი მეგაფონით - თქვენს დედას შესცა მთელმა ზამბიამ, პანამამ (ნორიეგასთა ერთად) ბრაზილიის შუამდინარეთმა, არგენტინის პამპასებმა, ლიბერიის სამხედრო ხუნტამ, გრენლანდიის დროებითმა მთავრობამ, პაპუა.. ახალი გვინეის წარმომადგენლობამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, გურამ ფირცხალავამ იაშა ღოღობერიძის ყველა სიძემ, იორდანის ყველა მომთაბარე ტომმა, უილიამ ბუროგსის ყველა შვილიშვილის ყველა მეზობელმა, აზერბაიჯანის მთელმა ნავთობგადამმუშავებელმა ინდუსტრიამ, ნიგერიის ახალმა და ძველმა პრეზიდენტებმა, იდიამის 67 მა ვაჟიშვილმა და 45 მა ქალიშვილმა, ცნობილმა ზიმბველმა მწერალმა ჩეგრეაი ჰოვემ, შრი ლანკის განთავისუფლების ფრონტმა, თალიმებმა და სიგალელებმა ერთად, ზულუს ტომებმა სვაზილანდში, გუჯარათის ენაზე მოლაპარაკე ყველა დალოცვილმა ქართველმა, ყზლბაშების მთელმა არმიამა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მთელმა შემადგენლობამ.

შემოდის უწმინდესი და უნეტარესი დედაო თამარა მორზე დიდი მათრახით, და კაბურაში დიდი მაუზერით. მის ფეხდაფეხ მათეუს მოროზოვი ჯერ ტყვიამფრქვევი "მაქსიმკას" შემოათრევს, მერე შუშის ძელს და დედაოს კაბის ქვეშ შეძვრება, ყველა ჩუმდება და შეშდება მის დანახვაზე. ორი პროჟექტორი მხოლოდ თამარა მორზეს ანათებს.

დედაო თამარა მორზე. კივის ბოლო ხმაზე - ხვალ ფეის-ბუკ ჯგუფს გავაკეთებთ, წერილს დავწერთ და გაჩვენებთ, ვინც გაიზიარებთ ხელი მოაწერეთ და გამოვაქვეყნებთ. ამას გარდა ვთარგმნით, გამოვაქვეყნებთ "ტაბულას" ინგლისურ ნომერში, გავაგზავნით ყველა საელჩოში და საერთაშორისო ორგანიზაციაში, სიასთან და ამ უმსგავსო მიმართვასთან ერთად.
მათეუს მაროზოვი თავს გამოყოფს მისი კაბიდან და პაციფისტი ირაკლის მეგაფონით ყვირის -
საღამოს ფილარმონიაში ვიკრიფებით ხორუმის საიდუმლო რეპეტიცია გვაქვს!

კარდინალი ნოდარი - ამ შემთხვევაში წაყრუება არ შეიძლება... მოკლედ ვერ ახსნი. უბრალოდ ეს ის შემთხვევაა, როცა ძალის გარდა არაფერი იმოქმედებს...

მათეუს მაროზოვი დედაო თამარა მორზეს კაბიდან გამოძვრა, შუშის ძელს აღმართავს - აბა, აბა... ძალა... ეს სწორედ ის შემთხვევაა, რა კარგი ნათქვამია - პირდაპირ საელჩოების წინ უნდა ჩამოვახრჩოთ ელჩები... და მათი ოქროს სია უნდა გამოვაქვეყნოთ ... აბა.. აბა... (პ.ქ.)


ფრენჩ კანკანის სოლისტი მაუსი პაატა - წინადადება შემომაქვს გულაშვლი და მისი რაზმი თუ გილიოტინებმა არ ჩამოუსწრო სახალხოდ დავხვრიტოთ - და ამით მათ წამებას ბოლო მოვუღოთ, ხოლო "ოქროს ინტელიგენციას'', "ბურჯანაძესა და ფრენდებს", ქართველ კოლაბორაციონისტებს და საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს (ფრანგი ბურქის მოყვარული ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად) მხოლოდ თავები გადავპარსოთ და რუსთაველზე ჩამოვატაროთ როგორც პარიზელი "მეძავები" განთავისუფლებულ შანსელიზეზე 1944 წლის აგვისტოში. (პ.ქ.)

ტოლერანტობის განყოფილების გამგე ბექა - გილიოტინა მხოლოდ დეტალია, მთავარი სიებია, სიები შევადგინოთ! ვინმე რომ არ გამოგვრჩეს, სიები ! სიები!!!! აბა რომელი ჩავწერო პირველი? ჩქარა! სიები!..... (პ.ქ.)

მათეუს მაროზოვი - მე! მე მოგეხმარებით , მე ვიცი ვინ არის პირველი, მეორეც ყველაფერი, ყველაფერი ვიცი, წერაც კი შემიძლია, აი ნახეთ - შიე-ვარ-დნა-დზე... ტოლერანტულად ჩამოგახრჩობთ.. სათითაოდ... არა ძელზე დავსვათ. ეს ძელი ჩვენი ტოლერანტობის და ძალის გამჭვირვალე სიმბოლოა! .... აი, სავსე მთვარეც ამოვიდა!... დავიწყოთ on ! and two! and three! and fooooooooooooooooour!!!!!! (პ.ქ.)

იწყება კლავიატურაზე კლავიშებზე დარტყმით შესრულებული საქართველოს ჰიმნი გამჭვირვალე ვიოლონჩელის აკომპანიმენტით. დირიჟორი ნიკა. ყველა იწყებს ჰიმნის მოლო ხმაზე ყვირილით სიმღერას. ნინო ჰიმნის ხმაზე დაკეცავს ჟურნალ "ტაბულას" და ატირდება. დედაო თამარა მორზე და მზესუმზირას გამყიდველი ქალი მაგდალინა თავისუფლების ნიშნად მკერდს იღეღავენ, ლიფებს პუბლიკაში მოისვრიან. კონფერანსიე მაუსი კანკანში არეულ ჰიმნის ჰანგებზე ცეკვავს. შამპანიური! შუშხუნები! ფეერვერკი, დედაო თამარა მორზე დიდ მათრახს ურტყამს იატაკს და კივის:
-Start!
-Turn off computer!... computer!
-Turn off!...Turn...off! off, off, off, oooooooof...დაბალი შენელებული ექო

სინათლე ქრება.
სიჩუმე,
სიბნელე.
სიბნელე.

8 commentaires:

Anonyme a dit…

ღმერთმა კარგად გამყოფოს, კარგი საქმეცაა და თან რაც მე ვისიამოვნე და ვიმხიარულე, კარგა ხანი მეყოფა...ერთი ეგაა სამწუხარო, რომ ბევრს და თან პაჭაძეს არ მოეწონება, ადრეც გაიძახოდა ძალად გატყლარჭული, უნიჭო ნაწერი აქვსო და ეხლა ხომ, სულ დაიწუნებს და რა გვეშველება....
გია გიორგი არე

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

გიორგი, რას ამბობთ, მართლა თქვა? მე დავით პაიჭაძის არსებობის შესახებ სულ ეხლახანს შევიტყე, მისი ნიჭის ღრმათ შესწავლას არ ვაპირებ - ეს ერთადერთი ფრაზაც საკმარისია ჩემთვის- რუსი ერის შესახებ, რომელიც მისი პაწაწინა აზრით "გასულ აგისტოს შებოლილ ერად ჩამოყალიბდა".
ის, რომ ჩემი ტექსტი "ბევრს" არ მოეწონება" და მას უნიჭოდ ჩათვლის არც ეს მაწუხებს ძალიან, ალბათ ხვდებით რატომაც, ანდა რა მიხვედრა უნდა. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია რომ თქვენ მოგეწონათ, გმადლობთ ამისათვის.
პაატა ქურდაძე
p.s. მე "გაუტყლარჭავად" 80 იან წლებში ვწერდი,თან ძალიან ბევრს. ეხლა პირიქით, მგონია, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედი საკმარისად იმ პერიოდის ზედმეტად მშრალი სტილიდან. ძალიან მიყვარს კლასიკური თუ გნებავთ "გატყლარჭული" ენა, ვდილობ ის თანამედროვე ქართულში და ჩემში ვიპოვო.
პაატა

irina a dit…

Zalian didi madloba. ese erTi amosuntkvit amxela teqsti didi xania ar camikitxavs. pachadze vinaa ar vici, magram tkveni gatylarchuli ena dzalian momcons. am naceridan erti 5 cigni gamovidoda. facebokze dagimegobrdit:))))
irina

Anonyme a dit…

ვიხალისე კი არა,მოვკვდი ნერვიულობით:)
კომენტარები,რომ არ წამეკითხა აზრად არ მომივიდოდა "გადატყლარჭულობა":)
იცით რა ? უბრალო,გასაგები,"სასერიალო" ენა (ხან მარტო ზმნები,ხან ზედსართავები:):):) მოსაწყენია უკვე. იმდენად მოსაწყენია ,რომ რთულ ფილოსოფიურ ტექსტებს ჩავუჯექი(მაგ. კანტს):):):) ისეთი სასიამოვნო განცდაა ,როცა კითხულობ,არ გესმის,კითხულობ ისევ,უბრუნდები და გგონია გიღებს კარებს.თქვენც მიტოვებთ ასეთ განცდას,რომ კარები ღიაა.მადლობა ასეთი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის,სამშობლოს სიყვარულისათვის და ჭეშმარიტებისათვის,რომელიც ყველაფერზე მაღლაა და მზესავით ანათებს ყველასათვის.ჭეშმარიტების სოკრატისეული ახსნა 25 საუკუნის მერეც საკამათოა. 25(თუ 24?) საუკუნის მერეც კამათი სიკვდილით მთავრდება.მაშინ-მისჯილი საწამლავი,ახლა - "დამოუკიდებელი " და დემოკრატიული ინფარქტი. სხვადასხვა განცდა "შემესია",როცა ვუყურე გადაპარსულ ქალებს.ამოტივტივდა ფილმი "მალენა".მასობრივი ცნობიერების ფენომენზე უნდა დავწერო(დაგვიანებული დისერტაცია:):):)დარწმუნებული ვარ თქვენ უკეთ გამოგივათ:)

Anonyme a dit…

gogi gvaxarias gadacemashi mogisminet 2dghis cin pirvelad. mashinve internetit mogidziet da dzalian mixaria rom gipovet. tqveni ena da azri haerivit sachiroa chemtvis, romelmac titqmis chaviqnie xeli samshobloze, magram gulis sighrmeshi mainc mtkiva da macuxebs. "multifobiur" facebookshi sabolood davrcmundi, rom me ara var chemi samshoblos nacili. me is ubralod miyvars ayrolebuli datuniasavit, romelsac bavhvobashi vetamashebodi, axla ki misi suni macuxebs. tqven aniavebt am suns, asuftavebt, da survils mibrunebt rom isev vetamasho.
samshoblo chemtvis tqvena xart.

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

მადლობა ცოტა უადგილო და ბანალური მeჩვენაბა ასეთი თბილი კომენტარებისათვის, განსაკუთრებით უკანასკნელისათვის - ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - ასეთი მძიმე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება აზრადაც არ მომსვლია არასოდეს. "მაინც" ძალიან დიდი მადლობა...

ნენე გიორგაძე a dit…

ძალიან საინტერესო და ტკივილიანი წერილია, როგორც ზოგადად თქვენი პუბლიცისტიკა, რომლის მუდმივი მკითხველი ვარ. ფეისბუქში დღემდე არა ვარ გაწევრიანებული, სურვილი არა მაქვს, ამის გარდა ჩემი დროც მენანება... ვინც მიცნობს, ყველა გაკვირვებულია - რატომ? არის რამდენიმე საიტი, სადაც შევდივარ და კომენტარს ვტოვებ და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია, მაქვს საკუთარი ვებ გვერდი, სადაც ნებისმიერს შეუძლია შესვლა... ფეისბუქი გლობალური საჭორავი ქსელი მგონია და არა მგონია ვცდებოდე... ახლა, თქვენმა წერილმაც გამიმტკიცა ეს აზრი. საოცარი ფენომენია სიძულვილი... საქართველოში ყოველწლიურად ვახერხებ ჩასვლას და მეჩვენება, რომ უფრო და უფრო სევდიანი და ერთფეროვანი ხდება... სტუდენტობისას, თბილისში, გაზეთში დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა, მალევე წამოვედი, იქაურმა ინტრიგებმა გამაღიზიანეს... საქართველოში ინტრიგების მოთხოვნილებაა გამძაფრებული, თანაც ყოვლად უნიჭო, ბრიყვული და "იღლიაში სახარება-გამოჩრილ", მამარდაშვილის "ჩამოძენძილ- ჭეშმარიტება-მოციტირე" "ინტელექტუალების" მიერ მოწყობილი ინტრიგების სერიალების მოთხოვნილებაა, - არ გეჩვენებათ? მარტო "სიმართლის დრო" რად ღირს თავისი "ნანკებით" და "ნანუკებით"...

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

გმადლობთ ნენე.თქვენი კითხვის პასუხად- რა თქმა უნდა მეჩვენება რომ საქართველო ყოველ ჩასვლაზე უფრო და უფრო სევდიანი ხდება. უფრო მეტიც ვიდრე სევდიანი... რაც შეეხება ინტრიგებს - გარდა იმისა, რომ ინტრიგები ჩვენი "ნაციონალური სპორტის სახეობაა", ტექნოლოგიური პროგრესიც ძალიან უწყობს ხელს ამ თვისების განვითარებას - ფეისბუკი ამ მხრივ იდეალური ადგილია. ის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ საჭორაო დგილი. არსად ისე კარგად არ ჩანს ქართული საზოგადოების სოციალური სახე როგორც ამ ქსელში, თვით რეალურ საქართველოშიც კი, სადაც ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი. ეს ნაჭუჭი კი როგორც აღმოჩნდა კომპიუტერია.