7 septembre 2010

უმისამართო ფლეში

ეს ავტობიოგრაფილი ნოველა დაწერილია ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" თხოვნით, სპეც - პროექტისათვის "როცა 18 წის ვიყავი"
N°63 - აგვისტო სექტემბერი


პაატა ქურდაძე 1977


მაშინ ცხოვრება გაუთავებელი შიში იყო - ყველაფრის მიმართ.
შიში რომ უნივერსტეტიდან გაგრიცხავენ, ან მილიციონერები ჯიბეში პლანს გიპოვიან...
შიში სექსის, რომელიც არ გაქვს.. ობსესია, რომ ფარდას აგხდიან , გამოგამზეურებენ, ყველა გაიგებს რომ სექსი არა გაქვს,რომ გოგოებს არ მოწონხარ.. რომ მშიშარა ხარ... ტუჩებზე ჯერ კიდევ რძე არ შეგშრობია... ამიტომ იდიოტივით იქცევი, გოგოებს ეღლაბუცები, წვერს იშვიათად იპარსავ, სვამ, უღმერთოდ თვრები, მთელი დღე ქუჩაში დაეხეტები, იქ ვიღაც შენზე მშიშარა "ძველი-ბიჭები" გიბღვერენ... მათ ერთმანეთისაც კი ეშინიათ - "არასწორი" გაგების რაიმე რომ არ წამოცდეთ, გოგოების კი ჩემზე მეტად ეშინიათ, პირველივე კოცნაზე ცოლად მოჰყავთ, მილიციონერებისაც ჩემზე უფრო ეშინიათ- პლანთან ერთად "პრაკოლები" რომ არ უპოვონ . დაფეთებულები და აგრესიულები დანის გარეშე სახლიდან არ გამოდიან.

ღმერთო ჩემო! 77 წელი შიშის და "ოტელ კალიფორნიას" წელი იყო. არაეროტიული პორნოგრაფიული ცვლილებების წელი.

ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი ძმა ხანდახან მეუბნებოდა -შენგან კაცი არ დადგებაო. მგონი მართალი იყო. მეც ასე ვფიქრობდი მაშინ.
ეხლა აღარ ვფიქრობ.ყოველ შემთხვევაში ისეთი კაცი- როგორსაც ჩემი ძმა გულისხმობდა ნამდვილად არ დავდექი. მგონი ამით კმაყოფილი უნდა იყოს. მაშინ კი განიცდიდა, ეშინოდა რომ უნივერსტეტიდან  გამრიცხავდნენ, რადგან მეცადინეობის ნაცვლად რომანს ვწერდი ღამ- ღამობით.

გარიცხვის მეც მეშინოდა, განსაკუთრებთ ჯარში წასვლის, დედაჩემი ჯარით მაშინებდა ... წითელ არმიით, რომლისაც ისედაც მთელს მსოფლიოს ეშინოდა, მე მის გაგონებაზე ცივი ოფლი მასხავდა. ამ არმიის დღესაც მეშინია. განსაკუთრებით მათი წითელი ვარსკვლავების. უფრო მეტადაც კი ვიდრე მაშინ.დღეს მათ შესახებ უფრო მეტი ვიცი - საშინელი ხალხი აღმოჩნდა ეს რუსი სამხედროები, უარესი ვიდრე მე მეგონა. მაშინ ჯერ ავღანისტანშიც კი არ იყვნენ შესულნი. მათ მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი საშვიდნოემბრო პარადებზე ტანკებიდან თავამოყოფილებს. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ტანკში თავჩაყოფილი რუსი ბევრად უფრო საშიშია?
საღამოს ფაკულტეტზე ვსწავლობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ამიტომ ჯარიდან არ ვიყავი დაჯავშნული. საბრალო დედაჩემი წელიწადში ორჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში 600 მანეთს უხდიდა ამ დამპალ სამხედრო კომისრებს. ბოლოს, ერთხელ ერთბაშად 3500 მანეთი გამატანა კოლმეურნეობის მოედანზე ფსიქიატრიული დისპანსერის მთავარ ექიმთან. ჩემი ხელით მივეცი...არ ვიცი სად ისესხა. ვიცი რომ წლების განმავლობაში ისტუმრებდა მერე ამ ფულს...
საბჭოთა კრიმინალური ფსიქიატრია... ეს კიდევ სხვა თემაა... წითელი ფსიქიატრები წითელ არმიაზე უფო შემზარავები იყვნენ. თუმცა ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, მხოლოდ რაღაც ბიძური გრძნობა დამიტოვა.. იმ მთავარმა ექიმმა. ფულს ხელი არ ახლო, უჯრაში ჩადეო მითხრა, თან იკრიჭებოდა...
კორუფცია. შეურაცოფა. მისი შიში... ვერაფრით ვერ ვისწავლე ქრთამის მიცემა.

ერთხელ, თოვლიან დილას ჩემი უფროსი ძმის ორი თანაკურსელი მოვიდა. მითხრეს რომ წინა დღით სადღაც დაულევიათ, მერე ერთმანეთში უჩხუბიათ.

- საიდანღაც მილიციონერები გამოძვრნენ. ყვლა გავიქეცით. ხომ იცი რა მოუხერხებელი ვინმეა.მაინცა და მაინც ეგ დაიჭირეს, არაყიშვილზე განყოფილებაში ყავთ გამოკეტილი - ასე მითხრეს, თანაგრძნობით მხარზე ხელი მომითათუნეს და წავიდნენ.

მართალია. ღამე სახლში არ მოსულა. ჩვენ ვიფიქრეთ რომ მეგობართან დარჩა...
ავტობუსით არაყიშვილზე წავედი მარტო.
მილიციის საძაგელ შენობაში უშნო ადამიანები ფუსფუსებდნენ. ტუალეტის სუნი იდგა. ჩემს ძმას მოვკარი თვალი, აწითლებული იჯდა გისოსებს მიღმა. სახეზე ხელები ქონდა აფარებული, მხოლოდ შეშინებული თვალები უჩანდა. სახე ჩამალული ჰქოდა, მაგრამ მივხვდი, რომ აწითლებული იყო საბჭოთა არმიის ვარსკვლავივით.

გამომძიებელი ოცდაათს გადაცილებული ახალგაზრდა კაცი იყო, გამხდარი, საშუალო სიმაღლის.. რომ შეხედავდი ვერც კი იფიქრებდი, რომ "ძაღლია". ალბათ ვიღაც უბადრუკ გოგოებს მოწონდათ კიდეც. ჯინსები ეცვა და მწვანე ჯემპრი. ეს რაღაც ახალი იყო, "ოტელ კალიფორნიასავით". - ჯინსებიანი და ცოტა გრძელთმიანი დისკო გამომძიებელი. ახალი თაობის გარეწარი.
კაბინეტში შემიყვანა. დამსვა. ღია კარებიდან სწორედ ჩემი ძმის კამერა ჩანდა და შიგ თვითონ - სახეზე აფარებული ხელებით.
- შენ ძმა ხარ, არა? ... ახალგაზრდა ბიჭია, ფიზიკურზე ვსწავლობო ამბობს... ხულიგნობაზე ხომ იცი ბევრი არ არის, სულ ექვსი თვიდან ორ წლამდეა, მაგრამ, მაინც ცოდოა, დაიღუპება, ხომ იცი... ეხლა 11 საათია?... საათს დახედა, შენთან რომელია? მოკლედ თერთმეტია. საღამს ექვსამდე 2000 მანეთს მოიტან. მერე მე აღარ ვიქნები, ცვლა უნდა გადავაბარო და ვეღარაფერს ვუშველი. მაგარი პულოვერი გაცვია.. ჩეკებში იყიდე? - სიტყვა "ცვლა" რატომღაც ჩურჩულით წარმოთქვა.

-არა, სხვისია.
- მოკლედ გელოდები.
ძმამ ცერად გამომაყოლა თვალი გისოსებს იქიდან. გამომძიებელმაც - რაღაც დამცინავად, როგორც პატარა არარაობას. მომეჩვენა, რომ ორივე არარაობად მთვლიდა.

2000 მანეთი. 77 წლის დეკემბრის დილა. ჭუჭყიანი გაყინული თოვლი. 18 წლის ისედაც შეშინებულ ცუდი სტუდენტის ფსიქიკა...
დედას ახალი გადახდილი ჰქონდა ჩემი ჯარის ფული.

არასაკმარის არარაობად ვგრძნობდი თავს. მერჩივნა ფიზიკურ არარაობად ვქცეულიყავი. გავმქრალიყავი...

ისევ შიში. ცივი ოფლი ცივ ზამთარში. თბილისში მაშინ სულ თოვდა. მგონი ზაფხულშიც კი, მე ასე მახსოვს.

მხოლოდ გაგრაში არ თოვდა და სოჭიში. სამაგიეროდ იქ ყველგან "მანნაია კაშას" სუნი იდგა. ყველგან, ვაგზალში, ქუჩაში, სასტუმროში...ლოგინშიც კი - პლაჟზე გაცნობილ გოგოებს "კაშის" სუნი ასდიოდათ. ეს სსრკს სუნია - რძის და დამდნარი კარაქის ყვითელი სუნი -"კაშა"! ღმერთო! ყოველთვის მეგონა, რომ ციხეში ამ "კაშას" აჭმევდნენ. ჯარშიც, რომ ჯოჯოხეთში კუპრის ნაცვლად სინამდვილეში პოვრებივით თეთრ ჩაჩ ჩამოფხატული ეშმაკები - მოთუხთუხე "მანნაია კაშას" უარმაზარ გამურულ ალუმინის ქვაბებში ხარშავდნენ პატარა ცოდვილ ბავშვებს,ეს ჩემი საბავშვო ბაღის დროინდელი კოშმარია.
მილიციაშიც მგონი "კაშას" სუნი იდგა. და კიდევ შარდის. რაღაცით იმ საავადმყოფოს სუნს გავდა, რომელშიც რამოდენიმე წლის წინ აპენდიციტის ოპერაცია გამიკეთეს.
ქართულად "მანანას ბურღული" ერქვა.
ყავისფერ ქაღალდის პაკეტს, რომელიც ყველა გასტრონომში იყიდებოდა ვიღაც ბავშვი - მანანა ეხატა ლურჯად, დიდი წითელი ლოყებით და ხუჭუჭი ქერა თმებით...ეს გოგონა საბჭოთა კავშირის ისეთივე სიმბოლოდ დარჩა , როგორც მარიანა ფრანგულ საფოსტო მარკაზე. მხოლოდ მარიანას მოდელი ბრიჯიტ ბარდოს მიხედვით შექნეს 60 იან წლებში. პატარა ხუჭუჭა გოგონა მანანა კი არავინ იცის ვინ არის.
ნახატი თითქოს ლურჯი ქიმიური მელნისფერით იყო შესრულებული, მაგრამ მაშინვე მიხვდებოდით რომ ბავშვი ქერა, ცისფერთვალება და წითელ ლოყება იყო... მერე ერთხელ მივხვდი, რომ პრინციპში, ეს ბურღულს ისრაელი ხალხისათვის ზეციდან მოვლენილი საკვების სახელს ატარებდა , ამ ვიღაც ხუჭუჭა ქერა გოგონას უკან კი დიდი ბიბლიური მისტერიის წითელი ინტერპრეტაცია იმალებოდა - ერთკილოიანი " მანის კრუპით" მთელი ამხელა ქვეყანა იკვებებოდა... და თან ყოფნიდათ... ისევე როგორც ბიბლიაში. მხოლოდ მთელი სსრკ ამ სუნად ყარდა - განსაკუთრებით დილაობით - დროში აცდენილ დილის 8 საათზე, როცა სამზარეულოს ექვსმანეთიან რადიოში მკაცრად ამბობდნენ, რომ სადღაც ძალიან შორს, მოსკოვში 7 საათია.

ქურდობა - ერთად ერთი შესაძლლო  გამოსავალი...
იქნებ მომეპარა კიდეც, რომ მცოდნოდა ვისთვის ან როგორ.

მერე ეს გაიძვერა ჯინსებიანი გამომძიებელი ჩემი ციხიდან დასახსნელად ალბათ ათჯერ უფრო მეტს მოსთხვდა საბრალო დედაჩემს - სასწრაფოდ, სანამ მეორე ცვლა მოვიდოდა!... რა საინტერესოა- სად არის დღეს ეს კაცი? იმედი მაქვს შეშინებულია, ისევე როგორც მე მაშინ, ან იქნებ უარესადაც - რომ მისმა შვილიშვილებმა არ შეიტყონ რა დამპალიც იყო ახალგაზრდობაში. იმედი მაქვს შიშისაგან და სიბერისგან იფსავს ჩემნაირების გახსენებაზე...
ვიღაცამ მირჩია - იქნებ მამაშენს თხოვოო. მისთვის არასდროს არაფერი გვითხოვია მე და ჩემს ძმას. ამას კიდევ მოპარვა, ან ბანდიტობა მერჩივნა. მხოლოდ ვერ გავბედე. და ყველაფერი იმას დავაბრალე, რომ საღამოს ექვს საათამდე მაინც ვერავის და ვერაფრის გაძარცვას ვერ მოვასწრებდი.

მამას ქუჩაში ავუხსენი ყველაფერი. მაშინ მასთან სახლში არ დავდიოდით მე და ჩემი ძმა. დედა გვიკრძალავდა. ჩუმად, დაღვემილი მისმენდა. არ არის მისი ბრალი მეთქი ვუთხარი. მართლა ესე იყო. სახლში შებრუნდა. თხუთმეტ წუთში იქიდან კოსტუმში ჩაცმული გამოვიდა. ჰალსტუკი ეკეთა. მაშინ მისი ხნის თბილისელი კაცები ჯერ კიდევ ჰალსტუკით დადიოდნენ. მივხვდი ჯიბეში ფული ედო. მერე გავიგე - ცოლსათვის გამოურთმევია. თვითონ სად ჰქონდა ერთბაშად ამდენი.
გამომძიებელი მის დანახვაზე დაიბნა. პატარა ნაბიჭვარს დაემსგავსა. რა იცოდა, რომ სულ ახლახანს იყო ოფიციალურად რეაბილიტირებული, რომ ექვდო  წელი გულაგში ჰქონდა გატარებული, ომის დროს ოთხი წელი  გერმანელებთან ტყვეობისათვის - უბრალოდ ისეთი კაცი იყო, ქართველები წარმოსადეგს რომ უწოდებენ . ეტყობა იმ დამპალს ვიღაც მნიშვნელოვანი ეგონა.

საშა -მამაჩემი გამომძიებელს თვალებში უყურებდა სიძულვილით. ვიცოდი რომ ძალიან ეშინოდა. შიგნიდან ალბათ სულ კანკალებდა და ჩემსავით ცივ ოფლში ცურავდა.


საშა ქურდაძე. ბანაკში. 1950 წელი.

საერთოდ თვალთვალის მანია ჰქონდა კგბს გადამკიდე: ცხოვრების პირველი ნახევარი დაკითხვებზე გაატარა, მეორე ნახევარი კი დაკითხვაზე გამოძახების მოლოდინში. მაგრამ უფრო მეტად ჩემი ძმის ციხეში მოხვედრის ეშინოდა. გაცილებით უფრო, ვიდრე მე, და ვიდრე თავად ჩემს ძმას. თუმცა სიძულვილი უფრო ჭარბობდა მის მზერაში ვიდრე შიში.

ზუსტად ხუთი წუთი უსმინა გამომძიებელს, მერე მითხრა რომ გარეთ გავსულიყავი. ეტყობა არ უნდოდა, ქრთამის მიცემის გარყვნილ პროცესს დავსწრებოდი...

მილიციიდან გამოსულებს, მე და ჩემს ძმას- რომელსაც აბსოლუტურად დეპრესირებული, განადგურებული სახე ჰქონდა ცივად დაგვემშვიდობა. 40 ნომერ ავტობუსში ავიდა.
მამაჩემი პლეხანოვზე ცხოვრობდა.
გარეთ ცივი ჰაერი იყო.

თორმეტი წლის შემდეგ მითხრა:
- სამი ოცნება მქონდა: სტალინის და ბერიას სიკვდილს მოვსწრებოდი, მერე კი საბჭოთა კავშირის დანგრევას. პირველი ორი ამიხდა. მესამეც... როგორც ვატყობ ამ ჩათლახებს დიდი ხანი არ უწერიათ... და ორ საათში მოკვდა. ეს "მიხაილოვსკი" საავადმყოფოში მოხდა. გარეთ ეროვნული მოძრაობა დროშების ფრიალით ახალ უძრაობას იწყებდა...

-რა მოგივიდა - მკითხა ჩემმა ძმამ- რას გაშტერდი?
-არ ვიცი, წამით მომეჩვენა, თითქოს ფრანგულ პოლიციაში ვიყავი.. არასოდეს არ დაგმართნია? თითქოს სადღაც სხვაგან ხარ...


ცუდი ყავის სუნი. პარიზის 13 ოლქის პოლიციის კომისარიატი, დილის 9 საათი. საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომისათვის კამერაში გატარებული ჭუჭყიანი ღამის შემდეგ პოლიციის ახალგაზრდა ინსპექტორი ბიუროკრატულ ფორმალობებს აზუსტებს.

- Vous aviez 0,5 milligrammes d'alcool dans le sang, on est d’accord?... réveillez-vous monsieur et répondez...
- Je ne dors pas. Oui c'est ça.... 0,5 mg.
- .... Ça va? Vous n'avez pas de malaise?
- Non. Ce n'est rien, rien qu’un petit flash back...*
ტაქსის ფული გაქვს? - მკითხა ჩემმა ძამამ.


*- სისხლში 0,5 მილიგრამი ალკოჰოლი გქონდათ, თანახმა ხართ ხომ?... ე, მესიე გაიღვიძეთ და მიპასუხეთ...
- არ მძინავს. ჰო ესეა... 0,5 მილიგრამი....
-...ყველაფერი რიგზეა? .. ცუდად ხომ არა ხართ?
-არა. არაფერია, არაფერი... ეს ხოლოდ პატარა Flash back იყო
P.K.
14 Juillet. Paris

11 commentaires:

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…
Ce commentaire a été supprimé par l'auteur.
Anonyme a dit…

მართლა ასეთი მძიმე ბავშვობა გქონდათ თუ განგებ გაამუქეთ ფერები?

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

ეს ნამდვილი ისტორიაა. თან ნოველაა - ამიტომ ცხადია ფერები უკეთ ჩანს, ვიდრე უფრალოდ საგაზეთო სტატიაში. როდესაც მას ვწერდი არ მიფიქრია, რომ განსაკუთრებულად მძიმე ბავშვობა მქონდა.არც ეხლა ვფიქრობ. მე მგონი არა.

Anonyme a dit…
Ce commentaire a été supprimé par un administrateur du blog.
Anonyme a dit…

ბატონო პაატა.სრულიად ვიზიარებ სტატიის პათოსს.მხოლოდ ერთი კითხვა და ერთი შენიშვნა მაქვს.კითხვა:გინზბურგმა რა დაგიშავათ.?
შენიშვნა:იმან, რომ ჩვენი დედები,ურიის ვალში დგებოდნენ,რათა ჯარში არ გავეშვით,აფხაზეთის დაკარგვის დროს,მწარედ გაგვახსენა თავი.

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

გმადლობთ. სამწუხაროდ არ ვიცი როგორ მოგმართოთ
პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ ეს სტატია არ არის - ეს ავტობიოგრაფიული ნოველაა/
ვერ ვხვდები რატომ მეკითხებით გინზბურგის შესახებ - სად ნახეთ რომ რამეს ვერჩოდე?
რაც შეეხება თქვენს შენიშვნას - გამოდის რომ ჩვენი დედები რაღაცნაირად პასუხისმგებლბიც კი ყოფილან აფხაზეთში ჩვენი მარცხის.ამაში კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, მით უმეტეს დღეს, როცაიმ ავღანისტანდან, საბჭოთა ჯარისკაცების ყოფილი სასაკლაოდან, თბილისში ოთხი მოკლული ჯარისკაცი ჩამოიყვანეს.

Anonyme a dit…

batono paata, zalian magrad cerT!
:)

Anonyme a dit…

ნოველა იკითხება ერთ ამოსუნთქვაზე და სიმაღლის შეგრძნებით

helen a dit…

tkveni namushevrebi pasiurad ar toveben mkitxvels. vxedav rom bevri ar getanxmebat magram esec taviseburi komunikaciaa. me piradad tkveni "esseebi" dzalas mmateben imistvis rom chemi sakme, saqmestan ertad sakartveloze piqri da mexsierebis "flash-back" - ebtan gamklaveba gavagrdzelo. da imis gamo rom mec dzalian grdzeli intervalebit micevs tbilisshi dabruneba albat carmogidgeniat ramdenad axloa chemtvis is rac am blog-ze xdeba.

Anonyme a dit…

რა "გემრიელად" ჩავიკითხე.ჩემი ბავშვობა გამახსენდა,ჩემი მამიდაშვილ-დეიდაშვილების,უბნელი ბიჭების გახეხილი,ვიწრო და ცოტა მოკლე ჯინსები .ანდროპოვის პერიოდში ,ვაკეში მილიციამ გაგვაჩერა ,დილა იყო,გაკვეთილებზე რატომ არ ხართო და წაგვიყვანეს არაყიშვილზე.მერე "მეამაყებოდა" რაღაცნაირად,არაყიშვილის მილიციაში აღრიცხვაზე ვარ თქო ))) როგორ დროშიც არ უნდა ცხოვრობდე,ბავშვობის მოგონება სულ სხვაა.მადლობა ბატონო პაატა ,რაღაც თბილად ჩავიკითხე,ერთ ამოსუნთქვაზე :)

Anonyme a dit…

paata vamayob shenit