Une erreur est survenue dans ce gadget

30 mars 2009

როგორ გავხდი კრემლის აგენტიქართველ მატა ჰარს, ე.ე. – ს  Vith Love

მოსწყინდა ქუჩაზე ქარს,
მე არ ჩამოვალ მადრიდიდან,
რევოლიუციის მეშინია.
მინდა სალვადორ დალიში,
ყვითელ ბალიშზე,
თავი "დადა"
მშვიდად.

რეაქტიული ჯგუფი.1991







სულ მალე, განკითხვის დღე 9 აპრილი კიდევ ერთხელ დაადასტურებს რომ სქართველო პოლიტიკური სურეალიზმის ქვეყანაა.
ერთადერთი რაშიც ვეთანხმები მის ორგანიზატორებს, თარიღის სწორად შერჩევაა. გაზაფხულის ამ დღეს , ცხრა აპრილს, ქართველები, ტრადიციულად აგერ უკვე 20 წელია განუხორციებელ ოცნებათა ღმერთს მსხვერპლს ვწირავთ ხოლმე.


20 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ერთ კაცსაც ვერ იპოვიდით ჩვენი დიდი და მახინჯი სოფლის კლუბის, მთავრობის სასახლის წინ, ვისაც ოდნავ მაინც ჯეროდა სერიოზულად, რომ მანიფესტაციის მთავარ მოთხოვნას (რუსო ოკუპანტებო გაეთრიეთ საქართველოდან!) ვინმე არა თუ შეასრულებდა, არამედ სერიოზულად მაინც განიხილავდა. მიუხედვად ამისა, მაინც ბოლომდე გმირებად დავრჩით და 16 ადამიანის სიციცხლე შევწირეთ ოცნებების ღმერთს. ერთადერთი პრაგმატული მაშინ კათალიკოს პატრიარქი აღმოჩნდა, გვირჩია ყრუ კედელს შუბლით არ შევსკდომოდით... მაგრამ ჩვენ მას მხოლოდ მაშინ ვუჯერებთ, როდესაც ის საზოგადოებრივი არხის პროდუქციის კორექტირების ინციატიით გამოდის.
ჩვენმა ოცნებების კაციჭამია ღმერთმა, მაშინვე დიდი ენთუზიაზმით ჩაგვრთო ინფანტლური და ნერვიული ერების დახურულ თუ ჩარაზულ კლუბში.
ჩემს მეგობართან, პაატა ჩხენკელთან ერთად მხატვრის სახლის ვიტრინიდან გაოგნებული ვუყურებდი წითელ ვარსკვლავიანი ბარბაროსების "ცეკვას ნიჩბებით''. ჩვენ იქ რუსთაველის პროსპექტის "ოკუპაციის" შედეგად აღმოვჩნდით. თვალებს არ ვუჯერებდი, სანამ მხატვრის სახლშიც არ შემოვიდნენ, ნამდვილ რკინის სათამაშო ჯარისკაცებს გავდნენ. მხოლოდ თამაში არ მოგინდებოდა, რადგან ძალიან დიდები იყვნენ და თან ცოცხლებივით მოძრაობდნენ. საშინელი სანახავი იყო. შენობიდან მალე გავიდნენ. პაატა ჩხენკელი მათი გასვლისთანავე რატომღაც მაშინვე ტუალეტში შევიდა, და კარგა ხანს იბანდა ხელებს საპნით.
მივხვდით, მხატვრის სახლი ხაფანგად გადაიქცა, და უნდა გაგვეღწია აქედან. მთავარ ჰოლში გავედით. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვხვდა, იატაკზე დაჭრილები იწვნენ და ვიღაცეები მათ დახმარებას ცდილობდნენ.
მექანიკურად, სხვისი წაბაძვით ერთ თითქმის გაშავებულ ქალთან დავიხარე, რომელსაც პირზე ოდნავ დუჟი ადგა და ხელოვნურ სუნთქვის ჩატარებას შევეცადე. არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს. დღემდე მგონია, რომ ძალიან დიდი ხანს. გვერდით ვიღაც კაცი ზუსტად იგივეს აკეთებდა. დრო და დრო მის ხელების მოძრაობას ვაკვირდებოდი, ვცდილობდი მიმებაძა. მეგონა ვერც მამჩნევდა. ის კი უცებ მობრუნდა ჩემსკენ და მთხრა:
– თავი დაანებე, მკვდარია.
მე თავი დავანებე. უკანა გასასვლელიდან ფურცელაძის ქუჩაზე გავედი. ჩემი მეგობარი სადღაც დავკარგე, თუმცა ვერ მივხვდი როდის. ივერიისაკენ მიმავალ ხალხის ნაკადს უსტყვოდ გავყევი მარტო. ალექსანდროვის ბაღს რომ გავცდი, ძნელაძეზე მარცხენა მხარეს მეორე სართულის ღია ფანჯარასთან ვიღაც გამხდარი მოხუცი ჭაღარა კაცი დავინახე, ხელში ანთებული ქონის სანთელი და ჩარჩოში ჩასმული სტალინის სურათი ეჭირა. სანთლის შუქი შთამბეჭდავად ანათებდა მის სპეტაკ სახეს და სტალინის პორტეტს. მომეჩვენა, რომ  რომელიღაც ნახატს გავდა, აღორძინების ეპოქიდან,  თუმცა რომელს ვერ გეტყვით.

ფილარმონიასთან ვიღაც შემხვდა, და ვუთხარი რომ მიცვალებულები ვნახე. რამოდენიმე უცნობმა იქვე გვერდით მომავალ მერაბ კოსტავას მოახსენა ჩემი ნათქვამი. საიდან იცითო, იკითხა. ჩემზე მიუთითეს. მე მასაც იგივე გავუმეორე. ჩუმად მომისმინა.დიდი მკაცრი თვალებით მიყურებდა. სიარული ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. კოსტავას შავი და სუფთა ფეხსაცმელები ეცვა, მახსოვს. ჩემი ლენინგრადის ''ექსპერიმენალური'' თეთრი კეტები კი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი. ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ტალახიდან სუფთად გამოსვლას ახერხებდნენ. არის ამაში რაღაც არისტოკრატული, რაც მე არასდროს არ გამაჩნდა...არც მანამდე,  და არც მერე.
 რამოდენიმე დღე ხმა აღარ ამომიღია. იქნებ ვამბობდი კიდეც რამეს, არ ვიცი. ჩემში ეს ღამე და მომდევნო რამოდენიმე დღე აბსოლიუტურ სიჩუმედ დარჩა, თითქოს ვიღაცამ ხმას ნელნელა ბოლომდე ჩაუწია, და ტკაცუნით გამორთო.

მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაცეებს უჩხუბიათ, რკინის ჯარისკაცები უცემიათ და დაულეწავთ, ქალები და ბავშვები გადაურჩენიათ...  მე კი დღემდე არ ვიცი ის ქალი ჩემი დახმარების მცდელობამდე უკვე მკვდარი იყო, თუ ჩემს ხელში მოკვდა, როცა ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი და ვერ გადამეწყვიტა, ოდნავ დუჟ მომდგარ პირში ჩამებერა თუ არა -  როგორც ეს კინოებში მქონდა ნანახი... რომ ჩამებერა, იქნებ გადამერჩინა კიდეც; ამაზე ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა.

მერე, როდესაც მიცვალებულთა ფოტოები გამოაქვეყნეს, შევეცადე ამომეცნო, მაგრამ მივხვდი, რომ იმ ღამეს მხოლოდ ერთადერთი სახე დამამახსოვრდა, და ისიც რკინის ჯარისკაცის. ხანდახან მგონია, იქნებ ეს ქალი სულაც მომეჩვენა მეთქი. თუმცა მეეჭვება: მოჩვენებები ოცი წლის განმავლობაში ქრებიან.

ხანდახან ვფიქრობ, რომ 10 პრილი კიდევ უფრო საძაგელი დღე იყო. ამ დღეს პირველად ვიგრძენი ნამდვილი სიძულვილის ნამდვილი არომატი, რომელსაც ძალიან ძველი ფრანგული კონიაკის დიდ ყლუპს თუ შევადარებდი მხოლოდ, სხეულში ატომური სოკოსავით რომ იშლება უცნაური ნელი სისწრაფით.

დღის პირველ ნახევარში ჯუმბერ პატიაშვილი ვალმოხდილი გაბრაზებული სახით იბღვირებოდა ჩემი ნახევრად დაშლილი ტელევიზორი ''რუბინიდან''. მოსკოვიდან ჩამოსულ შევარდნაძეს  ისე დაყვებოდა უკან, როგორც ბრძოლაში გამარჯვებული ბრუტუსი ცეზარს, სანამ ნაშუადღევს არ მიხვდა რომ მისი კარიერა დამთავრებული იყო. თუმცა "დანის ამოღება" ვერ გაბედა. შევარდნაძე მაშინ ცეზარზე უფრო საშიში იყო, და უნდა ვაღიაროთ, არც პატიაშვილი იყო მეომარი ბრუტუსი.

ნათლად, საკუთარი თვალით ვნახე ჯალათის მსხვერპლად ტრანსფორმაციის ელვისებური პროცესი. მივხვდი რატომ ერჩივნა ტერორიზირებულ საჭოთა ხალხს სტალინი , მის მიერ დახვრეტილ  წამებულ წითელ "წმინდანებს"... იმ დღეს შევარდნაძეს ჯუმბერ პატიაშვილზე ადამიანური სახე ჰქონდა . თუნდაც იმიტომ, რომ ცეკას ბოლოს წინა მდივნის გილიოტინის ღილაკს მან დააჭირა თავისი პროფესიონალის გამოცდილი საჩვენებელი თითი.

მომდევნო დღეების განმავლობაში, და ხანდახან მერეც, დრო და დრო სურვილი მიჩნდებოდა დაღუპული ქალებისათვის მეკითხა, რა ერჩივნათ, უტრიუმფო გმირებად გაუთვალისწინებელი შერაცხვა სიკვდილის შემდეგ, თუ ჩვეულებრივი ქართველი ქალის ბედნიერებითა და უბედურებით ცხოვრება: ქმრების და საქმროების სიყვარული, შვილების გაზრდა, საახალწლოდ გოზინაყის კეთება, სააღდგომოდ კი კვერცხების წითლად შეღებვა...
მათ ადგილზე შეიძლებოდა ყოველი ჩვენთაგანი ყოფილიყო... მე არ ვთვლი, რომ იმ დღეს რუსული ნიჩბით რომ ჩემთვის თავი გაეჩეხათ, უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ჩემი ცხოვრება, რომელზეც არც თუ ისე დიდი წარმოდგენა მაქვს.

 დღემდე მგონია, რომ იმ "საბჭოთა ჰელოუინის" ღამეს დაღუპულებთან, მათ ახლობლებთან, მათ შვილებთან, ჩვენ საამაყო არაფერი გვაქვს. პირიქით, სხვების არ ვიცი, მე  ამ ქალებს და მათ  ვერ გაჩენილ, არდაბადებულ შვილებს  ბოდიშს, ხოლო მათ ახლობლეს ჩემს წუხილს ვუხდი, მათთვის ჩვენგან მისჯილი  მარადიული სევდის გამო... პირველად ამ 20 წლის მანძილზე.

ღმერთო, რა გულის ამრევია ყველა თოფიანი კაცი!

2.
ერთი თვის შემდეგ, შემთხვევით ზემელზე, მეცნიერებათა აკადემიის კიბეებზე, ეროვნული მოძრაობის გაფართოებული შემადგენლობა მორიგ გააფთრებულ მიტინგს მართავდა, ყველა შესაბამისი მოთხოვნით. წვეროსნების რიცხვი აპრილის შემდეგ გაათმაგებული იყო.

მუშტ მოღერებული 5 ათასამდე მომიტინგე, დრო და დრო "მამაო ჩვენოს" კუბური რევოლიუციური შემართებით ისე ღრიალებდა, თითქოს უფალს ცემით ემუქრებოდა. მე კაზარიანცის სახლის წინ ვიდექი.
მოულოდნელად ხმის გამაძლიერებებში კოტე ყუბანეიშვილის ნერვიული ხმა გაისმა. გულმა მაშინვე ცუდი მიგრძნო. ვიგძენი, რომ ამ მიტინგზე, რომელზეც მხოლოდ იმიტომ ამოვყავი თავი, რომ რუსთაველის საავტომობილო სავალი ნაწილი გადაკეტილი იყო და საცობში გავიჭედე, ჯობდა საერთოდ არ მოვხვედრილიყავი.

მაშინ ყუბანეიშვილი ჯერ არ იყო პოეტი. უფრო სწორად იყო, მხოლოდ ლექსების წერა ჯერ არ იცოდა. ამიტომ მას მხოლოდ ქალაქის ორ სამ უბანში იცნობდნენ, მიტინგზე შეკრებილებილი სამსახურიდამ მომავალი (მაშინ ჯერ კიდევ ყველა მუშაობდა) დაღლილი საზოგადოებისათვის, ის მხოლოდ ერთი მზეზე გარუჯული, რეიბანიანი, კარგად ჩაცმული, უსაქმური ლამაზი ვაკელი თუ ვერელი იყო, რომელზეც, გურამ  პეტრიაშვილის სტილის მიმდევარი  ეროვნულად კორექტული ''მანდილიანი'' გოგოებიც კი ჭკუას კარგავდნენ, რაც წვეროსნების სევდიან უკმაყოფილებას, მძაფრ უსამართლომის გრძნობისა და შინაგანი პროტესტის განცდას იწვევდა. ამიტომ მისი მიკროფონთან გამოჩენით არავინ აღფრთოვანებულა. მითუმეტეს არავინ მოითმენდა მიტინგის საწინააღმდეგო სიტყვას, რომელიც სულ რაღაც ორიოდე წუთი გაგრძელდა.
 კოტე მთელი ხმით გაჰყვიროდა იმის შესახებ, რომ ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს, რომ რუსული ტანკები ისევ შემოვლენ, ისევ დახოცავენ უდანაშაულო ადამიანებს და ა.შ...ორიოდე წუთი გაოცებული უსმენდნენ. ვიფიქრე, სანამ გონს მოეგებიან იქნებ მოვასწრო, მიკროფონი წავართვა მეთქი და შევეცადე ხალხით გაჭედილი ქუჩა სწრაფად გადამეჭრა. მაგრამ ვერ მოვასწარი, ვიღაცამ უკვე იყვირა კრემლის აგენტი!, მეორემ პროვოკატორი! და დაიწყო... კოტე კიბეებიდან კინწისკვრით  ჩამოათრიეს,სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხში როგორც იქნა გავაღწიე და მის წინ აღმოვჩნდი, .თუმცა უნდა გითხრათ, რომ სულაც აღარ მინდოდა ,არავის შველა. საერთოდ თავბედს ვიწყევლიდი აქ მოსვლისათვის. რამოდენიმე წამით ჩვენს გარშემო წრე შეიქმნა. კოტემ ჯერ მე გამიღიმა დამნაშავე ბავშვივით, მერე ისევ გამძვინვარებული სახე მიიღო ხელი უკან წაიღო... იარაღი აქვს! იკივლა ვიღაც ქალმა. წრე ჩვენს გარშემო გაფართოვდა. მე წელზე ხელი მოვხვიე და ვიგრძენი, რომ მართლა იარაღი ედო პერანგის ქვეშ. მივხვდი, ჩემი საქმე წასული იყო. კოტემ ჩემი მკლავებისაგან თავი გაინთავსუფლა. იარაღი ამოიღო და ხალხის მასაში გადააგდო. ვიღაც ინტელიგენტური გარეგნობის აქტივისტმა ის კარგად დაუთოებული ცხვირსახოცით იღო და გვერდით მდგარ შეშფოთებულ ხინკალივით მილიციონერს იდუმალი გამომეტყველებით გადასცა .

ღიპიანი მილიციონერებით გულმოცემული საზოგადოება ისევ კბილების ჭრიალით დაიძრა ჩვენსკენ, თუმცა მათ, ''თანამშრომლებით" გარშემორტყმულმა რომან გვენცაძემ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაასწრო. ორივეს ქეჩოში ჩაგვავლეს ხელი და გამოგვათრიეს. კოტე უკვე იცინოდა. მე ვიფიქრე რომ გაგიჟდა. მერე, როცა გავიგე რომ ეს იარაღი, მოლოდ სათამაშო წყლის პისტოლეტი ყოფილა, მარტო მე კი არა, გვენცაძესაც გაეცინა, რომელიც მადლობა ღმერთს კოტეს ნაცნობის ნაცნობი აღმოჩნდა და გაგვიშვა.


ჩემს მანქანაში რომ ვჯდებოდით, ხმის გამაძლიერებლებიდამ გიგა ბათიშვილის ხმა ისმოდა: მეგობრებო, კოტე არ არის კრემლის აგენტი, კოტე კარგი ბიჭია, ჩვენიანია... მხოლოდ ძალიან გთხოვთ მიტინგზე მთვრალები ნუ მოვალთ!.. იმ საღამოს ყუბანეიშვილი მთვრალი ნამდვილად არ იყო, მითუმეტეს კრემლის აგენტი... პროვოკატორი კი ნამდვილად იყო და ცოტათი დღესაც არის. ინჩალა!

1990 წელს, 9 აპრილის წლისთავზე კოკა იგნატოვზე გაბრაზებულმა ვიღაც მაუგლივით მხატვარმა, რომელიც სამეგრელოში ტყეში ცხოვრობდა, კოტე ყუბანეიშვილს თავში უზარმაზარი დანა ტარამდე ჩაარტყა. საფეთქელში დანა გარჭობილი და გალურჯებული ცოცხალ–მკვდარი წაიყვანეს ორთაჭალაში, თვალის კლინიკაში. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა.აღმოჩნდა რომ თავში "ბნელი ხვრელი" ქონია, რომელიც არც ერთ ორგანოს არ ეხება,და ბედად დანას სწორედ იქ გაუვლია. ქირურგმა, მისმა მეგობარმა დათო ერისთავმა საოპერაციოში შეყვანის წინ ეტყობა იფიქრა სიკვდილის წინ ბოლოჯერ გავაშაყიებო და ყურში ჩასჩურჩულა: "ეხლაც არა ვარ შენზე სიმპატიჩნი?" ეს მარადიული პროვოკატორი კი გადარჩა...

რამოდენიმე დღის შემდეგ მის გაბოლოლ ( თუ დაბოლილ) პალატაში გამომძიებელი დაგვადგა თავზე სანახავად მისულ მე და ირაკლი ჩარკვიანს. რომელმაც მაგნიტოფონი მიუტანა მაილს დევისის კასეტებით. რეაქტიული კლუბის შექმნაზე ვლპარაობდით. კოტემ თქვამ რომ ამ დანამ ტვინი გაუხსნა, და პოეტად აქცია. ჩვენც სიამოვნებით დავეთანხმეთ, თუმცა ტვინის გახსნისა ნამდვილად არაფერი ეტყობოდა . საერთოდ, კოტეს ტვინის გახსნას ბევრი მისი ახლობელი ელოდებოდა დიდი ხნის მანძილზე, განსაკუთრებით კი ნიცა და თემო, მისი მშობლები.

გამომძიებელი ათ წუთში ჭკუიდან შეშალა: 9 აპრილს დაზარალებული ვარ და გერმანიაში წამიყვანეთ სამკურნალოდო. მართლაც 9 აპრილს დაჭრეს. მე და ირაკლი იქვე იქვე მეორე საწოლზე ვიჯექით და მომავალ პოეტს ყველა სიტყვაზე კვერს ვუკრავდით.გამომძიებელმა მხატვარი მაუგლის შესახებ ,რა თქმა უნდა სიტყვა ვერ დააცდევინა . ბოლოს გაბოლილი თუ დაბოლილი პალატიდან გაგიჟებული თვალებით გავარდა თავისი საქაღალდეთი ხელში. კოტემ მოგვიანებით მაუგლი, რომელიც თბილისური"აბაროტის" (შურისძიების) შიშით კარგა ხანს იმალებოდა, მაინც იპოვა და დიდი მადლობა გადაუხადა '' ტვინის ამოტრიალებისათვის''. განცვიფრებული მაუგლი ტყიდან გამოვიდა, წვერი გაიპარსა და გახარებულ ცოლშვილს დაუბრუნდა. იმედი მაქვს დღესაც ბედნიერად ცხოვრობს.

კოტე გერმანიაში სამკურნაოდ არ გაუშვეს. ჩემი აზრით სულ ტყუილად, რადგან , როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ტვინი მართლა ამოუტრიალდა და ისეთი ლექსების წერა დაიწყო, რომ ნახევარ საქართველოს დღემდე სისხლს უშრობს. ამას ისევ ვერისა და ვაკის ''სიმპატიჩნი" მესაზღვრე დარჩენილიყო ჯობდა. ზუსტად ამ ორი უბნის საზღვარზე ცხოვრობდა: უნივერსიტეტის პირდაპირ სასაზღვრო კოშკივით აღმართულ სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე.
შემდეგი 1991 წელი ზვიად გამსახურდიას ფენომენალური წარმატებებით დაიწყო: ჯერ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მერე პრეზიდენტი გახდა, 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეთ გამოაცხადა, 26 მაისს მომავალი "პუჩისტებისა და ბანდიტებისაგან" შემდგარი გვარდიის სამხედრო პარადი ჩაიბარა ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე(?!) ... წელიწადი კი, საქართველოს ისტერიულმა მეორე პრეზიდენტმა, სასახლედ წოდებულ მთავრობის უშნო კლუბში გამომწყვრეულმა დაამთავრა. მას კიდევ უფრო ისტერიული დინამოს სტადიონელი გვარდიელები, უმოწყალოდ უშენდნენ ჭურვებს ქვემეხებიდან.

საქართველომ 1992 წლის 9 აპრილისათვის ემზადებოდა.
3.მას შემდეგ ''როგორც იტყვიან'' ბევრმა 9 აპრილმა ჩაიარა, სევდიანი ქართული მარშებით, და სახელმწიფო გადატრიალების განუწყვეტელი მოლოდინით. გაზფხულობით 9 აპრილისათვის "ქვეყის მტრები" როგორც წესი ცუდ ხასიათზე დგებიან და კრემლისაგან მიღებულ დავალებების შესრულებას იწყებენ ხოლმე
წლის გადამტრიალებლებად როგორც ჩანს, ამჯერად აგენტები, მეტაფიზიკოსი(?!) გველუკაშვილი და მებაჟე ბიწაძე მოგვევლინებიან. ხოლო უკან გადმომტრიალებლებად ტრადიციულად მერაბიშვილი და თარგამაძე. ჩემი აზრით, ამას უწესრიგო გარყვნილება შეგვიძლია ვუწოდოთ. იქნებ პოლიტიკური კამასუტრა შეგვექმნა და საქართველოს მეძავი ქალივით აქეთ იქით ტრიალი, რაღაც მეთოდისათვის მაინც დაგვექვემდებარებინა: აბსოლიუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ "მეტაფიზიკური" იდეის გამარჯვების შემთხევაში, მიშისტები ექვს თვეში მკვდრეთით აღსდგებიან და გადატრიალებულ საქართველოს, მომავალ 9 აპრილს ისევ უკან გადმოატრიალებენ, რადგან ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციის აღგზნებულმა "სექს სიმბოლოებმა", ან უმუშევრობის პრობლემა მოაგვარონ მანამდე, ან რუსული ვულგარული არმია გააძევონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

"პოლიტიკური კამასუტრა" კი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლებასთან სოციალური მოძრაობის მეთოდით ბრძოლის ხელოვნება, რომელსაც სინდიკალური მოძრაობა ქვია. და რომელიც საქართველოში ამდენი წლის მანძილზე არაფრით არ ჩამოყალიბდა , მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელიწადს ერთის ნაცვლად რამოდენიმე ცხრა აპრილი გვაქვს. ჩემი აზრით ჩვენი პოლიტიკური უსუსურობის გასაღები სწორედ ამაშია.

მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს. მაგალითად:
საქართველოში სსრკს დანგრევის შემდეგ არ შეიქმნა ახალი, თავისუფლი მუშათა კლასი, რადგან არ არსებობს ინდუსტია, სტაბილური სამუშაო, რომლის დაკარგვის შიში ხელისუფლებისათვის საშიშ სოციალურ და არა პოლიტიკურ პროტესტს გამოიწვევდა. ეს ცოტა კვერცხისა და ქათამის ცნობილ დილემას გავს. თუ არ არსებობს მუშათა კლასი ვერ იარსებებს მათი უფლებათა დამცველი სინდიკატი(პროფკავშირები), ხოლო ამ უკანასკნელების გარეშე მუშები კლასად ვერ ჩამოყალიბდებიან. ისინი რჩებიან უუფლებო საბრალო ადამიანებად, რომლებიც მონებისაგან მიზერული ხელფასით განსხვავდებიან. საქართველოში საერთოდ არ არსებობს არანაირი კლასი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი უფლებების დაცვას ორგანიზებულად მოთხოვდა. თვით ინტელიგენციაც კი, რომელიც მუშათა კლასის არ არსებობის პირობებში, რატომღაც ყოველთვის მთავარ და მარადიულ რევოლიუციონერად გვევლინება, ვერ ჩამოყალიბდა, როგორც მოქალაქეობრივად მოაზროვნე სოციალური კლასი. ეს მხოლოდ მეტნაკლებად განათლებულ ადამიანთა დაჯგუფებებია, რომლებსაც გონიერება იმისთვისაც კი არ ყოფნით რომ საკუთარი დანიშნულება, საკუთარი ადგილი იპოვონ ქვეყნის სოციალურ სპექტრში, ამიტომ ამ მოფუსფუსე ჯგუფების წევრთა უმეტესობა ხან რევოლიუციონერია , ხან პოეტი, ხან ბიზნესმენი, ხანაც უბრალოდ ამაზრზენი ''ძველი ბიჭი''.

არავის არასოდეს უცდია საქართველოში ამ კლასების შექმნა. ბოლო ოცი წლის არც ერთ მინი ეპოქაში. ყოველი ოპოზიციური ძალა ოპოზიციაში დარჩენას ორ სამ წელიწადზე მეტს არ აპირებს. ხელო ხელისუფლებაში მოსული ძალა არასოდეს არ ფიქრობს რომ ოდესმე ისევ ოპოზიციაში შეიძლება მოუწიოს დაბრუნებამ, და ადრე თუ გვიან სოციალური ძალის გვერდში დგომა დაჭირდეს .

ხელისუფლებაში მყოფთათვის კი სინდიკალისტები მხოლოდ თავის ტკივილია. მათ ჟინინოვსკის ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ჟანგბადი გადაუკეტონ ხელისუფლებას. სინდიკატები აწყობენ მანიფესტაციებს და არა პოლიტიკოსები. პარტიები მათ მხოლოდ უერთდებიან. მათ ყველაზე მძლავრი, გაფიცვების ბერკეტი უჭირავთ ხელთ. გაფიცვების კი, გარწმუნებთ სააკაშვილს, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა პრეზიდენტს ბევრად უფო ეშინია, ვიდრე 100, თუნდაც 500 ათასი მანიფესტანტის. მაგალითად პორტების, მშენებლობების, აეროპორტის და განსაკუთრებით ენერგო გამტარებლების პარალიზების. რა თქმა უნდა მმართველი პოლიტიკური იდეოლოგები არასოდეს ილაპარაკებენ ტელე დებატებში ''ცივილური მეთოდებით'' ბრძოლის ამ ერთად ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდზე და აქცენტს ყოველთვის ოპოზიციასთან ყოვლად გაუგებარ ''კონსტუქციულ დიალოგზე'' გადაიტანენ. ოპოზიცია კი იმდენად უახლოვდება ყოველ წელიწადს სანუკვარ ხულისუფლებაში მოსვლას, რომ ასეთ თემებზე ფიქრისათვის როგორც ჩანს არ სცალია. თვით ქართველ მშრომელთა ოფიციალურ ბელადს, შალვა ნათელაშვილისაც კი.

არ ვიცი, პროფკავშირები საქართველოში შესაძლოა არსებობენ კიდეც რაღაც ფორმით, მხოლოდ მათი არსებობის აზრს მე ვერ ვხედავ: ისინი არსად ჩანან, და ეტყობა, მხოლოდ საწევროების აკრეფის ბიზნესით არიან დაკავებულნი.
როგორც ჩანს ჩვენ გვჭირდება მეფე, რომ მის ჩამოხრჩობაზე ვიოცნებოთ. და დრო და დრო ჩამოვახრჩოთ კიდეც. ეს ჩვენზე აფროდიზიაკივით მოქმედებს.

დღეს რომ საქართველოში პროფესიული სინდიკატები, თუ გნებავთ კავშირები არსებობდეს, 9 აპრილს არ გახდებოდა საჭირო რადიკალური მოთხოვნა პრეზიდენტის გადასაყენებლად. თუ ის დღეს ამას იმსახურებს ამაში პასუხისმგებელი მთელი საზოგადოებაა. რომელმაც საკუთარი უფლებების დაცვის მეთოდის არ შემუშავებით, თავად მისცა მას უფლება ცუდი ყოფილიყო. ამ უფლებებს კი საზოგადოების გამორჩეული აქტიური წევრები თავად ქმნიან. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც არ გატყუებდეს,არ გჩაგრავდეს, დემოკრატია სწორეთ მასთან, არასამართლიანად გამოყენებულ კანონთან კანონიერი ბრძოლის რეალური საშუალების არსებობაა.

სააკაშვილი არ არის ცუდი პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ის ძალიან ცუდი პრეზიდენტია. ნახევარზე მეტ საფრანგეთს ნიკოლა სარკოზი კიდევ უფრო ცუდი პრეზიდენტი გონია, მათ შორის მეც. თუმცა მისი გადაყენების მოთხოვნა თავში არავის მოსვლია, ისევე როგორც კატასტროფული რეიტინგის მქონე ჯორჯ ბუშისა ამერიკაში.

ის ენერგია და რესურსი, რის გამოყენებასაც ოპოზიცია 9 აპრილს გეგმავს, სავსებით საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში. მაგრამ მეჩვენება, რომ ამის ნება არარსებობს. ან პოლიტიკურ პარტიებს ძალაუფლებაში მოსვლის მეტი ისევე არაფერი აინტერესებთ, როგორც ხელისუფლებაში მყოფთ ამ ძალაუფლების შენარჩუნების მეტი. თუმცა ვფიქრობ ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ უნარი არ შესწევთ,რადგან ბრძოლისა მეთოდი არ გააჩნათ, ხანდახან მგონია, რომ მათ პოლიტიკის საანბანო ცოდნაც კი არა აქვთ.

მე ნამდვილად დილეტანტი ვარ პოლიტიკაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკა ჩემთვის მხოლოდ დილით ყავაზე დასაყოლებელი უგემური სანდვიჩი იყო ყოველთვის. გარწმუნებთ, მე რომ პოლიტიკაზე ოცი წლის განმავლობაში ნასადილევზეც მეფიქრა რეგულიარულად, ქართველ ძნელად აღსაზრდელ პოლიტიკურ ელიტაში, შეიძლება აბრაჰამ ლინკონადაც კი გამოვჩენილიყავი. ამიტომ გადვწყვიტე
როგორც შემიძლია ისე დავეხმარო სამშობლოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და დავაარსო პირველი სინდიკატი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

4.

როგორც ცნობილია საქართველოს 5 მილიონიანი მოსახლეობის ერთი ნახევარი, მეორე ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარი პირველს კრემლის აგენტად თვლის. თავად პრეზიდენტიც კგბ ს სკოლაგამოვლილი გამობრძმედილი ძველი ჩეკისტი ყოფილა, როგორც ამას ბევრი ოპოზიციონერი ამტკიცებს... ისინი–აგენტები, არსებობენ. თუნდაც ფანტომურ მდგომარეობასი, მაგრამ მაინც არსებობენ; ყველაფერს რაც არსებობს თავისი უფლებები უნდა გააჩნდეს, მკვლელებსაც, ნარკომანებსაც, პედოფილებსა და კრემლის აგენტებსაც კი, რაც არ უნდა შოკის მომგვრელად ჟღერდეს ჩემი უფლებების დეკლარაცია გივი თარგამაძესა& co – სათვის, ეს მიღებული დოქტრინაა დასავლეთში და მათ სულიერ იერუსალიმში, ამერიკაში ამ უფლებების დარღვევას გვანტანამოში, გადააყოლეს თბლისის მერის უსაყვარლესი პატარა ჯორჯ ბუში. მის მოსაგონრად მხოლოდ მზიანი ავენიუ შემორჩა უმადურ კაცობრიობას ნავთლუღში.

საქართველოს ბოლო წითელმა იმპერატორმა, გივი გუმბარიძემ ერთხელ ახლებულად ნაციონალური, ძველი სტილით კი ეროვნული მოძრაობის ლიდერები მიიღო პარტიის ცეკაში მოსალაპარაკებლად. ერთერთ წვერიანს უთქვამს ბატონო გივი, თქვენ როგორ გენდოთ სუკის აგენტი ბრძანდებითო, ამხანაგმა გივიმ უპასუხა, მე აგენტი კი არა სუკის გენერალი ვარ, აგენტები კი თქვენს შორის ვინც არიან, თუ გნებავთ ეხლავე ჩამოგითვლითო.
როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა , ამხანაგი მაშინდელი გივი სულაც არ ხუმრობდა.

ქართული იუმორისტული ტელე დებატების ყურებამ საბოლოოდ განმიმტკიცა ეჭვი, რომ ჩვენ ყველანი კრემლის აგენტები ვყოფილვართ, სხვადასხვა რანგის რა თქმა უნდა.























მხოლოდ, ძნელი გასაგებია, რატომ მალავს ყველა კრემლთან თანამშრომლობას? როგოც რუსები იტყოდნენ, Подумаеш!? ღმერთო ჩემო, თუ სულ ეს არის საქართველოს პრობლემა, მზად ვარ 5 მილიონი ქართველი აგენტის ყველა ცოდვა საკუთარ თავზე ავიღო და კგბ ს "ჯვარზე'' გავეკრა. რა პრობლემაა...გარდა ამისა გადავწყვიტე ეს აგენტური ქსელი სოციალურ მოძრაობად ვაქციო და პირადად ვუხელმძღვანელო. ჩემი აზრით ეს ერთად ერთი გზაა ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ ყველამ ართგვარი "ქამინგ აუთ" გავაკეთოთ - ანუ ვაღიაროთ რომ კგბს აგენტები ვართ. ეს უკვე უზარმაზარ ლეგალურ ძალად გაქცევს, რაც კრემლის მანიპულირების საშუალებას მოგვცემს.

წელს აღარ მოესწრება, მომავალი წლის 9 აპრილს კი გრანდიოზული გაფიცვის ორგანიზებას გპირდებით. 5 მილიონი ( с копееками ) აგენტის გაფიცვა კრემლს იძულებულს გახდის დათმობებზე წავიდეს, და წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. ჩვენი პოლიტიკოსებიც თვალნათლივ დაინახავენ სინდიკალისტური მოძრაობის უპირატესობას და საქართველო გაბრწყინდება: იქნებ მერე, გაზაფხულობით, ჩვენს განუხორციელებელი ოცნებების შიზოფრენიკ ღმერთს მსხვერპლის ნაცვლად მარწყვის ტორტი მივართვათ ხოლმე.

P.S.ძალიან სამწუხაროა რომ ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს ჩემნაირი დილეტანტის რჩევები ესაჭიროება. კიდევ უფრო სამწუხაროა რომ კულტურის საკითხებში საქართველოში ჩემნაირ და ჩემზე გაცილებით მეტად არადილეტანტებს პოლიტიკაზე გვიწევს უფრო მეტი საუბარი, ვიდრე კულტურაზე.
ასე თუ გაგრძელდა, მალე პრეზიდენტობის კანდიდატებს ალბათ ერთმანეთში ვაჩხუბებთ გამარჯვებული ქვეყნის მმართველის გამოსავლენად, რომელსაც ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი დაფნის გვირგვინს დაადგამს. (მაესტრო, საკანი 5. /29 მარტი2009)

ასეთი არჩევნები სავსებით შესაფერისი იქნება ჩვენი კულტურული დონისათვის.
...და ბოლოს, ქართველი პოლიტიკოსი გმირებისათვის:


პაატა ქურდაძე
30 მარტი 2009

10 commentaires:

shalvak a dit…

Paata.
Sakartveloshi koveli mitingi tu putchi revoluciad inatleba. Egec sabchota agzrdis shedegia albat. Didia am mitingebis shedegebis molodinic. Magram es xom ar sheizleba ikos revoluciis msgavsi shedegi?

Socialuri problematika, ekonomiuri krizisi da misi gamomtsvevi mizezebis analizi erti konkretuli kveknis shignit znelia. globaluri xasiatis gamo. Rac sheexeba xelovnebis sakitxebis analizs da mis globalur kontkestshi chasmas, egec namdvilad rtuli sakitxia. Mitumetes klasifikacia da istoriad kceva kidev ufro rtuli. Ramdenadac tviton xar am kulturis chamokalibebis processhi.

Ashkarad vxedav rom am "narkvevebis" shedegad bolos da bolos "patara" jurnalis "erti" reportagi da chveni "didi" tsignistvis pirveli paragraphi mainc ikneba shekmnili. chemi fotoebita & selekciit, ratkma unda azris uketesi visualizaciisatvis.

Mainc ver gamigia erti ram, ratom utmob amden adgils kartvel politikosta kcevis analizs.

Mokled - Eg ar aris kgb-s agentis sakme, aramed kgb generlebis... Im filmistvis, romlis scenarsac chven vkmnit & amdens vsaubrobt, politikosta roli, anu monatsileoba ver sheedreba mtavari gmirebis/artistebis rols. Xelovnebis Centrebis shekmna kerzo pirebis & sazogadoebis sakmea, Mxatvris Saxlis agdgenac... Sachiroebidan gamomdinare.

Erti adamianis, rogorc simbolos shecvla ras ushvelis, sakmarisia kveknis sruli transformaciisatvis? Demokratia xom ori natsilisgan shedgeba. SOS GEORGIA!

Pativiscemit, Shalik

shalvak a dit…

pata jan. Xo mixvdi, risi tkma mindoda, jigari xar miasteki...Shalik

Anonime a dit…

ra gveshvelebaaaaaaaaaaaaaaaaaa. aseti isteriuli shishi
arasdros mkonia, tu ar chavtvlit im dgeebs bombebi rom gvecemoda
tavze.
nutu ver xvdebian ertxel chamovagdet shevardnadze, meoret
chamovagdet saakashvili, da ra, imis imedi akvt rom exla
chamoagdeben da uketesi mova tu gmerti samobit ariso. ?? chven xom
tkmulebebshi vart charchenilebi????!!!!
RITI VER XVDEBIAN ROM DAVIGUPEBIT TAN SABOLOOD.
Ar sheidzleba sheni statiebi ufro metma tsaikitxos? magram ikitxe
da ikavi tu azrs ver gamoitan. uf es vera vakec nervebs mishlis
svetebi vegar itanen goimebs, da kriteriumi vin dasva? vin sheafasa
vake vera svetad da danarchenebi goimad?????? kvela mxolod sakutari
tavis da trakis gamo ibrdzvis, kvelas is kandidatura unda vin ufro
mets gauketebs...
dges ki saetod paranoksul news usmine radioshi. opoziciis motxovnaa
mishas gadadgoma, magram raaa???? lideri ar kavt erti saerto.
im makhinj soflis klubis kibebze avlen ikve daxocaven ertmanets. ai
chveni realoba, vigacas sarkozi sdzuls vigacas misha vigacas jorji
me ki kartveli sazogadoeba, amdeni tselia veraferi rom ver
istsavlaaaaaaaaaa.
Tamriko S.

nello a dit…

პაატა
მოდი შენს შემდეგ წერილს "როგორ მოვიქცეთ?"დაარქვი. არც ქართველი და არც არაქართველის სიძულვილით მინდა დავიგრუზო და არც 9 აპრილს დაღუპული საცოდავი ქალებივით არჩევანის უქონლობა მხიბლავს.არ ვიცი,სანაცვლოდ უფრო საქმეს გთავაზობ. როგორ მივაწვდინით ხმა იმ საზოგადოებას ,რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალოქო .......... ჩემი აზრით, შენი ბლოგის მკითხველმა ზოგადად,რასაც შენ წერ და გტკივა ეს კარგად იცის.
პატივისცემით, ნელო

Paata KOURDADZE a dit…

თუ ჩემს ესსეებში ქართველების და საქართველოს სიძულვილს ხედავ,ჩანს ტყუილად დამიწერია ორი კვირის წინ ამავე ბლოგზე ტექსტი "ვიღაც დაბოღმილი". სადაც სხვათაშორის იმათ ვისაც არ უნდა თავი "დაიგრუზოს" უკვე ერთხელ ვურჩიე ჩემი ბლოგის ნაცვლად "სტეფანეს და 3გ" ზე გდაერთოს.უფრო რაფინირებულ გემოვნების მკითხველს კი, ვისაც როგორც შენ ამბობ, უჩემოდაც კარგად ესმის ყველაფერი(რაშიც გულწრფელად მეპარება ეჭვი, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო იმ მარაზმში არ იქნებოდა რაშიც დღეს იმყოფება),შეუძლია უცნობის საკანზე, იქ ყველა კითხვაზე იპოვის პასუხს. მე ჯერ მხოლოდ 6 ტექსტი დავწერე ამ თემაზე და შენ გინდა უკვე რეცეპტი გამოვწერო, ხოლო, თუ "რა უნდა ვაკეთოთ"? ეს ნამდვილად ჩემზე ბევრად უკეთესად "იცის" მთელმა საქართველომ,და ამაში წელიწადში რამოდენიმეჯერ "ვრწმუნდებით" უკვე 20 წელიწადია. მე მხოლოდ კითხვებს ვსვამ და ეს ჩემი მხრიდან ჯერჯერობით საკმარისი მგონია.რადგან ვთვლი რომ სწორ კითხვებს ვსვამ, სწორედ იმიტომ რომ მათ შესახებ თითქმის არაფერი გამიგონია ქართველებისაგან იმ ტვ–ისა და პრესაში რომელწეც მე ხელი მიმიწვდება. პრივატ საუბრების დასწრების საშუალება კი არა მაქვს,და რომც მაონდეს ასეთი საუბრეი და დასმული კითხვები და პასუხები მე მკვდარი მგონია. მოგეხსენება საქართველოში არც თუ ისე ხსირად ჩამოვდივარ.თუ ბლოგის მკითხველები თვლიან რომ ეს არ არის საინტერესო, რაშიც გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ ეჭვი მეპარება, ძალიან მატივად შეუძლიათ არ წაიკითხონ... მე ინტერნეტ ვირუსი არა ვარ და არავის "ვუვარდები" კომპიუტერში.
პაატა

Anonyme a dit…

Batono Paata, me da chems megobrebs gvainteresebs:
1. saqartvelo rom gabrcyindeba sait unda davdget da saertod ra gavaketot,
2. ramdenad gardauvalia saqartvelos gabrcyineba da am gabrcyinebis roli rogori iqneba msoflio krizisis dasaxmareblad.
3. ras ityvis pirshichalagamovlebuli ruseti am yvelafris shemxedvare.
4. KGB-s agentebic tu gabrcyindebian saqartvelostan ertad tu darchebian samaradiso sibneleshi.
Grma pativiscemit
gelasani

Paata KOURDADZE a dit…

ძალიან პირდაპირ კითხვებს მისვამთ.ეტყობა დაგავიწყდათ რომ უკვე მეორე დღეა როგორც კგბ –ს სინდიკატის დირექტრი , იძულებული ვარ ცოტა ვილაპარაკო გეგმებზე.
შემიძლია მხოლოდ გირჩიოთ რომ როდესაც საქართველო გაბრწყინდება ჯობია ნურსად ნუ დადგებით. ჩრდილში წამოწექით სადმე ,მოერიდეთ საშიშ ულტრა ვარდისფერ სხივებს, და დაელოდეთ რა მოხდება,

ის, რომ ჩვენი სინდიკატის 5 მილიონივე აგენტი გაბრწყინდება ამის გარანტიას მე ვიძლევი.გპირდებით ყველას პრეზიდენტებად დაგნიშნავთ: რა ეგოიზმია ერთი პრეზიდენტი!
აი როდესაც 5 მილიონი პრეზიდენტი გვეყოლება, რევოლიუციებსაც ბოლო მოეღება, და ყველანი დავისვენებთ: საკუთარ თავს ხომ არ ჩამოვაგდებთ. მხოლოდ შეიძლება უცნობი დავტოვოთ თავის საკანში: თორემ ერთ რევოლიუციონერი თუ არ გვეყოლა ისე დემოკრატიას ვერ დავამყარებთ და ვერ გავბრწყინდებით.
ასე რომ გაერთიანდით ჩემს კგბ – ს სინდიკატში,პირველი 10 000 წევრისათვის გაწევრიანებ უფასოა, ასევე უფასოა არასრულწლოვანთათვის და პოლიტიკოსებისათვის, ბავშვები ჩვენი მომავალია. პოლიტიკოსები კი როგორც სიღარიბისა და სიმდიდრის ყველანაირ ზღვარს გადასული არა სტაბილური ფსიქიკის პირები. მათ ჯიბეში ხელს მაინც ვერ ჩააყოფინებ,ამიტომ ჯობია გართულებების გარეშე პირდაპირ მივიღოთ.
მსურველებს შეუძლიათ გაქევრიანდნენ გვერდის ზედა ნაწილში მარცხნივ, არქივისა და მეგობარი საიტების სიის შემდეგ მოთავსებულ ABONNES FIDELES + Devenir membre. ან მომწერონ ბლოგის ემაილის მისამართზე : pkourdadze@gmail.com სახელი და გვარი,ან კოდური სახელი თუ გნებავთ შემოქმედებითი ფსევდონიმი... სულერთია, მთავარი რაიმე ეწეროს. ყველა აგენტს მიენიჭება საკუთარი ნომერი.თუმცა ისეთი "ბლატნოი" ნომრები, როგორიც არის "აგენტი 007" ან "0101"ღია აუქციონის წესით გაყიდება და შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველი პოლიტიკოსებისათვის ფსიქიატრიული თერაპიის ფონდში, რომელიც ასევე ჩვენი სინდიკატის ბაზაზე შეიქმნება უახლოვეს მომავალში.
აგენტთა სიები რეგულიარულად გამოქვეყნდება ბლოგზე,
KGB ის კარები ყველა გულანთებული მამულიშვილისათვის ღიაა.სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ კარჩაკეტილი და გულქვა NATO საგან.
პაატა ქურდაძე

Anonime a dit…

Back in The U.S.S.R.
ბატონებო და ქალბატონებო
ვხედავ ისევ აენთო ქართული საზოგადოება ახალი ცვლილებებისთვის. ქართული პრესისა და ტვ–ის ნახვა საკმარისია, რომ ამაში დარწმუნდეთ. მაგრამ გლობალურ ფონზე სულ სხვა რამ ხდება: ობამა და მედვედევი ერთმანეთს თვალებს უპაჭუნებენ და მეგობრობას პირდებიან... ჩვენს გულისგასახეთქად.

ერთ ერთი პატივცემული ანონიმური კომენტარი კითხულობს, რა ვქნათო. თავს ნებას მივცემ და... ჩემი აზრით ის ჯობია პარლამენტმა და სხვებმა შესაბამის ინსტნციებში "ვერბალური რევოლიუცია" მოახდინონ ქართველთა ამორჩეულებმა. ხალხმა კი მათ მოკითხოს თავისი ინტერესების შესრულება. აბსურდია არა? ხოლო თუ საკმარისი ენერგიაა დაგროვილი ჩხუბისთვის და თავპირის დალეწვისათვის, ყველა მხარს ვურჩიოთ სხვებისათვის გადავდოთ. ადვილია ერთმანეთს გავუსწორდეთ როგორც ყოველთვის. საქართველოს გარშემო ერთი სანდო მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა აღარ დარჩა. რატომ? იქნებ თვითონ ჩვენივე ბრალია? არა, როგორც ყოველთვის მათი ბრალია.
ჩემი კითხვა ასეთია: რომელი "ახალი" საგარეო თუ შიდა სტრატეგიისათვის აპირებს საქართველო ბრძოლას? თუ მხოლოდ მმართველობაში ახალი სახეებისათვის და ახალი პრეზიდენტისათვის?
ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას, " მერე რა შეიცვლება"? ძლივს დაგებული ასფალტი აიყრება და შუქი ჩაქრება? "ტრუბაში" ნავთობი შეწყდება? რუსეთის თუ სხვა არამოძმე ქვეყანას შეუყვარდება ქართული საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ მოღვაწე პირი? რაღაც ეჭვი მეპარება.
დიდი საშიშროება უკვე ადგილზეა: "დასავლური ფასეულობების" დისკრედიტაციამ უკვე ზღვარს გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობის თვალში, შინაგანი თუ გარეგანი მიზეზების გამო. ხოდა, თუ ეს ცბიერი ევროპა ისევ იტყუება, ვერაფრით შევწვით მისთვის მოსაწონი ერბოკვერცხი. ხელისგულები კი უკვე დაგვეწვა, მზე კი ისევ ჩრდილოეთიდან ბრწყინდება და რუსულ აგრესიას უკვე აგერ მერამდენეთ შეგვატოვა ცივილიზებულმა მსოფლიო თანამეგობრობამ. ისეთივე გულქვა მეთოდით, როგრც ეგ ადრე ხდებოდა ქართულ ისტორიაში... 15 წლის თავზე შიდა ქართლი ისევ აოხრებულია, სამეგრელო დაბეჩავებული ისე როგორც არასდროს.
მაშინ რა გზა რჩება???? ამაზე ჯობია ფიქრი.
იქნებ ქართული სახელმწიფოს "უნიკალური მოწყობის" გეგმა და სტრატეგია შემუშავდეს "უნიკალურ გეოპოლიტიკური" ვითარების გათვალისწინებით? გამოვაცხადოთ პოლიტიკრი ნეიტრალიტეტი, შევურიგდეთ მოძმე აფხაზ და ოს ხალხს, გადავიდეთ ქვეყნის მართვის "უნიკალურ მეთოდზე", სადაც მხოლოდ "არტისტები" იქნებიან პალამენტსა და სხვა ინსტანციებში, მთავრობაშიც, პოლიციაშიც და ჯარშიც... ღვინისფერი უნიფორმებით, ვიმღეროთ და ვხატოთ, ვიქეიფოთ და... სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი საკითხები კი სხვებმა გადაწყვიტონ და შეასრულონ.
Back in The U.S.S.R.

Anonyme a dit…

Batono Paata, me da chemma natesavebma vipiqret: saqartvelos droshaze jvrebi xom ar shedvecvala tsiteli gulebit, rogorc mxatvari gela tsuladze gvtavazobs, ikneb aman boroti rusetis, aseve KGB-s da chveni drois didi humanistis Elton Johnis guli da didi siyvaruli moigos da chvensma saqartvelomac amoisuntqos?

gelasani

Anonime a dit…

მე სერიოზულად გეთანხმებით - თითქმის მთელი საქართველო კრემლის აგენტია. ამიტომაც გვიჭირს ასე და მარადიულად ვტრიალებთ 9 აპრილის წრეზე. რაც შეეხება პროფკავშირების როლს, ესეც უდაოა და ამაზე დავა უადგილოდ მიმაჩნია. სანამ პროტესტი საქართველოში პოლიტიკოსებს მოემსახურება, მანამ ასეთ გაურკვეველ დღეში ვიქნებით. სხვადასხვა საკითხებზე შეიძლება გამოგედაო კიდეც, მაგრამ მოდი ეს 9 აპრილის იქეთ გავაკეთოთ :-)))
რინ ნიჟარაძე