16 juillet 2022

გაგება


   

ჯერ ხომ  მთელი ბავშვობის წლები  ამ ქურდული გაგებით გამიშრეს სისხლი! -სულ დაძაბული  იყავი...ვერ გაიგებდი რა იყო ქურდული და რა არაქურდული..   რამე არასწორი წამოცდეოდა თუ არა  ... მაშინვე ვიღაც შნირი გამოხტებოდა და საქმეს გაგირჩევდა.. ან უნდა დაგემტკიცებინა რომ არასწორად გაგიგეს და სულ სხვა რაღაც გქონდა მხედველობაში, ან პირდაპირ უნდა გეთხლიშა იმ ნაბიჭვრისთვის...  მაგარი შარიანი ცხოვრება იყო... აი,  ხომ ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ!.. საბჭოთა კავშირი ხომ დაინგრა!.. მე რომ მკითხოთ ახლა უარესია...ეს "ფასეულობებად" ტრანსფორმირებული  „გაგებებით ცხოვრება მაინც ვერ მოიშალეს! განსაკუთრებით მათ, ვინც მაშინ ქუჩური დოგმების შიშით  სახლში გამოკეტილი იტანჯებოდა - იმის მაგივრად რომ თავებში  პატარა ფანჯარა გამოეჭრათ გასანიავებლად, გონება  და სულები გაეთავისუფლებინათ, თავად გამოიყენეს იგივე მეთოდი -  საკუთარი დოგმები შექმნეს. ზუსტად ისე, როგორც ფელიქს დერჟინსკიმ და მისმა კომისრებმა საბჭოთა ბანაკების სისტემა: მოგეხსენებათ, ბოლშევიზმის დამფუძნებელ  მამებს შორის, ფელიქს ედმუნდიჩი ყველაზე ნაწვალები კაცი იყო , ყველაზე მეტი წლები ჰქონდა ცარის ბანაკებში გატარებული. სწორედ ეს გამოცდილება გამოიყენა  სალოვკის მონასტერში ნოვატორულ- ექსპერიმენტალური წითელი ბანაკის შესაქმნელად, რომელმაც გულაგის  მთელ სისტემას დაუდო საფუძველი.

ზუსტად ასე მოიქცნენ ქართველი თანამედროვე ლიბერ-ბოლშევიზმის დამფუძნებელი მამები .. რესტავრაცია გაუკეთეს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ, რაც ყველაზე მეტად სძულდათ ... საკუთარი ფობიები სრულყოფილ ფსიქოლოგიურ იარაღად აქციეს და მეთოდურად შეუდგნენ შურისძიებას საკუთარ უბადრუკ წარსულზე.. სხვების წამების ხარჯზე, რა თქმა უნდა. მერე ამ ბანაკებში ავტორიტეტების "ინსტიტუტი" შექმნეს, თავისი არასამთავრობო სუბკულტურით და აი, ასე მივიღეთ ბასრნისკარტა ბლატნოი  გუგულების ჯერ "სალოვკის მონასტერი" მერე მთელი " გულაგი" , ბოლოს კი ლიბერალური ობსკურანტიზმი, რომელსაც იმდენივე აქვს საერთო ლიბერალიზმთან, რამდენიც საბჭოთა კავშირს ქონდა სოციალიზმთან, გდრ-ს კი დემოკრატიასთან.  


დღეს  ეს საშინელი ბასრნისკარტა კლანჭებიანი სპეციმენები, რომლებიც პირველად 2010 წელს ჩემი წიგნის,“ექსპერიმენტული განცდების" წერისას აღმოვაჩინე, როგორც ჩანს ძალიან გამრავლდნენ,  უკვე ყველგან არიან, ვერსად დაემალები, აუცილებლად გიპოვიან , მხართან ჩამოგიჯდებიან და   თავიანთი მონოტონური პათეტიკური ხმით  ყურში შილერის ოდას გიგალობენ.. არ გაჩერდებიან  სანამ გულისრევა არ დაგეწყება... ან თუ ცუდ ხასიათზე არიან, ჰიჩკოკის ყვავებივით ჩაგჩხავიან იგივე ოდას, ევროპის დროშას თავში გირტყამენ და  გკორტნიან... არა და, უმეტესად ცუდ ხაიათზე არიან.. საშინელებაა!

რაც მე ამ დასავლურ - არადასავლურ გაგებაზე ვნერვიულობ!...  "პროევროპელი" ბლატნოების შიშით ხმა ვეღარ ამომიღია! თუ მოეჩვენათ, რომ რამე ისეთი თქვი, რაც მათ პედანტურად გაწერილ გაგების "გაიდლაინში" არ წერია, წასულია შენი საქმე!..თავის მართლება კატეგორიულად გამორიცხულია, არც მოგისმენენ.. ეგრევე  წრეზე ჩაცუცქდებიან შენს გარშემო და საქმის გარჩევას იწყებენ... ვერც ვერავის თხლიშავ წუპაკ   სიფათში - მაშინვე ისეთ აპოკალიპტურ წიოკს და გნიასს ატეხენ, ახალბედა ჰიპსტერ ზომბების იმხელა არმიას დაგასევენ თავზე,  რომ გარშემო ყველა ახლობელი და გულშემატკივარი  გულგახეთქილი შემოგეფანტება!.. ღმერთო!.. ამას კიდევ ჩემი ბავშვობის უტვინო ქუჩის ბიჭებთან ბლატაობა ჯობდა... რაღაც შანსი მაინც გქონდა, რომ ერთი ორი ძმაკაცი, ვისთვისაც მეგობრობა გაგებაზე მაღლა იდგა მხარს დაგიჭერდა, მარტო არ დაგტოვებდა... სულ ერთი, ან ორი, ..მეტი არა..  მაგრამ ასეთ დროს ესეც ბევრია... ახლა ვისი იმედი შეიზლება გქონდეს ამ თავზეხელაღებულე „გეიმ - პროს“ მოთამაშე ბრბოსთან? ყველას თავისი გაჭირვება აქვს... გულგრილობის და სიმხდალის ფასად ნაშოვნი „ ორი კაპიკით“ ნაყიდი „ლუკმა პური“ აქვთ სახლში, ბავშვებთან  მისატანი და ... ჯერათ, რომ ასეთ „ლუკმაპურს“ სუნი არა აქვს და ბავშვების სულს არაფერს ავნებს.. 

ამ გაგებამ უკვე კარგა ხანია ყველა სოციალურ ფენაში შეაღწია.. დღეს ყველა პრო ან ანტიევროპელობით ბლატაობს, როგორც მაშინ.. ჩემს შარიან ბავშვობაში... მახსოვს,  ერთხელ ერთმა მილიციონერმა - ინსპექტორმაც კი მითხრა, შენ მე პაგონებში გაზრდილი ხომ არ გგონივარ... წადი ლოტკინზე გაიკითხე ვინ ვარო.. და „პუსტა პუსტა“ პაგონებზე ხელი ისე ამაყად  დაირტყა, იფიქრებდით გენერლის ვარსკვლავები  სულ ხუთი წუთის წინ ჩხუბში დასცვივდა და  დაკარგაო.

მოკლედ ძალიან რთლ დროში ვცხოვრობთ! ამას მგონი ისევ თალიბებთან ცხოვრება ჯობია.. იქ ყველაფერი მარტივი და გარკვეული მაინც არის... სამარჩიელო, გასათვლელი  და "დასალაგებელი"  მაინც  არაფერი გაქვს...ზუსტად იცი, როგორ არ უნდა მოიქცე,  საქვეყნოდ თავი რომ არ  მოგჭრან!

 

...მაგრამ, რა მეთქმის..ჩემი ბრალია.. სულ ვფიქრობ... დუმბაძის არ იყოს, მართლა რა ჯანდაბა მინდოდა ამ შეშლილ "მეწვენეებში"... 30 წელზე მეტი ისე გავატარე ამ ოხერ ევროპაში, არავის დაინტერესებულა  ჩემი არც  "გაგებით.." და მით უმეტეს,  არც პრო - ვექტორით...მეტსაც გეტყვით: ეს ტერმინი თუ წოდება - პროევროელი!“ პირველად აქ გავიგე. . ადრე ამაზე არ  მიფიქრია..ყურიც კი არ მომიკრავს!, არავის უხსენებია არც სხვასთან მიმართებაში, არც ჩემთან,....მათაც კი, ვისაც სულ არ ვეპიტნავებოდი.. არა და. როგორც ევროპელი ოფიციალურადაც კი  მასტრიხთან ერთად დავიბადე.. გუშინდელივით მახსოვს ფრანგული პასპორტი ისე შემიცვალეს ევროპულით , ერთი არ უკითხავთ, ძმაო ერთი აქეთ მოიწიე, თვალებში შემომხედე და ახსენი, რა გაგების კაცი ხარო...

ის კი არა, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ  თავის ორიენტაციის ქამინგაუთი გააკეთა, წლების განმავლობაში აქ დარჩენილების ევროპელობას ვიცავდი თავგამოდებით...ამ ბლაგვნისკარტა ჰომო-გუგულებისაც კი... და ყველა მიჯერებდა..არა და.. ახლა რომ ვფიქრობ, რა ძალა მადგა.. იმ ხალხს ჩემთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია.. ნამდვილად არ იმსახურებდნენ ჩემგან ასეთ უტიფარ ტყუილს..  ახლა, ხანდახან, ამ ჩაცუცქული  „მწვალებლების“ ალყაში რომ მოვექცევი ხოლმე, თავი ქვეყანაში კი არა, ზონაში მგონია .. თან ისეთში, ჩემ ბავშვობის ქუჩის „არასამთავრობოები“  "გაბოზებულ ზონას" რომ ეძახდნენ...თუმცა რაღა მგონია... არის კიდეც.. ჩემი ბავშვობის   შავის ალტერნატიული - წითელი ფერის.  🙂

 

ეროვნული ზნეობრის ნეოსამარიტელების,  იგივე  „ალტ.დრუჟენიკების“  გაგებაზე სხვა დროს მიგიყვებით... ახლა ამის თავი აღარ მაქვს.. ამ გაგებების" ჯოჯოხეთში, მართლა ძალიან მიჭირს დიდი ხნით რამე სერიოზულზე კონცენტრირება ...  


პ.ქ.

14 juillet 2022




ცხელ გულზე არასდროს არაფერს  ვწერ.   გაყინულზე  მით უმეტეს, თუმცა გაყინულზე  არა თუ წერა, ლაპარაკიც არ გამომდის. 

ლევანის ამბავზე ისე გამეყინა გული,  საერთოდ მეტყველების უნარი დავკარგე რამდენიმე საათით..  „დოსიეს“  ჩაწერიდან როგორც კი გამოვედი და მანქანაში ტელეფონი ჩავრთე, მაშინვე დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა წყნეთის გზაზე. კარგა ხანს ჩუმად ვიჯექი. მერე რომელიღაც „კრიტიკული   არხის“ სიუჟეტი გამომიგზავნეს, ჟურნალისტი გოგონა რაღაცას ტიტინებდა , იქ შემთხვევით გამვლელ  ჩემს მეგობარს, პაატა ჩხენკელს დასდევდა მიკროფონით, გინდა თუ არა ლევან კაჭრავას ადვოკატი ბრძანდებით და გვითხარით ვინ ესროლაო... მერე ტელეფონით გადაღებული დაცხრილურ მანქანას ანახეს. კამერამ ნელნელა მანქანისკენ მოძრაობა დაიწყო, მაშინვე მივხვდი რის ჩვენებასაც აპირებდნენ და სასწრაფოდ გამოვრთე. არა მარტო იმიტომ, რომ ასეთი კადრების საჯარო ჩვენება ამორალობის უმაღეს გამოვლინებად მიმაჩნია.. მაშინ ამაზე არ მიფიქრია... ლევანს ვინც კარგად იცნობდა დამეთანხმება, რომ  „საზოგადოების მოჭარბებული ინტერესის დასაკმაყოფილებლად“ მისი უსულო სხეულის ეს ამაზრზენი საყოველთაო გამოფენა ტელეარხების მიერ,   ავტომატით ჩაცხრილვაზე მეტად შეზარავდა, ნახვა რომ შეძლებოდა.   მე კი  არასდროს არაფერს გავაკეთებ ისეთს მიცვალებულთან მიმართებაში, რაც ვიცი რომ  ცოცხალს არ მოეწონებოდა. ან ვის შეიძლება მოეწონოს, როდესაც  ასეთ მდგომარეობაში ათასობით ცნობისმოყვარე ნეკროფაგი ვოიორისტი  გითვალთვალებს და აზრადაც არ მოსდის, რომ ადამიანს ნებისმიერ მდგომარეობაში  გააჩნია ღირსება და თუ შენც ადამიანი გქვია, პატივი უნდა სცე.. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავისი ღირსების დაცვა თვითონ აღარ შეუძლია. მაგრამ ეს რომ გესმოდეს, ჯერ ცოცხლების ღირსების დაფასების უნარი უნდა გაგაჩნდეს.. რაც ქართული მედიის „ავანგარდს“ სრულად ატროფირებული აქვს.

 

გასვენებამდე ოთხი დღე ლევანის სახლის ეზოში დავბოდიალობდი. ვცდილობდი  რამე გამამხნევებელი მომეფიქრებინა და მეთქვა ნინოსთვის , ბავშვებისთვის, ანდროსთვის, მაგრამ ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე, რაც   მათ მწუხარებაში ჩარევად, ხელის შეშლად ღირდა. ყველაზე მეტად სამძიმრის სიტყვების პოვნა მიჭირდა ყოველთვის. რისი თქმაც არ უნდა დავაპირო, ისეთი ყალბი მეჩვენება, რომ საკუთარი თავი მძულს ხოლმე და სიტყვები არ ამომდის.  მწუხარება ყველაზე ფუნდამეტურად  ინტიმური განცდაა. ამ მდგომარეობაში ადამიანი  გვერდში დგომას უნდა გრძნობდეს და არა ზედმეტ ენთუზიაზმს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯეროდა ყოველთვის.   ამიტომ  ჩუმად გავატარე ბოლო ოთხი დღე ეზოში, ჩემი მეგობრის ახლომახლო .. როგორც სხვებმა, ჩემზე ბევრად ძველმა მეგობრებმა...

ჩვენ სულ ათი წლის მეგობრობა გვაკავშირებდა. პარიზში გამაცნო ნინომ. ერთად ვივახშმეთ, მგონი იაპონურ რესტორანში. მერე ნინო  მანქანით დაბრუნდა სახლში.  ლევანმა, გავისეირნოთო,  ხელი გამიყარა მკლავში და მას შემდეგ არც გაუშვია. ასეთი ინტენსიური მეგობრობა  ძალიან იშვიათად მქონია ვინმესტან. ... ბევრს დავდიოდით ფეხით და ვსაუბრობდით. ათას რაღაცას  ვუყვებოდით ერღმანეთს. სულ მეუბნებოდა დაბრუნდი საქართველოშიო, რატომღაც ჯეროდა, რომ საჭირო კაცი ვიყავი აქ. სიმართლე გითხრად იმდენად აბსურდული მეჩვენებოდა ეს იდეა, სერიოზულად კარგა ხანს არ აღვიქვამდი. ერთხელ ვუთხარი, საქართველოში აღარაფერი არ გამაჩნია, რომც ჩამოვიდე სად ვიცხოვრო მეთქი. რამდენიმე თვეში დამირეკა თბილისიდან. ლამაზი  პატარა სახლი ვიყიდე კალასუბანში და ჩათვალე ეგ პრობლემა აღარ გაქვსო...  ეს რამდენიმე თვით ადრე მოხდა, ვიდრე 1 არხიდან სამუშაო შემოთავაზებას მვიღებდი... მართლა ფანტასტიკური პატარა სახლი იყო. პატარა ეზოთი და ზღაპრული ხედით მთელ თბილისზე. დღემდე მენატრება და ალბათ ყოველთვის მომენატრება ... მაგრამ ღამის ხმაურმა და უძილობამ დამტანჯა და პანდემიის დაწყებამდე  ორი კვირით ადრე  მცხეთაში გადმოვედი. ლევანთან  სულ მცხვენოდა, ხმაურზე რომ ვწუწუნებდი.. ამხელა გულით შეეცადა რომ ჩამოვსულიყავი და კომფორტულად მეგრძნო თავი...  ის სახლი და  და ლევანის დაჟინება რომ არა მე თბილისში ჩამომსვლელი ნამდვილად არ ვიყავი.. . არა და  ჩამოსვლისთანავე, ჯერ ერთმა „ქრიზმატულმა“ დეპუტატმა გამომაჭენა პარლამენტის ტრიბუნიდან: ბიძინა ივანიშვილმა პარიზიდან  „საზ.მაუში“ დესანტი გადმოსხაო, მერე მეორე ერთ ასევე ქარიზმატულ, კრწანისის რაიონის „მოდნიკ“ დეპუტატს განუცხადებია  სამეგრელოს რომელიღაც რესტორანში, პარტიულ ღონისძიებაზე, მგონი საპრეზიდენტო კამანიისას, უმადურია, ამხელა პატივი ვეცით, ჩამოვიყვანეთ  თანამდებობაზე დავნიშნეთ და ეხლა რეებს წერს ჩვენზეო... ორივეს ზუსტად ის შევუთვალე რასაც იმსახურებდნენ, მაგრამ  მე აბა  რა უნდა შემეთვალა იმაზე უარესი, რასაც წლების განმავლობაში ისმენენ მათი მისამართით ყოველდღიურად.. ასეთებს ხომ იცით, ელიავას ბაზრობაზე ლამინირებული ლაპლაპა  სულები აქვთ...არა თუ სხვის, საკუთარ  ღირსებსთანაც კი  ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც იმ მანიაკ ჟურნალისტებს, ქუჩა-ქუჩა გვამებზე რომ ნადირობენ...

 

ლევანს არასდოს უხსენებია თავისი დამსახურება ჩემს „ოდისევსისეულ“ დაბრუნებაში. მადლობის თქმის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, როგორც კი დავიწყებდი, მაშინვე ისე ხისტად ცვლიდა თემას, რომ  ვხვდებოდი, არ სიამოვნებდა და გაგრძელებას აზრი არ ქონდა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე... ისე წავიდა, ერთი ხეირიანი მადლობაც ვერ ვუთხარი ყველაფრისთვის, იმ  განსაკუთრებულად დელიკატური მეგობრობისთვის, სითბოსთვის და ყურადღებისთვის რაც ამ ათ წელიწადში მივიღე მისგან.. არც ახლა ვაპირებ ამ გამოტოვებული მადლობის საჯაროდ თქმას. არა  მარტო იმიტომ რომ პათეტიკურად მეჩვენება - ზემოთაც გითხარით, წასულებთან, ამ შემთხვევაში ლევანთან  მიმართებაში არასდროს არ გავაკეტებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლეში უხერხულად აგრძნობინებდა თავს.

ლევანის დაბადების დღეზე არასდროს ვყოფილვარ. ისე მოხდა, რომ ამ დღეს ვერც ერთხელ ვერ გადავიკვეტეთ ვერც თბილისში, ვერც პარიზში.. ტელეფონით ვულოცავდი ხოლმე. 

დღეს პირველად მომიწევს მასთან მისვლა. ამის შემდეგ, სულ იქ იქნება. ყოველთვის,  როდესაც ამ დღეს თბილისში ვიქნები - შევუვლი...სანამ ვერის სასაფლაოს აღმართის ასავლელად მუხლებში ძალა მეყოფა.

PS/ ეს ჩემი ერთადერთი  ფოტოა,  ლევანთან ერთად  - ჩემს დაბადების დღეზე.. სწორედ იმ კალასუბნის სახლის ეზოშია გადაღებული.. რომელშიც ჩემი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი  წელი გავატარე.