რეცენზია
ჟურნალი "ახალი საუნჯე" N 10 აპრილი 2014
ჟურნალი "ახალი საუნჯე" N 10 აპრილი 2014
პაატა ქურდაძის პუბლიკაციებს პირველად ამ რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტჟურნალ ,,კალმასობაზე» გადავაწყდი.შთაბეჭდილება უცნაური იყო— ბევრი რამ მეუცხოვა. ავტორი ერთდროულად აქტუალურ, მანამდე ტაბუირებულ თემებსაც ეხებოდა და თავს გადახდენილ ისტორიებსა თუ ინცინდენტებსაც ისე ჰყვებოდა, რომ თავიდან აეცილებინა ზედმეტი ანალიზი, მსჯელობა და ჭკუის სწავლება, რაც ასე ძალიან უყვართ ქართველ ავტორებს. თან ამას ახერხებდა ბალანსის ზუსტი დაცვით, რასაც ჩემებურად ,,სიღრმისეულის მარტივად მოწვდის ხიბლი» ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჰქონდა მენტორის ტონი, იყო ირონიული, მსუბუქი და მძიმე ერთდროულად. ამ ტექსტებში იყო ბევრი ჰაერი და დრო ფიქრისთვის. იყო აგრეთვე იუმორი და თვითირონია. მთლიანობაში კი, ტექსტის გურმანებისთვის, საუკეთესო ,,გემოს» მქონე მთხრობელად აღიქმებოდა.
ყველა ქვეყნის ისტორიაში დროგამოშვებით დგება კულტურული აპათიის, ერთგვარი დეკადანსური განწყობის პერიოდი, როცა მხსნელად ხელოვნების ესა თუ ის სფერო, ესა თუ ის ჟანრი მოგვევლინება ხოლმე. ეს სფერო თუ ჟანრი იწყებს საზოგადოებაზე ყველაზე უკეთ ზემოქმედებას; ახერხებს,მიიპყროს ყველაზე მეტი ყურადღება, გაიჩინოს ყველაზე მეტი მიმდევარი, თაყვანისმცემელი, გაიმრავლოს აუდიტორია. ეს სფერო თუ ჟანრი ხდება მოდურიც. მისით ინტერესდებიან როგორც ინტელექტუალური, ასევე ფსევდოინტელექტუალური წრეები, ჭკვიანნი და უჭკუონი, ძველმოდურნი და ,,სვეტსკები», სნობები და ჭეშმარიტი ღირებულებებით მცხოვრებნი... მოკლედ, ნამდვილი საერთო-სახალხო ჟივილ-ხივილის პერიოდი დგება ხოლმე და, ცხადია, ეს პროცესი პოზიტიურად აისახება ქვეყნის ინტელექტუალურ ,,შუბლზე».
ჩვენს გამოპოლიტიზირებულ საზოგადოებაში, სადაც რესტორნის მიმტანიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დამთავრებული— ყველა პოლიტიკოსობს, და კაცმა არ იცის, რეალურად რომელ მათგანში თვლემს ჭეშმარიტი დიპლომატიური ნიჭი, სკანდალურ ნიუსებზე მონადირე ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ინტერესების მხრივ მეათე საფეხურზე გადავიდა მხატვრული ლიტერატურა, თეატრი,კინო, მუსიკა და ფეხბურთიც კი... რაღაც ხომ უნდა გაჩენილიყო,რაც ამ სათაყვანებელ პოლიტიკასაც არ მოსწყვეტდა საზოგადოებას და, ამავე დროს, სულიერი ფასეულობებისკენ ხან შეუმჩნევლად,ხან კი სილის შემოკვრით მიახედებდა, შეახსენებდა მას, რომ ფიქრის დრო, დიდიხანია, დადგა, და რომ ეს უნარი თითოეულ ჩვენგანს გააჩნია.
აი, სწორედ ასეთ ისტორიულ კლიმატში გამოჩნდა პაატა ქურდაძე. გამოჩნდა შეთქმულივით ზუსტად იმ მომენტში, როცა მისი ტექსტები აქტუალობის პიკში უნდა მოხვედრილიყო და მოხვდა კიდეც. უმეტესად ხომ ავტორი სცდება ხოლმე ისტორიულ კონტექსტს და ამის გამო მას მოგვიანებითღა თუ აფასებენ. პაატას მოსვლა კი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დრო და მწერალი ერთმანეთთან დიალოგში შედის — ამბობს ერთი და პასუხობს მეორე. სწორედ ამიტომ, მისი პუბლიკაციები მოვლენების გამოძახილია, უფრო სწორად, მომხდარი ამბების ანალიტიკური კორდებალეტია.
ძნელია, ცალკე გამოყო პაატას ბოლო წიგნი, ,,ანტიდოტი» და მისი სხვა წიგნებისგან მოგლეჯილად განიხილო. ალბათ იმიტომ, რომ ეს ის მწერალია, რომლის ტექსტები გაჯერებულია ჩვენში არსებული გადღაბნილი პრობლემებით,რომელსაც ხშირად არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი. ამ ავტორის წიგნებს მე ნუმერაციას გავუკეთებდი, რადგან მათში ასახული ამბები და ავტორის თვალსაზრისები ბოლო წლებს მოსდევს და მოჰყვება, აჩრდილივითაა ადევნებული უახლეს ისტორიას და მოვლენებს, ფაქტებს,ადამიანებს, ფიზიკურ თუ სულიერ ფასეულობებს თავისი პრიზმაში გარდატეხავს.
ბოლო წლებია,ჩვენი ქვეყანა, ლამისაა,საცირკო სანახაობების არენად იქცა. რელიგიურ, საზოგადოებრივ,პოლიტიკურ ცხოვრებაში, —ყველგან სარკასტული სპექტაკლების შემსწრენი ვართ და მე პირადად მაქვს ხოლმე მოლოდინი, ამა თუ იმ მოვლენას, რომელიც კრიტიკას, ანალიზს, ან უბრალოდ, სილის გაწვნას საჭიროებს, როდის გამოეხმაურება პაატა ქურდაძე. ეს ავტორი იქცა ერთ-ერთ მთავარ ,,ხმად», რომელმაც აუცილებლად უნდა გაიჟღეროს,როგორც ჯანსაღმა კომენტარმა,ამ ჩვენი სანახაობრივი, ხშირ შემთხვევაში, სიმახინჯის შემცველი ამბების ფონზე.
,,ანტიდოტი» რამდენიმე პუბლიკაციისგან შემდგარი წიგნია. პირველივე ესეში, ,,პროპაგანდა», ის მკითხველიც კი, ვისთვისაც უცხოა ამ ავტორის შემოქმედება, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს ქურდაძის სტილის, ლექსიკის,საკითხისადმი მიდგომის, იუმორისა და ფილოსოფიის შესახებ. როგორც წესი, პუბლიცისტი, როცა ამა თუ იმ საკითხს განიხილავს, ის აღწერს ხოლმე მთავარ თემას და შემდეგ იწყებს დამატებითი დამაჯერებლობისათვის არგუმენტების მოტანას ისტორიული ფაქტების და მოვლენების მეშვეობით. პაატა ქურდაძე სრულიად საპირისპიროდ იქცევა— ლამისაა, დროში მოგზაურობას იწყებს, ჰყვება ძველ ამბებს,იქნება ეს ისტორიული მოვლენების აღწერა თუ საკუთარი თავგადასავალი.ამით ქმნის მთავარ ფონს, აღწევს მეტ დამაჯერებლობას და, როგორც ავტორი, მკითხველის მეტ ნდობასაც იხვეჭს ტექსტის შეფუთვის ამ ოსტატური მანევრით. ბუნებრივია,ამის შემდეგ, უფრო და უფრო ხისტ სათქმელსაც მეტი წონა და ფასეულობა ეძლევა. ასე იდეოლოგიურად თუ მენტალურად დაპირისპირებულ მკითხველსაც კი მეტად ულბება გული და ხშირად იმ სათქმელებსაც იღებს, რასაც მანამდე უპირისპირდებოდა. ტექსტის ამგვარი კარკასი,ნებით თუ უნებლიეთ, პაატა ქურდაძეს ორატორად აქცევს, რომელიც მოწინააღმდეგეთა ჯგუფებს თუ ვერ იმხრობს, ყოველშემთხვევაში, ყურების გამოფერთხვას მაინც აიძულებს.
ჩვენს საზოგადოებას ერთი საშინელი სენი აქვს — პოლიტიკური კოლიზიების ეპოქაში ცხოვრებამ, ერთი ხელისუფლების მეორეთი შეცვლამ, მიმდინარე პროცესებში არანორმალური დოზით ჩართულობამ ხალხს თავისი მთავარი საქმიანობა დაავიწყა და ყველა და ყველაფერი პოლიტიკურ ბანაკებად დააყოფინა. მწერალი,მომღერალი, სპორტსმენი,პედაგოგი, მღვდელი, მძღოლი თუ ფუნთუშების გამყიდველი— აუცილებლად ან ერთ და ანმეორე დაჯგუფებას უნდა ემხრობოდეს და, ბუნებრივია, ამ მენტალობით გაჟღენთილი მსოფლმხედველობისთვის უცხო და გაურკვეველია მოღვაწე,რომელიც არცერთი დაჯგუფების სამსახურში არ არის, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, არავიზე არ მუშაობს.
ჩვენს მაკიაველისტურ საზოგადოებას, რომელსაც რეფლექსიური აზროვნება ნაკლებად ახასიათებს, ამგვარი შემთხვევა დაუჯერებელ ამბად მიაჩნია. განზე მდგომის პოზიცია,რომელსაც ქურდაძე დაკვირვებისთვის იყენებს, ასეთი ადამიანების მიერ მასკარადად აღიქმება,ხოლო სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ერთგვარ პიედესტალად, საიდანაც ქვეყნის პრობლემებზე ღაღადისი ადვილია. სწორედ ასე აფორმებენ ხოლმე მკითხველები ამ ავტორის ნამდვილ პოზიციას, რომელსაც ხან ფაბიანური მოთმინებით,ხან ქართული ექსპრესიულობით უწევს გამკლავება საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელსაც უყვარს კლიშეები, სწორხაზოვნება და სტერეოტიპები.
სწორედ კლიშეებს ამსხვრევს პაატა ქურდაძე თავის ესეში, ,,დეჰუმანიზაცია». მისი, როგორც მწერლის, მთავარი ინსტრუმენტი კი მხილებაა. ის ამხელს განურჩევლად ყველას— დაწყებული მოქმედი პრეზიდენტიდან,რიგით ინტელექტუალამდე.,,ქართველ ინტელექტუალთა კლასი დღეს ისეთივე ჰიბრიდულ მდგომარეობაშია, როგორშიც ქართული დემოკრატია. ისინი გამუდმებით ანგაჟირებისა და დეანგაჟირების პროცესში არიან,ცდილობენ, კლასად ჩამოყალიბდნენ, თუმცა უჭირთ,რადგან მათ მარტო ინტელექტუალის როლი არ აკმაყოფილებთ, ეცოტავებათ და, ბარემ არტისტის როლიც სურთ შეითავსონ. ამისთვის კი არტისტულობა, კრეატიულობა,მოქნილობა — ბოლოს და ბოლოს სტილი აკლიათ...რაღაც არც ისე,,სექსი» ხალხია...თანაც ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდნენ საკუთარ როლზე საზოგადოებრივი განვითარების პროცესი. უფრო მეტიც, ხშირად იმ მეხანძრეებს ემსგავსებიან, რომლებიც აალებული სახლების ფონზე კოლექტიურ, სამახსოვრო ფოტოს იღებენ...» ამგვარი სარკაზმით,იუმორითა და ირონიითაა გაჯერებული ქურდაძის თხრობა.მის ლექსიკაზე ხანდახან ამბობენ, რომ ის ხულიგნურია,თუმცა კი, მე ვიტყოდი, რომ სიტყვები: ,,ბრიყვული»,,,გაუნათლებელი», ,,ბნელი» ,,,უნიჭობა» და ა.შ. მის თხრობას აცოცხლებს და ერთგვარი ფსიქოლოგიური ბუფერის როლსაც კი თამაშობს, რათა კონფლიქტის სამიზნეზე ერთგვარი ასხლეტა მოხდეს. ამგვარი ტრიუკებით ხშირად ახდენს ,,სიმძიმის ცენტრების» გადანაწილებას.მკითხველი იბნევა — ის ვერ არკვევს, ავტორი კანიბალიზმზე წერს თუ დღევანდელ საზოგადოებაზე, ხელისუფლებას აკრიტიკებს თუ სიტყვა ,,კულტივირებულის»ეტიმოლოგიას იკვლევს.
ამას წინათ,მწერალთა სახლში, პაატას წიგნის პრეზენტაციაზეც აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ— ჩვენი საზოგადოების საზღვარგარეთ მცხოვრები ნაწილი განსაკუთრებული პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევა. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ უმეტესობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არასწორად ესმის. პაატა ქურდაძის, როგორც ანალიტიკოსის, დამსახურება ისაა, რომ მიუხედავად იმისა,რომ ის წლებია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, ამ დისტანციას საქართველოში არსებული პრობლემების სწორი რაკურსით გაშუქებისთვის იყენებს. მისი ტექსტების ხედვა და საკითხების შემფასებლური უნარი კიდევ ერთხელ არწმუნებს მკითველს,რომ ყველანაირი მდგომარეობა შეიძლება, გამოიყენო ჭეშმარიტებების საძიებლად და არა მისი დისკრედიტაციისთვის. იქნებ ამანაც ითამაშა ერთ-ერთი როლი იმაში, რომ ეს ავტორი გამორჩეულად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი პუბლიკაციების სტილური პათოსი ერთგვარ მიმდინარეობად იქცა, რასაც მერე სხვა ავტორებმაც მოუძებნეს თავიანთი განშტოებები.
მიუხედავად პაატა ქურდაძის ასეთი პოპულარობისა, მისი წიგნი,,,ანტიდოტი“, მაინც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ამის მიზეზი ალბათ სოციალური ქსელებიცაა, სადაც პაატა აქტიურად გამოხატავს თავის ამა თუ იმ პოზიციას და მკითხველიც ხშირად იმ მცირე ფრაგმენტებით,ან სულაც ბლოგზე განთავსებული პუბლიკაციებით კმაყოფილდება.ასეა თუ ისე, ერთად შეკრულ პოლიგრაფიულ გამოცემას,თანმიმდევრულად მოწვდილ ძირითად სათქმელს, მუდამ აღმატებული ფასეულობა გააჩნია, ვიდრე ფეისბუკზე განთავსებულ სტატუსებს.
არ მიყვარს ხოლმე ე.წ. წვრილმანებზე გამოკიდება. გრამატიკულ და ტექნიკურ შეცდომებზე აქცენტი სგაკეთება. მაგრამ უთქმელობაც არა მგონია, მიზანშეწონილი იყოს. ამ შემთხვევაში რედაქტორთან,შოთა გაგარინთან მაქვს პრეტენზია... ეს რომ მისი ლექსების კრებული იყოს, არ გამოვეკიდებოდი,რადგან პოეტი შეგნებულად თუ უვიცობით შეიძლება არღვევდეს გრამატიკულ ნორმებს, ერთი გასათვალისწინებელია დამეორე - მისატევებელი. მაგრამ როდესაც რედაქტორის ფუნქცია გაქვს, წიგნის ყდაზე გამოტანილ წერილში არ უნდა იყოს დაშვებული ელემენტარული შეცდომები.მაგალითად, უნდა ეწეროს ,,დენს ურტყამს» და არა ,,დენს ურტყავს»,უნდა ეწეროს ,,მიახლოებული»და არა ,,მიახლოვებული». გარდა ამისა, რედაქტორი ვალდებულია, გადახედოს პდფ ფორმატში გამზადებულ წიგნს, სანამ სტამბაში გაუშვებდნენ, და შენიშნოს, რომ სარჩევით ნაწარმოებების მოძებნა შეუძლებელია, რადგან მითითებული გვერდები არ ემთხვევა წიგნის შიგთავსს. მე მგონია, რომ ამ მომენტებზე რედაქტორი უნდა ზრუნავდეს და არა ავტორი. თან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პაატა ქურდაძის შემთხვევაში რედაქტორს შემოქმედებითი შრომა ნაკლებად მოუწევდა,რადგან ეს მწერალი ამ კუთხით კორექციებს ნაკლებად საჭიროებს, იმდენად გამართულია იდეურ-მხატვრული თვალსაზრისით მისი ყოველი პუბლიკაცია.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire