ეს სვეტი დაწერილია "ცხელი შოკოლადის" რედაქციის თხოვნით, რუბრიკისათვის, რომელიც მიეძღვნა კულტურის გარშემო განვითარებულ "ექშენს" ოქტომბერ- ნოემბერში. როგორც ვიცი ამავე თემაზე კიდევ რამდენიმე ავტორმა დაწერა და ის გამოქვეყნდა 2012 წლის ნოემბრის ნომერში.
როდესაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მომვლისკენ მიმავალ თავის მატარებელზე შეხტომა ურჩია, ბევრმა ეს მოწოდება ირონიული ღიმილით მიიღო, თუმცა მალე ყველა დარწმუნდა, გულწრფელი სინანულით, რომ შესაძლოა თავიანთი ცხოვრების ერთად ერთი ნამდვილი შანსი გაუშვეს ხელიდან – მატარებელში შემთხვევით მოხვედრილი ბაქანზე უსაქმოდ მოყიალე ავანტიურისტები, უბილეთო მგზავრები, ვაგზლის ორივე სქესის ბოგანოებიც კი, სულ რაღაც ორ წელიწადში პირველი კლასის ვაგონის წავის ქურქებში გახვეულ რესპექტაბელურ ბურჟუაზიად გადაიქცნენ , რომლებიც მთელი მომდევნო წლების გამნავლობაში, მიშას მხიარულ ვარდისფერ ვაგონ რესტორანში დილაობით “ხიზილალითა და შამპანურით” საუზმობდნენ. საღამოობით კი ნაირნაირი მურაბიანი ჩაით იტკბარუნებდნენ პირს და თან გეგმებს აწყობდნენ. მატარებელს უამრავი მგზავრი გზაშიც შეახტა, ბოლოს ისე დაიხუნძლა, რომ დაგვიანებულებს არა თუ ვაგონ რესტორანში, საერთო ვაგონის ხმელი საწოლიც ღარ ერგოთ.
აი სწორედ ასეთებმა, 1 ოქტომბერს საღამოს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, თავგანწირული ზედახორა გამართეს ივანიშვილის ლიანდაგებზე გადაყვანილ მატარებელში ასაძრომად. ვის აღარ ნახავთ აქ: ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებს პეტიციებით ხელში, მათ “საკმაოდ განათლებულ” შვილებსა და შვილიშვილებს, კულტურული გაცვლა-გამოცვლების სპეციალისტ “სვინგერ” ორგანიზატორებს, გამამაცებულ ჟურნალისტებს...მოკლედ დიდი ამბები დატრიალდა!
შესაძლოა საქართველოს ისტორიის მანძილზე სიტყვა კულტურა არასდროს ისეთი აქტუალური არ ყოფილა, როგორც ბოლო ერთი თვის მანძილზე. თითქოს,«კულტურის სფეროში" მოღვაწე ნახევრად მძინარე ქართველმა "მუშაკებმა'', მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლებს მანძილზე ისე მოხერხებულად უვლიდნენ გვერდს ამ თემას , თითქოს, უკანასკნელი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა მართლაც ხისტარიანი «მაუზერით» იდგა არტისტების გვამების გროვაზე და ნებისმიერს, ვინც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს აბსოლუტურად უნიფორმირებული კულტურის პოლიტიკის კრიტიკას გაბედავდა, საკუთარი ხელით უხვრეტდა შუბლს...თან ოპერის ეშმაკივით ხარხარებდა... საერთოდ ადამიანებს ახასიათებთ საკუთარი სიმხდალის გასამართლებლად, მისი მასშტაბურ დრამად ტრანსფორმირება , მხოლოდ ამ შემთხვევაში მხდალი ენთუზიასტების აგრესიული აქტიურობა, მართლაც რაღაც კოლექტიურ ადმინისტრაციულ-კულტურულ ფსიქოზში გადაიზარდა, განსაკუთრებით ახალი კულტურის მინისტრის მოადგილეების ზნეობრივი ნორმების დადგენა- გამოაშკარავებისას, ცხადია, იური მეჩითოვისათვის გილიოტინის მოთხოვნა ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე სულ რაღაც ერთი თვის წინ იგივე «მაუზერიანი» და «საშიში» ნიკა რურუასთვის...
კულტურა არც მინისტრის ხელშია, არც მისი მოადგილეების, არც ყოფილების და არც მათი, ვინც მომავალში დაინიშნება. კულტურა პირველ რიგში ინტელექტუალური სიმამაცეა, რომლის გარეშე უკეთეს შემთხვევაში დაშვებულ ზუსტად განსაზღვრულ საზღვრებს ვერ გასცდები, უნიფორმირებული ჯარისკაცივით, მკაცრად გაწერილი და ნოტარიუსით დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის დარაჯად დარჩები სამუდამოდ. ვერასდროს გადააბიჯებ ლიმიტს, რომლის იქითაც კულტურული რეფორმა, თუ გნებავთ პროგრესია, რომლის გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფასი კაპიკია. რადგან სახელმწიფოებრივი ღირსება, შეუძლებელია მისი მოქალქეების პიროვნული ღირსების გარეშე, ეს უკნასკნელი კი მხოლოდ კულტურულ კონტექსტში ყალიბდება. კონტექსტში, რომელიც საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია... და ამის ყველაზე საუკეთესო დასტური მატარებელზე კვლავ ჩამორჩენის პანიკური შიშით გამოწვეული ბაზრის ალიაქოთი - კულტურის სფეროს თითქმის ყველა რგოლში ადმინისტრაციული კრიზი, მისი მართვის სამარცხვინო უუნარობაა, რომლის მოწმენიც უკვე ერთი თვეა თითქმის ყოველდღიურად ვხდებით. სამინისტროში, თეატრალურ უნივერსტეტში, სამხატვრო აკადემიაში... ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სერიოზული რეფორმები სჭირდება კულტურის სფეროში, რომ საჭიროა ვისაუბროთ ამ რეფორმების კონცეფციებზე, და არა პერსონების პირადი ცხოვრების დეტალებზე.
ხოლო თუ ჩვენ იგივე უნაყოფო «ბაღის კულტივირება» უნდა გავაგრძელოთ, რომელსაც ასე უსარგებლოდ ვთოხნით უკვე ამდენი წელია, მაშინ შესასვლელთან გავაკრათ, ძველი, საბჭოთა წლებში გულიდან ამოხეთქილი გულუბრყვილო, წრფელი და უშიშარი, ცოტა დისიდენტური, ცოტა ანარქისტული "კონტრ-ლოზუნგი"...- «დიდება კონტრკულტურას!» და ბულდოზერები დავქოქოთ უნაყოფო ბაღის ამოსაძირკვად.
ნოემბერი 2012
პ.ქ.
ნოემბერი 2012
პ.ქ.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire