Une erreur est survenue dans ce gadget

9 juillet 2012


უტოპია - საპარლამენტო ანარქია

მომეცი შენი სიზმარი – უთხრა ხელმწიფემ.
სიზმარი როგორ მოგცეო? - მიუგო გაკვირვებულმა სიზმარამ.
                                                               ქართული ხალხური ზღაპარი


"უნივერსალური რესპუბლიკა" - ფრედერიკ სორიო. XVII 


ლაზიკა ახლი იერუსალიმია, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ორმოც წელიწადში აუცილებლად მიიყვანს ერთ წრეზე მოლასლასე ქანცგაწყვეტილ ერს. მხოლოდ სავარაუდოდ მანამდე, როგორც იტყვიან,  ან ვირები მოკვდებიან, ან მათი პატრონი. თუმცა «ვირების», განსაკუთრებით ჩემი ასაკის ვირების სიკვდილის შანსი ბევრად უფრო დიდია... ამიტომ «იერუსალიმი» ჩვენ თუ არა მწყემსსა და მისადმი ლოიალურად განწყობილ გარემოცვას   ნამდვილად გარანტირებული აქვთ... იქ კი, იერუსალიმში,  ამბობენ ისეთი გემრიელი ხურმა იცის, ვირებმაც კი იციან რა ხილიც არის და ძალიანაც უყვართო.

ჩემი აზრით, დაახლოვებით ესეთი უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და და მისი მწყემსის მიერ მოფიქრებული -  ქვეყნის «გრძელვადიანი» განვითარების "პროგრამა - ოცნების"  ის ერთად ერთი პუნქტი, რომელიც მას  ფუნდამეტალურად განასხვავებს "ქართული ოცნების" – პროგრამისაგან.

ყველაფერი დღესავით ნათელია: ოცნება ერთია, დიადი და ნათელი! მისი პრივატიზაციის მსურველი კი ბევრი. ამიტომ საქართველოში დღეს ფაქტიურად  უსისხლო სამოქალაქო ომი მიმდინარეობს «ტკბილი ოცნებების» ხელში ჩასაგდებად.

ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ორ დაპირისპირებულ ძირითად კანდიდატს ბუნებრივია თავისი უპირატესობები და სისუსტეები გააჩნია. ამასთან,  არც ერთი მათგანი არ არის დაზღვეული ფატალური შეცდომისგან, რომელმაც შესაძლოა შესაბამისად ფატალური ცვლილებების წინშე დააყენოს წინახაზზე მებრძოლი ორივე კოალიცია.

ტერმინი კოალიცია ამ შემთხვევაში, ანუ ორივე დაპირისპირებულ მხარესთან მიმართებაში არ არის წამოცდენა- ამ ტერმინს რატომღაც არ ანიჭებენ იმ მნიშვნელობას რომელიც მას გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ მისი ეტიმოლოგიური  არსი ყველას კარგად ესმის: კოალიცია პირველ რიგში არის სხვადასხვა პოლიტიკური მგრძნობელობის ადამიანების, პარტიების ან ქვეყნების დროებითი ალიანსი, ლიგა, ფრონტი, გაერთიანება... შექმნილი საერთო პოლიტიკური თუ სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხების მიზნით.
მაგალითისთვის 1793 და1815 წლებში ევროპაში შვიდი კოალიცია შეიქმნა ნაპოლეონ 1 -ის წინააღმდეგ, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ქვეყნებს რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიას, შვედეთს აერთიანებდა.
ან სულაც, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ – ალბათ გახსოვთ, სულ ეხლახანს თბილისში რუსი როკერი შევჩუკი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური  ჯონ ლენონივით მიიღეს... შეგახსენებთ, იგივე შევჩუკი რამდენიმე კვირით ადრე წითელ მოედანზე პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ ნეობოლშევიკი   ლიმონოვის, კომუნისტი  ზუგანოვის, აფერისტი ჟირინოვსკისა და ათასი ჯურის ნეოფაშისტების გვერდით იბრძოდა, ალბათ ძნელია ვინმეს ენა მოუბრუნდეს და შევჩუკი რომელიმე ამ ექსტრემალური იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულოს... (თუმცა შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით თუ ქართველი გამძვინვარებული რუსოფობების ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ქსენოფობიურ სტატუსებს გავითვალისწინებთ. )

ხოლო თუ მაინც ჩვენი საკუთარი ისტორიიდან არის საჭირო მაგალითის მოყვანა, ამისათვის საკმარისია სულ რაღაც რვა წლით გადავინაცვლოთ წარსულში და გავიხსენოთ, რომ ვარდების რევოლუცია, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჭრელი კოალიციის გამარჯვება. რომლის წევრები ნაციონალურმა მოძრაობამ, სხვადასხვა მეთოდებით ჩამოიცილა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – ჟვანია ძალიან საეჭვო გარემოებაში ფიზიკურად, ბურჯანაძე მორალურად, ხოლო დანარჩენები უბრალოდ ვულგარულად, ანუ ქუჩურად რომ ვთქვათ გადააგდო. ისევე, როგორც 1917 -ის ოქტომბერში ბილშევიკებმა ყველა დანარჩენი პარტიები, რომლებმაც ოქტომბრის ბურჟუაზიული რევოლუცია მოახდინეს.

კოალიცია, რომლის წყალობითაც სააკაშვილის გარემოცვამ ქართული დემოკრატიის იდეის პრივატიზირება შეძლო საბოლოოდ მაინც პარტიულ სტრუქტურად გარდაიქმნა, ხოლო «გადაგდებული» ლიდერების უიდეო ოპორტუნისტმა მხარდამჭერებმა და კუდამოძუებულმა თანამებრძოლებმა, ასევე წარმატებით გააგრძელეს გამარჯვებული ახალი ბატონის ყმობა.

საერთოდ, დიდი კოალიციები ქვეყნის შიგნით მაშინ იქმნება, როდესაც პოლიტიკური სცენა ბილიარდის ცუდად განლაგებულ პარტიას ემსგავსება. ესეთ დროს თამაშის გაგრძელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ რომელიმე მხარე ძლიერი დარტყმით თამაშს გაშლის... ვარდების რევოლუციის შემოქმედი კოალიცია, რომლის დიდი ნაწილი სწორედ დღევანდელი ქართული ოცნების წევრებისგან შედგებოდა, სწორედ ესეთი ბილიარდის ბურთი იყო, რომელმაც პოლიტიკურად გაჭედილი შევარდნაძის ხელისუფლება ქუჩიდან დაშალა და უნდა ითქვას «ქართული ბილიარდის» ეს დაუმთავრებელი და მოსაწყენი პარტია, ერთ ხანს ასე თუ ისე საინტერესოდ წარიმართა – საკმაოდ ბევრი ლამაზი ბურთი ჩავარდა ლუზებში, თუმცა ძალიან მალე კოალიციის «კიას» მხოლოდ ერთი კაცი დაეპატრონა, მისი უშნო ქნევითა და გინებით ყველა ჩამოიცილა და პარტია ბუნებრივია, ისევ გაიჭედა.

ბიძინა ივანიშვილის ინციატივით შექმნილი «ქართული ოცნება» პირველ რიგში ისეთივე კოალიციაა, როგორმაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, მისი ეხლახანს დაარსებული პარტია სახელწოდებით «ქართული ოცნება დემკრატიული საქართველო» არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ და განსხვავებულ გამანადგურებელ პოლიტიკურ ავტონომიურ ძალას კოალიციის სხვა წევრების გარეშე.

კოალიცია «ქართულ ოცნებას» ასევე შეუძლია გაჭედილი ბილიარდის ბურთების არევ დარევა, გაშლა, მათი პოზიციების გაპერსპექტიულება, ერთგვარი საპარლამენტო "ანარქიის" დამყარება, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ დღევანდელ «ბრეჟნევისეულ» საპარლამენტო ჭაობს სიცოცხლის ნიშნები დაეტყოს. ვარდების კოალიციის მთავარი შეცდომა სწორედ შევარდნაძისეული საპარლამენტო «ანარქიული სულის» ქუჩაში  გატანა იყო, რომლის პირველი მოსავალი საქართველომ 2007 წლის ნოემბერში მოიმკა.
შევარდნაძის ეპოქის პარლამენტის თამჯდომარე, შეგახსენებთ ოპოზიციაში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტთან. მაშინ "ჩხუბი" ძირითადად სწორედ პარლამენტში მიმდინარეობდა და არა ქუჩაში. რასაც სააკაშვილის ხელისუფლებამ წერტილი დაუსვა აბსოლუტურად კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანოსა და მუყაოს  თავმჯდომარის შექმნით, – აგრესიამ კი ქუჩაში გადაინაცვლა.

მაგრამ რა გარანტიაა, რომ პარტია «ქართული ოცნება დამოუკიდებელი საქართველო» რომელთანაც კოალიციის სახელი ასოცირდება ისეთივე უზურპატორი არ გახდება ხელისუფლებისა, როგორადაც  ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა?
ლოგიკით თუ მივუდგებით, ბევრი მიზეზიდან, მათ შორის ჩვენი ნაციონალური «ლიდერომანი» ბუნებიდან გამომდინარე «ქართულ ოცნების» ლიდერს არანაირი შანსი არა აქვს კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში ის  ერთიან პოლიტიკურ ბირთვად «დაააკონსერვოს» ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული დატოვოს, თუნდაც იმიტომ. რომ ესეთი კონკრეტული გამაერთიანებელი ორიგინალური იდეა მას არ გააჩნია, და არც შეიძლება გააჩნდეს, რადგან, ვიმეორებ, «ქართული ოცნება» პირველ რიგში ჯერ ჯერობით ძალიან კონკრეტული , ნაციონალური მოძრაობის მიერ უზურპირებული ხელისუფლების დაშლის მიზნით შემდგარი კოალიციაა და არა ის პოლიტიკური ერთიანი ძალა, რომელსაც უნარი შესწევს პარტნიორების გარეშე მარტო შეებრძოლოს დღევანდელ მმართველ პარტიას. თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ის იძულებული  გახდება ზრდასრული პარტიული დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. რაც დრევანდელ ჭრელ "ოცნების" კოალიციას აუცილებლად კასეტური ბომბივით ააფეთქებს და მის შემადგენელ პოლიტუკურ წარმონაქმნებს სწორედ კასეტური ბომბის ნასხლეტებივით მიმოფანტავს პარლამენტში. დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოება 2003 წელთან შედარებით სხვადასხვა მიზეზების გამო უფრო მომზადებულია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილივით ვერ გააცუროს ისინი და კოალიციის საკუთარ პარტიად გარდაქმნა მოახერხოს... მათ შორის  სააკაშვილის უდავო დამსახურებებისა და შეცდომების წყალობითაც.

ძნელი სავარაუდოა ისეთი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების პარტიები და დაჯგუფებები, როგორებიც მაგალითად რესპუბლიკელები და ნაციონალისტ ულტრამემარჯვენეთა ფართო სპექტრია ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მაკონტროლებელი ფრთის ქვეშ გაერთიანებულნი ვიხილოთ. თუმცა, წარმოუდგენელი არაფერია – როგორც ცნობილია ქართულ პოლიტიკაში მარადიული, ელემენტარული პრინციპებისა და ფასეულობების ისეთი დეფიციტია, რომ ფაშისტები და კომუნისტები, ლიბერტარიანელები და პროფკავშირები, მემარჯვენეები და მემარცხენეები, მგლები და ცხვრები ერთად ძოვენ, ხოლო როცა საძოვარი არაფერი აქვთ მოფარფატე პეპლებს დასდევენ რატომღაც ნაჯახებით, როდესაც პეპლებიც აღარ არიან ერთმანეთს... ამასობაში ახალი ბალახი ამოდის და ისევ ძოვას იწყებენ... რამდენადაც ამჟამად პეპლების დევნის ფაზაში ვიმყოფებით, მათი ეს უცნაური აგრესიულ - ინფანტილური ბუნება კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში სავარაუდოდ პოზიტიური შეიძლება აღმოჩნდეს , და ახალი ბალახის ამოსვლამდე,  ამჯერად უკვე ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული უმრავლესობის მიერ საქართველოს ხელისუფლების უზურპაციისგან გადარჩენის შანსად იქცეს. ეს შანსი თავისი მხრივ ერთად ერთი გონივრული გზაა საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარებისა. სხვა, არადემოკრატიული ალტერნატივა რომ არ არსებობს, ამაზე უკვე კარგა ხანია აღარავინ კამათობს.

გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქართული ოცნების «დიადი» პოლიტიკური «ბიგ ბანგით» გამოწვეული ქაოსი მალე მოწესრიგდება. ათასგვარ კომიკურ პოლიტიკურ მარგინალებს, მოუქნელ ჩოხოსან ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებს, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ლიდერი ისევე «გადააგდებს», როგორც სააკაშვილმა «გადააგდო» ისინი რვა წლის წინ. ესეთებს საერთოდ ყოველთვის «აგდებენ» ხოლმე.

საერთოდ, დიდი ალბათობით, «ქართული ოცნების» აფეთქების ყველაზე მთავარი ბენეფიტორი შესაძლოა ისევ თავად არჩევნებში "დამარცხებული" ანუ 5()% -ს ქვევით დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდეს: ალბათ ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ნაციონალებს პროცენტული შეფარდებით დღეს არსებული ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ვერ გაუწევს სერიოზულ კონკურენციას, და ის პარლამენტში ობიექტურად ერთ ერთი ყველაზე დიდ პოლიტიკური გაერთიანებად დარჩება. მხოლოდ არა 58-ე არმიასავით ხეპრე და მოროდიორი, აბსოლუტური უმრავლესობით - როგორც დღეს. ის დაკარგავს იმ ყოვლისშემძლეობის შეგრძნებას რომელიც დღეს ესეთი საძაგელი აროგანტულობის საშუალებას აძლევს – ნებისმიერი საკითხის განხილვისას ფრაქციების გაერთიანების შემთხვევაში უმცირესობაში მოხვედრის გამუდმებული შიში მას უფრო ელასტიურსა და კომპრომისულს გადის. იძულებული გახდება პოლიტიკური ვაჭრობის წესებს დაემორჩილოს -რადგან მისთვის ყველაზე უმნიშვნელო პოლიტიკური ფიგურის ხმასაც კი ფასი დაედება და საბჭოური ტიპის «მორჩილი უმრავლესობის» დიქტატს სავარაუდოდ ბოლო მოეღება ... დამყარდება წესრიგი, რომელიც თუ ანარქისტებს დავუჯერებთ, აუცილებლად მოსდევს ქაოსს- დამყარდება წესრიგი იერარქიის გარეშე !... ამით - ხორცშესხმული «უტოპია - საპარლამენტო ანარქია» დამთავრდება და ის ასპარეზს ნამდვილ საპარლამენტო ცხოვრებას დაუთმობს...

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ჯერ ჯერობით ,  მაინც უტოპიად გამოიყურება, თუმცა რეალურად განხორციელებად უტოპიად... ამიტომ მე პირადად  «ქართული ოცნების» აფეთქებით გამოწვეული საპარლამენტო ანარქია ბევრად უფრო მიმზიდველად მეჩვენება, ვიდრე ძალაუფლების უზერპაციაში გამობრძმედილი «ნაციონალური მოძრაობის» ბრეჟნევისეულ «უძრაობად» საბოლოოდ სტაბილიზაციის პერსპექტივა. ამასთან, საჭროა გამუდმებით გაკეთდეს აქცენტი იმაზე, რომ «ქართული ოცნების « შესაძლო გამარჯვების მიმზიდველობას სულაც არ გასაზღვრავს მასში შემავალი ძალებისა და პერსონალიების პოლიტიკური და კიდევ უფრო ნაკლებად პერსონალური მიმზიდველობა. უბრალოდ ბილიარდის პრინციპია ესეთი... სხვა არაფერი.

«საპარლამენტო ანარქიის» უტოპიურ პერსპექტივაზე ბევრი დეტალი მეტყველებს. პირველ რიგში მისი პოლიტიკური «კასეტური ბომბის» სახელწოდება - «ოცნება»! რომელიც დასავლური ცივი პოლიტიკური მარკეტოლოგიის თვალსაზრისით, აშკარად არა ადეკვატურად ჟღერს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტრადიციულად «რომანტიზმი» ქართული შიდა პოლიტიკური ბაზრის ისეთივე თანმდევი მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც პრაგმატიზმი დასავლურისა. შეგახსენებთ, ვარდისფერი ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი კარგა ხანს იდეალისტებად და მეოცნებებად ასაღებდენ თავს, სანამ 2007 წელას რეალური ხელჯოხებით არ დაულეწეს ცხირპირი და ოცნებები ათი ათასობით ასევე იდეალისტ მანიფესტანტს. ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური საიტი დღემდე გვამცნობს, რომ პარტიის მიზანი და მისია: «ყოველი ჩვენთაგანის ოცნების განხორციელება, ძლიერი საქართველოს მშენებლობაა».

თუმცა დასახელებაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც შინაარსი, უფრო სწორედ შინაარსის ნაკლებობაა:  «ქართულ ოცნებაში» გაერთიანებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს იშვიათი გამონაკლისის გარდა ძნელია პარტია უწოდო ამ სიტყვის ლექსიკონური გაგებით. ისინი ქართული პოლიტიკისათვის კლასიკად ქცეული ტრადიციის მიხედვით ათასგვარ მეტნაკლებად ცნობილ პიროვნებების კლუბებსა და პატარა მაფიოზურ კლანებს უფრო წააგავნან. საქართველოში ამომრჩეველი ძირითადად ხმას უფრო ისეთ პერსონალურ კრიტერიუმებს აძლევს, როგორიც არის კინოში ან სცენაზე ნათამაშები როლი, მოგებული სპორტული შეჯიბრება,  კარგი ოჯახიშვილობაც კი, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად არავინ იცის რას ნიშნავს ეს უკანასკნელი. 
 პარტიული, ან კიდევ «უარესი» იდეოლოგიური კუთვნილება ფორმალურადაც კი ძალიან ცოტას აინტერესებს.

ზუსტად იდენტური სისტემით არის აწყობილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურაც. ისინი არც ობიექტურად სერიოზული და საზოგადოების მიერ ასე თუ ისე " ნორმალური პოლიტიკოსის" რეპუტაციის მქონე წევრების და  არც ოდიოზური ფიგურების რაოდენობით არ განსხვავდებიან თავიანთი მოწინააღმდეგე კოალიციისგან .ეს არც არის გასაკვირი - ორივე მხარეს  "ბედკრული საქართველოს შვილები" დგანან,  ნაციონალები ასევე მონდომებით ნადირობენ მსახიობებზე და სპორტსმენებზე წინასაარჩევნოდ, და წარმოადგენენ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანების კოალიციას . ვის არ შეხვდებით აქ – ულტრალიბერალებს იგივე ლიბერტარიანელებს, ლიბერალებს, ცენტრისტ მემარჯვენებს, ნაციონალისტ ულტრამემარჯვენე ზვიადისტებს... და როგორც ბოლო დროს აღმოჩნდა მემარცხენეებსაც კი: ახალი პრემიერის, ივანე მერაბიშვილის პროგრამას სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა მემარცხენეს. 

მოჭიდავეებზე და მსახიობებზე ნადირობა წმინდა წყლის საბჭოთა ფენომენია – ნებისმიერი კომუნისტური პარტიის დეპუტათა ყრილობის ამსახველ არქივებს თუ გადაათვალიერებთ, უხვად აღმოაჩენთ საბჭოთა კინოს, თეატრის,ლიტერატურისა და სპორტის - წითელი დროშის ორდენით მკერდ დამშვენებულ დპუტატებს, რომლებიც ზუსტად ისეთივე ბუტაფორიულ როლს ასრულებდნენ კრემლის ყრილობათა  სვეტებიან უზარმაზარ დარბაზში, როგორც დღევანდელი გამოჩენილი ქართველი დეპუტატები და დეპუტატობის კანდიდატები.

სხვა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსახიობების და სპორტსმენების მსგავს კონცენტრაციას საკანონმდებლო ორგანოში – და არა იმიტომ, რომ ისინი სხვა პროფესიის ადამიანებზე ნაკლებად გონიერნი არიან. უბრალოდ პარლამენტი მართლაც სერიოზული და სპეციფიური საკითხების განსახილველი დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადგილია, და არ შეიძება იქ მოუმზადებელი ადამიანის შესვლა პირდაპირ ტატამიდან, საფეხბურთო მოედნიდან, ან სცენიდან, გარკვეული საბაზისო მომზადებისა და კომპეტენციის შეძენის გარეშე. თუმცა უნდა ითქვას, არც "ბიზნესიდან პოლიტიკაში" მოსულ საქმოსნების გააჩნიათ რაიმე უპირატესობა მოჭიდავეებთან, პოლიტიკურ მეცნიერებათა ცოდნაში...

ჩვენში, როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიტიკური - იდეოლოგიური გემოვნება ფაქტიურად ნულის ტოლია. ადამიანებს აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსები რომლებიც წლების განმავლობაში დაუნდობელ ულტრალიბერალურ ეკონომიურ და პოლიტიკურ თეორიებს ქადაგებენ, არჩევნების წინ გულანთებულ იდეალისტ ტროცკისტებად გადაიქცნენ... დაუჯერებელია მაგრამ ეს საქართველოში ეს არავის უკვირს რამდენიმე ახირებული ადამიანის გარდა. რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ პრინციპები პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის... მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ ვაღიარებთ, რომ პოლიტიკა ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირების ძრავაა, და არა «მონოპოლიასვით» რაღაც ელიტარული ჯგუფური თამაში... ესეთ შემთხვევაში, დეპუტატად ნებისმიერი პროფესიისა და "გაგების" ადამიანს შეუძლია იმუშაოს და პრინციპები ჰალსტუკებივით იცვალოს იმისდა მიხედვით, თუ რა ფერის კოსტუმს აირჩევს თავის ტანსაცმლით გამოტენილ დიდ გარდერობში.

კანდიდატებად ეგრეთწოდებული «ცნობადი სახეების» გაყვანა დაუფარავად მეტყველებს ქართული საპარლამენტო იდეის ფიქტიურობაზე – ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალებს, როგორც მმართველს, ისე ოპოზიციას მხოლოდ ინერტული, პულტზე ბრმად ხელის დამჭერი კონფორმისტები ჭირდება და არა დამოუკიდებლად მოაზროვნე პრინციპული პოლიტიკოსები, რომლებიც ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე არჩევანს შეგნებულად აკეთებენ და არავითარ შემთხვევაში ავტომატურად, როგორც დღევანდელ საბჭოურად მორჩილ პარლამენტში -  აბსოლუტურად ბრიყვული კანონების მიღებისას.
დეპუტატებით მანიპულირების ეს სამარცხვინო სისტემა როგორც ჩანს ყველა მხარეს აწყობს. ეს ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც საქართველოში რეალურ საპარლამენტო დემოკრატიულ მმართველობას უტოპიად წარმოაჩენს. ესეთი დეპუტატების წყალობით სავსებით დასაშვებია, რომ შემოდგომის არჩევნებამდე არსებულმა პარლამენტმა ხარაკირი გაიკეთოს და საერთოდ შეწყვტოს არსებობა როგორც უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ, ან ისეთივე საპარადო ფუნქცია დაიტოვოს, როგორც პრეზიდენტობის ინსტიტუციამ იტალიაში, გერმანიაში ან ისრაელში. ეს პროცედურა, შეიძლება ითქვას, უკვე დაიწყო კიდეც – ახალი პრემიერის უფლებამოსილების გაზრდით.

მცირე "სენტიმეტალური" გადახვევა : სულ რაღაც ერთი თვის წინ, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ჰოლნდის მიერ დანიშნულმ ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ახალგაზრდა ქალმა დელფინ ბატომ დანიშვნიდან რამდენიმე დღეში საჯაროდ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთნხმება პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება, და დაადასტურა რომ აგრძელებს ბრძოლას კანაბისის კომერციალიზაციისა და მოხმარების დეკრიმინალიზაციისათვის... ესეთი პრინციპული სახელმწიფო მოხელე საქართველოში ბოლოს მგონი თავად სააკაშვილი იყო ამ ათიოდე წლის წინ... ვერაფერს იტყვი, შევარდნაძის ხელისუფლება ამის საშუალებას იძლეოდა: ალბათ გახსოვთ ზურაბ ჟვანია, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეც კი ოპოზიციაში ედგა პრეზიდენტ შევარდნაძეს.


დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტი კი, ანუ წინასაარჩევნი პოლიტიკური პოლიგონი, რომლიც მართველმა ნაციონალურმა კოალიციამ შექმნა თავის პროტაგონისტი კოალიციის დასამარცხებლად სხვა არაფერია თუ არა სრული სახელმწიფო რესურსით გაკონტროლებული მართული «ანარქია», დიქტატურაში გადაზრდის მორცხვი მაგრამ რეალური პერსპექტივით.

წყლის ამღვრევა შიგ თევზის დაჭერის იმედით, არც თუ ორიგინალური მეთოდია ისეთი უიდეო ოპორტუნისტი პოლიტიკოსებისათვისაც კი, როგორებსაც საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით, და ეს როგორც წესი, ჯიუტი რეჟიმების დასასრულის მანიშნებელი პირველი სიგნალია. არც პატრიოტიზმის გაიძვერების მიერ უკანასკნელ თავშესაფრად, ან იდიოტების მიერ მის ერთად ერთ არგუმენტად გამოყენებაშია რაიმე ახალი, კიდევ უფრო ნაკლებად რუსეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებაში – ბოლო ოცი წლის მანძილზე სხვადასხვა დროს ჩვენ ყველას, თვით ყველაზე რადიკალურ რუსოფობ ჰიპერპატრიოტებსაც კი მოგვიწია მეტნაკლები დოზით ნასროლი მოღალატის ტალახის ჩამორეცხვა, თავად ნაციონალების ჩათვლით... და მივეჩვიეთ . საერთოდ, რუსეთი რომ არ ყოფილიყო, ქართველებს თვითონ უნდა მოგვეგონებინათ ის.

თუმცა, რა თქმა უნდა, მოქმედ რეჟიმს თავისი რამდენიმე ორიგინალური გამოგონებაც აქვს, რომელიც მას ღირსეულ ადგილს მიუჩენს პოლიტიკურ მეცნიერებებში შეტანილი ინოვაციური გაიძვერობების ენციკლოპედიაში (რომელიც სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არ არსებობს). ეს განსაკუთრებით ეხება დასავლელი დონორების მანიპულირების მეთოდებს ანუ იმ ლიმიტის დადგენას და მის ნაწიბურზე ჯამბაზის ოსტატობით წონასწორობის შენარჩუნებით ოინბაზობას, რომლის იქით მანიპულაციის უფლებას არ მოგცემენ, პრინციპში ეს ბავშვის მიერ მშობლის მანიპულირების ზუსტი ანალოგია, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თეორეტიკოსებმა დიდ პოლიტიკაში დანერგეს.მხოლოდ ეს მეთოდი, როგორც საერთოდ სამყარო, სრულყოფილი რა თქმა უნდა არ არის..

ბავშვს ადრე თუ გვიან მოთმინება მაინც ღალატობს, მაინც გადადის იმ ზღვარს, რომლის იქითაც უფროსები მანიპულირების საშუალებას აღარ აძლევენ და სჯიან.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სულ ეხლახანს გადააბიჯა ამ ზღვარს და სხვისი ფერადი კუბებით დაიწყო თამაში. გადაწეული საზღვრის დისიმულაციისათვის ვანო მერაბიშვილი ნათლიმამად დანიშნა, ხოლო მის ძველ პოსტზე საყოველთაოდ აღიარებული ქართველი  ლუკა ბრაზი – ბაჩო ახალაია დატოვა... თითქოს იმ ბინძური და სველი საქმეების საკეთებლად რომელსაც უნდა მოველოდეთ უახლოვეს თვეებში...  თუ ჭკუით არ ვიქნებით... მხოლოდ ერთ რამ არ გაითვალისწინა- უფროსები ყოველთვის მართლები არიან. და როგორც წესი, მსგავსი ოჯახური ინციდენტები, ბოლოს სათამაშო ნათლიმამის, ლუკა ბრაზისა და მათი ლეიტენანტ-ჯარისკაცების უჯრაში ჩაკეტვითა და ზღვარს გადასული პატარას დასჯით, მისი ცრემლებით მთავრდება ხოლმე.

პქ
9 Juillet 2012
Paris

Aucun commentaire: