პაატა ქურდაძის რადიო წრილები
რადიო "ცხელი შოკოლადი"
პროლოგი 26 მარტი 2012
მერე
ვინმემ რომ არ თქვას, ეს ქურდაძე
რა უფლებით ლაპარაკობს
ემიგრანტების, ან კიდევ უარესი,
სათვისტომოს სახელითო..
თავიდანვე ოფიციალურად,
რადიოთი ვაცხადებ: არავის
სახელით არ ვაპირებ პარიზიდან
ამ სამწუთიანი აუდიო ბლოგების
კეთებას,რომელიც ასე თავაზიანად
შემომთავაზა «ცხელი შოკოლადის»
რედაქციამ!
პირველ
რიგში იმიტომ არ ვაპირებ, რომ
სხვისი კი არა, საკუთარი თავის
სახელითაც კი, საჯაროდ ლაპარაკი
იმხელა პასუხისმგებლობად
მიმაჩნია, რომ მთელი ცხოვრება
წერის დაწყების წინ ცივი ოფლი
მასხავს ხოლმე.
სად
შემიძლია ძველმანებით, ათასი
ნაყარნუყარით გამოტენილ ამ
ჩემს სხვენივით ბნელ და მტვრიან
თავში კიდევ ქართველ ემიგრანტთა
დიასპორები, სათვისტომოები,
საელჩოები, კულტურული გაცვლა
გამოცვლები, ლეგალური და
არალეგალური ემიგრანტები
ჩავატიო... კი არ მენანება,
სიამოვნებით... მართლა რამე
დიდს და მნიშვნელოვანს კი არ
ვინახავ იქ!.. მაგრამ ნახევარი
საუკუნის მანძილზე, ნელ ნელა
ისე გამოიტენა ათასი წვრილმანით,
რომ მთელი სათვისტომოს კი
არა, ნემსის ჩასაგდები ადგილი
აღარ დარჩა, ის კი არა ხანდახან
ვფიქრობ: მე თვითონაც ხომ არ
დავახვიო აქედან.
დალაგება,
ანუ დახარისხება, ადგილის
გამოსანთავისუფლებლად ზედმეტი
რაღაცეების ნაგავში გადაყრა
კი არაფრით არ გამომდის –
იმდენი დრო ჭირდება, რომ სანამ
მოვრჩები ალბათ წასვლის დროც
მომივა, პატარ პატარა სიცარიელეების
შევსებას ვეღარ მოვასწრებ,
იმ ქვეყანაზე კი ცარიელი
«ჩემოდანით» წასვლა არაფრით
არ მინდა. როგორ შევხედო
თვალებში პატივცემულ
საზოგადოებას, რომელთან
შეხვედრის დიდი იმედი მაქვს
–იქ მაინც... ისევ ეს არეულობა
მირჩევნია. არეულობაში რაღაც
სასაცილოს და საინტერესოს
ყოველთვის წააწყდები, სულს
შეუბერავ, სახელოთი ცოტა
მტვერს გადაწმენდ...და მოულოდნელად
ისეთ გამოსადეგი რაღაცას
შეიძლება შეგრჩეს ხელში, რომ
გაგიკვირდება.
კიდევ
რამდენიმე მიზეზი მაქვს, რის
გამოც არაფრით არ შემიძლია
წარმოვადგენდე საფრანგეთის
ქართულ დიასპორას.
ჯერ
ერთი მას უკვე წარმოადგენს
გორგასლის თუ ბრწყინვალების
ორდენოსანი ბატონი ოთარ
ზურაბიშვილი, მეორეც, ვერაფრით
გავარკვიე საერთოდ რა არის
ეს სათვისტომო, სად არის
განთავსებული, ვინ არიან მისი
წევრები, პირველი ემიგრაციის
შთამომავლების კლუბია, ზოგადად
ემიგრანტების რაიმე რეალური
ასოციაცია, თუ რაღაც ეროვნული
მორალური ფასეულობა? თუმცა
უნდა აღვნიშნო, ბატონი ოთარი
დროდადრო, ასე წელიწადში
ერთხელ რაღაც პეტიციებს
მიგზავნის ხოლმე ხელის
მოსაწერად. როგორც მაგალითად
გუშინ, სათაურით:
«ევროპა
კიდევ უფრო შორსაა! GEORGIAN AIRWAYS- მა
შეაჩერა პირდაპირი რეისი
პარიზი» ! - და
ეს ფაქტი როგორც პეტიცია
გვეუბნება, : «პირდაპირი
დარტყმაა საქართველოს ევროპული
მისწრაფებისათვის. ეს ახალი
ხელისშემშლელი ფაქტორი იმათ
პოლიტიკურ ინტერესებს
ემსახურება, ვისაც სურს
საქართველოს საერთაშორისო
გავლენა შეიზღუდოს და რაც
შეიძლება მეტად იკლოს ევროპის
შუაგულში მისი „პროექციის“
ძალამ».
პეტიცია
დელიკატურად არ აკონკრეტებს
საქართველოს საერთაშორისო
გავლენის შესუსტების მოსურნე
ავი ძალის სახელს, არც არის
საჭირო, ეს ყველასთვის ისედაც
დღესავით ნათელია. ავია–რეისთან
დაკავშირებით კი, მე რომ
მკითხოთ, ძალიანაც კარგი თუ
შეაჩერეს, თორემ ჩვენი კუკუშკა
თვითმფრინავი ერთხელაც რაღაც
უბედურებას დაატრიალებდა
ჩვენს თავს.
ასეა
თუ ისე, როგორც ვთქვი არაფრით
არ შემიძლია ამ ენიგმატურ
სათვისტომოს წარმოვადგენდე.
არც ზოგადად , ქართველ ემიგრანტებს,
კიდევ უფრო ნაკლებად საფრანგეთში
საქართველოს ოფიციალური ...
ასე ვთქვათ მოხალისე დიპლომატიურ
კულტურული რეზერვის ხმას...
ამ უკანასკნელს განსაკუთრებული
დამსახურება სჭირდება, ისევე
როგორც ლაპარაკს სახელითა მამისა, ძისა და სულისა
წმინდისა...
და
მაინც თუ ვინმეს სურს, რომ
აუცილებლად რომელიღაც
საზოგადოების სახელით გამოვიდე,
შემიძლია, მაგალითად პარიზელი
ველოსიპედისტების სახელით
ვილაპარაკო.
ძალიან
კარგი ხალხია ეს ველოსიპედისტები.
განსაკუთრებით გოგოები... არ
ვიცი საქართველოში ვის და
როგორ, მაგრამ პარიზში ნამდვილად
ველოსიპედისტ გოგოებს მოჰყავთ
გაზაფხული. მხოლოდ საიდან არ
ვიცი.ვერაფრით ვერ გავიგე.
სულ ვეკითხები მაგრამ არ
მეუბნებიან, მხოლოდ იცინიან
მომხიბვლელად... ყოველ წელს
ესეა, მარტის ერთ დილას გამოხვალ
ქუჩაში მთელი ზამთრის ნამძინარევი,
მობუზული, დაღვრემილი, და ჯერ
ერთს დაინახავ, ძველ, ვინტეიჯ
ველოსიპედზე, წინ კალათით,
კალათში ბაგეტით, მოფრიალე
წინწკლებიანი კაბით და
გულამოღებული თხელი ჟაკეტით...
მერე მეორეს, მესამეს...როგორც
ძველ კინოში... უცებ ნიავად
გადაიქცევი და აეკიდები, ხან
ერთს, ხან მეორეს... აი ამ გოგოების
და ნიავის სახელით რომ
დაგელაპარაკოთ ხანდახან ?...
რას იტყვით?
პარიზი
26
მარტი 2012
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire