Une erreur est survenue dans ce gadget

16 novembre 2011

ცურვა ბარიერებით


ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას 
(მოთხრობა წიგნიდან "ექსპერიმენტული განცდები")












სისხლიანი ოცდათვრამეტი წლის მარტში, როდესაც იტალიური ავიაცია გულმოდგინედ და ინტენსიურად ბომბავდა ბარსელონას, ესპანელი ნაციონალისტების, იტალიელი ფა შისტებისა და გერმანელი ნაცისტების მეგობრობას თითქოს თავის მოყავისფრო მომავალში უღრუბლო ცა, და ებრაელებისა და კომუნისტებისაგან გაწმენდილი მიწა ელოდა

 
მათ, გერმანელმა ნაცისტებმა და იტალიელმა ფაშისტებმა, ფრანკოს პატიოსნად გაუწოდესდახმარების ხელი. კაუდილიომ კი ისინი, ვულგარულად რომ ვთქვათ, გადააგდო: მიცემული პირობის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომში არ ჩაერთო. რის წყალობითაც მოგვიანებით მოკავშირეთა რისხვას გადაურჩა და მილანის ცენტრში ფეხებით დაკიდებული დუჩესგან განსხვავებით არხეინად `იდიქტატორა~ სიკვდილამდე.

ამ ამბავმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემი კარის მეზობლის, ბატონი პიეტრას ცხოვრებაზე, რომელიც მაშინ, იმ სისხლიან წლებში სულ რაღაც 11 წლისა დედასთან ერთად ბარსელონას სამხრეთით პატარა სოფელ იესო და მარიაში (Jesús y María) ცხოვრობდა. მამა ანარქისტი იგნას
პიეტრა ნაციონალისტებს ებრძოდა. როდესაც რესპუბლიკელები სოფლიდან გაიქცნენ, ამ დღიდან, როგორც თავად განაცხადა, ტერორისტი გახდა, რადგან სიტყვა პარტიზანს ვერ იტანდა. 38 წლის შემოდგომაზე იგნას პიეტრა დახვრიტეს. ყველაზე საწყენი ის იყო, რომ დახვრიტეს როგორც კომუნისტი, რომლებსაც დროდადრო, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, თავად ხვრეტდა ხოლმე, ისევე როგორც ნაციონალისტებს,იტალიელი ფაშისტები სულ ერთხელ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე ჩაუვარდნენ ხელში, და რა თქმა უნდა ისინიც ადგილზე დახვრიტა მათივე გერმანული პარაბელუმით.

იმ დღესაც, როგორც ყოველთვის თავის უახლოეს მეგობართან, ფრანგ ანარქისტთან შარლთან ერთად იყო.

მამის სიკვდილის შემდეგ, შეშინებულმა დედამ პატარა პიეტრა ლტოლვილებს საფრანგეთში გააყოლა იმ იმედით, რომ ბავშვი მაინც გადაურჩებოდა ამ საშინელი ომის ქარიშხალს,
რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანდა.

დედამ ბიჭუნას 13 კგ ხმელი მუხუდოთი სავსე ტომარა მოკიდა ზურგზე. ეს მას საგზლად და საფრანგეთში პირველ ხანებში საკვებად უნდა ყოფნოდა. ტომარაში ასევე პატარა ქვაბი და ერთი ცალი მალაქიტის კოვზი იდო. აგრეთვე სვასტიკიანი გასაშლელი დანა. ეს ფრანგმა შარლმა გადასცა,
მამის საბუთებთან ერთად მისი სიკვდილის შემდეგ. სწორედ მაშინ ურჩია დედას ბიჭი საფრანგეთში გაეპარებინა. შარლმა ასევე გადასცა 10 ყუთი, რომელსაც ლათინურად პერვიტინი“
ეწერა. აუხსნა, რომ მან და იგნას პიეტრამ დახვრეტილ გერმანელებს ამოაცალეს ჯიბეებიდან და გაინაწილეს. იგნასმა როგორც ჩანს ორი აბი მაშინვე მიიღო და ნახევარი საათის შემდეგ უცნაურად თვალებანთებული ნაციონალისტების შტაბის ასაფეთქებლად წავიდა. სწორედ მაშინ დაიჭირეს და
დახვრიტეს სოფლის მოედანზე, მთელი "იესოს და მარიას" თვალწინ როგორც მოღალატე კომუნისტი.

მოგვიანებით შარლი რუს ინტერნაციონალისტ-მოხალისეებთან ერთად ებრძოდა ფრანკოს, მერე მობეზრდა, ესპანელი ნაციონალისტი გახდა და არც თუ ცუდი კარიერა გაიკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჩვეულებრივი ოვერნელი ტეტია იყო და წესიერად კითხვაც არ იცოდა. როცა ორმოცდაოთხში ფრანკისტებმა ეჭვით დაუწყეს ყურება და უცნაური არასასიამოვნო კითხვების დასმა, შარლი პატარა პიეტრას გზას გაუყვა და მალე განთავისუფლებული საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში ამოჰყო თავი. უსაქმოდ არც იქ დარჩენილა. კომუნისტები მის წარსულს
დიდად არ ჩაძიებიან: თვითონაც სულ ახლახანს გამოძვრნენ საეჭვო სოროებიდან და ისე ჩაუდგნენ სათავეში ფრანგული წინააღმდეგობის გამარჯვებულ დემონსტრატებს თავიანთი წითელი დროშით, თითქოს საფრანგეთი ეიზენჰაუერსა და ჩერჩილს კი არა, მართლა მათ გაენთავისუფლებინოთ.
საერთოდ კომუნისტებს ყოველთვის კარგად ეხერხებოდათ სხვისი ნაოფლარის მითვისება.

შარლი ფრანგ წითლებთან ერთად კოლაბორაციონისტებს ასამართლებდა. ასეთი პროფესიონალი ფიზიონომისტი მაშინ სანთლით საძებნელი იყო. დიდი გამოცდილება ჰქონდა, ხან ვის მხარეს იბრძოდა ხან ვის მხარეს. ყველას ერთი შეხედვით ცნობდა. ვინ აღარ ჰყავდა დახვრეტილი _
ნაციონალისტები, ფაშისტები, ჰომოსექსუალები, რესპუბლიკელები, ბოშები, მეძავები, კომუნისტები, ანარქისტები, ებრაელები, ნაცისტები, ერთხელ უკრაინელი მღვდელიც კი
დახვრიტა, დიდი წვერის გამო ებრაელი რაბინი ეგონა. ვერაფერს გამოაპარებდი _ კარიერა სენტ ოვერიატის სახალხო ტრიბუნალის წევრად დაამთავრა, სადაც ერთხელ პროცესის
დროს ტვინში სისხლი ჩაექცა და ლაპარაკისა და მოძრაობის უნარი სამოცდათხუთმეტი პროცენტით დაკარგა.

ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდა, ოცდათვრამეტი წლის ნოემბერში კი პატარა პიეტრა შარლის მიცემული პერვიტინის ყუთებით ჯიბეებდატენილი, ნახევარი ტომარა ხმელი მუხუდოთი
ზურგზე კატალონიის ხრიოკი მთებით საფრანგეთი საკენ მიეშურებოდა. თან კარგად ახსოვდა დედის დარიგება, არავითარ შემთხვევაში არ გაეყო თავისი ულუფა ათასი დამშეული მუქთახორისათვის, გზაზე რომ გადაეყრებოდნენ.

პიეტრამ ასე ჯერ პერპინიანამდე, მერე კი პარიზამდეც ჩამოაღწია. დარჩენილი ორასიოდე გრამი მუხუდო დღემდე ყრია წაბლის მურაბის ცარიელ ქილაში და ის ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე დევს ოჯახურ დიდი ბუფეტის ვიტრინაში.

პიეტრა პიგალზე " სინემა შარმში" კინომექანიკოსის ასისტენტად მოეწყო.
ერთ ციცქნა დარბაზში განუწყვეტლივ ტრიალებდა შავ-თეთრი პორნოგრაფიული ლენტები.
დარბაზში ნახევრად შიშველი მეძავები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე `კინოსმოყვარულნი. სწორედ მაშინ გაიფურჩქნა პიეტრას ბიზნესი. ერთხელ ერთ იმპოტენტ თუ ზედმეტად
აღგზნებულ ტიპს ნახევარი აბი პერვიტინი მიყიდა ორ ფრანკად. კლიენტი ფრიად კმაყოფილი დარჩა, დილამდე სამი გოგო გამოიცვალა. მემკვიდრეობით მიღებული ათი
კოლოფი პერვიტინი პიეტრას ერთი წელი ეყო. მერე კი ოკუპაციამაც სულზე მოუსწრო. სინემა "შარმი“ გაიფურჩქნა.

პატრონმა, 60 წლის კორსიკელმა კინომექანიკოსმა მეორე დარბაზი შეიძინა, მერე პატარა სალონიც მოაწყო, რომელიც სარკეებით, მუქი ლურჯი და შინდისფერი ფარჩითა და
ხავერდით გააწყო. გახსნა რამდენიმე პატარა (როგორც თავად უწოდებდა) ჰიგიენის ინდივიდუალური  კაბინაც. პიეტრა კაბინებში პერვიტინითა და პრეზერვატივებით ვაჭრობდა. აგრეთვე რაღაც ყავისფერი ვანილის სუნიანი საცხით რომელიც თითქოსდა პენისის გაზრდას უწყობდა ხელს. მის მთავარ ბიზნესად მაინც პერვიტინი დარჩა. რომლის შოვნაზე ადვილი კი პიგალზე არაფერი იყო. გერმანელები ხშირად ერთ ბოთლ აძმარებულ წითელ ღვინოში ორ ყუთსაც კი ცვლიდნენ.

1946 წელს პიეტრა იქვე მონმარტთან ახლოს ერთ მიტოვებულ სტამბის შენობაში დასახლდა. ცოლი შეირთო და სამუშაოდ იქვე კლიშეს მოედანზე რესპექტაბელურ დიდ
პატე სინემაში გადავიდა სამუშაოდ. პერვიტინით ვაჭრობას თავი დაანება.

ერთ დღეს კინოდან გამოსულს შარლი შეხვდა, მამამისის მეგობარი. რომელმაც რამდენიმე წლის წინ  პიეტრას მამამისის დანატოვარი მემკვიდრეობა – ათი ყუთი პერვიტინი გადასცა და ამით ფაქტობრივად მთელი ოკუპაციის პერიოდში არხეინი ცხოვრების საშუალება მისცა.

თავად შარლიც არ გამოიყურებოდა ურიგოდ.  პარიზთან ახლოს, დრანსიში მუშაობდა ყოფილ ებრაელთა სატრანზიტო ბანაკში. ისინი აქედან პოლონეთის ბანაკებში გადაჰყავდათ ოკუპაციის დროს. ახლა რუსები ჰყავდათ გამომწყვდეული. როგორც შარლმა აუხსნა, ამ ახალ "ებრაელებს"   დე გოლის ხელისუფლება სტალინს პოლონეთის გერმანული ბანაკებიდან გულაგში გატაცებულ ფრანგებში უცვლიდა. ნამდვილი ბანდიტი იყო ეს სტალინი. მოფიქრება ხომ უნდოდა, ფრანგები, ბრიტანელები,
ამერიკელები პოლონეთიდან ციმბირში გაიტაცო, იმისათვის რომ მერე თეთრ ემიგრანტებში გაცვალო.

შარლმა პიეტრას თითო რუსში 100 ფრანკი შესთავაზა. მხოლოდ ყველა არ წავა, ჯობია ომის დროს გამოქცეული იყოს, ასე-თები უკეთ იცვლებიან. ძველი ოფიცრებიც წავა, მხოლოდ ვიღაც ქურდბაცაცები არ გვაინტერესებსო.

პიეტრამ ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაერტყა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლის უმცროსი ნახევარძმა ოტო სწორედ ციმბირის ბანაკებში იყო დაკარგული. ოტო მამასთან ბერლინში ცხოვრობდა. ვერმახტში სწორედ ომის დასასრულს მოხვდა, როცა სასოწარკვეთილმა ფიურერმა არასრულწლოვანებიც გაიწვია ბერლინის დასაცავად, ოტო იმ ცნობილ კადრშიც კი ჩანს. სადაც პალტოზე საყელოაწეული ფიურერი ჰიტლერ იუნგედებს სევდიანად უთათუნებს ლოყაზე ხელს. მართალია უკანა პლანზე და ისიც სულ ერთი წამით, მაგრამ მაინც. პიეტრას ცოლი ბერლინის კედლის დანგრევამდე, ამ კადრების ნახვისას ყოველთვის
ჩუმად ტიროდა.

ოტო 1945 წლის 10 მაისს სარდაფიდან ამოათრიეს რუსებმა და ციმბირში უკრეს თავი. რატომღაც სტალინის სიკვდილიდან ერთი კვირის თავზე კი გერმანიაში, სახლში დააბრუნეს. მისი სახლი აღმოსავლეთ ბერლინში მოხვდა.
არავინ იცის რატომ გამოუშვეს. მაინცადამაინც ოტო. სხვები კიდევ კარგა ხანს აყურყუტეს ბანაკებში რუსებმა. ბევრი საერთოდ უგზოუკვლოდ დაიკარგა. უნდა ითქვას, რომ დასავლეთ ბერლინში გადასვლა და დარჩენა არც უფიქრია, სანამ ეს კიდევ შესაძლებელი იყო. 1960-ში კი კედელი ააშენეს. ამ დროს ოტოს უკვე ცოლი და გერი ჰყავდა, თხუთმეტი წლის პიტერი, რომელსაც დედამ ამერიკელი მამის საპატივსაცემოდ მეორე სახელიც დაარქვა: ჯონი, ან მოკლედ – ჯო.

პიტერ-ჯო ზუსტად 1945 წლის 8 აპრილს, კაპიტულაციის დღეს ჩაისახა ამერიკელი ჯარისკაცისგან ვერმახტის მიტოვებულ მერსედეს ბენცის უკანა სავარძელზე. ჯარისკაცი პრინციპში ინგლისელი იყო, მხოლოდ გერტრუდა მას რატომღაც ყოველთვის ამერიკელად მოიხსენიებდა. ეტყობა რაღაც განსაკუთრებულ მამაკაცურ ენერგიას თუ ძალას გრძნობდა ამ სიტყვაში, რომელიც ასე აკლდათ ომის შემდეგ საბრალო ქალებს. გარდა ამისა ძალა თავისმართლებაა.
პიტერ-ჯოც ბავშვობიდან ამერიკელ მამაზე ოცნებობდა. მან კარგად ისწავლა ინგლისური ენა. ყოველ ღამე ოცნებობდა იმ დღეზე, როცა სადღაც, არიზონას კანიონებში ინდიელებზე მონადირე ჭრელ მუსტანგზე ამხედრებულ ვინჩესტერითა
და თეთრი კოლტებით შეიარაღებულ მამას გადაეყრებოდა. მოგვიანებით, როდესაც კედელი ააშენეს, მიხვდა, რომ არიზონა იმაზე უფრო შორს არის ვიდრე ამის წარმოდგენა
შეეძლო. თუმცა მამა მაინც გამოჩნდა. ის ლივერპულელი ლოთი დოკერი აღმოჩნდა. ჯონ ლენონსაც კი არ იცნობდა. მეტიც, გაგონილიც კი არ ჰქონდა ვინ იყო, სანამ პიტერ-ჯომ არ მიწერა და დისკი არ თხოვა, რომელიც არასოდეს მიუღია.
პიტერ-ჯო მალე ჯარში გაიწვიეს. სწორედ იქ გასინჯა პირველად პერვიტინი. აგრეთვე გაიცნო ჟორა სახანევიჩი, რუსი ჯარისკაცი, ვისთან ერთადაც ხშირად უწევდა საგუშაგოზე მორიგეობა.

რუსს სამედიცინო სპირტი ერჩივნა პერვიტინს,  მორიგეობის ცივი ღამეების გადატანაში ეხმარებოდა. თან ყოველი ყლუპის შემდეგ სულ უფრო და უფრო გულგახსნილი ხდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობა აკრძალული
ჰქონდათ, მშვენივრად ახერხებდნენ საუბარს ინგლისურად. ჟორამ კარგად იცოდა ინგლისური. საერთოდ განათლებული ბიჭი იყო, როგორც თვითონ ამბობდა, ნამდვილი მოსკოველი ინტელიგენტი ოჯახიდან.

ჟორას და პიტერ-ჯოს შანსი რომ მიცემოდათ, მაშინვე უკანმოუხედავად მოუსვამდნენ დასავლეთში, მაგრამ სამწუხაროდ ისინი მხოლოდ რაღაც სამხედრო ადმინისტრაციულ შენობას დარაჯობდნენ, 100 კმ-ში სახელმწიფო საზღვრიდან.

ჟორა სახანევიჩი ექვსი თვის შემდეგ უკან სსრკში დააბრუნეს. პიტერ-ჯომ წასვლის წინ ერთი კოლოფი პერვიტინი აჩუქა რუს მეგობარს. თვითონ კი სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს და კიდევ ერთი წელი დარაჯობდა ტანკებს, თითქოს მათ ვინმე მოიპარავდა.

სხვადასხვა მორალური თუ პოლიტიკური კრიტერიუმებით გამოძერწილი ამდენი გმირი და კრიმინალი, რამდენიც გასულ საუკუნეში, კაცობრიობის ისტორიას არასოდეს ჰყოლია. განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში, როდესაც ცივილიზებულმა ევროპამ სულ რაღაც 50 წელიწადში ორი დიდი ომი მოახვია თავს მსოფლიოს. რომელთა წყალობით ცხადია ათვლის წერტილისა და იმის მიხედვით თუ ვინ რომელ მხარეს იბრძოდა. 1961 წელს მსოფლიო გმირებისა
და კრიმინალების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა, გააჩნია რომელი კუთხით შეხედავდით ადამიანებს: ნაცისტები, წითელარმიელები, იაპონელი კამიკაძეები, ამერიკელი ჯიაისტები. ყოველი მათგანის ხსენებაზე დედამიწის რომელიღაც წერტილში ვიღაცას სიამაყით ევსებოდა გული, ვიღაცას კი _ სიძულვილით. და აი, ამ `უხერხული~ გმირებითა და კრიმინალებით გადაჭედილ მსოფლიოს თავისი არსებობის მანძილზე პირველად და უკანასკნელად, ერთი საერთო, საყოველთაო გმირი გამოუჩნდა _ იური გაგარინი! რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, კოსმოსში გაფრინდა.

პიტერ-ჯოს გაგარინი არ უყვარდა. პრინციპში, მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. მხოლოდ ერთი რამ აღიზიანებდა: რატომღაც ყველა ამბობდა, რომ გაგარინი მთვარეზე გაფრინდა. სინამდვილეში კი მან მხოლოდ რამდენიმე წრე
დაარტყა დედამიწას კარუსელივით და ისევ უკან დაბრუნდა.

პიტერ-ჯოს გმირად გახდომის სურვილი ტანჯავდა. თვლიდა, რომ გაგარინს მხოლოდ გაუმართლა. უფრო მეტიც, მას მთელი მსოფლიო ეხმარებოდა იმაში რომ გმირი გამხდარიყო. და ეს არც თუ ისე პატიოსნად ეჩვენებოდა.
სერიოზულად ფიქრობდა, რომ ბერლინის ამ მახინჯ აგურის კედელზე გადაფრენა~ ბევრად უფრო ძნელი და საგმირო საქმე იყო. ასე ვთქვათ, გმირობის ჭია მასაც ღრღნიდა. არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური მოტივაცია არ
გააჩნდა დასავლეთში გადასვლისათვის. აქაც მშვენივრად გრძნობდა თავს. ეს ყველაფერი გაგარინის გამო აიტეხა.

როდესაც 1968 წლის მარტის ბოლოს პირველი კოსმონავტი რაღაც ვულგარულ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. პიტერ-ჯომ ორი წლით ხელი აიღო თავის ოცნებაზე. მაგრამ მერე მიხვდა, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გაგარინი ცოცხალი იქნებოდა თუ მკვდარი. რადგან სავარაუდოდ პირველი კოსმონავტი ცოცხალიც რომ ყოფილიყო. მის შესახებ მაინც ვერაფერს შეიტყობდა, მით უმეტეს ვერ მიხვდებოდა, თუ რა იყო პიტერ-ჯოს წამოწყების მამოძრავებელი იდეა.

დაახლოებით შვიდი წელი ფსიქოლოგიურად ემზადებოდა. ბოლო ორი წელი კი ფიზიკურად. კედელზე გადაძრომა ბანალურად მოეჩვენა. გადაწყვიტა ბალტიის ცივი ზღვით გაეცურა `გმირობისკენ~, 1972 წელს განახორციელა კიდეც _ დიდი და ცივი გადაცურვა.

ეს მოხდა 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს. როგორც საერთოდ, გმირებს ჩვევიათ, პიტერ-ჯოსათვის სიმბოლოებს მნიშვნელობა ჰქონდა. თან მხოლოდ პოლიეთილენში ჰერმეტულად შეფუთული საბუთები და რამდენიმე აბი პერვიტინი წაიღო. ყველაფერი კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული და თასმით წელზე მიბმული _ ცურვისას ხელი რომ არ შეეშალა. ჯერ რვა კილომეტრი გაცურა ზღვის სიღრმეში, რადგან ამ მანძილზე მესაზღვრეები ვეღარაფერს ხედავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პროჟექტორების სინათლე უფრო შორსაც აღწევს. პერვიტინი
პირველად რვა საათის ცურვის შემდეგ მიიღო. საოცარი გრძნობა დაეუფლა. ასე ძლიერად ამ პრეპარატს მასზე არასოდეს
უმოქმედია. ზღვა თითქოს ოქროსფერი გახდა წითელი ზოლებით. თანაც გაცილებით უფრო სველი და სრიალა. ერთი პირობა საკუთარ თავს გაეხუმრა. იფიქრა იქნებ პირდაპირ ამერიკაში
გავცუროო, მაგრამ მარცხნივ, დასავლეთისაკენ გაცურა. და შვიდი საათის შემდეგ, პიტერ-ჯომ მშვიდობიანად მიაღწია დასავლეთ გერანიის ნაპირს.
  დღეს პიტერ-ჯო ისევ აღმოსავლეთ ბერლინში ცხოვრობს და სავარძელს მიჯაჭვულ მამინაცვალს, ოტოს უვლის, რომელსაც აღარაფერი ახსოვს ამქვეყნად რამდენიმე რუსული ფრაზის გარდა: „ტი ჩეგო, ბლიად“, „პიზდეც“ და ასეთი რაღაცები. ერთხელ ვიღაცები მოვიდნენ. მის საბჭოთა ბანაკში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ, მაგრამ ოტომ ისინი მაშინვე რუსულად «ნა ხუიზე» გაუშვა. ამით საკუთარი წარსულის ყველაზე ბუნდოვანი, უხერხული ფურცელი საბოლოოდ ამოხია მახსოვრობიდან, დააქუცმაცა და ქარს გაატანა.
  რამდენიმე თვის შემდეგ ტელევიზიით დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, სადაც ციმბირის ბანაკებში მყოფ გერმანელ ტყვე კოლაბორაციონისტებზე იყო საუბარი. რომლებიც
სტალინის სიკვდილის შემდეგ კაგებემ როგორც ჩანს, რეზიდენტებად დააბრუნა ზოგი აღმოსავლეთ, ზოგიც დასავლეთ სამშობლოში. ოტო ტელევიზორს არ უყურებდა.
  პიტერ-ჯო ხშირად ფიქრობს, რომ მაინც კარგი ქნა დასავლეთში რომ გადაცურა. საწოლ ოთახში იური გაგარინის პორტრეტი აქვს გაკრული, აგრეთვე საკუთარი პირველი ფოტო, რომელიც დასავლეთ გერმანიაში გადაიღო. ხელში კოკა კოლას ქილა უჭირავს, თავზე კოვბოური შლაპა ახურავს.
  თავისი გერმანელი მეგობრის თავგანწირული გადაცურვიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჟორა სახანევიჩმა, დამოუკიდებლად გადაწყვიტა თავისი ჯარის მეგობრის გმირობა გაემეორებინა, მხოლოდ უფრო თბილ _ შავ ზღვაში: საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, თურქეთთან ოცდაათ კილომეტრში მდებარე პორტ ბათუმიდან გაეცურა თავისუფლებისაკენ!
ვადაგასული პერვიტინი სათუთად ჩაიდოწინდაში და მოსკოვი-ბათუმის მატარებლის „პლაცკარტი"ვაგონით სსრკს ყველაზე სამხრეთ ქალაქში გაემგზავრა. გზად თბილისელი ტოქსიკომანი ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ მორფინისტი  კუკიელი  პოეტი შოთა გაიცნო.
  ბათუმში ჟორას პერვიტინი ვიღაც თბილისელმა ''მორფინისტებმა" წაართვეს. თან თავშიც წაუთაქეს. მერე მის თვალწინ აბებისგან რაღაც ქიმიით აყროლებული სითხე
დაამზადეს და ერთი შპრიცით გაიკეთეს. ბევრი არაფერი დაემართათ, ამიტომ ჟორას კიდე თითო წაუთაქეს, თუმცა ჟორას ფეხებზე ეკიდა. ბოლო წლების მანძილზე პირველად დათვრა ასე. სსრკში ყოფნის ბოლო დღე დაასველა. მეორე დღეს, ნაბახუსევზე ორი ცალი ერთმანეთზე გადაბმული «ახოტნიჩი კალბასი» იყიდა, ლურჯ საცურაო ტრუსებში, რომელზეც რუსულად «სოჩა»ეწერა, გაირჭო და ღამის 11 საათზე თბილ ზღვაში შეცურა. ჟორამაც პიტერ-ჯოსავით ჯერ დაახლოებით რვა კილომეტრი გაცურა ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი მარცხნივ, თურქეთისაკენ აიღო გეზი. გზაზე ორჯერ შეჩერდა დასასვენებლად. ზურგზე გაწვა და ორივეჯერ "ახოტნიჩი კალბასის" თითო მესამედი შეჭამა. თან ვარსკვლავებს უყურებდა. ძეხვის ბოლო ნარჩენი კი უკვე თურქეთის სანაპიროზე შესანსლა გაკვირვებული მეთევზეების
თვალწინ. იქვე პლაჟზე მიწვა და მანამდე ეძინა, სანამ შუადღისთვის პოლიციელებმა არ გააღვიძეს ყვირილით.
 ჟორა ჯერ დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა პიტერჯოსთან.
მერე ნიუ-იორკში ბრაიტონზე. მხატვარი გახდა. თან პატარა ბიზნესი ააწყო, როიალების გადამზიდავი პატარა ფირმა გახსნა.
  1991 წელს გორბაჩოვის წინააღმდეგ განხორციელებული
გადატრიალების მცდელობის დროს ძალიან ინერვიულა და პარიზში გადმოვიდა. სამშობლოსთან უფრო ახლოს რომ
ყოფილიყო. პარიზში სწორედ ბატონ პიეტრას მეზობლად ცხოვრობდა მხოლოდ მანამ, სანამ მე გადავიდოდი იმ სახლში
საცხოვრებლად. კატალონიელ კინომექანიკოსთან, რომელიც სიბერეში მამამისივით ანარქისტი გახდა,გამუდმებით
  კონფლიქტი ჰქონდა... პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა საცხოვრებლად და ახალი რუსეთის ასაშენებლად. პიტერ-ჯოც იმ წლებში დაუბრუნდა მშობლიურ კერას აღმოსავლეთ ბერლინში. ჯარის მეგობრები დღემდე საშობაოდ ერთმანეთს საფოსტო ბარათებს უგზავნიან.
  პიტერ-ჯო მოსკოველ მეგობარს ბავარიულ სოსისებსაც უგზავნის ხოლმე. სახანევიჩი კი პრიანიკებს, სახელგანთქმულ რუსულ შოკოლადის კანფეტებს "მიშკა ნა სევერე"-ს და მოსკოვის წარმოების ძეხვს "სტალიჩნაია", რომელსაც პიტერ-ჯო არასოდეს არ ჭამს და პირდაპირ თავის მეზობელ რუს ემიგრანტებს აძლევს. ჟორამ ეს არ იცის. თორემ ძალიან ეწყინებოდა. ჟორა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმბოლოებს, დიდი გადაცურვისას ხომ ძეხვი მისი პერვიტინი იყო.
  კუკიელ ტოქსიკომან შოთას  დღემდე ჰგონია, რომ ჟორა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მთელი დღე მეხუთე ავენიუზე ექვსკარიანი თეთრი ლიმუზინით დასეირნობს წინ და უკან, წინ და უკან...

* * *

2010 წლის შემოდგომის ერთ დღეს კუკიელი პოეტი შოთა, რომელიც ბათუმში ხავერდოვან სეზონზე დასასვენებლად
იმყოფებოდა, საოცარ სცენას შეესწრო. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჟორამ "პლავკებში" გარჭობილი „ახოტნიჩი კალბასით“. ზღვაში შეცურა, სანაპიროზე თორმეტი უზარმაზარი შავი 4X4  გაჩერდა, იქიდან ავტომატიანი თავგასიებული არსებები გადმოხტნენ და პოზიციები გაამაგრეს. ამასობაში რამდენიმე სატელევიზიო ავტობუსი მოვიდა. ერთს სახურავზე მრგვალი სატელიტური ანტენა ჰქონდა დამაგრებული. ჟურნალისტებიც
ყოჩაღად გადმოხტნენ. ოპერატორებმა კამერები დაამაგრეს
ფეხებზე, ერთ-ერთ პატარა ავტობუსში პატარა საველე პრესცენტრი და ასევე საველე სამზარულო მოაწყეს.
  მალე ყველაფერი დაწყნარდა. ორი საათი ყველა უსაქმოდ ეყარა მზეზე. პლასტმასის ჭიქებით ყავას ყლურწავდნენ, მერე ცარიელებს იქვე პლაჟზე ყრიდნენ. ბევრს ეწეოდნენ. დროდადრო მოწყენილად ამთქნარებდნენ. სანამ იქაურობა შვეულმფრენის გუგუნმა არ გააყრუა.
დიდი თეთრი აპარატი პირდაპირ სანაპიროზე დაჯდა და იქიდან შავ შორტებში ჩაცმული და წყალბურთელის წითელქუდიანი ბანჯგვლიანი კაცი გადმოვიდა, რომელსაც ყელიდან გულისხაზამდე ეპილაცია ჰქონდა გაკეთებული.
  შოთამ მაშინვე იცნო: ეს საქართველოს პრეზიდენტი იყო. ყველანი აფორიაქდნენ. პრეზიდენტმა 30 წამიანი თათბირი ჩაუტარა ჟურნალისტებსა და წყალბურთის გუნდად გადაცმულ დაცვას, ახლად აშენებული სასტუმროს ფონზე მცირე, ორწუთიანი ინტერვიუ მისცა ტელე – ჟურნალისტ გოგოებს და სასწრაფოდ წყალში შეცურა. მას დაახლოებით თხუთმეტი ასეთივე წითელქუდა ჩაფსკვნილი მამაკაცი მიჰყვა. პრესცენტრი აიშალა. მათ კატერებში გადაინაცვლეს და მოცურავეებს `ჩუმად," შეუმჩნევლად“ გაჰყვნენ. შვეულმფრენში ორი ოპერატორი შეხტა. იქაურობა კიდევ ერთხელ გააყრუა გუგუნმა.
  პრეზიდენტი ძირითადად კროლით ცურავდა. უშნოდ იქნევდა
ხელებს. სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთით მიცურავდა, სწორედ ჟორას მიმართულების საპირისპიროდ, ახალი მექანიკური უზარმაზარი სკულპტურისაკენ.
  კუკიელ შოთას ყურება მობეზრდა, „კასიაკს“ მოუკიდა და ტკბილი ბოლი ღრმად შეისუნთქა. თვალები დახუჭა. გაიფიქრა, რომ მთელი ცხოვრება ამათ ყურებაში გალია.
-როგორ არ გავყევი სახანევიჩს!.. როგორ არ გავყევი...
-ღრმა ნაფაზი დაარტყა - დავიხრჩობოდი მაინც, ოცდათხუთმეტი წელი ამათ ყურებას აღარ აჯობებდა?... როგორ არ გავყევი იმ ჟორას...
წამოდგა. შემოდგომის ცივ ზღვაში მუხლებამდე შევიდა,
კარგა ხანს იდგა. ტალღამ მზეზე გახუნებული გრძელი, ორი ზომით დიდი ლურჯი  შორტი დაუსველა და  თითქმის ბოლომდე მოწეული "კასიაკი" ჩაუქრო.  მობრუნდა.
- როგორ არ გავყევი...
სწორედ ამ დროს, აქედან სულ რაღაც 33 კილომეტრით მარცხნივ, გახსნილი საზღვრის მეორე მხრიდან - თურქული სარფის სანაპიროდან ჟორა სახანევიჩმა ცხოვრებაში უკანასკნელად
შეცურა შავ ზღვაში და საქართველოსკენ აიღო გეზი.
ამ დღეს ის შეეცადა აესრულებინა თავისი ძველი ოცნება
- გაემეორებინა ძველი ახალგაზრდობის დროინდელი გარღვევა,
თავისუფლების ძლიერი განცდა... მხოლოდ განცდა- უკუღმა... რომ მერე მშვიდად დალოდებოდა სიბერით სიკვდილს, თავის მოსკოვის ნაცრისფერი გარეუბნის  ოროთახიან ბინაში.
  სახანევიჩი ამ დღისათვის დიდხანს ემზადებოდა. ყოველდღე
საათობით ცურავდა აუზში, დარბოდა პარკში, ზამთარში ტყეში თხილამურებით სეირნობდა. არ ეწეოდა, დღესასწაულების
გარდა, მხოლოდ კვირაში ერთხელ სვამდა,შაბათ საღამოს...
  ტრაბზონში მოსკოვიდან გადაფრინდა. მერე სარფამდე ვიღაც ქართველ ბიზნესმენს დაემგზავრა, რომელსაც გერმანიიდან
ნახმარი მინი ავტობუსი მიჰყავდა თავის მშობლიურ ქალაქ რუსთავში, რადგან როგორც თავად აუხსნა"მარშუტკების ბიზნესში იყო".
  "ფოლცვაგენის" მინი-ავტობუსში უკანა სავარძლები ამოღებული იყო. სალონში მათ ადგილზე, იგივე, "ფოლცვაგენის" მარკის პატარა ლურჯი მოდელი "პოლო"იდგა, რომლის სალონი, თავის მხრივ ათასგვარი უჯრედებიანი ჩანთითა და ჭრელი პარკით იყო გამოტენილი. როგორც ქართველმა ბიზნესმენმა აუხსნა ჟორას, ამ პატარა მანქანის გაყიდვით ამოღებული მოგებით, დიდი მანქანის ჩამოყვანისათვის გაწეულ გზის ხარჯებს დაფარავდა. ბიზნესმენი
ძალიან თავაზიანი იყო _ რუსი თანამგზავრი რუსთავში, ოჯახში დაპატიჟა. რომ შევჩერდებით, მისამართს დაგიწერო. უთხრა, მაგრამ მერე დაავიწყდა.
  სახანევიჩმა ბიზნესმენს სულ რაღაც 30 დოლარი გადაუხადა სარფამდე. დანარჩენი ფული ამერიკულ პასპორტთან ერთად ჰიდროიზოლირებულ პაკეტში ჩადო და კისერზე ჩამოიკიდა. მერე პატარა ჩანთა, რომელშიც ტანსაცმელი ეწყო, სოფლის პატარა ყავახანის პატრონს მიაბარა. თვითონ პლაჟზე რამდენიმე საათი დაიძინა, და დილის 2 საათზე ზღვაში შეცურა, საცურაო ტრუსებში ისევ `ახოტნიჩი კალბასიჰქონდა გარჭობილი...
  ჟორა სახანევიჩი დილის 5 საათზე ქართველმა მესაზღვრეებმა
ზურზე ცურვისას დააპატიმრეს. საბაჟო კატარღაში ლამის თმით აათრიეს. ზურგსუკან ხელებგაკრული და თავზე  ტომარა ჩამოცმული ქალაქ ფოთის პორტის "კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში" მიიყვანეს იმავე კატარღით. სახანევიჩმა მხოლოდ ტომარა გააპროტესტა. ძალიან უნდოდა კატარღიდან აჭარის სანაპიროს ულამაზესი ალიონი მაინც ენახა, მაგრამ პროტესტის პასუხად ორი მტკივნეული მუჯლუგუნი მიიღო ორივე თირკმელში და ერთი რაღაც რეზინის საგანი თავში - ასევე ძალიან მტკივნეული. ამიტომ გაჩუმდა.
სახანევიჩს საქართველო უყვარდა.
  "კონსტიტუციური უსაფრთხოების კომიტეტში" სახანევიჩი "სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის" თანამშრომლებმა გაჩხრიკეს... ანუ ჰიდრო-იზოლირებული პაკეტი ჩამოართვეს და საცურაო ტრუსები გახადეს, რადგან გასაჩხრეკი მეტი არაფერი ჰქონდა. ოთხზე დააყენეს და ანუსი დაუთვალიერეს. რეზინის ხელთათმანიანი თითები კარგა ხანს და მტკივნეულად უფათურეს შიგნით. ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ მშვიდად. სახანევიჩს, ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ფიქრობდა, რომ მშვიდად დაბრუნება
უფრო დამთრგუნველია, ვიდრე "გარღვევით" წასვლა...
  ჟორას საზღვრის უჩვეულო მეთოდით გადაკვეთისათვის ჯარიმა გადაახდევინეს და მეორე დღეს გაანთავისუფლეს. ამერიკის მოქალაქეობამ უშველა. რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ ჭირდებათ, თავისივე ფულით ფოთის ბაზარში საქართველოს ჯვრებიანი დროშის გამოსახულებიანი მაისური და ყვავილებიანი შორტები უყიდეს, აგრეთვე კედები და იგივე საპატრულო კატარღით სარფის სასაზღვრო პოსტთან მიიყვანეს, ჟორამ საზღვარი ფეხით გადაკვეთა. ტრაბზონამდე ამჯერად თურქ მძღოლს გაყვა, იქიდან პირველივე რეისით მოსკოვში დაბრუნდა... მას შემდეგ პიტერ-ჯოსათვის ამანათი აღარ გაუგზავნია...
  
ჩემი მეზობელი პიეტრა კი ამ ამბებამდე ერთი თვით ადრე მეორე ინსულტით გარდაიცვალა პარიზის პიტიე-სალპეტრიეს ჰოსპიტალში.
  პიეტრას ფერფლით სავსე ურნა რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ქალიშვილმა ჟოაკიმამ მამისგან დატოვებული დიდი და მძლავრ მოტორიანი "აუდით", ზუსტად იგივე მარშრუტით წაიღო კატალონიაში, რომლითაც ერთ დროს პერვიტინით ჯიბეებდატენილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა ბიჭი პიეტრა ფრანკოს ჯოჯოხეთს გამოექცა.
  ჟოაკიმა პიეტრა საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე ფრანგმა მოწყენილმა მებაჟეებმა დააკავეს. მისი დიდი მანქანა ყურადღებით დაათვალიერეს. თვითონ ჟოაკიმა სკანერში
გაატარეს. ანუსი და გენიტალური ორგანო არ შეუმოწმებიათ. თუმცა ყურადღებით დაათვალიერეს ბატონი პიეტრას ურნა. ერთ-ერთმა განსაკუთრებით ყურადღებიანმა
მესაზღვრემ, ნერწყვიანი თითით გემოც კი გაუსინჯა ფერფლს. მერე თავი გააქნია. გაკვირვებულ კოლეგებს მკაცრად შეხედა, უჯრიდან პატარა გამჭვირვალე პაკეტი და
ყავის პატარა პლასტმასის კოვზი ამოიღო:
 -ნებას მომცემთ?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა...- უპასუხა შეშინებულმა
ჟოაკიმამ.
მესაზღვრემ კოვზით ორჯერ ჩაყარა ფერფლი პაკეტში _
- შეიძლება, კიდევ ერთი?
ჟოაკიმა პიეტრამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
 -ყველაზე მეტი მარიხუანა და კოკაინი ევროპაში
სწორედ ამ სასაზღვრო პუნქტიდან შემოდის. ამიტომ იძულებულები ვართ, ნებისმიერი გონივრული ეჭვი გამოვიძიოთ... -უთხრა მესაზღვრემ და რამდენიმე გრამი ბატონი
პიეტრა სეიფში შეინახა.
  ნაშუადღევს ჟოაკიმამ მამის ფერფლი იესოს და მარიას პატარა სასაფლაოზე ანარქისტ იგნას პიეტრასა და მისი მეუღლის საფლავებს მოაფრქვია.  პროცესს სოფლის მერი
დაესწრო  შვილიშვილთან ერთად.

ჟოაკიმა პარიზში იმავე საღამოს დაბრუნდა. საზღვარზე
აღარავის გაუჩერებია.

პარიზი 
3 ივნისი 2011

P.S. ვისაც ჩემი წიგნი "ექსპერიმენტული განცდები"(2011)  წაკითხული  აქვს შეიძლება ახსოვდეს მოთხრობა "ცურვა ბარიერებით" რომელიც ერთგვარად მხატვრული ანარეკლია წიგნის ძირითადი, ესეს ჟანრში დაწერილი ნაწილის შინაარსისა. 
მე ვთვლი რომ ეს მოთხრობა ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 
თუმცა სამწუხაროდ  ის მგონი თითქმის შეუმჩნეველი . ყოველ შემთხვევაში მის შესახებ არავის რაფერი უთქვამს, ეტყობა ერთი და იგივე წიგნში ესესა და მხატვრული  ლიტერატურის არევის ექსპერიმენტი  ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა  მკითხველისთვის, რომელიც იმ პერიოდში ჩემგან რეალობის მძაფრ  ანალიზს იყო მიჩვეული.

 მოთხრობის მთავარი გმირი ბატონი   პიეტრა- კატალონელი ანარქისტი, რომელიც  30 იანი წლების ბოლოს  9 წლის ასაკში გამოექცა სამოქალქო ომს საფრანგეთში... რეალური პერსონაჟის, ჩემი კარის მეზობლის, ასევე  მოხუცი კატალონელი ანარქისტის, მისიე პიეტრას  პროტოტიპია. ის მართლა ფეხით გადმოვიდა ომის დროს სფრანგეთში ლანტიით სვსე ტომრით ზურგზე, რომელიც დედამ საგზლად გამოატანა.  მთელი ცხოვრება მართლა  კინომექანიკოსად მუშაობდა პარიზის ყველაზე ძველ  კინოთეატრ პატეში -კლიშის მოედანზე.  დანარჩენი თითქმის ყველაფერი ჩემი მოგონილია. 
მისი სახელი არც ვიცოდი, ყველა  მისიე პიეტრას ეძახდა. მოთხრობაშიც მხოლოდ გვარით არის მოხსენებული.  მარტო ცხოვრობდა ჩვენს ქვევით. როდესაც ამ სახლში გადმოვედით, მეღლე ორი წლის გრდაცვლილი ჰყავდა. ერთი ცუდი თვისება ჰქონდა.  გამედმებით მტრედებს აჭმევდა, ამიტომ დილაობით ჩვენი ეზო ჰიჩკოკის "ჩიტების" გადასაღებ მოედანს ემსგავსებოდა. პარიზში მტრედებისთვის საკვების მიცემა  აკრძლულია. ბევჯერ დააჯარიმეს ამისთვის, მაგრამ თავისას მინც არ იშლიდა. თითქმის ყველა მეზობელთან ნაჩხუბარი იყო ამ მტრედების გამო, რომლებიც საშინლად აბინძურებდნენ ყველაფერს ჩვენს შიდა ეზოში. თავიდან მეც  ვეჩხუბე, ამბობენ მტრედები ტუპერკულოზოს ვირუსის მატარებლები არიანო და შეშინებული ვიყავი ბავშვების გამო. 
მერე ერთ დღეს  მივხვდი, რა ამორალურია ეჩხუბო კაცს იმის გამო, რომ სულიერ არსებას, თუნდაც ამ მახინჯ პარიზელ მტრედებს საკვებს აზლევს...ცოტათი შემრცხვა კიდეც. მას შემდეგ არარაფერი მითქვამს, ჩუმად ვითმენდი "ჩიტების" კოშმარს დილაობით, როცა ფეხის ხმაზე წამოიშლებოდნენ და თავზე გადაგიფრენდნენ... 
   თვითონ არაფერზე პრეტენზიარ გამოუთქვამს, არც მაშინ, როცა ხშირი სტუმრიანობა გვქონდა და მუსიკას დილამდე ხმამაღლა ვრტავდით, არც მოგვიანებით, როდესაც ჩემს გაბრიელს ღამის 11 სათზე უნდებოდა ფორტეპიანოზე მეცადინეობა. პიანინო კი  ზუსტად მისი საძილე ოთახის თავზე იდგა. რომ მოვუბოდიშებდი, აქეთ წუხდებოდა... ვისაც ევროპაში, განსაკუტრებით პარიზში უცხოვრია, ალბათ მიხვდება რა დასაფასებელია ასეთი მეზობელი.
 პიეტრა ზალიან ელეგენტური კაცი იყო,სახით ცოტათი  ჟან მარეს ჩამოგავდა , მხოლოდ ბევრად მაღალი და ხმელი იყო, ჰალსტუკის გარეშე ნაგვის გადასაყრელადაც არ გამოდიოდა. მტრედების გარდა მისი ცხოვრების გატაცება ახალი მანქანები იყო. ორ წელიწადში ერთხელ ცვლიდა მოდელს. თუმცა არაფერში არ ჭირდებოსა. მანქანა ორ კვირაში ერთხელ გამოჰყავდა პარკინგიდან, თითქოს გასასეირნებლად და გასარეცხად.
2001 წელს  ბარსელონიდან, სადაც პატარა ბინა ჰქონდა,  ქუჩაში ნაპოვნი ცალი თვალით ბრმა  ლეკვი ჩამოიყვანა - ლუნა. ძალიან საყვარელი ძაღლი. მხოლოდ ძალიან შეუხედავი... წელი იმიტომ მახსოვს რომ  11 სექტემბერს ვნახე პირველად, როცა ნიუიორკში ის ამბავი მოხდა.
ერთხელ, ოთხი წლის წინ ლუნა მტრედებს გამოეკიდა, თასმა რომელიც ყელზე ჰქონდა მობმული, პიეტრას ფეხებზე შემოახვია უნებურად და წააქცია. მისიე პიეტრას  მაშინ ლავიწის ძვალი გაუტყდა.
 მას შემდეგ დაეტყო ასაკი. ვაღარაფრით გამოვიდა მდგომარეობიდან, ხან რითი ხდებოდა ავად ხან რითი, სულ ჩამოხმა. ხშირად საავადმყოფოში იწვა. ადრინდებულად  ელეგანტური ვეღარ იყო, ერთი ორჯერ პოჯაკზე საჭმელის ნარჩენებიც კი შევნიშნე, საუბრისას. ისე მიყურებდა თითქოს ცოტათი  ცხვენოდა, კიდევ  ცოცხალი რომ იყო. 
აგვისტოს ერთ დილას  ექვს საათზე ღია ფანჯრიდან შემოსულმა რაღაც უცნაურმა ხმაურმა გამაღვიძა. პიეტრა იყო. შველას ითხოვდა, მაშინვე ჩავედი, კარები ღია იყო, იატაკზე იწვა ზურგით დივანზე მიყრდნობილი. შუბლიდან ცოტა სისხლი სდიოდა, ლუნა იქვე იჯდა და ერთგულად უყურებდა. როგორც ჩანს ტუალეტში გასასვლელად ამდგარა, თავბრუ დახვევია და დაცემულა. წამომაყენეო მთხოვა, მე  ჭკუა მეყო და უარი ვუთხარი. მაშინვე მეხანძრეებს დავურეკე,  (საფრანგეთში ყველაზე სწრაფი სამედიცინო სერვისი ასეთ დროს მეხანძრეებსა აქვთ), მერე კი მის ქალიშვილს.   როგორც ჩანს ორი ნეკნი ჰქონია გატეხილი.
დაახლოვებით ოცი დღის შემდეგ მისი ქალიშვილი შემხვდა და მამცნო, რომ მისია პიეტრა გასულ შაბათს დაუსაფლავებიათ მონმარტის სასაფლაოზე... ძალიან უყვარდითო მითხრა თვალცრემლიანმა, უნდოდა მამის ნაქონი კომოდი ეჩუქებინა, მაგრამ არ გამოვართვი ადგილი არ გვაქვს მეთქი.  თუმცა ლამაზი კი იყო.
 გული დამწყდა რომ არ გამაგებინეს, აუცილებლად გამოვეთხოვებოდი ჩემს 85  წლის მეზობელს, რომლის სახელი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე. 
-ჰელიოს! მამას ჰელიოს პიეტრა ერქვა - მითხრა მისმა შვილმა, რომლის სახელი დღემდე არ ვიცი. შუახანს გდაცილებული ქერა ქალია, დღე არ გავიდოდა მამის სანახავად რომ არ მოსულიყო. 
 ლამაზი სახელია -ჰელიოს. მოთხრობის წერისას, რომ მცოდნოდა, იქნებ გამომეყენებინა კიდეც... თუმცა ერთის მხრივ იქნებ უკეთესიც იყოს, რომ არ ვიცოდი-  ამ ამბავმა თითქოს  მოთხრობა მართლა დაასრულა.  მეორეს მხრივ კი გასაკვირიც არაფერია: ჩვენ ვერასდროს ვერ ვამჩნევთ ჰელიოსს და მის არსებობას ჩვენს გვერდით ყოვლად მოსაწყენ ბანალობად ვთვლით.

2 თებერვალი 2014

Aucun commentaire: