რეაქტიული კლუბი. 1991 წელი
საპრეზიდენტო აღლუმის წინ
ფერადი მოთხრობა
..."კაკარი" არის ჩემს მიერ აღმოჩენილი უხილავი მიკროსკოპული მწერების პირობითი სახელწოდება, რომლებიც ძირითადად ინფორმაციით იკვებებიან და როგორც ერთხელ უკვე მოგახსენეთ, მიწისძვრის ან წყალდიდობის წინ უარყოფითი ენერგიის მატარებელ ინფორმაციის წყაროს ეპიცენტრში უხილავ ღრუბელს ქმნიან ხოლმე. ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა ცხად ჰყო, რომ ღრუბელი იქმნება ზუსტად შვიდი საათით ადრე სტიქიურ უბედურებამდე.
ამჟამად ჩემი კვლევის ძირითად მიზანს მათთვის შეფერილობის მიცემა წარმოადგენს.
წარმატების შემთხვევაში ჩემი აღმოჩენა საშუალება მოგვცეცემს გამოვიყენოთ "კაკარები", როგორც უარყოფითი ენერგიის ინდიკატორები სტიქიური კატასტროფების პრევენციისათვის. ამ აღმოჩენით კაცობრიობას დიდ სულიერ, ფიზიკურ და მატერიალურ დანაკარგს ავაცილებდით....
ჰასან იბნ ჯრინისაგან აღებული ინტერვიუდან.
სამ საათზე მანქანის საბურავი გასკდა, გენერალი ყოველი წვრილმანი ფაქტის დაფიქსირებას მთხოვს. ამას ისევ ქვეით ჯარში ყოფნა მერჩივნა. ფლეიტაზე დაკვრა მაინც მესწავლა. მამაჩემი სულ მეუბნებოდა გამოგადგებაო. მძღოლი მელოტი კაცია, მაღალი და ოდნავ წელში მოხრილი... . ჯერ ვერაფერს ამჩნევს. მთელი თხუთმეტი წუთია, ღია ფარდულის დახლზე გამოფენილ წიგნებს ათვალიერებს.,, თვითონ სალამურზე უკრავდა, ძალიან რომ დათვრებოდა, მე მეუბნებოდა იცეკვეო. ღვინის და ნივრის წნილის სუნი ასდიოდა ყოველთვის. ზამთარში. მამა ზამთარში! არც გაზაფხული, არც შემოდგომა... მხოლოდ ზამთარი. წიგნების გამყიდველი მოხუცი კაცი ალბათ ებრაელია. ებრაელები ფლეიტაზე კარგად უკრავენ. ისინი ყველაფერზე კარგად უკრავენ. ყველა ინსტრუმენტი მათი მოგონილია. ატომური ბომბიც... ზოგჯერ ეს მთელი ტრაგედია. არსად გეჩქარება. არც წვიმს, არც ცხელა... და მაინც... საშინელებაა. განსაკუთრებით თუ შინაგანად მოუმზადებელი ხარ მოულოდნელობისათვის. ჩემი ქმარი ყოველთვის მზად არის. მოსაბეზრებელია, როცა ყოველთვის მზად ხარ. ლოგინი მოულოდნელობათა ატრაქციონია. განსაკუთრებით ღამით... არა, გამთენიისას, როდესაც ფანჯარაში ხარ გადაყუდებული/ როგორც ახლა, უკნიდან რაღაც მოულოდნელობას ელი... თუ ელი მაშინ აღარ არის მოულოდნელობა. როცა უკნიდან... ხვრინვა არ გესმის. ამას ყველაფერი ჯობს. მაინც ვერ დაინახა, ახლა დაქოქავს და და მაშინვე გაჩერდება, როგორც კი რამდენიმე მეტრს გაივლის. მანქანიდან უკმაყოფილო სახით გადმოვა და საბურავებს დაათვალიერებს. წითელმა მანქანამ წამით შეაჩერა და რაღაც ანიშნა. არა, საეჭვო მგონი არაფერია. ალბათ საბურავებზე უთხრა. ქუჩა გადაკეტეს. რა ძალა ადგა. რომ არ შეეჩერებინა მოასწრებდა გავლას. ახლა ელოდოს სანამ არ გახსნიან. იქვე ათ მეტრში გაჩერდა. ეს გენერალი ნამდვილი იდიოტია. ყველა წვრილმანი ფაქტი მიართვით... გთხოვთ, ინებეთ, ნუ გერიდებათ, მეტი გადაიღეთ... ვინ იცის აღლუმი როდის დამთავრდება, არ მოგშივდეთ... უმჯობესია უკან გახვიდე სანამ დრო გაქვს. მერე მანქანები მოგადგებიან. გაეჩხირები, ტყუილად ეხვეწები, მაინც არ გაგიშვებენ. წითელი მანქანის მძღოლს საოცრად ფლიდი სახე ჰქონდა. ასეთებს ვერ ენდობი. მაშინვე შევატყვე... იქნებ მართლა დაშვებულია? არა, რა სისულელეა. ნაძირალა, თანაც აქვე გააჩერა, სარკიდან იყურება უკან. ასეთები ყოველთვის ცდილობენ რაიმე მოგატყუონ. და მერე შენი გაბითურებული სახის ცქერით თავი შეიქციონ. ეს ბრიყვიც, რატომღაც არ გადმოდის მანქანიდან. გაშეშებული ზის და საჭეს მისჩერებია... წიგნის ფარდულის გვერდით ფანჯრიდან, ჩასუქებული ქალი დაჟინებით უყურებს. ალბათ მოეწონა, მოუხდებოდნენ ერთმანეთს - მსუქანი და გამხდარი. როგორც ჩემი დედა და მამინაცვალი. ბავშვიან ქალს შევირთავ და მეც მამინაცვალი გავხდები. დედინაცვლობას მაინც ჯობია. უკვე თხუთმეტი წუთი გავიდა. მაინც არ გადმოდის მანქანიდან. ალბათ არ სჯერა. ან აფექტშია. მოულოდნელობის აფექტი, თუ ეფექტი? არც გაემტყუნება. როგორ გენერალი ამბობს, ბრიყვი უნდა იყო დღევანდელ დღეს ვინმეს რომ დაუჯერო. განსაკუთრებით როდესაც გიმტკიცებენ რომ შენთვის კარგი უნდათ... საკუთარ ცინიზმში ამოსვრილი ღორები! რომლებმაც არ იციან სად წაიღონ წლების განმავლობაში ნათქვეფი მონელებული და დაგროვილი კეთილშობილების მარაგი, ამიტომ საკუთარი მანქანის ფანჯრიდან უხვად აფრქვევენ, როცა საბურავი დაგეშვება, ან უკანა მარჯვენა კარი დაგრჩება ღია. ხანდახან კი, უბრალოდ იტყუებიან: სისწრაფე ხშირად ბადებს ტყუილის სურვილს – ეს ისე, თითქოს უნებლიედ მოსდით... ხომ უნდა დაიკმაყოფილონ რამით თავიანთი ვულგარული გრძნობები. როგორც კი შანსი მიეცემათ მაშინვე შიშვლდებიან და გასიებულ უკანალებს ფანჯრიდან ყოფენ... მე არ შემიძლია ყველას ვენდო, ვინც მეუბნება, რომ საბურავი დამეშვა... სამ საათზე განსაკუთრებით არ შემიძლია... ეს უნდობლობის კლასიკური საათია, ამიტომ ალბათ არავითარ შემთხვევაში არ გადმოვა მანქანიდან სანამ სულ ცოტა სამი კაცი მაინც არ დაუდასტურებს, რომ საბურავი ნამდვილად დაშვებულია. მე მშვენივრად მესმის მისი... წითელი მანქანის პატრონი პატიოსანი კაცი რომ ყოფილიყო არაფერსაც არ ანიშნებდა. უბრალოდ სინანული აღებეჭდებოდა სახეზე და მორჩა...გაივლიდა...აქაც არ ჩარჩებოდა. თავისუფლად მოასწრებდა გავლას სანამ ქუჩას გადაკეტავდნენ. ახლა ვინ იცის რამდენ ხანს მოუწევს ჩემსავით დგომა. ავტობუსი ალბათ კარგა ხნით დაიგვიანებს. ნამდვილად ასეა... კაცისათვის სიკეთე თუ გინდა, მხოლოდ კეთილი სინანული უნდა აღიბეჭდო სახეზე და მორჩა.. სწრაფად გაიარო. მაშინ იქნებ დამეჯერებინა კიდეც, საჭეს მაინც დავაკვირდებოდი, მარცხნივ, ან მარჯვნივ ხომ არ ითრევს მეთქი... სრული ჭეშმარიტებაა. რა საშინელებაა, აუცილებლად რაღაც უნდა გითხრან, სხვანაირად თანაგრძნობის გამოხატვა არ შეუძლიათ. მერე სხედან ეს იდიოტები დაშვებულ საბურავებიან მანქანებში და გამასხარავების შიშით ცხვირს ვერ ყოფენ გარეთ. მე რა მენაღვლება – მე ჩემი ვუთხარი. დანარჩენზე თვითონ იდარდოს. კაცმა რომ თქვას არსადაც არ მეჩქარება. ცოტა უფრო თავაზიანი რომ ვიყო იქნებ დახმარებაც შემეთავაზებინა. მაგრამ ისეთი დამფრთხალი თვალებით შემომხედა... ცოტა არ იყოს მგონი ინანა კიდეც, ალბათ იფიქრა, რა მრჯიდა, ბოლოს და ბოლოს თავადვე მიხვდებოდა: საჭეს ან მარცხნივ წაიღებდა, ან მარჯვნივ... მაგრამ ხომ უნდა ჩარეულიყო სხვის საქმეში... საშინელებაა ამ ბრიყვების თვალთვალი. საერთოდ არ უნდა წავსულიყავი ჯარში. ქვეითში მაინც მოვხვედრილიყავი. ეს დაზვერვა რაღა უბედურებაა, ნეტა ვინ მოიგონა. მე მესმის შენი გარყვნილი გრძნობების. იქნებ ისინი არც ისეთი გარყვნილნი არიან როგორც შენ გგონია. სამყარო შვიდ სპილოს უჭირავს, რომელთაგან ერთ ერთს ფეხი აქვს ნაღრძობი და იტანჯება, ამიტომ, ხანდახან ქვეყანა შექანდება ხოლმე. ამ დროს ზოგს აგური ეცმა თავში, ზოგს ცოლი ღალატობს, ზოგსაც საბურავი ეშვება...მაგრამ რაღა მაინცა და მაინც ჩემი ფარდულის წინ უნდა მოხდეს ყველა ეუბედურება? ამ კვირაში უკვე მესამე მანქანაა. ისედაც მოფარებული ადგილია, და ისედაც აღარავის უნდა წიგნში ფულის გადახდა. ავტობუსი გაცილებით იაფი და მოსახერხებელია. მართალია ხანდახან იგვიანებს, მაგრამ მაინც. ხომ შეიძლებოდა ახლა ამის ადგილზე მე ვყოფილიყავი... სულ რაღაც ერთი წუთით დამასწრო: ჩემით მივხვდებოდი. დაქოქვაც ვერ მოვასწარი. შემეხედა მაინც დაჯდომის წინ... იქნებ ცოტა გამეტარებინა? მაშინვე მივხვდებოდი... მაგრამ არა, გვიანია უკვე შორს შევტოპე. ეს წიგნების გამყიდველი მაინც რას მომჩერებია. მანიშნოს მაინც რამე... ალბათ ამასაც გართობა უნდა. შეიძლება სულაც იმ მძღოლის ნაცნობია და შეთქმულები არიან? ნამდვილად სანაძლეო აქვთ დადებული... ამიტომ სულაც არ გაემტყუნება თუ არ დაუჯერებს; ადამიანებს ღმერთის აღარ ჯერათ, როგორ შეიძლება ვიღაც ვიგინდარა წიგნის ვაჭარს დაუჯერო?. ნეტა შემეძლოს ახლა მის გვერდით ჯდომა და ლოდინი. ჩემი ქმარი აქამდე ასჯერ გამოცვლიდა საბურავს. მაინც რა გულისამრევად მკვირცხლია... რა ბედნიერება იქნებოდა მის გვერდით ჯდომა და ლოდინი, ლოდინი... უსასრულო ლოდინი... მაინც მოვა. შეიძლება დაიგვიანოს, მაგრამ ამ რკინის ყუთში დეპრესირებულ მარტოობაას მაინც ჯობია. ბოლოს და ბოლოს ფეხით წავალ. ჯანმრთელობისათვის უკეთესიც იქნება. ფეხით სიარული ავტობუსზე იაფი და საიმედოა. კიდევ ათ წუთს დაველოდები, მეტს არა... ეს ქალი რაღაც ძალიან გამომწვევად იყურება ფანჯრიდან. ერთიც ვნახოთ და დამიძახოს... მე რომ მანქანა მყავდეს ვერც კი შემამჩნევდა.... ისე, არა უშავს, ასაკი სულ არ ეტყობა... თითქმის არ ეტყობა. ალბათ მარტოა სახლში. გაზაფხულია... ცოტას კიდევ დავიცდი. ნეტა კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აღლუმი? ერთიც ვნახოთ და მოწყობილი იყოს ყველაფერი. “ხომ გეუბნებოდი ყველაფერი ფაქტია, და ყველა ფაქტი მნიშვნელოვანია მეთქი! “ ... დიახ ამხანაგო ბატონო გენერალო!!!!!!!”.. ალბათ ციხეში ჩამსვამენ. “ყველა მოღალატეა, ყოველ წუთს შეიძლება სროლა ატყდეს!” ათ წელს მომცემენ. იქნებ მეტსაც... კაცმა რომ თქვას სადაური გენერალია? სულ რაღაც ერთი წლის წინ მეტროში მუშაობდა ხუთ კაპიკიანი აპარატების ზედამხედველად... ზოგი ამბობს კონტროლიორადო... რას გაიგებ.. საინტერესოა. კიდევ რამდენ ხანს არ გადმოვა მანქანიდან? რაღა მაინცა და მაინც ჩემი ფარდულის წინ დაეშვა ეს ოხერი საბურავი?... ცუდად ხომ არ არის?... არა, არ ეტყობა. შეიძლება ელოდება, რომ ვინმე მიეხმარება? უფრო, ალბათ სათადარიგო საბურავი არ აქვს,.. ვკითხო?.. არა, მერე დაიწყებს, საბურავი მაშოვნინე, ან მანქანას დავტოვებ და ყურადღება მიაქციეო... სჯობს ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ. ეყიდა მაინც რამე. მთელი ოცი წუთი ათვალიერა წიგნები... ან ის ბრიყვი რაღაც ეჩრებოდა... თავისით რა ვერ მიხვდებოდა თუ რა? ახლა იჯდება ესე... ნეტა რამდენ ხანს იჯდება?... ერთი საათი, ერთი დღე, ერთი წელი, ან იქნებ ერთი საუკუნე... მემორიალურ მანქანად გადაიქცევა! ბოლოს ალბათ გაქვავდება ლოკოკინასავით, და ერთი მილიონი წლის შემდეგ ვიღაც იპოვის... შეიძლება მეც მიპოვონ... ჩემი წიგნებიც... ჰე, ჰე... მერე ალბათ კარგად გაიყიდება... ვნებიანი ქალია. მიყვარს ასეთი ქალები... არა, კი არ მიყვარს, ვაღმერთებ...ღმერთო!...ადამიანები ყველა ეპოქაში ერთნაირად ბრიყვები არიან... ურჩევნიათ მილიონი წლის შემდეგ, თავიანთ მემილიონე ინკარნაციაში მილიონჯერ ძვირი გადაიხადონ იმაში, რისი ყიდვაც დღეს კაპიკებად შეუძლიათ... საინტერესოა. რას უფრო მეტი ფასი ექნება. ამ მანქანას თუ ჩემს წიგნებს? ალბათ წიგნებს... მაინც უკვდავნი არიან... თუმცა იმ დროისთვის ისეთივე გამოუსადეგარნი გახდებიან, როგორც ეს მანქანა... რა ფასი აქვს უკვდავებას თუკი ვერაფერში გამოიყენებ? ამას ისევ სათადარიგო საბურავი მირჩევნია... ამ ბრიყვს მაინც მოვიცილებდი თავიდან... როგორღაც ყურადღება უნდა მივიქციო... დემონსტრაციულად არ იყურება ჩემსკენ... უკვე მეორე საათია ასე ზის.. რომ დავუდასტურო რომ მართლა დაშვებულია?... მაგრამ მაშინვე გამოცვლის და წავა... თუმცა სად წავა... აღლუმის დამთავრებას პირი არ უჩანს... მგონი მარადიული აღლუმი დაიწყო დღეს და არასდროს არ დამთავრდება... არასოდეს... ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით... მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის ძვირფასო. გამხნევდი! შენს გვერდით!... მე მესმის შენი... მთავარია სულით არ დაეცე... ეს პარანოიკი ისევ გაშეშებული ზის. რა გონია, რომ კიდევ ვეტყვი? ან მაშინ რამ მათქმევინა... ამ კვირაში კიდევ მომიწევს აქეთ გამოვლა.. სულ არ გამიკვირდება აქ რომ დამხვდეს. ნაძირალა. კიდევ აქეთ იყურება... ვეღარ ითმენს. ღმერთო, რა სიამოვნებით მივახრჩობდი. მაინც არ გადმოვალ მანქანიდან. ხომ დამთავრდება ოდესმე ეს აღლუმი! ხომ წავლენ ბოლოს და ბოლოს! ღამე ხომ მაინც წავლენ! ამათი ნდობა მაინც არ შეიძლება. ჯერ უნდა შევამოწმო. სადმე არ იყვნენ მიმალულები... ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ყოველთვის ასე იყო,, მთელი ცხოვრება.. ასე ჩაგისაფრდებიან... მერე გადმოხტებიან და ხარხარებენ! ეს წიგნების ვაჭარი რაღას მომჩერებია. მანიშნოს მაინც რამე! ყველა შეკრულია. ყველას უფასო გართობა უნდა... ეს ქალიც... ესეც ერთობა... გველი!... ნამდვილი ქალია... ზუსტად ისეთი. მთელი ცხოვრება რომ ვოცნებობდი... მადლობა ღმერთს, მანქანა რომ არ მყავს! ჩავუქროლებდი წინ, და ვერც კი შევამჩნევდი... შევამჩნევდით ერთმანეთს!... სიყვარული ავტობუსის მოლოდინში. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ... ორმოცდარვა, არა, ორმოცდაცხრა წელი ველოდებოდი ამ დღეს...ორმოცდაცხრა ინტელიგენტური და ნატანჯი წელი... ჩვენ ვეღარავინ დაგვაცილებს ერთმანეთს... წითელი მანქანის მძღოლი ისევ შენსკენ იყურება. ეს გამოცდაა, ძვირფასო. უნდა გაუძლო. სწორეა. ყველაფერს აჯობებს თავი ჩაღუნო. არაფერს არ შეხედო. გარშემო ყველაფერი სიცრუით არის გაჟღენთილი. ეს ჯარისკაცებიც, რომლებმაც ქუჩა გადაკეტეს – შეთქმულები არიან... უფრო, უფრო დაბლა დაწიე თავი ძვირფასო... არაფერს არ შეხედო. საშინლად ჩამოცხა. ალბათ გენერალსაც ცხელა. პრეზიდენტებს არასოდეს არ ცხელათ. მათ კონდეცირებულ გარემოში უწევთ ცხოვრება... ალბათ ტრიბუნის გარდა. იქ ალბათ ცხელა. ხომ არ გცივათ ამხანაგო–ბატონო პრეზიდენტო? მის უზარმაზარ შავ ლიმუზინში თოვს. ტრიბუნებზე კი გვიანი გაზაფხულია. თბილი წინდები პრეზიდენტისათვის!... მოვკლავ თუ თხუთმეტ წუთში არ წავა აქედან. მე კი მეგონა... თითქმის ორმოცდაათი წელი ველოდებოდი ამ შეხვედრას... არავისა აქვს უფლება ამდენი ხნის მოლოდინი გამიბითუროს... საინტერესოა, ვინ უფრო ადრე შექმნა ღმერთმა, ეშმაკი თუ ქალი? ალბათ ეშმაკი... ეშმაკი. ქალი და მერე ჯარისკაცი. ადამი პირველი ჯარისკაცი იყო. ედემს იცავდა. თუმცა კაცმა არ იცის ვისგან. ან ეს ბრიყვები ვის დარაჯობენ. ამდენი ხანია უკვე ქუჩა გადაკეტილია... ნეტა დაიწყო აღლუმი თუ მხოლოდ ემზადებიან? ესღა მაკლდა. ისედაც აღარავინ ეკარება წიგნებს....მილიონი წლის შემდეგ მისი გახვრეტილი საბურავი უფრო მეტი ეღირება თუ ჩემი წიგნები? ეს ქუჩა ნელ ნელა გემს ემსგავსება. ოღონდ ჩაძირულს. მილიონი წლის შემდეგ თუ კი გახვრეტილი საბურავი უფრო ძვირი ეღირება, მაშინ უახლოეს სანაპიროს მის სახელს უწოდებენ. ჩემს სახელს კი ამ სანაპიროზე აშენებულ გაჩახჩახებულ სასტუმროს. წითელი მანქანის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ძვირფასო. არ ასწიო თავი, შენსკენ იყურება. ან მარშს უსმენს. ცინიზმი, სასულე– ორკესტრის თანხლებით... ხომ არ მივეხმარო? მაინც რაღაც სულელივით გავეჩხირე ამ ჯარისკაცებში. ეს ქუჩა რაღაცას მაგონებს. ნეტა რას?... რა მოსაწყენი, რა სევდიანი მარშია... ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ცოტა უფრო სერიოზული მარშების წერას არ დაიწყებენ. სანამ კონსერვატორიაში სამხედრო– საკომპოზიციო ფაკულტეტს არ გახსნიან!... როდემდე შეიძლება იმღერო მოწყენილ სამშობლოზე და სევდიან ოპტიმიზმზე? ასეთი მარშით ნაპოლეონი კორსიკიდან ცხვირსაც ვერ გაყოფდა... ჩემს გენერალს რატომღაც ნესტოები ებერება ამ სევდიანი მარშის გაგონებაზე და ბოროტდება... მუშტს აყოლებს ხოლმე. მუხლზე ირტყავს... მუსიკა საერთოდ ფეხიდან იწყება. ფეხის ტერფიდან. მერე თანდათან მუხლების გავლით ტანზეც გადადის, ხელებზე, ბოლოს თვალებზე. მაგრამ პირველი მაინც ფეხები გრძნობენ... ასეა. ყოველთვის ჩანასახშივე კვდებოდა ჩემი ყველა სიყვარული. ყოველთვის სწრაფად ვეგუებოდი ბედს. ახლაც. სულ ნახევარი საათი გაგრძელდა... მაგრამ რა დრამა იყო!.. პირველი შეხვედრა, პირველი კოცნა... ღამე... ღალატი... და განშორება... ყოველთვის ჩანასახში კვდებოდა ყველაფერი... ღალატიც კი... ავტობუსი მაინც მოსულიყო დროზე. რაღას მოვა ამ ჯარისკაცების გადამკიდე.... ისევ აქეთ იყურება!... არა, არა! დამთავრდა ყველაფერი!. ამის პატიება შეუძლებელია! შენს საწოლს საბურავის სუნი ასდის!... ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ჩვენს მემილიონე გარდასახვაში. და ის მაშინვე იგრძნობს, რომ მილიონი წლის წინ. ამ დროს. მის სანაპიროსთან დიდი გემი ჩაიძირა. რომელზეც არ ავიდა. მას შეუყვარდება გემთან ერთად ჩაძირულ მუსიკაზე ცეკვა... მე მას შევთავაზებ ლუდს, და ლუდით გაბერილ მეძავს, რომელიც იქვე იყიდება გაჩახჩახებული სასტუმროს ჰოლში... ჩემი სახელობის სასტუმრო. შიგ მეძავები და ჯარისკაცები. ლუდით გამომტყვრალი ჯარისკაცები. რომლებსაც სხვანაირი ფორმა აცვიათ. ყველაფერი ჩაიძირა, დიდი ხნის წინ. მთელი ჩემი სიბრიყვის მარაგი, რომელსაც ბავშვობიდან ვაგროვებდი. მთელი ჩემი არასრულყოფილი, დაუმთავრებელი აღფრთოვანება, უგონოდ შეყვარებულის მაზოხისტური სევდა. ყველაფერი ჩაიძირა მის სანაპიროსთან. დიდი ხნის წინ. მილიონი წლის წინ. ელვარე რეკლამა სასტუმროს ფასადზე: “ თავგადასავალთა მაძიებლებს ვთავაზობთ მის სანაპიროსთან ჩაძირულ გემს, სევდით, სიბრიყვითა და აღფრთოვანებით დატვირთულს. სახელმწიფო 25% – იან წილშია. “ კონვერტირებადი ვალუტის სიჭარბე. სამეძავო საქმის გაფურჩქნა. ინფლაციის დასაწყისი. მუსიკა, რომელიც ზღვის ზედაპირზე ბუშტებს ამოაქვთ. მალე ქმარი მოვა, ისადილებს, მერე დარაბებს დახურავს. ჩემი სხეული კანონით მას ეკუთვნის. სული კანონგარეშეა... შენ მხოლოდ თავი არ აწიო. სულ ცოტაც გაუძელი... ფეხით უნდა წავიდე. რაღას ველოდები... ამ გარყვნილ ქალს ხომ არა? .. უკვე გადაგიხადე. მინდოდა ცოლად შემერთე მაგრამ... ჰმ, უფრო ძვირი დამიჯდებოდა... ცოლი საერთოდ არა რენტაბელურია. მე უკვე გადაგიხადე. ალბათ ეცოტავა... იქნებ კიდევ გინდა? .. მოიცადე, ახლა ნამდვილი მუსიკა დაიწყება. და მერე... ნამდვილი მუსიკა უხდება სიყვარულს... მით უმეტეს ნაყიდს... ჯარისკაცები ემზადებიან. შენც მოემზადე! ყურადღებით...! ჯერ ნუ გაიხდი. ეს მხოლოდ შესავალია... გესმის? იწყებენ! ახლა ნამდვილი მუსიკა დაიწყება... ახლოს მოიწიე, ნუ გრცხვენია. კიდევ გადაგიხდი... ახლოს, უფრო ახლოს... რაც შეიძლება ახლოს... კიდევ... იქნებ ცოტაც... უფრო. უფრო ახლოს მეთქი შე სიფილისიანო! შე... ეს მუსიკა არ არის. ეს ყულაბის ექოა, რომელშიც მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მეძავებს აგროვებენ, რომ მერე ვაქცინა გააკეთონ. მუსიკა ფეხიდან არ დაწყებულა. მუსიკა საერთოდ არ დაწყებულა და არც დაიწყება ძალიან დიდ ხანს. ყულაბაში მხოლოდ მორიელები! სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულნი არ გვაწყობს, ისინი სამშობლოს მოღალატენი არიან! საბურავის დეფიციტი. ბარტერული გაცვლა. სინდისის წონის აღმნიშვნელი რაღაც ციფრი. ვერ უნდა მოგვატყუონ! ტყუილის წონა მრგვალია, თავში ერთით. აზრების შედუღაბება. აი რა არის მთავარი! ყველაფერი უნდა აიწონოს.. ჩვენს სასარგებლოდ. უნდა დავადგინოთ ერის სულიერი სიმდიდრის წონა უწონადობის პირობებში! ის სავარაუდოდ ყველაზე მრგვალია. თანაც ერთიანი. და განუყოფელი! როგორც ჩემი სახელობის სასტუმროს ჰოლი. როგორც გენერლის ცარიელი თავი... ეროვნული პროსტიტუციის განვითარებისათვის საჭირო პროფესიონალთა კონსოლიდაცია. მათი ერთ მუჭად შეკვრა და გაყვანა საერთაშორისო ბაზარზე, კონკურენტუნარიანობის ამაღლებითა და მის სანაპიროზე ჩაძირულთა სიმხიარულით. ღუზას მაინც ვერ ამოიღებენ. ძალიან მძიმეა. უფრო მძიმე, ვიდრე ჯარისკაცების გაბოროტების მიზეზი, ვიდრე დაცინვის პარანოიდული შიში, ვიდრე გალეშილი ქმარი ლოგინში... ზემოდან. ვიდრე გემოვნების განვითარების უკანასკნელი, დამამთავრებელი სტადია... ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან!... პირწმინდად გაფცქვნიან მთელ გემს. ბოლოს მხოლოდ ღუზა გამობმულ ჩონჩხს დატოვებენ. ამ ღუზის ამოღება მხოლოდ თქვენს სუსტ ხელებს ძალუძთ ძვირფასო უახლესი პროფესიის ქალებო! ახლა აღარ არის დრო. ძველი ცოდვების გახსენების. ძველი ღალატის... სასტუმროს გაჩახჩახებულ ჰოლს, სადაც თქვენ ზიხართ მოშიშვლებული მკერდებით, შავ წინდებში გახვეული არც თუ ისე გრძელი ფეხებით, სრულყოფამდე მხოლოდ მუსიკა აკლია, რომელიც გემთან ერთად არის ჩაძირული. ამ მუსიკის ამოტივტივება თქვენი ბიზნესის აღმავლობაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა შეგვეძლო ესეც დასავლეთიდან შემოგვეტანა... მაგრამ ვალუტის უსაფუძვლო ფლანგვას შთამომავლობა არ გვაპატიებდა. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მდიდარი ტრადიციები გააჩნია საამისოდ. ყველაფერი ეროვნულ ნიადაგს უნდა ეყრდნობოდეს! დიახ, ეროვნულ ნიადაგს, რომელზეც ასე ამაყად დააბიჯებს ჩემი გენერალი, ყველა წვრილმანი ფაქტით გამოტენილი მრგვალი მელოტი თავით...
... რა საოცრებაა... თითქოს ყველაფერი გამთლიანდა... გახვრეტილი საბურავიც კი... ცაზე რაღაც უცნაური ფერის ღრუბელი ჩამოწვა და იქიდან წვიმის წვეთების ნაცვლად ათასი ფერის სიტყვები ცვივა... რა სიბრიყვეა ყველაფერი ძვირფასო, რა სიბრიყვეა!...
პქ
"რეაქტიული კლუბი," პირველი გამოცემა. თბილისი 26.05. 1991 წ
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire